მხოლოდ უკანასკნელი დღეების ქრისტეს შეუძლია მისცეს ადამიანს მარადიული სიცოცხლის გზა
სიცოცხლის გზა არ არის ისეთი რამ, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ფლობდეს, და არც ისეთი რამაა, რასაც ყველა ადვილად მიაღწევს. ეს იმიტომ, რომ სიცოცხლე მხოლოდ ღვთისგან შეიძლება მომდინარეობდეს. ესე იგი, მხოლოდ თავად ღმერთი ფლობს სიცოცხლის არსს და მხოლოდ თავად ღმერთს აქვს სიცოცხლის გზა. მაშასადამე, მხოლოდ ღმერთია სიცოცხლის წყარო და სიცოცხლის ცოცხალი წყლის დაუშრეტელი სათავე. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული, ღმერთის მიერ შესრულებული დიდძალი საქმე არის ის, რაც სიცოცხლის ძალმოსილებას ატარებს; მას გაკეთებული აქვს მრავალი საქმე, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს ადამიანისთვის. და მან გაიღო დიდძალი ფასი, რაც ადამიანს სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ეს იმიტომ, რომ თავად ღმერთია მარადიული სიცოცხლე და თავად ღმერთია ის გზა, რომლითაც ადამიანი შეიძლება აღდგეს. ღმერთი არასოდესაა განშორებული ადამიანის გულს და იგი მუდმივად ადამიანთა შორის ცხოვრობს. იგი არის ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა, მისი არსებობის ფესვი და მდიდარი რესურსი ადამიანის არსებობისთვის დაბადების შემდეგ. იგი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, რომ ხელახლა დაიბადონ და მტკიცედ იცხოვრონ საკუთარ ინდივიდუალურ როლში. მისი ძლიერებისა და სიცოცხლის დაუშრეტელი ძალის წყალობით, ადამიანი ცხოვრობს თაობიდან თაობამდე ხოლო ღვთის სიცოცხლის ძალა მუდმივად განამტკიცებს კაცობრიობას, არცერთ ჩვეულებრივ ადამიანს არ გადაუხდია იმგვარი ფასი, არასოდეს, როგორიც ღმერთმა გადაიხადა. ღვთის სიცოცხლის ძალა ყოველგვარ ძალაზე ძლევამოსილია; მეტიც, იგი ნებისმიერ ძალას აღემატება. მისი სიცოცხლე მარადიულია, მისი ძალა — არაჩვეულებრივი, მის სიცოცხლის ძალას ვერცერთი ქმნილება და ვერცერთი მტრული ძალა ვერ სძლევს. დროისა და ადგილის მიუხედავად, ღვთის სიცოცხლის ძალა არსებობს და ბრწყინვალე ნათებით კაშკაშებს. უზარმაზარი ცვლილებები შეიძლება განიცადოს ცამ და მიწამ, მაგრამ ღვთის სიცოცხლე საუკუნოდ იგივეა. ყველაფერი შეიძლება გაქრეს, ხოლო ღვთის სიცოცხლე კვლავ იარსებებს, რადგან ღმერთია ყოველივეს არსებობის წყარო და ის ფესვი, რომელზეც ყოველივეს არსებობაა დამოკიდებული. ღვთისგან მომდინარეობს ადამიანის სიცოცხლე და ღვთისგანვე არსებობენ ცანი და დედამიწის არსებობაც ღვთის სიცოცხლის ძალისგან მომდინარეობს. ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ გადასცდება ღვთის ხელმწიფებას; და ვერცერთი სასიცოცხლო ძალის მქონე არსება ვერ დააღწევს თავს ღვთის ხელისუფლების ფარგლებს. ამგვარად, ვინც უნდა იყოს იგი, ყოველი ადამიანი უნდა დაემორჩილოს ღვთის ხელმწიფებას და ყოველი მათგანი ღვთის მმართველობის ქვეშ უნდა ცხოვრობდეს. და მისი ხელიდან თავის დაღწევა არავის ძალუძს.
შესაძლოა ახლა სიცოცხლის მოპოვება გსურს, ან შესაძლოა ჭეშმარიტების მოპოვება გწადია. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ ღვთის პოვნა გსურს, პოვნას ღვთისა, რომელსაც შეგიძლია მიენდო, რომელსაც შენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭება შეუძლია. თუკი მარადიული სიცოცხლის მოპოვება გსურს, პირველ ყოვლისა, უნდა შეიცნო მარადიული სიცოცხლის წყარო და უნდა იცოდე, ზუსტად სად არის ღმერთი. უკვე ვთქვი, რომ მხოლოდ ღმერთია უცვლელი სიცოცხლე და მხოლოდ ღმერთი ფლობს სიცოცხლის გზას. რაკი ღმერთი უცვლელი სიცოცხლეა, იგი, შესაბამისად, მარადიული სიცოცხლეცაა. რაკი მხოლოდ ღმერთია სიცოცხლის გზა, ამრიგად, თავად ღმერთია მარადიული სიცოცხლის გზაც. მაშასადამე, უპირველესად უნდა გაიგო, სად არის ღმერთი და როგორ უნდა მოიპოვო მარადიული სიცოცხლის ეს გზა. მოდით, ახლა ამ ორ საკითხზე ცალ-ცალკე ვიქონიოთ თანაზიარება.
თუ ჭეშმარიტად გსურს მარადიული სიცოცხლის გზის მოპოვება და თუ დაუცხრომელი ხარ მის ძიებაში, თავდაპირველად ამ კითხვას უპასუხე: სად არის დღეს ღმერთი? ეგებ უპასუხო: „რა თქმა უნდა, ღმერთი ზეცაში ცხოვრობს — ის შენს სახლში ხომ არ იცხოვრებდა?“ შეიძლება თქვა, რასაკვირველია, ღმერთი ყველაფერშიაო. შეიძლება თქვა, ღმერთი თითოეული ადამიანის გულში ანდა სულიერ სამყაროში სახლობსო. ამათგან არცერთს არ უარვყოფ, მაგრამ ნათელი უნდა მოვფინო საკითხს. ნათქვამი, რომ ღმერთი ადამიანის გულში მკვიდრობს, მთლად მართებული არ არის, მაგრამ არც ბოლომდე მცდარია. რადგან მორწმუნეთა შორის არიან ისეთები, ვისი რწმენაც ჭეშმარიტია, და ისეთებიც, ვისი რწმენაც ყალბია; არიან ისეთები, რომელთაც იწონებს ღმერთი, და ისეთებიც, რომელთაც იგი არ იწონებს, არიან ისეთები, ვინც სათნოა მისთვის, და ისეთებიც, ვინც საძაგელია მისთვის; არიან ისეთებიც, რომელთაც იგი სრულყოფს, და ისეთებიც, რომელთაც იგი მოკვეთს. ამრიგად, მე ვამბობ, რომ ღმერთი მცირერიცხოვან ადამიანთა გულებში ცხოვრობს. და ეს ადამიანები უეჭველად ისინი არიან, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, ისინი, რომელთაც იწონებს ღმერთი, ისინი, ვინც სათნოა მისთვის, და ისინი, რომელთაც იგი სრულყოფს. ასეთებს ღმერთი მიუძღვის ვინაიდან მათ ღმერთი წინამძღოლობს, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც უკვე სმენიათ და უნახავთ ღვთის მარადიული სიცოცხლის გზა. ისინი, ვისი რწმენაც ყალბია, ისინი, რომელთაც არ იწონებს ღმერთი, ისინი, რომელთაც ღმერთი ზიზღით უარყოფს, ისინი, რომელთაც განდევნის ღმერთი — განწირულნი არიან მის მიერ უარყოფისთვის, ისინი განწირულნი არიან სიცოცხლის გზის გარეშე დარჩენისთვის და განწირულნი არიან იმისათვის, რომ არ იცოდნენ, თუ სად იმყოფება ღმერთი. ამის საპირისპიროდ, მათ, ვის გულებშიც ღმერთი მკვიდრობს, იციან, თუ სად არის იგი. ისინი არიან, ვისაც ღმერთი მიანიჭებს მარადიული სიცოცხლის გზას, და სწორედ ისინი მიჰყვებიან ღმერთს. მაშ, ახლა ხომ იცი, სად არის ღმერთი? ღმერთი ადამიანის გულშიცაა და მის გვერდითაცაა. იგი არა მხოლოდ სულიერ სამყაროში და ყოველგვარზე მაღლაა, არამედ კიდევ უფრო მეტად — დედამიწაზე, რომელზეც ადამიანი არსებობს. ამრიგად, უკანასკნელი დღეების დადგომამ ღვთის საქმის ნაბიჯები ახალ ტერიტორიაზე გადაიყვანა. ღმერთი ყოველგვარს შორისაა, ხელმწიფებს ყველაფერზე და იგი ასევე ადამიანის გულშია, მის საყრდენად გვევლინება, და კიდევ უფრო მეტად — იგი არსებობს ადამიანთა შორის. მხოლოდ ამგვარად ძალუძს მას, მოუტანოს კაცობრიობას სიცოცხლის გზა და შეიყვანოს ადამიანი სიცოცხლის გზაზე. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე და ცხოვრობს ადამიანთა შორის, რათა ადამიანმა მოიპოვოს სიცოცხლის გზა და კაცობრიობის არსებობის გულისთვის. ამავდროულად, იგი ყოველივეს შორის არის და განაგებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს იმ მართვას, რომელსაც ადამიანთა შორის ახორციელებს. ამგვარად, თუკი შენ მხოლოდ იმ მოძღვრებას აღიარებ, რომ ღმერთი ზეცასა და ადამიანის გულშია, მაგრამ არ აღიარებ ჭეშმარიტებას ადამიანთა შორის ღვთის არსებობის შესახებ, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ სიცოცხლეს, ვერასოდეს მოიპოვებ ჭეშმარიტების გზას.
თავად ღმერთია სიცოცხლეც და ჭეშმარიტებაც, ხოლო მისი სიცოცხლე და ჭეშმარიტება თანაარსებობს. ვისაც არ ძალუძს მოიპოვოს ჭეშმარიტება, ის სიცოცხლეს ნამდვილად ვერ მოიპოვებს. ჭეშმარიტების ხელმძღვანელობის, მხარდაჭერისა და ბოძების გარეშე, ყველაფერი, რასაც მოიპოვებ, მხოლოდ ცარიელი სიტყვები, მოძღვრებები და, მით უმეტეს, სიკვდილი იქნება. ღვთის სიცოცხლე მარადმყოფია, ხოლო მისი ჭეშმარიტება და სიცოცხლე ერთდროულად თანაარსებობს. თუკი ჭეშმარიტების სათავეს ვერ პოულობ, მაშინ ვერ მოიპოვებ სიცოცხლის საზრდოს. თუკი ვერ მოიპოვებ სიცოცხლის საზრდოს, მაშინ, უდავოდ, არავითარი ჭეშმარიტება არ გექნება, წარმოდგენებისა და შეხედულებების გარდა, შენი მთელი არსება სხვა არაფერს დაიტევს, თუ არა შენს ხორცს — შენს აყროლებულ ხორცს. იცოდე, რომ წიგნებში არსებული უბრალო სიტყვები ვერ ჩაითვლება სიცოცხლედ, ხოლო ისტორიული ჩანაწერები ვერ იქნება ჭეშმარიტებად სათუთად შენახული, და წარსულის წესები ვერ გამოდგება ღვთის ამჟამინდელი სიტყვების ჩანაწერად. და რომ მხოლოდ ის სიტყვებია ჭეშმარიტება და სიცოცხლე, რომლებსაც ღმერთი დედამიწაზე მოსვლისას და ადამიანთა შორის ცხოვრებისას გამოხატავს, ღვთის განზრახვები და მისი ამჟამინდელი მოქმედების გზა. თუკი შენ წარსულ საუკუნეებში ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების ჩანაწერებს აიღებ და დღეს მათ მიეჯაჭვები, ეს არქეოლოგად გაქცევს, ამ შემთხვევაში, შენი დახასიათების ყველაზე მართებული გზა ისაა, რომ ისტორიულ რელიკვიათა კვლევის ექსპერტი ხარ. შენ ყოველთვის გწამს ღვთის მიერ წარსულში შესრულებული საქმის კვალისა, შენ მხოლოდ ღვთის იმ აჩრდილისა გწამს, რომელიც დარჩა იმ დროიდან, როდესაც იგი ადრე ადამიანთა შორის მუშაობდა, და მხოლოდ იმ გზისა გწამს, რომელიც ღმერთმა თავის მიმდევრებს ძველ დროში გადასცა, მაგრამ არ გწამს ღვთის დღევანდელი მოქმედების მიმართულებისა, არ გწამს ღვთის დღევანდელი დიდებული პირისახისა, და არ გწამს ჭეშმარიტების იმ გზისა, რომელსაც ღმერთი ამჟამად გამოხატავს. ამიტომაც, უცილობლად, მეოცნებე ხარ შენ, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას. თუკი ახლაც ებღაუჭები იმ სიტყვებს, რომლებსაც არ ძალუძთ ადამიანს სიცოცხლე მიანიჭონ, მაშინ უიმედო ხმელი ხე ხარ, რადგან მეტისმეტად კონსერვატიული, მეტისმეტად მოუდრეკელი და საღი აზრისთვის მეტისმეტად შეუვალი ხარ!
ხორცშესხმულ ღმერთს ქრისტედ მოიხსენიებენ, და სულაც არაა გადაჭარბება ღმერთად მოიხსენიო ქრისტე, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტება უწყალობოს ადამიანს, რადგან იგი ფლობს ღვთის არსს, ფლობს ღვთის ხასიათსა და ღვთის საქმის სიბრძნეს, რაც მიუწვდომელია ადამიანისთვის. ისინი, ვინც საკუთარ თავს ქრისტეებს უწოდებენ, თუმცა ღვთის საქმის კეთება არ შეუძლიათ, თაღლითები არიან. ქრისტე უბრალოდ მიწაზე ღმერთის გამოცხადება არაა, არამედ ის კონკრეტული ხორციცაა, რომელსაც ღმერთი შეისხამს, როდესაც იგი დედამიწაზე თავის საქმეს ახორციელებს და ადამიანთა შორის თავის საქმეს ასრულებს. ეს ხორცი ვერ ჩანაცვლდება ნებისმიერით, ეს ის ხორცია, რომელსაც საკმარისად შეუძლია ზიდოს მიწაზე ღვთის საქმე, გამოხატოს ღვთის ხასიათი, სათანადოდ წარმოადგინოს ღმერთი და სიცოცხლე მიანიჭოს ადამიანს. ადრე თუ გვიან, დაეცემა ყველა, ვინც ქრისტედ ასაღებს თავს — რადგან თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ქრისტე არიან, მათში ქრისტეს არავითარი არსი არ არსებობს. ამგვარად, მე ვამბობ, რომ ქრისტეს ავთენტიკურობა ადამიანის მიერ ვერ განისაზღვრება, არამედ თავად ღვთის მიერ გაეცემა პასუხი და გადაწყდება. შესაბამისად, თუკი მართლა გსურს სიცოცხლის გზის მოძებნა, პირველ ყოვლისა, უნდა აღიარო, რომ სწორედ ადამიანთა შორის მოდის ღმერთი, რათა შეასრულოს ადამიანისთვის სიცოცხლის გზის ბოძების საქმე, და უნდა აღიარო, რომ სწორედ უკანასკნელ დღეებში მოდის იგი ადამიანთა შორის, რათა ადამიანს სიცოცხლის გზა უბოძოს — არა წარსულში, არამედ დღეს.
რაც უკანასკნელი დღეების ქრისტეს მოაქვს არის სიცოცხლე; რაც მას მოაქვს არის მარადიული, უსასრულო ჭეშმარიტების გზა. ეს ჭეშმარიტება არის გზა, რომლითაც ადამიანი სიცოცხლეს მოიპოვებს, და ეს არის ერთადერთი გზა ადამიანისთვის, რათაშეიცნოს ღმერთი და ღმერთმა მოიწონოს ის. თუკი არ ეძებ უკანასკნელი დღეების ქრისტეს მიერ ბოძებულ სიცოცხლის გზას, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ იესოს მოწონებას, ვერასოდეს გახდები ცათა სასუფევლის კარიბჭეში შესვლის ღირსი, რადგან შენ ისტორიის როგორც მარიონეტი, ისე ისტორიის ტყვე ხარ. წესებით, სიტყვებითა და ისტორიის ბორკილებით მართულნი, ვერასოდეს მოიპოვებენ სიცოცხლეს და ვერასოდეს დაადგებიან მარადიული ცხოვრების გზას. ეს იმიტომ, რომ ყოველივე, რასაც ისინი მოიპოვებენ, არის მღვრიე წყალი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში ებღაუჭებიან, ნაცვლად სიცოცხლის წყლისა, რომელიც ტახტიდან მოედინება. ისინი, ვინც არ არიან უზრუნველყოფილნი სიცოცხლის წყლით, სამუდამოდ დარჩებიან გვამებად, სამუდამოდ დარჩებიან სატანის სათამაშოებად და ჯოჯოხეთის ძეებად. მაშ, როგორღა უნდა იხილონ მათ ღმერთი? შენ მხოლოდ ისტორიის შენარჩუნებას ცდილობ, მხოლოდ ერთ ადგილზე გაჩერება და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება გსურს, არც არსებული ვითარების შეცვლა გსურს და არც ისტორიასთან განშორება; განა ამით სამუდამოდ ღვთის მოწინააღმდეგედ არ რჩები? ღვთის საქმის ნაბიჯები ყოვლისწამლეკავი და მძლავრია, აზვირთებული ტალღებისა და მგრგვინავი ჭექა-ქუხილივით — შენ კი ზიხარ სიკვდილის მოლოდინში, უმოქმედოდ, ელოდები, როდის მოგეცემა რაღაცები და კვლავ ძველს ეჭიდები. ამგვარად, როგორ შეიძლება მიჩნეულ იქნე კრავის ნაკვალევის მიმდევრად? როგორ შეუძლია ამას წარმოაჩინოს, რომ ღმერთი, რომელსაც შენ ეჭიდები, არის ღმერთი მუდამ ახალი და არასოდეს ძველი? და როგორ შეუძლია შენი გაყვითლებული წიგნების სიტყვებს ახალ ეპოქაში გადაგიყვანოს? როგორ შეუძლია მათ გაგიძღვნენ ღვთის საქმის ნაბიჯების ძიებისკენ? და როგორ შეუძლია მათ შენი აყვანა ზეცაში? ხელში მარტოოდენ სიტყვები შეგრჩენია, რომლებიც მხოლოდ დროებით ნუგეშს მოგცემს, ვერ გაზიარებს ჭეშმარიტებებს, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე გიბოძოს. წმინდა წერილის სიტყვები, რომლებსაც ზეპირად იმეორებ, უბრალოდ ენაზე მომდგარი ტექსტია; ისინი არც ადამიანური ცხოვრების შესაცნობად გამოდგება და მით უმეტეს, არც იმ გზას წარმოადგენს, სრულყოფამდე რომ მიგიყვანს. ნუთუ ამგვარი შეუსაბამობა საკმარისი მიზეზი არ არის დასაფიქრებლად? დაფარულ საიდუმლოთა ჩაწვდომას არ გიადვილებს? შეგიძლია ღმერთთან შესახვედრად სამოთხეში შენით მოხვდე? ღმერთი თუ არ მოვა, შეგიძლია ცად აიყვანო საკუთარი თავი და ღმერთთან ერთად ოჯახური ბედნიერებით დატკბე? კვლავაც ოცნებობ? მაშ, მოგიწოდებ შეეშვა ოცნებას და შეხედო მას, ვინც ირჯება ახლა — უკანასკნელ დღეებში ადამიანის გადასარჩენად ვინ ირჯება ახლა! სხვაგვარად ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს ვერასდროს ეზიარები.
ამქვეყნად ყველაზე სასაცილონი არიან ისინი, ვისაც სურს მოიპოვოს სიცოცხლე ისე, რომ ქრისტესმიერ ჭეშმარიტებას არ მიენდოს. ილუზიებში იკარგებიან ისინიც, ვინც არ იღებს ქრისტეს მიერ ბოძებულ სიცოცხლის გზას. ჰოდა, მეც ვამბობ, რომ მათ, ვინც არ იღებს უკანასკნელი დღეების ქრისტეს, ღმერთი სამუდამოდ მოიძულებს. სასუფევლის კარია უკანასკნელი დღეების ადამიანისთვის ქრისტე და არავის ძალუძს გვერდი აუაროს მას. ვერავინ გახდება სრულყოფილი ღვთის მიერ, თუ არა ქრისტეს გზით. შენ გწამს ღმერთის, და ამიტომ უნდა მიიღო მისი სიტყვები და დაემორჩილო მის სიტყვას. ნუ ფიქრობ მხოლოდ კურთხევების მიღებაზე, როდესაც არ ძალგიძს ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მომარაგების მიღება. უკანასკნელ დღეებში ქრისტე მოდის იმისთვის, რომ სიცოცხლე მიანიჭოს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს იგი. ეს საქმე არსებობს ძველი ეპოქის დასასრულებლად და ახალში შესასვლელად, გზაა, რომელსაც უნდა დაადგეს ყველა, ვისაც ახალ ხანაში შებიჯება სურს. თუკი არ აღიარებ ქრისტეს — მეტიც, განიკითხავ, გმობ ან დევნი მას, უცილობლად დაიწვები მარადიულად და ღვთის სასუფეველში ვერასოდეს შეხვალ, ეს იმიტომ, რომ ეს ქრისტე თავადაა სულიწმიდის გამოხატულება, ღვთის გამოხატულება, ის, ვისაც ღმერთმა მიანდო თავისი საქმის შესრულება მიწაზე, ამგვარად, მე ვამბობ, რომ თუკი შენ არ ძალგიძს მიიღო ყოველივე, რაც სრულდება უკანასკნელი დღეების ქრისტეს მიერ, მაშინ შენ გმობ სულიწმიდას. ყველასთვის ნათელია, რა სასჯელი მოელის მათ, ვინც გმობს სულიწმიდას. ამასაც გეტყვი შენ: თუკი ეწინააღმდეგები უკანასკნელი დღეების ქრისტეს, თუკი უარყოფ უკანასკნელი დღეების ქრისტეს, შედეგებზე შენ მაგივრად პასუხს ვერავინ აგებს. მეტიც, იმ მომენტიდან მოყოლებული შენ აღარასოდეს გექნება ღვთის მოწონების მოპოვების შესაძლებლობა; თუნდაც მონანიება გსურდეს, მეტად ვეღარასდროს იხილავ ღვთის სახეს, ეს იმიტომ, რომ ის, ვისაც შენ ეწინააღმდეგები, არ არის უბრალო ადამიანი, და ის, ვისაც შენ უარყოფ, არ არის რომელიმე უმნიშვნელო პიროვნება, არამედ არის ქრისტე. იცი, ამას შედეგად რა მოჰყვება? პატარა შეცდომას კი არ უშვებ, საშინელ ცოდვას ჩადიხარ. და ამიტომ, მე ვურჩევ ყოველ ადამიანს, არ გამოაჩინოს ეშვები, არ აღმართოს ბრჭყალები და არ დაიწყოს თვითნებური მსჯელობა ჭეშმარიტების წინაშე, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტებას ძალუძს სიცოცხლის ბოძება შენთვის, და არაფერს, გარდა ჭეშმარიტებისა, არ შეუძლია მოგცეს ძალა ხელახლა დასაბადებლად და ღვთის სახის კვლავ სახილველად.