მხოლოდ მათ, ვინც შეიცნო ღმერთი, შეუძლიათ დაამოწმონ მასზე

ღმერთის რწმენა და ღმერთის შეცნობა სრულიად ბუნებრივი და გამართლებულია, ხოლო დღეს — იმ ეპოქაში, როდესაც განკაცებული ღმერთი პირადად ასრულებს თავის საქმეს — განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა ღმერთის შესაცნობად. ღმერთის სათნოყოფა ისეთი რამ არის, რაც ღვთის განზრახვების გაგების საფუძველზე მიიღწევა, ხოლო ღვთის განზრახვების გასაგებად აუცილებელია ღმერთის გარკვეული შემეცნება. ღმერთის ეს შემეცნება არის ის ხედვა, რომელიც ყოველ მორწმუნეს უნდა გააჩნდეს; ეს არის ადამიანის ღვთისადმი რწმენის საძირკველი. ამ შემეცნების არარსებობის შემთხვევაში, ადამიანის რწმენა ბუნდოვანი იქნებოდა და მხოლოდ ფუჭ თეორიად დარჩებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ღმერთს გაჰყვნენ, ისინი ვერაფერს შეიძენენ. ყველა, ვინც ამ მდინარებაში ვერაფერს შეიძენს, განდევნილი იქნება — ისინი ყველანი მუქთახორები არიან. ღვთის შემოქმედების შეცნობის რომელ საფეხურზეც არ უნდა იყო, თან უნდა გსდევდეს ძლიერი ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ ახალი შემოქმედების ყოველი საფეხურის მიღება, რადგან ღვთის ახალი შემოქმედება ადამიანის წარმოსახვის შესაძლებლობებს აღემატება და მისი წარმოდგენის საზღვრებს მიღმაა. ამგვარად, თუკი არ იარსებებს მწყემსი, რომელიც ადამიანზე იზრუნებს და მას ხედვებზე ესაუბრება, ადამიანი ვერ შეძლებს ამ ახალი შემოქმედების მიღებას. თუ ადამიანი ვერ შეიცნობს ხედვებს, მაშინ ის ვერც ღვთის ახალ შემოქმედებას ჩაწვდება; ხოლო თუ ადამიანი ვერ დაემორჩილება ღვთის ახალ შემოქმედებას, მაშინ ის ვერც ღვთის განზრახვების გაგებას შეძლებს და, ამგვარად, მისი ცოდნა ღმერთის შესახებ არაფრის მომცემი იქნება. სანამ ადამიანი ღვთის სიტყვას საქმით აღასრულებს, მანამდე მან უნდა იცოდეს ღვთის სიტყვა; ანუ მან უნდა გაიგოს ღვთის განზრახვები. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ღვთის სიტყვის ზუსტად და მისი განზრახვების შესაბამისად აღსრულება. ეს არის ის, რაც ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს უნდა გააჩნდეს და ეს არის პროცესი, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, ვინც ღმერთის შეცნობას ცდილობს. ღვთის სიტყვის შეცნობის პროცესი არის თავად ღმერთისა და ღვთის შემოქმედების შეცნობის პროცესი. ამგვარად, ხედვების ცოდნა გულისხმობს არა მხოლოდ განკაცებული ღმერთის ადამიანურობის შეცნობას, არამედ მოიცავს ღვთის სიტყვისა და ღვთის შემოქმედების შეცნობასაც. ღმერთის სიტყვიდან ადამიანები იგებენ ღმერთის განზრახვებს, ხოლო ღმერთის შემოქმედების მეშვეობით ისინი შეიცნობენ ღმერთის განწყობასა და იმას, თუ ვინ არის ღმერთი თავისი არსით. თავდაპირველი რწმენიდან ღმერთისადმი ყველაზე ღრმა რწმენამდე განვრცობის პროცესი არის ღმერთის შეცნობისა და ღმერთის შემოქმედების განცდის პროცესი. თუკი შენ მხოლოდ იმიტომ გწამთ ღმერთის, რომ უბრალოდ გწამდეთ, და არა მის შესაცნობად, მაშინ შენს რწმენას აკლია რეალობა და იგი ვერ გახდება წმინდა — რამეთუ ესეთია ჭეშმარიტება. თუკი ღვთის შემოქმედების შეცნობის პროცესში ადამიანი თანდათანობით შეიცნობს ღმერთს, მაშინ მისი ბუნება ნელ-ნელა შეიცვლება და მისი რწმენაც სულ უფრო ჭეშმარიტი გახდება. ამგვარად, როდესაც ადამიანი სრულყოფილად ირწმუნებს ღმერთს, იგი სრულად გაითავისებს ღმერთს. მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა ასე დიდად გაიღო თავისი გულის სისხლი, რათა მეორედ განკაცებულიყო და პირადად შეესრულებინა თავისი საქმე, იყო ის, რომ ადამიანს შეძლებოდა მისი შეცნობა და მისი ხილვა. ღმერთის შეცნობა არის ის საბოლოო შედეგი, რომელიც ღვთის საქმის დასრულებისას[ა] უნდა იქნეს მიღწეული; ეს არის უკანასკნელი მოთხოვნა, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას უყენებს. ადამიანს მხოლოდ ღმერთის შეცნობით შეუძლია მისი ჭეშმარიტად შეყვარება, ხოლო იმისათვის, რომ შეიყვაროს ღმერთი, მან უნდა შეიცნოს იგი. როგორადაც არ უნდა მიჰყვებოდეს ადამიანი თავის ძიებას ან რის მიღწევასაც არ უნდა იმედოვნებდეს იგი, მან აუცილებლად უნდა შეძლოს ღმერთის შეცნობა. მხოლოდ ამგვარად შეუძლია ადამიანს ღვთის გულის დაკმაყოფილება. მხოლოდ ღმერთის შეცნობით შეუძლია ადამიანს ჰქონდეს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა და მხოლოდ ღმერთის შეცნობის მეშვეობით შეუძლია მას ჭეშმარიტად ღვთისმოშიში და მისი მორჩილი იყოს. ისინი, ვინც არ იცნობენ ღმერთს, ვერასოდეს მივლენ ღვთისადმი ჭეშმარიტ მორჩილებამდე და მის მოშიშებამდე. ღმერთის შეცნობა მოიცავს მისი ბუნების ცოდნას, მისი განზრახვების გაგებასა და ღვთის არსების შემეცნებას. თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რომელ ასპექტს შეიცნობს ადამიანი, თითოეული მათგანი მისგან ფასის გადახდასა და მორჩილების მტკიცე ნებას მოითხოვს; ამის გარეშე ვერავინ შეძლებს ბოლომდე გაჰყვეს ღმერთს.. ღვთის საქმე მეტად შეუთავსებელია ადამიანის წარმოდგენებთან. ღვთის განწყობა და ღვთის არსება ზედმეტად რთული შესაცნობია ადამიანისთვის, ხოლო ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს და აკეთებს — მეტისმეტად გაუგებარი: თუ ადამიანს სურს გაჰყვეს ღმერთს, მაგრამ არ სურს მას დაემორჩილოს, მაშინ იგი ვერაფერს შეიძენს. სამყაროს გაჩენიდან დღემდე ღმერთმა უამრავი საქმე აღასრულა, რომელიც გაუგებარია ადამიანისთვის და რისი მიღებაც მას უჭირს; ასევე, ღმერთმა თქვა ბევრი ისეთი რამ, რაც ადამიანის წარმოდგენისათვის გაუგებარია. თუმცა მას არასოდეს შეუწყვეტია თავისი საქმე იმის გამო, რომ ადამიანს მეტისმეტად ბევრ სირთულესთან შეჭიდება უწევს; პირიქით, იგი კვლავაც აგრძელებს მოქმედებასა და ქადაგებას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი „მებრძოლი“ გზაზე დაეცა, იგი კვლავაც ასრულებს თავის საქმეს და შეუსვენებლად ირჩევს ადამიანთა ახალ ჯგუფებს — მათ, ვინც მზად არის დაემორჩილოს მის ახალ საქმეს. მას არ აქვს თანაგრძნობა ამ დაცემული „გმირების“ მიმართ; ნაცვლად ამისა, იგი აფასებს მათ, ვინც იღებს მის ახალ საქმესა და სიტყვებს. მაგრამ რა არის ამგვარი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედების საბოლოო მიზანი? რატომ განდევნის იგი მუდმივად ზოგიერთებს და ირჩევს სხვებს? რატომ იყენებს იგი ყოველთვის ამგვარ მეთოდს? მისი საქმის მიზანია, მისცეს ადამიანს მისი შეცნობის შესაძლებლობა და ამგვარად, ღმერთმა ისინი მოიპოვოს. მისი საქმის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ იმუშაოს მათზე, ვისაც შესწევს იმ საქმისადმი მორჩილების უნარი, რომელსაც იგი დღეს ასრულებს, და არა მათზე, ვინც ემორჩილება წარსულში შესრულებულ საქმეს, მაგრამ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იგი დღეს აკეთებს. სწორედ ამაში მდგომარეობს იმის მიზეზი, თუ რატომ განდევნის იგი ამდენ ადამიანს.

ღმერთის შეცნობის გაკვეთილის შედეგები ერთ ან ორ დღეში ვერ მიიღწევა: ადამიანმა უნდა დააგროვოს გამოცდილება, გაიაროს ტანჯვა და მიაღწიოს ჭეშმარიტ მორჩილებას. უპირველეს ყოვლისა, დაიწყეთ ღვთის საქმითა და მისი სიტყვებით. აუცილებელია გესმოდეს, თუ რას მოიცავს ღმერთის შეცნობა, როგორ მიაღწიო ამ შემეცნებას და როგორ დაინახო ღმერთი შენს გამოცდილებაში. აი, რა უნდა გააკეთოს ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცნია ღმერთი. არავის ძალუძს ღვთის საქმისა და მისი სიტყვების ერთი ხელის მოსმით ჩაწვდომა და ვერავინ შეძლებს ღმერთის სრული შემეცნების მიღწევას მოკლე დროში. არსებობს გამოცდილების მიღების აუცილებელი პროცესი, რომლის გარეშეც ვერავინ შეძლებს ღმერთის შეცნობას ან მის გულწრფელად გაყოლას. რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს ღმერთი, მით უფრო მეტად შეიცნობს მას ადამიანი. რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება ღვთის საქმე ადამიანის წარმოდგენებს, მით უფრო მეტად ახლდება და ღრმავდება ადამიანის შემეცნება მის შესახებ. ღმერთის საქმე სამარადჟამოდ უცვლელი რომ დარჩენილიყო, მაშინ ადამიანის შემეცნება მის შესახებ მეტად მწირი იქნებოდა. სამყაროს გაჩენიდან დღემდე, ის, რაც ღმერთმა აღასრულა რჯულის ეპოქაში, მადლის ეპოქაში და რასაც იგი სასუფევლის ეპოქაში აკეთებს — თქვენ სრულყოფილად უნდა გესმოდეთ ეს ხედვები. თქვენ უნდა იცნობდეთ ღვთის საქმეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პეტრე იესოს გაჰყვა, მან თანდათანობით შეიტყო იმ მრავალი საქმის შესახებ, რომელსაც სულიწმიდა აღასრულებდა იესოში. მან თქვა: „სრულყოფილი შემეცნების მისაღწევად მხოლოდ ადამიანურ გამოცდილებაზე დაყრდნობა არ არის საკმარისი; საჭიროა მრავალი ახალი რამ ღვთის შემოქმედებიდან, რაც დაგვეხმარება მის შეცნობაში. თავდაპირველად პეტრეს სწამდა, რომ იესო იყო ღვთის მიერ მოვლენილი ვინმე, მოციქულის მსგავსი, და იგი მასში ქრისტეს ვერ ხედავდა. ამ დროს, როდესაც მან იესოს გაყოლა დაიწყო, იესომ ჰკითხა: „სიმონ ბარ-იონა, გამომყვები?“ პეტრემ უპასუხა: „მე უნდა გავყვე მას, ვინც ზეციერმა მამამ მოავლინა. მე უნდა ვაღიარო იგი, ვინც სულიწმიდამ გამოარჩია. მე გამოგყვები შენ“. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ პეტრეს უბრალოდ არ ჰქონდა ცოდნა იესოს შესახებ; მას გამოცდილი ჰქონდა ღვთის სიტყვები, განეწმინდა საკუთარი თავი და ღვთისთვის გაჭირვებაც დაეთმინა, თუმცა მას არ გააჩნდა ცოდნა ღვთის საქმის შესახებ. გარკვეული გამოცდილების შემდეგ, პეტრემ დაინახა იესოში ღვთის მრავალი საქმე, დაინახა ღვთის მშვენიერება და იესოშივე შეიცნო ღვთის არსების დიდი ნაწილი. ასევე დაინახა მან, რომ სიტყვები, რომელთაც იესო ამბობდა, ვერ იქნებოდა ადამიანის მიერ ნათქვამი და საქმე, რომელსაც იესო აკეთებდა, ვერ იქნებოდა ადამიანის მიერ შესრულებული. გარდა ამისა, იესოს სიტყვებსა და მოქმედებებში პეტრემ დაინახა ღვთის უსაზღვრო სიბრძნე და ღვთიური ბუნების მქონე მრავალი საქმე. თავისი გამოცდილების განმავლობაში, იგი მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ დიდ ყურადღებას აქცევდა იესოს ყოველ მოქმედებას. სწორედ ამის მეშვეობით აღმოაჩინა მან მრავალი ახალი რამ, კერძოდ კი ის, რომ იმ საქმეში, რომელსაც ღმერთმა იესოს მეშვეობით აღასრულა, პრაქტიკული ღმერთის მრავალი გამოვლინება იყო; ასევე ის, რომ იესო განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანისგან როგორც წარმოთქმული სიტყვებითა და მოქმედებებით, ისე ეკლესიების დამწყემსვისა და თავისი შესრულებული საქმით. ამგვარად, პეტრემ იესოსგან მიიღო მრავალი გაკვეთილი, რომელიც უნდა ესწავლა და იმ დროისთვის, როდესაც იესო ჯვარზე უნდა გაეკრათ, მას უკვე ჰქონდა იესოს შესახებ გარკვეული ცოდნა — სწორედ ეს გახდა საფუძველი იესოსადმი მისი მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთგულებისა და იმ თავდაყირა ჯვარცმისა, რომელიც მან უფლის გულისთვის დაითმინა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას გარკვეული მცდარი წარმოდგენები ჰქონდა და იესოს შესახებ ნათელი ცოდნა არ გააჩნდა, მსგავსი რამ გარდაუვალია გახრწნილი ადამიანისთვის. როდესაც იესო წასასვლელად ემზადებოდა, მან პეტრეს უთხრა, რომ მისი ჯვარცმა იყო ის საქმე, რომლისთვისაც მოვიდა: აუცილებელი იყო, რომ იგი ამ ეპოქის მიერ უარყოფილი ყოფილიყო და ამ უწმინდურ და ძველ ეპოქას იგი ჯვარზე გაეკრა; იგი მოვიდა გამოსყიდვის საქმის დასასრულებლად და ამ საქმის დასრულებისთანავე, მისი მსახურებაც ამოიწურებოდა. ამის გაგონებაზე პეტრე მწუხარებამ მოიცვა და იგი კიდევ უფრო მეტად მიეჯაჭვა იესოს. როდესაც იესო ჯვარზე გააკრეს, პეტრე განმარტოებით მწარედ ატირდა. მანამდე მან იესოს ჰკითხა: “უფალოჩემო!“ შენ ამბობ, რომ ჯვარზე უნდა გაგაკრან. „შენი წასვლის შემდეგ, როდის გიხილავთ კვლავ?“ განა არ იყო სიყალბე მის ნათქვამ სიტყვებში? განა არ იყო მათში ადამიანური წარმოდგენები გარეული? გულში მან იცოდა, რომ იესო ღვთის საქმის გარკვეული ნაწილის შესასრულებლად მოვიდა და მისი წასვლის შემდეგ, მისი სული მასთან იქნებოდა; მიუხედავად იმისა, რომ იესოს ჯვარზე გააკრავდნენ და ზეცად ამაღლდებოდა, ღვთის სული მაინც მასთან დარჩებოდა. იმ დროს პეტრეს უკვე ჰქონდა გარკვეული ცოდნა იესოს შესახებ: მან იცოდა, რომ იესო ღვთის სულმა მოავლინა, რომ მასში ღვთის სული იმყოფებოდა და რომ იესო იყო თვით ღმერთი, რომ იგი იყო ქრისტე. და მაინც, პეტრემ ეს სიტყვები იესოსადმი სიყვარულისა და საკუთარი ადამიანური სისუსტის გამო წარმოთქვა. თუკი ადამიანი შეძლებს დააკვირდეს და საგულდაგულოდ გამოსცადოს ღვთის საქმის ყოველი ნაბიჯი, მაშინ იგი შეძლებს თანდათანობით აღმოაჩინოს ღვთის მშვენიერება. ხოლო რა მიიღო პავლემ თავის ხილვად? როდესაც იესო გამოეცხადა მას, პავლემ ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ იესომ მიუგო: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი“. ეს იყო პავლეს ხილვა. ხოლო პეტრემ თავის ხილვად მიიღო იესოს აღდგომა, მისი გამოცხადება 40 დღის განმავლობაში და იესოს მთელი ცხოვრებისეული მოძღვრება, თავისი გზის დასასრულამდე.

ადამიანი გამოცდის ღვთის საქმეს, შეიცნობს საკუთარ თავს, იშორებს თავის გახრწნილ ხასიათს და ისწრაფვის სიცოცხლეში ზრდისკენ; ყოველივე ეს კი — ღვთის შემეცნებისათვის. თუკი მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობასა და საკუთარი გახრწნილი ხასიათის გამოსწორებას ესწრაფვი, მაგრამ არ გაქვს ცოდნა იმისა, თუ რა საქმეს ასრულებს ღმერთი ადამიანში, რამდენად დიდია მისი ხსნა, ან როგორ უნდა გამოსცადო ღვთის საქმე და დაამოწმო მისი მოქმედება, მაშინ შენი ეს გამოცდილება ამაოა. თუ ფიქრობ, რომ შენმა სულიერმა ცხოვრებამ სიმწიფეს მხოლოდ იმიტომ მიაღწია, რომ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და მოთმინება, ეს ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდომიხარ სიცოცხლის ჭეშმარიტ არსს ან ღვთის მიზანს ადამიანის სრულყოფასთან დაკავშირებით. ერთ დღესაც, როდესაც რელიგიურ ტაძრებში, „სინანულის ეკლესიის“ ან „სიცოცხლის ეკლესიის“ წევრთა შორის აღმოჩნდები, შეხვდები ბევრ მორწმუნე ადამიანს, რომელთა ლოცვებიც „ხედვებს“ შეიცავს და რომლებიც, სიცოცხლისკენ სწრაფვისას, გრძნობენ სულიერ აღძვრას და სიტყვებით წარიმართებიან. გარდა ამისა, მათ მრავალ საკითხში შეუძლიათ მოთმინება, საკუთარი თავის უარყოფა და ის, რომ არ აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებს. იმ დროს შენ ვერ შეძლებ განსხვავების დანახვას: დაიჯერებ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, სწორია, რომ ეს სიცოცხლის ბუნებრივი გამოვლინებაა და ძალიან დაგენანება, რომ სახელი, რომელიც მათ სწამთ, მცდარია. ​განა ასეთი შეხედულებები უგუნური არ არის? რატომ ამბობენ, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს სიცოცხლე? რამეთუ მათ არ იციან ღმერთი, ამიტომაც ამბობენ, რომ მათ გულებში არ არის ღმერთი და არ აქვთ სიცოცხლე. თუ შენმა რწმენამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც შეგიძლია სრულყოფილად შეიცნო ღვთის მოქმედებანი, ღვთის პრაქტიკულობა და მისი საქმის ყოველი ეტაპი, მაშინ შენ ფლობ ჭეშმარიტებას. თუ შენ არ იცნობ ღვთის საქმესა და მის ხასიათს, მაშინ შენს გამოცდილებას ჯერ კიდევ რაღაც აკლია. როგორ შეასრულა იესომ თავისი საქმის ის ეტაპი, როგორ ხორციელდება ეს ეტაპი ახლა, როგორ ასრულებდა ღმერთი თავის საქმეს მადლის ეპოქაში და რა საქმე შესრულდა მაშინ, რა საქმე სრულდება ამ ეტაპზე — თუ ყოველივე ამის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა არ გაგაჩნია, მაშინ ვერასდროს იგრძნობ დარწმუნებულობას და მუდამ დაუცველობის განცდა გექნება. ​თუ გარკვეული გამოცდილების შემდეგ შეძლებ შეიცნო ღვთის მიერ შესრულებული საქმე და მისი ყოველი ნაბიჯი, თუ საფუძვლიანად გაიაზრებ ღვთის მიზნებს მისი სიტყვების წარმოთქმისას და იმას, თუ რატომ არ აღსრულებულა მისი მრავალი ნათქვამი სიტყვა, მაშინ შეძლებ თამამად და დაუბრკოლებლად გაჰყვე წინ მდებარე გზას, ყოველგვარი წუხილისა და გამოცდის გარეშე. თქვენ უნდა დაინახოთ, რა საშუალებებით აღწევს ღმერთი თავისი საქმის ასეთ დიდ მასშტაბებს. იგი იყენებს თავის ნათქვამ სიტყვებს, რათა გამოწრთოს ადამიანი და სხვადასხვაგვარი სიტყვის მეშვეობით გარდაქმნას მისი წარმოდგენები. ყოველი ტანჯვა, რაც კი გადაგიტანიათ, ყოველი გამოწრთობა, რაც კი გამოგივლიათ, ყოველი გასხვლა, რაც კი შინაგანად მიგიღიათ და ყოველი მონიჭებული ნათელი, რაც კი გამოგიცდიათ — ყოველივე ეს ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების მეშვეობით აღსრულდა. რის საფუძველზე მიჰყვება ადამიანი ღმერთს? იგი მას მიჰყვება ღვთის სიტყვების გამო! ღვთის სიტყვები ღრმად იდუმალია; ამასთანავე, მას შეუძლია ადამიანის გულის აღძვრა, მასში ღრმად დაფარული ამბების მხილება, წარსულში მომხდარი მოვლენების შეცნობა და მომავალში წვდომის შესაძლებლობა. ასე რომ, ადამიანი ღვთის სიტყვების გამო უძლებს ტანჯვას და ღვთისავე სიტყვების მეშვეობით ხდება სრულყოფილი: მხოლოდ ამ დროს მიჰყვება ადამიანი ღმერთს. ამ ეტაპზე ადამიანმა უნდა მიიღოს ღვთის სიტყვები და მიუხედავად იმისა, იგი სრულყოფილი გახდება თუ გამოწრთობას დაექვემდებარება, მთავარი მაინც ღვთის სიტყვებია. ეს არის ღვთის საქმე და ეს არის აგრეთვე ის ხედვა, რომელიც ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს.

როგორ სრულყოფს ღმერთი ადამიანს? როგორია ღმერთის ხასიათი? რას მოიცავს მისი ხასიათი? თუ ვინმეს შეუძლია ყოველივე ეს ნათლად განმარტოს, მაშინ ეს არის ღვთის სახელის გამოცხადება, ეს არის ღვთის დამოწმება და ეს არის ღვთის განდიდება. ღვთის შემეცნების საფუძველზე, ადამიანი საბოლოოდ განიცდის ტრანსფორმაციას თავის სიცოცხლე-განწყობაში. რაც უფრო მეტად გადის ადამიანი გასხვლასა და გამოწრთობას, მით უფრო მეტად ძლიერდება იგი; რაც უფრო მრავალრიცხოვანია ღვთის საქმის ნაბიჯები, მით უფრო მეტად ხდება ადამიანი სრულყოფილი. დღეს, ადამიანის გამოცდილებაში, ღვთის საქმის ყოველი ცალკეული ნაბიჯი დარტყმას აყენებს მის წარმოდგენებს და ყოველივე ადამიანის ინტელექტსა და მის მოლოდინებს მიღმაა. ღმერთი უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება, ეს კი ყოველ ასპექტში ეწინააღმდეგება მის წარმოდგენებს. ღმერთი წარმოთქვამს თავის სიტყვებს შენი სისუსტის ჟამს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას შენი სიცოცხლის მომარაგება. შენს წარმოდგენებზე დარტყმით, იგი გაიძულებს, მიიღო ღვთის გასხვლა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია მოიშორო შენი გახრწნილება. დღეს, განკაცებული ღმერთი, ერთი მხრივ, ღვთიურობის მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ნორმალური ადამიანობის მდგომარეობაში მუშაობს. როდესაც შეწყვეტ ღვთის ნებისმიერი საქმის უარყოფის უნარს, როდესაც შეძლებ დაემორჩილო იმას, რასაც ღმერთი ამბობს ან აკეთებს ნორმალური ადამიანობის მდგომარეობაში, მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც შეძლებ დაემორჩილო და გაიგო, როგორი ნორმალურობაც უნდა გამოავლინოს მან, და როდესაც შეიძენ პრაქტიკულ გამოცდილებას, მხოლოდ მაშინ შეძლებ დარწმუნდე, რომ ის არის ღმერთი, მხოლოდ მაშინ შეწყვეტ წარმოდგენების შექმნას და მხოლოდ მაშინ შეძლებ მის გაყოლას ბოლომდე. ღვთის საქმეში სიბრძნეა და მან იცის, როგორ შეუძლია ადამიანს მტკიცედ დგომა მის მიმართ მოწმობაში. მან იცის, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სისუსტე და სიტყვებს, რომლებსაც იგი წარმოთქვამს, შეუძლია დარტყმა მოგაყენოს შენს სისუსტეზე, თუმცა იგი ასევე იყენებს თავის დიდებულ და ბრძნულ სიტყვებს, რათა შენ მტკიცედ დადგე მის მიმართ მოწმობაში. ასეთია ღვთის სასწაულებრივი საქმეები. საქმე, რომელსაც ღმერთი აკეთებს, წარმოუდგენელია ადამიანის ინტელექტისთვის. იმგვარი გახრწნილება, რომლითაც ხორციელი ადამიანია შეპყრობილი და ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანის სუბსტანცია — ეს ყოველივე ვლინდება ღვთის განკითხვის მეშვეობით, რაც ადამიანს საშუალებას არ აძლევს, სადმე დაემალოს თავის სირცხვილს.

ღმერთი ასრულებს განკითხვისა და გაკიცხვის საქმეს, რომ ადამიანმა იგი შეიცნოს და, ასევე, მისი დამოწმებისთვის. ადამიანის გახრწნილი ხასიათის მისეული განკითხვის გარეშე, ადამიანი ვერანაირად ვერ შეიცნობდა მის სამართლიან ხასიათს, რომელიც შეურაცხყოფას არ შეიწყნარებს და ვერც ღვთის შესახებ თავის ძველ ცოდნას გარდაქმნიდა ახლად. თავისი მოწმობისა და თავისი მართვის გულისთვის, იგი საჯაროს ხდის თავის სისრულეს, რითაც საშუალებას აძლევს ადამიანს, მისი საჯარო გამოჩენის მეშვეობით, მივიდეს ღვთის შემეცნებამდე, ტრანსფორმირდეს მისი ხასიათი და გასცეს მჭექარე მოწმობა ღვთისთვის. ადამიანის ხასიათის ტრანსფორმაცია ღვთის მრავალგვარი საქმის მეშვეობით მიიღწევა. თავის ხასიათში ამგვარი ცვლილებების გარეშე, ადამიანი ვერ შეძლებდა ღვთის დამოწმებას და ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში ყოფნას. ადამიანის ხასიათის ტრანსფორმაცია ნიშნავს, რომ ადამიანი გათავისუფლდა სატანის ბორკილებისგან და სიბნელის გავლენისგან, ჭეშმარიტად იქცა ღვთის საქმის ეტალონად და ნიმუშად, ღვთის მოწმედ და ადამიანად, რომელიც ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაშია. დღეს ხორცშესხმული ღმერთი დედამიწაზე მოვიდა თავისი საქმის შესასრულებლად და ის მოითხოვს ადამიანისგან მის შემეცნებას, მისადმი მორჩილებასა და მის დამოწმებას — ადამიანმა უნდა შეიცნოს ღვთის პრაქტიკული და ნორმალური საქმე, იგი უნდა დაემორჩილოს მის ყველა სიტყვასა და საქმეს, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს, და მან უნდა გასცეს მოწმობა ყველა იმ საქმისთვის, რომელსაც ღმერთი აკეთებს ადამიანის გადასარჩენად, ისევე როგორც მისი ყოველი ქმედებისთვის ადამიანის დასამორჩილებლად. მათ, ვინც ღმერთს მოწმობს, უნდა ჰქონდეთ ღვთის შემეცნება. მხოლოდ ამგვარი მოწმობაა ზუსტი და პრაქტიკული, მხოლოდ ამგვარ მოწმობას შეუძლია სატანის შერცხვენა. ღმერთი თავის დასამოწმებლად იყენებს მათ, ვინც იგი მისი განკითხვის, გაკიცხვისა და გასხვლის გავლით შეიცნო. იგი თავის დასამოწმებლად იყენებს მათ, ვინც სატანამ გახრწნა. იგი თავის დასამოწმებლად იყენებს მათ, ვისი ხასიათიც შეიცვალა და ვინც ამგვარად მოიპოვა მისი კურთხევა. მას არ სჭირდება, რომ ადამიანმა ბაგეებით განადიდოს იგი, არც სატანის მსგავსთა ქება და მოწმობა სჭირდება, ვინც მას არ გადაურჩენია. მხოლოდ მათ აქვთ ღვთის დამოწმების უფლება, ვინც იცნობს მას, და მხოლოდ მათ აქვთ ღვთის დამოწმების უფლება, ვისი სამართლიანი ხასიათიც ტრანსფორმირდა. ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანმა განზრახ შეურაცხყოს მისი სახელი.

სქოლიო:

ა. დედანშია: „ღვთის შემეცნების საქმე“.

წინა:  მოკლე საუბარი თემაზე „ათასწლოვანი სასუფევლის დრო დადგა“

შემდეგი:  როგორ შეიცნო პეტრემ იესო

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger