თავი 13
ჩემს სიტყვებსა და გამონათქვამებში დაფარულია ჩემი არაერთი განზრახვა, მაგრამ ადამიანებმა არაფერი იციან და არაფერი ესმით ამის შესახებ; ისინი კვლავაც გარედან იგებენ ჩემს სიტყვებს და გარედან მიჰყვებიან მათ და არ შეუძლიათ ჩემი გულის გაგება ან ჩემი სიტყვების შიგნიდან ჩემი განზრახვების წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიტყვებს ნათელს ვხდი, ვის ესმის მათი? სიონიდან მე ადამიანთა სამყაროში მოვედი. რადგან ნორმალური ადამიანობითა და ადამიანური კანით შევიმოსე, ხალხი მხოლოდ გარედან შეიცნობს ჩემს იერსახეს — მაგრამ მათ არ იციან ის სიცოცხლე, რომელიც ჩემშია, არც სულის ღმერთს ცნობენ და მხოლოდ ხორციელი ადამიანი იციან. ნუთუ თავად პრაქტიკული ღმერთი არ არის იმის ღირსი, რომ თქვენ ეცადოთ მის შეცნობას? ნუთუ თავად პრაქტიკული ღმერთი არ არის თქვენი ძალისხმევის ღირსი, რომ „გააანალიზოთ“ იგი? მე მძულს მთელი ადამიანთა მოდგმის გახრწნა, მაგრამ გაგებით ვეკიდები მათ სისუსტეს. მე ასევე ვსხლავ მთელი კაცობრიობის ძველ ბუნებას. როგორც ჩემი ხალხის წევრები ჩინეთში, განა თქვენც არ ხართ კაცობრიობის ნაწილი? მთელ ჩემს ხალხსა და ჩემს ყველა ძეს შორის, ანუ მათ შორის, ვინც მთელი კაცობრიობიდან გამოვარჩიე, თქვენ ყველაზე დაბალ ჯგუფს მიეკუთვნებით. ამ მიზეზით, მე ყველაზე მეტი ენერგია და უდიდესი ძალისხმევა თქვენზე დავხარჯე. ნუთუ კვლავ არ აფასებთ იმ ნეტარ ცხოვრებას, რომლითაც დღეს ტკბებით? ნუთუ კვლავ იქვავებთ გულებს, რათა ჩემ წინააღმდეგ ამბოხდეთ და ყველაფერი თქვენებურად აკეთოთ? რომ არა ჩემი უწყვეტი წყალობა და კეთილმოსურნე სიყვარული, მთელი კაცობრიობა დიდი ხნის წინ ჩავარდებოდა სატანის ტყვეობაში და მის პირში „გემრიელ ლუკმებად“ იქცეოდა. დღეს, ყველა ადამიანს შორის, ისინი, ვინც გულწრფელად იხარჯებიან ჩემთვის და გულწრფელად ვუყვარვარ, იმდენად იშვიათნი არიან, რომ ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლებიან. ნუთუ „ჩემი ხალხის“ დღევანდელი წოდება შეიძლება თქვენი პირადი საკუთრება იყოს? ნუთუ შენი სინდისი უბრალოდ ყინულივით გაცივდა? ნამდვილად ხარ კი იმის ღირსი, რომ გახდე ის ღვთის ხალხი, რომელსაც მე ვითხოვ? გაიხსენეთ წარსული და კვლავ შეხედეთ დღევანდელობას — რომელმა თქვენგანმა ასიამოვნა ჩემს გულს? რომელმა თქვენგანმა გაითვალისწინა გულწრფელად ჩემი განზრახვები? მე რომ არ მებიძგა თქვენთვის, თქვენ კვლავაც არ გამოფხიზლდებოდით, არამედ დარჩებოდით თითქოს გაყინულნი და კვლავაც თითქოს ზამთრის ძილს მიცემულნი.
ბობოქარ ტალღებში ადამიანები ხედავენ ჩემს რისხვას; შავი ღრუბლების მორევში ისინი პანიკითა და შიშით არიან მოცულნი და არ იციან, სად გაიქცნენ, თითქოს ეშინიათ, რომ ჭექა-ქუხილი და წვიმა წალეკავს მათ. შემდეგ, მას მერე, რაც მბრუნავი ქარბუქი გადაივლის, მათი განწყობა მშვიდდება და მსუბუქდება, როდესაც ისინი ბუნების მშვენიერი პეიზაჟით ტკბებიან. მაგრამ, ასეთ მომენტებში, რომელ მათგანს განუცდია ოდესმე ის უსაზღვრო სიყვარული, რომელსაც კაცობრიობის მიმართ ვგრძნობ? მათ გულებში მხოლოდ ჩემი ფიგურაა, მაგრამ არა ჩემი სულის არსი: განა ადამიანი ღიად არ მეწინააღმდეგება? როდესაც ქარიშხალი გადაივლის, მთელი კაცობრიობა თითქოს განახლებულია; თითქოს, გასაჭირის მეშვეობით გამოწრთობის შემდეგ მათ კვლავ დაიბრუნეს სინათლე და სიცოცხლე. განა თქვენც, ჩემ მიერ დატეხილი დარტყმების ატანის შემდეგ, არ გქონდათ ბედნიერება, დღევანდელ დღემდე მოსულიყავით? მაგრამ, როდესაც დღევანდელი დღე ჩაივლის და ხვალინდელი დადგება, შეძლებთ კი შეინარჩუნოთ ის სიწმინდე, რომელიც თავსხმას მოჰყვა? შეძლებთ კი შეინარჩუნოთ ის ერთგულება, რომელიც თქვენს გამოწრთობას მოჰყვა? შეძლებთ კი შეინარჩუნოთ დღევანდელი მორჩილება? შეუძლია კი თქვენს ერთგულებას უცვლელი დარჩეს? ნუთუ ეს ისეთი მოთხოვნაა, რომელიც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს? მე ყოველდღე ვცხოვრობ კაცობრიობას შორის და ვმოქმედებ კაცობრიობასთან ერთად, მათ შუაგულში, თუმცა ეს არავის არასოდეს შეუმჩნევია. რომ არა ჩემი სულის გაძღოლა, მთელი კაცობრიობიდან ვინ იარსებებდა კვლავაც ამჟამინდელ ეპოქაში? როდესაც ვამბობ, რომ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ და ვმოქმედებ, განა ვაჭარბებ? წარსულში მე ვთქვი: „მე შევქმენი კაცობრიობა, წინ ვუძღვებოდი მთელ კაცობრიობას და ვუბრძანებდი მთელ კაცობრიობას“; განა სინამდვილეში ასე არ იყო? შესაძლებელია, რომ ამ საკითხების თქვენეული გამოცდილება არასაკმარისია? მხოლოდ ფრაზა „მსახურების შემსრულებლის“ ახსნას მთელი თქვენი ცხოვრება დასჭირდებოდა. ნამდვილი გამოცდილების გარეშე, ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ჩემს შეცნობას — ისინი ვერასოდეს შეძლებენ ჩემს შეცნობას ჩემი სიტყვების მეშვეობით. თუმცა დღეს, მე პირადად მოვედი თქვენ შორის — განა ეს უფრო მეტად არ წაადგება თქვენს გაგებას? განა ჩემი განკაცება ასევე არ არის ხსნა თქვენთვის? მე პირადად რომ არ ჩამოვსულიყავი ადამიანთა სამყაროში, მთელი კაცობრიობა დიდი ხნის წინ განიმსჭვალებოდა წარმოდგენებით, რაც ნიშნავს სატანის კუთვნილებად ქცევას, რადგან ის, რისიც შენ გწამს, მხოლოდ სატანის ხატებაა და არავითარი კავშირი არ აქვს თავად ღმერთთან. განა ეს არ არის ჩემი ხსნა?
როდესაც სატანა ჩემ წინაშე მოდის, მე არ ვიხევ უკან მისი მძვინვარებისგან და არც მისი სიმახინჯე მაშინებს: მე უბრალოდ უგულებელვყოფ მას. როდესაც სატანა მაცდუნებს, მე განვჭვრეტ მის ზრახვებს, რითაც ვაიძულებ სირცხვილითა და დამცირებით გაიპაროს. როდესაც სატანა მებრძვის და ცდილობს ჩემი რჩეული ხალხის წართმევას, მე ხორციელად გადამწყვეტ ბრძოლას ვმართავ მის წინააღმდეგ; და ჩემს ხორცში მე ვასაზრდოებ და ვმწყემსავ ჩემს ხალხს, რათა ისინი ადვილად არ დაეცნენ ან არ დაიკარგონ, და მე მივუძღვები მათ გზის ყოველ ნაბიჯზე. და როდესაც სატანა დამარცხებული უკან დაიხევს, მე მივიღებ დიდებას ჩემი ხალხისგან, ხოლო ჩემი ხალხი გასცემს მშვენიერ და მედგარ დამოწმებას ჩემთვის. აქედან გამომდინარე, მე ავიღებ ჩემი მართვის გეგმის საპირისპირო ფონებს და მათ ერთხელ და სამუდამოდ უძირო უფსკრულში მოვისვრი. ეს არის ჩემი გეგმა; ეს არის ჩემი საქმე. შენს ცხოვრებაში შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ასეთ სიტუაციას წააწყდები: ნებაყოფლობით მისცემ საკუთარ თავს უფლებას, სატანის ტყვედ იქცე, თუ ნებას დამრთავ, რომ მოგიპოვო? ეს შენი საკუთარი ბედია და შენ ის გულდასმით უნდა აწონ-დაწონო.
სასუფეველში ცხოვრება არის ხალხისა და თავად ღვთის ცხოვრება. მთელი კაცობრიობა ჩემი მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ იმყოფება და ყველა ჩართულია დიდ წითელ დრაკონთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ამ უკანასკნელ ბრძოლაში გასამარჯვებლად, დიდი წითელი დრაკონის გასანადგურებლად, ყველა ადამიანმა მთელი თავისი არსება უნდა შემომწიროს ჩემს სასუფეველში. აქ ნახსენები „სასუფეველი“ გულისხმობს ცხოვრებას, რომელიც ღვთაებრიობის უშუალო მმართველობის ქვეშ მიმდინარეობს, რომელშიც ყველა უშუალოდ იღებს ჩემს მწყემსვასა და წვრთნას, რათა მათი ცხოვრება, თუმცა კი ჯერ კიდევ დედამიწაზე, იყოს ისე, თითქოს ზეცაშია — მესამე ცაზე ცხოვრების ჭეშმარიტი განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად ვარ, მე არ განვიცდი ხორცის შეზღუდვებს. იმდენჯერ მოვსულვარ ადამიანთა შორის, რათა მომესმინა მათი ლოცვები და იმდენჯერ დავმტკბარვარ მათი ქებით, როცა ადამიანთა შორის დავდიოდი; თუმცა ადამიანებს არასოდეს სცოდნიათ ჩემი არსებობის შესახებ, მე მაინც ამგვარად განვაგრძობ ჩემს საქმეს. ჩემი სავანე იქ არის, სადაც დაფარული ვარ. მიუხედავად ამისა, ჩემს სავანეში მე დავამარცხე ყველა ჩემი მტერი; ჩემს სავანეში მე შევიძინე დედამიწაზე ცხოვრების რეალური გამოცდილება; ჩემს სავანეში მე ვაკვირდები ადამიანის ყოველ სიტყვასა და ქმედებას, და თვალყურს ვადევნებ და წარვმართავ მთელ კაცობრიობას. კაცობრიობას რომ შეეძლოს ჩემი განზრახვების გათვალისწინება, რითაც ასიამოვნებდა ჩემს გულს და სიხარულს მომანიჭებდა, მაშინ მე უთუოდ ვაკურთხებდი მთელ კაცობრიობას. განა ეს არ არის ჩემი განზრახვა კაცობრიობის მიმართ?
სანამ კაცობრიობა კომატოზურ მდგომარეობაშია, მხოლოდ ჩემი ჭექა-ქუხილის ხმა აღვიძებს მათ სიზმრებიდან. და როდესაც ისინი თვალებს ახელენ, ცივი ნათელის ეს აფეთქებები ბევრ მათგანს თვალებს სტკენს, ისე რომ ისინი კარგავენ ორიენტაციას და არ იციან, საიდან მოვიდნენ ან სად მიდიან. ადამიანთა უმეტესობა ლაზერითაა განგმირული და ქარიშხლის ქვეშ გროვად ეცემა, მათ სხეულებს კი ბობოქარი ნიაღვრები რეცხავს ისე, რომ კვალსაც არ ტოვებს. სინათლეში, გადარჩენილები საბოლოოდ ახერხებენ ჩემი სახის ნათლად დანახვას და მხოლოდ მაშინ იგებენ რაღაცას ჩემი გარეგნული იერსახის შესახებ, ისე რომ ვეღარ ბედავენ ჩემთვის თვალებში პირდაპირ შემოხედვას, რადგან ძლიერ ეშინიათ, რომ ჩემი გაკიცხვა და წყევლა კვლავ არ დავატეხო მათ ხორცს. იმდენი ადამიანი გაჰყვირის და მწარედ ტირის; იმდენი არის სასოწარკვეთილი; იმდენი ქმნის მდინარეებს საკუთარი სისხლით; იმდენი იქცევა გვამად, რომელიც უმიზნოდ მიცურავს აქეთ-იქით; იმდენი ადამიანი, როდესაც პოულობს საკუთარ ადგილს სინათლეში, გრძნობს გულის უეცარ ტკივილს და ცრემლებს ღვრის თავისი მრავალწლიანი სატანჯველის გამო. იმდენი ადამიანი, სინათლისგან იძულებული, აღიარებს თავის უწმინდურებას და გადაწყვეტს საკუთარი თავის გამოსწორებას. იმდენმა ადამიანმა, დაბრმავებულმა, უკვე დაკარგა სიცოცხლის ხალისი, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ სურვილი, ყურადღება მიაქციონ სინათლეს და ამგვარად ისინი აგრძელებენ უძრაობაში ყოფნას და ელოდებიან თავიანთ აღსასრულს. და იმდენი ადამიანი აღმართავს ცხოვრების აფრებს და, სინათლის გზამკვლევობით, მოუთმენლად ელის თავის ხვალინდელ დღეს. ... დღეს, კაცობრიობას შორის ვინ არ იმყოფება ამ მდგომარეობაში? ვინ არ არსებობს ჩემს სინათლეში? თუნდაც ძლიერი იყო, ან თუნდაც სუსტი იყო, როგორ შეგიძლია თავი აარიდო ჩემი სინათლის მოსვლას?
1992 წლის 10 მარტი