როგორ ამოვიცნოთ ღმერთი დედამიწაზე

თქვენ ყველას ერთი სურვილი გამოძრავებთ – მიიღოთ ღმერთის ჯილდო და მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ. სწორედ ამ იმედით იწყებენ ადამიანები ღმერთის რწმენას, რამეთუ ადამიანის გონება მაღალი მიზნებისკენ სწრაფვით არის დაკავებული და არავის სურს, ამ პროცესში ვინმემ აჯობოს. უბრალოდ ასეთია ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით, ბევრი თქვენგანი მუდმივად ცდილობს ზეცაში მყოფი ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვებას, სინამდვილეში კი თქვენი ერთგულება და გულწრფელობა ღმერთის მიმართ ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის ერთგულება და გულწრფელობა, რაც საკუთარი თავის მიმართ გაგაჩნიათ. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ თქვენს ერთგულებას ღმერთისადმი საერთოდ არ ვაღიარებ. მეტიც, უარვყოფ იმ ღმერთის არსებობას, რომელიც თქვენს გულებშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი, რომელსაც თქვენ განადიდებთ – ის ბუნდოვანი ღმერთი, რომელსაც ეთაყვანებით – სინამდვილეში არ არსებობს. ასე გადაჭრით ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ ძალიან შორს ხართ ჭეშმარიტი ღმერთისგან. თქვენი ერთგულების მიზეზი, თქვენს გულებში არსებული კერპია, ხოლო მე – ღმერთს, რომელსაც არც დიდად მიმიჩნევთ და არც მცირედ – მხოლოდ სიტყვებით მაღიარებთ. როდესაც ვამბობ, რომ ღმერთისგან შორს ხართ, ვგულისხმობ, რომ ჭეშმარიტი ღმერთისგან ხართ შორს, ბუნდოვანი ღმერთი კი თითქოს თქვენს გვერდითაა. როდესაც ვამბობ „არც დიდად მიმიჩნევთ“, ვგულისხმობ, რომ ღმერთი, რომელიც თქვენ დღეს გწამთ, თქვენთვის ერთ ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავს, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები არ გააჩნია, ანუ არის ადამიანი, რომელიც არც ისე დიადია. ხოლო სიტყვები „არც მცირედ“ ნიშნავს, რომ მართალია, ამ ადამიანს არ ძალუძს ქარისა და წვიმის გამოწვევა, მას შეუძლია ღვთის სულის მოხმობა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც შეარყევს ცასა და დედამიწას, ადამიანებს კი სრულ დაბნეულობაში დატოვებს. გარეგნულად, თქვენ ყველანი თითქოს ძალიან მორჩილები ხართ ამქვეყნიური ქრისტეს მიმართ, მაგრამ სინამდვილეში არც გწამთ და არც გიყვართ იგი. ანუ რეალურად თქვენ გწამთ თქვენივე საკუთარი გრძნობებით შექმნილი ბუნდოვანი ღმერთი და გიყვართ ის ღმერთი, რომლის გამოჩენასაც დღედაღამ მოელით, თუმცა არასდროს გინახავთ. ამ ქრისტეს მიმართ თქვენი რწმენა უმცირესია, ხოლო სიყვარული კი არარსებული. რწმენა ნიშნავს გულით დაჯერებასა და ნდობას, სიყვარული კი – ადამიანის გულში არსებულ უშრეტ თაყვანისცემასა და აღტაცებას. თქვენი რწმენა და სიყვარული დღევანდელი ქრისტეს მიმართ, ამ ყველაფრისგან ძალზედ შორსაა. როდესაც საქმე რწმენას ეხება, რაში გამოიხატება თქვენი რწმენა ღმერთისადმი? და როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, როგორ გიყვართ ღმერთი? თქვენ ხომ საერთოდ არ იცნობთ მის ხასიათს, მეტიც, წარმოდგენაც კი არ გაქვთ მისი არსის შესახებ. მაშ, როგორ შეიძლება გწამდეთ მისი? სად ჩანს თქვენი რწმენის რეალობა? და როგორ გიყვართ იგი? სად ჩანს მისდამი თქვენი სიყვარულის რეალობა?

ბევრი ადამიანი დღემდე უყოყმანოდ მომყვება, რის გამოც, ამ წლების განმავლობაში, ძალიან გადაიქანცეთ. თითოეული თქვენგანის ზნეობა და ჩვევები ჩემი ხუთი თითივით შევისწავლე, თუმცა თქვენთან ურთიერთობა უაღრესად რთული აღმოჩნდა. სამწუხაროა ის, რომ მე ბევრი რამ გავიგე თქვენზე, თქვენ კი ჩემზე ვერაფერი. ამიტომ არაა გასაკვირი, რასაც ხალხი ამბობს, რომ თქვენ, დაბნეულობის ჟამს, სატყუარას წამოეგეთ. და მართლაც, თქვენ ვერ ჩასწვდით ჩემს ხასიათს; ასევე მიუწვდომელია თქვენთვის იმის გაცნობიერება, თუ რა ფიქრებითაა ჩემი გონება მოცული. დღეს, თქვენი მცდარი შეხედულებები ჩემ შესახებ თოვლის ზვინივით იზრდება, ხოლო თქვენი რწმენა ჩემ მიმართ, კვლავ ჩიხში მომწყვდეული რწმენაა. იმის თქმის ნაცვლად, რომ ჩემი გწამთ, უფრო სწორი იქნებოდა გეთქვათ, რომ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობთ და მეპირფერებით. თქვენი მოტივაცია მარტივია: მე გავყვები ნებისმიერს, ვისაც ჩემი დაჯილდოება შეუძლია და ვიწამებ მას, ვინც შემაძლებინებს დიდი უბედურებისგან თავის დახსნას – განურჩევლად იმისა, იქნება ეს ღმერთი თუ რომელიმე სხვა ღმერთი. ეს ყველაფერი ჩემი საქმე არ არის. ასეთი ადამიანები თქვენ შორის უამრავია და ეს ძალზედ სერიოზული მდგომარეობაა. ერთ დღეს გამოცდა რომ ჩატარდეს იმის დასადგენად, თუ რამდენ თქვენგანს სწამს ქრისტე მისი არსის გააზრების გამო, ვშიშობ, რომ თქვენ ჩემს მოლოდინებს ვერ გაამართლებთ. ამიტომ, კარგი იქნება თუკი დაფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: ღმერთი, რომლისაც თქვენ გწამთ, ძლიერ განსხვავდება ჩემგან. მაშ, რაში მდგომარეობს თქვენი რწმენის არსი? რაც უფრო მეტად გწამთ თქვენი ეგრეთ წოდებული ღმერთის, მით უფრო მშორდებით მე. მაშ, რა არის ამ საკითხის არსი? ცხადია, რომ ამ თემაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ ოდესმე მოგსვლიათ თავში აზრად თუ რაოდენ სერიოზულია ეს საკითხი? გიფიქრიათ, რა შედეგები მოჰყვება ამგვარ რწმენაში დარჩენას?

დღეს, უამრავი პრობლემის წინაშე დგახართ, თუმცა არცერთ თქვენგანს არ შეუძლია პრობლემების ოსტატურად გადაჭრა. ეს სიტუაცია თუ არ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ დარჩებით წაგებული. პრობლემების გამოვლენაში მე დაგეხმარებით, მათი გადაჭრა კი თქვენზეა დამოკიდებული.

გულით მიხარია იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც სხვებს ეჭვის თვალით არ უყურებენ. მომწონთ ისინი, ვინც მზად არიან მიიღონ ჭეშმარიტება. ამ ორ კატეგორიას განსაკუთრებით ვუფრთხილდები, რადგან ჩემს თვალში ისინი პატიოსანი ადამიანები არიან. თუმცა, თუ მზაკვარი ადამიანი ხარ, მაშინ ყველასა და ყველაფრის მიმართ უნდობი და ეჭვიანი იქნები; შესაბამისად, ჩემდამი შენი რწმენაც ეჭვებზე იქნება აგებული. ასეთ რწმენას ვერასდროს ვაღიარებ. ჭეშმარიტი რწმენის გარეშე შენ ჭეშმარიტ სიყვარულსაც მოკლებული ხარ. და თუ ღმერთში ეჭვის შეტანა და მასზე სპეკულირება გჩვევია, მაშინ უდავოა — შენზე მზაკვარი ადამიანი ძნელად მოიძებნება. შენ ვარაუდობთ, შეიძლება თუ არა ღმერთი ადამიანს ჰგავდეს — იყოს უპატიებლად ცოდვილი, მეწვრილმანე, მიუკერძოებლობისა და გონიერებისგან დაცლილი, სამართლიანობის გრძნობის არმქონე, მანკიერი ქმედებებისკენ მიდრეკილი, მოღალატე და მზაკვარი, ბოროტებისა და სიბნელის მოყვარული და ა.შ. განა ასეთი აზრების მიზეზი არ არის ის, რომ თქვენ, ადამიანები, ღმერთს საერთოდ არ იცნობთ? სწორედ ასეთი რწმენაა ცოდვა! არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ მლიქვნელი და ქლესა ადამიანები იწვევენ ჩემს მოწონებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთ უნარებს არ ფლობენ, ღმერთის სახლში არასასურველები არიან და იქ მათი ადგილი არ მოიძებნება. ნუთუ ესაა ის ერთადერთი ცოდნა, რაც ამდენი წლის განმავლობაში შეიძინეთ? ეს არის სულ თქვენი მონაპოვარი? თუმცა, თქვენი ცოდნა ჩემ შესახებ ამ მცდარი შეხედულებებით არ შემოიფარგლება. უარესია ის, რომ გმობთ ღმერთის სულს და ლანძღავთ ცათა სასუფეველს. ამიტომაც ვამბობ, რომ ასეთი რწმენა მხოლოდ გაიძულებთ, კიდევ უფრო გადაუხვიოთ ჩემს გზას და მეტად დამიპირისპირდეთ. მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე თქვენ არაერთი ჭეშმარიტება იხილეთ, მაგრამ ის თუ იცით, რა მოისმინა ჩემმა ყურებმა? რამდენი თქვენგანია მზად ჭეშმარიტების მისაღებად? თქვენ ყველანი ფიქრობთ, რომ მზად ხართ ჭეშმარიტებისთვის „საფასური გადაიხადოთ“, მაგრამ რამდენ თქვენგანს განუცდია ნამდვილი ტანჯვა ჭეშმარიტებისათვის? თქვენს გულებში არაფერია, გარდა უსამართლობისა, რაც გაფიქრებინებთ, რომ ყველა ადამიანი — ვინც არ უნდა იყოს ის — ერთნაირად მზაკვარი და ხელმრუდია. და ეს ისე მტკიცედ გწამთ, რომ ფიქრობთ, თითქოს განკაცებული ღმერთი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ადამიანი — კეთილი გულის ან დიდსულოვანი სიყვარულის გარეშე. მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ კეთილშობილური სათნოება და მოწყალება, დიდსულოვანი ბუნება, მხოლოდ ზეციურ ღმერთს ახასიათებს. გჯერათ, რომ ასეთი წმინდანი დედამიწაზე არ არსებობს, რომ აქ მხოლოდ სიბნელე და ბოროტება მეფობს, ხოლო ღმერთი მხოლოდ ადამიანების სურვილების ობიექტია — სიკეთისა და სილამაზის შესახებ მათ მიერ შექმნილი ლეგენდარული ფიგურა. თქვენს წარმოდგენაში ზეციური ღმერთი ძალიან სათნო, სამართლიანი და დიადია, ღირსი თაყვანისცემისა და აღტაცებისა, ხოლო მიწიერი ღმერთი — ზეციური ღმერთის მხოლოდ შემცვლელი და ინსტრუმენტია. თქვენ გჯერათ, რომ მიწიერი ღმერთი ვერ გაუტოლდება ზეციურ ღმერთს — მით უმეტეს, არ შეიძლება მათი თანასწორად მოხსენიება. როდესაც საუბარია ღმერთის სიდიადესა და კეთილშობილებაზე, ეს ყველაფერი ზეციური ღმერთის დიდებას მიეწერება, ხოლო როცა საქმე ადამიანის ბუნებასა და გახრწნილობას შეეხება, ამ თვისებების ჩამოყალიბებაში მიწიერი ღმერთის ხელი ურევია. თქვენთვის ზეციური ღმერთი მარად ამაღლებულია, მიწიერი კი მუდამ უმნიშვნელო, სუსტი და უუნარო. ზეციურ ღმერთს არ აქვს ხორციელი გრძნობები — მხოლოდ სამართლიანობით ხელმძღვანელობს, ხოლო მიწიერი ღმერთი მხოლოდ ეგოისტურ მოტივებს ემორჩილება და არ გააჩნია სამართლიანობა ან გონიერება. ზეციური ღმერთი ოდნავადაც არ არის ცბიერი და მუდამ ერთგულია, ხოლო მიწიერ ღმერთს ყოველთვის აქვს არაკეთილსინდისიერი მხარე. ზეციურ ღმერთს უზომოდ უყვარს ადამიანი, ხოლო დედამიწაზე მყოფი ღმერთი არასაკმარის ზრუნვას იჩენს ადამიანის მიმართ და ზოგჯერ სრულიად უგულებელყოფს კიდეც მას. ეს მცდარი ცოდნა უკვე დიდი ხანია თქვენს გულებშია ჩაბუდებული — და შესაძლოა მომავალშიც ასე დარჩეს. თქვენ ქრისტეს ყველა საქმეს ბიწიერი თვალით უყურებთ და მის ყველა ქმედებას, ვინაობასა და არსს, ბოროტების პერსპექტივიდან აფასებთ. თქვენ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვით და გააკეთეთ ის, რაც თქვენს წინამორბედებს არასდროს ჩაუდენიათ: დღემდე ემსახურებით მხოლოდ ზეცაში მყოფ, ამაღლებულ და გვირგვინით მოსილ ღმერთს და არასდროს გიმსახურიათ იმ ღმერთისთვის, რომელიც იმდენად უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ, რომ ვერც კი ამჩნევთ. ნუთუ ეს არ არის ცოდვა? განა ეს არ არის ღმერთის ხასიათის წინააღმდეგ თქვენი დანაშაულის კლასიკური მაგალითი? თქვენ მგზნებარედ ეთაყვანებით ზეციურ ღმერთს, მოწიწებით იდრეკთ მუხლს დიდებული კერპების წინაშე, აღფრთოვანებული ხართ მჭევრმეტყველი ადამიანებით და სრულ მზადყოფნაში ხართ, ემსახუროთ ღმერთს, რომელიც სიმდიდრით გავსებთ და გულით გწადიათ ისეთი ღმერთი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ. ერთადერთი ღმერთი, რომელსაც არ ეთაყვანებით, სწორედ ის არის, რომელიც არ არის ამაღლებული; ერთადერთი რამ, რაც გძულთ, ამ ღმერთთან ურთიერთობაა, რომელსაც არავინ სცემს პატივს. ერთადერთი ღმერთი, რომლის მსახურებაც არ გსურთ, არის ის, რომელსაც ერთი თეთრიც კი არ უბოძებია თქვენთვის არასდროს. და ღმერთი, რომელიც ვერ გაიძულებთ მისკენ სწრაფვას, არის ეს „არამიმზიდველი“ ღმერთი. ამ ღმერთს არ შეუძლია თქვენი თვალსაწიერის გაფართოება, თქვენში იმ განცდის გაღვივება, თითქოს საგანძური იპოვეთ და არც თქვენი სურვილების შესრულება. მაშ, რატომ მიჰყვებით მას? დაფიქრებულხართ ოდესმე ამ კითხვაზე? თქვენი საქციელი არა მხოლოდ ამ ქრისტეს შეურაცხყოფს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზეციურ ღმერთსაც. ვფიქრობ, ეს არ არის ღმერთისადმი თქვენი რწმენის მიზანი!

თქვენი სანუკვარი სურვილია, ღმერთს ასიამოვნოთ, მაგრამ რეალურად მისგან შორს ხართ. რატომ ხდება ასე? თქვენ მხოლოდ მის სიტყვებს იღებთ, მაგრამ არა მის გასხვლას, მით უმეტეს, არ შეგიძლიათ მიიღოთ მისი ყოველი განგება, რათა გქონდეთ მისი სრული რწმენა. მაშ, რა გამოდის აქედან? საბოლოო ჯამში, თქვენი რწმენა ცარიელი კვერცხის ნაჭუჭს ჰგავს — ისეთს, საიდანაც წიწილა ვერასდროს დაიბადება. თქვენმა რწმენამ არც ჭეშმარიტება მოგიტანათ და არც სიცოცხლე; მან მხოლოდ შეგიქმნათ ილუზორული საზრდოსა და იმედის განცდა. სწორედ ეს ილუზორული საზრდო და იმედის განცდაა თქვენი მიზანი ღმერთის რწმენაში — და არა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამიტომაც ვამბობ, რომ ღმერთისადმი თქვენი რწმენის გზა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვების მაამებლური და ურცხვი მცდელობა, რასაც ჭეშმარიტ რწმენას ვერ დავარქმევთ. მაშ, როგორ „დაიბადება წიწილა“ ასეთი რწმენიდან? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას შეიძლება მიაღწიოთ ასეთი რწმენით? თქვენი რწმენა ერთ მიზანს ემსახურება — ღმერთის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. განა ეს არ არის ღმერთის ხასიათის წინააღმდეგ თქვენი დანაშაული? თქვენ გწამთ ზეციური ღმერთის, მაგრამ უარყოფთ მის არსებობას დედამიწაზე. არ ვეთანხმები თქვენს შეხედულებებს. მე ვაღიარებ მხოლოდ მათ, ვინც რეალურად, მიწაზე მყარად მდგომი, ემსახურება მიწიერ ღმერთს და არასდროს ვაქებ მათ, ვინც არ აღიარებს დედამიწაზე მყოფ ქრისტეს. რამდენად ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები ზეციური ღმერთის მიმართ, საბოლოოდ ისინი ვერ დაუსხლტებიან ჩემს ხელს — ხელს, რომელიც სჯის ბოროტებას. ეს ადამიანები ბოროტები არიან — ბოროტია ის, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება და არასდროს ყოფილა ქრისტეს მიმართ გულწრფელ მორჩილებაში. რა თქმა უნდა, მათ რიცხვში შედის ყველა, ვინც არ იცნობს და მით უმეტეს არ აღიარებს ქრისტეს. ნუთუ ფიქრობთ, რომ თუ ზეციური ღმერთის ერთგული იქნებით, შეგიძლიათ ქრისტეს ისე მოექცეთ, როგორც მოგესურვებათ? ცდებით! თუ ქრისტეს არ იცნობთ, მაშინ არც ზეციურ ღმერთს იცნობთ. რაც არ უნდა ერთგული იყოთ ზეციური ღმერთის მიმართ, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მოჩვენებითი რწმენაა. მიწიერი ღმერთი არა მხოლოდ ეხმარება ადამიანს ჭეშმარიტების გააზრებასა და ღრმა ცოდნის მიღებაში, არამედ, რაც მთავარია, განსჯის ადამიანს და საბოლოოდ, ფაქტებზე დაყრდნობით, სჯის ბოროტებას. ახლა ხვდებით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს — როგორც სასარგებლო, ისე დამღუპველი? გამოგიცდიათ ეს შედეგები საკუთარ თავზე? მსურს, რომ ერთ დღეს — რაც შეიძლება მალე — შეიცნოთ ჭეშმარიტება: ღმერთის შესაცნობად საჭიროა, იცნობდეთ არა მხოლოდ ზეციურ ღმერთს, არამედ ასევე, და უფრო მეტად, მიწიერ ღმერთს. ნუ აურევთ ერთმანეთში პრიორიტეტებს და ნუ დააყენებთ მეორეხარისხოვან საკითხებს მთავარზე წინ. მხოლოდ ასე შეძლებთ ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობის აგებას, მასთან დაახლოებას და გულით მისკენ მიბრუნებას. თუ წლებია ერთგულად გწამთ ღმერთის და დიდი ხანია ჩემთან ურთიერთობთ, მაგრამ მაინც შორს ხართ ჩემგან, მაშინ მე ვამბობ, რომ თქვენ ხშირად ეწინააღმდეგებით ღმერთის ხასიათს და თქვენი საბოლოო ხვედრი ძალიან მძიმე იქნება. თუკი ჩემთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ ვერ გაქციათ ადამიანობისა და ჭეშმარიტების მქონე პიროვნებად, არამედ პირიქით — ხასიათში ჩაგინერგათ ბოროტი მიდრეკილებები, გაზარდა თქვენში ამპარტავნობა და კიდევ უფრო გააძლიერა თქვენი მცდარი შეხედულებები ჩემ შესახებ — იმდენად, რომ საკუთარ პატარა თანამზრახველადაც კი მთვლით — მაშინ უნდა იცოდეთ: თქვენი სენი ზედაპირული აღარაა, არამედ უკვე ძვლებშია გამჯდარი. მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენიათ — დაელოდოთ თქვენს დასასრულს. მაშინ აღარ დაგჭირდებათ თხოვნა, რომ ვიყო თქვენი ღმერთი, რადგან თქვენ უკვე ჩაიდინეთ მომაკვდინებელი და მიუტევებელი ცოდვა. თუნდაც შემეძლოს თქვენი შეწყალება, ზეციური ღმერთი დაჟინებით მოითხოვს თქვენი სიცოცხლის დასრულებას, რადგან თქვენი დანაშაული ღმერთის ხასიათის წინააღმდეგ ერთი ჩვეულებრივი კი არა, უკიდურესად სერიოზული პრობლემაა. და როცა ეს დრო მოვა, ნუ მეტყვით, რომ არ გაგაფრთხილეთ. საბოლოო ჯამში, დასკვნა ერთია: როცა ქრისტეს — მიწაზე მყოფ ღმერთს — უბრალო ადამიანად აღიქვამთ და ისე მოეპყრობით, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, სწორედ მაშინ დაიღუპებით. ეს არის ჩემი ერთადერთი შეგონება თქვენთვის, ყველასთვის.

წინა:  ღვთის ხასიათის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია

შემდეგი:  ძალიან სერიოზული პრობლემა: ღალატი (1)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger