შესავალი

ღვთის სიტყვების ეს პორცია სულ ოთხ ნაწილს მოიცავს, რომლებიც ქრისტემ 1992 წლის ივნისიდან 2010 წლის 23 მარტამდე პერიოდში გამოხატა. უმეტესობა ეფუძნება ქრისტეს ქადაგებებისა და თანაზიარებების ჩანაწერებს ეკლესიებში მისი სიარულისას. ისინი არანაირად არ არის დახვეწილი ან შელამაზებული, და არც შემდგომში შეცვლილა ქრისტეს მიერ. დანარჩენი ნაწილები პირადად ქრისტეს მიერ არის დაწერილი (როდესაც ქრისტე წერს, ის ამას აკეთებს ერთ ჯერზე, ფიქრისთვის შეჩერების ან რაიმე სახის რედაქტირების გარეშე, და მისი სიტყვები მთლიანად სულიწმიდის გამოხატულებაა — ეს ყოველგვარ ეჭვგარეშეა). ამ ორგვარი გამონათქვამის ერთმანეთისგან განცალკევების ნაცვლად, ჩვენ ისინი ერთად წარმოვადგინეთ, მათი გამოხატვის თავდაპირველი თანმიმდევრობის გამოყენებით. ამგვარად, მისი გამონათქვამების მთლიანობიდან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ღვთის საქმის ეტაპები და გავაცნობიეროთ, როგორ ასრულებს საქმეს ის თითოეულ ფაზაში, რაც კიდევ უფრო სასარგებლოა ადამიანთათვის ღვთის საქმის ნაბიჯებისა და ღვთის სიბრძნის შესაცნობად.

„ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას I“-ის პირველი რვა თავი, რომლებსაც კრებითად ეწოდება „გზა“, არის იმ სიტყვების მცირე ნაწილი, რომლებიც ქრისტემ წარმოთქვა, როცა ის ადამიანთან თანასწორ ნიადაგზე იდგა. მიუხედავად მათი აშკარა უბრალოებისა, ისინი სავსეა კაცობრიობის მიმართ ღვთის სიყვარულითა და გაგებით. მანამდე ღმერთი მესამე ცის გადმოსახედიდან ლაპარაკობდა, რამაც ძალიან დააშორა ის ადამიანს და ადამიანები შეაშინა, რომ მიახლოებოდნენ ღმერთს, მით უმეტეს, ეთხოვათ მისთვის სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამგვარად, წიგნის ნაწილში „გზა“ ღმერთი ადამიანს როგორც თანასწორს ისე ელაპარაკა და გზის მიმართულება უჩვენა, რითაც აღადგინა ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან პირვანდელ მდგომარეობაში; ადამიანებს აღარ ეპარებოდათ ეჭვი, იყენებდა თუ არა ღმერთი კვლავ ლაპარაკის მეთოდს და აღარ მოსდევდათ სიკვდილის განსაცდელის საშინელება. ღმერთი მესამე ციდან დედამიწაზე ჩამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის ტბიდან ამოსული ადამიანები ღვთის ტახტის წინაშე მივიდნენ, მათ მოიშორეს „მსახურების შემსრულებელთა“ წოდების აჩრდილი და, როგორც ახალშობილმა ხბოებმა, ოფიციალურად მიიღეს ღვთის სიტყვების ნათლობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ღმერთმა მათთან გულითადად საუბარი და უფრო მეტი საქმის შესრულება მათთვის სიცოცხლის მისაცემად. იმის მიზანი, რომ ღმერთმა თავი დაიმდაბლა როგორც პიროვნებამ, იყო ის, რომ იგი უფრო მეტად დაახლოებოდა ადამიანებს, შეემცირებინა მანძილი მათსა და მას შორის, მიეცა საშუალება საკუთარი თავისთვის, რომ მოეპოვებინა ადამიანების აღიარება და ნდობა, და ჩაენერგა ადამიანებში რწმენა სიცოცხლის ძიებისა და ღვთის მიყოლისთვის. საბოლოო ანალიზში, „გზის“ რვა თავი არის გასაღები, რომლითაც ღმერთი ადამიანთა გულების კარებს აღებს, და დაშაქრული აბებია, რომლებსაც ის აძლევს ადამიანს. მხოლოდ ღმერთის ამგვარი ქმედებით შეუძლიათ ადამიანებს დიდი ყურადღება მიაქციონ ღვთის განმეორებით სწავლებებსა და საყვედურებს. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ღმერთმა ოფიციალურად სიცოცხლის მიცემისა და ჭეშმარიტების გამოხატვის საქმე მოქმედების ამჟამინდელ ეტაპზე, და შემდეგ მან განაგრძო ლაპარაკი: „რა შეხედულება უნდა ჰქონდეთ მორწმუნეებს“ და „ღვთის საქმის საფეხურების შესახებ“… განა ასეთი მეთოდი არ აჩვენებს ღვთის სიბრძნესა და მის გულმოდგინე განზრახვებს? ეს არის ქრისტეს მიერ სიცოცხლის მიცემის დასაწყისი, ასე რომ, ჭეშმარიტებები ცოტათი უფრო ზედაპირულია, ვიდრე მომდევნო ნაწილებში. ამის მიღმა არსებული პრინციპი ძალიან მარტივია: ღმერთი ადამიანთა საჭიროებების მიხედვით მუშაობს და ის ბრმად არ მოქმედებს და არ ლაპარაკობს; მხოლოდ ღმერთს ესმის სრულად კაცობრიობის საჭიროებები და არავინ სხვას არ აქვს ადამიანის მიმართ უფრო დიდი სიყვარული და გაგება.

„საქმე და შესვლის“ პირველიდან მეათე გამონათქვამში ღვთის სიტყვები ახალ ფაზაში შედის. შედეგად, ეს გამონათქვამები დასაწყისშია განთავსებული. შემდგომში შეიქმნა „ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას II“. ამ ფაზაში ღმერთმა უფრო დეტალური მოთხოვნები წაუყენა თავის მიმდევრებს, მოთხოვნები, რომლებიც მოიცავდა ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, რა არის საჭირო მათი სულიერი მონაცემებისგან და ასე შემდეგ. რადგან ამ ადამიანებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ღვთის მიყოლა და აღარანაირი ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღვთის ვინაობასა და არსში, ღმერთმაც ოფიციალურად დაიწყო მათთან ისე მოპყრობა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებთან, და გაუზიარა ღვთის საქმის რეალური ისტორია სამყაროს შექმნიდან დღემდე, გამოავლინა ბიბლიის მიღმა არსებული ჭეშმარიტება და განაჭვრეტინა მათ ღვთის განკაცების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ამ ნაწყვეტში ღვთის გამონათქვამებმა ადამიანებს უფრო მეტად გააგებინა ღვთის არსი და მისი საქმის არსი, და მისცა მათ საშუალება, უფრო მეტად დაეფასებინათ, რომ ის, რაც მათ მიიღეს ღვთის ხსნისგან, აღემატებოდა იმას, რაც მიღებული ჰქონდათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს წარსული თაობების განმავლობაში. ღვთის სიტყვების ყოველი სტრიქონიდან შენ შეგიძლია დააფასო მისი სიბრძნის ყოველი ნაწილაკი, ისევე, როგორც მისი გულმოდგინე სიყვარული და ზრუნვა ადამიანის მიმართ. ამ სიტყვების გამოხატვასთან ერთად, ღმერთმა საჯაროდ გამოავლინა, სათითაოდ, ადამიანის ადრინდელი წარმოდგენები და მცდარი შეხედულებები და ისეთი რამ, რაც ადამიანებს მანამდე არასოდეს წარმოედგინათ, და იქამდეც კი მივიდა, რომ გამოავლინა ის გზა, რომლითაც ადამიანებმა მომავალში უნდა იარონ. ეს, შესაძლოა, სწორედ ის ვიწრო „სიყვარულია“, რომლის გამოცდაც ადამიანს შეუძლია! ყოველივე ამის შემდეგ, ღმერთმა მისცა ადამიანებს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ, და მისცა მათ ის, რაც სთხოვეს, ისე, რომ არაფერი დაუკავებია და სანაცვლოდ არაფერი უთხოვია.

წინამდებარე ნაწილის სპეციალური თავები ეხება ღვთის განმარტებებს ბიბლიის შესახებ. ბიბლია რამდენიმე ათასი წელია კაცობრიობის ისტორიის ნაწილია. გარდა ამისა, ადამიანები მას ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს, იქამდეც კი, რომ უკანასკნელ დღეებში მას ღვთის ადგილის დასაკავებლად იყენებენ, რაც ღმერთს გულწრფელად სძულს. ამგვარად, ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა თავისუფალ დროს განემარტა ბიბლიის მიღმა არსებული რეალური ისტორია და ბიბლიის წარმოშობა. ეს რომ არ გაეკეთებინა, ბიბლია კვლავ დაიკავებდა ღვთის ადგილს ადამიანთა გულებში და ადამიანები ბიბლიის სიტყვებს გამოიყენებდნენ ღვთის საქმეების შესაფასებლად და დასაგმობად. ბიბლიის არსის, სტრუქტურისა და ნაკლოვანებების განმარტებით, ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ უარყოფდა ბიბლიის არსებობას და არც გმობდა მას; პირიქით, ის აწვდიდა შესაფერის, მართებულ განმარტებას ბიბლიის პირვანდელი სახის აღსადგენად, ადამიანების ბიბლიისადმი მცდარი შეხედულებების გამოსასწორებლად და ყველასთვის ბიბლიის სწორი ხედვის მისაცემად, რათა მათ აღარ გაეღმერთებინათ ბიბლია და აღარ ყოფილიყვნენ გზააბნეულნი; ანუ, რომ მათ აღარ არეოდათ ბიბლიისადმი ბრმა რწმენა ღვთისადმი რწმენასა და ღვთის თაყვანისცემაში და აღარ შეშინებოდათ მისი ნამდვილი საფუძვლებისა და ნაკლოვანებების პირდაპირ დანახვა. როგორც კი ადამიანებს ექნებათ ბიბლიის სუფთა გაგება, მათ შეეძლებათ მისი გვერდზე გადადება ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და თამამად მიიღებენ ღვთის ახალ სიტყვებს. ეს არის ღვთის მიზანი ამ რამდენიმე თავში. ჭეშმარიტება, რომლის თქმაც ღმერთს სურს აქ ადამიანებისთვის, არის ის, რომ არცერთ თეორიას ან ფაქტს არ შეუძლია დაიკავოს ღვთის ამჟამინდელი საქმისა და სიტყვების ადგილი, და რომ არაფერს შეუძლია დადგეს ღმერთის ადგილას. თუ ადამიანები ვერ დააღწევენ თავს ბიბლიის მახეს, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ღვთის წინაშე მისვლას. თუ მათ სურთ ღვთის წინაშე მისვლა, პირველ რიგში, უნდა განიწმინდონ გულები ყველაფრისგან, რასაც შეუძლია მისი ადგილის დაკავება; მაშინ იქნებიან ისინი ღვთისთვის დამაკმაყოფილებელნი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი აქ მხოლოდ ბიბლიას განმარტავს, ნუ დაივიწყებ, რომ ბიბლიის გარდა კიდევ ბევრი სხვა მცდარი რამ არსებობს, რასაც ადამიანები გულწრფელად სცემენ თაყვანს; ერთადერთი, რასაც ისინი თაყვანს არ სცემენ, არის ის, რაც ჭეშმარიტად ღვთისგან მოდის. ღმერთი უბრალოდ იყენებს ბიბლიას მაგალითად, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ არ დაადგნენ არასწორ გზას და კვლავ არ გადავიდნენ უკიდურესობებში და არ გახდნენ დაბნეულობის მსხვერპლნი ღვთის რწმენისა და მისი სიტყვების მიღებისას.

სიტყვები, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, მიდის ზედაპირულიდან სიღრმისეულისკენ, და, ამიტომ, ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობს, აგრძელებს პროგრესირებას ადამიანების გარეგნული ქცევიდან და მოქმედებებიდან მათ გახრწნილ ხასიათებამდე, საიდანაც ღმერთი მიმართავს თავისი ენობრივი შუბის წვერს ადამიანთა სულის ყველაზე ღრმა ნაწილისკენ: მათი რაობისკენ. იმ პერიოდში, როდესაც გამოიხატა „ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას III“, ღვთის გამონათქვამები ხაზს უსვამს ადამიანის არსსა და ვინაობას და იმას, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი ადამიანი — ამ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებებსა და არსებით კითხვებს ადამიანთა სიცოცხლეში შესვლის შესახებ. რა თქმა უნდა, როდესაც ვიხსენებთ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანს კრებულში „ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას I“, „ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას III“-ის შინაარსი, მათთან შედარებით, საოცრად ღრმაა. წინამდებარე ნაწილის სიტყვები ეხება ადამიანთა მომავალ გზას და იმას, თუ როგორ შეიძლება მათი სრულყოფა. ისინი, ასევე, ეხება კაცობრიობის მომავალ დანიშნულების ადგილს და იმას, თუ როგორ შევლენ ღმერთი და ადამიანი ერთად განსვენებაში. (შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ეს არის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა გამოხატა ადამიანებისთვის მათი არსის, მათი მისიისა და მათი დანიშნულების ადგილის შესახებ, რომლებიც ყველაზე ადვილი გასაგებია.) ღმერთს აქვს იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ამ სიტყვებს, არიან ისინი, ვინც გამოეყვნენ ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, რომელთაც შეუძლიათ გულის სიღრმეში ღვთის ყოველი სიტყვის უბიწო გააზრება. კიდევ უფრო მეტად, მას აქვს იმედი, რომ ყველა, ვინც კითხულობს ამ სიტყვებს, შეძლებს მიიღოს მისი სიტყვები, როგორც ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე, და რომ ისინი არ იქნებიან მის მიმართ ზედაპირულნი, მით უმეტეს, პირფერნი. თუ ადამიანები წაიკითხავენ ამ სიტყვებს ღმერთის გამოცდისა თუ გულდასმით შესწავლის განწყობით, მაშინ ეს გამონათქვამები მათთვის დახურული წიგნივით იქნება. მხოლოდ ისინი, ვინც მიჰყვებიან ჭეშმარიტებას, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ღვთის მიდევნება და არ გააჩნიათ მის მიმართ ეჭვის ნატამალიც კი, არიან უფლებამოსილნი მიიღონ ეს სიტყვები.

„ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას IV“ არის ღვთიური გამონათქვამების კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც მოჰყვება კრებულს „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“. ეს ნაწილი მოიცავს ქრისტიანული კონფესიების ადამიანების მიმართ ღვთის ისეთ შეგონებებს, სწავლებებსა და მხილებებს, როგორიცაა: „იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება“, „ვინც ქრისტეს ვერ ეწყობა, ნამდვილად ღვთის მოწინააღმდეგეა“. ის, ასევე, მოიცავს ღვთის ყველაზე კონკრეტულ მოთხოვნებს კაცობრიობის მიმართ, როგორიცაა: „შეამზადეთ საკმარისი კეთილი საქმენი თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის“, „სამი შეგონება“, „გადაცდომები ადამიანს ჯოჯოხეთისკენ წაუძღვება“. ბევრი ისეთი ასპექტია გაშუქებული, როგორიცაა ყველა ტიპის ადამიანის მხილება და განკითხვა, და სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ შევიცნოთ ღმერთი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილი არის კაცობრიობის მიმართ ღვთის განკითხვის ძირითადი ბირთვი. წინამდებარე ნაწილის ღვთის გამონათქვამების ყველაზე დაუვიწყარი მონაკვეთი არის ის, რომ, როდესაც ღმერთი აპირებდა თავისი საქმის დასრულებას, მან ამხილა ის, რაც ადამიანების ძვალსა და რბილშია გამჯდარი: ღალატი. მისი მიზანია, ადამიანებმა სულ ბოლოს იცოდნენ შემდეგი ფაქტი და ჩაიბეჭდონ ის გულის ყველაზე ღრმა ნაწილში: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ღვთის მიმდევარი ხარ — შენი ბუნება მაინც ღვთის ღალატია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებაა ღვთის ღალატი, რადგან ადამიანებს არ გააჩნიათ აბსოლუტური სიმწიფე ცხოვრებაში და მათი ხასიათის ცვლილებები მხოლოდ ფარდობითია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი თავი, „ღალატი (1)“ და „ღალატი (2)“, დარტყმას აყენებს ადამიანებს, ისინი ჭეშმარიტად ღვთის ყველაზე ერთგული და კეთილმოსურნე გაფრთხილებებია ადამიანების მიმართ. ყოველი შემთხვევისთვის, როდესაც ადამიანები თვითკმაყოფილნი და ქედმაღალნი არიან, ამ ორი თავის წაკითხვის შემდეგ, მათი ბოროტი საქმეები შეჩერდება და დამშვიდდებიან. ამ ორი თავის მეშვეობით ღმერთი აიძულებს ადამიანებს ახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მომწიფებული იყოს სიცოცხლე, რაც არ უნდა ღრმა იყოს გამოცდილება, რაც არ უნდა დიდი იყოს რწმენა, მიუხედავად იმისა, თუ სად დაიბადე და სად მიდიხარ, ღვთის ღალატის ბუნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას იფეთქებს. რისი თქმაც ღმერთს სურს თითოეული ადამიანისთვის, არის ეს: თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ბუნებაა ღვთის ღალატი. რა თქმა უნდა, ამ ორი თავის გამოხატვისას ღვთის მიზანი არ არის საბაბის პოვნა კაცობრიობის განსადევნად თუ დასაგმობად, არამედ ის, რომ ადამიანებმა უფრო მეტად გააცნობიერონ ადამიანის ბუნება, რათა შეძლონ ყოველთვის ფრთხილად იცხოვრონ ღვთის წინაშე მისი გაძღოლის მისაღებად, რაც დაიცავს მათ ღვთის თანამყოფობის დაკარგვისა და სავალალო გზაზე დადგომისგან. ეს ორი თავი განგაშის ზარია ყველასთვის, ვინც მიჰყვება ღმერთს. იმედია, ადამიანები გაიგებენ ღვთის გულმოდგინე განზრახვებს. ბოლოს და ბოლოს, ეს სიტყვები სულ უდავო ფაქტებია — ასე რომ, რა საჭიროა ადამიანმა ივაჭროს იმაზე, თუ როდის და როგორ იქნა ისინი გამოხატული ღვთის მიერ? ღმერთს ეს ყველაფერი თავისთვის რომ შეენახა და მოეცადა, სანამ ადამიანები მიიჩნევდნენ მისაღებად მათ გამოხატვას, განა ძალიან გვიანი არ იქნებოდა? როდის იქნებოდა ეს ყველაზე შესაფერისი დრო?

ღმერთი იყენებს მრავალფეროვან მეთოდებსა და პერსპექტივებს წინამდებარე ოთხ ნაწილში. მაგალითად, ზოგჯერ ის იყენებს სატირას, ხოლო ზოგჯერ — პირდაპირი უზრუნველყოფისა და სწავლების მეთოდს; ზოგჯერ ის იყენებს მაგალითებს, ხოლო ზოგჯერ — მკაცრ საყვედურებს. მთლიანობაში, არსებობს ყველა სახის განსხვავებული მეთოდი, რომელთა მიზანია ადამიანების სხვადასხვა მდგომარეობისა და გემოვნების დაკმაყოფილება. გადმოსახედი, რომლიდანაც ის საუბრობს, მუდმივად იცვლება მისი გამონათქვამების სხვადასხვა მეთოდისა და შინაარსის მიხედვით. მაგალითად, ზოგჯერ ის ამბობს „მე“ ან „ჩემთვის“, ანუ ის ესაუბრება ადამიანებს თავად ღვთის პერსპექტივიდან. ზოგჯერ ის საუბრობს მესამე პირში, ამბობს, რომ „ღმერთი“ არის ესა თუ ის, და არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ის საუბრობს ადამიანის გადმოსახედიდან. რა გადმოსახედიდანაც არ უნდა საუბრობდეს, მისი არსი არ იცვლება, რადგან რაც არ უნდა თქვას, ყველაფერი, რასაც გამოხატავს, არის თავად ღვთის არსი, ჭეშმარიტება და ის, რაც კაცობრიობას სჭირდება.

წინა:  თავი 32

შემდეგი:  გზა... (8)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger