ბიბლიის შესახებ (1)

როგორ უნდა მივუდგეთ ბიბლიას ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში? ეს პრინციპის საკითხია. რატომ გვაქვს თანაზიარება ამ საკითხზე? იმიტომ, რომ მომავალში ფართოდ უნდა იქადაგოთ სახარება და გაავრცელოთ სასუფევლის ეპოქის საქმე; მხოლოდ იმის ცოდნა, რაც დღეს ღვთის საქმეზე იცით, საკმარისი არ არის. მისი საქმის გასავრცელებლად უფრო მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ ადამიანთა ძველი რელიგიური წარმოდგენებთან და რწმენის ძველ მეთოდებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და მათი სრულად დარწმუნება — ამ მიზნის მიღწევა კი ბიბლიას უკავშირდება. მრავალი წლის განმავლობაში ადამიანთა რწმენის ტრადიციული მეთოდი (ქრისტიანობის, მსოფლიოს სამი მთავარი რელიგიიდან ერთ-ერთის) ბიბლიის კითხვა იყო; ბიბლიიდან გადახვევა არ არის უფლის რწმენა, ბიბლიიდან გადახვევა მწვალებლობა და ერესია და მაშინაც კი, როდესაც ადამიანები სხვა წიგნებს კითხულობენ, ამ წიგნების საფუძველს ბიბლიის განმარტება უნდა წარმოადგენდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ შენ გწამს უფალი, მაშინ უნდა იკითხო ბიბლია და ბიბლიის მიღმა არ უნდა სცე თაყვანი არცერთ წიგნს, რომელიც ბიბლიას არ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ღალატობ ღმერთს. ბიბლიის შექმნის დღიდან ადამიანთა ღვთისადმი რწმენა ბიბლიისადმი რწმენად იქცა. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, ადამიანებს უფალი სწამთ, აჯობებს ვთქვათ, რომ მათ ბიბლია სწამთ; ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, მათ ბიბლიის კითხვა დაიწყეს, აჯობებს ვთქვათ, რომ მათ ბიბლიის რწმენა დაიწყეს; და ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, ისინი უფლის წინაშე დაბრუნდნენ, აჯობებს ვთქვათ, რომ ისინი ბიბლიის წინაშე დაბრუნდნენ. ამგვარად, ადამიანები ბიბლიას ისე სცემენ თაყვანს, თითქოს ის ღმერთი იყოს, მას თავიანთ სასიცოცხლო ძალად მიიჩნევენ და მისი დაკარგვა მათთვის სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასია. ადამიანები ბიბლიას ღვთის თანასწორად მიიჩნევენ და არიან ისეთებიც, ვინც მას ღმერთზე მაღლა აყენებს. თუ ადამიანები სულიწმიდის საქმის გარეშე არიან და ვერ გრძნობენ ღვთის არსებობას, მათ შეუძლიათ, განაგრძონ ცხოვრება — მაგრამ როგორც კი დაკარგავენ ბიბლიას ან დაკარგავენ ბიბლიის ცნობილ თავებსა და გამონათქვამებს, ეს მათთვის სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასია. ამიტომ, როგორც კი ადამიანები ირწმუნებენ უფალს, ისინი იწყებენ ბიბლიის კითხვასა და დაზეპირებას და რაც უფრო მეტად დაიზეპირებენ მას, ეს მით უფრო მეტად ამტკიცებს იმას, რომ მათ უყვართ უფალი და დიდი რწმენა აქვთ. ისინი, რომლებმაც წაიკითხეს ბიბლია და რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ სხვებთან საუბარი, საუკეთესო დები და ძმები არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ადამიანთა ღვთისადმი რწმენა და ერთგულება ბიბლიის გაგების ხარისხით იზომებოდა. ადამიანთა უმეტესობას უბრალოდ არ ესმის, რატომ უნდა სწამდეთ ღმერთი ან როგორ უნდა სწამდეთ იგი და მხოლოდ ბრმად ეძებენ მინიშნებებს ბიბლიის თავების გასაშიფრად. ადამიანები არასოდეს ეძიებდნენ სულიწმიდის საქმის მიმართულებას; მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისინი მხოლოდ თავგამოდებით სწავლობდნენ და იკვლევდნენ ბიბლიას და არავის არასოდეს უპოვია სულიწმიდის უფრო ახალი საქმე ბიბლიის მიღმა. ვერავინ გადაუხვევს ბიბლიიდან გადახვევა და არც არავის გაუბედავს ეს. ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში სწავლობდნენ ბიბლიას, უამრავი განმარტება მოიფიქრეს და ამდენი შრომა გასწიეს; მათ ასევე აქვთ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ბიბლიის შესახებ, რაზეც დაუსრულებლად კამათობენ, რის შედეგადაც დღეს ორ ათასზე მეტი სხვადასხვა კონფესია ჩამოყალიბდა. ყველას სურს იპოვოს რაიმე აღმატებული განმარტება ან უფრო ღრმა საიდუმლოებები ბიბლიაში. მათ სურთ მისი გამოკვლევა და მასში იეჰოვას მიერ ისრაელში აღსრულებული საქმის ან იუდეაში იესოს მიერ აღსრულებული საქმის საფუძვლების ან სხვა ისეთი საიდუმლოებების პოვნა, რომლებიც სხვამ არავინ იცის. ადამიანთა მიდგომა ბიბლიისადმი აკვიატებებსა და რწმენას ეფუძნება და არავის აქვს ნათელი წარმოდგენა ბიბლიის მიღმა არსებულ რეალურ ისტორიასა თუ ბიბლიის არსზე. ადამიანებს დღესაც კი აქვთ ენით აუწერელი გაოცების გრძნობა, როდესაც საქმე ბიბლიას ეხება და კიდევ უფრო მეტად არიან შეპყრობილნი მისით და კიდევ უფრო მეტი რწმენა აქვთ მის მიმართ. დღეს ყველას სურს ბიბლიაში იპოვოს უკანასკნელი დღეების საქმის წინასწარმეტყველებები, მათ სურთ გაარკვიონ, რა საქმეს აღასრულებს ღმერთი უკანასკნელ დღეებში და რა ნიშნები არსებობს უკანასკნელი დღეებისთვის. ამგვარად, მათი თაყვანისცემა ბიბლიისადმი უფრო მგზნებარე ხდება და რაც უფრო ახლოვდება უკანასკნელი დღეები, მით უფრო ბრმად იჯერებენ ბიბლიის წინასწარმეტყველებებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც უკანასკნელ დღეებს ეხება. ბიბლიისადმი ასეთი ბრმა რწმენისა და ნდობის გამო მათ არ აქვთ სურვილი, ეძიონ სულიწმიდის საქმე. მათი წარმოდგენით მხოლოდ ბიბლიას შეუძლია მოიტანოს სულიწმიდის საქმე; მხოლოდ ბიბლიაში შეუძლიათ იპოვონ ღვთის ნაბიჯები; მხოლოდ ბიბლიაშია დაფარული ღვთის საქმის საიდუმლოებები; მხოლოდ ბიბლიას — და არა სხვა წიგნებს ან ადამიანებს — შეუძლია ნათელი მოჰფინოს ღვთის შესახებ ყოველივეს და მისი საქმის სისრულეს; ბიბლიას შეუძლია ზეციური საქმის დედამიწაზე ჩამოტანა და ბიბლიას შეუძლია ეპოქების დაწყებაც და დასრულებაც. ამ წარმოდგენებით ადამიანებს არ აქვთ სულიწმიდის საქმის ძიების სურვილი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა დახმარებას უწევდა ბიბლია ადამიანებს წარსულში, ის ღვთის უახლესი საქმის დამაბრკოლებლად იქცა. ბიბლიის მიღმა ადამიანებს შეუძლიათ ღვთის ნაბიჯების სხვაგან ძიება, თუმცა დღეს მისი ნაბიჯები ბიბლიის მიერ არის „შემოსაზღვრული“ და ღვთის უახლესი საქმის გავრცელება უბრალოდ ორმაგად გაძნელდა და მძიმე ბრძოლად იქცა. ეს ყოველივე ბიბლიის ცნობილი თავებისა და გამონათქვამების, ასევე ბიბლიის მრავალრიცხოვანი წინასწარმეტყველებების შედეგია. ბიბლია ადამიანთა გონებაში კერპად იქცა, ის მათ ტვინში თავსატეხად გადაიქცა და უბრალოდ არ შესწევთ უნარი დაიჯერონ, რომ ღმერთს შეუძლია ბიბლიის მიღმა იმოქმედოს; მათ არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის პოვნა ბიბლიის მიღმა და მით უმეტეს, არ ძალუძთ დაიჯერონ, რომ ღმერთს შეუძლია საბოლოო საქმის აღსრულებისას ბიბლიის ფარგლებს გასცდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ეს ადამიანებისთვის წარმოუდგენელია; მათ არ შეუძლიათ ამის დაჯერება და არც წარმოდგენა. ბიბლია იქცა უდიდეს დამაბრკოლებლად ადამიანების მიერ ღვთის უფრო ახალი საქმის მისაღებად და სირთულედ ღვთის უფრო ახალი საქმის გასავრცელებლად. ამრიგად, თუ თქვენ არ გესმით ბიბლიის მიღმა არსებული რეალური ისტორია, ვერ შეძლებთ სახარების წარმატებულად და ფართოდ ქადაგებას და ვერც ახალი საქმის ფართოდ დამოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვენ არ კითხულობთ ბიბლიას, თქვენ მაინც უკიდურესად კეთილგანწყობილნი ხართ მის მიმართ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიბლია შესაძლოა არ გიჭირავთ ხელში, მაგრამ თქვენი მრავალი წარმოდგენა სწორედ მისგან მომდინარეობს. თქვენ არ გესმით ბიბლიის წარმოშობა ან ღვთის საქმის წინა ორი ეტაპის რეალური ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხშირად არ კითხულობთ ბიბლიას, უნდა გესმოდეთ იგი, უნდა შეიძინოთ სწორი ცოდნა ბიბლიის შესახებ და მხოლოდ ამ საშუალებით შეძლებთ გაიგოთ, თუ რას წარმოადგენს ღვთის ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმა. თქვენ გამოიყენებთ ამ ყველაფერს ადამიანთა დასარწმუნებლად, რათა აღიარონ, რომ ეს ნაკადი არის ჭეშმარიტი გზა, რათა აღიარონ, რომ გზა, რომელზეც დღეს დადიხართ, არის ჭეშმარიტების გზა, რომ მას სულიწმიდა წარმართავს და რომ ის არცერთ ადამიანს არ გაუკვალავს.

მას შემდეგ, რაც ღმერთმა რჯულის ეპოქის საქმე აღასრულა, შეიქმნა ძველი აღთქმა და სწორედ მაშინ დაიწყო ხალხმა ბიბლიის კითხვა. იესოს მოსვლის შემდეგ ღმერთმა აღასრულა მადლის ეპოქის საქმე და მისმა მოციქულებმა დაწერეს ახალი აღთქმა. სწორედ ასე შეიქმნა ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმა და დღემდე ყველა, ვისაც ღმერთი სწამს, კითხულობს ბიბლიას. ბიბლია ისტორიული წიგნია. რა თქმა წუნდა, ის ასევე მოიცავს წინასწარმეტყველთა ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და ასეთი წინასწარმეტყველებები არავითარ შემთხვევაში არ არის ისტორია. ბიბლია რამდენიმე ნაწილისგან შედგება — მასში არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველება ან მხოლოდ იეჰოვას საქმე და არც მხოლოდ პავლეს ეპისტოლეებია. უნდა იცოდე, რამდენ ნაწილს მოიცავს ბიბლია; ძველი აღთქმა მოიცავს დაბადებას, გამოსვლას... ასევე არსებობს წინასწარმეტყველური წიგნები, რომლებიც წინასწარმეტყველებმა დაწერეს. ძველი აღთქმა სრულდება მალაქიას წიგნით. ძველ აღთქმაში აღწერილია რჯულის ეპოქის საქმე, რომელსაც იეჰოვა აღასრულებდა; დაბადებიდან მალაქიას წიგნამდე, ეს არის რჯულის ეპოქის მთელი საქმის ყოვლისმომცველი ჩანაწერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველ აღთქმაში აღწერილია ყველაფერი, რაც განიცადეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც იეჰოვა მიუძღვოდა რჯულის ეპოქაში. ძველი აღთქმის რჯულის ეპოქაში იეჰოვამ აღადგინა უამრავი წინასწარმეტყველი, რათა მათ მისი სახელით ეწინასწარმეტყველათ, მიეცათ მითითებები სხვადასხვა ტომისა და ერისთვის და ეწინასწარმეტყველათ ის საქმე, რომელსაც იეჰოვა შეასრულებდა. ამ ადამიანებს, რომლებიც აღდგენილნი იყვნენ, იეჰოვასგან წინასწარმეტყველების სული ჰქონდათ მინიჭებული. მათ შეეძლოთ ეხილათ ხილვები იეჰოვასგან და მოესმინათ მისი ხმა და ამგვარად, ისინი შთაგონებულნი იყვნენ მის მიერ და წერდნენ წინასწარმეტყველებებს. საქმე, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, იყო იეჰოვას ხმის გამოძახილი, იეჰოვას წინასწარმეტყველების გამოხატვა, ხოლო იეჰოვას საქმე იმ დროს უბრალოდ სულის მეშვეობით ადამიანთა წარმართვა იყო; ის არ განკაცებულა და ადამიანებს მისი სახე არ უხილავთ. ამრიგად, მან აღადგინა მრავალი წინასწარმეტყველი თავისი საქმის შესასრულებლად და მისცა მათ გამოცხადებები, რომლებიც მათ ისრაელის ყველა ტომსა და გვარს გადასცეს. მათი საქმე წინასწარმეტყველება იყო და ზოგიერთმა მათგანმა ჩაიწერა იეჰოვას მითითებები, რათა სხვებისთვის ეჩვენებინა. იეჰოვამ აღადგინა ეს ადამიანები წინასწარმეტყველებისთვის, რათა ეწინასწარმეტყველათ მომავლის საქმე ან ის საქმე, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო იმ დროს, რათა ადამიანებს ეხილათ იეჰოვას საოცრება და სიბრძნე. ეს წინასწარმეტყველური წიგნები სრულიად განსხვავდებოდა ბიბლიის სხვა წიგნებისგან; ეს იყო სიტყვები, რომლებიც წარმოთქვეს ან დაწერეს მათ, ვისაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა მინიჭებული — მათ, ვინც მიიღო ხილვები ან ხმა იეჰოვასგან. წინასწარმეტყველური წიგნების გარდა, ძველ აღთქმაში ყველაფერი დანარჩენი შედგება იმ ჩანაწერებისგან, რომლებიც ადამიანებმა იეჰოვას მიერ თავისი საქმის დასრულების შემდეგ გააკეთეს. ეს წიგნები ვერ ჩაანაცვლებს იეჰოვას მიერ აღდგენილ წინასწარმეტყველთა მიერ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს; მაგალითად, „დაბადება“ და „გამოსვლა“ არ შეიძლება შევადაროთ ესაიას წიგნსა და დანიელის წიგნს. წინასწარმეტყველებები წარმოთქვეს საქმის აღსრულებამდე; ხოლო სხვა წიგნები დაიწერა საქმის დასრულების შემდეგ, რაც ადამიანთა შესაძლებლობების ფარგლებში იყო. იმ დროის წინასწარმეტყველები იეჰოვას მიერ იყვნენ შთაგონებულნი და მათ წარმოთქვეს გარკვეული წინასწარმეტყველებები; მათ მრავალი სიტყვა წარმოთქვეს და იწინასწარმეტყველეს მადლის ეპოქის მოვლენები ისევე, როგორც სამყაროს განადგურება უკანასკნელ დღეებში — ის საქმე, რომლის შესრულებასაც იეჰოვა გეგმავდა. ყველა დანარჩენი წიგნი აღწერს იეჰოვას მიერ ისრაელში შესრულებულ საქმეს. ამრიგად, როდესაც ბიბლიას კითხულობთ, თქვენ ძირითადად ეცნობით იმას, თუ რა მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელში; ბიბლიის ძველი აღთქმა ძირითადად აღწერს იეჰოვას საქმეს, როგორ წინამძღოლობდა ისრაელს, მის მიერ მოსეს გამოყენებას ისრაელიტების ეგვიპტიდან გამოსაყვანად, ფარაონის ბორკილებისგან მათ გასათავისუფლებლად და უდაბნოში წასაყვანად, მათ შემდგომ შესვლას ქანაანში და შემდეგ მათ ცხოვრებას ქანაანში. ყველაფერი დანარჩენი წარმოადგენს მთელ ისრაელში იეჰოვას მიერ აღსრულებული საქმის ჩანაწერებს. ძველ აღთქმაში ასახულია იეჰოვას საქმე ისრაელში — ანუ ის საქმე, რომელიც იეჰოვამ აღასრულა მიწაზე, სადაც ადამი და ევა შექმნა. მას შემდეგ, რაც ნოეს შემდგომ ღმერთმა ოფიციალურად დაიწყო დედამიწაზე ადამიანთა წარმართვა, ძველ აღთქმაში ასახული ყოველივე ისრაელის საქმეს წარმოადგენს. და რატომ არ არის ასახული არანაირი საქმე ისრაელის მიღმა? რადგან ისრაელის მიწა კაცობრიობის აკვანია და დასაბამში ისრაელის გარდა სხვა ერები არ არსებობდნენ და იეჰოვას სხვაგან არსად უმოქმედია. ამგვარად, ის, რაც ბიბლიის ძველ აღთქმაშია ჩაწერილი, არის მხოლოდ ღვთის იმჟამინდელი საქმე ისრაელში. წინასწარმეტყველთა - ესაიას, დანიელის, იერემიასა და ეზეკიელის მიერ წარმოთქმული სიტყვები... მათი სიტყვები წინასწარმეტყველებს ღვთის მიერ დედამიწაზე აღსრულებულ სხვა საქმეს, თავად იეჰოვა ღმერთის საქმეს. ეს მთლიანად ღვთისგან მომდინარეობდა, ეს სულიწმიდის საქმე იყო და წინასწარმეტყველთა ამ წიგნების გარდა, ყველაფერი დანარჩენი წარმოადგენს იმ დროს იეჰოვას საქმეებთან დაკავშირებული ადამიანური გამოცდილების ჩანაწერებს.

შექმნის საქმე კაცობრიობის გაჩენამდე აღსრულდა, მაგრამ დაბადების წიგნი მხოლოდ კაცობრიობის გაჩენის შემდეგ დაიწერა; ეს იყო წიგნი, რომელიც მოსემ რჯულის ეპოქაში დაწერა. ეს ჰგავს იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს თქვენ შორის ხდება: თქვენ ასახავთ მომხდარ მოვლენებს, რათა მომავალში აჩვენოთ ადამიანებს, ხოლო მომავლის ადამიანებისთვის ის, რაც შენ ჩაიწერე, წარსულში მომხდარი მოვლენებია — ისინი უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც ისტორიული ფაქტები. ძველ აღთქმაში ასახული მოვლენები არის იეჰოვას საქმე ისრაელში, ხოლო ის, რაც ახალ აღთქმაშია ჩაწერილი, არის იესოს საქმე მადლის ეპოქაში; მათში ასახულია ღვთის მიერ ორ სხვადასხვა ეპოქაში აღსრულებული საქმე. ძველი აღთქმა აღრიცხავს ღვთის საქმეს რჯულის ეპოქაში, ამიტომ ძველი აღთქმა ისტორიული წიგნია. ახალი აღთქმა მადლის ეპოქის საქმის ნაყოფია და როდესაც ახალი საქმე დაიწყო, ახალი აღთქმაც მოძველდა, ამიტომ ახალი აღთქმაც ისტორიული წიგნია. რა თქმა უნდა, ახალი აღთქმა არ არის ისეთი სისტემური, როგორც ძველი აღთქმა და არც იმდენ მოვლენას აღწერს. იეჰოვას მიერ წარმოთქმული მრავალი სიტყვა ბიბლიის ძველ აღთქმაშია ჩაწერილი მაშინ, როცა იესოს სიტყვების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი ოთხ სახარებაში. რა თქმა უნდა, იესომაც ბევრი საქმე აღასრულა, მაგრამ ეს დეტალურად არ ასახულა. ახალ აღთქმაში ნაკლებია ჩაწერილი, რადგან იესომ ნაკლები საქმე აღასრულა; დედამიწაზე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მის მიერ აღსრულებული საქმის მოცულობა და მოციქულთა საქმე ბევრად ჩამოუვარდებოდა იეჰოვას საქმეს. და ამრიგად, ახალი აღთქმა უფრო ნაკლები რაოდენობით წიგნს მოიცავს, ვიდრე ძველი აღთქმა.

ზუსტად როგორი წიგნია ბიბლია? ძველი აღთქმა არის ღვთის საქმე რჯულის ეპოქაში. ბიბლიის ძველი აღთქმა აღწერს იეჰოვას მიერ რჯულის ეპოქაში აღსრულებულ მთელ საქმეს და მისი შექმნის საქმეს. ის მთლიანად აღწერს იეჰოვას მიერ აღსრულებულ საქმეს და საბოლოოდ ასრულებს იეჰოვას საქმის ჩანაწერებს მალაქიას წიგნით. ძველი აღთქმა აღწერს ღვთის მიერ აღსრულებულ ორ საქმეს: ერთი არის შექმნის საქმე, ხოლო მეორე — სჯულის კანონი. ორივე იეჰოვას მიერ შესრულებული საქმე იყო. რჯულის ეპოქა წარმოადგენს საქმეს იეჰოვა ღმერთის სახელით; ეს არის იმ საქმის სისრულე, რომელიც ძირითადად იეჰოვას სახელით სრულდებოდა. ამრიგად, ძველი აღთქმა აღწერს იეჰოვას საქმეს. ახალი აღთქმა აღწერს იესოს საქმეს, რომელიც ძირითადად იესოს სახელით აღსრულდებოდა. იესოს სახელის მნიშვნელობა და მის მიერ შესრულებული საქმე ძირითადად ახალ აღთქმაშია ჩაწერილი. ძველი აღთქმის რჯულის ეპოქაში იეჰოვამ აღაშენა ტაძარი და სამსხვერპლო ისრაელში, ის წარმართავდა ისრაელიანთა ცხოვრებას დედამიწაზე, რითაც ამტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ მისი რჩეული ხალხი, ადამიანთა პირველი ჯგუფი, რომელიც მან დედამიწაზე გამოარჩია და რომელიც მის განზრახვებს შეესაბამებოდა, პირველი ჯგუფი, რომელსაც ის პირადად მიუძღვოდა. ისრაელის თორმეტი ტომი იეჰოვას პირველი რჩეული ხალხი იყო, ამიტომ ის მუდამ მოქმედებდა მათში, რჯულის ეპოქაში იეჰოვას საქმის დასრულებამდე. საქმის მეორე ეტაპი იყო ახალი აღთქმის მადლის ეპოქის საქმე და ის სრულდებოდა იუდეველთა შორის, ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთში. ამ საქმის მასშტაბი უფრო მცირე იყო, რადგან იესო განკაცებული ღმერთი იყო. იესო მხოლოდ იუდეის მიწაზე მოქმედებდა და მხოლოდ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში აღასრულებდა საქმეს; ამრიგად, ის, რაც ახალ აღთქმაშია ჩაწერილი, შორს არის იმისგან, რომ გადააჭარბოს ძველ აღთქმაში ჩაწერილი საქმის მოცულობას. მადლის ეპოქაში იესოს საქმე ძირითადად ოთხ სახარებაშია ჩაწერილი. გზა, რომელიც მადლის ეპოქის ადამიანებმა განვლეს, იყო მათი სიცოცხლე-განწყობის ყველაზე ზედაპირული ცვლილებების გზა, რომელთა უმეტესობაც ეპისტოლეებშია ჩაწერილი. ეპისტოლეები აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებდა სულიწმიდა იმ დროს. (რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, პავლემ გაკიცხვა მიიღო თუ უბედურება დაატყდა თავს, საქმეში, რომელსაც ის ასრულებდა, სულიწმიდის მიერ იყო დამოძღვრილი, ის იყო ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა იყენებდა იმ დროს; პეტრესაც იყენებდა სულიწმიდა, მაგრამ მას პავლესავით ბევრი საქმე არ შეუსრულებია. თუმცა პავლეს საქმე შეიცავდა ადამიანურ მინარევებს, პავლეს მიერ დაწერილი ეპისტოლეებიდან ჩანს, თუ როგორ მოქმედებდა სულიწმიდა იმ დროს. გზა, რომელზეც პავლე მიუძღვოდა, მართებული იყო, ის სწორი იყო და ეს იყო გზა, რომელსაც სულიწმიდა მიჰყვებოდა.)

თუ შენ გსურს, იხილო რჯულის ხანის საქმე დაგაიგო, როგორ მიჰყვებოდნენ ისრაელიანები იეჰოვას გზას, მაშინ ძველი აღთქმა უნდა წაიკითხო; ხოლო თუ გსურს შეიმეცნო მადლის ხანის საქმე, მაშინ ახალი აღთქმა უნდა წაიკითხო. მაგრამ როგორ შეძლებ იხილო ბოლო ჟამის საქმე? შენ უნდა აღიარო ღვთის წინამძღოლობა და დღევანდელ დღეს ჩაერთო საქმეში. რადგან ეს არის ახალი საქმე, რომლის შესახებ ბიბლიაში ჯერ არავის ჩაუწერია. დღეს ღმერთი განკაცდა და ჩინეთში სხვა რჩეულები გამოარჩია. ღმერთი მოქმედებს ამ ადამიანებში, ის განაგრძობს თავის საქმეს დედამიწაზე და აგრძელებს მადლის ხანის საქმეს. დღევანდელი საქმე არის გზა, რომელზეც ადამიანს არასოდეს გაუვლია და გზა, რომელიც არავის უნახავს. ეს არის საქმე, რომელიც მანამდე არასოდეს შესრულებულა - ეს არის ღვთის უახლესი საქმე დედამიწაზე. ამდენად, საქმე, რომელიც აქამდე არ შესრულებულა, ისტორია ვერ იქნება, რადგან აწმყო არის აწმყო — ის ჯერ არ გადაქცეულა წარსულად. ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთმა უფრო დიდი და ახალი საქმე შეასრულა დედამიწაზე, ისრაელის ფარგლებს გარეთ, რომ ეს საქმე უკვე გასცდა ისრაელის საზღვრებსა და წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ ეს არის ახალი და საკვირველი საქმე, რომელიც არ ასახულა წინასწარმეტყველებებში. ეს არის ახალი საქმე ისრაელის გარეთ, რომლის აღქმა და წარმოდგენა ადამიანს არ ძალუძს. როგორ შეიძლება ბიბლიაში ასახულიყო ასეთი საქმის შესახებ ზუსტი ჩანაწერები? ვის შეეძლო წინასწარ დღევანდელი საქმის უმცირესი დეტალიც კი აესახა ისე, რომ არაფერი გამორჩენოდა? ვის შეეძლო ამ უფრო დიდი, უფრო ბრძნული საქმის, რომელიც არღვევს დადგენილ წესებს, ჩაწერა იმ წიგნში, რომელიც იმდენად ძველია, რომ ობი მოედო? ამჟამინდელი საქმე არ არის ისტორია და ამგვარად, თუ შენ გსურს იარო დღევანდელი ახალი გზით, მაშინ შენ უნდა დატოვო ბიბლია, უნდა გასცდე ბიბლიაში არსებულ წინასწარმეტყველურ ან ისტორიულ წიგნებს. მხოლოდ მაშინ შეძლებ ახალ გზაზე სათანადოდ სიარულს და მხოლოდ მაშინ შეძლებ ახალ საუფლოში და ახალ საქმეში შესვლას. უნდა გესმოდეს, რატომ გთხოვენ დღეს, რომ არ წაიკითხო ბიბლია, რატომ არსებობს სხვა საქმე, რომელიც განცალკევებულია ბიბლიისგან, რატომ არ ეძებს ღმერთი უფრო ახალ, უფრო დეტალურ პრაქტიკას ბიბლიაში და რატომ არსებობს ამის ნაცვლად უფრო ძლევამოსილი საქმე ბიბლიის მიღმა. ეს ყოველივე არის ის, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ. შენ უნდა იცოდე განსხვავება ძველ და ახალ საქმეს შორის და მიუხედავად იმისა, რომ არ კითხულობ ბიბლიას, უნდა შეგეძლოს მისი გაანალიზება; წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ კვლავაც თაყვანს სცემ ბიბლიას და გაგიჭირდება ახალ საქმეში შესვლა და ახალი ცვლილებების განცდა. რადგან არსებობს უფრო მაღალი გზა, რატომ უნდა შეისწავლო ის დაბალი, მოძველებული გზა? რადგან არსებობს უფრო ახალი გამონათქვამები და უფრო ახალი საქმე, რატომ უნდა იცხოვრო კვლავაც ძველ ისტორიულ ჩანაწერებს შორის? ახალ გამონათქვამებს შეუძლია შენთვის საზრდოს მოცემა, რაც ამტკიცებს, რომ ეს არის ახალი საქმე; ძველ ჩანაწერებს არ შეუძლია შენი დანაყრება ან შენი ამჟამინდელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ისტორიაა და არა ამჟამინდელი საქმე. უმაღლესი გზა არის უახლესი საქმე და ახალი საქმის პირობებში, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო წარსულის გზა, ის მხოლოდ ისტორიაა, რომელსაც ადამიანები იხსენებენ და რა საცნობარო ღირებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას, ის მაინც ძველი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ის „წმინდა წიგნშია“ ჩაწერილი, ძველი გზა ისტორიაა; მიუხედავად იმისა, რომ „წმინდა წიგნში“ არ მოიპოვება არცერთი გვერდი, რომელიც მას აღწერს, ახალი გზა ამჟამინდელია. ამ გზას შეუძლია შენი გადარჩენა და ამ გზას შეუძლია შენი შეცვლა, რადგან ეს სულიწმიდის საქმეა.

თქვენ ყველას უნდა გესმოდეთ ბიბლია — ეს საქმე უკიდურესად აუცილებელია! დღეს შენ აღარ გჭირდება ბიბლიის კითხვა, რადგან მასში არაფერია ახალი; ყველაფერი ძველია. ბიბლია ისტორიული წიგნია და შენ რომ მადლის ეპოქაში ძველი აღთქმა გეჭამა და გესვა და შენ რომ მადლის ეპოქაში პრაქტიკაში გამოგეყენებინა ის, რაც ძველი აღთქმის დროს მოითხოვებოდა, მაშინ იესო უარგყოფდა და მსჯავრს დაგდებდა; შენ რომ ძველი აღთქმა იესოს საქმესთან მიმართებით გამოგეყენებინა, შენ ფარისეველი იქნებოდი. თუ დღეს შენ ძველ და ახალ აღთქმას ერთად შეჭამ და შესვამ და პრაქტიკაში გამოიყენებ, მაშინ ღმერთი დღეს მსჯავრს დაგდებს; შენ ჩამორჩები სულიწმიდის დღევანდელ საქმეს! თუ შენ ჭამ და სვამ ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას, მაშინ შენ სულიწმიდის ნაკადის მიღმა ხარ! იესოს დროს უფალი მიუძღვებოდა იუდეველებს და ყველას, ვინც მას მიჰყვებოდა, იმ დროს მასში სულიწმიდის საქმის შესაბამისად. ის არ იღებდა ბიბლიას თავისი ქმედებების საფუძვლად, არამედ საუბრობდა თავისი საქმის შესაბამისად; ის ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ რას ამბობდა ბიბლია და არც ბიბლიაში ეძებდა გზას თავისი მიმდევრების წარმართვისთვის. თავისი საქმის დაწყებისთანავე უფალი ქადაგებდა მონანიების გზას — სიტყვა „მონანიება“ კი საერთოდ არ იყო ნახსენები ძველი აღთქმის მრავალრიცხოვან წინასწარმეტყველებებში. ის არა მხოლოდ არ მოქმედებდა ბიბლიის მიხედვით, არამედ მიუძღვებოდა უფრო ახალი გზით და ასრულებდა უფრო ახალ საქმეს. ქადაგებისას ის არასოდეს იშველიებდა ბიბლიას. რჯულის ეპოქაში არავის არასოდეს შეეძლო შეესრულებინა ავადმყოფთა განკურნებისა და დემონთა განდევნის მისი სასწაულები. ასევე, მისი საქმე, მისი სწავლებები და მისი სიტყვის ხელმწიფება და ძალა აღემატებოდა რჯულის ეპოქის ნებისმიერ ადამიანს. იესო უბრალოდ ასრულებდა თავის უფრო ახალ საქმეს და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი ბიბლიის გამოყენებით მსჯავრს სდებდა მას — და ძველი აღთქმაც კი გამოიყენეს მის ჯვარზე საცმელად — მისი საქმე აღემატებოდა ძველ აღთქმას; ასე რომ არ ყოფილიყო, რატომ აცვეს ადამიანებმა ის ჯვარს? განა იმიტომ არა, რომ ძველ აღთქმაში არაფერი იყო ნათქვამი მის სწავლებებზე და ავადმყოფთა განკურნებისა და დემონთა განდევნის მის ძალაზე? მისი საქმე აღსრულდებოდა უფრო ახალი გზის გასაკვალად და არა ბიბლიასთან განზრახ საბრძოლველად ან ძველი აღთქმის განზრახ გასაუქმებლად. უფალი უბრალოდ მოვიდა თავისი მსახურების აღსასრულებლად, რათა ახალი საქმე მოეტანა მათთვის, ვინც ესწრაფვოდა და ეძიებდა მას. ის არ მოსულა ძველი აღთქმის განმარტების ან მისი საქმის დაცვის მიზნით. მისი საქმე არ ემსახურებოდა რჯულის ეპოქის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფას. ის არ ითვალისწინებდა იმას, ედო თუ არა მის საქმეს საფუძვლად ბიბლია, არამედ უბრალოდ მოვიდა იმ საქმის აღსასრულებლად, რომელიც უნდა შეესრულებინა, ამიტომ მას არ განუმარტავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები და არც ძველი აღთქმის რჯულის ეპოქის სიტყვების მიხედვით უმოქმედია. ის უგულებელყოფდა იმას, რასაც ძველი აღთქმა ამბობდა, არ ადარდებდა, ეთანხმებოდა თუ არა ის მის საქმეს და არც ის ადარდებდა, თუ რა იცოდნენ სხვებმა მისი საქმის შესახებ, ან როგორ სდებდნენ მას მსჯავრს. ის უბრალოდ განაგრძობდა იმ საქმის შესრულებას, რომელიც უნდა შეესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებს იყენებდა მისთვის მსჯავრის დასადებად. ადამიანებისთვის ისე ჩანდა, თითქოს მის საქმეს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და მისი დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ძველი აღთქმის ჩანაწერებს. განა ეს ადამიანის მცდარობა არ იყო? სჭირდება კი ღმერთს თავის საქმეში წესების გამოყენება? და უნდა იმოქმედოს თუ არა ღმერთმა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებების მიხედვით? საბოლოო ჯამში, რომელი უფრო დიდია: ღმერთი თუ ბიბლია? რატომ უნდა იმოქმედოს ღმერთმა ბიბლიის მიხედვით? ნუთუ ღმერთს არ აქვს უფლება, გადააჭარბოს ბიბლიას? განა არ შეუძლია ღმერთს ბიბლიის მიღმა სხვა საქმის აღსრულება? რატომ არ იცავდნენ შაბათს იესო და მისი მოწაფეები? თუ ის შაბათისა და ძველი აღთქმის მცნებების შესაბამისად პრაქტიკას განახორციელებდა, რატომ არ იცავდა იესო შაბათს თავისი მოსვლის შემდეგ, არამედ ამის ნაცვლად ფეხებს ბანდა, თავს იბურავდა, პურს ტეხდა და ღვინოს სვამდა? განა ეს ყოველივე არ აკლია ძველი აღთქმის მცნებებს? თუ იესო ძველ აღთქმას მიჰყვებოდა, რატომ დაარღვია მან ეს წესები? უნდა იცოდე, რომელი იყო პირველი, ღმერთი თუ ბიბლია! რადგან ის შაბათის უფალია, განა არ შეეძლო ასევე ყოფილიყო ბიბლიის უფალიც?

საქმემ, რომელიც იესომ ახალი აღთქმის დროს აღასრულა, ახალ საქმეს დაუდო სათავე. ის არ მოქმედებდა ძველი აღთქმის საქმის მიხედვით და არც ძველ აღთქმაში იეჰოვას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იყენებდა. ის თავის საქმეს აღასრულებდა, რომელიც იყო უფრო ახალი დარომელიც რჯულზე მაღლა იდგა. ამრიგად, მან თქვა: „ნუ გგონიათ, რომ რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად“. ამგვარად, იმის შესაბამისად, რაც მან აღასრულა, მრავალი წესი დაირღვა. შაბათს, როდესაც მან მოწაფეები მარცვლეულის ყანებში გაატარა, ისინი მარცვლეულის თავთავებს წყვეტდნენ და ჭამდნენ; ის არ იცავდა შაბათს და თქვა: „ძე კაცისა შაბათის უფალიცაა“. იმ დროს, ისრაელიანთა წესების თანახმად, ვინც შაბათს არ დაიცავდა, ქვებით ჩაქოლავდნენ. თუმცა, იესო არც ტაძარში შესულა და არც შაბათი დაუცავს და მისი საქმე არ შეუსრულებია იეჰოვას ძველი აღთქმის დროს. ამრიგად, იესოს მიერ აღსრულებული საქმე ძველი აღთქმის რჯულის ფარგლებს გასცდა და მასზე მაღლა იდგა. უფალი თავისი საქმის აღსრულებისას არ მიჰყვებოდა ძველ აღთქმას. მადლის ეპოქაში იესო უკვე აღარ მოქმედებდა ძველი აღთქმის რჯულის მიხედვით და უკვე დარღვეული ჰქონდა ეს წესები. მაგრამ ისრაელიტები მაინც სასტიკად ებღაუჭებოდნენ წერილებს და მსჯავრს სდებდნენ იესოს — განა ეს იესოს საქმის უარყოფა არ იყო? დღეს რელიგიური სამყაროც სასტიკად ებღაუჭება ბიბლიას და ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ბიბლია წმინდა წიგნია და ის აუცილებლად უნდა იკითხებოდეს“. ზოგიერთი ამბობს: „რა დროც არ უნდა გავიდეს, ღვთის საქმის გაუქმება შეუძლებელია. ძველი აღთქმა არის ღვთის აღთქმა ისრაელიტებთან და მისი გაუქმება არ შეიძლება, შაბათი კი მუდამ უნდა იყოს დაცული!“ განა ისინი მეტისმეტად აბსურდულნი არ არიან? რატომ არ იცავდა იესო შაბათს? სცოდავდა ის? ვის შეუძლია ამ საკითხის საფუძვლიანად გაგება? როგორც არ უნდა კითხულობდნენ ადამიანები ბიბლიას, შეუძლებელი იქნება ღვთის საქმის შეცნობა მათი წვდომის უნარის გამოყენებით. ისინი არა მხოლოდ ვერ მოიპოვებენ ღვთის წმინდა შემეცნებას, არამედ მათი წარმოდგენები კიდევ უფრო აღმაშფოთებელი გახდება, ისე, რომ ისინი ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევას დაიწყებენ. დღეს ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, ადამიანები საკუთარი წარმოდგენებით დაიღუპებოდნენ და ღვთის გაკიცხვაში აღმოხდებოდათ სული.

წინა:  ღვთის საქმის ხედვა (3)

შემდეგი:  ბიბლიის შესახებ (2)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger