თავი 22

ადამიანი სინათლეში ცხოვრობს, თუმცა არ უწყის, რამდენად ძვირფასია სინათლე. მან არ უწყის სინათლის არსი, სინათლის წყარო და მით უმეტეს ის, თუ ვის ეკუთვნის ეს სინათლე. როდესაც ადამიანებს სინათლეს ვუბოძებ, მყისიერად ვაკვირდები მათ შორის არსებულ მდგომარეობას: სინათლის გამო ყველა იცვლება და იზრდება; მათ დატოვეს სიბნელე. მე დავყურებ სამყაროს ყოველ კუთხეს და ვხედავ, რომ მთები ნისლშია გახვეული, წყლები სიცივეში გაყინულა და რადგან სინათლე აღმოსავლეთიდან ეფინება, ადამიანები იქითკენ იყურებიან, რათა რაიმე უფრო ძვირფასი აღმოაჩინონ — თუმცა ნისლში მაინც არ ძალუძთ ნათელი მიმართულების გარჩევა. რადგან მთელი სამყარო ნისლითაა დაფარული, როდესაც ღრუბლებიდან დავყურებ, არასოდეს მოიძებნება კაცი, რომელიც აღმოაჩენს ჩემს არსებობას. ადამიანი დედამიწაზე რაღაცას ეძებს; თითქოს საკვებს დაეძებს; თითქოსდა განზრახული აქვს, დაელოდოს ჩემს მოსვლას — თუმცა მან არ იცის ჩემი დღე და მხოლოდ აღმოსავლეთში გაკრთომილ სინათლის სხივს თუ გაჰყურებს ხოლმე. ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს შორის, მე ვეძებ მათ, ვინც ჭეშმარიტად შეესაბამება ჩემს განზრახვებს. მე დავდივარ ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს შორის და ვცხოვრობ მათ შორის, მაგრამ ადამიანი დედამიწაზე მშვიდად და უსაფრთხოდ არის, ამიტომ არავინაა ისეთი, ვინც ჭეშმარიტად შეესაბამება ჩემს განზრახვებს. ადამიანებმა არ იციან, როგორ გაითვალისწინონ ჩემი განზრახვები, ისინი ვერ ხედავენ ჩემს საქმეებს და არ ძალუძთ სინათლეში მოძრაობა და ამ სინათლით გაბრწყინება. მართალია, ადამიანი ოდესღაც აფასებდა ჩემს სიტყვებს, მაგრამ მას არ ძალუძს სატანის მზაკვრული ხრიკების ამოცნობა; რადგან ადამიანის სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა, მას არ ძალუძს იმოქმედოს ისე, როგორც გულით სწადია. ადამიანს არასოდეს ვყვარებივარ გულწრფელად. როდესაც მე მას ვამაღლებ, იგი თავს უღირსად მიიჩნევს, თუმცა ეს არ უბიძგებს, რომ ჩემს დაკმაყოფილებას შეეცადოს. იგი მხოლოდ ხელში იჭერს ჩემ მიერ ბოძებულ „სტატუსს“ და გულდასმით იკვლევს მას; ვერ შეიგრძნობს ჩემს მშვენიერებას და ნაცვლად ამისა, ხარბად ესწრაფვის სტატუსის სიკეთეებისკენ. განა ეს არ არის ადამიანის ნაკლოვანება? როდესაც მთები იძვრიან, განა შენი სტატუსის გამო გვერდს აგივლიან? როდესაც წყლები მოედინება, განა ადამიანის სტატუსის წინაშე შეჩერდებიან? განა ცა და მიწა ადამიანის სტატუსის გამო ამოტრიალდება? მე ოდესღაც კვლავ და კვლავ ვავლენდი წყალობას ადამიანის მიმართ, თუმცა ეს არავინ დააფასა და არავინ გაუფრთხილდა მას. ისინი ამას მხოლოდ ისე უსმენდნენ, როგორც ზღაპარს ან კითხულობდნენ, როგორც რომანს. ნუთუ ჩემი სიტყვები მართლაც არ ეხება ადამიანის გულს? ნუთუ ჩემს გამონათქვამებს მართლაც არავითარი შედეგი არ მოაქვს? ნუთუ არავის სწამს ჩემი არსებობის? ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი; ნაცვლად ამისა, იგი უერთდება სატანას ჩემზე თავდასასხმელად და სატანას იყენებს, როგორც „აქტივს“, რათა მემსახუროს. მე გავჭვრეტ სატანის ყველა მზაკვრულ ხრიკს, რათა ამიერიდან დედამიწაზე ხალხი აღარ შეიყვანოს შეცდომაში და მისი არსებობის გამო აღარ გამიწიონ წინააღმდეგობა.

სასუფეველში მე ვარ მეფე — მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი ისე მომექცეს, როგორც მის მეფეს, მეპყრობა, როგორც „ზეციდან ჩამოსულ მხსნელს“. შედეგად, მას სწყურია, რომ მოწყალება გავიღო მისთვის და არ ესწრაფვის ჩემს შეცნობას. ბევრი მთხოვდა, როგორც მათხოვარი; ბევრმა გამიხსნა თავისი „ტომარა“ და საჭმელი მთხოვა. რამდენს მოუპყრია ჩემთვის ხარბი მზერა მშიერი მგელივით იმის სურვილით, რომ გადამყლაპოს და მუცელი ამოივსოს; რამდენს დაუხრია თავი მდუმარედ საკუთარი გადაცდომების გამო და შერცხვენილს, ჩემი შეწყალება უთხოვია ან ნებაყოფლობით მიუღია ჩემი გაკიცხვა. როდესაც ჩემს გამონათქვამებს წარმოვთქვამ, ადამიანის სხვადასხვა მახინჯი მდგომარეობა თავისი უცნაური ფორმებით ვლინდება და მისი ჭეშმარიტი ფორმა სინათლეში მჟღავნდება; და მნათობ სინათლეში ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის პატიება. ამიტომ იგი ჩქარობს, რათა ჩემ წინაშე დაემხოს და აღიაროს თავისი ცოდვები. ადამიანის „პატიოსნების“ გამო მე მას კვლავ ავიყვან ხსნის ეტლში, რის გამოც იგი ჩემდამი მადლიერია და სიყვარულით სავსე მზერას მაპყრობს. თუმცა მას მაინც არ აქვს განზრახული, ჭეშმარიტად ჰპოვოს ჩემში თავშესაფარი და თავისი გული სრულად არ მოუცია ჩემთვის. იგი მხოლოდ ტრაბახობს ჩემით, თუმცა ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ, რადგან თავისი გონება ჩემკენ არ მოუპყრია; მისი სხეული ჩემ წინაშეა, გული კი — ჩემს უკან. რადგან ადამიანი მეტისმეტად უმეცარია იმასთან მიმართებაში, თუ როგორ მოიქცეს და არავითარი ინტერესი არ გააჩნია ჩემ წინაშე წარდგომის, მე მას სათანადო დახმარებას ვუწევ, რათა ჩემკენ იბრუნოს პირი თავისი მცდარი გზიდან. სწორედ ეს არის ის წყალობა, რომელსაც მე ადამიანს ვანიჭებ და ის მეთოდი, რომლითაც მის გადარჩენას ვესწრაფვი.

სამყაროში ყველა ადამიანი ზეიმობს ჩემი დღის დადგომას და ანგელოზები დადიან ჩემს რჩეულ ხალხს შორის. როდესაც სატანა არევ-დარევას იწვევს, ანგელოზები, ზეცაში თავიანთი მსახურების გამო მუდამ ეხმარებიან ჩემს ხალხს. ანგელოზები შეჰყავს შეცდომაში ეშმაკს არა ადამიანური სისუსტის გამო, არამედ ბნელეთის ძალების შემოტევის გამო; კიდევ უფრო მეტად ესწრაფვიან, რომ ბურუსის (ნისლის) მიღმა გამოსცადონ ადამიანის ცხოვრება. ჩემი რჩეული ხალხი ქედს იხრის ჩემი სახელის წინაშე და არასოდეს არავინ აღიმართება ჩემთვის ღიად წინააღმდეგობის გასაწევად. ანგელოზთა საქმის გამო ადამიანი იღებს ჩემს სახელს და ყველა ჩემი საქმის ნაკადს მიჰყვება. სამყარო ეცემა! ბაბილონი პარალიზებულია! ო, რელიგიურო სამყაროვ! როგორ არ განადგურდებოდა იგი დედამიწაზე ჩემი ხელმწიფებით? ვინღა ბედავს ჩემ წინააღმდეგ ამბოხებასა და წინააღმდეგობის გაწევას? მწიგნობრები? ყველა რელიგიური მსახური? დედამიწის მმართველნი და ხელისუფალნი? ანგელოზები? ვინ არ ზეიმობს ჩემი სხეულის სრულყოფილებასა და სისავსეს? ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს შორის, ვინ არ მიმღერის განუწყვეტლივ სადიდებელს და ვინ არ არის მუდამ ბედნიერი ჩემ გამო? მე ვცხოვრობ დიდი წითელი დრაკონის ბუნაგის მიწაზე, თუმცა ამის გამო შიშით არ ვკანკალებ და არ გავრბივარ, რადგან მის მთელ ხალხს უკვე გაუღვივდა მის მიმართ სიძულვილი. არასოდეს არაფერს შეუსრულებია თავისი „მოვალეობა“ დრაკონის წინაშე დრაკონის გულისთვის; ნაცვლად ამისა, ყოველივე მოქმედებს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად და თითოეული თავის გზას მიჰყვება. როგორ არ განადგურდებოდნენ დედამიწაზე ქვეყნები? როგორ არ დაინგრეოდნენ დედამიწაზე ქვეყნები? როგორ არ გაიხარებდა ჩემი ხალხი? როგორ არ იმღერებდნენ ისინი სიხარულით? განა ეს ადამიანის საქმეა? განა ეს ადამიანის ხელით ნამოქმედარია? მე მივეცი ადამიანს მისი არსებობის საფუძველი და ვუზრუნველყავი იგი მატერიალური სიკეთეებით, თუმცა უკმაყოფილოა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და ითხოვს ჩემს სასუფეველში შესვლას. მაგრამ როგორ შეეძლო მას ჩემს სასუფეველში ასე მარტივად შესვლა საფასურის გადახდის გარეშე, როცა არ სურს უანგარო თავდადების გაღება? იმის ნაცვლად, რომ ადამიანს რაიმე უკან გამოვართვა, მე მას მოთხოვნებს ვუყენებ, რათა ჩემი სასუფეველი დედამიწაზე დიდებით აღივსოს. ადამიანი ჩემ მიერ იქნა წარმართული ამჟამინდელ ეპოქაში, იგი არსებობს ამ მდგომარეობაში და ცხოვრობს ჩემი სინათლის წინამძღოლობით. ასე რომ არ ყოფილიყო, დედამიწაზე ხალხთაგან ვინ განიჭვრეტდა თავის მომავალს? ვინ გაიგებდა ჩემს განზრახვებს? მე ჩემს პირობებს ვუმატებ ადამიანისადმი წაყენებულ მოთხოვნებს; განა ეს არ შეესაბამება ბუნების კანონებს?

გუშინ ქარსა და წვიმაში ცხოვრობდით; დღეს შეხვედით ჩემს სასუფეველში და გახდით მისი ხალხი; ხვალ კი ჩემი კურთხევით დატკბებით. ვის წარმოედგინა ოდესმე მსგავსი რამ? რამდენი გასაჭირი და სირთულე უნდა გადაიტანოთ თქვენს ცხოვრებაში — იცით კი ეს? წინ მივიწევ ქარსა და წვიმაში, წლიდან წლამდე გავატარე დრო ადამიანთა შორის და დროულად მოვედი დღევანდელ დღემდე. განა ეს არ არის ზუსტად ჩემი მართვის გეგმის ნაბიჯები? ვის დაუმატებია ოდესმე რაიმე ჩემი გეგმისთვის? ვის შეუძლია ჩემი გეგმიდან გადახვევა? ვცხოვრობ ასობით მილიონი ადამიანის გულში, ვარ მეფე ასობით მილიონ ადამიანს შორის, ასობით მილიონმა ადამიანმა კი უარმყო და ცილი დამწამა. ჩემი ხატი ჭეშმარიტად არ არის ადამიანის გულში. ადამიანი მხოლოდ მკრთალად აღიქვამს ჩემს დიდებულ სახეს ჩემს სიტყვებში, მაგრამ თავისი ფიქრების არევ-დარევის გამო, იგი არ ენდობა საკუთარ გრძნობებს; მის გულში მხოლოდ ბუნდოვანი „მე“ არსებობს, მაგრამ ისიც დიდხანს არ რჩება იქ. ამიტომ, მისი სიყვარული ჩემდამი ასევე ასეთია: მისი სიყვარული ჩემ წინაშე დროდადრო ჩნდება, თითქოს თითოეულ ადამიანს თავისი ტემპერამენტიდან გამომდინარე ვუყვარდე, თითქოს მისი სიყვარული ბუნდოვანი მთვარის შუქის ქვეშ ჩნდებოდა და ქრებოდა. დღეს მხოლოდ ჩემი სიყვარულის გამოა, რომ ადამიანი რჩება და წილად ხვდა გადარჩენის ბედნიერება. ასე რომ არ ყოფილიყო, ადამიანთაგან ვინ არ მოიცელებოდა ლაზერით თავისი გამოფიტული სხეულის გამო? ადამიანი კვლავაც ვერ შეიცნობს საკუთარ თავს. იგი თავს იწონებს ჩემ წინაშე და ტრაბახობს ჩემს ზურგს უკან, თუმცა ვერავინ ბედავს ჩემ წინაშე წინააღმდეგობის გაწევას. თუმცა, ადამიანმა არ იცის იმ წინააღმდეგობის მნიშვნელობა, რომელზეც მე ვსაუბრობ; ნაცვლად ამისა, იგი კვლავ ცდილობს ჩემს მოტყუებას და განაგრძობს საკუთარი თავის ამაღლებას — განა ამით იგი ღიად არ მიწევს წინააღმდეგობას? ვითმენ ადამიანის სისუსტეს, მაგრამ ოდნავადაც არ ვარ ლმობიერი მის მიერვე გამოვლენილი წინააღმდეგობის მიმართ. მართალია, მან იცის მისი მნიშვნელობა, მაგრამ არ სურს ამ მნიშვნელობის შესაბამისად მოქმედება და მხოლოდ თავისი სურვილებისამებრ მოქმედებს, ცდილობს რა ჩემს შეცდომაში შეყვანას. მე მუდამ ნათლად ვაცხადებ ჩემს ხასიათს ჩემს სიტყვებში, თუმცა ადამიანი არ ეგუება მარცხს — და ამავდროულად, იგი ავლენს თავის ხასიათს. ჩემს სამსჯავროზე წარდგენილი ადამიანი სრულად დარწმუნდება და ჩემი გაკიცხვისას, იგი საბოლოოდ განასახიერებს ცხოვრებაში ჩემს ხატს და გახდება ჩემი გამოვლინება დედამიწაზე!

22 მარტი, 1992 წ.

წინა:  თავი 20

შემდეგი:  თავი 24

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger