პრაქტიკა (2)

წარსულში ადამიანები წვრთნიდნენ საკუთარ თავს, რათა ყოველ წამს ღმერთთან ყოფილიყვნენ და სულიერად ეცხოვრათ. დღევანდელ პრაქტიკასთან შედარებით ეს სულის წვრთნის მარტივი ფორმაა; ეს არის პრაქტიკის ყველაზე ზედაპირული და მარტივი გზა, სანამ ადამიანები სიცოცხლის სწორ გზაზე დადგებიან; იგი ადამიანთა რწმენის პრაქტიკაში განხორციელების პირველ ეტაპს წარმოადგენს. თუ ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში მუდამ ამგვარ პრაქტიკას დაეყრდნობიან, მათ ბევრი გრძნობა გაუჩნდებათ, გადახრებისკენ იქნებიან მიდრეკილნ, და ვერ შეძლებენ ჭეშმარიტ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში შესვლას; ისინი მხოლოდ თავიანთი სულების გაწვრთნას შეძლებენ, გულით მიუახლოვდებიან ღმერთს და მუდამ უდიდეს სიხარულს ჰპოვებენ მასთან ყოფნით. ისინი შემოიფარგლებიან ღმერთთან ერთად ყოფნის მცირე არეალით და ვერ შეძლებენ სიღრმეებში წვდომას. ადამიანები, რომლებიც ამ საზღვრებში ცხოვრობენ, ვერ შეძლებენ დიდი პროგრესის მიღწევას. ნებისმიერ დროს მათ შეიძლება აღმოხდეთ: „ო, უფალო იესო. ამინ!“ ისინი პრაქტიკულად ყოველდღე ასე არიან — ეს წარსულის პრაქტიკაა, ყოველ წამიერად სულიერი ცხოვრების პრაქტიკა. განა ეს მდაბიო საქციელი არ არის? დღეს, როდესაც ღვთის სიტყვებზე ფიქრის დროა, უბრალოდ იფიქრე ღვთის სიტყვებზე; როდესაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების დროა, უბრალოდ გამოიყენე ჭეშმარიტება პრაქტიკაში; როდესაც მოვალეობის შესრულების დროა, უბრალოდ შეასრულე მოვალეობა. ამგვარი პრაქტიკა სინამდვილეში საკმაოდ ათავისუფლებს ადამიანს; ის შვებას გგვრის. ეს არ ჰგავს იმას, თუ როგორ ლოცულობენ და მადლობას სწირავენ ასაკოვანი რელიგიური ადამიანები. რა თქმა უნდა, უწინ ეს მორწმუნე ადამიანების პრაქტიკა იყო, მაგრამ ახლა ამგვარი პრაქტიკა მეტისმეტად ჩამორჩენილია. ღვთის საქმე ახლა უფრო მაღალ საფეხურზეა; ის, რაზეც დღეს საუბრობენ, „ღმერთის რეალურ ცხოვრებაში შემოყვანა“, პრაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს არის ის ნორმალური ადამიანობა, რომლის ფლობაც ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში მოეთხოვებათ და ის, რაც მათ ნორმალური ადამიანობის მხრივ უნდა გააჩნდეთ, არის ყველა ის სიტყვა, რომელსაც ღმერთი დღეს წარმოთქვამს. ღვთის ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში შემოტანა არის „ღმერთის რეალურ ცხოვრებაში შემოყვანის“ პრაქტიკული მნიშვნელობა. დღეს ადამიანები უპირველესად შემდეგით უნდა აღიჭურვონ: ერთი მხრივ, მათ უნდა გაიუმჯობესონ თავიანთი სულიერი მონაცემები, მიიღონ განათლება და განივითარონ კითხვისა და წვდომის უნარები; მეორე მხრივ, მათ ნორმალური ადამიანის ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. ახლახან წარდექი ღვთის წინაშე წუთისოფლიდან; ჯერ გული უნდა გაწვრთნა, რათა ღვთის წინაშე დადუმდეს. ეს არის პრაქტიკის დასაწყისი და ასევე პირველი ნაბიჯი სიცოცხლე-განწყობის ცვლილების მისაღწევად. ზოგიერთი ადამიანი შედარებით მოქნილია თავის პრაქტიკაში; ისინი მუშაობისას ფიქრობენ ჭეშმარიტებაზე აცნობიერებენ რა იმ ჭეშმარიტებებსა და პრაქტიკის პრინციპებს, რომლებიც რეალობაში უნდა ესმოდეთ. ერთი ასპექტი ისაა, რომ უნდა გქონდეს ნორმალური ადამიანური ცხოვრება, მეორე კი ის, რომ უნდა არსებობდეს ჭეშმარიტებაში შესვლა. ყოველივე ეს რეალური ცხოვრების საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.

ღმერთის ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში შემოსაყვანად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ ღმერთს, ესწრაფვოდნენ მის შეცნობას და შეასრულონ ქმნილების მოვალეობა ნორმალური ადამიანობის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად უნდა აღავლინონ ლოცვა ღვთის მიმართ ყოველ ჯერზე, როცა რამეს აკეთებენ, თითქოს ლოცვის გარეშე ეს მიუღებელია და მის წინაშე თავს ვალდებულად უნდა გრძნობდნენ. დღევანდელი პრაქტიკა ასეთი არ არის; ის ნამდვილად მსუბუქი და მარტივია! ის არ მოითხოვს ადამიანებისგან წესების დაცვას. პირიქით, თითოეულმა ადამიანმა თავისი ინდივიდუალური სულიერი ზრდის შესაბამისად უნდა იმოქმედოს: თუ ოჯახის წევრებს არ სწამთ ღმერთი, მოექეცი მათ, როგორც არამორწმუნეებს, ხოლო თუ სწამთ, მოექეცი მათ, როგორც მორწმუნეებს. ნუ გამოიჩენ სიყვარულსა და მოთმინებას, არამედ გამოიჩინე სიბრძნე. ზოგიერთი ადამიანი ბოსტნეულის საყიდლად მიდის და გზაში ბუტბუტებს: „ღმერთო! რა ბოსტნეული გნებავს, რომ დღეს ვიყიდო? გთხოვ დახმარებას. ღმერთი გვთხოვს, რომ განვადიდოთ მისი სახელი ყოველ საქმეში და ყველამ დავამოწმოთ ის, ამიტომ გამყიდველმა დამპალი პროდუქტიც რომ მომცეს, მაინც მადლობას შევწირავ ღმერთს — მოვითმენ. ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს, არ შეგვიძლია ბოსტნეულის გადარჩევა და ამორჩევა.“ მათ ჰგონიათ, რომ ამის კეთება მოწმობაა, შედეგად კი ფულს ხარჯავენ და დამპალ ბოსტნეულს ყიდულობენ, მაგრამ მაინც ლოცულობენ და ამბობენ: „ღმერთო! მაინც შევჭამ ამ დამპალ ბოსტნეულს, თუკი შენ ამას მისაღებად მიიჩნევ.“ განა ასეთი პრაქტიკა უკუღმართი არ არის? განა ეს წესების დაცვა არ არის? უწინ ადამიანები წვრთნიდნენ საკუთარ თავს, რათა ყოველ წამს სულიერად ეცხოვრათ — ეს დაკავშირებულია იმ საქმესთან, რომელიც წარსულში მადლის ეპოქაში სრულდებოდა. ღვთისმოსაობა, თავმდაბლობა, სიყვარული, მოთმინება, მადლიერება ყველაფრისთვის — ეს იყო ის, რაც მადლის ეპოქაში ყოველი მორწმუნისგან მოითხოვებოდა. იმ დროს ადამიანები ყოველ საქმეში ღმერთს ევედრებოდნენ; ისინი ლოცულობდნენ ტანსაცმლის ყიდვისას, და როდესაც შეკრების შესახებ ატყობინებდნენ, მაშინაც ლოცულობდნენ: „ღმერთო! თუ შენი ნებაა, რომ წავიდე, მაშინ გლუვი გზა მომიმზადე. თუ შენი ნება არ არის, რომ წავიდე, მაშინ დამაბრკოლე და წამაქციე.“ ისინი ლოცვისას ღმერთს ევედრებოდნენ, ლოცვის შემდეგ კი შფოთვას გრძნობდნენ და აღარ მიდიოდნენ. ზოგიერთი და, რომელსაც ეშინოდა, რომ შეკრებიდან სახლში დაბრუნებისას არამორწმუნე ქმრისგან ცემას დაითმენდა, ლოცვისას შფოთვას გრძნობდა და ამიტომ შეკრებებზე აღარ მიდიოდა. მათ სჯეროდათ, რომ ეს ღვთის განზრახვა იყო, მაშინ როცა სინამდვილეში, რომ წასულიყვნენ, არაფერი მოხდებოდა. შედეგი კი ის იყო, რომ ისინი შეკრებას აცდენდნენ. ყოველივე ეს ადამიანთა სისულელის შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ამგვარად ახორციელებენ პრაქტიკას, ყველანი საკუთარი გრძნობებით ცხოვრობენ. პრაქტიკის ეს გზა მეტად უკუღმართია და ბუნდოვანია. მასში მეტისმეტად ბევრია მათი პირადი გრძნობა და წარმოდგენა. თუ შეკრების შესახებ შეგატყობინებენ, მაშინ წადი; ღვთის მიმართ ლოცვის არავითარი დამატებითი საჭიროება არ არსებობს. განა ეს მარტივი არ არის? თუ დღეს ტანსაცმლის ყიდვა გჭირდება, მაშინ პირდაპირ წადი და იყიდე. ნუ ილოცებ ღვთის მიმართ და ნუ იტყვი: „ღმერთო! შენი ნებაა, რომ წავიდე თუ არა? რა მოხდება, თუ ჩემი არყოფნისას რომელიმე ძმა ან და შემთხვევით მოვა?“ გეშინია, რომ რომელიმე ძმა ან და მოვა, ამიტომ არ მიდიხარ, თუმცა შედეგი ის არის, რომ საღამო დგება და არავინ მოდის. მადლის ეპოქაშიც კი, პრაქტიკის ეს გზა გადახრებს შეიცავდა და არ იყო ზუსტი. ამრიგად, თუ ადამიანები წარსულის მსგავსად განახორციელებენ პრაქტიკას, მათ ცხოვრებაში არავითარი ცვლილება არ მოხდება. ისინი უმეცრად შეეგუებიან იმას, რაც მოხდება, არავითარ ყურადღებას არ დაუთმობენ გარჩევას და მხოლოდ ბრმად დაემორჩილებიან და მოითმენენ. იმ დროს ადამიანები ღვთის განდიდებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას — მაგრამ ღმერთს მათგან არავითარი დიდება არ მიუღია, რადგან მათ არაფერი პრაქტიკული არ გამოუვლენიათ ცხოვრებაში. ისინი მხოლოდ იკავებდნენ და იზღუდავდნენ საკუთარ თავს თავიანთი პირადი წარმოდგენების მიხედვით, და მრავალწლიანმა პრაქტიკამაც კი არავითარი ცვლილება არ მოიტანა მათ ცხოვრებაში. მათ მხოლოდ მოთმენა, თავმდაბლობა, სიყვარული და პატიება იცოდნენ, მაგრამ სულიწმიდის უმცირესი გაცისკროვნებაც კი აკლდათ. როგორ შეეძლოთ ადამიანებს ღვთის შეცნობა ამგვარად? და როგორ შეძლებდნენ ისინი ღვთის განდიდებას?

ადამიანები ღმერთისადმი რწმენის სწორ გზაზე მხოლოდ მაშინ შეძლებენ შესვლას, თუ ღმერთს თავიანთ რეალურ ცხოვრებაში და ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებაში შემოიყვანენ. დღეს ღვთის სიტყვები მიგიძღვით; აღარ არის საჭირო ძიება და ხელის ფათური, როგორც წარსულში. როდესაც შეძლებ პრაქტიკის განხორციელებას ღვთის სიტყვების შესაბამისად, და შეძლებ საკუთარი თავის გამოკვლევასა და შეფასებას იმ ადამიანური მდგომარეობების მიხედვით, რომლებიც ვამხილე, მაშინ შეძლებ ცვლილების მიღწევას. ეს არ არის წესი, არამედ ის, რასაც ღმერთი მოითხოვს ადამიანისგან. დღეს მე გეტყვი, თუ როგორ არის საქმე: იზრუნე მხოლოდ იმაზე, რომ ჩემი სიტყვების შესაბამისად იმოქმედო. ჩემი მოთხოვნები შენდამი ნორმალური ადამიანის საჭიროებებზეა დაფუძნებული. უკვე გითხარი ჩემი სიტყვები; სანამ ყურადღებას მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე გაამახვილებ, ღვთის განზრახვების შესაბამისად იმოქმედებ. ახლა ღვთის სიტყვებში ცხოვრების დროა. ღვთის სიტყვებმა ყველაფერი განმარტა, ყოველივე გაცხადდა, და სანამ ღვთის სიტყვებით იცხოვრებ, გექნება ცხოვრება, რომელიც სავსეა თავისუფლებითა და გათავისუფლებით. წარსულში, როდესაც ადამიანებს ღმერთი თავიანთ რეალურ ცხოვრებაში შემოჰყავდათ, ისინი მეტისმეტად ბევრ წესსა და რიტუალს იყენებდნენ პრაქტიკაში და განიცდიდნენ; უმნიშვნელო საკითხებშიც კი ლოცულობდნენ და ეძიებდნენ, ღვთის ნათლად ნათქვამ სიტყვებს გვერდზე დებდნენ და მათ წაკითხვას უგულებელყოფდნენ. ნაცვლად ამისა, მთელ თავიანთ ძალისხმევას ძიებას უთმობდნენ — რის შედეგადაც არავითარი ეფექტი არ იყო. ავიღოთ, მაგალითად, საკვებისა და ტანსაცმლის საკითხები: ლოცულობ და ამ საკითხებს ღვთის ხელს ანდობ, სთხოვ ღმერთს, რომ ყველაფერი მოგიგვაროს. როდესაც ღმერთი ამ სიტყვებს ისმენს, იტყვის: „მჭირდება კი ასეთ წვრილმანებზე ზრუნვა? სად გაქრა ის ნორმალური ადამიანობა და გონიერება, რომელიც შენთვის შევქმენი?“ ზოგჯერ ვინმე შეცდომას უშვებს თავის ქმედებებში; შემდეგ სჯერა, რომ ღმერთი შეურაცხყო და იბოჭება. ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც რაიმე მცირედს არასწორად აკეთებენ, სჯერათ, რომ ღმერთი მათ კიცხავს. სინამდვილეში, ეს ღვთის ნახელავი არ არის, არამედ ადამიანთა საკუთარი გონების გავლენაა. ზოგჯერ არაფერია ცუდი იმაში, თუ როგორ განიცდი, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ არასწორად განიცდი, და ამიტომ მახეში ებმები — ხდები ნეგატიური და შინაგანად ბნელდები. ხშირად, როდესაც ადამიანები ამგვარად ნეგატიურები არიან, სჯერათ, რომ ღვთის მიერ იკიცხებიან, მაგრამ ღმერთი ამბობს: „შენში არავითარი გაკიცხვის საქმე არ შემისრულებია; როგორ შეგიძლია ასე დამდო ბრალი?“ ადამიანები მეტისმეტად ხშირად ხდებიან ნეგატიურები. ისინი ასევე ხშირად ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და ხშირად უჩივიან ღმერთს. ღმერთს არ სჭირდება, რომ ამგვარად იტანჯო, თუმცა თავად აძლევ საკუთარ თავს უფლებას, ამ მდგომარეობაში ჩავარდე. ამგვარ ტანჯვას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ადამიანებმა არ იციან ღვთის მიერ შესრულებული საქმე, და ბევრ რამეში უმეცარნი არიან და არ შეუძლიათ ნათლად დანახვა, ამიტომ ებმებიან საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებში და სულ უფრო ღრმად იხლართებიან. ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველივე და ყველა მოვლენა ღვთის ხელშია — მაშ, განა ღმერთმა არ იცის, როდის არიან ადამიანები ნეგატიურები? რა თქმა უნდა, ღმერთმა იცის. როდესაც ადამიანურ წარმოდგენებში ხარ გაბმული, სულიწმიდას შენში მუშაობის არავითარი გზა არ გააჩნია. ხშირად, ზოგიერთი ადამიანი ნეგატიურ მდგომარეობაში ექცევა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ნეგატიური ხარ თუ პოზიტიური, შენით არ ვიბოჭები — მაგრამ უნდა იცოდე, რომ ის მრავალი სიტყვა, რომელსაც წარმოვთქვამ, და ის უდიდესი საქმე, რომელსაც ვასრულებ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ადამიანთა მდგომარეობების შესაბამისად. როდესაც ნეგატიური ხარ, ეს ხელს არ უშლის სულიწმიდის საქმეს. გაკიცხვისა და სიკვდილის განსაცდელის დროს, ადამიანები ყველანი ნეგატიურ მდგომარეობაში იყვნენ გაბმულნი, მაგრამ ამას ჩემი საქმისთვის ხელი არ შეუშლია. როდესაც ნეგატიური იყავი, სულიწმიდა სხვებში აგრძელებდა იმის კეთებას, რაც საჭირო იყო. შეიძლება ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტო ძიება, მაგრამ მე ვაგრძელებ მუშაობას — რასაც არ უნდა აკეთებდე აწმყოში თუ მომავალში, ეს სულიწმიდის საქმეს ხელს ვერ შეუშლის. ზოგიერთი ნეგატიური მდგომარეობა ადამიანური სისუსტიდან მომდინარეობს; როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ ნამდვილად არ შესწევთ უნარი დააკმაყოფილონ ღვთის მოთხოვნები ან ჩაწვდნენ მათ, ისინი ნეგატიურები ხდებიან. მაგალითად, გაკიცხვის დროს, ღვთის სიტყვები საუბრობდა გაკიცხვის შუაგულში ღვთის გარკვეულ დონემდე სიყვარულზე, მაგრამ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ეს არ შეეძლოთ. ისინი განსაკუთრებულ მწუხარებას გრძნობდნენ და მოთქვამდნენ, რომ მათი ხორცი ასე ღრმად იყო სატანის მიერ გახრწნილი და რომ მათი სულიერი მონაცემები ასეთი მწირი იყო. ისინი გრძნობდნენ, რომ დიდი საცოდაობა იყო ამ გარემოში მათი დაბადება. ზოგიერთები კი გრძნობდნენ, რომ მეტისმეტად გვიან ირწმუნეს და შეიცნეს ღმერთი, და რომ არ იყვნენ სრულყოფის ღირსნი. ყოველივე ეს ნორმალური ადამიანური მდგომარეობებია.

ადამიანის ხორცი სატანისგანაა, ის სავსეა ამბოხებული ხასიათით, საცოდავად ბინძურია და უწმინდური რამ არის. ადამიანები მეტისმეტად ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამოვნებას და მეტისმეტად დიდ გასაქანს აძლევენ ხორცს; სწორედ ამიტომ სძულს ღმერთს ადამიანის ხორცი ასე ძალიან. როდესაც ადამიანები იშორებენ სატანის ბინძურ, გახრწნილ რამეებს, ისინი იღებენ ღვთის ხსნას. მაგრამ თუ მაინც არ იშორებენ სიბინძურესა და გახრწნილებას, მაშინ კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ. ადამიანთა ინტრიგები და ბრძოლა, მზაკვრობა და სიმრუდე — ყოველივე ეს სატანისეულია. ღვთის მიერ შენი ხსნა ამ სატანისეული რამეებისგან შენს დახსნას ნიშნავს. ღვთის საქმე არ შეიძლება იყოს მცდარი; ყოველივე ეს ადამიანთა სიბნელისგან გადასარჩენად სრულდება. როდესაც ღვთისადმი რწმენაში იმ წერტილს მიაღწევ, სადაც შეძლებ ხორცის გახრწნილებისგან გათავისუფლებას და აღარ იქნები შებოჭილი ამ გახრწნილებით, განა გადარჩენილი არ იქნები? როდესაც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობ, არ შეგიძლია ღვთის გამოვლენა, ბინძური ხარ და არ შეგიძლია ღვთის მემკვიდრეობის მიღება. როგორც კი განიწმინდები და სრულქმნილი გახდები, განწმენდილი იქნები, ნორმალური ადამიანი იქნები, ღვთისგან იკურთხები და ღვთისთვის სათნო გახდები. საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს ასრულებს, არის ხსნა, და უფრო მეტიც, ეს არის განკითხვა, გაკიცხვა და წყევლა. მას მრავალი ასპექტი გააჩნია. ყველანი ხედავთ, რომ ღვთის სიტყვები შეიცავს განკითხვასა და გაკიცხვას, ისევე როგორც წყევლას. ვსაუბრობ იმისათვის, რომ მივაღწიო შედეგს, რათა ადამიანებმა შეიცნონ საკუთარი თავი, და არა იმისთვის, რომ სიკვდილით დავსაჯო ისინი. ჩემი გული თქვენთვისაა. საუბარი ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც ვმუშაობ; სიტყვების მეშვეობით გამოვხატავ ღვთის ხასიათს და გაძლევ საშუალებას, გაიგო ღვთის განზრახვები. შენი ხორცი თუნდაც მოკვდეს, სული და სამშვინველი გაგაჩნია. ადამიანებს მხოლოდ ხორცი რომ ჰქონდეთ, მაშინ მათ რწმენას არავითარი აზრი არ ექნებოდა, და არც იმ საქმეს ექნებოდა რაიმე აზრი, რომელიც შევასრულე. დღეს ერთი გზით ვსაუბრობ, შემდეგ კი — მეორეთი; ხანდახან უკიდურესი სიძულვილით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ, ხანდახან კი — უდიდესი სიყვარულით; ყოველივე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ მივაღწიო ცვლილებას შენს ხასიათში, და ასევე გარდავქმნა შენი წარმოდგენები ღვთის საქმის შესახებ.

უკანასკნელი დღეები დადგა და მსოფლიოს ქვეყნები არეულობაშია. პოლიტიკური ქაოსია, ყველგან ჩნდება შიმშილობა, ეპიდემიები, წყალდიდობები და გვალვები. ადამიანთა სამყაროში კატასტროფებია; ზეცამაც მოავლინა უბედურებანი. ეს უკანასკნელი დღეების ნიშნებია. მაგრამ ადამიანებისთვის ეს მხიარულებისა და ბრწყინვალების სამყაროდ მოჩანს. წუთისოფელი სულ უფრო და უფრო თვალისმომჭრელი და მიმზიდველი ხდება, ადამიანთა გულები მისკენ მიილტვის, და მრავალი ადამიანი მახეში ებმება და არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა; უამრავ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ ისინი, ვინც თაღლითობასა და ჯადოქრობას ეწევა. თუ არ ისწრაფვი წინსვლისკენ, არ გაქვს მისწრაფებები და არ დაფუძნებულხარ ჭეშმარიტ გზაზე, ბოროტების ტალღა წაგლეკავს. ჩინეთი ყველაზე ჩამორჩენილია ყველა ქვეყანას შორის; ეს არის მიწა, სადაც დიდი წითელი დრაკონია დახვეული, იქ ყველაზე მეტი ადამიანი სცემს თაყვანს კერპებს და ეწევა ჯადოქრობას, ყველაზე მეტი ტაძარია, და ეს არის ადგილი, სადაც არაწმიდა სულები ბინადრობენ. იქ დაიბადე, მის მიერ მიიღე განათლება და მის გავლენაში ხარ ჩაფლული; მის მიერ ხარ გახრწნილი და ნაწამები, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ უჯანყდები მას და სრულად ხარ ღვთის მიერ მოპოვებული. ეს არის ღვთის დიდება, და სწორედ ამიტომ აქვს საქმის ამ ეტაპს უდიდესი მნიშვნელობა. ღმერთმა ასეთი მასშტაბური საქმე შეასრულა, ამდენი სიტყვა წარმოთქვა, და საბოლოოდ სრულად მოგიპოვებთ — ეს ღვთის მართვის საქმის ერთი ნაწილია, და თქვენ სატანასთან ღვთის ბრძოლის „გამარჯვების ნადავლი“ ხართ. რაც უფრო მეტად გესმით ჭეშმარიტება და რაც უფრო უკეთესია თქვენი საეკლესიო ცხოვრება, მით უფრო მეტად ემხობა მუხლებზე დიდი წითელი დრაკონი. ყოველივე ეს სულიერი სამყაროს საკითხებია — ეს სულიერი სამყაროს ბრძოლებია, და როდესაც ღმერთი გაიმარჯვებს, სატანა შერცხვება და დაეცემა. ღვთის საქმის ამ ეტაპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ღმერთი ასეთ მასშტაბურ საქმეს ასრულებს და სრულად იხსნის ადამიანთა ამ ჯგუფს, რათა შეძლოთ სატანის გავლენისგან თავის დაღწევა, წმინდა მიწაზე ცხოვრება, ღვთის ნათელში ცხოვრება და ნათლის წინამძღოლობისა და მითითებების ქონა. მაშინ შენს ცხოვრებას აზრი მიეცემა. ის, რასაც ჭამთ და იცვამთ, განსხვავდება არამორწმუნეთაგან; თქვენ ტკბებით ღვთის სიტყვებით და აზრიანი ცხოვრებით ცხოვრობთ — და ისინი რითი ტკბებიან? ისინი მხოლოდ თავიანთი „წინაპართა მემკვიდრეობითა“ და „ეროვნული სულისკვეთებით“ ტკბებიან. მათ ადამიანობის უმცირესი ნატამალიც კი არ გააჩნიათ! თქვენი ჩაცმულობა და მოვლა, სიტყვები და ქმედებები სრულიად განსხვავდება მათგან. საბოლოოდ, სრულად დააღწევთ თავს სიბინძურეს, აღარ გაებმებით სატანის ცდუნებაში და მიიღებთ ღვთის ყოველდღიურ საზრდოს. მუდამ ფრთხილად უნდა იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბინძურ ადგილას ცხოვრობთ, სიბინძურით არ ხართ შებილწულნი და შეგიძლიათ ღმერთთან ერთად ცხოვრება, იღებთ რა მის უდიდეს მფარველობას. ღმერთმა გამოგარჩიათ ყველასგან ამ ყვითელ მიწაზე. განა ყველაზე კურთხეული ხალხი არ ხართ? შენ ქმნილება ხარ — რა თქმა უნდა, თაყვანი უნდა სცე ღმერთს და აზრიანი ცხოვრებისკენ ისწრაფოდე. თუ არ სცემ თაყვანს ღმერთს, არამედ შენს ბინძურ ხორცში ცხოვრობ, მაშინ განა უბრალოდ ადამიანის სამოსში გამოწყობილი მხეცი არ ხარ? რადგან ადამიანი ხარ, ღვთისათვის უნდა გაიღო თავი და ყოველგვარი ტანჯვა დაითმინო! სიხარულითა და დაჯერებულობით უნდა მიიღო ის მცირე ტანჯვა, რომელსაც დღეს განიცდი, და იცხოვრო აზრიანი ცხოვრებით, როგორც იობმა და პეტრემ. ამ წუთისოფელში ადამიანს ეშმაკის სამოსი აცვია, ეშმაკის საკვებს ჭამს, ეშმაკის მორჩილებაში მუშაობს და მსახურობს, და მის მიერ არის გათელილი იქამდე, რომ სიბინძურითაა დაფარული. მას არ გაუგია ცხოვრების აზრი და არ მოუპოვებია ჭეშმარიტი გზა — რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? თქვენ ხართ ხალხი, ვინც სწორი გზისკენ ისწრაფვის და გაუმჯობესებას ეძიებს. თქვენ აღდგებით დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, და ხართ ისინი, ვისაც ღმერთი მართალს უწოდებს. განა ეს არ არის ყველაზე აზრიანი ცხოვრება?

წინა:  პრაქტიკა (1)

შემდეგი:  განკაცების საიდუმლო (2)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger