ღვთის გამოცხადების ხილვა მის სამსჯავროსა და განსაწურთელში

იმ ასობით მილიონი სხვა ადამიანის მსგავსად, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს მიჰყვებიან, ჩვენც ვიცავთ ბიბლიის რჯულსა და მცნებებს, ვტკბებით უფალი იესო ქრისტეს უხვი მადლით და ვიკრიბებით, ვლოცულობთ, ვადიდებთ და ვმსახურობთ უფალი იესო ქრისტეს სახელით, ყოველივე ამას კი უფლის მზრუნველობითა და მფარველობით აღვასრულებთ. ჩვენ ხშირად ვართ უძლურნი და ასევე ხშირად ვართ ძლიერნი. გვწამს, რომ ყოველი ჩვენი ქმედება უფლის მოძღვრების შესაბამისია. თავისთავად ცხადია, ისიც გვწამს, რომ ზეციერი მამის ნების აღსრულების გზას ვადგავართ. ჩვენ ვესწრაფვით უფალი იესოს დაბრუნებას, მის დიდებულ გარდამოსვლას, ჩვენი ამქვეყნიური ყოფის დასასრულს, სასუფევლის გამოცხადებას და ყოველივე იმას, რაც გამოცხადების წიგნშია ნაწინასწარმეტყველები: უფალი მოდის, მას მოაქვს კატასტროფები, იგი აჯილდოებს კეთილთ და სჯის ბოროტთ; იგი წაიყვანს ყველას, ვინც მას მიჰყვება და ვინც მის დაბრუნებას მიეგებება, რათა ზეცაში შეხვდნენ მას. ამაზე ფიქრისას ყოველთვის აღტაცება გვეუფლება და სიხარულით აღვივსებით იმის გამო, რომ უკანასკნელ დღეებში დავიბადეთ და უფლის მოსვლის მომსწრენი ვხდებით. მიუხედავად იმისა, რომ დევნა განვიცადეთ, სანაცვლოდ მივიღეთ რაოდენ დიდი კურთხევაა! მთელი ეს სასოება და უფლის მიერ ბოძებული მადლი გვაიძულებს, მუდამ ფხიზლად ვიყოთ ლოცვისთვის და შეკრებისთვის მეტ გულმოდგინებას გვმატებს. შესაძლოა მომავალ წელს, ხვალ, ან იქნებ იმაზე უფრო მოკლე დროში, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, უფალი უეცრად გარდამოხდება და გამოეცხადება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც მას ასეთი დიდი სასოებითა და გულმოდგინებით ელოდა. ჩვენ ერთმანეთს ვასწრებთ, არავის სურს ჩამორჩენა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველთა შორის ვიხილოთ უფლის გამოცხადება და ზეცად აღტაცებულთა შორის აღმოვჩნდეთ. ამ დღის დადგომისთვის ჩვენ ყველაფერი გავიღეთ და ფასზე არ დავფიქრებულვართ; ზოგმა სამსახური მიატოვა, ზოგმა — ოჯახი, ზოგიერთმა უარი თქვა ქორწინებაზე, ზოგმა კი მთელი თავისი დანაზოგიც კი გაიღო. რაოდენ თავგანწირული ქმედებაა! ასეთი გულწრფელობა და ერთგულება უდავოდ, წარსულის წმინდანთა თავდადებასაც კი აღემატება! რაკი უფალი საკუთარი ნებით ჰფენს მადლს და საკუთარი ნებითვე შეიწყალებს, გვწამს, რომ ჩვენი თავდადება და გაღებული მსხვერპლი მისმა თვალმა დიდი ხანია იხილა. ჩვენმა გულწრფელმა ვედრებამაც მიაღწია მის ყურამდე და გვჯერა, რომ ჩვენი ერთგულებისთვის უფალი საკადრის საზღაურს მოგვაგებს. მეტიც, ღმერთი სამყაროს შექმნამდეც მოწყალე იყო ჩვენ მიმართ და მის მიერ ბოძებულ კურთხევასა და აღთქმას ვერავინ წაგვართმევს. ჩვენ ყველანი სამომავლო გეგმებს ვაწყობთ და, ბუნებრივია, ჩვენი თავდადება და გაღებული მსხვერპლი იმ სავაჭრო მონეტებად თუ კაპიტალად ვაქციეთ, რომლითაც უფალთან ზეცად შეხვედრის უფლება უნდა მოვიპოვოთ. მეტიც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჩვენ უკვე დავიკავეთ ადგილი მომავლის ტახტზე, რათა ურიცხვ ერსა და ხალხს ვუწინამძღვროთ ან ვიხელმწიფოთ. ყოველივე ამას, გარდაუვალ მოცემულობად და აუცილებლად მოსახდენად მივიჩნევთ.

ჩვენ ვგმობთ ყველას, ვინც უფალ იესოს უპირისპირდება; მათ მხოლოდ სრული განადგურება ელით. ვინ დაუშალა მათ იმის რწმენა, რომ უფალი იესოა მაცხოვარი? რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც უფალ იესოს ვბაძავთ და ამქვეყნიური ადამიანების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ, რადგან მათ არაფერი გაეგებათ და მართებულიცაა, მათ მიმართ შემწყნარებლები და მიმტევებელნი ვიყოთ. ყოველივე, რასაც ვაკეთებთ, ბიბლიის სიტყვებს შეესაბამება, რადგან ყველაფერი, რაც ბიბლიას არ შეესაბამება, — მწვალებლობა და ერესია. მსგავსი რწმენა თითოეული ჩვენგანის გონებაში ღრმად არის ფესვგადგმული. ჩვენი უფალი ბიბლიაშია და თუ ბიბლიას არ განვუდგებით, არც უფალს განვუდგებით; თუ ამ პრინციპს დავიცავთ, ხსნასაც მოვიპოვებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუბიძგებთ, მხარს ვუჭერთ და ყოველ შეკრებაზე ვიმედოვნებთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა თუ საქმე უფლის ნებას შეესაბამება და მის მიერ იქნება მიღებული. გარემომცველი მკაცრი მტრობის მიუხედავად, ჩვენი გულები სიხარულით არის აღვსილი. როდესაც ვფიქრობთ წყალობაზე, რომელიც ასე ახლოსაა, განა არსებობს რამე, რაზეც უარს ვერ ვიტყვით? განა არსებობს რამე, რასაც სინანულის გარეშე ვერ შეველევით? ყოველივე ეს თავისთავად ცხადია და ყოველივე ეს ღვთის ყოვლისმჭვრეტელი თვალის წინაშეა გადაშლილი. ჩვენ, წუმპიდან ამოსული, შეჭირვებულთა მცირე ჯგუფი, უფალ იესოს სხვა ჩვეულებრივი მიმდევრების მსგავსად ამაღლებაზე, კურთხევასა და ურიცხვ ერებზე მეუფებაზე ვოცნებობთ. ღვთის წინაშე ჩვენი გარყვნილება გაშიშვლდა, ხოლო ჩვენი გულისთქმები და სიხარბე — ღვთისავე თვალში დაიგმო. მიუხედავად ამისა, ყოველივე ეს იმდენად ჩვეულებრივად და ბუნებრივად ხდება, რომ არცერთი ჩვენგანი არ დაფიქრებულა, რამდენად მართებულია ჩვენი სურვილები და მით უმეტეს, ეჭვი არავის შეუტანია იმაში, რაც ასე მტკიცედ გვწამს. ვის შეუძლია ჩასწვდეს ღვთის განზრახვებს? ჩვენ არც კი ვიცით, როგორ ვეძებოთ ან აღმოვაჩინოთ ის გზა, რომელზეც ადამიანი დადის; მით უმეტეს, ამის გარკვევით არც ვინტერესდებით. ჩვენ ხომ მხოლოდ ის გვადარდებს, ავმაღლდებით თუ არა ზეცად, ვიქნებით თუ არა კურთხეულნი, მოიძებნება თუ არა ჩვენთვის ადგილი ცათა სასუფეველში და გვერგება თუ არა წილად სიცოცხლის მდინარის წყალი და სიცოცხლის ხის ნაყოფი. განა სწორედ ამ ყველაფრის მისაღებად არ ვირწმუნეთ უფალი და არ გავხდით მისი მიმდევრები? ჩვენი ცოდვები მოგვეტევა, ჩვენ მოვინანიეთ, შევსვით სიმწარის თასი და ჯვარი ზურგზე მოვიკიდეთ. ვის შეუძლია თქვას, რომ უფალი არ მიიღებს ჩვენ მიერ გადახდილ ფასს? ვის შეუძლია თქვას, რომ საკმარისი ზეთი არ მოვიმარაგეთ? ჩვენ არ გვსურს, იმ უგუნურ ქალწულებს ან მათ დავემსგავსოთ, ვინც მიტოვებულ იქნა. მეტიც, ჩვენ დაუცხრომლად ვლოცულობთ და უფალს ვთხოვთ, დაგვიცვას ცრუქრისტეების მიერ შეცდენისგან, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ“ (მათ. 24:23-24). ჩვენ ყველამ ვისწავლეთ ბიბლიის ეს მუხლები; ისინი ზეპირად ვიცით და მათ ვუფრთხილდებით, როგორც ძვირფას განძს, როგორც სიცოცხლეს და როგორც საიმედო გარანტიას, რომელიც წყვეტს, გადავრჩებით თუ ავმაღლდებით...

ათასწლეულების განმავლობაში ცოცხალნი მიიცვალნენ და თავიანთი სურვილები თუ ოცნებები თან წაიღეს, თუმცა რეალურად არავინ იცის, მოხვდნენ თუ არა ისინი ცათა სასუფეველში. მიცვალებულნი ბრუნდებიან, მათ დავიწყებული აქვთ ყველა ამბავი, რაც ერთ დროს მოხდა და კვლავ წინაპართა სწავლებებსა და გზებს მიჰყვებიან. ასე გადის წლები, ილევა დღეები და არავინ უწყის, რამდენად იღებს ჩვენი უფალი იესო, ჩვენი ღმერთი, ყოველივე იმას, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გარკვეულ აღსასრულს ველოდოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რაც უნდა მოხდეს. თუმცა ღმერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმს, იგი არც გამოგვცხადებია და არც დაგვლაპარაკებია. ამდენად, ბიბლიის მიხედვითა და სხვადასხვა ნიშანზე დაყრდნობით, ჩვენ საკუთარი ნებით გამოგვაქვს მსჯავრი ღვთის განზრახვებსა და მის ბუნებაზე. ჩვენ ღვთის დუმილს უკვე მივეჩვიეთ; ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საკუთარი ქმედებების სისწორე თუ მცდარობა ჩვენივე აზროვნების წესით განვსაჯოთ; მივეჩვიეთ, რომ ღვთის მოთხოვნების ნაცვლად საკუთარ ცოდნას, წარმოდგენებსა და მორალურ ეთიკას დავეყრდნოთ; მივეჩვიეთ ღვთის მადლით ტკბობას; მივეჩვიეთ, რომ განსაცდელის ჟამს ღმერთი გვეხმარება; მივეჩვიეთ ღვთის წინაშე ხელების აპყრობას ყველაფერზე და მისთვის ბრძანებების გაცემას; ასევე მივეჩვიეთ წესების მორჩილებას და ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, თუ საით მიგვიძღვის სულიწმიდა; და უფრო მეტიც — ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ დღეებს, როდესაც საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი თავადვე ვართ. ჩვენ გვწამს ასეთი ღმერთის, რომელსაც პირისპირ არასოდეს შევხვედრივართ. ისეთი კითხვები, როგორიცაა: როგორია მისი ბუნება, რა თვისებებს ფლობს და ვინ არის იგი, როგორია მისი ხატება, ვიცნობთ თუ არა მას, როდესაც მოვა, და ასე შემდეგ — ყოველივე ეს უმნიშვნელოა. ჩვენთვის მხოლოდ ისაა მთავარი, რომ იგი ჩვენს გულებშია და ყველანი მას ველოდებით; საკმარისია ისიც, რომ მისი ამგვარად თუ იმგვარად წარმოდგენა შეგვიძლია. ჩვენ ჩვენს რწმენას ვაფასებთ და საკუთარ სულიერებას ძვირფას განძად მივიჩნევთ. ყოველივე ამქვეყნიურს წუმპეზე უარესად ვთვლით და ყველაფერს ფეხქვეშ ვთელავთ. რადგან ჩვენ დიადი ღმერთის მორწმუნენი ვართ, რაოდენ გრძელი და დამქანცველიც უნდა იყოს ეს გზა, რა გასაჭირი და საფრთხეც უნდა დაგვატყდეს თავს, უფლის კვალდაკვალ სვლაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. „სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის ნათელი, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 22:1-5). ყოველთვის, როდესაც ამ სიტყვებს ვგალობთ, ჩვენი გულები უსაზღვრო სიხარულითა და კმაყოფილებით ივსება, თვალთაგან კი ცრემლები მოედინება. მადლობა უფალს ჩვენი გამორჩევისთვის, მადლობა უფალს თავისი წყალობისთვის. მან ამ ცხოვრებაში ყველაფერი ასმაგად მოგვაგო, ხოლო მომავალ ცხოვრებაში საუკუნო სიცოცხლე მოგვანიჭა. ახლავე რომ გვთხოვოს სიკვდილი, ამასაც ყოველგვარი წუწუნის გარეშე აღვასრულებდით. ო, უფალო! გევედრებით, მალე მობრძანდი! რადგან ასე სასოწარკვეთით გელით და შენთვის ყველაფერი მივატოვეთ, ნუღარ დააყოვნებ ნურცერთ წუთს და ნურცერთ წამს.

ღმერთი დუმს და არასოდეს გამოგვცხადებია, თუმცა მისი საქმე არასოდეს შეჩერებულა. იგი მთელ დედამიწას აკვირდება, ყველაფერს განაგებს და ადამიანის ყოველ სიტყვას, საქმესა თუ მოძრაობას ხედავს. თავის განგებას იგი გეგმზომიერად და ეტაპობრივად, ჩუმად, ცისა და დედამიწის შეურყევლად ახორციელებს; მიუხედავად ამისა, მისი ნაბიჯები ნელ-ნელა წინ მიიწევს და კაცობრიობას სულ უფრო უახლოვდება, მისი სამსჯავრო ტახტი კი სამყაროში ელვის სისწრაფით იშლება, რის შემდეგაც მისი საყდარი მაშინვე ჩვენ შორის ეშვება. რა დიდებული სანახაობაა, რა მრავლისმეტყველი და საზეიმო სურათი! როგორც მტრედი და როგორც მბრდღვინავი ლომი, სული ჩვენს სიმრავლეში ისე შემოდის. იგი არის სიბრძნე, იგი არის სიმართლე და დიდებულება და ჩვენ შორის იგი ხავერდოვნად, ძალაუფლებით შემოსილი და სიყვარულითა და წყალობით აღვსილი ეშვება. მის მოსვლას ვერავინ ამჩნევს, მას არავინ ეგებება და მით უმეტეს, არავინ უწყის ყველაფერი ის, რის გაკეთებასაც იგი აპირებს. ადამიანთა ცხოვრების წესი ძველებურად გრძელდება, მათი გულები არ იცვლება და დღეებიც ჩვეულებისამებრ მიედინება. ღმერთი ჩვენ შორის ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო მიმდევარი და რიგითი მორწმუნე. მას თავისი მისწრაფებები და მიზნები გააჩნია და, უფრო მეტიც, ის ფლობს იმგვარ ღვთაებრიობას, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არ გააჩნიათ. მისი ღვთაებრიობის არსებობა არავის შეუმჩნევია და არავის აღუქვამს განსხვავება მის არსსა და ადამიანის არსს შორის. ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ, თავისუფლად და უშიშრად, რადგან ჩვენს თვალში იგი მხოლოდ უმნიშვნელო მორწმუნეა. იგი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდება და ჩვენი ყოველი ფიქრი თუ ჩანაფიქრი მის წინაშე გაშიშვლებულია. მისი არსებობით არავინ ინტერესდება, ვერავინ წარმოიდგენს, თუ რა როლს ასრულებს იგი, და მით უმეტეს, არავის უჩნდება მცირედი ეჭვიც კი მის ვინაობაში. ჩვენ კი, მხოლოდ ჩვენს მისწრაფებებს მივდევთ, თითქოს მას ჩვენთან საერთო არაფერი ჰქონდეს...

ხანდახან სულიწმიდა მისი მეშვეობით გამოხატავს სიტყვების წყებას და, მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად მოულოდნელად გვეჩვენება, ჩვენ მას მაინც ღვთისგან მომავალ გამონათქვამად ვცნობთ და სრული მზაობით ვიღებთ უფლისგან. ეს იმიტომ ხდება, რომ იმისდა მიუხედავად, ვინ გამოხატავს ამ სიტყვებს, რამდენადაც ისინი სულიწმიდისგან მომდინარეობს, ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი და არ უარვყოთ. შემდეგი გამონათქვამი შეიძლება ჩემი მეშვეობით მოვიდეს, ან შენი, ან სხვისი. ვინც უნდა იყოს ის, ყოველივე ეს ღვთის მადლია. თუმცა, ვინც უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩვენ მას თაყვანს არ ვცემთ, რადგან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ადამიანი ღმერთი იყოს, და ჩვენც არც ერთ შემთხვევაში არ ავირჩევთ ასეთ ჩვეულებრივ ადამიანს ჩვენს ღმერთად. ჩვენი ღმერთი იმდენად დიდებული და პატივსაცემია, როგორ შეიძლება, რომ მის ადგილას ასეთი უმნიშვნელო პირი იდგეს? მეტიც, ჩვენ ხომ ღმერთს ველოდებით, რათა მოვიდეს და ცათა სასუფეველში წაგვიყვანოს, როგორ შეძლებს ასეთი უმნიშვნელო ადამიანი ამხელა და დამქანცველ ამოცანას შეეჭიდოს? თუ უფალი კვლავ მოვა, ის აუცილებლად თეთრ ღრუბელზე უნდა გამოჩნდეს, რათა აურაცხელმა ხალხმა შეძლოს მისი ხილვა. რა დიდებული რამ იქნება ეს!როგორ შეიძლება, რომ ის შეუმჩნევლად იმალებოდეს ჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფში?

და მაინც, სწორედ ეს ხალხში დამალული უბრალო ადამიანია ის, ვინც ახალ საქმეს აღასრულებს ჩვენს გადასარჩენად. ის არაფერს გვიხსნის და არც იმას გვეუბნება, თუ რატომ მოვიდა, უბრალოდ აღასრულებს იმ საქმეს, რაც განზრახული აქვს თავისი გეგმისა და პროცედურის მიხედვით. მისი სიტყვები და გამონათქვამები სულ უფრო ხშირდება. ნუგეშისცემიდან, შეგონებიდან, შეხსენებიდან და გაფრთხილებიდან გაკიცხვასა და გაწვრთნამდე; ნაზი და რბილი ტონიდან მძაფრ და დიდებულ სიტყვებამდე — ყოველივე ეს ადამიანს აგრძნობინებს დიდ წყალობასა და ყოვლისმომცველ შიშს. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, სარივით გულში ხვდება ჩვენში ღრმად დაფარულ საიდუმლოებებს; მისი სიტყვები გულზე გვხვდება, სულებს გვიფორიაქებს და აუტანელი სირცხვილით გვავსებს, ისე, რომ აღარ ვიცით, სად დავიმალოთ. ეჭვიც კი გვიჩნდება, ჭეშმარიტად ვუყვარვართ თუ არა ამ ადამიანის გულში მყოფ ღმერთს და ზუსტად რის გაკეთებას აპირებს იგი. იქნებ მხოლოდ ამ ტანჯვის დათმენის შემდეგ შევძლოთ იქამდე მიღწევა (განაცდურის აღდგენა)? ჩვენს ფიქრებში ჩვენ ვცდილობთ გამოვთვალოთ ჩვენი მომავალი დანიშნულება და მომავალი ბედი. და მაინც, როგორც უწინ, არცერთ ჩვენგანს არ სჯერა, რომ ღმერთმა უკვე შეისხა ხორცი, რათა ჩვენს შორის აღასრულოს საქმე. იმის მიუხედავადაც კი, რომ იგი ამდენი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი მეგზური, იმის მიუხედავადაც კი, რომ მან უკვე ბევრი სიტყვა გვითხრა პირისპირ, ჩვენ მაინც არ გვსურს, მივიღოთ ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი ჩვენი მომავლის ღმერთად, და კიდევ უფრო ნაკლებად გვინდა, ჩვენი მომავლისა და ჩვენი ბედის კონტროლი ესოდენ უმნიშვნელო პიროვნებას მივანდოთ. ჩვენ ვტკბებით მისგან მომდინარე ცოცხალი წყლის უშრეტი ნაკადით და მისი წყალობით ვცხოვრობთ ცხოვრებით, სადაც ადამიანი და ღმერთი პირისპირ არიან. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ზეციერი უფალი იესოს მადლისთვის ვართ მადლიერნი და არასდროს ვაქცევთ ყურადღებას ამ ღვთაებრიობის მქონე უბრალო ადამიანის გრძნობებს. ის კი, როგორც ადრე, თავის საქმეს კვლავ აღასრულებს, ხორცში თავმდაბლად დამალული, თავისი გულის ხმის გამოხატვით, თითქოს უგრძნობი ყოფილიყოს ადამიანთა მიერ მისი უარყოფისადმი; თითქოს მარადიულად პატიობდეს ადამიანს უმწიფრობასა და უმეცრებას და სამუდამოდ ითმენდეს ადამიანის მიერ მის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას.

ჩვენთვის შეუმჩნევლად ამ უმნიშვნელო ადამიანმა ღვთის საქმის ერთი ეტაპიდან მეორეზე გადაგვიყვანა. ჩვენ უამრავ გამოცდასა და უთვალავ გაკიცხვას გავდივართ და სიკვდილითაც კი ვიცდებით. ჩვენ ვსწავლობთ ღვთის მართალ და დიდებულ ბუნებას, ამავდროულად ვტკბებით მისი სიყვარულითა და მოწყალებით; ვაფასებთ ღვთის უდიდეს ძალასა და სიბრძნეს, ვმოწმობთ მის მშვენიერებას და ვუმზერთ ადამიანის გადარჩენის მის უსაზღვრო სურვილს. ამ უბრალო ადამიანის სიტყვებით ჩვენ ვსწავლობთ ღვთის ბუნებასა და არსს, გვესმის მისი განზრახვები, ვხედავთ ადამიანის ბუნების არსსა და გზას გადარჩენისა და სრულყოფილებისკენ. მისი სიტყვებით „ვკვდებით“ და ხელახლა „ვიბადებით“; მისი სიტყვები ნუგეშსაც გვგვრის, მაგრამ თან დანაშაულის გრძნობითა და ვალით გვტვირთავს; მისი სიტყვები სიხარულსა და მშვიდობასთან ერთად უსაზღვრო ტკივილსაც გვაყენებს. ზოგჯერ მის ხელში კრავივით ვართ მის ნებაზე დასაკლავად გამზადებული; ზოგჯერ მისი თვალისჩინი ვართ და მისი სათუთი სიყვარულით ვტკბებით; ზოგჯერ კი მისი მტრები ვართ და მისი მზერის ქვეშ, მისი რისხვისგან ფერფლად ვიქცევით. ჩვენ ვართ მის მიერ გადარჩენილი კაცობრიობა; ჩვენ ვართ მატლები მის თვალში და დაკარგული ცხვრები, რომელთა პოვნასაც ის დღედაღამ ესწრაფვის. ის მოწყალეა ჩვენ მიმართ და, ამავდროულად, ვეზიზღებით მას; ის აღგვამაღლებს, გვანუგეშებს და შეგვაგონებს; ის წარგვიძღვება, გვანათლებს, გვკიცხავს, გვსჯის და გვწყევლის კიდეც. დღე და ღამე ის არ წყვეტს ჩვენზე დარდს, ჩვენს დაცვასა და მზრუნველობას და წამითაც არ გვტოვებს. ის ჩვენთვის მთელ თავის სასიცოცხლო ძალას გასცემს და უდიდეს ფასს იხდის. ამ უმნიშვნელო და უბრალო ხორცის გამოცხადებებში ჩვენ ვიგემეთ ყველაფერი, რაც ღვთისგან მოდის და ვიხილეთ ის დანიშნულება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. ამის მიუხედავად, ჩვენს გულებში ამპარტავნება მაინც შფოთავს და მაინც არ გვინდა, რომ ასეთი ადამიანი ჩვენს ღმერთად ვაღიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ მან ამდენი ციური მანანა და ამდენი სიკეთე მოგვმადლა სატკბობად, ვერაფერი დაიკავებს უფლის ადგილს ჩვენს გულებში. ამ ადამიანის განსაკუთრებულ იდენტობასა და სტატუსს მხოლოდ დიდი უხალისობით ვცნობთ. სანამ თვითონ არ იტყვის და არ მოგვთხოვს იმის აღიარებას, რომ ღმერთია, ჩვენ თვითონ არასდროს ვაღიარებთ მას იმ ღმერთად, რომელიც მალე უნდა მოვიდეს და რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს შორის იღვწის.

ღმერთი აგრძელებს თავის გამოცხადებებს; ის სხვადასხვა მეთოდისა და პერსპექტივის საშუალებით გვმოძღვრავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და, ამავდროულად, თავის გულისთქმას გვიზიარებს. მის სიტყვებს სიცოცხლის ძალა აქვს, ისინი გვიჩვენებს გზას, რომელსაც უნდა მივყვეთ და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება. მისი სიტყვები სულ უფრო მეტად გვიზიდავს, ყურადღებას ვაქცევთ მისი საუბრის ტონსა და მანერას და ქვეცნობიერად ამ შეუმჩნეველი ადამიანის გულისთქმასაც ვითვალისწინებთ. ის ჩვენთვის მთელი გულით იღვწის, ჩვენ გამო კარგავს ძილსა და მადას, ჩვენთვის ტირის, ოხრავს და სნეულებაში გმინავს; ის ითმენს დამცირებას ჩვენი საბოლოო სამყოფელისა და გადარჩენისთვის, ჩვენი გაქვავება და ურჩობა კი მის გულს სისხლსა და ცრემლს ადენს. არცერთ ჩვეულებრივ ადამიანს არ აქვს ასეთი არსება და კუთვნილება; ვერცერთი გახრწნილი ადამიანი ვერ ფლობს და ვერ მიაღწევს მათ. ის ისეთ სულგრძელობასა და მოთმინებას ფლობს, რომელიც არცერთ უბრალო მოკვდავს არ გააჩნია, და მისი სიყვარული არ არის ისეთი რამ, რაც რომელიმე ქმნილებას გააჩნია. მის გარდა არავის შეუძლია იცოდეს ჩვენი ყველა ფიქრი, ან საკუთარი ხელისგულივით იცნობდეს ჩვენს ბუნებასა და არსს, ან განსაჯოს კაცობრიობის ურჩობა და გარყვნილება, ან ასე მოგვმართოს და იმუშაოს ჩვენზე ზეციერი ღმერთის სახელით. მის გარდა არავინ ფლობს ღვთის ავტორიტეტს, სიბრძნესა და ღირსებას; ღვთის ბუნება, მისი არსი და თვისებები სრულად მასშია გამოხატული. მის გარდა არავის შეუძლია გვიჩვენოს გზა და მოგვიტანოს სინათლე. მის გარდა ვერავინ გაგვიმხელს იმ საიდუმლოებებს, რომლებიც ღმერთს სამყაროს შექმნიდან დღემდე არ გაუცხადებია. მის გარდა ვერავინ დაგვიხსნის სატანის ბორკილებისგან და ჩვენივე გარყვნილი ბუნებისგან. ის წარმოადგენს ღმერთს; ის გადმოსცემს ღვთის გულისთქმას, მის შეგონებებს და მთელი კაცობრიობის მიმართ წარმოთქმულ ღვთის სამსჯავროს სიტყვებს. მან გახსნა ახალი ეპოქა, ახალი ერა, შექმნა ახალი ცა და დედამიწა და დაიწყო ახალი საქმე; მან მოგვიტანა იმედი და დაასრულა ჩვენი ბუნდოვანი მდგომარეობა, რითაც საშუალება მოგვცა, მთელი არსებით დაგვენახა გადარჩენის გზა. მან დაიპყრო ჩვენი მთელი არსება და მოიპოვა ჩვენი გულები. იმ მომენტიდან ჩვენს გულებს თვალი აეხილა, ჩვენი სული კი თითქოს გამოცოცხლდა: ეს უბრალო, უმნიშვნელო ადამიანი, რომელიც ჩვენს შორის ცხოვრობს და რომელსაც ასე დიდხანს უარვყოფდით — ნუთუ ის არ არის უფალი იესო, რომელიც მუდამ ჩვენს ფიქრებშია, ცხადში თუ ძილში, და რომელსაც დღე და ღამე ვნატრობთ? ეს ის არის! ნამდვილად ის არის! ის ჩვენი ღმერთია! ის არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე! მან მოგვცა ძალა, კვლავ გვეცოცხლა და გვეხილა ნათელი; მან შეაჩერა ჩვენი გულების ხეტიალი. ჩვენ დავბრუნდით ღვთის სახლში, დავბრუნდით მისი საყდრის წინაშე; ჩვენ პირისპირ ვართ მასთან, ვიხილეთ მისი სახე და დავინახეთ გზა, რომელიც წინ გადაგვეშალა. ამჟამად, ჩვენი გულები სრულად არის მის მიერ დაპყრობილი; ჩვენ აღარ გვეპარება ეჭვი იმაში, თუ ვინ არის ის, აღარ ვეწინააღმდეგებით მის საქმესა და სიტყვას და მის წინაშე მუხლმოდრეკილნი ვემხობით. ჩვენ სხვა არაფერი გვსურს, თუ არა მთელი დარჩენილი ცხოვრება მივყვეთ ღვთის კვალს, ვიქნეთ მის მიერ სრულქმნილნი, გადავუხადოთ მას მადლი და მივაგოთ სიყვარული, გვსურს, დავემორჩილოთ მის განკარგულებებსა და მოწყობას, ვითანამშრომლოთ მის საქმესთან და ყველაფერი გავაკეთოთ იმის შესასრულებლად, რაც მან მოგვანდო.

ღვთის მიერ ადამიანის დაპყრობა საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებას ჰგავს.

ღვთის თითოეული სიტყვა ჩვენს სასიკვდილო წერტილებს ხვდება, რაც გვტკენს და გვაშინებს. ის აშიშვლებს ჩვენს წარმოდგენებს, წარმოსახვებსა და გარყვნილ ხასიათს. დაწყებული ჩვენი თითოეული სიტყვითა და მოქმედებით, ჩვენი თითოეული ნაბიჯით, დამთავრებული ჩვენი თითოეული ფიქრითა და იდეით, ჩვენი ბუნების არსი მის სიტყვებში მჟღავნდება, რაც შიშსა და კანკალში გვაგდებს, და აღარ ვიცით, სად დავმალოთ ჩვენი სირცხვილი. ის სათითაოდ გვესაუბრება ჩვენს ყველა ქმედებაზე, მიზანსა თუ განზრახვაზე, იმ გახრწნილ ხასიათზეც კი, რომელიც ჩვენ თვითონ არასდროს აღმოგვიჩენია, რაც გვაგრძნობინებს, რომ მთელი ჩვენი უბადრუკი არასრულყოფილებით სრულიად მხილებულნი ვართ და უფრო მეტიც, სრულად დამარცხებულნი. იგი გვასამართლებს (განგვსჯის) იმისთვის, რომ მას ვეწინააღმდეგებოდით; გვსჯის იმისთვის, რომ მას ვგმობდით და ვასამართლებდით; და გვაგრძნობინებს, რომ მის თვალში ჩვენში არც ერთი გამომსყიდველი თვისებაც კი არ არის, რომ ჩვენ ცოცხალი სატანები ვართ. ჩვენი იმედები იმსხვრევა, ვეღარ ვბედავთ მისთვის რაიმე უგუნური მოთხოვნის წაყენებას ან მის მიმართ რაიმე განზრახვის ქონას, ჩვენი ოცნებებიც კი ერთ ღამეში ქრება. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა და ვერ მიიღებდა. მყისიერად ვკარგავთ შინაგან წონასწორობას და აღარ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელიც წინ გვიძევს, ან როგორ გავაგრძელოთ, გვწამდეს. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ჩვენი რწმენა საწყის წერტილს დაუბრუნდა და თითქოს უფალ იესოს არასდროს შევხვედრივართ ან არასდროს გვცნობია იგი. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, დაბნეულობით გვავსებს და მერყეობისკენ გვიბიძგებს. შეძრწუნებულები და იმედგაცრუებულები ვართ, გულის სიღრმეში კი დაუოკებელ ბრაზსა და სირცხვილს ვგრძნობთ. ვცდილობთ, დავიცალოთ, გამოსავალი ვიპოვოთ და, რაც მთავარია, კვლავ დაველოდოთ ჩვენს მხსნელ იესოს, რათა მას გადავუშალოთ გული. თუმცა გარეგნულად ზოგჯერ ისე გამოვიყურებით, თითქოს მშვიდად ვიყოთ, არც მეტისმეტად ამპარტავნულად და არც ზედმეტად თავმდაბლად, გულში კი მაინც გვტანჯავს დანაკარგის ისეთი შეგრძნება, როგორიც მანამდე არასდროს განგვიცდია. თუმცა ზოგჯერ გარეგნულად უჩვეულოდ მშვიდებიც კი ვჩანვართ, ჩვენი გონება ტანჯვით დუღს, მსგავსად ქარიშხლიანი ზღვისა. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ წაგვართვა ყოველგვარი იმედი და ოცნება; ბოლო მოუღო ჩვენს გადამეტებულ სურვილებს და იქამდეც კი მიგვიყვანა, რომ გვიჭირს დავიჯეროთ, რომ ის ჩვენი მაცხოვარია და ჩვენი გადარჩენა შეუძლია. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ ჩვენსა და მას შორის უფსკრული გააჩინა, იმდენად ღრმა, რომ მისი გადალახვა არავის სურს. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ პირველად გვაგემა ცხოვრებაში ასეთი დიდი მარცხი და ასეთი დიდი დამცირება. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ ნამდვილად გვაგრძნობინა ღვთის ღირსება და ის, რომ ის შეუწყნარებელია ადამიანის მხრიდან შეურაცხყოფის მიმართ; მასთან შედარებით, ჩვენ უკიდურესად მდაბიონი და უკიდურესად ბილწნი ვართ. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ პირველად დაგვანახა ჩვენი ამპარტავნება და ქედმაღლობა და ის, რომ ადამიანი ვერასდროს გაუტოლდება ღმერთს და ვერ შეედრება მას. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ აღგვიძრა სურვილი, რომ აღარ ვიცხოვროთ ასეთი გახრწნილი ხასიათით, რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ ბუნების არსს და აღარ ვიყოთ მისთვის საძულველნი და საზიზღარნი. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ გაგვიჩინა მზაობა, დავემორჩილოთ მის სიტყვებს და აღარასდროს აღვუდგეთ წინ მის განგებასა და განრიგს. მისმა სამსჯავრომ და გაკიცხვამ კვლავ მოგვცა სიცოცხლის სურვილი და გაგვაბედნიერა იმით, რომ ის ჩვენს მხსნელად ვაღიარეთ... ჩვენ გამოვედით დაპყრობის საქმისგან, გამოვედით ჯოჯოხეთიდან, გამოვედით სიკვდილის აჩრდილთა ველიდან... ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგვიპოვა ჩვენ, ადამიანთა ეს ჯგუფი! მან გაიმარჯვა სატანაზე და დაამარცხა თავისი მრავალრიცხოვანი მტერი!

ჩვენ ზუსტად ასეთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ, სატანური გახრწნილი ხასიათის მქონენი, ისინი, ვინც ღმერთმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ამოირჩია, და ის გაჭირვებულნი, ვინც მან წუმპიდან ამოიყვანა. ჩვენ ოდესღაც უარვყოფდით და ვგმობდით ღმერთს, ახლა კი მის მიერ დაპყრობილნი ვართ. ღვთისგან მივიღეთ სიცოცხლე და საუკუნო ცხოვრება. დედამიწის რომელ კუთხეშიც უნდა ვიყოთ, რა დევნასა და განსაცდელსაც უნდა ვუძლებდეთ, ჩვენ ვერ განვშორდებით ყოვლისშემძლე ღვთის ხსნას. რამეთუ ის არის ჩვენი შემოქმედი და ჩვენი ერთადერთი გამოსყიდვა!

ღვთის სიყვარული წყაროს წყალივით მოედინება და გეძლევა შენ, მე, სხვებს და ყველას, ვინც გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას და ელოდება ღვთის გამოჩინებას.

ისევე, როგორც მზისა და მთვარის ამოსვლა ენაცვლება ერთმანეთს, ღვთის საქმეც არასოდეს წყდება, ის აღესრულება შენზე, ჩემზე, სხვებზე და ყველაზე, ვინც მიჰყვება ღმერთის ნაკვალევს და იღებს მის სამსჯავროსა და გაკიცხვას.

2010 წლის 23 მარტი

წინა:  ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger