ღმერთი და ადამიანი ერთად შევლენ განსვენებაში

დასაბამიდან მოყოლებული, ღმერთი იყო განსვენებაში. იმხანად დედამიწაზე არც ადამიანი არსებობდა და არც რაიმე ქმნილება; ღმერთს თავისი საქმე ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული. მან თავისი მართვის საქმე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცობრიობა გაჩნდა და გაიხრწნა; იმ მომენტიდან მოყოლებული, მას აღარ განუსვენია, არამედ დაიწყო დაუღალავი შრომა ადამიანთა შორის. ღმერთმა განსვენება კაცობრიობის გახრწნილებისა და მთავარანგელოზის ღალატის გამო დაკარგა. თუ ღმერთი არ დაამარცხებს სატანას და არ იხსნის გახრწნილ კაცობრიობას, იგი ვეღარასოდეს შეძლებს განსვენებაში შესვლას. როგორც ადამიანს აკლია განსვენება, ისეა ღმერთიც; როდესაც ღმერთი კვლავ განისვენებს, ადამიანიც ასევე განისვენებს. განსვენებაში ცხოვრება ნიშნავს ომის, უწმინდურებისა და დაუსრულებელი უსამართლობის გარეშე ყოფას. ესაა ცხოვრება სატანისეული არევ-დარევისა (აქ „სატანა“ მტრის ძალებს აღნიშნავს) და მისი გახრწნილების გარეშე; ყოფა, ღვთის მოწინააღმდეგე ძალების თავდასხმის გარეშე; ყოფა, სადაც ყოველივე განწესებულია თავისი გვარისამებრ და ქმნილება თაყვანს სცემს საკუთარ შემოქმედს; სადაც ცა და მიწა სრულ სიმშვიდეშია — აი, რას ნიშნავს სიტყვები „კაცობრიობის განსვენებული ცხოვრება“. როცა ღმერთი განისვენებს, დედამიწაზე აღარ იარსებებს უსამართლობა, აღარც მტრული ძალების შემოჭრა და კაცობრიობა შეაბიჯებს ახალ სამყაროში — ეს აღარ იქნება სატანისგან გახრწნილი მოდგმა, არამედ წარსულში გახრწნილი კაცობრიობა, რომელიც გამოხსნილ იქნა. კაცობრიობის განსვენების დღე იქნება ასევე ღვთის განსვენების დღე. უფალმა სიმშვიდე იმიტომ კი არ დაკარგა, რომ თავად არ ძალუძდა მოსვენება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა ვერ შეძლო განსვენებაში შესვლა. „განსვენებაში შესვლა“ არ ნიშნავს ყველაფრის გაჩერებას, ან განვითარების შეწყვეტას და არც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი შეწყვეტს მოღვაწეობას, ხოლო ადამიანი — სიცოცხლეს. განსვენებაში შესვლის ნიშანი სატანის საბოლოო დამხობა იქნება; როდესაც დაისჯებიან და პირისაგან მიწისა აღიგვებიან ის ბოროტნი, ვინც მის უკეთურებას ეზიარნენ და როცა ღვთისადმი მტრულად განწყობილი ყოველი ძალა არსებობას შეწყვეტს. ღმერთის განსვენებაში შესვლა ნიშნავს, რომ იგი აღარ განახორციელებს კაცობრიობის გადარჩენის საქმეს. ხოლო ადამიანთა განსვენება ნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა იცხოვრებს ღვთის ნათელში, მისი კურთხევის ქვეშ; იქ, სადაც აღარ იქნება სატანისეული გახრწნილება და სამუდამოდ გაქრება უსამართლობა. ღმერთის მზრუნველობის ქვეშ ადამიანები ჩვეული სიმშვიდით იცხოვრებენ დედამიწაზე. როცა ღმერთი და ადამიანნი ერთად შევლენ განსვენებაში, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ადამიანი გადარჩა, სატანა — განადგურდა, ხოლო ღვთის საქმე ადამიანთა შორის სრულად არის აღსრულებული. ღმერთი აღარ განაგრძობს მუშაობას ადამიანებში და ისინი აღარ იქნებიან სატანის ძალაუფლების ქვეშ. ამგვარად, ღმერთი აღარ იქნება დაკავებული და ადამიანიც აღარ იქნება მუდმივ მოძრაობაში; ღმერთი და კაცობრიობა ერთდროულად შევლენ განსვენებაში. ღმერთი დაუბრუნდება თავის პირვანდელ ადგილს და თითოეული ადამიანი დაუბრუნდება თავის შესაბამის ადგილს. ეს არის დანიშნულების ადგილები, სადაც ღმერთი და ადამიანები დამკვიდრდებიან ღვთის მთელი მართვის დასრულების შემდეგ. ღმერთს აქვს ღვთის დანიშნულების ადგილი და კაცობრიობას აქვს კაცობრიობის დანიშნულების ადგილი. განსვენებისას ღმერთი კვლავ განაგრძობს ყველა ადამიანის წარმართვას დედამიწაზე ცხოვრებაში და მისი ნათლის ქვეშ მყოფნი, თაყვანს სცემენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ზეცაში. ღმერთი აღარ დამკვიდრდება კაცობრიობაში და ვერც ადამიანები შეძლებენ ღმერთთან ცხოვრებას ღვთის დანიშნულების ადგილას. ღმერთი და ადამიანები ერთსა და იმავე სამყაროში ვერ იცხოვრებენ; პირიქით, ორივეს ცხოვრების საკუთარი წესი გააჩნია. ღმერთი არის მთელი კაცობრიობის წარმმართველი, კაცობრიობა კი ღვთის მართვის საქმის ნაყოფია. ადამიანები წინამძღოლობას დაქვემდებარებულნი არიან და არ გააჩნიათ ღვთის მსგავსი სუბსტანცია. „განსვენება" საკუთარ პირვანდელ სავანეში დაბრუნებას ნიშნავს. შესაბამისად, როდესაც ღმერთი განსვენებაში შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავის პირვანდელ სავანეს უბრუნდება. იგი აღარ იცხოვრებს დედამიწაზე და აღარც კაცობრიობის გარემოცვაში იქნება, რათა მათ სიხარულსა თუ ტანჯვას ეზიაროს. ადამიანთა განსვენება იმას ნიშნავს, რომ ისინი ჭეშმარიტ ქმნილებებად იქცნენ; ისინი დედამიწიდან მიაგებენ თაყვანს ღმერთს და ჩვეული, ადამიანური ცხოვრებით იცხოვრებენ. ადამიანები აღარ იქნებიან ამბოხებულნი ღმერთის მიმართ და აღარც წინააღმდეგობას გაუწევენ მას, არამედ დაუბრუნდებიან ადამისა და ევას პირვანდელ ცხოვრებას. ასეთი იქნება ღვთისა და ადამიანების შესაბამისი ცხოვრება და დანიშნულების ადგილი მას შემდეგ, რაც ყველა განსვენებაში შევა. სატანის დამარცხება ღმერთსა და ბოროტებას შორის ბრძოლის გარდაუვალი და კანონზომიერი შედეგია. ამგვარად, ღვთის მართვის საქმის დასრულების შემდგომი განსვენება და კაცობრიობის სრული ხსნა და განსვენებაში შესვლა, ასევე გარდაუვალ კანონზომიერებად იქცა. კაცობრიობის განსასვენებელი დედამიწაზეა, ღვთის განსასვენებელი კი — ზეცაში. განსვენებისას, როდესაც დედამიწაზე მყოფი ადამიანები მიაგებენ თაყვანს ღმერთს, ღმერთი ზეციდან წარმართავს კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს და არა დედამიწიდან. ღმერთი კვლავინდებურად სული იქნება, ადამიანები კი — კვლავინდებურად ხორცნი. ღმრთისა და ადამიანთა განსვენება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათისაა. განსვენების ჟამს ღმერთი მოვა და გამოეცხადება ადამიანებს, ისინი კი, თავის მხრივ, ღვთის წინამძღოლობით ეწვევიან ზეცას, რათა იქაური ცხოვრებით დატკბნენ. მას შემდეგ, რაც ღმერთი და კაცობრიობა განისვენებენ, სატანა აღარ იარსებებს; ასევე, სამუდამოდ შეწყვეტენ არსებობას ბოროტი ადამიანებიც. ვიდრე ღმერთი და კაცობრიობა განსვენებაში შევლენ, ის ბოროტი ადამიანები, რომლებიც ოდესღაც დევნიდნენ ღმერთს დედამიწაზე, ისევე როგორც ღვთის წინააღმდეგ ამხედრებული მტრები, უკვე განადგურებულნი იქნებიან; ისინი უკანასკნელი დღეების დიდ კატასტროფებს შეეწირებიან. იმ ბოროტ ადამიანთა სრული განადგურების შემდეგ, დედამიწა სატანისეულ დაბრკოლებებს სამუდამოდ დაივიწყებს. მხოლოდ მაშინ მოიპოვებს კაცობრიობა სრულ ხსნას და ღვთის საქმეც საბოლოოდ დასრულდება. ეს არის ის აუცილებელი წინაპირობები, რომლებიც ღმერთისა და კაცობრიობის განსვენებაში შესვლისთვისაა საჭირო.

ყოველივეს აღსასრულის მოახლოება ღვთის საქმის დასრულებასა და კაცობრიობის განვითარების დასასრულზე მიანიშნებს. ეს ნიშნავს, რომ სატანის მიერ გახრწნილმა კაცობრიობამ განვითარების ფინალურ ეტაპს მიაღწია, ხოლო ადამისა და ევას შთამომავლებმა — გამრავლება დაასრულეს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სატანის მიერ გახრწნილი ასეთი კაცობრიობისთვის განვითარების გაგრძელება უკვე შეუძლებელი იქნება. თავდაპირველად, ადამი და ევა არ ყოფილან გახრწნილნი, ხოლო ედემის ბაღიდან განდევნილი ადამი და ევა სატანამ გახრწნა. როდესაც ღმერთი და კაცობრიობა ერთად განისვენებენ, ედემის ბაღიდან განდევნილი ადამი და ევა, ისევე როგორც მათი შთამომავლობა, საბოლოოდ მიაღწევენ თავიანთ აღსასრულს. მომავლის კაცობრიობა კვლავ ადამისა და ევას შთამომავლებისგან შედგება, თუმცა ეს აღარ იქნება სატანის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხი. არამედ, ესენი იქნებიან გადარჩენილი და განწმენდილი ადამიანები. ეს იქნება განკითხული, გაკიცხული და განწმენდილი კაცობრიობა. ეს ხალხი აღარ იქნება პირვანდელი კაცობრიობის მსგავსი; შეიძლება ითქვას, რომ ისინი სრულიად განსხვავებული მოდგმისანი იქნებიან, ვიდრე დასაბამში ადამი და ევა იყვნენ. ეს ხალხი სატანის მიერ გახრწნილთაგან იქნება გამორჩეული; ესენი იქნებიან ის ადამიანები, ვინც ბოლომდე გაუძლო ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას; ეს გახრწნილ კაცობრიობაში გადარჩენილი უკანასკნელ ადამიანთა ჯგუფი იქნება. მხოლოდ ეს ხალხი შეძლებს ღმერთთან ერთად საბოლოო განსვენებაში შესვლას. ისინი, ვინც გაუძლებს ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას უკანასკნელ დღეებში — ანუ, განწმენდის დასკვნით საქმეს — სწორედ ისინი შევლენ ღმერთთან ერთად საბოლოო განსვენებაში; შესაბამისად, ყველა, ვინც განსვენებაში შევა, მხოლოდ განწმენდის საბოლოო საქმის გავლის შემდეგ დააღწევს თავს სატანის გავლენას და იქნება ღვთის მიერ მოპოვებული. ღვთის მიერ საბოლოოდ მოპოვებული ეს ადამიანები შევლენ საბოლოო განსვენებაში. არსებითად, ღმერთი გაკიცხვისა და სანკითხვის საქმეს კაცობრიობის განსაწმენდად და საბოლოო განსვენების დღის გულისთვის ასრულებს; სხვაგვარად, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანთა დახარისხება მათი მოდგმის მიხედვით და ვერც ვერავინ შევიდოდა განსვენებაში. ეს საქმე კაცობრიობისთვის განსვენებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. მხოლოდ ღვთის განწმენდის საქმე განბანს ადამიანებს უსამართლობისგან და მხოლოდ გაკიცხვისა და განკითხვის საქმე გამოააშკარავებს კაცობრიობის ამბოხებულ ელემენტებს, სწორედ ასე გაიმიჯნებიან გადასარჩენნი მათგან, ვინც დაიღუპება და დარჩენილნი მათგან, ვინც ვერ გადარჩება. როდესაც ეს საქმე დასრულდება, ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან, განიწმინდებიან და კაცობრიობის უფრო მაღალ საუფლოში გადავლენ, სადაც დედამიწაზე გაცილებით მშვენიერი, მეორე ადამიანური ცხოვრებით გაიხარებენ; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი შევლენ ადამიანურ განსვენებაში და ღმერთთან ერთად იცხოვრებენ. მას შემდეგ, რაც ისინი, ვინც ვერ დარჩებიან, მიიღებენ გაკიცხვას და განიკითხებიან, ნამდვილი სახე სრულად გამოაშკარავდება; ამის შემდეგ ისინი განადგურდებიან და, სატანის მსგავსად, დედამიწაზე არსებობის ნება აღარ მიეცემათ. მომავლის კაცობრიობაში აღარ იქნება მსგავსი ხალხი; ასეთი ადამიანები არ არიან ღირსნი, შევიდნენ საბოლოო განსვენების ქვეყანაში და ვერც იმ დღეს ეზიარებიან, რომელსაც ღმერთი და ადამიანი გაიზიარებენ, რადგან ისინი სასჯელისთვის განწირული, ბოროტი და უსამართლო ადამიანები არიან. ისინი ერთხელ უკვე იქნენ გამოსყიდულნი, ასევე განიკითხნენ და მიიღეს გაკიცხვა; ერთ დროს ღმერთისთვისაც შრომობდნენ. თუმცა, როდესაც უკანასკნელი დღე დადგება, ბოროტების, ამბოხებისა და გამოსყიდვის შეუძლებლობის გამო მაინც აღმოიფხვრებიან და განადგურდებიან; მომავლის სამყაროს აღარასოდეს მოევლინებიან და მომავლის კაცობრიობას შორის აღარ იცხოვრებენ. მიუხედავად იმისა, მიცვალებულთა სულები იქნებიან თუ ხორციელად მცხოვრებნი, ყველა ბოროტმოქმედი და ყველა გადაურჩენელი განადგურდება, როგორც კი კაცობრიობის განწმენდილნი განსვენებაში შევლენ. რაც შეეხება ამ ბოროტმოქმედ სულებსა და ადამიანებს ან მართალთა სულებსა და სიმართლის მქნელთ, მიუხედავად ეპოქისა, საბოლოოდ ყველა ბოროტი განადგურდება, ხოლო ყველა მართალი გადარჩება. ადამიანისა თუ სულის გადარჩენა მთლიანად უკანასკნელი ეპოქის საქმით არ წყდება; არამედ ეს განისაზღვრება იმით, ეწინააღმდეგებოდნენ თუ არა ღმერთს და ამბოხებულნი იყვნენ თუ არა მის წინაშე. წინა ეპოქის ადამიანები, რომლებიც ბოროტებას სჩადიოდნენ და ხსნა ვერ ჰპოვეს, უდაოდ სასჯელის სამიზნენი გახდებიან; ხოლო ისინი, ვინც ამ ეპოქაში სჩადიან ბოროტებას და ვერ გადარჩებიან, ასევე აუცილებლად დაისჯებიან. ადამიანები კეთილისა და ბოროტის მიხედვით ნაწილდებიან და არა იმის მიხედვით, თუ რომელ ეპოქაში ცხოვრობენ. ამგვარად დანაწილებისთანავე ისინი მყისიერად არც დაისჯებიან და არც დაჯილდოვდებიან; ნაცვლად ამისა, ღმერთი ბოროტების დასჯისა და სიკეთის დაჯილდოების საქმეს მხოლოდ მას შემდეგ აღასრულებს, რაც უკანასკნელ დღეებში დაასრულებს თავის დამორჩილების საქმეს. სინამდვილეში, კაცობრიობის ხსნის საქმის დაწყებისთანავე, ღმერთი ადამიანებს კეთილებად და ბოროტებად ჰყოფს. უბრალოდ, ის მართალთ დააჯილდოებს და ბოროტ ადამიანებს დასჯის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი საქმე დასასრულს მიუახლოვდება; და არა, თითქოს ის საქმის დასრულებისთანავე დაყოფს მათ კატეგორიებად და შემდეგ მაშინვე შეუდგება ბოროტების დასჯისა და სიკეთის დაჯილდოების ამოცანას. ეს საქმე მხოლოდ მაშინ აღესრულება, როდესაც მისი ღვაწლი ყოვლად სრულქმნილი იქნება. ბოროტების დასჯისა და კეთილთა დაჯილდოების ღვთიური საქმის უზენაესი მიზანი ყოველთა ადამიანთა სრული განწმენდაა, რათა მან მარადიულ განსვენებას აზიაროს განწმენდილი კაცობრიობა. მისი საქმის ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია; ესაა მართვის მთელი საქმის დასკვნითი ეტაპი. ღმერთს ბოროტნი რომ არ აღეგავა და მათი დარჩენა დაეშვა, მაშინ მთელი კაცობრიობა კვლავინდებურად ვერ შევიდოდა განსვენებაში და ვერც ღმერთი შეძლებდა მათ დამკვიდრებას უზენაეს სამყოფელში. ამგვარი საქმე არ იქნებოდა ბოლომდე დასრულებული. როდესაც საქმე დასრულდება, მთელი კაცობრიობა სრულად განიწმინდება; მხოლოდ ასე შეძლებს ღმერთი მშვიდად ყოფნას განსვენებაში.

დღეს ადამიანებს კვლავ არ შეუძლიათ ხორციელის მიტოვება; ვერ თმობენ ხორციელ სიამეს, წუთისოფელს, ფულსა თუ საკუთარ გახრწნილ ბუნებას. უმეტესნი საკუთარ სწრაფვაში ზედაპირულობას ავლენენ. სინამდვილეში, ასეთ ადამიანებს გულში ღმერთი საერთოდ არ ჰყავთ. უფრო მეტიც, ღვთის შიში არ გააჩნიათ. გულში ღმერთი არ ჰყავთ, ამიტომ ღვთის ნამოქმედარის აღქმა არ შეუძლიათ და მით უმეტეს, არ ძალუძთ, მის მიერ წარმოთქმული სიტყვების სწამდეთ. ასეთი ადამიანები ზედმეტად ხორციელნი არიან; მეტისმეტად ღრმად გახრწნილან და ყოველგვარ ჭეშმარიტებას არიან მოკლებულნი. უფრო მეტიც, არ სწამთ, რომ ღმერთი შეიძლება ხორციელად მოვიდეს. ყოველი, ვისაც არ სწამს განკაცებული ღმერთის — ანუ არ სწამს ხილული ღმერთის, მისი საქმის და სიტყვების და ნაცვლად ამისა, ცაში მყოფ უხილავ ღმერთს სცემს თაყვანს — არის ადამიანი, რომელსაც გულში ღმერთი არ ჰყავს. ასეთი ხალხი ურჩია და ღმერთს ეწინააღმდეგება. მათ არ გააჩნიათ ადამიანობა და გონიერება, ჭეშმარიტებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასეთი ხალხისთვის მით უფრო დაუჯერებელია ხილული და ხელშესახები ღმერთი, თუმცა უხილავ და ხელშეუხებელ ღმერთს ყველაზე სარწმუნოდ და გულისთვის საამოდ მიიჩნევენ. რასაც ისინი ეძებენ, არც ნამდვილი ჭეშმარიტებაა და არც სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი, მით უმეტეს, არც ღვთის განზრახვებია. ნაცვლად ამისა, რაიმე ამაღელვებელს ეძებენ. რაც ყველაზე მეტად უწყობთ ხელს სურვილების ასრულებაში, უეჭველად სწორედ ის სწამთ და იმასვე ესწრაფვიან. ღმერთის მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად სწამთ და არა ჭეშმარიტების საძიებლად. განა ასეთი ადამიანები ბოროტმოქმედები არ არიან? უკიდურესად თავდაჯერებულნი არიან და საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ზეციერი ღმერთი გაანადგურებს მათნაირ „კარგ ადამიანებს.“ ნაცვლად ამისა, სწამთ, რომ ღმერთი მათ დარჩენის ნებას დართავს და მეტიც, უხვად დააჯილდოებს ღვთისთვის გაკეთებული მრავალი საქმისა და მის მიმართ გამოჩენილი დიდი „თავდადების“ გამო. ხილულ ღმერთსაც რომ გაჰყოლოდნენ, სურვილების შეუსრულებლობისთანავე ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ ან მძვინვარებაში ჩავარდებოდნენ. მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების მუდმივი ძიებით, ავლენენ საძაგელი ძაღლების ბუნებას. ისინი არ არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. ასეთები იწოდებიან ქრისტეს მიმდევარ ბოროტ ადამიანებად. ხალხისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას არ ეძებს, ჭეშმარიტების რწმენა შეუძლებელია და მით უმეტეს, ვერ წვდებიან კაცობრიობის მომავალს, რადგან არ სწამთ ხილული ღვთის არცერთი საქმის თუ სიტყვის — და ეს კაცობრიობის მომავალი დანიშნულებისადმი ურწმუნობასაც გულისხმობს. ამიტომ, ხილული ღმერთის მიყოლის მიუხედავად, მაინც სჩადიან ბოროტებას, საერთოდ არ ეძებენ ჭეშმარიტებას და არც ჩემ მიერ მოთხოვნილ ჭეშმარიტებას ასრულებენ. ხალხი, რომელსაც არ სჯერა საკუთარი განადგურებისა, პირიქით, სწორედ ისაა, ვინც განადგურდება. ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და თვლიან, რომ ჭეშმარიტებას ასრულებენ. ისინი თავიანთ ბოროტ საქმეებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ და ამიტომ უფრთხილდებიან მათ. ასეთი ბოროტი ხალხი ძალიან თავდაჯერებულია; ჭეშმარიტება დოქტრინად მიაჩნიათ, ხოლო ბოროტი საქმეები — ჭეშმარიტებად, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმას მოიმკიან, რაც დათესეს. რაც უფრო მეტია ხალხის თავდაჯერებულობა და თავაშვებული ამპარტავნება, მით უფრო ნაკლებად ძალუძთ ჭეშმარიტების მოპოვება; რაც უფრო მეტად სწამთ ზეციერი ღმერთი, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს. სწორედ ასეთი ხალხი დაისჯება. სანამ კაცობრიობა განსვენებაში შევა, თითოეული ტიპის ადამიანის დასჯა ან დაჯილდოება განისაზღვრება იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა ჭეშმარიტებას, იცნობენ თუ არა ღმერთს და შეუძლიათ თუ არა ხილული ღვთისადმი მორჩილება. მათ, ვინც ხილული ღვთისთვის შრომობდა, თუმცა არც იცნობენ მას და არც ემორჩილებიან, ჭეშმარიტება არ გააჩნიათ. ასეთები ბოროტმოქმედები არიან და ბოროტმოქმედნი უდავოდ იქნებიან სასჯელის ობიექტები. უფრო მეტიც, დაისჯებიან საკუთარი ბოროტი საქმეების მიხედვით. ღმერთი ადამიანთათვის რწმენის ობიექტია და ასევე ღირსია მათი მორჩილებისა. მხოლოდ ბუნდოვანი და უხილავი ღვთისადმი რწმენის მქონე ხალხია ის, ვისაც არ სწამს ღმერთის და არ შეუძლია ღვთისადმი მორჩილება. თუ ეს ადამიანები ხილული ღვთისადმი რწმენას, დამორჩილების საქმის დასრულებამდე მაინც ვერ შეძლებენ და კვლავაც განუდგებიან და შეეწინააღმდეგებიან ხორციელ, ხილულ ღმერთს, მაშინ ეს „ბუნდოვანების მიმდევრები“, ეჭვგარეშეა, განადგურების ობიექტები გახდებიან. ეს ზუსტად ზოგიერთ თქვენგანს ჰგავს — ყველანი, ვინც სიტყვიერად აღიარებთ ხორცშესხმულ ღმერთს, თუმცა არ შეგიძლიათ ხორცშესხმული ღვთისადმი მორჩილების ჭეშმარიტების შესრულება, საბოლოოდ განიდევნებით და განადგურდებით. უფრო მეტიც, ყველა, ვინც სიტყვიერად აღიარებს ხილულ ღმერთს და მის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებას ჭამს და სვამს, თუმცა მაინც ბუნდოვან და უხილავ ღმერთს ესწრაფვის, მით უმეტეს გახდება განადგურების ობიექტი. ამ ხალხიდან ვერავინ შეძლებს გადარჩენას ღვთის სამუშაოს დასრულების შემდეგ დამდგარ განსვენების ჟამამდე. მსგავსი ადამიანებისგან ვერცერთი პიროვნება ვერ მიაღწევს განსვენების იმ ჟამს. დემონური ბუნების ხალხი არ ასრულებს ჭეშმარიტებას; მათი არსი ღვთისადმი წინააღმდეგობასა და ურჩობას წარმოადგენს და მათ არ გააჩნიათ მორჩილების ოდნავი განზრახვაც კი. ყველა ასეთი ადამიანი განადგურდება. ჭეშმარიტების ქონა და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა შენს არსზეა დამოკიდებული და არა გარეგნობაზე, ან საუბარსა თუ ქმედებაზე. პიროვნების განადგურება თუ გადარჩენა არსით განისაზღვრება; ეს წყდება ქცევით გამოვლენილი არსისა და ჭეშმარიტების ძიების მიხედვით. მათ შორის, ვინც სამუშაოს ასრულებს და თანაბრად შრომობს, კარგი ადამიანური ბუნების არსის მქონენი, რომლებიც ფლობენ ჭეშმარიტებას, დარჩენის ნებას მიიღებენ, ხოლო ბოროტი ადამიანობის არსის მქონენი, რომლებიც ხილულ ღმერთს ეურჩებიან, განადგურების ობიექტები გახდებიან. ღვთის ყველა სამუშაო თუ სიტყვა, რომელიც კაცობრიობის დანიშნულების ადგილს ეხება, თითოეულ პიროვნებას, მისი არსის შესაბამისად, სათანადოდ განეკუთვნება. არავითარი უმცირესი ცდომილება არ იქნება და მით უმეტეს, არცერთი შეცდომა არ იქნება დაშვებული. ადამიანური გრძნობები თუ წარმოდგენები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა სამუშაოს ადამიანები ასრულებენ. ღვთის მიერ შესრულებული სამუშაო ყველაზე ჯეროვანია. ის აბსოლუტურად არ უყენებს ცრუ ბრალდებებს არცერთ ქმნილებას. ამჟამად ბევრია ისეთი, ვინც მკაფიოდ ვერ ხედავს კაცობრიობის მომავალ დანიშნულებას და არ სწამს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვებისა. ყველა, ვისაც არ სწამს, ისევე როგორც ისინი, ვინც არ ასრულებენ ჭეშმარიტებას, დემონები არიან!

დღეს მაძიებლები და ისინი, ვინც არ ეძებენ, ორი სხვადასხვა ტიპის ადამიანია, რომელთა ხვედრიც განსხვავებულია. ისინი, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ესწრაფვიან და ამ ჭეშმარიტებით ცხოვრობენ, არიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც ღმერთი ხსნას მოუტანს. ისინი, ვინც არ იცის ჭეშმარიტი გზა, დემონები და მტრები არიან; ისინი მთავარანგელოზის შთამომავლები არიან და განადგურების ობიექტად იქცევიან. ისინიც კი, ვინც ბუნდოვანი ღმერთის ღვთისმოსავი მორწმუნეები არიან, განა ისინიც დემონები არ არიან? ადამიანები, რომელთაც კეთილი სინდისი აქვთ, მაგრამ ჭეშმარიტ გზას არ იღებენ, დემონები არიან; მათი არსი ღვთისადმი წინააღმდეგობისგან შედგება. ისინი, ვინც ჭეშმარიტ გზას არ იღებენ, ღვთის წინააღმდეგნი არიან და მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები უამრავ სირთულეს გაუძლებენ, ისინი მაინც განადგურდებიან. ყველა, ვისაც არ სურს წუთისოფლის დათმობა, ვისაც მშობლებთან განშორება არ შეუძლია და ვინც ვერ ახერხებს საკუთარ ხორციელ ვნებებს აღუდგეს, ღვთის წინააღმდეგაა ამბოხებული და ყველა განადგურების ობიექტად იქცევა. ყველა, ვისაც ხორცშესხმული ღმერთის არ სწამს, დემონია და უფრო მეტიც, განადგურდება. ისინი, ვისაც სწამთ, მაგრამ ჭეშმარიტებით არ ცხოვრობენ, ისინი, ვისაც ხორცშესხმული ღმერთის არ სჯერა და ისინიც, ვისაც ღვთის არსებობის საერთოდ არ სწამს, ყველა განადგურების ობიექტი გახდება. ყველა, ვისაც დარჩენის უფლება მიეცემა, ის ადამიანები არიან, რომლებმაც განწმენდის ტანჯვა გამოიარეს და მყარად იდგნენ; ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც განსაცდელს ჭეშმარიტად გაუძლეს. ვინც ღმერთს არ აღიარებს, მტერია; ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც არ აღიარებს ხორცშესხმულ ღმერთს — მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ამ დინებაში — ანტიქრისტეა! ვინ არის სატანა, ვინ არიან დემონები და ვინ არიან ღვთის მტრები, თუ არა მოწინააღმდეგენი, რომელთაც ღმერთის არ სწამთ? განა ისინი სწორედ ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ მიდიან? განა ისინი არ ამტკიცებენ, რომ აქვთ რწმენა, მაგრამ ჭეშმარიტება არ გააჩნიათ? განა ისინი არ ცდილობენ მხოლოდ კურთხევის მოპოვებას, მაშინ, როცა ღმერთის შესახებ მოწმობის გაცემა არ შეუძლიათ? შენ დღესაც კავშირი გაქვს ამ დემონებთან, სინდისიერად და სიყვარულით ეპყრობი მათ, მაგრამ განა ამით კეთილ განზრახვებს თავად სატანის მიმართ არ იჩენ? განა დემონთა ლიგაში არ ხარ? თუ ადამიანებმა ამ ეტაპამდე მოაღწიეს და მაინც არ შეუძლიათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და კვლავაც ბრმად ავლენენ სიყვარულსა და მოწყალებას, ღვთის განზრახვების ძიების სურვილის გარეშე და ღვთის ნების საკუთარ ნებად აღქმის უნარის გარეშე, მათი ხვედრი კიდევ უფრო სავალალო იქნება. ყველა, ვისაც ხორციელად მოვლენილი ღმერთის არ სწამს, ღვთის მტერია. თუკი მტრის მიმართ სინდისსა და სიყვარულს იჩენ, განა სამართლიანობის შეგრძნებას არ ისაკლისებ? თუკი შენ იზიარებ მათ აზრს, ვინც მე მეზიზღება და ვისაც არ ვეთანხმები და მაინც გაქვს მათ მიმართ სიყვარული, ან პირადი გრძნობები, განა თავად არ ხარ ამბოხებული? განა შენ განზრახ არ ეწინააღმდეგები ღმერთს? ფლობს კი ასეთი პიროვნება სინამდვილეში ჭეშმარიტებას? თუ ხალხი მტრის მიმართ სინდისს იჩენს, დემონების მიმართ — სიყვარულს, ხოლო სატანის მიმართ — მოწყალებას, განა ისინი შეგნებულად არ აფერხებენ ღვთის სამუშაოს? ის ადამიანები, რომელთაც მხოლოდ იესოსი სწამთ და არ სწამთ უკანასკნელ დღეებში ხორცშესხმული ღმერთის, ისევე როგორც ისინი, ვინც სიტყვით აღიარებენ ხორცშესხმულ ღმერთს, მაგრამ ბოროტებას სჩადიან, ყველანი ანტიქრისტეები არიან, აღარაფერს ვამბობ მათზე, ვისაც ღმერთის საერთოდ არ სჯერა. ყველა ეს ადამიანი განადგურების ობიექტი გახდება. საზომი, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს სჯიან, მათ ქცევას ეფუძნება; ისინი, ვისი საქციელიც კარგი და სამართლიანია, მართალნი არიან, ხოლო ისინი, ვისი ქცევაც საძაგელია, ბოროტნი არიან. საზომი, რომლითაც ღმერთი განსჯის ადამიანებს, ეფუძნება იმას, ემორჩილება თუ არა მას მათი არსი; ის, ვინც ღმერთს ემორჩილება, მართალია, ხოლო ის, ვინც არ ემორჩილება, მტერი და ბოროტია, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი მისი ქცევა და მიუხედავად იმისა, სწორია თუ არასწორი მისი ნათქვამი. ზოგს სურს, რომ კეთილი საქმეებით მოიპოვოს მომავალში კარგი ხვედრი, ზოგს კი სურს, რომ ლამაზი სიტყვებით მიაღწიოს ამ ყველაფერს. ყველა შეცდომით თვლის, რომ ღმერთი ადამიანების ხვედრს მათი ქცევის დაკვირვების, ან მათი საუბრის მოსმენის საფუძველზე განსაზღვრავს; ამიტომ, ბევრს სურს, ამით ისარგებლოს და ღმერთი მოატყუოს, მისგან წამიერი წყალობის მისაღებად. მომავალში, განსვენებაში მყოფი გადარჩენილი ადამიანები იქნებიან ისინი, ვინც გაუძლო ტანჯვის დღეს და ღვთის წინაშე მოწმობა გასცა; ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და ღმერთს შეგნებულად დაემორჩილნენ. მათ, ვისაც სურს, მსახურების შესაძლებლობის გამოყენება, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, დარჩენის უფლება არ მიეცემათ. ღმერთს ყოველი ინდივიდის ხვედრის განსასაზღვრად შესაბამისი სტანდარტები აქვს; იგი ამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ადამიანის სიტყვებისა და ქცევის მიხედვით არ იღებს და არც იმის საფუძველზე, თუ როგორ მოქმედებს იგი დროის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში. იგი არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩენს ლმობიერებას ადამიანის ბოროტი საქმეების მიმართ მის მიერ წარსულში გაწეული მსახურების გამო და არც სიკვდილისგან იხსნის მას მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მისთვის თავს არ ზოგავდა. ვერავინ გაექცევა საკუთარი ბოროტების გამო სასჯელს და ვერავინ დაფარავს თავის ბოროტ ქცევას, რათა ამგვარად დააღწიოს თავი განადგურების ტანჯვას. თუ ადამიანებს ჭეშმარიტად შეუძლიათ საკუთარი მოვალეობის შესრულება, ეს ნიშნავს, რომ ისინი მარადიულად ერთგულნი არიან ღვთისა და არ ეძებენ ჯილდოს, მიუხედავად იმისა, კურთხევას მიიღებენ თუ განიცდიან უბედურებას. თუ ადამიანები ღვთისადმი ერთგულებას მხოლოდ მაშინ იჩენენ, როცა კურთხევას ხედავენ, ხოლო კურთხევის არარსებობისას ამ ერთგულებას კარგავენ და თუ ეს ადამიანები, — რომლებიც ერთ დროს ერთგულად შრომობდნენ ღვთისათვის — საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებენ ღვთის წინაშე დამოწმებას ან მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, მაშინ ასეთები მაინც განადგურების ობიექტები იქნებიან. მოკლედ, ბოროტნი ვერ იარსებებენ მარადიულობაში და ვერც განსვენებაში შევლენ; მხოლოდ მართალნი არიან განსვენების მეუფენი. როდესაც კაცობრიობა სწორ გზაზე დადგება, ხალხს ნორმალური ადამიანური ცხოვრება ექნება. ყველანი შეასრულებენ თავიანთ შესაბამის მოვალეობებს და იქნებიან აბსოლუტურად ერთგულნი ღვთისა. ისინი საბოლოოდ დაივიწყებენ თავიანთ ურჩობასა და გახრწნილ ბუნებას და ისინი იცხოვრებენ ღვთისათვის და ღვთის გამო, ყოველგვარი ურჩობისა და წინააღმდეგობის გარეშე. ყველანი შეძლებენ, რომ სრულიად დაემორჩილონ ღმერთს. ეს იქნება ღვთისა და კაცობრიობის ცხოვრება; ეს იქნება სამეფოს ცხოვრება და განსვენების ცხოვრება.

ისინი, ვინც თავიანთ სრულიად ურწმუნო შვილებსა და ნათესავებს ეკლესიაში ძალით მიათრევენ, უკიდურესად ეგოისტები არიან და მხოლოდ სიკეთის დემონსტრირება სურთ. ეს ხალხი მხოლოდ სიყვარულის გამოჩენაზეა ფოკუსირებული, მიუხედავად სხვათა რწმენისა თუ უწმუნოებისა და მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ღვთის განზრახვას. ზოგს თავისი ცოლი მიჰყავს ღვთის წინაშე, ზოგს კი მშობლები და მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ამას სულიწმიდა ან მოქმედებს თუ არა მათში, ისინი ბრმად აგრძელებენ ღვთისათვის „ნიჭიერი ადამიანების აყვანას“. რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ურწმუნოთა მიმართ გამოჩენილ სიკეთეს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ურწმუნონი, რომელთაც არ გააჩნიათ სულიწმიდის თანდასწრება, იძულებით გაჰყვებიან ღმერთს, ისინი მაინც ვერ გადარჩებიან ისე, როგორც მათ შეიძლება ეგონოთ. ისინი, ვისაც ხსნის მიღება შეუძლია, სინამდვილეში არც ისე ადვილი მოსაპოვებელი არიან. ადამიანებს, რომელთაც არ გაუვლიათ სულიწმიდის სამუშაო და განსაცდელები და არ არიან სრულყოფილნი განკაცებული ღმერთის მიერ, არავითარი უნარი არ შესწევთ იმისა, რომ გახდნენ სრულქმნილნი. ამიტომაც, იმ მომენტიდანვე, როდესაც ისინი მხოლოდ ფორმალურად იწყებენ ღვთის მიყოლას, მათ სულიწმიდის თანდასწრება აკლიათ. მათი მდგომარეობისა და სტატუსის გათვალისწინებით, მათი სრულქმნა უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სულიწმიდა გადაწყვეტს, არ დახარჯოს მათზე დიდი ენერგია, ის არც ნათელს მოჰფენს მათ და არც რაიმე გზით გაუძღვება; სულიწმიდა უბრალოდ, მათ ნებას რთავს, რომ დინებას მიჰყვნენ, ბოლოს კი მათ ხვედრს გააცხადებს — საკმარისია. კაცობრიობის ენთუზიაზმი და განზრახვები სატანისგან მომდინარეობს და ამ ყველაფერს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია სულიწმიდის სამუშაოს დასრულება. მიუხედავად იმისა, თუ როგორები არიან ადამიანები, მათ აუცილებლად სჭირდებათ სულიწმიდის სამუშაო. შეუძლიათ ადამიანებს სხვა ადამიანების სრულქმნა? რატომ უყვარს ქმარს თავისი ცოლი? რატომ უყვარს ცოლს თავისი ქმარი? რატომ არიან შვილები მშობლებისადმი მორჩილები? მშობლები შვილებს თავს რატომ ევლებიან? სინამდვილეში, რა სახის განზრახვები ამოძრავებთ ადამიანებს? განა მათი განზრახვა საკუთარი გეგმების დაკმაყოფილება და ეგოისტური სურვილების აღსრულება არ არის? ნუთუ ისინი მართლაც ღვთის განგებულების გეგმისთვის მოქმედებენ? ნუთუ ისინი მართლაც ღვთის საქმისთვის მოქმედებენ? განა მათი განზრახვა ქმნილების მოვალეობის შესრულებაა? მათ, ვინც ღვთისადმი რწმენის დაწყების მომენტიდანვე ვერ შეძლეს სულიწმიდის თანდასწრების მოპოვება, ვერასოდეს მიიღებენ სულიწმიდის საქმეს; ასეთი ადამიანები უსათუოდ არიან განადგურების ობიექტები. რაც უნდა დიდი იყოს მათდამი სიყვარული, ის ვერ შეცვლის სულიწმიდის საქმეს. ხალხის ენთუზიაზმი და სიყვარული ადამიანურ განზრახვებს წარმოადგენს, თუმცა ვერ წარმოადგენს ღვთის განზრახვებს და ვერც ღვთის საქმის შემცვლელი იქნება. იმ ხალხისადმი უდიდესი სიყვარულის ან წყალობის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, რომლებიც ფორმალურად აღიარებენ ღმერთს და თითქოს მიჰყვებიან მას, მაგრამ არ იციან, სინამდვილეში რას ნიშნავს ღვთის რწმენა, ისინი მაინც ვერ მოიპოვებენ ღვთის თანაგრძნობას და ვერც სულიწმიდის სამუშაოს მიიღებენ. მაშინაც კი, თუ ღვთის გულწრფელი მიმდევრები დაბალი სულიერი მონაცემებისანი არიან და ბევრი ჭეშმარიტების გაგება არ შეუძლიათ, მაინც ძალუძთ ხანდახან სულიწმიდის საქმის მიღება. თუმცა, საკმაოდ კარგი სულიერი მონაცემების მქონენი, რომელთაც გულწრფელად არ სწამთ, უბრალოდ ვერ მოიპოვებენ სულიწმიდის თანამყოფობას. ასეთი ხალხისთვის ხსნის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს. ღვთის სიტყვების კითხვის, ხანდახან ქადაგებების მოსმენის ან ღვთისადმი ქება-დიდების შესრულების შემთხვევაშიც კი, საბოლოოდ ვერ შეძლებენ გადარჩენას განსვენების ჟამამდე. ჭეშმარიტი გულით ძიება, სხვების მსჯავრით, ან გარშემომყოფთა შეხედულებებით არ განისაზღვრება, არამედ იმით, მუშაობს თუ არა მათზე სულიწმიდა და მიაღწიეს თუ არა სულიწმიდის თანამყოფობას. მით უმეტეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, სულიწმიდის სამუშაოს დაქვემდებარებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იცვლება თუ არა მათი ბუნება და იძენენ თუ არა ღვთის გარკვეულ ცოდნას. თუ სულიწმიდა მუშაობს პიროვნებაზე, ამ პიროვნების ბუნება თანდათან შეიცვლება და ღვთის რწმენისადმი მისი ხედვა თანდათანობით უფრო განიწმინდება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ ხანს მიჰყვებიან ადამიანები ღმერთს, თუ გარკვეული ცვლილება განიცადეს, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულიწმიდა მუშაობს. თუ არ შეცვლილან, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულიწმიდა არ მუშაობს. მაშინაც კი, თუ ეს ხალხი ასრულებს გარკვეულ მსახურებას, რის გამოც ამას აკეთებენ, არის კურთხევების მიღების სურვილი. მსახურების დროდადრო შესრულება ბუნების ცვლილებას ვერ ჩაანაცვლებს. საბოლოოდ, ისინი მაინც განადგურდებიან, რადგან სამეფოში მსახურების შემსრულებელთა ადგილი აღარ იქნება, აღარც უცვლელი ბუნების მქონე ხალხი დასჭირდებათ სრულყოფილ და ღვთის ერთგულ ადამიანებს მომსახურეებად. წარსულში ნათქვამი სიტყვები, „როდესაც ერთს სწამს უფალი, იღბალი მთელ ოჯახს სწყალობს“, მადლის ეპოქისთვისაა შესაფერისი, მაგრამ კაცობრიობის დანიშნულებასთან კავშირი არ აქვს. ისინი მხოლოდ მადლის ეპოქის გარკვეული ეტაპისთვის იყო შესაფერისი. იმ სიტყვების ქვეტექსტი მიმართული იყო მშვიდობისა და მატერიალური კურთხევებისკენ, რომლებითაც ხალხი სარგებლობდა. ეს არ ნიშნავდა, რომ უფლის მორწმუნის მთელი ოჯახი გადარჩებოდა, არც იმას ნიშნავდა, რომ ერთის მიერ კურთხევების მიღებისას, მთელი ოჯახის განსვენებაში შეყვანაც მოხდებოდა. კურთხევების მიღება, თუ უბედურების დათმენა, ადამიანის არსის მიხედვით განისაზღვრება და არა იმ საერთო არსის მიხედვით, რომელიც შეიძლება სხვებთან აკავშირებდეს. ამგვარ ნათქვამს ან წესს სამეფოში ადგილი უბრალოდ არ აქვს. თუ პიროვნება საბოლოოდ შეძლებს გადარჩენას, ეს იმიტომ, რომ ღვთის მოთხოვნები დააკმაყოფილა; ხოლო თუ საბოლოოდ ვერ შეძლებს განსვენების ჟამამდე დარჩენას, ეს იმიტომ, რომ ღვთისადმი ურჩი იყო და ღვთის მოთხოვნები არ შეასრულა. ყველას აქვს შესაფერისი დანიშნულების ადგილი, რომელიც თითოეული ინდივიდის არსის მიხედვით განისაზღვრება და სხვა ადამიანებთან აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს. შვილის ბოროტი საქმეები მშობლებზე ვერ გადავა და ვერც შვილის სიმართლე გაიყოფა მშობლებთან. მშობლის ბოროტი საქმეები შვილებზე ვერ გადავა და ვერც მშობლის სიმართლე გაიყოფა შვილებთან. თითოეული ატარებს საკუთარ ცოდვებს და თითოეული ტკბება საკუთარი კურთხევებით. არავის შეუძლია იყოს სხვისი შემცვლელი; ეს არის სიმართლე. ადამიანის თვალთახედვით, თუ მშობლები იღებენ კურთხევებს, მაშინ შვილებმაც უნდა შეძლონ იგივე, ხოლო თუ შვილები სჩადიან ბოროტებას, მაშინ მშობლებმა უნდა გამოისყიდონ ეს ცოდვები. ეს არის ადამიანური თვალთახედვა და საქმის კეთების ადამიანური წესი; ეს არ არის ღვთის თვალთახედვა. თითოეულის აღსასრული ნამოქმედარის არსის მიხედვით განისაზღვრება და ყოველთვის სათანადოდ წყდება. სხვისი ცოდვების ტვირთვა არავის შეუძლია; მით უმეტეს, ვერავინ მიიღებს სასჯელს სხვის ნაცვლად. ეს უპირობო ჭეშმარიტებაა. მშობლების თავდადებული ზრუნვა შვილებზე არ ნიშნავს, რომ მათ შვილების ნაცვლად სამართლიანი საქმეების აღსრულება შეუძლიათ. არც მშობლებისადმი შვილის მოვალეობრივი სიყვარული ნიშნავს, რომ მას მშობლების ნაცვლად სამართლიანი საქმეების აღსრულება შეუძლია. აი, ამ სიტყვების ჭეშმარიტი აზრი: „ორნი იქნებიან ველად; ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორი ქალი იქნება წისქვილში; ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება“. ადამიანებს არ შეუძლიათ ბოროტმოქმედი შვილების განსვენებაში შეყვანა, მათდამი ღრმა სიყვარულის საფუძველზე, ვერც ცოლის (ან ქმრის) შეყვანას შეძლებს ვინმე განსვენებაში საკუთარი სამართლიანი საქმეების საფუძველზე. ეს ადმინისტრაციული წესია; გამონაკლისი არავისთვის იარსებებს. საბოლოოდ, სამართლიანობის მოქმედნი სამართლიანობის მოქმედნი არიან, ბოროტმოქმედნი კი — ბოროტმოქმედნი. საბოლოოდ, სამართლიანობის მოქმედთ გადარჩენის უფლება მიეცემათ, ბოროტმოქმედნი კი განადგურდებიან. წმიდანი წმიდანია; ის არ არის ბილწი. ბილწი ბილწია და მისი არცერთი ნაწილი არ არის წმიდა. ადამიანები, რომლებიც განადგურდებიან, ბოროტები არიან და ყველა, ვინც გადარჩება, სამართლიანია— იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოროტთა შვილები სამართლიან საქმეებს აღასრულებენ და მაშინაც კი, თუ სამართლიანთა მშობლები ბოროტებას სჩადიან. არსობრივად არავითარი კავშირი არ არსებობს მორწმუნე ქმარსა და ურწმუნო ცოლს შორის, და არავითარი კავშირი არ არსებობს მორწმუნე შვილებსა და ურწმუნო მშობლებს შორის. ეს ორი კატეგორიის ადამიანები ერთმანეთთან შეუთავსებელნი არიან. განსვენებაში შესვლამდე, ადამიანებს აქვთ ხორციელი, ოჯახური სიყვარული, მაგრამ განსვენებაში შესვლის შემდეგ ხორციელი, ოჯახური სიყვარული აღარ იარსებებს. მოვალეობის შემსრულებელნი თავიანთი ბუნებით იმათი მტრები არიან, ვინც არ ასრულებს მას; ღვთის მოყვარულნი და მისი მოძულენი არსობრივად უპირისპირდებიან ერთმანეთს. განსვენებაში შემსვლელნი და ისინი, ვინც განადგურდება, ორი შეუთავსებელი ტიპის ქმნილებანი არიან. ქმნილებები, რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს, შეძლებენ გადარჩენას, ხოლო ისინი, ვინც არ ასრულებენ მოვალეობებს, განადგურების ობიექტები გახდებიან; უფრო მეტიც, ეს მარადიულად გაგრძელდება. ქმარი გიყვარს იმისათვის, რომ ქმნილების მოვალეობა შეასრულო? ცოლი გიყვარს იმისათვის, რომ ქმნილების მოვალეობა შეასრულო? ურწმუნო მშობლების წინაშე მორჩილი ხარ იმისათვის, რომ ქმნილების მოვალეობა შეასრულო? ადამიანების შეხედულებები ღვთისადმი რწმენაზე სინამდვილეში მართებულია თუ მცდარი? კონკრეტულად რისთვის გწამს ღმერთის? კონკრეტულად რისი მიღება გსურს? ზუსტად როგორ გიყვარს ღმერთი? ისინი, ვინც ვერ ასრულებენ მოვალეობებს, როგორც ქმნილებები და არ შეუძლიათ მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, განადგურების ობიექტები გახდებიან. დღევანდელ ადამიანებს შორის არსებობს ხორციელი ურთიერთობები და სისხლისმიერი კავშირები, მაგრამ მომავალში ესენი ყველანი გაწყდებიან. მორწმუნენი და ურწმუნონი თავისი ბუნებით შეუთავსებელნი არიან; პირიქით, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან. განსვენებაში მყოფნი მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომელთაც სწამთ ღვთის არსებობა და ემორჩილებიან მას, ხოლო ღვთისადმი ურჩნი ყველანი განადგურდებიან. დედამიწაზე ოჯახები აღარ იარსებებს; როგორღა იქნება მშობლობა, შვილობა ან მეუღლეობრივი ურთიერთობები? სწორედ რწმენისა და ურწმუნოობის შეუთავსებლობა გაწყვეტს საბოლოოდ ასეთ ხორციელ ურთიერთობებს!

კაცობრიობის დასაბამისას ოჯახი არ არსებობდა. მხოლოდ მამაკაცი და დედაკაცი არსებობდნენ — ორი განსხვავებული სახის ადამიანი. არ არსებობდა არც ქვეყანა და მით უმეტეს, არც ოჯახი, მაგრამ კაცობრიობის გახრწნილების კვალდაკვალ, ადამიანები ცალკეულ გვარებად დაიყვნენ, რომელთაგანაც მოგვიანებით სახელმწიფოები და ერები აღმოცენდნენ. ეს სახელმწიფოები და ერები მცირე, ცალკეული ოჯახებისგან შედგებოდა და ამგვარად, ენობრივი სხვაობისა და საზღვრების მიხედვით, კაცთა მოდგმა სხვადასხვა რასად განიბნა. სინამდვილეში, რამდენი რასაც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაზე, კაცობრიობას მხოლოდ ერთი საერთო წინაპარი ჰყავს. დასაბამიდან ადამიანის ორი განსხვავებული ტიპი არსებობდა და ესენი იყვნენ მამაკაცი და დედაკაცი. თუმცა, ღმერთის საქმის წინსვლამ, ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ ადამიანის ეს ორი განსხვავებული სახე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მრავალფეროვან ხალხებად და ჯგუფებად ჩამოყალიბდა. არსებითად, რაც უნდა ბევრი რასისგან შედგებოდეს კაცობრიობა, მთელი კაცობრიობა მაინც ღმერთის ქმნილებაა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ რასას მიეკუთვნებიან ადამიანები, ყველა მათგანი მისი შექმნილი არსებაა; ისინი ყველა ადამისა და ევას შთამომავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ ღმერთის ხელით არ შექმნილან, მაინც ადამისა და ევას შთამომავლები არიან, რომლებიც თავად ღმერთმა შექმნა. ადამიანი რომელი ჯიშისა თუ მოდგმისაც უნდა იყოს, ის მაინც მისი შექმნილია; რადგან ყველანი იმ კაცობრიობის ნაწილი ვართ, რომელიც ღმერთმა შექმნა, ყველას ერთი ხვედრი და დანიშნულება გვაქვს და ჩვენი დაყოფა იმავე კანონზომიერებით ხდება, რომლითაც მთელი ადამიანთა მოდგმაა მოწყობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბოროტმოქმედი თუ სამართლიანი ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც მისი ქმნილებაა. ბოროტების ჩამდენი ქმნილებები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო ისინი, ვინც სამართლიან საქმეებს აკეთებენ, გადარჩებიან. ეს არის ყველაზე შესაფერისი მოწყობა ამ ორგვარი ქმნილებისთვის. ბოროტმოქმედნი, თავიანთი ურჩობის გამო, ვერ უარყოფენ, რომ ღვთის მიერ შექმნილი არსებანი არიან, თუმცა სატანამ შეიპყრო და ამიტომ ვერ გადარჩებიან. ქმნილებანი, რომლებიც სამართლიან საქმეებს აკეთებენ, თავიანთი გადარჩენის ფაქტიდან გამომდინარე, ვერ უარყოფენ, რომ ღვთის მიერ არიან შექმნილნი, თუმცა სატანის მიერ გახრწნის შემდეგ მიიღეს ხსნა. ბოროტმოქმედნი არიან ქმნილებანი, რომლებიც ღმერთს ეურჩებიან; ისინი არიან ქმნილებანი, რომლებიც ვერ გადარჩებიან და უკვე სრულად არიან სატანის მიერ დატყვევებულნი. ბოროტების ჩამდენი ადამიანებიც ადამიანები არიან. ისინი არიან უკიდურესად გახრწნილი ადამიანები, რომელთა გადარჩენაც შეუძლებელია. ისევე, როგორც ისინიც ქმნილებანი არიან, სამართლიანი საქმეების შემსრულებელი ადამიანებიც იყვნენ გახრწნილნი, თუმცა ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ გახრწნილი ბუნების მოშორება და ღვთისადმი მორჩილება. სამართლიანი საქმეების შემსრულებელი ადამიანები არ არიან აღვსილნი სიმართლით; პირიქით, მათ მიიღეს ხსნა და განაგდეს გახრწნილი ბუნება; მათ შეუძლიათ ღვთისადმი მორჩილება. ისინი ბოლომდე მტკიცედ იდგებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სატანას ისინი არასოდეს გაუხრწნია. ღვთის მუშაობის დასრულების შემდეგ, ყველა ქმნილებას შორის იქნებიან ისინი, ვინც განადგურდება და ისინი, ვინც გადარჩება. ეს არის ღვთის განგებულების საქმის გარდაუვალი მიმართულება; ამის უარყოფა არავის შეუძლია. ბოროტმოქმედთ არ მიეცემათ გადარჩენის უფლება. ისინი, ვინც მორჩილებენ და ბოლომდე მიჰყვებიან ღმერთს, უთუოდ გადარჩებიან. რადგან ეს საქმე კაცობრიობის განგებულებაა, იქნებიან ისინი, ვინც დარჩება და ისინი, ვინც განიდევნება. ეს არის სხვადასხვაგვარი შედეგი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის და ეს არის ყველაზე შესაფერისი განგება ქმნილებებისთვის. კაცობრიობისთვის ღვთის საბოლოო განგებაა მათი დაყოფა ოჯახების დარღვევით, ეთნოსების შემუსვრით და სახელმწიფო საზღვრების მსხვრევით ისეთ განგებაში, სადაც არ არსებობს ოჯახები ან სახელმწიფო საზღვრები, რადგან ადამიანები, საბოლოო ჯამში, ერთი წინაპრისგან არიან წარმოშობილნი და ღვთის ქმნილებანი არიან. მოკლედ, ბოროტების მოქმედი ყველა ქმნილება განადგურდება, ხოლო ღვთისადმი მორჩილი ქმნილებანი გადარჩებიან. ამგვარად, მომავალ განსვენების ჟამს აღარ იქნება ოჯახები, ქვეყნები და განსაკუთრებით ეთნოსები; ამგვარი კაცობრიობა იქნება კაცობრიობის უწმინდესი სახე. ადამი და ევა თავდაპირველად შეიქმნენ, რათა კაცობრიობას დედამიწაზე ყოველივე ემართა; ადამიანები თავდაპირველად ყოველივეს ბატონ-პატრონნი იყვნენ. ადამიანების შექმნისას, იეჰოვას განზრახვა ის იყო, რომ მათ ეარსებათ დედამიწაზე და ემართათ ყოველივე მასზე, რადგან კაცობრიობა თავდაპირველად არ იყო გახრწნილი და ბოროტების ჩადენა არ შეეძლო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანები გაიხრწნენ, ისინი აღარ არიან ყოველივეს განმგებელნი. ღვთის ხსნის მიზანია კაცობრიობის ამ ფუნქციის აღდგენა, კაცობრიობის თავდაპირველი გონიერებისა და თავდაპირველი მორჩილების აღდგენა; განსვენებაში მყოფი კაცობრიობა იქნება იმ შედეგის ცოცხალი გამოხატულება, რომლის მიღწევასაც ღმერთი ხსნის საქმით იმედოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღარ იქნება ედემის ბაღის მსგავსი ცხოვრება, არსი იგივე დარჩება; კაცობრიობა უბრალოდ აღარ იქნება ადრინდელი გაუხრწნელი არსება, არამედ იქნება კაცობრიობა, რომელიც გაიხრწნა და მოგვიანებით ხსნა მიიღო. ხსნის მიმღები ადამიანები საბოლოოდ (ანუ ღვთის საქმის დასრულების შემდეგ) განსვენებაში შევლენ. ასევე, დასასჯელთა ხვედრიც სრულად გამოაშკარავდება ბოლოს და ისინი მხოლოდ ღვთის საქმის დასრულების შემდეგ განადგურდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმის დასრულების შემდეგ, ბოროტმოქმედნიც და გადარჩენილნიც სრულად გამოაშკარავდებიან, რადგან ყველა ტიპის ადამიანის (იქნება ეს ბოროტმოქმედი თუ გადარჩენილი) გამოაშკარავების საქმე ყველას მიმართ ერთდროულად განხორციელდება. ბოროტმოქმედთა განდევნა და დარჩენის უფლების მქონეთა გამოაშკარავება ერთდროულად მოხდება. ამიტომ, ყველა ტიპის ადამიანის ხვედრი ერთდროულად გამოაშკარავდება. ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლთაც ხსნა მიიღეს, განსვენებაში შევიდნენ ბოროტმოქმედთა ცალკე გამოყოფამდე და მათი ეტაპობრივი გასამართლებისა თუ დასჯის გარეშე; ეს სინამდვილის შესაბამისი არ იქნებოდა. ბოროტმოქმედთა განადგურებისა და გადარჩენილთა განსვენებაში შესვლისას, სამყაროში ღვთის საქმე დასრულდება. კურთხევის მიმღებთა და უბედურების განმცდელთა შორის არანაირი რიგითობა არ იქნება; კურთხევის მიმღებნი მარადიულად იცოცხლებენ, ხოლო უბედურების განმცდელნი სამუდამოდ დაიღუპებიან. საქმის ეს ორი საფეხური ერთდროულად უნდა დასრულდეს. სწორედ ურჩი ადამიანების არსებობის გამო გამოაშკარავდება მორჩილთა სამართლიანობა და სწორედ კურთხევის მიმღებთა არსებობის გამო გამოაშკარავდება ბოროტმოქმედთა მიერ ბოროტი ქცევისთვის განცდილი უბედურება. ღმერთს ბოროტმოქმედნი რომ არ გამოეაშკარავებინა, ღვთისადმი გულწრფელად მორჩილნი მზის შუქს ვერასოდეს იხილავდნენ; ღმერთს მორჩილნი შესაფერის დანიშნულების ადგილზე რომ არ მიეყვანა, ღვთის მიმართ ურჩნი კუთვნილ სამაგიეროს ვერ მიიღებდნენ. ეს არის ღმერთის საქმის პროცესი. ბოროტების დასჯისა და სიკეთის დაჯილდოების ეს საქმე რომ არ განხორციელებულიყო, ქმნილებანი საკუთარ დანიშნულების ადგილებზე შესვლას ვერასოდეს შეძლებდნენ. კაცობრიობის განსვენებაში შესვლისას, ბოროტმოქმედნი განადგურდებიან, მთელი კაცობრიობა სწორ გზას დაადგება; ყველა ტიპის ადამიანი საკუთარი ფუნქციების შესაბამისად დახარისხდება. მხოლოდ ეს იქნება კაცობრიობის განსვენების დღე, ეს იქნება კაცობრიობის განვითარების გარდაუვალი გზა და მხოლოდ კაცობრიობის განსვენებაში შესვლისას მიაღწევს დასასრულს ღვთის დიადი და უზენაესი მიღწევა; ეს იქნება მისი საქმის ფინალური ნაწილი. ეს საქმე ბოლოს მოუღებს კაცობრიობის ხორციელ, დაცემულ ცხოვრებასა და გახრწნილი კაცობრიობის ყოფას. მას შემდეგ ადამიანები ახალ სამყაროში შევლენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ხორციელად იცხოვრებს, ამ ცხოვრების არსსა და გახრწნილი კაცობრიობის ცხოვრებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება. ამ არსებობის მნიშვნელობა და გახრწნილი კაცობრიობის არსებობის მნიშვნელობაც განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ახალი ტიპის ადამიანის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცხოვრება კაცობრიობისა, რომელმაც მიიღო ხსნა, ისევე როგორც ცხოვრება, რომელშიც ადამიანობა და გონიერება აღდგენილია. ესენი არიან ღვთის მიმართ ოდესღაც ურჩი ადამიანები, რომლებიც ღმერთმა დაიმორჩილა და შემდეგ გადაარჩინა; ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ღმერთი შეურაცხყვეს, მოგვიანებით კი მასზე მოწმობა გასცეს. მისი გამოცდის გავლისა და გადარჩენის შემდეგ, ამ ადამიანების არსებობა ყველაზე აზრიანი იქნება; ესენი არიან სატანის წინაშე ღვთის მოწმენი და ცხოვრებისათვის ღირსეული ადამიანები. განადგურებას დაექვემდებარებიან ისინი, ვინც ღვთის წინაშე მოწმობაში სიმტკიცე ვერ შეინარჩუნა და სიცოცხლის გასაგრძელებლად უღირსია. მათი განადგურება საკუთარი ბოროტი ქცევის შედეგი იქნება და ასეთი მოსპობა მათთვის საუკეთესო დანიშნულების ადგილია. მომავალში, კაცობრიობის მშვენიერ სამყაროში შესვლისას, აღარ იარსებებს ისეთი ცოლქმრული, მამაშვილური თუ დედაშვილური ურთიერთობები, როგორიც ადამიანებს წარმოუდგენიათ. იმ დროს თითოეული ადამიანი საკუთარი გვარისამებრ დახარისხდება, ოჯახები კი უკვე დანგრეული იქნება. სატანა, სრული მარცხის შემდეგ, კაცობრიობას ვეღარასოდეს შეაწუხებს და ადამიანებს აღარ ექნებათ გახრწნილი, სატანური ბუნება. ურჩი ადამიანები უკვე განადგურებულნი იქნებიან და მხოლოდ მორჩილნი დარჩებიან. ამგვარად, ძალიან ცოტა ოჯახი გადარჩება უცვლელად; როგორ შეიძლება კვლავ იარსებოს ხორციელმა ურთიერთობებმა? კაცობრიობის ადრინდელი ხორციელი ცხოვრება სრულიად აიკრძალება; როგორღა იარსებებს მაშინ ადამიანებს შორის ხორციელი ურთიერთობები? გახრწნილი სატანური ბუნების გარეშე, ადამიანთა ცხოვრება აღარ იქნება წარსულის ძველი ყოფა, არამედ იქნება ახალი ცხოვრება. მშობლები დაკარგავენ შვილებს, შვილები კი — მშობლებს. ქმრები დაკარგავენ ცოლებს, ცოლები კი — ქმრებს. ამჟამად ადამიანებს შორის ხორციელი ურთიერთობები არსებობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა განსვენებაში შევა, ეს კავშირები აღარ იარსებებს. მხოლოდ ასეთი კაცობრიობა ფლობს სიმართლესა და სიწმინდეს; მხოლოდ ასეთ კაცობრიობას შეუძლია ღვთის თაყვანისცემა.

ღმერთმა შექმნა ადამიანები, დაასახლა დედამიწაზე და მას შემდეგ წინამძღოლობს მათ, მოგვიანებით გადაარჩინა ისინი და კაცობრიობისთვის ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად იქცა, ბოლოს კი კვლავ უნდა დაიმორჩილოს კაცობრიობა, სრულად გადაარჩინოს ადამიანები და დაუბრუნოს პირვანდელი სახე. ეს არის საქმე, რომლითაც ღმერთი თავიდან ბოლომდეა დაკავებული — კაცობრიობისთვის პირვანდელი ხატისა და მსგავსების აღდგენა. ღმერთი დაამყარებს საკუთარ სამეფოს და ადამიანებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი აღადგენს საკუთარ ხელმწიფებას დედამიწასა და ყველა ქმნილებაზე. სატანის მიერ გახრწნის შემდეგ, კაცობრიობამ დაკარგა ღვთისმოშიში გული და ქმნილებისთვის ჯეროვანი დანიშნულება, რითაც ღვთის წინააღმდეგ ამბოხებულ მტრად იქცა. მაშინ კაცობრიობა სატანის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობდა და სატანის მანიპულირების საგნად იქცა; ამგვარად, ღმერთს აღარ ჰქონდა საკუთარ ქმნილებებთან მუშაობის საშუალება და მით უფრო შეუძლებელი გახდა მათგან შიშის მოპოვება. ადამიანები ღმერთმა შექმნა და ღმერთსავე უნდა სცემდნენ თაყვანს, თუმცა რეალურად ზურგი აქციეს მას და ნაცვლად ამისა, სატანას დაუწყეს თაყვანისცემა. სატანა მათ გულებში კერპად იქცა. ამგვარად, ღმერთმა მათ გულებში ადგილი დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის შექმნის აზრი დაიკარგა. ამიტომ, ადამიანის შექმნის აზრის აღსადგენად, ღმერთმა უნდა აღადგინოს მათი პირვანდელი სახე და კაცობრიობა გახრწნილი ბუნებისგან განწმინდოს. სატანისგან ადამიანების გამოსახსნელად, ღმერთმა ისინი ცოდვისგან უნდა იხსნას. მხოლოდ ასე თუ შეძლებს ღმერთი თანდათან აღადგინოს ადამიანის პირვანდელი სახე და დანიშნულება, საბოლოოდ კი — საკუთარი სამეფო. ამბოხის ძეთა საბოლოო და სრული განადგურება ასევე იმისთვისაა, რომ ადამიანებმა ღმერთს უკეთ სცენ თაყვანი და დედამიწაზე უკეთ იცხოვრონ. რადგან ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას თაყვანისცემასაც აიძულებს; რადგან სურს კაცობრიობის პირვანდელი დანიშნულების აღდგენა, მას სრულად და ყოველგვარი მინარევის გარეშე აღადგენს. მისი ავტორიტეტის აღდგენა ნიშნავს, აიძულოს ადამიანები, სცენ თაყვანი და დაემორჩილონ მას; ეს ნიშნავს, რომ ღმერთი აიძულებს ადამიანებს, იცოცხლონ მისი გულისთვის, ხოლო მტრებს საკუთარი ავტორიტეტით მოსპობს. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ყველაფერს, რაც მას განეკუთვნება, ადამიანებს შორის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამკვიდრებს. სამეფო, რომლის დამყარებაც ღმერთს სურს, საკუთარი სამეფოა. კაცობრიობა, რომელიც მას სურს, არის ის, რომელიც მას სცემს თაყვანს, სრულად ემორჩილება და მისი დიდებითაა მოსილი. თუ ღმერთი არ იხსნის გახრწნილ კაცობრიობას, მაშინ ადამიანის შექმნის აზრი დაიკარგება; მას აღარ ექნება ავტორიტეტი ადამიანებში და მისი სამეფო დედამიწაზე ვეღარ იარსებებს. თუ ღმერთი არ მოსპობს მის წინააღმდეგ ამბოხებულ მტრებს, ის ვერ მოიპოვებს სრულ დიდებას და ვერც საკუთარ სამეფოს დაამყარებს დედამიწაზე. ეს მისი საქმის დასრულებისა და უდიდესი მიღწევის ნიშანი იქნება: იმ ადამიანთა სრული განადგურება, ვინც მის წინააღმდეგ ამბოხებულია და სრულქმნილთა განსვენებაში შესვლა. როდესაც ადამიანებს პირვანდელი სახე აღუდგებათ და შეძლებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას, დაიკავებენ კუთვნილ ადგილს და სრულად დაემორჩილებიან ღვთის ყოველგვარ განგებას, ღმერთი მოიპოვებს დედამიწაზე ხალხს, რომელიც მას სცემს თაყვანს და ასევე დაამყარებს დედამიწაზე სამეფოს, რომელიც მას თაყვანს სცემს. ის მოიპოვებს მარადიულ გამარჯვებას დედამიწაზე, ხოლო ყველა მისი მოწინააღმდეგე სამუდამოდ მოისპობა. ეს აღადგენს ადამიანის შექმნის პირვანდელ განზრახვას, ეს აღადგენს ყოველივეს შექმნის განზრახვას და ასევე აღადგენს მის ავტორიტეტს დედამიწაზე, ყოველ ქმნილებასა და მტერზე. ეს იქნება მისი სრული გამარჯვების სიმბოლოები. მას შემდეგ, კაცობრიობა განსვენებაში შევა და ცხოვრებას სწორ გზაზე დაიწყებს. ღმერთიც კაცობრიობასთან ერთად შევა მარადიულ განსვენებაში და დაიწყება ღვთისა და ადამიანის საერთო მარადიული ცხოვრება. დედამიწაზე გაქრება სიბინძურე და ამბოხი, გაიფანტება ყოველგვარი გოდება და ამ ქვეყნად ყველაფერი, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება, არსებობას შეწყვეტს. დარჩება მხოლოდ ღმერთი და ხალხი, ვისაც ხსნა მიჰმადლა; დარჩება მხოლოდ მისი ქმნილება.

წინა:  ქრისტეს არსი ზეციერი მამის ნებისადმი მორჩილებაა

შემდეგი:  იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger