ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი — თავი 12

როდესაც ელვა აღმოსავლეთიდან გამოკრთება, რაც ზუსტად ის მომენტია, როდესაც მე ჩემი სიტყვების წარმოთქმას ვიწყებ — როდესაც ელვა გამოკრთება, მთელი კაბადონი ნათდება და ყველა ვარსკვლავი ტრანსფორმირდება. მთელი კაცობრიობა თითქოსდა განიწმინდა. აღმოსავლეთიდან მომავალი ამ სინათლის სხივის ქვეშ მთელი კაცობრიობა თავისი პირვანდელი სახით მჟღავნდება; თვალდაბრმავებულებმა არ იციან, რა მოიმოქმედონ და მით უმეტეს, არ იციან, როგორ დამალონ თავიანთი მახინჯი ნაკვთები. ჩემს ნათელს გაურბიან და თავს მთის გამოქვაბულებს აფარებენ, თუმცა ჩემს ნათელში ვერაფერი წაიშლება. ყოველი ადამიანი გაოგნებულია, ყველა მოლოდინშია, ყველა აკვირდება; ჩემი ნათლის გამოჩენასთან ერთად იღბლიანად თვლის იმ დღეს, როცა დაიბადა და ამავდროულად, ყველა წყევლის იმ დღეს, როცა დაიბადა. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების სიტყვებით გადმოცემა რთულია; თვითგვემის ცრემლები მდინარეებად იქცევა და ერთი მეორის მიყოლებით მძლავრ ნაკადს მიაქვს, წამიერად კი უკვალოდ ქრება. კიდევ ერთხელ ჩემი დღე უახლოვდება მთელ კაცობრიობას, კვლავ აფხიზლებს ადამიანთა მოდგმას და კაცობრიობას კიდევ ერთ ახალ დასაბამს აძლევს. ჩემი გული ივსება, მთები რიტმული, მხიარული თანხლებით ხტიან, წყლები სიხარულით ცეკვავენ და ტალღები კლდოვან რიფებს ეხეთქებიან. რთულია იმის გამოხატვა, რაც ჩემს გულშია. მე ყოველგვარ უწმინდურებას ფერფლად გადავაქცევ ჩემი მზერით; მე ვაიძულებ ურჩობის ყველა ძეს გაქრეს ჩემი თვალთახედვიდან და აღარასოდეს იარსებოს. მე არა მხოლოდ ახალ დასაბამს დავუდე სათავე დიდი წითელი დრაკონის სამყოფელში, არამედ ახალი საქმეც დავიწყე სამყაროში. მალე დედამიწის სამეფოები ჩემი სასუფეველი გახდება; მალე დედამიწის სამეფოები სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას ჩემი სასუფევლის გამო, რადგან მე უკვე მოვიპოვე გამარჯვება, რადგან მე ტრიუმფით დავბრუნდი. დიდმა წითელმა დრაკონმა ამოწურა ყველა შესაძლო საშუალება ჩემი გეგმის ჩასაშლელად, იმედოვნებდა რა დედამიწაზე ჩემი საქმის წაშლას, მაგრამ განა შემიძლია გული გავიტეხო მისი მზაკვრული ხრიკებით? განა მე შემაშინებს მისი მუქარა და დამაკარგვინებს რწმენას? არასოდეს უარსებია არცერთ არსებას ზეცაში თუ დედამიწაზე, რომელიც ხელის გულზე არ მჭერია; განა ეს არ ეხება განსაკუთრებით დიდ წითელ დრაკონს, რომელიც ჩემთვის საპირისპირო ფონს წარმოადგენს? განა ისიც არ არის ობიექტი, რომლითაც ჩემს ხელებში ვმანიპულირებ?

ადამიანთა სამყაროში ჩემი განკაცების პერიოდში კაცობრიობა ჩემი წინამძღოლობით გაუცნობიერებლად მოვიდა დღევანდელ დღემდე და გაუცნობიერებლად შემიცნო მე. მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იარონ წინ გადაშლილ გზაზე, არავის აქვს წარმოდგენა, არავინ იცის — და მით უმეტეს, არავინ უწყის, რა მიმართულებით წაიყვანს მათ ეს გზა. მხოლოდ ყოვლისშემძლის მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებს რომელიმე გზის ბოლომდე გავლას; მხოლოდ აღმოსავლეთის ელვის წინამძღოლობით შეძლებს რომელიმე იმ ზღურბლის გადალახვას, რომელიც ჩემს სასუფევლამდე მიიყვანს. ადამიანთა შორის არასოდეს ყოფილა ვინმე, ვისაც ჩემი სახე ან აღმოსავლეთის ელვა უხილავს; მით უმეტეს, განა ყოფილა ვინმე, ვისაც ჩემი ტახტიდან მომდინარე გამონათქვამები სმენია? სინამდვილეში, უძველესი დროიდან მოყოლებული, არც ერთ ადამიანს არ ჰქონია პირდაპირი კონტაქტი ჩემს პიროვნებასთან; მხოლოდ დღეს, როდესაც მე მოვევლინე სამყაროს, მიეცათ ადამიანებს ჩემი ხილვის შესაძლებლობა. მაგრამ ახლაც კი, ადამიანები კვლავაც არ მიცნობენ მე; ისინი მხოლოდ უყურებენ ჩემს სახეს და მხოლოდ ესმით ჩემი ხმა, თუმცა არ ესმით ჩემი მნიშვნელობა. ყველა ადამიანი ასეთია. რადგან ჩემი ხალხის ნაწილი ხართ, განა არ გრძნობთ დიდ სიამაყეს, როდესაც ჩემს სახეს ხედავთ? და განა არ გრძნობთ სირცხვილს იმის გამო, რომ არ მიცნობთ მე? მე დავდივარ ადამიანთა შორის და ვცხოვრობ მათ შორის, რადგან მე ხორცი შევისხი და მოვევლინე ადამიანთა სამყაროს. ჩემი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ კაცობრიობამ შეძლოს ჩემი ხორცის ხილვა; უფრო მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობამ შეძლოს ჩემი შეცნობა. უფრო მეტიც, მე, ჩემი განკაცებული ხორცის მეშვეობით ვამხილებ კაცობრიობას თავისი ცოდვების გამო; მე, ჩემი განკაცებული ხორცის მეშვეობით დავამარცხებ დიდ წითელ დრაკონს და გავანადგურებ მის ბუნაგს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დასახლებული ადამიანები ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანნი არიან, მე თითოეულ მათგანს ისევე ნათლად ვიცნობ, როგორც საკუთარ ხელისგულს. და, თუმცა ადამიანები, რომელთაც მე „ვუყვარვარ“, ზღვის ქვიშის მარცვლებივით უთვალავნი არიან, ჩემ მიერ მხოლოდ მცირედნი არიან რჩეულნი: მხოლოდ ისინი, ვინც ნათელ შუქს ესწრაფვიან და გამოყოფილნი არიან მათგან, ვისაც მე „ვუყვარვარ“. მე არც ვაჭარბებ ადამიანის შეფასებისას და არც ვაკნინებ მას; პირიქით, მე ადამიანს მოთხოვნებს ვუყენებ მისი ბუნებრივი თვისებების მიხედვით და ამიტომ, მე მსურს ისეთი ადამიანი, რომელიც გულწრფელად მეძებს, რათა მივაღწიო ჩემს მიზანს ადამიანთა გამორჩევაში. მთებში უთვალავი გარეული მხეცია, მაგრამ ჩემ წინაშე ყველა მათგანი ცხვარივით თვინიერია; ტალღების ქვეშ შეუცნობელი საიდუმლოებები იმალება, მაგრამ ისინი ჩემ წინაშე ისევე ნათლად წარმოჩნდებიან, როგორც ყოველივე დედამიწის ზურგზე; მაღლა ზეცაში არის სამყაროები, რომლებსაც ადამიანი ვერასოდეს მისწვდება, თუმცა მე თავისუფლად დავაბიჯებ ამ მიუწვდომელ სამყაროებში. ადამიანს არასოდეს ვუცვნივარ ნათელში, არამედ მხოლოდ ბნელეთის სამყაროში ვუნახივარ. განა დღეს თქვენც ზუსტად იმავე მდგომარეობაში არ ხართ? სწორედ დიდი წითელი დრაკონის სიგიჟისა და ტირანიის კულმინაციის ჟამს დავიწყე მე ოფიციალურად ჩემი საქმის აღსრულება ხორციელად. სწორედ მაშინ, როდესაც დიდმა წითელმა დრაკონმა პირველად გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე, დავამოწმე მე ჩემი სახელი. როდესაც მე კაცობრიობის გზებზე დავაბიჯებდი, არცერთი არსება და არცერთი ადამიანი არ გამოფხიზლებულა, და ამიტომ, როდესაც მე განკაცებული მოვევლინე ადამიანთა სამყაროს, ეს არავინ იცოდა. მაგრამ როდესაც, ჩემი განკაცებული ხორცით ჩემი საქმის აღსრულება დავიწყე, კაცობრიობა გამოფხიზლდა და ჩემმა მქუხარე გამონათქვამებმა ისინი სიზმრებიდან გამოაფხიზლა და ამ მომენტიდან მათ დაიწყეს ცხოვრება ჩემი წინამძღოლობით. ჩემს ხალხს შორის მე კიდევ ერთხელ დავიწყე ახალი საქმე. იმის თქმა, რომ დედამიწაზე ჩემი საქმე არ დასრულებულა, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ჩემი ხალხი, რომელზეც ვსაუბრობდი, არ არის ის, ვინც მე ჩემს გულში მჭირდება და მე კვლავაც გამოვარჩევ ზოგიერთს მათგან. აქედან ნათელია, რომ მე ჩემს ხალხს არა მხოლოდ განკაცებული ღვთის შეცნობის შესაძლებლობას ვაძლევ, არამედ განვწმენდ კიდეც მათ. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების სიმკაცრის გამო ადამიანთა უდიდესი ნაწილი კვლავაც ჩემ მიერ განდევნის საფრთხის წინაშე დგას. თუ ისინი ყოველგვარ ძალისხმევას არ გამოიჩენენ საკუთარი თავის გასასხლავად და საკუთარი სხეულების დასამორჩილებლად — თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უდავოდ იქცევიან ობიექტებად, რომლებსაც მე ზიზღით უარვყოფ და რომლებიც ჯოჯოხეთში იქნებიან ჩაყრილნი, ისევე, როგორც პავლე გაიკიცხა უშუალოდ ჩემი ხელებით, რისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. გამოიტანეთ რაიმე დასკვნა ჩემი სიტყვებიდან? მე განვაგრძობ ეკლესიის გაწმენდას, მე კვლავაც განვწმენდ იმ ადამიანებს, რომლებიც მჭირდება, რადგან მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც ყოვლადწმიდა და უბიწოა. მე ჩემს ტაძარს არა მხოლოდ ცისარტყელას ფერებით მოვრთავ, არამედ უნაკლოდ სუფთასაც გავხდი, რომლის შიდა მხარეც მის გარე მხარესთან შესაბამისობაში იქნება. ჩემ წინაშე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ის, რაც წარსულში ჩაიდინა, და გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა დღეს მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩემს გულს სრულყოფილი კმაყოფილება მიანიჭოს.

ადამიანი არა მხოლოდ არ მიცნობს მე ჩემს ხორცში; უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო ხორციელ სხეულში მობინადრე საკუთარი თავის გაგება. ამდენი წლის განმავლობაში ადამიანები მატყუებდნენ და ისე მეპყრობოდნენ, როგორც გარედან მოსულ სტუმარს. რამდენჯერ ჩამკეტეს მათ თავიანთი „სახლების კარებს“ მიღმა; რამდენჯერ, ჩემ წინაშე მდგარნი, ყურადღება არ მომაქციეს; რამდენჯერ უარმყვეს სხვა ადამიანების გარემოცვაში; რამდენჯერ უარმყვეს ეშმაკთა წინაშე; და რამდენჯერ დამესხნენ თავს ერთმანეთთან კინკლაობით. თუმცა მე არ ვიმახსოვრებ ადამიანის „სისუსტეებს“ და არც მისი ურჩობის გამო ვითხოვ კბილს კბილის წილ. მე მხოლოდ ის გავაკეთე, რომ წამალი დავადე მის სნეულებებს, რათა განმეკურნა მისი განუკურნებელი დაავადებები, რითაც დავუბრუნე მას ჯანმრთელობა, რათა შეძლოს ჩემი შეცნობა. განა ყოველივე, რაც მე გავაკეთე, კაცობრიობის გადარჩენისკენ არ იყო მიმართული, რათა კაცობრიობისთვის სიცოცხლის შანსი მიმეცა? მრავალჯერ მოვედი ადამიანთა სამყაროში, მაგრამ სამყაროში ჩემმა პირადად მოსვლამ არ აიძულა ადამიანები, რომ ჩემთვის ყურადღება მოექციათ; ნაცვლად ამისა, თითოეული ისე იქცეოდა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად და საკუთარი თავისთვის ეძებდა გამოსავალს. მათ არც კი იციან, რომ ცისქვეშეთში არსებული თითოეული გზა ჩემი ხელებიდან მოდის! მათ არც კი იციან, რომ ცისქვეშეთში არსებული ყოველივე ჩემს განაწესებს ექვემდებარება! რომელი თქვენგანი ბედავს გულში წყენის ჩადებას? რომელი თქვენგანი ბედავს მსუბუქად განაჩენის გამოტანას? მე უბრალოდ ჩუმად ვაკეთებდი ჩემს საქმეს კაცობრიობის შუაგულში — სულ ეს არის. ჩემი განკაცების პერიოდში ადამიანის სისუსტის მიმართ თანაგრძნობა რომ არ გამომეჩინა, მაშინ მთელი კაცობრიობა ჩემი განკაცების გამო შიშისგან გაგიჟდებოდა და, შედეგად, ჰადესში ჩაცვივდებოდა. კაცობრიობა გადაურჩა კატასტროფას მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავიმდაბლე თავი და დავიმალე, გაუმართლა, რომ მან იხსნა თავი ჩემი გაკიცხვისგან და, ამგვარად, მან მოაღწია დღევანდელ დღემდე. თუ გავითვალისწინებთ, რა რთული იყო დღევანდელ დღემდე მოღწევა, განა უფრო მეტად არ უნდა დააფასოთ ხვალინდელი დღე, რომელიც ჯერ კიდევ წინაა?

1992 წლის 8 მარტი

წინა:  სასუფევლის ჰიმნი

შემდეგი:  იხარეთ, ყოველნო ხალხნო!

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger