ყოველივე ღვთის სიტყვით მიიღწევა

უფალი ქადაგებს თავის სიტყვას და აღასრულებს თავის საქმეს ეპოქის შესაბამისად და სხვადასხვა ეპოქაში მისი ქადაგება განსხვავდება. უფალი არ ექვემდებარება წესებს, არ იმეორებს ერთსა და იმავე საქმეს და არ არის წარსულზე მიჯაჭვული; იგი არს ღმერთი, რომელიც მუდამ ახალია და არასდროს ბერდება, რომელიც ყოველ დღე ახალს ქადაგებს. შენ უნდა დაიცვა ის, რაც დღეს ურყევია; ეს არის ადამიანის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი მოღვაწეობა დღევანდელ ღვთიურ ნათელსა და მის სიტყვებს დაეფუძნოს. უფალი არ ემორჩილება წესებს; მას შეუძლია სხვადასხვა სახელით იღაღადოს, რათა გამოავლინოს თავისი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. მნიშვნელობა არ აქვს, სულიწმინდის სახელით მეტყველებს იგი, ადამიანის თუ მესამე პირში — ღმერთი მარად ღმერთია და თქვენ ვერ იტყვით, რომ იგი არ არის ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ მან ადამიანის ენით ინება ქადაგება. ზოგიერთმა ადამიანმა შეიქმნა წარმოდგენები იმის გამო, რომ ღმერთი სხვადასხვა პერსპექტივიდან ქადაგებს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ღვთის შემეცნება და არც მისი საქმენი უწყიან. ღმერთი მუდამ მხოლოდ ერთი სახელით რომ ქადაგებდეს განა ადამიანი არ შემოზღუდავდა მას? დაუშვებდა კი ღმერთი, რომ ადამიანს ასე ემოქმედა? რომელი პერსპექტივითაც არ უნდა ქადაგებდეს იგი, მას ამის განგება აქვს. ღმერთი მუდამ სულის სახელით რომ ქადაგებდეს, განა შეძლებდი მასთან ზიარებას? ამიტომ, იგი ხანდახან მესამე პირის პერსპექტივიდან საუბრობს, რათა უზრუნველგყოს და ჭეშმარიტებისკენ წაგიძღვეს. ყოველივე, რასაც ღმერთი იქმს, ჭეშმარიტია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ღვთის ნებაა და ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. იგი არს ღმერთი და, როგორც არ უნდა ქადაგებდეს, მარადის ღმერთად დარჩება. ეს არის გარდაუვალი ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა მოქმედებდეს, იგი ღმერთია და მისი არსი უცვლელია! პეტრეს ისე უყვარდა ღმერთი და ისე შეესაბამებოდა მისი ცხოვრება ღვთის განზრახვას, რომ უფლის ნებას აღასრულებდა, თუმცა ღმერთს იგი უფლად ან ქრისტედ არ უღიარებია; რამეთუ ეს არის არსებობის არსი და მისი შეცვლა შეუძლებელი არს. უფლის საქმენი არ ექვემდებარება წესებს, არამედ იყენებს სხვადასხვა გზას, რათა მისმა საქმემ ნაყოფი გამოიღოს და ადამიანს მისი შემეცნება გაუღრმავოს. მისი მოქმედების ყოველი მეთოდის მიღმა არსებული მიზანი არის ის, რომ დაეხმაროს ადამიანს მის შეცნობაში და გახადოს ადამიანი სრულყოფილი. რა მეთოდსაც არ უნდა მიმართავდეს იგი, ყოველი მათგანი ადამიანის აღშენებისა და სრულყოფისკენ არის მიმართული. თუნდაც მისი რომელიმე გზა დიდხანს გაგრძელდეს, ეს მხოლოდ კაცის რწმენის განსამტკიცებლად ხდება. ამიტომ, გულებში ეჭვი არ უნდა გაივლოთ. ყოველივე ეს ღვთის საქმის ეტაპებია და თქვენ უნდა დაემორჩილოთ მათ.

ის, რაზეც დღეს ღაღადებენ, არის ჭეშმარიტებაში დამკვიდრება და არა ზეცად ამაღლება ან მეფესავით ძალაუფლების აღსრულება; ყოველივე ნათქვამი მიმართულია რეალობაში შესვლისკენ. ამაზე უფრო პრაქტიკული ძიება არ არსებობს, მეუფედ ძალაუფლების ფლობაზე საუბარი კი არარეალისტურია. ადამიანი დიდ ცნობისმოყვარეობას იჩენს და ღვთის დღევანდელ საქმეს თავისი რელიგიური წარმოდგენებით ზომავს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მოქმედების მრავალი გზა იხილა, ადამიანმა კვლავ არ უწყის მისი საქმე, ისევ ეძებს სასწაულებსა და ნიშნებს, და კვლავაც იმას ელის, აღსრულდება თუ არა ღვთის სიტყვანი. განა ეს ყოვლისმომცველი სულიერი სიბრმავე არ არის? ღვთის სიტყვა რომ არ აღსრულებულიყო, არ იწამებდი, რომ იგი ღმერთია? დღეს ეკლესიაში მრავალი ელის სასწაულთა ხილვას. ისინი ამბობენ: თუ ღვთის სიტყვა აღსრულდება, მაშინ არის იგი ღმერთი, ხოლო თუ არა — მაშინ არაო. მაშ, შენ იმიტომ გწამს ღმერთი, რომ მისი სიტყვა აღსრულდა, თუ იმიტომ, რომ იგი თავად არის ღმერთი? ადამიანის შეხედულება ღვთის რწმენაზე უნდა გამოსწორდეს! როდესაც ხედავ, რომ ღვთის სიტყვანი ჯერ არ აღსრულებულა და შენ გარბიხარ —ეს რანაირი მორწმუნეობაა? როდესაც გწამს ღმერთი, ყოველივე ღვთის წარმართვისა და განგების მოწყალებას უნდა მიანდო და ქედი მოიხარო მისი ყოველი საქმის წინაშე. ღმერთმა უამრავი სიტყვა წარმოთქვა ძველ აღთქმაში — მათგან რომელი იხილე შენი საკუთარი თვალით აღსრულებული? განა შეგიძლია თქვა, რომ იეჰოვა არ არის ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ვერ იხილე? თუნდაც მრავალი სიტყვა აღსრულებულიყო, ადამიანი უძლურია ეს ნათლად დაინახოს, რამეთუ მას არ გააჩნია ჭეშმარიტება და არაფერი უწყის. ზოგიერთს გაქცევა სურს, როდესაც ჰგონია, რომ ღვთის სიტყვანი არ აღსრულდა. აბა, სცადე. ვნახოთ, თუ შეძლებ გაქცევას. გაქცეულიც კვლავ უკან დაბრუნდები. ღმერთი თავისი სიტყვით გმართავს და თუკი დატოვებ ეკლესიასა და ღვთის სიტყვას, შენ აღარ გექნება სიცოცხლის გზა. თუ არ გჯერა, თავად გამოსცადე — გგონია, ასე ადვილად წახვალ? ღვთის სული გფარავს და განგაგებს. შენ ვერ წახვალ. ეს არის ღვთის უზენაესი განჩინება! თუ ვინმეს გამოცდა სურს, ინებოს და სცადოს! შენ ამბობ, რომ ეს პიროვნება არ არის ღმერთი — მაშ, შეურაცხყავი იგი და იხილე, რას მოიმოქმედებს. შესაძლოა, შენ ხორციელად არ მოკვდე — კვლავ შეგეძლოს საკვების მიღება და ჩაცმა, მაგრამ სულიერად ეს გაუსაძლისი იქნება. შენ იგრძნობ სულიერ შფოთსა და ტკივილს. ამაზე უფრო მტანჯველი არაფერია. ადამიანს არ ძალუძს გაუძლოს სულიერ ტანჯვასა და გაუდაბნოებას — შესაძლოა, ხორციელი ტკივილი აიტანო, მაგრამ სულიერი სიმძიმისა და ხანგრძლივი ტანჯვის წინაშე სრულიად უძლური ხარ. დღეს ზოგიერთი სასოწარკვეთილებას მიეცემა, რამეთუ ვერ იხილა სასწაულები და ნიშნები, თუმცა ვერავინ ბედავს გაქცევას, რაოდენ დიდი სიმძიმეც არ უნდა იგრძნოს, რამეთუ ღმერთი თავისი სიტყვით მწყემსავს კაცს. მიუხედავად იმისა, რომ სასწაულებრივი მოვლენები არ აღსრულებულა, მაინც ვერავინ ახერხებს განდგომას. განა ყოველივე ეს ღვთის მოქმედება არ არის? დღეს ღმერთი მოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანს სიცოცხლე მიანიჭოს. იგი, კაცთა წარმოდგენების საპირისპიროდ, ყოველთვის არ ცდილობს შენს მოხიბვლას სასწაულებით, რათა ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყაროს. ყველანი, ვინც ყურადღებას არ ამახვილებენ სულიერ ცხოვრებაზე და ნაცვლად ამისა, ღვთისგან სასწაულთა და ნიშანთა ნახვას მოელიან, ფარისეველნი არიან! სწორედ ფარისევლებმა გააკრეს იესო ჯვარზე. თუკი შენ ღმერთს რწმენის შესახებ შენი საკუთარი შეხედულებებით ზომავ — გწამს მხოლოდ მაშინ, როცა მისი სიტყვანი აღსრულდება, ხოლო თუ არ აღსრულდა, დაეჭვდები და გმობ კიდეც მას — განა შენც ჯვარზე არ აკრავ მას? ასეთი ადამიანები საღვთო საქმეს განერიდებიან და მხოლოდ ხორციელ შვებას ესწრაფვიან!

ადამიანის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი სირთულის ერთ-ერთი ასპექტი არის ის, რომ მან არ უწყის ღვთის საქმე. თუმცა ის აშკარად არ უარყოფს მას და მაინც ორჭოფობს. ადამიანი არც უარყოფს და არც სრულად აღიარებს. ადამიანს რომ ღვთის საქმის სრული შემეცნება ჰქონდეს, იგი არასოდეს განუდგებოდა მას. მეორე ასპექტი კი ისაა, რომ იგი არ იცნობს პრაქტიკულობას. დღეს თითოეული ადამიანი შეეხო ღმერთის სიტყვას; სიმართლე რომ ვთქვათ, ნუ ფიქრობ, რომ მომავალში შეძლებ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას. ჭეშმარიტად გეტყვი შენ: ამჟამად მხოლოდ ღვთის სიტყვათა ხილვაა შენთვის შესაძლებელი და, თუმცა არ ჩანს ხილული ნიშნები, ღვთიური სიცოცხლე მაინც მკვიდრდება ადამიანში. სწორედ ეს არის ათასწლიანი მეუფების მთავარი საქმე და თუკი ამას ვერ შეიგრძნობ, მაშინ დაუძლურდები და დაეცემი; განსაცდელის ჟამს სულიერად დამდაბლდები და, მძიმე შემთხვევებში, სატანის ტყვეობაში აღმოჩნდები. ღმერთი ქვეყნად მოვიდა უპირატესად იმისათვის, რათა იქადაგოს თავისი სიტყვა; ის, რასაც შენ ეზიარები, ღვთის სიტყვაა; რასაც კითხულობ — ღვთის სიტყვაა; რასაც ისმენ — ღვთის სიტყვაა; რასაც აღასრულებ — ღვთის სიტყვაა; რასაც განიცდი — კვლავ ღვთის სიტყვაა, და ამჯერად, განკაცებისას, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს ადამიანის განსრულებისთვის. იგი არ ავლენს სასწაულებსა და ნიშნებს და, რაც მთავარია, არ იმეორებს იმ საქმეს, რომელიც იესომ წარსულში აღასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხორციელად მოსული ღმერთია, მათი მსახურება ერთნაირი როდია. როდესაც იესო მოვიდა, მანაც აღასრულა ღვთის საქმის ნაწილი და იქადაგა — მაგრამ რა იყო ის უმთავრესი საქმე, რომელიც მან აღასრულა? მისი უმთავრესი აღსრულებული საქმე ჯვარცმა იყო. იგი განკაცდა, რათა ჯვარცმის გზით კაცობრიობა გამოესყიდა; და იგი ემსახურა როგორც ცოდვის შესაწირავი მთელი კაცობრიობის ცოდვების გულისთვის ეს არის მისი უმთავრესი აღსრულებული საქმე. საბოლოოდ, მან აჩვენა ჯვრის გზა მათ, ვინც მის შემდგომ მოვიდოდა. იესოს მოსვლის უპირატესი მიზანი გამოხსნის საქმის აღსრულება იყო. მან გამოისყიდა მთელი კაცობრიობა, მოუტანა ადამიანებს ცათა სასუფევლის სახარება და, უფრო მეტიც, გაუკვალა მათ გზა ცათა სასუფევლისკენ.ამის შედეგად, ყოველი მისი მიმდევარი ამბობდა: „ჩვენ ჯვრის გზით უნდა ვიაროთ და თავი შევწიროთ ჯვარს“. რა თქმა უნდა, თავდაპირველად იესომ სხვა საქმეებიც აღასრულა და იქადაგა, რათა კაცს სინანული განეცადა და თავისი ცოდვები ეღიარებინა. თუმცა მისი მსახურების არსი მაინც ჯვარცმა იყო, ხოლო ის სამნახევარი წელი, რომელიც მან გზის ქადაგებაში გაატარა, მხოლოდ მზადება გახლდათ შემდგომი ჯვარცმისათვის. იესოს მრავალგზისი ლოცვაც სწორედ ჯვარცმის გამო აღევლინებოდა. ის ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, რომლითაც იგი ცხოვრობდა და ის ოცდაცამეტნახევარი წელი, რომელიც მან მიწაზე დაჰყო, უპირატესად ჯვარცმის საქმის აღსასრულებლად იყო განკუთვნილი; ყოველივე ეს ძალას მატებდა მას ამ მძიმე ტვირთის საზიდად. სწორედ ამიტომაა ნათქვამი, რომ ღმერთმა სწორედ მას მიანდო ჯვარცმის საქმის აღსრულება. რა საქმეს აღასრულებს განკაცებული ღმერთი დღეს? დღეს ღმერთი განკაცდა უპირატესად იმისათვის, რათა აღასრულოს „სიტყვისთვის ხორცის შესხმის“ საქმე. იგი იყენებსსიტყვას, რათა სრულყოს ადამიანი და შეაგუოს იგი სიტყვისმიერ გასხვლას და სიტყვით გამოწრთობას. თავისი სიტყვებით საზრდოსა და სიცოცხლეს გაძლევს და განახებს თავის საქმესა და ქმედებებს. ღმერთი იყენებს სიტყვას შენს გასაკიცხად და გამოსაბრძმედად, ამიტომ, თუკი იტანჯები, ესეც ღვთის სიტყვის გამო ხდება. დღეს ღმერთი მოქმედებს არა ხილული ნიშნებით, არამედ სიტყვებით. მხოლოდ ღვთის სიტყვის გამოცხადების შემდეგ იწყებს სულიწმინდა შენს არსებაში მოქმედებას, რათა გაწვნიოს სასჯელის სიმწარე თუ მადლის სიტკბოება. მხოლოდ ღვთის სიტყვას ძალუძს შენი რეალობაში შეყვანა და მხოლოდ ღვთის სიტყვას ხელეწიფება შენი სრულქმნა. ამიტომ, მცირედი მაინც უნდა გესმოდეს: უკანასკნელ ჟამს, ღვთის მიერ აღსრულებული საქმე, უპირატესად მისი სიტყვის გამოყენებაა ყოველი ადამიანის განსასრულებლად და დასამოძღვრად. ყოველივე, რასაც იგი იქმს, სიტყვის მეშვეობითაა; იგი არ იყენებს ხილულ ნიშნებს შენს სამხილებლად. არის პერიოდები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს. იგი არ მოგივლენს დიდ ხორციელ სასჯელს, შენი ხორცი არ ისჯება და არც ტკივილს განიცდი, მაგრამ როგორც კი მისი სიტყვა მოგეახლება და განგწმენდს, ეს შენთვის გაუსაძლისი ხდება. განა ასე არ არის? მსახურებელთა ხანაში ღმერთმა ბრძანა, რომ ადამიანი უფსკრულში ჩაეგდოთ. განა ადამიანი მართლაც მოხვდა უფსკრულში? ადამიანის გამოსაწრთობად, სიტყვის გამოყენებით, იგი მართლაც შევიდა უფსკრულში. ამრიგად, უკანასკნელ ჟამს, როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, იგი ყოველივეს აღსასრულებლად და გამოსააშკარავებლად უმთავრესად სიტყვას იყენებს. მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია იხილო, თუ ვინ არის იგი; მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია დაინახო, რომ იგია თავად ღმერთი. როდესაც განკაცებული ღმერთი დედამიწაზე მოდის, იგი სხვას არას აკეთებს, გარდა სიტყვის წარმოთქმისა — ამიტომ ხილული ნიშნების საჭიროება აღარ არსებობს; მხოლოდ სიტყვები კმარა. ეს იმიტომ, რომ იგი უმთავრესად, სწორედ ამ საქმის აღსასრულებლად მოვიდა, რომ ადამიანმა მის სიტყვებში იხილოს მისი დიადი ძალა და უზენაესობა, მის სიტყვებში იხილოს მისი თავმდაბლობა და იდუმალება და მის სიტყვებში შეიცნოს მისი მთლიანობა. ყოველივე, რაც მას აბადია და ყოველივე, რაც იგი არს, მისსავე სიტყვებშია. მისი სიბრძნე და სასწაულმოქმედება მისსავე სიტყვებშია. სწორედ მათში შეგიძლია იხილო ის მეთოდები, რომლითაც ღმერთი თავის სიტყვებს ქადაგებს. ღმერთი მუშაობდა ასეთი დიდი ხნის განმავლობაში, და იგი ძირითადად უზრუნველყოფდა ადამიანს, ამხილებდა მას ან სხლავდა მას. ღმერთი იოლად არავის წყევლის და მაშინაც კი, როცა ამას იქმს, კვლავაც სიტყვის მეშვეობით წყევლის. ამიტომ, ღვთის განკაცების ამ ეპოქაში, ნუღარ ელით მისგან სნეულთა განკურნებას და ეშმაკთა განდევნას, და ნუღარ ეძებთ დაუცხრომლად ხილულ ნიშნებს — მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ! ნიშნებს არ ძალუძთ ადამიანის განსრულება! პირდაპირ გეტყვით: დღეს თავად ნამდვილი, ხორციელი ღმერთი არ მოქმედებს — იგი მხოლოდ მეტყველებს. ეს არის ჭეშმარიტება! იგი სიტყვებს იყენებს შენს განსასრულებლად, შენს სასაზრდოებლად და განსამტკიცებლად. ის ასევე იყენებს სიტყვებს მოქმედებისთვის, და იყენებს სიტყვებს ფაქტების შესაცვლელად და იმისთვის, რომ გაგებინოს მისი პრაქტიკულობა. თუ ნათლად დაინახავ ღმერთის მოქმედების ამ წესს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეგატიური გახდე. უარყოფითზე კონცენტრირების ნაცვლად, მხოლოდ დადებითზე უნდა კონცენტრირდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აღსრულდება თუ არა ღვთის სიტყვები ან მოხდება თუ არა ხილული სასწაული, ღმერთი ადამიანს თავისი სიტყვით ანიჭებს სიცოცხლეს, და ეს არის უდიდესი ყველა ნიშანთა შორის. უფრო მეტიც, ეს არის უცილობელი ფაქტი, საუკეთესო დასტური ღვთის შესაცნობად, და ეს ყოველგვარ სასწაულზე აღმატებული ნიშანია. მხოლოდ ამ სიტყვებს ხელეწიფება ადამიანის განსრულება.

სასუფევლის ჟამის დადგომისთანავე, ღმერთმა თავისი სიტყვების გამოცხადება დაიწყო. მომავალში ეს სიტყვები თანდათან შესრულდება და იმ დროისთვის ადამიანის სიცოცხლე უკვე მომწიფებული იქნება. ღმერთი იყენებს სიტყვას ადამიანის გარყვნილი ხასიათების სამხილებლად; ეს უფრო პრაქტიკული და უფრო აუცილებელია. იგი სხვას არაფერს იყენებს თავისი საქმისთვის, გარდა სიტყვისა, რათა განსრულდეს ადამიანის რწმენა. რამეთუ დღეს სიტყვის ეპოქაა და იგი ადამიანისგან რწმენას, მტკიცე ნებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. უკანასკნელ ჟამს, განკაცებული ღვთის საქმე მისივე სიტყვის გამოყენებაა ადამიანის დასამოძღვრად და გამოსაკვებად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განკაცებული ღმერთი დაასრულებს თავის სიტყვებს, დაიწყება მათი აღსრულება. სანამ იგი მეტყველებს, მისი სიტყვები არ აღსრულდება, რამეთუ ვიდრე იგი ხორციელად მოღვაწეობს, მისი სიტყვების აღსრულება შეუძლებელია. ეს იმისთვისაა, რომ ადამიანმა იხილოს ღმერთი ხორციელია და არა მხოლოდ სულიერი; რათა ადამიანმა საკუთარი თვალით იხილოს ღვთის ნამდვილობა. იმ დღეს, როდესაც მისი საქმე დასრულდება და ყველა სიტყვა, რაც კი დედამიწაზე უნდა ეთქვა, წარმოთქმული იქნება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. დღეს არ არის ღვთის სიტყვათა აღსრულების ეპოქა, რამეთუ მას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია თავისი სიტყვა. ამიტომ, სანამ ხედავთ, რომ ღმერთი კვლავ მეტყველებს დედამიწაზე, ნუ ელით მისი სიტყვების აღსრულებას; მაშინ დაიწყება მისი სიტყვების აღსრულება, როდესაც ღმერთი შეწყვეტს ქადაგებას და მისი საქმე ქვეყნად დასრულდება. იმ სიტყვებში, რომელთაც იგი დედამიწაზე წარმოთქვამს, ერთი მხრივ, სიცოცხლის საზრდოა, ხოლო მეორე მხრივ — წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველება იმისა, რაც უნდა მოვიდეს, რაც უნდა გაკეთდეს და რაც ჯერ კიდევ აღსასრულებელია. იესოს სიტყვებშიც იყო წინასწარმეტყველება: ერთი მხრივ, იგი სიცოცხლეს ანიჭებდა ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ — წინასწარმეტყველებდა. დღეს არ არის საუბარი სიტყვისა და საქმის თანადროულად აღსრულებაზე, რამეთუ, მეტისმეტად დიდია სხვაობა იმას შორის, რისი ხილვაც ადამიანს საკუთარი თვალით შეუძლია და ღვთის განხორციელებულ საქმეს შორის. შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ როგორც კი ღვთის საქმე დასრულდება, მისი სიტყვები აღსრულდება და სიტყვას მოჰყვება საქმეც. უკანასკნელ ჟამს, განკაცებული ღმერთი დედამიწაზე სიტყვის მსახურებას აღასრულებლად მოდის. ამ მსახურებისას, იგი მხოლოდ წარმოთქვამს სიტყვებს და სხვა საქმეთათვის არ იღვწის. როგორც კი ღვთის საქმე შეიცვლება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. დღეს, სიტყვები უპირატესად შენს განსასრულებლად გამოიყენება; ხოლო როდესაც იგი მთელ სამყაროში მოიპოვებს დიდებას, მისი საქმეც დასრულდება, ყველა სათქმელი სიტყვა ნათქვამი იქნება და ყოველი სიტყვა საქმედ იქცევა. ღმერთი უკანასკნელ ჟამს, დედამიწაზე სიტყვის მსახურების აღსასრულებლად მოვიდა, რათა კაცობრიობამ შეიცნოს იგი; რათა ადამიანებმა მისივე სიტყვიდან დაინახონ, თუ ვინ არის ის, ასევე იხილონ მისი სიბრძნე და ყოველი მისი საკვირველი საქმე. სასუფევლის ჟამის დროს, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს მთელი კაცობრიობის მოსადრეკად. მომავალში მისი სიტყვა მიწვდება ყველა რელიგიას, სფეროს, ერსა და აღმსარებლობას. ღმერთი იყენებს სიტყვას დასამორჩილებლად, რათა ყველამ იხილოს, რომ მის სიტყვას ხელისუფლება და ძლევამოსილება აქვს, ამიტომ დღეს თქვენ, მხოლოდ ღვთის სიტყვის წინაშე დგახართ.

სიტყვები, რომელთაც ღმერთი ამ ეპოქაში წარმოთქვამს, განსხვავდება როგორც რჯულის ეპოქაში ნათქვამი, ისე მადლის ეპოქაში წარმოთქმული სიტყვებისგან. სიტყვის საქმე არ შესრულებულა მადლის ეპოქაში; მხოლოდ ნახსენები იყო ღმერთის ჯვარცმა მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად. ბიბლია მხოლოდ მიუთითებს იმაზე, თუ რატომ უნდა ჯვარცმულიყო იესო, რა ტანჯვა განიცადა მან ჯვარცმისას და როგორ უნდა ეცვას კაცი ჯვარს ღმერთისთვის. იმ ეპოქაში ღვთის მიერ აღსრულებული ყოველი საქმე ჯვარცმის გარშემო იყო კონცენტრირებული. სასუფევლის ჟამში კი განკაცებული ღმერთი წარმოთქვამს სიტყვებს ყველა იმ ადამიანის დასამორჩილებლად, ვისაც მისი სწამს. ეს არის „სიტყვის განხორციელება“. ღმერთი უკანასკნელ ჟამს სწორედ ამ საქმის და სიტყვის ხორცშესხმის რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად მოვიდა. იგი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და იშვიათია ფაქტთა მოვლინება. სწორედ ეს არის სიტყვის ხორცშესხმის არსი. როდესაც განკაცებული ღმერთი თავის სიტყვებს წარმოთქვამს, ეს არის სიტყვის ხორცხშესხმა და სიტყვის ხორცად ქცევა. „დასაბამიდან იყო გზა, და გზა იყო ღმერთთან, და გზა იყო ღმერთი. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან, და სიტყვა ხორცად იქცა“. ეს (სიტყვის ხორცშესხმის საქმე) არის ის, რასაც ღმერთი უკანასკნელ ჟამს აღასრულებს, და ეს არის მისი მთელი განგებულების დასკვნითი თავი, ამიტომაც უნდა მოვიდეს ღმერთი დედამიწაზე და თავისი სიტყვები განახორციელოს. ყოველივე, რაც დღეს სრულდება, რაც მომავალში აღსრულდება და რასაც ღმერთი დაასრულებს, ადამიანის საბოლოო დანიშნულება, გადარჩენილები და წარწყმედილები — მთელი ეს სამუშაო, რომელიც ბოლოს უნდა დაგვირგვინდეს, უკვე ნათლად არის გაცხადებული და ყოველივე ეს „სიტყვის ხორცშესხმის“ რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად ხდება. მანამდე გამოცემული ადმინისტრაციული განკარგულებები და დადგენილებები, ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც დაიღუპება და ვინც განსასვენებელში შევა — ყველა ეს სიტყვა უნდა აღსრულდეს. სწორედ ეს არის ის საქმე, რომელსაც განკაცებული ღმერთი უმთავრესად უკანასკნელ ჟამს ახორციელებს, რათა ადამიანებს გააგებინოს, თუ სად არის ღვთისგან წინასწარგანსაზღვრულთა ადგილი და სად — მათი, ვინც არ არის წინასწარ განსაზღვრული; როგორ დაიყოფიან მისი ხალხი და ძენი, რა ბედი ეწევა ისრაელსა და ეგვიპტეს — მომავალში თითოეული ეს სიტყვა აღსრულდება. ღვთის საქმის ტემპი სულ უფრო იმატებს. ღმერთი სიტყვას იყენებს, რათა გააგებინოს ადამიანს, თუ რა უნდა გაკეთდეს ყოველ ეპოქაში, რა უნდა აღასრულოს განკაცებულმა ღმერთმა უკანასკნელ ჟამს, და როგორი უნდა იყოს მისი მსახურება. ყველა ეს სიტყვა კი სიტყვის ხორცშესხმის რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად წარმოითქმის.

მანამდეც მითქვამს: „ყველა, ვინც ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ელოდება, მიტოვებულ იქნება. ისინი არ განეკუთვნებიან მათ, ვინც სრულყოფილი გახდება“. ამდენი სიტყვა ვთქვი, ადამიანს კი მაინც არ გააჩნია ამ საქმის მცირედი შემეცნებაც კი და, ამ ეტაპზე მოსულიც, კვლავ ნიშნებსა და სასწაულებს ითხოვს. შენი რწმენა მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულების დევნაა, თუ სიცოცხლის მოსაპოვებლად გწამს? იესომაც მრავალი სიტყვა წარმოთქვა და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. განა შეგიძლია თქვა, რომ იესო არ არის ღმერთი? ღმერთმა დაამოწმა, რომ იგი იყო ქრისტე და ღვთის საყვარელი ძე. განა შეგიძლია ამის უარყოფა? დღეს, ღმერთი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და თუ ეს საფუძვლიანად არ გეცოდინება, მაშინ ვერ განმტკიცდები. შენ გწამს მისი, რადგან იგი ღმერთია, თუ შენი რწმენა იმის მიხედვით განისაზღვრება, აღსრულდება თუ არა მისი სიტყვები? ნიშნებისა და სასწაულების გწამს თუ ღვთისა? დღეს იგი არ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს — განა იგი მართლაც ღმერთია? თუ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები არ აღსრულდება, განა იგი მართლაც ღმერთია? განა ღვთის არსი იმით განისაზღვრება, აღსრულდება თუ არა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები? რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი მუდამ ღვთის სიტყვების აღსრულებას ელოდება, სანამ მას ირწმუნებდეს? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მას არ იცნობენ? ყველა, ვისაც ასეთი წარმოდგენები აქვს, ღმერთს უარყოფს. ისინი ღმერთს საკუთარი შეხედულებებით ზომავენ. თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება, მათ სწამთ მისი, ხოლო თუ არა — მაშინ არ სწამთ. ისინი მუდამ მიისწრაფვიან ნიშნებისა და სასწაულების ხილვისკენ. განა ეს ხალხი თანამედროვეობის ფარისევლები არ არიან? შენი სიმტკიცე იმაზეა დამოკიდებული, იცნობ თუ არა ნამდვილ ღმერთს — სწორედ ეს არის გადამწყვეტი! რაც უფრო მეტია შენში ღვთის სიტყვის რეალობა, მით მეტია შენი ცოდნა ღვთის ჭეშმარიტების შესახებ, და მით უფრო შეძლებ სიმტკიცის შენარჩუნებას განსაცდელის ჟამს. რაც უფრო მეტად ხარ კონცენტრირებული ნიშნებისა და სასწაულების ხილვაზე, მით ნაკლებად შეძლებ მტკიცედ დგომას და განსაცდელში დაეცემი. ნიშნები და სასწაულები არ არის საძირკველი; მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტებაა სიცოცხლე. ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, თუ რა შედეგები უნდა იქნეს მიღწეული ღვთის საქმით. ისინი დღეებს დაბნეულობაში ატარებენ და არ ესწრაფვიან ღვთის საქმის შემეცნებას. მათი სწრაფვის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ღმერთმა მათი სურვილები შეასრულოს და მხოლოდ მაშინ ხდებიან ღრმად მორწმუნენი. ამბობენ, რომ თუ ღვთის სიტყვები შესრულდება, ისინი სიცოცხლისკენ სწრაფვას განაგრძობენ, ხოლო თუ მისი სიტყვები არ შესრულდება, მაშინ მათთვის სიცოცხლის ძიების ყოველგვარი შესაძლებლობა გაქრება. ხალხს ჰგონია, რომ რწმენა მხოლოდ სასწაულების დევნა ან ზეცად აღტაცება და მესამე ცაზე მოხვედრაა. არავინ ამბობს, რომ მათი რწმენა ჭეშმარიტებაში შესვლის, სიცოცხლის ძიებისა და ღვთის მიერ მათი მოპოვების სურვილია. რა ფასი აქვს ასეთ სწრაფვას? ვინც არ ესწრაფვის ღვთის შეცნობას და მის დაკმაყოფილებას, არ არის ის, ვისაც სწამს; ასეთები მხოლოდ შეურაცხყოფენ და გმობენ ღმერთს!

ახლა თუ გესმით, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა? განა ღვთისადმი რწმენა ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ნიშნავს? ნიშნავს ეს ზეცაში წასვლას? ღმერთის რწმენა არავითარ შემთხვევაში არ არის მარტივი საქმე. რწმენის რელიგიური გზები უნდა განიწმინდოს. სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნისკენ სწრაფვა, ნიშნებსა და სასწაულებზე კონცენტრირება, ღვთის მეტი მადლის, მშვიდობისა და სიხარულისკენ ლტოლვა, ხორციელი სიამოვნებისა და კომფორტის დევნა — ყოველივე ეს რწმენის რელიგიური გზებია, ასეთი რწმენის გზები კი რწმენის ბუნდოვანი სახეობაა. რა არის დღეს ღვთისადმი პრაქტიკული რწმენა? ეს არის ღვთის სიტყვის მიღება შენს ცხოვრებისეულ რეალობად, ღვთის შემეცნება მისივე სიტყვიდან, და ამგვარად, მისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის მიღწევა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ღვთისადმი რწმენა იმისთვის არსებობს, რომ შენ დაემორჩილო ღმერთს, გიყვარდეს იგი და აღასრულო ის მოვალეობა, რომელიც ყოველმა ქმნილებამ უნდა აღასრულოს. ეს არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. შენ უნდა შეიცნო ღვთის მშვენიერება, გააცნობიერო, რამდენად ღირსია იგი მოკრძალებისა და როგორ აღასრულებს ის თავის ქმნილებებში ხსნისა და მათი სრულყოფის საქმეს. ესაა შენი რწმენის უმთავრესი საფუძვლები. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ხორციელი ცხოვრებიდან ღვთის სიყვარულით სავსე ცხოვრებაზე გადასვლაა და გარყვნილი ცხოვრებიდან — ღვთის სიტყვებით ცხოვრებაზე გადასვლა; ეს არის სატანის ძალაუფლებისგან თავის დაღწევა და ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრება. ეს იმიტომ ხდება, რომ შეძლო ღმერთს დაემორჩილო და არა ხორცს, რათა ღმერთმა მოიპოვოს შენი მთლიანი გული და გაგხადოს სრულყოფილი, და რათა განთავისუფლდე სატანური გარყვნილი ხასიათებისგან. ღმერთის რწმენა ძირითადად იმიტომ არის საჭირო, რომ ღმერთის დიდი ძალა და დიდება გამოვლინდეს შენში, რათა შეასრულო ღმერთის ნება, რათა ღმერთის გეგმა განხორციელდეს და რათა შეძლო ღმერთის დამოწმება სატანის წინაშე. ღმერთის რწმენა არ უნდა ტრიალებდეს ნიშნებისა და სასწაულების ხილვის სურვილის გარშემო, და არც შენი საკუთარი ხორცის გულისთვის უნდა იყოს. ეს უნდა ეხებოდეს ღმერთის შეცნობისკენ სწრაფვას, ღმერთისადმი მორჩილების უნარს და, პეტრეს მსგავსად, მისდამი სიკვდილამდე მორჩილებას. მთავარი მიზანი ამის მიღწევაა. ადამიანი ჭამს და სვამს ღმერთის სიტყვას ასევე იმისთვის, რომ შეიცნოს ღმერთი და ასიამოვნოს მას. ღვთის სიტყვის მიღება მასზე უფრო ღრმა ცოდნას გაძლევს, მხოლოდ ამის შემდეგ ძალგიძს მისი მორჩილება. მხოლოდ ღვთის შემეცნებით შეგიძლია მისი სიყვარული და სწორედ ეს უნდა იყოს ადამიანის ერთადერთი მიზანი ღვთისადმი რწმენაში. თუ ღვთისადმი შენს რწმენაში მუდამ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ესწრაფვი, მაშინ შენი შეხედულება რწმენაზე მცდარია. ღვთისადმი რწმენა, უპირველესად, ღვთის სიტყვის სიცოცხლე-რეალობად მიღებაა. როდესაც ღვთის პირიდან გამოსული სიტყვები სრულდება ადამიანების მიერ და რეალიზდება მათში, ღვთის მიზანი მიღწეულია. ღვთისადმი რწმენაში ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს ღვთის მიერ სრულყოფას, მორჩილების უნარსა და ღვთისადმი სრულ მორჩილებას. თუ შეძლებ დაემორჩილო ღმერთს ყოველგვარი ჩივილის გარეშე, გაითვალისწინო ღმერთის განზრახვები და მიაღწიო პეტრეს სიმწიფეს, ფლობდე ღმერთის მიერ ნათქვამ პეტრეს სტილს, სწორედ მაშინ მიაღწევ წარმატებას ღვთისადმი რწმენაში და ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენ ღმერთმა მოგაქცია.

ღმერთი თავის საქმეს მთელ სამყაროში აღასრულებს. ყველამ, ვისაც მისი სწამს, უნდა მიიღოს მისი სიტყვა, უნდა დაეწაფოს მას და შეითვისოს იგი. ნიშნებისა და სასწაულების ხილვით ღმერთი ვერავის მოაქცევს. საუკუნებისა და თაობების განმავლობაში ღმერთი ადამიანთა განსასრულებლად მუდამ სიტყვას იყენებდა. ამიტომ, მთელ ყურადღებას ნიშნებსა და სასწაულებს კი არ უნდა უთმობდეთ, არამედ ღვთის მიერ თქვენს სრულყოფას უნდა ესწრაფვოდეთ. ძველი აღთქმის, რჯულის ეპოქაში, ღმერთმა წარმოთქვა სიტყვები; მადლის ეპოქაშიც იესომ მრავალი სიტყვა თქვა. მას შემდეგ, რაც იესომ უამრავი სიტყვა წარმოთქვა, მოციქულები და მოწაფეები ხალხს მისი მცნებების მიხედვით მოქმედებისა და მისივე ნათქვამი სიტყვებითა და გადმოცემული პრინციპებისამებრ ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ. უკანასკნელ დღეებში, ღმერთი ადამიანის განსასრულებლად უმთავრესად სიტყვას იყენებს. ის არ იყენებს ნიშნებსა და სასწაულებს ადამიანის დასარწმუნებლად იძულების მიზნით, რადგან ამით ღვთის უდიდესი ძალა ვერ გამოვლინდება. ღმერთს მხოლოდ ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, ეს ვერ გააცხადებდა ღმერთის პრაქტიკულობას და ადამიანის სრულყოფაც ვერ მოხდებოდა. ღმერთი ადამიანს ნიშნებითა და სასწაულებით კი არ სრულყოფს, არამედ სიტყვის მეშვეობით რწყავს და მწყემსავს მას, რის შემდეგაც ადამიანს შეუძლია სრულად დაემორჩილოს ღმერთს და შეიცნოს ღმერთი. სწორედ ეს არის მისი საქმისა და მისი სიტყვების მიზანი. ღმერთი ადამიანის სრულყოფისთვის ნიშნებისა და სასწაულების ჩვენების გზას როდი იყენებს, იგი იყენებს სიტყვას და საქმის აღსრულების მრავალგვარ მეთოდებს. იქნება ეს გამოწრთობა, განწმენდა თუ სიტყვის ბოძება, ღმერთი მრავალი სხვადასხვა კუთხით საუბრობს ადამიანის სრულყოფისთვის, რათა მას ღვთის საქმის, სიბრძნისა და სასწაულმოქმედების შესახებ უფრო მეტი ცოდნის მოპოვების საშუალება მიეცეს. როდესაც უკანასკნელ დღეებში ეპოქის დასრულებისას ადამიანი სრულყოფილი გახდება, მხოლოდ მაშინ იქნება ნიშნებისა და სასწაულების ხილვის ღირსი. როდესაც ღმერთს შეიცნობ და შეძლებ მას დაემორჩილო, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს იგი, ნიშნებისა და სასწაულების ხილვისას მასზე აღარავითარი ცრუ წარმოდგენა აღარ გექნება. ამჟამად, შენ გარყვნილი ბუნების ხარ და ღვთისადმი სრული მორჩილების უნარი არ შეგწევს. განა გგონია, რომნიშნებისა და სასწაულების ხილვის ღირსი ხარ? როდესაც ღმერთი ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, სწორედ მაშინ სჯის იგი ადამიანს; ეს არის ეპოქის ცვლილებისა და, უფრო მეტიც, ეპოქის დასასრულის ჟამი. როდესაც ღვთის საქმე ჩვეული წესით მიმდინარეობს, იგი ნიშნებსა და სასწაულებს არ აღავლენს. ნიშნებისა და სასწაულების მოვლენა მისთვის მარტივია, თუმცა ეს არც ღვთის საქმის პრინციპია და არც ადამიანის მიმართ მისი განგების მიზანი. ადამიანს ნიშნები და სასწაულები რომ ეხილა და ღვთის სულიერი სხეულიც რომ გამოცხადებოდა, განა მაშინ ყველა არ „იწამებდა“ ღმერთს? მანამდეც მითქვამს, რომ აღმოსავლეთიდან მოპოვებულ იქნება მძლეველთა გუნდი — მძლეველები, რომელთაც დიდი გასაჭირი განვლეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ეს მოქცეული ხალხი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ჭეშმარიტად მორჩილი, რაც მათ სამსჯავრო, სასჯელი, გასხვლა და ყოველგვარი განწმენდა გამოიარეს. ამ ხალხის რწმენა ბუნდოვანი კი არა, პრაქტიკულია. მათ არ უხილავთ ნიშნები და სასწაულები, ან საოცრებები; მათ არ შეუძლიათ ამაღლებული სიტყვებითა და დოქტრინებით საუბარი ან ღრმა მოსაზრებების გამოთქმა; ამის ნაცვლად, მათ გააჩნიათ ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვა და ღვთის ნამდვილი და ჭეშმარიტი შემეცნება. განა ასეთ ჯგუფს უკეთ არ შეუძლია ღვთის უდიდესი ძალის გაცხადება? ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში, პრაქტიკული საქმეა. იესოს ეპოქაში, იგი ადამიანთა სრულყოფისთვის კი არ მოვიდა, არამედ მათ გამოსასყიდად, ამიტომაც მოახდინა ზოგიერთი სასწაული, რათა ხალხი მას გაჰყოლოდა. იგი, უმთავრესად, ჯვარცმის საქმის დასასრულებლად მოვიდა და ნიშნების ჩვენება მისი მსახურების ძირითადი ნაწილი არ ყოფილა. ასეთი ნიშნები და სასწაულები მისი საქმის ნაყოფიერებისთვის სრულდებოდა; ეს იყო დამატებითი სამუშაო და იგი მთელი ეპოქის საქმეს არ წარმოადგენდა. ძველი აღთქმის, რჯულის ეპოქაშიც აღავლენდა ღმერთი ზოგიერთ ნიშანსა და სასწაულს, მაგრამ საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს, პრაქტიკული საქმეა და იგი ახლა ნიშნებსა და სასწაულებს ნამდვილად აღარ მოავლენს. მას ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, მისი პრაქტიკული საქმე აირეოდა და იგი ვეღარავითარი საქმის აღსრულებას ვეღარ შეძლებდა. ღმერთს რომ ებრძანა სიტყვა გამოეყენებინათ ადამიანის სრულყოფისთვის, მაგრამ ამავდროულად ნიშნები და სასწაულებიც გამოევლინა, განა შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, ჭეშმარიტად სწამს თუ არა ადამიანს მისი? ამიტომაც, ღმერთი ასე არ იქცევა. ადამიანში ზედმეტადაა გამჯდარი რელიგიურობა. ღმერთი უკანასკნელ დღეებში სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანისგან ყოველივე რელიგიური წარმოდგენა და ცრურწმენა განდევნოს, ღვთის პრაქტიკულობა დაანახოს და ღვთის ის ხატება წაშალოს, რომელიც ბუნდოვანი, არარეალისტური და, შეიძლება ითქვას, სრულიად არარსებულია. ამიტომ, ახლა ერთადერთი ძვირფასი რამ პრაქტიკულობის შემეცნებაა! ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას. რამდენად ფლობ ჭეშმარიტებას დღეს? განა ყველაფერი, რაც ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, ღმერთია? ბოროტ სულებსაც შეუძლიათ ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება; განა ისინი ღმერთები არიან? ღვთისადმი რწმენისას, ადამიანი ჭეშმარიტებას უნდა ეძიებდეს და სიცოცხლეს ესწრაფვოდეს, ნიშნებისა და სასწაულების ნაცვლად. სწორედ ეს უნდა იყოს ყველა ღვთისმორწმუნის მიზანი.

წინა:  სასუფევლის ჟამი სიტყვის ჟამია

შემდეგი:  ღვთის ჭეშმარიტი მოყვარულნი არიან ისინი, ვისაც შეუძლია მისი პრაქტიკულობის უპირობო მორჩილება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger