თავი 41
როგორ მოქმედებს ღმერთი ადამიანზე? გაერკვიეთ ამაში? გაქვთ მკაფიო წარმოდგენა ამაზე? და როგორ მოქმედებს იგი ეკლესიაში? როგორია თქვენი გაგება ამასთან დაკავშირებით? ოდესმე დაფიქრებულხარ ამ კითხვებზე? რისი აღსრულება სურს მას თავისი მოქმედებით ეკლესიაში? მკაფიოდ გესმის ეს ყველაფერი? თუ არა, მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ამაო და ფუჭია! შეეხო ეს სიტყვები შენს გულს? მხოლოდ აქტიური წინსვლა პასიური უკანდახევის გარეშე — შეუძლია ამას ღვთის განზრახვების აღსრულება? საკმარისია უგნური თანამშრომლობა? რა უნდა გაკეთდეს, თუ ხილვები არ გესმის მკაფიოდ? განა შეიძლება, რომ არ ეძიებდე? ღმერთი ამბობს: „ერთ დროს ადამიანებს შორის დიდი წამოწყება განვახორციელე, მაგრამ მათ ეს ვერ შეამჩნიეს, ამიტომ იძულებული გავხდი, ჩემი სიტყვით ნაწილ-ნაწილ გამემჟღავნებინა ეს მათთვის. ადამიანებმა მაინც ვერ გაიგეს ჩემი სიტყვები და უმეცარნი დარჩნენ ჩემი გეგმის მიზნის მიმართ.“ რას ნიშნავს ეს სიტყვები? ოდესმე გიფიქრია ამ მიზანზე? მართლაც რაიმე მიზნის გარეშე, ბრმად აკეთებდა ღმერთი ამას? რა აზრი ექნებოდა ამას? თუ ეს მიზანი შენთვის ბუნდოვანი და გაუგებარია, მაშინ როგორღა მიიღწევა ჭეშმარიტი თანამშრომლობა? ღმერთი ამბობს, რომ მთელი კაცობრიობის სწრაფვები უსაზღვრო ზღვებზეა, ცარიელ სიტყვებსა და მოძღვრებებს შორის. რაც შეეხება თქვენს სწრაფვებს, თვით შენც არ შეგიძლია ახსნა, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ის. რისი აღსრულება სურს ღმერთს ადამიანში? ამ ყოველივეზე მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეს. ნუთუ ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ უარყოფითი მხრიდან შეარცხვინონ დიდი წითელი დრაკონი? დიდი წითელი დრაკონის შერცხვენის შემდეგ, ნუთუ ღმერთი უბრალოდ ხელცარიელი წავა მთებში და იქ განმარტოებით იცხოვრებს? მაინც რა სურს ღმერთს? ნუთუ მართლაც ადამიანის გული სურს? ანდა მისი სიცოცხლე? ან მისი ქონება და კუთვნილება? რა ფასი აქვს ამ ყველაფერს? ეს ღმერთს არაფერში სჭირდება. განა ღმერთმა მხოლოდ იმისთვის გააკეთა ამდენი საქმე ადამიანთან დაკავშირებით, რომ ის სატანაზე თავისი გამარჯვების მტკიცებულებად გამოეყენებინა, რათა თავისი „შესაძლებლობების“ გამოვლენა შეძლებოდა? მაშინ განა ღმერთი საკმაოდ „უმნიშვნელოდ“ არ გამოჩნდებოდა? მართლაც ასეთი ღმერთია იგი? ბავშვივითაა, რომელიც უფროსებს სხვებთან ჩხუბში ითრევს? რა აზრი ექნებოდა ამას? ადამიანი მუდმივად საკუთარი წარმოდგენებით ზომავს ღმერთს. ერთხელ ღმერთმა თქვა: „წელიწადში ოთხი სეზონია, ხოლო თითოეულ სეზონში — სამი თვე“. ადამიანმა მოისმინა ეს სიტყვები, დაიმახსოვრა და სულ იმას ამბობდა, რომ წელიწადში ოთხი სეზონია, სეზონში კი — სამი თვე. როდესაც ღმერთმა ჰკითხა: „რამდენი სეზონია წელიწადში? და რამდენი თვეა სეზონში?“ ადამიანებმა ერთხმად უპასუხეს: „ოთხი სეზონი, სამი თვე.“ ადამიანი მუდმივად ცდილობს, წესებით განსაზღვროს ღმერთი და ახლა, როდესაც „წელიწადში სამი სეზონის, სეზონში კი — ოთხი თვის“ ეპოქაში შევიდა, ადამიანი ისევ ვერ ამჩნევს ამას, თითქოს დაბრმავებულა და ყოველივეში წესებს ეძიებს. და დღეს ადამიანი ცდილობს, თავისი წესები ღმერთს მოარგოს! იგი ჭეშმარიტად ბრმაა! ნუთუ ვერ ხედავს იგი, რომ ახლა აღარ არის „ზამთარი“, არამედ მხოლოდ „გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომაა“? ადამიანი ჭეშმარიტად სულელია! ამ ეტაპზეც ხალხმა არ იცის, როგორ შეიცნოს ღმერთი. ეს ზუსტად იმას ჰგავს, როდესაც ვინმე, 1920-იანი წლებიდან, კვლავ ფიქრობს, რომ ტრანსპორტირება მოუხერხებელია, რომ ყველა ფეხით დადის ან პატარა ვირს მიუძღვება, რომ ადამიანები ნავთის ლამპებს იყენებენ, ან რომ პრიმიტიული ცხოვრების წესი ჯერ კიდევ ჭარბობს. განა ეს ყველაფერი წარმოდგენები არ არის, რომლებიც ადამიანის ტვინში არსებობს? დღეს რატომღა საუბრობს იგი წყალობასა და გულმოწყალებაზე? რა აზრი აქვს ამას? ეს ჰგავს მოხუცი ქალის ბურტყუნს წარსულზე — რაში სჭირდება ვინმეს ეს სიტყვები? ბოლოს და ბოლოს, აწმყო აწმყოა; შეუძლია თუ არა დროს 20 ან 30 წლით უკან დაბრუნება? ყველა ადამიანი დინებას მიჰყვება; ადამიანი რატომ არის ასეთი გონებაშეზღუდული? გაკიცხვის ამჟამინდელ ეპოქაში რა აზრი აქვს წყალობასა და გულმოწყალებაზე საუბარს? წყალობა და გულმოწყალება — ნუთუ მხოლოდ ეს არის ღმერთი? რატომ აგრძელებს ადამიანი „ბზისა და ველური ბოსტნეულის“ შეთავაზებას ამ „ფქვილისა და ბრინჯის“ ეპოქაში? ადამიანი ღმერთს იმას ახვევს თავს, რისი გაკეთებაც მას არ სურს. თუკი იგი ეწინააღმდეგება, „კონტრრევოლუციონერს“ უწოდებენ. არაერთხელ თქმულა, რომ ღმერთი ბუნებით არ არის მოწყალე ან მოსიყვარულე ღმერთი, მაგრამ ვინ უსმენს? ადამიანი მეტისმეტად აბსურდულია. თითქოს ღვთის სიტყვას არანაირი ძალა არ ჰქონდეს. ადამიანი ჩემს სიტყვებს მუდამ სხვა კუთხით აღიქვამს. კაცობრიობა ყოველთვის ჩაგრავდა ღმერთს, თითქოს უდანაშაულო ადამიანებს უსაფუძვლოდ აბრალებდნენ დანაშაულს — მაშ, ვინ შეიძლება იყოს ღმერთთან ერთსულოვანი? თქვენ ყოველთვის გსურთ ღვთის წყალობასა და გულმოწყალებაში ცხოვრება; მაშ, სხვა რა დარჩენია ღმერთს, გარდა იმისა, რომ ადამიანისგან შეურაცხყოფა აიტანოს? თუმცა, ვიმედოვნებ, რომ სანამ ღმერთთან იკამათებთ, გულდასმით გამოიკვლევთ თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა. მიუხედავად ამისა, მოგიწოდებ, ყურადღებით ჩაუღრმავდე ღვთის სიტყვის თავდაპირველ მნიშვნელობას — ნუ მიიჩნევ თავს ჭკვიანად იმის გამო, რომ გჯერა, თითქოს ღვთის სიტყვები ტყუილებითაა „გაბერილი“. ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს! ვის შეუძლია თქვას, რამდენად „გაბერილია“ ღვთის სიტყვა? გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავად ღმერთი ამბობს ამას პირდაპირ ან მკაფიოდ მიანიშნებს ამაზე. ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე. თუ მის სიტყვებში პრაქტიკის გზას დაინახავ, მაშინვე დააკმაყოფილებ მის მოთხოვნებს. კიდევ რისი გაგება გსურს? თუ ღვთის ისეთი აშკარა და მარტივი განცხადების მნიშვნელობასაც ვერ წვდები, როგორიცაა „მე შევწყვეტ ადამიანის სისუსტის მიმართ რაიმე წყალობის გამოჩენას“ მაშინ რა აზრი ექნება შემდგომ შესწავლასა და ძიებას? მექანიკის თუნდაც ყველაზე საბაზისო ცოდნის გარეშე, იქნები კომპეტენტური რომ რაკეტა ააგო? განა ასეთი ადამიანი ცარიელი ტრაბახით არ არის დაკავებული? ადამიანს არ გააჩნია რესურსი, რომ ღვთის საქმე აკეთოს; ეს უბრალოდ ღვთის პატივია. „ემსახურო“ მას ისე, რომ არ იცოდე, რა უყვარს ან რა სძულს — განა უბედურების რეცეპტი არ არის? ადამიანები საკუთარ თავს არ იცნობენ, მაგრამ ფიქრობენ რომ არაჩვეულებრივები არიან. რა კომპეტენცია აქვთ? მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის კარგი ან რა არის ცუდი! გაიღე ძალისხმევა და წარსულს გადახედე, მომავალს კი თვალი შეავლე — როგორ ჟღერს ეს? ამის შემდეგ, შეიცანი საკუთარი თავი.
ღმერთმა დიდწილად ამხილა ადამიანის განზრახვები და მიზნები. მან თქვა: „მხოლოდ მაშინ დავინახე ნათლად ადამიანის განზრახვები და მიზნები. ღრუბლებს შორის გულში ამოვიოხრე: მუდამ საკუთარი თავისთვის რატომ მოქმედებენ ადამიანები? განა ჩემი გაკიცხვა იმისთვის არ არის, რომ სრულქმნილნი გახდნენ? განა განზრახ ვუქვეითებ მათ ენთუზიაზმს?“ ამ სიტყვებიდან საკუთარი თავის შესახებ რა ისწავლეთ? ადამიანის განზრახვები და მიზნები ნამდვილად გაქრა? თავად ჩაუღრმავდით ამას? თქვენ ასევე ღვთის წინაშე შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეეცადოთ ამის გაგებას: რა შედეგი გამოიღო ღვთის მიერ თქვენი გაკიცხვის საქმემ? გააკეთეთ დასკვნა ამაზე? შესაძლოა, შედეგი უმნიშვნელოა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე უკვე მაღალფარდოვანი სიტყვებით ისაუბრებდით. რის მიღწევას გავალებთ ღმერთი? ღმერთმა მრავალი სიტყვა გითხრათ — აქედან რამდენი შეასრულეთ და რამდენი ითქვა ამაოდ? ღვთის თვალში, მისი სიტყვებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შესრულებული; ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი უმეცარი რჩება მისი სიტყვების პირვანდელი მნიშვნელობის მიმართ და რასაც იღებს, მხოლოდ კედლიდან არეკლილი სიტყვების ექოა. განა ესაა ღვთის განზრახვების შეცნობის გზა? უახლოეს მომავალში ღმერთი ადამიანს თავისი საქმის უფრო მეტ ნაწილს შეასრულებინებს; განა შეუძლია ადამიანს ამ საქმის აღსრულება იმ მცირედი სულიერი სიმწიფით, რაც მას ახლა აქვს? როდესაც გზიდან არ უხვევს, იგი უაზროდ იქცევა, ანდა — ამპარტავანია; როგორც ჩანს, ადამიანური ბუნება სწორედ ასეთია. მე მიჭირს ამის გაგება: მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ამდენი ისაუბრა, რატომ არაფერი მიაქვს ადამიანს გულთან ახლოს? შესაძლებელია ღმერთი ხუმრობით ესაუბრებოდეს ადამიანს და რაიმე შედეგს არ ეძიებდეს? ან პიესა შეასრულებინოს ადამიანს, სახელწოდებით „სიხარული, რისხვა, მწუხარება და ბედნიერება“? შეიძლება ისეთ რამეს აკეთებდეს, რომ ადამიანი ერთი წამით გაახაროს, მეორე წამს კი ატიროს, და სცენიდან გასვლის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის იმედად დატოვოს? რა შედეგს გამოიღებდა ეს? „ყოველთვის უშედეგოდ რატომ მთავრდება მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანს ვუყენებ? ნუთუ იმის ბრალია, რომ ძაღლს ვთხოვ ხეზე ასვლას? ანდა უმიზეზოდ ვცდილობ არეულობის გამოწვევას?“ ღვთის ყველა სიტყვა ადამიანის რეალური მდგომარეობისკენ მიემართება. არ იქნება საზიანო, თუკი ყველა ადამიანს ჩავწვდებით, რათა ვნახოთ, ვინ ცხოვრობს ღვთის სიტყვით. „ამჟამადაც კი, მიწის დიდი ნაწილი იცვლება. თუ ოდესმე მიწა მართლაც სხვა სახეს მიიღებს, მე მას ერთი ხელის მოსმით გვერდზე გავწევ — განა სწორედ ეს არ არის ჩემი საქმე ამ ეტაპზე?“ მართლაც, ღმერთი ახლა აწარმოებს ამ საქმეს; თუმცა, რასაც იგი ამბობს — „მე მას ერთი ხელის მოსმით გვერდზე გავწევ“, მომავალს ეხება, რადგან ყველაფერს უნდა ახლდეს თავისი პროცესი. ღვთის ამჟამინდელი საქმე სწორედ ამისკენ იხრება — გასაგებია ეს თქვენთვის? ადამიანის მოტივების ნაკლოვანების გამო, არაწმიდა სულებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით რომ შესულიყვნენ. სწორედ ამ დროს „მიწა სხვა სახეს მიიღებს“. მაშინ ადამიანები თვისობრივ ცვლილებას განიცდიან, თუმცა არა — თავიანთი რაობის ცვლილებას, ვინაიდან გაუმჯობესებულ მიწაზე სხვა რამეებიც იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავდაპირველად მიწა უვარგისი იყო, მაგრამ მისი გაუმჯობესების შემდეგ, მისი გამოყენება შესაძლებელი გახდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენებენ და იგი აღარ იქნება საჭირო, ის თანდათანობით დაუბრუნდება ძველ იერსახეს. ეს არის ღვთის საქმის მომდევნო ეტაპის შეჯამება. სამომავლო საქმე უფრო რთული იქნება, ვინაიდან დადგება დრო, როდესაც ყოველივე თავისი გვარისამებრ უნდა დახარისხდეს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება, შეკრების ადგილი აუცილებლად ქაოსში აღმოჩნდება. ადამიანს საკუთარი მოსაზრებები არ გააჩნია — ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა თქვა: „ყველა ადამიანი შემსრულებელია, რომელიც იმ მელოდიას აჰყვება ხოლმე, რასაც უკრავენ.“ სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ ეს სამსახიობო უნარი, აჰყვნენ ნებისმიერ მელოდიას, რასაც უკრავენ, ღმერთი თავისი საქმის მომდევნო ეტაპს სწორედ ამ ნაკლის წინააღმდეგ მიმართავს, რითაც ყველას აძლევს საშუალებას, რომ გამოასწოროს ეს ხარვეზი. რეალური სულიერი სიმწიფის უქონლობის გამო, ადამიანები კედლის თავზე ამოსულ ბალახებად იქცევიან. ხოლო სულიერი სიმწიფე რომ მოეპოვებინათ, ისინი ცამდე აწვდენილ უზარმაზარ ხეებად იქცეოდნენ. ღმერთს განზრახული აქვს, ბოროტი სულების საქმის ნაწილი კაცობრიობის ერთი ნაწილის სრულქმნისთვის გამოიყენოს. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს, ბოლომდე ჩასწვდნენ ბოროტი დემონების ქცევას, ხოლო მთელ კაცობრიობას მისცემს შესაძლებლობას, ჭეშმარიტად შეიცნოს ამ ბოროტი დემონების „წინაპრები“. მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ ადამიანებს, სრულად გაწყვიტონ კავშირი ამ დემონებთან — მიატოვონ არა მხოლოდ ბოროტი დემონების შთამომავალი, არამედ თავად ბოროტი დემონების „წინაპრებიც“. ღვთის ჭეშმარიტი მიზანი დიდი წითელი დრაკონის სრულად დამარცხებაში შემდეგია: მთელმა კაცობრიობამ იცოდეს დიდი წითელი დრაკონის ჭეშმარიტი სახე და ბოლომდე ჩამოხსნას მას ნიღაბი, რათა გამოავლინოს მისი ნამდვილი სახე. სწორედ ამის მიღწევა სურს ღმერთს — ეს არის დედამიწაზე შესრულებული მთელი მისი საქმის საბოლოო მიზანი და ის, რის აღსრულებასაც ის მიზნად ისახავს მთელ კაცობრიობაში. სწორედ ამას ეწოდება ყოველივეს წარმართვა ღვთისადმი სამსახურის გაწევის საქმეში.
რაც შეეხება სამომავლო საქმეს, ნათლად წარმოიდგენთ როგორ შესრულდება ის? ეს რაღაცები აუცილებლად უნდა იქნას გაგებული. მაგალითად: რატომ ამბობს ღმერთი, რომ ადამიანები არასდროს აქცევენ ყურადღებას იმას, რისი გაკეთებაც მართებთ? რატომ ამბობს, რომ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ვერ ასრულებს მის მიერ მათთვის მიცემულ საშინაო დავალებას? როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა? ოდესმე დაფიქრებულხარ ამ კითხვებზე? ქცეულა ისინი შენი თანაზიარების თემებად? საქმის ამ ეტაპზე ადამიანს უნდა გაეგო ღვთის ამჟამინდელი განზრახვები. როგორც კი ეს მიიღწევა, შემდეგ სხვა რამეების განხილვაც შეიძლება — განა ეს არ არის რაღაცების კეთების შესანიშნავი გზა? მკაფიოდ უნდა აიხსნას ის, რისი მიღწევაც ღმერთს სურს ადამიანში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ამაო იქნება და ადამიანი ვერ შეძლებს მასში შესვლას, მით უმეტეს, მის მიღწევას, და ყველაფერი ცარიელი ლაპარაკი იქნება. რაც შეეხება იმას, რაც ღმერთმა დღეს თქვა — იპოვეთ მისი პრაქტიკაში გამოყენების გზა? ყველა ადამიანს აქვს შიშნარევი გრძნობა ღვთის სიტყვების მიმართ. მათ არ შეუძლიათ ბოლომდე წვდომა, თუმცა ასევე ეშინიათ ღვთის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენის. დღემდე მითითებული ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის გზებიდან, რამდენი აღმოაჩინეს? ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, როგორ ჭამოს და სვას ღვთის სიტყვები; როგორ შეიძლება ამის მოგვარება? იპოვეთ დღევანდელი სიტყვების ჭამისა და სმის გზა? ახლა როგორ ცდილობ ამ საქმეში თანამშრომლობას? და როგორც კი ყველანი ჭამთ და სვამთ ამ სიტყვებს, რა გზით განიხილავთ მათზე თქვენს შთაბეჭდილებებს? განა ეს არ არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს? როგორ არჩევს ადამიანი სწორ წამალს კონკრეტული დაავადებისთვის? კვლავ გჭირდებათ, რომ ღმერთმა პირდაპირ წარმოთქვას გამონათქვამი? არის ეს აუცილებელი? როგორ შეიძლება ზემოხსენებული პრობლემების მთლიანად აღმოფხვრა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენს პრაქტიკულ ქმედებებში სულიწმიდასთან თანამშრომლობა. თუკი თანამშრომლობა იარსებებს, სულიწმიდა დიდ საქმეს გააკეთებს. თუ მიზნობრივი თანამშრომლობა არ იქნება, არამედ მხოლოდ არეულობა — სულიწმიდა ვეღარ შეძლებს თავისი ძალის გამოვლენას. „შეიცან თავი შენი, შეიცან მტერი შენი — და არასდროს დამარცხდები.“ ვისაც არ უნდა წარმოეთქვა ეს სიტყვები პირველად, ისინი ყველაზე მეტად თქვენ შეგეფერებათ. მოკლედ, თქვენ უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს, სანამ მტრებს შეიცნობთ, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორივეს გააკეთებთ, მოიგებთ ყოველ ბრძოლას. ეს არის ყოველივე, რისი გაკეთებაც უნდა შეძლოთ. რაც უნდა მოითხოვოს ღმერთმა შენგან, შენ მხოლოდ მთელი ძალისხმევა უნდა ჩადო ამაში და ვიმედოვნებ, რომ ბოლო დღეებში, მის წინაშე, ღვთის მიმართ შენს ერთგულებას აჩვენებ. სანამ შეგიძლია ღვთის კმაყოფილი ღიმილის დანახვა, როდესაც ის ტახტზე ზის, თუნდაც ეს მომენტი შენი სიკვდილის დრო იყოს, უნდა გაიცინო და გაიღიმო, როდესაც თვალებს დახუჭავ. სანამ ცოცხალი ხარ, უნდა შეასრულო შენი საბოლოო მოვალეობა ღვთის წინაშე. წარსულში პეტრე ღვთის გამო ჯვარზე თავდაყირა გააკრეს; მაგრამ შენ უნდა დააკმაყოფილო ღმერთი ამ ბოლო დღეებში, და მთელი შენი ენერგია მისთვის დახარჯო. განა რისი გაკეთება შეუძლია ქმნილებას ღვთისთვის? ამიტომ შენ წინასწარ უნდა მიანდო შენი თავი ღმერთს, რომ მან წარმართოს და განაგოს იგი ისე, როგორც თავად სურს. ვინაიდან ეს ღმერთს ბედნიერსა და კმაყოფილს ხდის, მიეცი მას უფლება, მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს შენთან მიმართებით. რა უფლება აქვს ადამიანს, რომ მომდურავი სიტყვები წარმოთქვას?