პრაქტიკა (4)
მშვიდობა და სიხარული, რომლებზეც დღეს ვსაუბრობ, არ არის იგივე, რაც შენ გწამს და გესმის. ადრე ფიქრობდი, რომ მშვიდობა და სიხარული მთელი დღის განმავლობაში ბედნიერებას, ოჯახში სნეულებისა თუ უბედურების არარსებობას, მცირედი მწუხარების გარეშე გულში მუდამ კმაყოფილებასა და ენით აღუწერელ სიხარულს ნიშნავდა, რომელიც შენი ცხოვრების დონის მიუხედავად თან დაგყვება. ამას ემატებოდა ხელფასის მომატება ან შენი შვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენ ღმერთს ევედრებოდი და რადგან ხედავდი, რომ უფლის მადლი ასეთი დიდი იყო, სიხარულით ივსებოდი, სახე გიბრწყინავდა და მუდამ მადლიერებას გამოხატავდი. ასეთი მშვიდობა და სიხარული არ არის ის ჭეშმარიტი სიმშვიდე და ნეტარება, რომელიც სულიწმიდის მყოფობას მოაქვს. პირიქით, ეს არის ხორციელი კმაყოფილების შედეგად მიღებული სიმშვიდე და სიხარული. უნდა გესმოდეს, რა ეპოქაში ვცხოვრობთ დღეს; ეს არ არის მადლის ეპოქა და აღარც ის დროა, როცა მხოლოდ პურით სიმაძღრეს ეძიებდი. შეიძლება განიცდიდე დიდ სიხარულს, რადგან შენს ოჯახში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენი ცხოვრება სულს ღაფავს და ამიტომ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს შენი სიხარული, სულიწმიდა შენთან არ არის. სულიწმიდის მყოფობის მოპოვება კი მარტივია: აკეთე ის, რაც ჯეროვანია, სრულყოფილად აღასრულე ადამიანური მოვალეობა და ფუნქცია და შეძელი აღიჭურვო ყოველივე იმით, რაც შენი ნაკლოვანებების შესავსებადაა საჭირო. თუ შენ მუდამ გაქვს აღებული პასუხისმგებლობა საკუთარ სულიერ ცხოვრებაზე და ბედნიერი ხარ იმის გამო, რომ შეიცანი ჭეშმარიტება ან ჩაწვდი უფლის ამჟამინდელ საქმეს, ეს ნამდვილად ნიშნავს სულიწმიდის მყოფობას. თუ ზოგჯერ შფოთვა გიპყრობს, რადგან შეეჩეხე განსაცდელს, რომელიც არ იცი, როგორ გადალახო ან ვერ იგებ გაზიარებულ ჭეშმარიტებას, ეს იმის დასტურია, რომ სულიწმიდა შენთანაა. ეს ჩვულებრივი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. შენ უნდა გესმოდეს განსხვავება სულიწმიდის მყოფობასა და მის არარსებობას შორის და ამას ზედაპირულად არ უნდა უყურებდე.
ადრე ნათქვამი იყო, რომ სულიწმიდის მყოფობა და სულიწმიდის საქმე განსხვავებული რამ არის. სულიწმიდის მყოფობის ნორმალური მდგომარეობა ვლინდება ნორმალურ აზრებში, ნორმალურ განსჯასა და ნორმალურ ადამიანობაში. ადამიანის პიროვნულობა ისეთივე დარჩება, როგორიც იყო, მაგრამ მის შინაგან სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს, გარეგნულად კი მას წმინდანის კეთილსახიერება ექნება. აი, ასეთი იქნება იგი, როდესაც სულიწმიდა მასთან იქნება. როდესაც ვინმესთან სულიწმიდა სუფევს, მისი აზროვნება ნორმალურია. როდესაც შია, ჭამა სურს, როდესაც წყურია, წყლის დალევა უნდა... ადამიანურობის ასეთი გამოვლინებები სულიწმიდის ბრწყინვალე წარმოჩინება კი არ არის, არამედ ადამიანის ნორმალური აზროვნება და სულიწმიდის მყოფობის ნორმალური მდგომარეობაა. ზოგიერთს არასწორად მიაჩნია, რომ მას, ვისთანაც სულიწმიდა სუფევს, არც შიმშილი აწუხებს და არც დაღლილობის გრძნობა, თითქოს ოჯახზეც აღარ ფიქრობს და თითქმის სრულიად განეშორა ხორციელ ყოფას. სინამდვილეში, რაც უფრო მეტად სუფევს სულიწმიდა ადამიანში, მით უფრო ნორმალურია იგი. მან იცის, როგორ გაუძლოს ტანჯვას და როგორ თქვას უარი ყველაფერზე უფლისთვის, როგორ გადადოს თავი უფლისთვის და იყოს მისი ერთგული; ამავდროულად, იგი ზრუნავს საკვებსა და სამოსზეც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ დაუკარგავს ის ნორმალური ადამიანურობა, რაც უნდა გააჩნდეს და, პირიქით, განსაკუთრებული გონიერებითაა დაჯილდოებული. ზოგჯერ იგი კითხულობს უფლის სიტყვებს და ფიქრობს უფლის საქმეზე; მის გულში რწმენაა და იგი მზადაა, ეძიოს ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, სულიწმიდის საქმე სწორედ ამ საძირკველზეა დაფუძნებული. თუ ადამიანს არ გააჩნია ნორმალური აზროვნება, მაშინ მას არც გონიერება აქვს — ეს კი არ არის ნორმალური მდგომარეობა. როდესაც ადამიანს ნორმალური აზროვნება აქვს და მასთან სულიწმიდაა, იგი უდავოდ ფლობს ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელ გონიერებას და ამდენად, მისი მდგომარეობაც ნორმალურია. ღვთის საქმის განცდისას სულიწმიდის საქმიანობა დროდადრო აღსრულდება მაშინ, როდესაც სულიწმიდის მყოფობა თითქმის მუდმივია. სანამ ადამიანის გონიერება და აზროვნება ნორმალურია და სანამ მისი მდგომარეობაა ნორმალური, სულიწმიდა უდავოდ მასთანაა. როდესაც ადამიანის გონიერება და აზროვნება არ არის ნორმალური, მაშინ მისი ადამიანურობაც არანორმალურია. თუ ამ მომენტში სულიწმიდის საქმე შენშია, მაშინ სულიწმიდა აუცილებლად შენთანაც იქნება. მაგრამ თუ სულიწმიდა შენთანაა, ეს არ ნიშნავს, რომ სულიწმიდა აუცილებლად იღწვის შენში, რადგან სულიწმიდა გარკვეულ დროს მოქმედებს. სულიწმიდის მყოფობას მხოლოდ ადამიანის ნორმალური არსებობის შენარჩუნება შეუძლია, სულიწმიდა კი მხოლოდ გარკვეულ დროს მოქმედებს. მაგალითად, თუ შენ ხარ წინამძღოლი ან მსახური, როდესაც შენ რწყავ და საზრდოს აწვდი ეკლესიას, სულიწმიდა გაგანათლებს გარკვეული სიტყვებით, რომლებიც სხვების გასამხნევებლადაა საჭირო და რომელთაც შენი და-ძმების პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა შეუძლია — ასეთ დროს სულიწმიდა საქმიანობს. ზოგჯერ, როდესაც შენ ეწაფები უფლის სიტყვებს, სულიწმიდა გაგანათლებს გარკვეული სიტყვებით, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია შენივე გამოცდილებისთვის და საშუალებას გაძლევს, უკეთ შეიცნო საკუთარი მდგომარეობა; ესეც სულიწმიდის საქმეა. ზოგჯერ, როდესაც მე ვსაუბრობ, თქვენ მისმენთ და შეგიძლიათ საკუთარი მდგომარეობა შეაფასოთ ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე; ზოგჯერ კი გული გიჩუყდებათ ან შთაგონება გეწვევათ — ეს ყოველივე სულიწმიდის საქმეა. ზოგი ამბობს, რომ სულიწმიდა მათში მუდმივად მოქმედებს. ეს შეუძლებელია. თუ ისინი იტყოდნენ, რომ სულიწმიდა მუდამ მათთანაა, ეს რეალური იქნებოდა. იმის თქმა, რომ მათი აზროვნება და გონიერება ყოველთვის ნორმალურია, ასევე რეალური იქნებოდა და იმას დაადასტურებდა, რომ სულიწმიდა მათთანაა. მაგრამ თუ ისინი ამბობენ, რომ სულიწმიდა მუდამ მოქმედებს მათში, რომ მუდამ უფლისგან არიან განათლებულნი და სულიწმიდა ყოველ წამს ეხება მათ და მუდმივად ახალ ცოდნას იძენენ, მაშინ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ნორმალური! ეს სრულიად ზებუნებრივია! ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ასეთი ადამიანები ბოროტი სულები არიან! მაშინაც კი, როდესაც უფლის სული ხორციელად მოევლინა ქვეყანას, იყო დრო, როცა მას უნდა ეჭამა და დაესვენა, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანებზე. ისინი, ვინც ბოროტი სულებით არიან შეპყრობილნი, ისე ჩანან, თითქოს ხორციელი სისუსტე არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ ყველაფერი დათმონ და უარყონ, არ გააჩნიათ გრძნობები, შეუძლიათ გაუძლონ ტანჯვას და მცირე დაღლილობასაც არ გრძნობენ, თითქოს ხორცს მიღმა ამაღლდნენ. განა ეს უკიდურესად ზებუნებრივი არ არის? ბოროტი სულების საქმე ზებუნებრივია — ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა მსგავს რამეს! ისინი, ვისაც გარჩევის უნარი აკლიათ, შურით შესცქერიან ასეთ ადამიანებს: ამბობენ, რომ მათ უფლისადმი ასეთი შემართება და დიდი რწმენა აქვთ და სისუსტის ნიშანწყალსაც არასოდეს ავლენენო! სინამდვილეში ყოველივე ეს ბოროტი სულის საქმის გამოვლინებაა. რამეთუ ნორმალურ ადამიანებს აუცილებლად აქვთ ადამიანური სისუსტეები; სწორედ ესაა იმ ადამიანების ნორმალური მდგომარეობა, რომლებთანაც სულიწმიდა სუფევს.
რას ნიშნავს მტკიცედ დგომა საკუთარ დამოწმებაში? ზოგიერთი ამბობს, რომ უბრალოდ ისე მიჰყვება უფალს, როგორც ახლა, და არ ადარდებს, შეძლებს თუ არა სიცოცხლის მოპოვებას; ისინი არ ეძიებენ სიცოცხლეს, თუმცა არც უკან იხევენ. ისინი მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ საქმის ამ ეტაპს უფალი ახორციელებს. განა ეს არ არის საკუთარი დამოწმების მარცხი? ასეთ ადამიანებს დამორჩილების დამოწმებაც კი არ შეუძლიათ. დამორჩილებული ადამიანები ყველაფრის მიუხედავად მიჰყვებიან უფალს და სიცოცხლეს ეძიებენ. მათ არა მხოლოდ სწამთ პრაქტიკული უფლისა, არამედ იციან, როგორ დაემორჩილონ მის ყოველგვარ განგებას. ასეთები არიან ისინი, ვინც მოწმობენ. ხოლო მათ, ვინც არ მოწმობს, არასოდეს უღვაწიათ სიცოცხლისთვის და კვლავაც დაბნეულნი მიჰყვებიან დინებას. შეიძლება მიჰყვებოდე მას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ სძლიე, რადგან ვერ აცნობიერებ უფლის დღევანდელ საქმეს. დამორჩილებისთვის გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. ყველა, ვინც მიჰყვება მას, არ არის დამორჩილებული, რადგან შენს გულში არ გესმის, რატომ უნდა მიჰყვებოდე დღეს უფალს, არც ის იცი, როგორ მოაღწიე დღემდე ან ვინ დაგეხმარა, რომ დღემდე მოსულიყავი. ზოგიერთი ადამიანის რწმენა ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია; ამდენად, მხოლოდ მიყოლა არ ნიშნავს, რომ შენ მოწმობა შეგიძლია. რა არის ჭეშმარიტი დამოწმება? დამოწმება, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, ორი ნაწილისგან შედგება: პირველია დამორჩილების დამოწმება, ხოლო მეორე — სრულყოფის დამოწმება (რაც, ბუნებრივია, მომავალი დიდი გამოცდებისა და განსაცდელების შემდგომი დამოწმება იქნება). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ შენ შეძლებ მტკიცედ დგომას განსაცდელის და გამოცდის დროს, მაშინ შენ აღასრულებ დამოწმების მეორე საფეხურს. დღეს კი გადამწყვეტი დამოწმების პირველი საფეხურია: ის, რომ შეძლო მტკიცედ დგომა ყოველი დასჯისა და განკითხვის დროს. ეს არის დამორჩილების დამოწმება, რამეთუ ახლა დამორჩილების ჟამია. (უნდა იცოდე, რომ ახლა დედამიწაზე უფლის საქმის აღსრულების დროა; განკაცებული უფლის მთავარი საქმე დედამიწაზე სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფის დამორჩილებაა განკითხვისა და სასჯელის მეშვეობით, რომლებიც მას მიჰყვებიან). შეძლებ თუ არა დამორჩილების დამოწმებას, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, შეძლებ თუ არა ბოლომდე მის მიყოლას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმაზე, თუ რამდენად ძალგიძს უფლის საქმის თითოეული ნაბიჯის განცდისას უფლის სასჯელისა და განკითხვის ჭეშმარიტი წვდომა და რამდენად ნათლად აღიქვამ მთელ ამ საქმეს. მხოლოდ ბოლომდე მიყოლით ვერ შეძლებ თავს უშველო. უნდა შეგეძლოს ნებაყოფლობითი მორჩილება ყოველი დასჯისა და განკითხვისას, უნდა გქონდეს უნარი, ჭეშმარიტად ჩაწვდე საქმის თითოეულ საფეხურს, რომელსაც გადიხარ, და შეძლო უფლის განგების შემეცნება და მისდამი მორჩილება. ეს არის დამორჩილების საბოლოო დამოწმება, რომლის აღსრულებაც გევალება. დამორჩილების დამოწმება, უპირველეს ყოვლისა, უფლის განკაცების შემეცნებას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ დამოწმების ეს საფეხური სწორედ უფლის განკაცებას უკავშირდებოდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ ან რას ამბობ სამყაროში ადამიანების ან ძალაუფლების მქონეთა წინაშე; ყველაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, ძალგიძს თუ არა დაემორჩილო უფლის ბაგეთაგან გამოსულ ყოველ სიტყვასა და მის ყოველგვარ საქმეს. ამდენად, დამოწმების ეს საფეხური მიმართულია სატანისა და უფლის ყველა მტრისკენ — იმ დემონებისა და მოწინააღმდეგეებისკენ, რომელთაც არ სჯერათ, რომ უფალი მეორედ განკაცდება და კიდევ უფრო დიდ საქმეს აღასრულებს, და უფრო მეტიც, არ სწამთ უფლის ხორციელად დაბრუნების ფაქტისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მიმართულია ყველა ანტიქრისტესკენ — ყველა იმ მტრისკენ, რომელსაც არ სწამს უფლის განკაცება.
უფალზე ფიქრი და მისდამი სწრაფვა არ ამტკიცებს, რომ შენ ღმერთმა დაგიმორჩილა; ეს იმაზეა დამოკიდებული, გწამს თუ არა, რომ იგი არის ხორცშესხმული სიტყვა; გწამს თუ არა, რომ სიტყვა განკაცდა და გწამს თუ არა, რომ სული იქცა სიტყვად, ხოლო სიტყვამ ხორცი შეისხა. ეს არის გადამწყვეტი დამოწმება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიჰყვები მას ან როგორ სწირავ თავს; უმთავრესი ისაა, ძალგიძს თუ არა ამ ნორმალურ ადამიანურობაში დაინახო, რომ სიტყვა განკაცდა და ჭეშმარიტების სული ხორციელად მოევლინა ქვეყანას — რომ ყოველმა ჭეშმარიტებამ, გზამ და სიცოცხლემ ხორცი შეისხა, უფლის სული ნამდვილად ეწვია დედამიწას და სულმა ხორცი შეისხა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს განსხვავდება სულიწმიდის მიერ ჩასახვისგან, ამ საქმეში უფრო ნათლად ხედავ, რომ სული უკვე ხორციელად მოვიდა და, უფრო მეტიც, სიტყვა განკაცდა და სიტყვა ხორციელად გამოცხადდა. შენ შეგიძლია ჩასწვდე ამ სიტყვების ჭეშმარიტ არსს: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა”. გარდა ამისა, უნდა გესმოდეს, რომ დღევანდელი სიტყვა არის უფალი და იხილე, როგორ ხდება სიტყვა ხორცი. ეს არის საუკეთესო დამოწმება, რომლის აღსრულებაც შეგიძლია. ეს ადასტურებს, რომ შენ გაქვს ჭეშმარიტი ცოდნა ხორცშესხმული უფლის შესახებ — შენ არა მხოლოდ მისი შეცნობა ძალგიძს, არამედ აცნობიერებ იმასაც, რომ გზა, რომელსაც დღეს ადგახარ, არის გზა სიცოცხლისა და გზა ჭეშმარიტებისა. საქმის ის ეტაპი, რომელიც იესომ აღასრულა, მხოლოდ ამ სიტყვების არსის გამოხატულება იყო: „სიტყვა იყო ღმერთთან”: ღვთის ჭეშმარიტება იყო უფალთან და უფლის სული იყო ხორცთან და განუყოფელი იყო იმ ხორცისგან; ანუ განკაცებული უფლის ხორცი იყო უფლის სულთან ერთად, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ განკაცებული იესო იყო უფლის პირველი განკაცება. საქმის ეს ეტაპი კი ზუსტად აღასრულებს შემდეგი სიტყვების შინაგან არსს: „სიტყვა შეისხამს ხორცს” და უფრო ღრმა მნიშვნელობას სძენს თქმულს: „სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა”, და აგავსებს რწმენით, რომ მტკიცედ იწამო სიტყვები: „დასაბამიდან იყო სიტყვა”. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს შექმნისას უფალი ფლობდა სიტყვას, მისი სიტყვა მასთან იყო და განუყოფელი იყო მისგან, ხოლო ბოლო ჟამს იგი კიდევ უფრო ნათლად ამჟღავნებს თავისი სიტყვების ძალასა და ხელმწიფებას და ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, იხილოს მისი მთელი სიტყვა და მოისმინოს მისი ყოველი სიტყვა. აი, ასეთია ბოლო ჟამის საქმე. შენ საფუძვლიანად უნდა ჩაწვდე ყოველივე ამას. ეს არ არის მხოლოდ ხორცის შეცნობის საკითხი, არამედ იმისა, თუ როგორ გესმის ხორცი და სიტყვა. ეს არის ის დამოწმება, რომელიც შენ უნდა აღასრულო და ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. რადგან ეს მეორე განკაცების საქმეა — და უფლის ხორციელად მოვლინების უკანასკნელი შემთხვევა — იგი სრულყოფს განკაცების მნიშვნელობას, სრულად ახორციელებს და წარმოაჩენს უფლის ყოველგვარ საქმეს ხორციელად და ასრულებს უფლის განკაცების ეპოქას. ამდენად, შენ უნდა იცოდე განკაცების არსი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს იღვწი ან რამდენად კარგად ასრულებ სხვა გარეგნულ საქმეებს; მთავარი ისაა, ძალგიძს თუ არა სრულად მოდრიკო ქედი განკაცებული უფლის წინაშე, მთელი შენი არსება მას მიუძღვნა და დაემორჩილო ყოველ სიტყვას, რომელიც მისი ბაგეებიდან გადმოდის. აი, ეს არის ის, რაც უნდა აკეთო და აღასრულო.
დამოწმების უკანასკნელი საფეხური იმის დამოწმებაა, შეგიძლია თუ არა სრულყოფილების მიღწევა — რაც იმას ნიშნავს, რომ განკაცებული უფლის ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი სიტყვის წვდომით შენ იძენ უფლის შემეცნებას, რწმუნდები მასში, ცხოვრობ უფლის ყოველი სიტყვით და აღწევ იმას, რასაც უფალი შენგან ითხოვს — პეტრეს მსგავს თვისებებსა და იობის რწმენას, რათა შეძლო სიკვდილამდე მორჩილება, სრულიად მიენდო მას და საბოლოოდ შეიძინო სრულფასოვანი ადამიანის სახე; სახე იმისა, ვინც დამორჩილდა და სრულყოფილი გახდა უფლის განკითხვისა და სასჯელის შემდეგ. ეს არის საბოლოო დამოწმება — დამოწმება, რომელიც საბოლოოდ სრულყოფილმა ადამიანმა უნდა აღასრულოს. აი, დამოწმების ის ორი საფეხური, რომელიც შენ უნდა განვლო; ისინი ურთიერთდაკავშირებული და აუცილებელია. თუმცა ერთი რამ უნდა იცოდე: დამოწმება, რომელსაც დღეს შენგან ვითხოვ, მიმართულია არა ამქვეყნიური ადამიანებისკენ ან რომელიმე ცალკეული პიროვნებისკენ, არამედ იმისკენ, რასაც მე შენგან ვითხოვ. იგი განისაზღვრება იმით, ძალგიძს თუ არა ჩემი სათნოყოფა და რამდენად შეესაბამები იმ სტანდარტებს, რომელთაც თითოეული თქვენგანისგან ვითხოვ. სწორედ ეს უნდა გაიგოთ თქვენ.