წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (10)

პუნქტი მეცხრე: ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესის შესახებ ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება (ნაწილი მეორე)

სამუშაო შეთანხმებების განხორციელების ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და მონიტორინგი

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობაზე: „ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესის შესახებ ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება.“ წინა ჯერზე ჩვენ ძირითადად გვქონდა თანაზიარება სამუშაო განაწესების სხვადასხვა შინაარსსა და კონკრეტულ პუნქტებზე, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ, ისევე როგორც წინამძღოლებისა და მუშაკების ყველაზე ძირითად პასუხისმგებლობებზე, რაც სამუშაო განაწესების შესახებ ინფორმირებას, გამოცემასა და განხორციელებას გულისხმობს. დღეს ჩვენ კონკრეტულად გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა და წახალისება და როგორ უნდა შეამოწმონ და თვალყური ადევნონ სამუშაო განაწესების განხორციელების სტატუსს მათი გამოცემის შემდეგ. როგორ უნდა მოეპყრონ წინამძღოლები და მუშაკები სამუშაო განაწესებს და როგორ უნდა განახორციელონ და შეასრულონ ისინი ზუსტად ზემდგომის მოთხოვნებისა და ნაბიჯების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გაიგებენ სამუშაო განაწესების მნიშვნელობას — ეს არის ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა თანაზიარების გზით უნდა გაიგონ და უნდა ჩაწვდნენ ამ პრინციპებს, რათა ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტი ჯეროვნად შეასრულონ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იცოდნენ, რომ ღვთის სახლის ძირითადი მოთხოვნა მათთვის, ვინც ამ როლს ასრულებს, ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ მათ თავიანთი საქმე სხვადასხვა სამუშაო განაწესის გათვალისწინებით შეასრულონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საკუთარი საქმე განახორციელონ ან საკუთარი სურვილების მიხედვით იმოქმედონ და, რა თქმა უნდა, არც იმას, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებისას დამოუკიდებლად და ბრმად იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ მათ რაიმე გამოიგონონ ან შექმნან. პირიქით, მათ კონკრეტულად და დეტალურად უნდა იმუშაონ ღვთის სახლის სამუშაო განაწესებზე დაყრდნობით. კონკრეტულად როგორ უნდა შესრულდეს საქმე? რა დეტალებს მოიცავს იგი? ამ კითხვებზე პასუხი მეცხრე პასუხისმგებლობის მოთხოვნებშია: ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესის შესახებ ინფორმირების, გამოცემისა და განხორციელების გარდა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა და წახალისება და შეამოწმონ და თვალყური ადევნონ მათი განხორციელების სტატუსს. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის პრაქტიკის კონკრეტული გზები სამუშაო განაწესების განსახორციელებლად. შემდგომში ჩვენ მათ სათითაოდ განვიხილავთ.

სამუშაო განაწესების გამოცემის შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ჯერ უნდა იფიქრონ და ჰქონდეთ თანაზიარება მასში წამოყენებულ სხვადასხვა მოთხოვნასა და პრინციპზე; შემდეგ კი მათ უნდა იპოვონ გზები და პრაქტიკის გეგმები საქმის კონკრეტულად განსახორციელებლად. პირველ რიგში, მათ უნდა იცოდნენ, რას მოითხოვს სამუშაო განაწესები, რა კონკრეტული საქმე უნდა შესრულდეს და რა პრინციპებს მოიცავს იგი, ასევე, რომელ ადამიანებსა და საქმის რომელ ასპექტს ეხება ეს სამუშაო განაწესები. ეს არის ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირველ რიგში უნდა გააკეთონ სამუშაო განაწესების მიღების შემდეგ. მათ უბრალოდ თვალი არ უნდა გადაავლონ სამუშაო განაწესებს და ხმამაღლა წაუკითხონ, გადასცენ და მიაწოდონ ინფორმაცია ყველას საქმის შესახებ და ამით დაასრულონ. ეს მხოლოდ სამუშაო განაწესების შესახებ ინფორმირება და მათი გამოცემაა; ეს არ არის მათი განხორციელება. მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პირველი კონკრეტული ამოცანაა წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ სამუშაო განაწესების კონკრეტული შინაარსის, ამ საეკლესიო საქმეებისთვის ღვთის მოთხოვნებისა და მიზნების და ამ საქმის აღსრულების მნიშვნელობის შესწავლა; შემდეგ კი კონკრეტული შესრულებისა და განხორციელების გეგმების შემუშავება. ეს არის პირველი ნაბიჯი. ადვილია თუ არა პირველი ნაბიჯის გადადგმა? (დიახ.) თუკი შეგიძლია დაწერილი სიტყვებისა და ადამიანური ენის გაგება, პირველი ნაბიჯის გადადგმა მარტივი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასევე მოითხოვს წინამძღოლებისა და მუშაკებისგან სერიოზულ, გულმოდგინე, პასუხისმგებლიან და ზედმიწევნით ზუსტ დამოკიდებულებას საქმის მიმართ იმის ნაცვლად, რომ იყვნენ დაბნეულნი, ზედაპირულნი ან უბრალოდ ფორმალურად ასრულებდნენ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა სამუშაო განაწესი მანამდე ნახსენები, მარტივია თუ გარკვეულწილად რთული ადამიანებისთვის მისი შესრულება, სურთ თუ არა მათ ამის გაკეთება, ნებისმიერ შემთხვევაში, წინამძღოლებსა და მუშაკებს არ უნდა ჰქონდეთ ზერელე დამოკიდებულება საეკლესიო საქმის მიმართ და მხოლოდ მოძღვრებების ფრქვევით, ლოზუნგების ძახილით ან ზედაპირული ძალისხმევით არ უნდა ცდილობდნენ მის ზედაპირულად მოგვარებას. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს? პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული, გულმოდგინე, პასუხისმგებლიანი და ზედმიწევნით ზუსტი დამოკიდებულება. ნიშნავს თუ არა ამგვარი დამოკიდებულების ქონა იმას, რომ ადამიანს შეუძლია სამუშაო განაწესების კონკრეტული პუნქტების კარგად განხორციელება? არა, ეს მხოლოდ ის დამოკიდებულებაა, რომელიც ადამიანს ნებისმიერი საქმის კეთებისას უნდა ჰქონდეს; მას არ შეუძლია კონკრეტული ამოცანების რეალური განხორციელების ჩანაცვლება. მას შემდეგ, რაც მათ ექნებათ ეს დამოკიდებულება და ასევე გაიგებენ სამუშაო განაწესების კონკრეტულ შინაარსს, მოთხოვნებსა და პრინციპებს, წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის შემდეგი ნაბიჯი არის ის, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სამუშაო განაწესების კონკრეტულ ამოცანებს. რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში? მათ ჯეროვნად უნდა შეასრულონ მოსამზადებელი სამუშაო; ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მათ უნდა შეკრიბონ წინამძღოლები, მუშაკები და ზედამხედველები, რათა ჰქონდეთ თანაზიარება ამ ამოცანების პრაქტიკის კონკრეტულ პრინციპებზე. შემდეგ მათ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული განაწესები და გეგმები. ამავდროულად, მათ უნდა მოიძიონ ღვთის რჩეული ხალხის შეთავაზებები ან იდეები ამ გეგმებთან დაკავშირებით. შემდეგ ყველამ ერთად უნდა ეძიოს და იქონიოს თანაზიარება, სანამ სამუშაო განაწესებში წამოყენებული ყველა მოთხოვნა და პრინციპი არ იქნება გაგებული და ნათელი და სანამ ყველას არ ეცოდინება, თუ როგორ განახორციელოს ეს სამუშაო განაწესები და გამოიყენოს პრაქტიკაში — მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სამუშაო განაწესების განხორციელების პირველი ნაბიჯი დასრულებულად. მაშ, როდესაც ყველას ეცოდინება, თუ როგორ განახორციელოს სამუშაო განაწესები, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამუშაო განაწესების განხორციელების ამოცანა დასრულებულია? არა, არ ნიშნავს. ზოგიერთი დეტალური საკითხი და განსაკუთრებული სიტუაცია არ არის ნახსენები სამუშაო განაწესებში, მაგრამ ეს ის პრობლემებია, რომლებიც რეალურად საჭიროებს გადაჭრას. სამუშაო განაწესებზე თანაზიარებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გამოავლინონ ეს განსაკუთრებული სიტუაციები, ეს მოსაგვარებელი საკითხები და ეძიონ ჭეშმარიტება მათ საფუძვლიანად გადასაჭრელად და ამავდროულად მათ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული განხორციელების გეგმები მათთვის. ამგვარად, როდესაც ყველა დონის წინამძღოლი და მუშაკი განახორციელებს სამუშაო განაწესებს, მათ ეცოდინებათ, თუ რომელ პრინციპებს მიჰყვნენ და რომელი პრობლემები გადაჭრან. ეს არის ის მინიმალური გაგება და დამოკიდებულება, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო განაწესების მიმართ. ეს ამოცანა შეიძლება ჩაითვალოს საწყის წერტილად წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის, რათა ისწავლონ საეკლესიო საქმის კეთება. ძიების, თანაზიარების, ხელმძღვანელობის გაწევისა და განკარგულებების გაცემის მეშვეობით ისინი სწავლობენ ზოგიერთ რეალურ სირთულესა და განსაკუთრებულ სიტუაციასთან მოპყრობასა და მათ მოგვარებას ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ სამუშაო განაწესების ჭეშმარიტად განხორციელება.

I. ხელმძღვანელობის გაწევა

დავალების შესასრულებლად პირველი მითითებების მიცემისას განსაკუთრებული სიტუაციებისთვის განხორციელების კონკრეტული გეგმების შეთავაზების გარდა, საშუალო სულიერი მონაცემებისა და შედარებით სუსტი მუშაობის უნარის მქონე წინამძღოლებსა და მუშაკებს უფრო კონკრეტული და დეტალური ხელმძღვანელობა უნდა გაეწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შესაძლოა მოძღვრების დონეზე ესმოდეთ ამოცანის პრინციპები და განხორციელების კონკრეტული გეგმები, მათ მაინც არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში, როდესაც საქმე მის რეალურ განხორციელებას ეხება. როგორ უნდა მოეპყროთ იმ მცირერიცხოვან წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომლებსაც სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ და მუშაობის უნარი აკლიათ? ზოგიერთი ამბობს: „თუ სუსტი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს არ შეუძლია საქმის კეთება, რატომ არ უნდა მოვძებნოთ ვინმე უკეთესი სულიერი მონაცემებით მის ჩასანაცვლებლად?“ სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს: ზოგიერთი ეკლესია ვერ პოულობს უკეთესს. ამ ეკლესიებში ყველას დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის წლების განმავლობაში სწამს ღმერთი და ისინი მეტ-ნაკლებად თანაბარნი არიან თავიანთი სულიერი სიმწიფის თვალსაზრისით; კერძოდ, ყველას სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი საშუალოა. უკეთესის საპოვნელად მოგიწევდა ხალხის სხვა ეკლესიებიდან გადმოყვანა, მაგრამ იქ ამის გაკეთება არც ისე მოსახერხებელია და არც ჭეშმარიტად შესაფერისი კანდიდატები არსებობენ. მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიიდან შეგიძლია, შეარჩიო შედარებით შესაფერისი კანდიდატები. თუ მათი საქმე არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს, რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციებში? კონკრეტულად უნდა უთხრა მათ, თუ როგორ შეასრულონ საქმე და როგორ განახორციელონ იგი. უნდა უთხრა მათ, ვინ უნდა დაინიშნოს და გახდეს პასუხისმგებელი ამ ამოცანაზე და რომელი ადამიანები უნდა შეირჩნენ მასთან დაკავშირებით სათანამშრომლოდ. აუხსენი ეს დეტალები და მიეცი მათ საშუალება, რომ ეს შეასრულონ. რატომ უნდა გაკეთდეს ეს ასე? იმიტომ, რომ ადგილობრივი ეკლესიის წევრებს, როგორც წესი, მხოლოდ ძალიან ზედაპირული გამოცდილება აქვთ და მუშაობის უნარი აკლიათ, რაც შეუძლებელს ხდის შესაფერისი წინამძღოლებისა და მუშაკების შერჩევას. მხოლოდ ამგვარად მუშაობით შეიძლება სამუშაო განაწესების განხორციელება. თუ არ იმუშავებ ამგვარად და ამ ადამიანებს ისევე მოეპყრობი, როგორც სხვა წინამძღოლებსა და მუშაკებს, მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებსა და გეგმებს გააცნობ განურჩევლად, სამუშაო განაწესები არ განხორციელდება. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევ, განა ეს პასუხისმგებლობის უგულებელყოფა არ არის? (დიახ.) ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „სხვებმა იციან სამუშაო განაწესების განხორციელება და პრაქტიკაში გამოყენება. ამ ადამიანმა რატომ არ იცის? თუ არ იცის, მე მის გამო თავს არ შევიწუხებ. ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი საქმე გავაკეთე.“ არის ეს მსჯელობა მართებული? (არა.) მაგალითად, ვთქვათ, დედას ჰყავს სამი შვილი და ერთ-ერთი მათგანი სუსტია, მუდმივად ავადმყოფობს და ჭამა არ სურს. თუ დედა დაუშვებს, რომ ამ ბავშვმა არ ჭამოს, ის დიდხანს ვერ იცოცხლებს. რა უნდა გააკეთოს მან? როგორც დედამ, მან განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს ამ სუსტი შვილის მიმართ. დავუშვათ, დედა ამბობს: „ისედაც კარგია, რომ ჩემს შვილებს თანაბრად ვექცევი. მე გავაჩინე ეს ბავშვი და საჭმელიც მოვუმზადე. ჩემი პასუხისმგებლობა შევასრულე. არ მაინტერესებს, შეჭამს თუ არა. თუ არ შეჭამს, დარჩეს მშიერი და როცა მართლა მოშივდება, შეჭამს.“ რას ფიქრობთ ასეთ დედაზე? (ის უპასუხისმგებლოა.) არსებობენ ასეთი დედები? მხოლოდ უგუნური ქალი ან დედინაცვალი მოიქცეოდა ასე. თუ ის ბიოლოგიური დედაა და არა უგუნური, საკუთარ შვილს ასე არასოდეს მოექცეოდა, არა? (დიახ.) თუ ბავშვი სუსტია, მუდმივად ავადმყოფობს და ჭამა არ უყვარს, დედამ მეტი მზრუნველობა და ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს. მან უნდა გამონახოს გზები, რათა ბავშვს აჭამოს, უნდა მოამზადოს ის, რისი ჭამაც ბავშვს უნდა, გაუკეთოს სპეციალური კერძები და როცა ბავშვს ჭამა არ უნდა, უნდა დაითანხმოს ის. როდესაც ის თვრამეტი ან ცხრამეტი წლის გახდება და მისი სხეული ნორმალური ზრდასრული ადამიანივით ჯანმრთელი იქნება, დედას შეუძლია დამშვიდდეს, უკან დაიხიოს და ამ ბავშვზე განსაკუთრებული ზრუნვა აღარ დასჭირდება. თუ დედას შეუძლია ასე მოექცეს განსაკუთრებული გარემოებებისას ბავშვს და შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, მაშინ რაღა ეთქმის წინამძღოლს ან მუშაკს? თუ დებისა და ძმების მიმართ დედობრივი სიყვარულიც კი არ გაგაჩნია, მაშინ უბრალოდ უპასუხისმგებლო ხარ. შენ უნდა შეასრულო შენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები; უნდა გაითვალისწინო ის ეკლესიები, რომლებსაც შედარებით სუსტი და მუშაობის სუსტი უნარის მქონე ადამიანები ხელმძღვანელობენ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და ამ საკითხებში განსაკუთრებული ხელმძღვანელობა უნდა უზრუნველყონ. რას გულისხმობს განსაკუთრებული ხელმძღვანელობა? ჭეშმარიტებაზე თანაზიარების გარდა, ასევე უნდა უზრუნველყო უფრო კონკრეტული და დეტალური მითითება და დახმარება, რაც კომუნიკაციის თვალსაზრისით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუ შენ აუხსნი მათ საქმეს და ისინი მაინც ვერ გაიგებენ და არ ეცოდინებათ, როგორ განახორციელონ იგი ან თუნდაც მოძღვრების დონეზე ესმოდეთ და თითქოს იცოდნენ, როგორ განახორციელონ იგი, მაგრამ შენ მაინც არ ხარ დარწმუნებული და ოდნავ ღელავ იმაზე, თუ როგორ წარიმართება რეალური განხორციელება, მაშინ რა უნდა ქნა ამ დროს? პირადად უნდა მიხვიდე ადგილობრივ ეკლესიაში, რათა უხელმძღვანელო მათ და მათთან ერთად განახორციელო ამოცანა. აუხსენი მათ პრინციპები და ამავდროულად გაეცი კონკრეტული განკარგულებები იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რომლებიც სამუშაო განაწესების მოთხოვნების შესაბამისად უნდა შესრულდეს, მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს ჯერ და რა — შემდეგ და როგორ უნდა განაწილდეს ხალხი სწორად — სათანადოდ გაუკეთე ორგანიზება ყოველივე ამას, ეს არის საქმესთან მიმართებაში მათი პრაქტიკული ხელმძღვანელობა, იმის საპირისპიროდ, რომ უბრალოდ ლოზუნგები იძახო ან ქაოსური ბრძანებები გასცე, დამოძღვრო ისინი და შემდეგ შენი საქმე დასრულებულად ჩათვალო — ეს არ არის კონკრეტული საქმის კეთების გამოვლინება, ხოლო ლოზუნგების ძახილი და ხალხზე მბრძანებლობა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. როგორც კი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლები ან ზედამხედველები შეძლებენ საქმის საკუთარ თავზე აღებას, საქმე სწორ კალაპოტში ჩადგება და არსებითად აღარ იარსებებს დიდი პრობლემები, მხოლოდ მაშინ შეუძლია წინამძღოლს ან მუშაკს წასვლა. ეს არის პირველი კონკრეტული ამოცანა, რომელიც ნახსენებია წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობაში სამუშაო განაწესების განსახორციელებლად — ხელმძღვანელობის გაწევა. მაშ, კონკრეტულად როგორ უნდა უზრუნველყონ ხელმძღვანელობა? წინამძღოლებმა და მუშაკებმა ჯერ უნდა იფიქრონ და ჰქონდეთ თანაზიარება სამუშაო განაწესებზე; ისინი უნდა გაეცნონ და ჩაწვდნენ მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონკრეტულ მოთხოვნას და პრინციპებს.შემდეგ მათ ყველა დონის წინამძღოლსა და მუშაკთან ერთად უნდა ჰქონდეთ თანაზიარება სამუშაო განაწესების განხორციელების კონკრეტულ გეგმებზე. გარდა ამისა, მათ უნდა უზრუნველყონ განხორციელების კონკრეტული გეგმები განსაკუთრებული სიტუაციებისთვის და, ბოლოს, უფრო დეტალური და კონკრეტული დახმარება უნდა გაუწიონ და მითითება მისცენ იმ წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომლებიც შედარებით სუსტები არიან და სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ. თუ ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს სრულიად არ შეუძლია ამოცანის განხორციელება, რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციებში? ზედა დონის წინამძღოლები და მუშაკები პირადად უნდა მივიდნენ ეკლესიაში, ხოლო შემდეგ მათ უშუალოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ჭეშმარიტებაზე თანაზიარების მეშვეობით გადაჭრან რეალური პრობლემები და ასწავლონ მათ, თუ როგორ შეასრულონ საქმე და როგორ განახორციელონ იგი პრინციპების შესაბამისად. ეს ნაბიჯები სიტყვიერად ნათლად არის გადმოცემული, მაგრამ ადვილია მათი განხორციელება? ახლავს თუ არა ამას რაიმე სირთულეები? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „შენ ამას ისე წარმოაჩენ, თითქოს მარტივი იყოს, მაგრამ მისი განხორციელება არც ისე ადვილია. ზოგჯერ სამუშაო განაწესები ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ განახორციელოს ისინი!“ მხოლოდ პირველი ამოცანაც კი — სამუშაო განაწესების კონკრეტულ მოთხოვნებზე თანაზიარება და პრაქტიკული გზით ხელმძღვანელობის გაწევა — ზოგიერთი წინამძღოლისა და მუშაკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება ხოლმე. ისინი ამბობენ: „მე არასოდეს შემისრულებია ეს კონკრეტული ამოცანები, ამიტომ არ ვიცი, როგორ მქონდეს თანაზიარება მათზე და გავუწიო ხელმძღვანელობა მათ შესახებ. ისინი უბრალოდ უნდა მიჰყვნენ სამუშაო განაწესების ზუსტ სიტყვებს — რაზე უნდა გვქონდეს თანაზიარება? განა ეს უბრალოდ ფორმალობა არ არის?“ მათ არ იციან როგორ ჰქონდეთ თანაზიარება, მხოლოდ ლოზუნგების ძახილი შეუძლიათ: „ჩვენ კარგად უნდა განვახორციელოთ ეს საქმე! ეს არის ღვთის მოთხოვნა ჩვენდამი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიდგეთ მტკიცედ, დავაკმაყოფილოთ ღვთის მოთხოვნები და არ გავუცრუოთ ღმერთს ჩვენთან დაკავშირებული მოლოდინები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, თქვენ თავად უნდა გაერკვეთ.“ რა პრობლემა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ასეთ რამეებს ამბობენ? შეუძლიათ მათ საქმის კეთება? აქვთ მათ მუშაობის უნარი? სუსტია მათი სულიერი მონაცემები? (დიახ.)

რაც არ უნდა მოხდეს, იქნება ეს დიდი თუ პატარა საქმე, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ილოცო და ეძიო ღვთისგან, ასევე ყურადღებით და საფუძვლიანად განიხილო იგი განაჩენის გამოტანამდე. თუ ადამიანს არ აქვს ნორმალური აზროვნება, მისთვის კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღმერთთან ლოცვა, ღვთისგან დახმარების თხოვნა და მეტის ძიება მათგან, ვისაც ესმის ჭეშმარიტება. გარდა ამისა, ეკლესიის საქმეში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოვალეობების შესრულებისას წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების შემთხვევაში, უნდა გქონდეს თანაზიარება და განიხილო ისინი შესაბამის პერსონალთან, რათა მიაღწიო კონსენსუსს და საბოლოოდ შეიმუშაო პრაქტიკის კონკრეტული და განხორციელებადი გეგმა. ეს გეგმა უნდა წარმოადგენდეს ყურადღებიანი განხილვისა და კონსულტაციის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს და მან უნდა გაუძლოს შემოწმებას ნებისმიერი დონის წინამძღოლისა და მუშაკის წინაშე.. ისინი, ვისაც შეუძლიათ პრაქტიკის კონკრეტული გეგმების შემუშავება, რომლებიც გაუძლებს შემოწმებას ითვლება, რომ ნორმალური აზროვნება აქვთ. თუ საკითხების წინაშე დგომისას, დიდი იქნება ეს თუ პატარა, ადამიანის ფიქრებში არაფერია კონკრეტული, არ შეუძლია იფიქროს პრაქტიკის კონკრეტულ პრინციპებზე და პრობლემების მოსაგვარებელი პრინციპების ჩასანაცვლებლად უბრალოდ მარტივ თეორიულ ლოზუნგებს იყენებს, შეუძლია მას თავისი საქმის კარგად კეთება? აქვს ასეთ ადამიანს ფიქრისა და საგნების ბოლომდე გააზრების უნარი? (არა.) როგორი ტიპის ადამიანს აკლია ფიქრის უნარი? (სუსტი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს.) აი, რას ნიშნავს იყო სუსტი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. მოდით, განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ, საზღვარგარეთ ცხოვრობ და ერთ დღესაც მოულოდნელად სასამართლო უწყებას იღებ. ეს საკმაოდ მოულოდნელი და უეცარია, არა? პირველ რიგში, შენ არაფერი უკანონო არ ჩაგიდენია. მეორეც, არანაირი სარჩელი არ შეგიტანია და არც ის გსმენია, რომ ვინმე რამეში გადანაშაულებდეს. შენ იღებ უწყებას ისე, რომ არ იცი ამასთან დაკავშირებული არანაირი გარემოება. რა არის პირველი გრძნობა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს გაუჩნდებოდა ასეთ სიტუაციაში? სამართლებრივ საკითხებში ჩართვა მასში გარკვეულ პანიკას, შფოთვასა და შიშს გამოიწვევდა; ეს მას მოუმზადებლობის განცდას დაუტოვებდა და ჭამის მადასაც დაუკარგავდა. მნიშვნელოვანია ადამიანი თუ არა, გაბედულია თუ მორცხვი, ზრდასრულია თუ არასრულწლოვანი, არავის სურს ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა, რადგან ეს არ არის კარგი რამ. ამ სიტუაციის წინაშე ადამიანები ორი განსხვავებული გზით რეაგირებენ. პირველი ტიპის ადამიანი ფიქრობს: „მე არაფერი უკანონო არ ჩამიდენია და არც მთავრობის რაიმე რეგულაცია დამირღვევია. რისი უნდა მეშინოდეს? ეს საზოგადობა კანონით იმართება და აქ ყველაფერი მტკიცებულებებს ეფუძნება. რადგან ცუდი არაფერი გამიკეთებია, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ ექნებათ, თუნდაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ. არაფრის მეშინია. რისი გაკეთება შეუძლია უწყებას? პატიოსან ადამიანს ბრალდებების არ უნდა ეშინოდეს. დავიქირავებ ადვოკატს ჩემს დასაცავად. არანაირი პრობლემა არ იქნება.“ ამის გააზრების შემდეგ ის გულში არანაირ ზეწოლას არ გრძნობს და მისი ყოველდღიური ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში გრძელდება. ეს არის ერთი ტიპის ადამიანის რეაქცია. ახლა ვნახოთ მეორე ტიპის ადამიანის რეაქცია. უწყების მიღების შემდეგ ის ფიქრობს: „მე არანაირი კანონი არ დამირღვევია და არც დანაშაული ჩამიდენია, მაშ, რას შეიძლება ეხებოდეს ეს? შეიძლება იმიტომ, რომ ღმერთი მწამს? ღვთის რწმენა უკანონო არ არის. შესაძლებელია, რომ ვინმემ განზრახ დამიგო მახე და დამასმინა? ეს უფრო სავარაუდოა. მაგრამ შეიძლება სხვა რამ იყოს? უნდა გავიარო კონსულტაცია ადვოკატთან და ვთხოვო, მივიდეს სასამართლოში, რათა გაარკვიოს, რატომ მივიღე უწყება და ვინ არის მოსარჩელე. საპასუხო ზომის მიღებამდე ამ ყველაფრის არსს უნდა ჩავწვდე. თუ ადვოკატი იტყვის, რომ ეს ჩემს ღვთის რწმენასთანაა დაკავშირებული, მაშინ სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ხალხი საპასუხო ზომის შესამუშავებლად და ასევე ვიჩქარო, რომ დავმალო ნებისმიერი წიგნი ან სხვა მსგავსი ნივთი, რომელიც ჩემს რწმენას უკავშირდება, რათა მტერმა არ იპოვოს რაიმე ჩემ წინააღმდეგ გამოსაყენებლად.“ ამ საწყისი ფიქრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუკეთებია რაიმე საბოლოო დასკვნა ან ზუსტი შეფასება უწყების მიღებასთან დაკავშირებით, მას უკვე აქვს ნათელი წარმოდგენა პრაქტიკის კონკრეტულ გეგმაზე: რა უნდა გააკეთოს „ა“ გეგმისთვის, რა უნდა გააკეთოს „ბ“ გეგმისთვის და თუ ორივე შეუსრულებელია, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. ის საფუძვლიანად და ყურადღებით განიხილავს თითოეულ ნაბიჯს; ჯერ იმშვიდებს გონებას და სწრაფად ლოცულობს გულში, ხოლო შემდეგ დამშვიდებისთანავე დაუყოვნებლივ იწყებს ამ საკითხის მოგვარებას. ერთი დღის განმავლობაში მან გაარკვია ყველა ეს საკითხი და იცის, როგორ იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ამ საქმის საბოლოო შედეგი, მოდით, ჯერ ამ ორ ტიპის ადამიანს შევხედოთ. რომელს აქვს პრობლემების ბოლომდე გააზრების უნარი? რომელს აქვს სულიერი მონაცემები? (მეორე ადამიანს.) აშკარაა, რომ მეორე ადამიანს აქვს სულიერი მონაცემები. სიტუაციის წინაშე მხოლოდ გამბედაობისა და სიმტკიცის ქონა არ ნიშნავს სულიერი მონაცემების ქონას. ადამიანს უნდა შეეძლოს აზროვნება, ჰქონდეს განსჯისა და პრობლემების მოგვარების უნარი. ფიქრის პროცესში მას უნდა შეეძლოს კონკრეტული შეფასებების გაკეთება და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავება. მხოლოდ ასეთ ადამიანს აქვს სულიერი მონაცემები. ერთი შეხედვით, ის შეიძლება ძალიან მშიშრად გამოიყურებოდეს, მოქმედებდეს ფრთხილად და ყურადღებით მცირე საქმეებშიც კი და მცირე საკითხებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევდეს. თუმცა, ის მეთოდი და გზა, რომლითაც ის პრობლემებს აგვარებს, ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს აქვს აზროვნების უნარი და პრობლემების ბოლომდე გაანალიზებისა და მოგვარების უნარი. ამის საპირისპიროდ, პირველი ტიპის ადამიანი ძალიან თამამია და არაფრის ეშინია. სიტუაციის წინაშე აღმოჩენისას მარტივად ფიქრობს: „მე ცუდი არაფერი გამიკეთებია. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გამოჩნდება უფრო კომპეტენტური ადამიანი მის მოსაგვარებლად. რისი უნდა მეშინოდეს?“ ის უდარდელია და მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ განა ის ოდნავ სულელურად მამაცი და უგუნური არ არის? ამ ტიპის ადამიანი ხმამაღლა გაიძახის ლოზუნგებს და რასაც ამბობს, არ არის არასწორი, მაგრამ რა აკლია მას? (მას არ აქვს ნორმალური აზროვნება და აკლია პრობლემების ბოლომდე გაანალიზების უნარი.) რაში ვლინდება მისი ნორმალური აზროვნების ნაკლებობა? სიტუაციასთან შეჯახებისას, იქნება ეს ისეთი რამ, რაც მოულოდნელად მოხდა, თუ ისეთი, რის შესახებაც უკვე უკვე იცოდა, მას არ შეუძლია მისი ბოლომდე გაანალიზება ან დასკვნის გამოტანა, ამიტომ, ბუნებრივია, მას არ ექნება პრობლემის მოგვარების გეგმა ან მისი გადაჭრის უნარი. ეს ძალიან აშკარაა. გარედან ამ ტიპის ადამიანი მჭევრმეტყველად გამოიყურება და შეუძლია მოძღვრებებზე საუბარი, ასევე შეუძლია მორალის ამაღლება; ჩანს, თითქოს მას აქვს წინამძღოლობისათვის საჭირო სულიერი მონაცემები. თუმცა, როდესაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მას არ შეუძლია პრობლემების არსის დანახვა და არ შეუძლია ჭეშმარიტებაზე თანაზიარება მათ გადასაჭრელად. მას მხოლოდ ზოგიერთი სიტყვისა და მოძღვრების თქმა და ლოზუნგების ყვირილი შეუძლია. ერთი შეხედვით ის გამჭრიახი ჩანს, მაგრამ პრობლემების წარმოშობისას არ შეუძლია პრობლემების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება ან შეფასება, არც იმ სერიოზული შედეგების განსაზღვრა შეუძლია, რომლებიც დადგება, თუ პრობლემები განვითარებას გააგრძელებს. მას არ შეუძლია ამ საკითხების გონებაში დალაგება, რომ აღარაფერი ვთქვათ, პრობლემების გადაჭრაზე. ასეთი ადამიანი მჭევრმეტყველად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში სუსტი სულიერი მონაცემები აქვს და არ შეუძლია რეალური საქმის კეთება. მსგავსად ამისა, თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს, სამუშაო განაწესის მიღებისას მხოლოდ მისი წაკითხვა და სიტყვასიტყვით ახსნა შეუძლიათ და, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება გამოსცენ სამუშაო განაწესი და ჰქონდეთ თანაზიარება მის ძირითად პუნქტებზე შეკრებებზე, მათ არ იციან, როგორ შეიმუშაონ კონკრეტული განაწესები და უზრუნველყონ კონკრეტული ხელმძღვანელობა სამუშაო განაწესის კონკრეტული მოთხოვნების, პრინციპების, ყურადღების მისაქცევი საკითხების, განსაკუთრებული სიტუაციების და ა.შ. მიმართ და მათ არ აქვთ გეგმები, იდეები და პრობლემების გადაჭრის უნარი, მაშინ მათ სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ. სამუშაო განაწესების განხორციელებისას პირველი ამოცანა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ — ხელმძღვანელობის გაწევაა, რაც არ არის მარტივი ან იოლი. ეს პირველი ამოცანა ამოწმებს, აქვს თუ არა წინამძღოლს ან მუშაკს ის სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი, რომელიც უნდა ჰქონდეს. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს არ აქვთ ეს სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი, ისინი ვერ შეძლებენ სამუშაო განაწესებისთვის კონკრეტული ხელმძღვანელობის გაწევას ან მათ განხორციელებას.

II. ზედამხედველობის უზრუნველყოფა და წახალისება

შემდგომ, მოდით, თანაზიარება გვქონდეს „ზედამხედველობის“ საქმეზე. სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე ზედამხედველობა ნიშნავს შემოწმებას: იმის გადამოწმებას, რომელმა ეკლესიებმა განახორციელეს სამუშაო განაწესები და რომლებმა — არა, როგორია განხორციელების პროგრესი, რომელი წინამძღოლები და მუშაკები ასრულებენ რეალურ საქმეს და რომლები — არა და ხომ არ არიან ისეთი წინამძღოლები ან მუშაკები, რომლებიც მხოლოდ გადასცემენ სამუშაო განაწესებს კონკრეტულ დავალებებში მონაწილეობის გარეშე. ზედამხედველობა კონკრეტული საქმეა. სამუშაო განაწესების განხორციელების ზედამხედველობის გარდა — განხორციელდა თუ არა ისინი, როგორია განხორციელების სისწრაფე, განხორციელების ხარისხი და მიღწეული შედეგები — ზემდგომმა წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეამოწმონ, მკაცრად მიჰყვებიან თუ არა წინამძღოლები და მუშაკები სამუშაო განაწესებს. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი გარეგნულად ამბობს, რომ მზადაა მიჰყვეს სამუშაო განაწესებს, მაგრამ გარკვეული გარემოებების წინაშე აღმოჩენის შემდეგ დაპატიმრებას შიშობს და მხოლოდ დამალვაზე ამახვილებს ყურადღებას, სამუშაო განაწესები კი დიდი ხნის წინ მიჩქმალა გონების უკანა კუთხეში; და-ძმების პრობლემები მოუგვარებელი რჩება და მათ არ იციან, რას აზუსტებს სამუშაო განაწესები ან რა არის პრაქტიკის პრინციპები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამუშაო განაწესები საერთოდ არ განხორციელებულა. სხვა წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, წარმოდგენები და წინააღმდეგობა სამუშაო განაწესების ზოგიერთი მოთხოვნის მიმართ. როდესაც მათი განხორციელების დრო დგება, ისინი უხვევენ სამუშაო განაწესების ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან, საქმეს საკუთარი შეხედულებისამებრ, მოვალეობის მოხდის მიზნით ზერელედ ასრულებენ და დაუდევრად ეკიდებიან მას, რათა უბრალოდ დაასრულონ იგი ან საკუთარ გზას ირჩევენ და ასრულებენ საქმეს ისე, როგორც თავად სურთ. ყველა ასეთი სიტუაცია მოითხოვს ზედამხედველობას ზედა დონის წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან. ზედამხედველობის მიზანია სამუშაო განაწესებით მოთხოვნილი კონკრეტული დავალებების უკეთ განხორციელება, გადახრის გარეშე და პრინციპების შესაბამისად. ზედამხედველობის გაწევისას ზედა დონის წინამძღოლებმა და მუშაკებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ იმის გამოვლენას, არის თუ არა ვინმე, ვინც არ ასრულებს რეალურ საქმეს, ან არის უპასუხისმგებლო და აყოვნებს სამუშაო განაწესების განხორციელებას, ამჟღავნებს თუ არა ვინმე წინააღმდეგობრივ განწყობას სამუშაო განაწესების მიმართ და არ სურს მათი განხორციელება, ახორციელებს მათ შერჩევითად ან უბრალოდ საერთოდ არ მიჰყვება სამუშაო განაწესებს და ნაცვლად ამისა, მხოლოდ საკუთარ საქმეს აღასრულებს; მალავს თუ არა ვინმე სამუშაო განაწესებს და მათ მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ აცნობს სხვებს, რითაც არ აძლევს ღვთის რჩეულ ხალხს საშუალებას, გაიგოს სამუშაო განაწესების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და კონკრეტული მოთხოვნები — მხოლოდ ამ საკითხების ზედამხედველობითა და შემოწმებით შეუძლიათ ზედა დონის წინამძღოლებს გაიგონ, თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ ზედა დონის წინამძღოლები არ განახორციელებენ ზედამხედველობასა და შემოწმებას, შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების გამოვლენა? (არა.) შეუძლებელი იქნება. ამიტომ, სამუშაო განაწესების განხორციელებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა არა მხოლოდ საფეხურებრივად უნდა მოახდინონ სამუშაო განაწესების გაცნობა და ხელმძღვანელობის გაწევა, არამედ საფეხურებრივად უნდა გაუწიონ ზედამხედველობა საქმეს. რეგიონულმა წინამძღოლებმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ რაიონული წინამძღოლების საქმეს, რაიონულმა წინამძღოლებმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ ეკლესიის წინამძღოლების საქმეს, ხოლო ეკლესიის წინამძღოლებმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ თითოეული ჯგუფის საქმეს. ზედამხედველობა საფეხურებრივად უნდა განხორციელდეს. რა არის ზედამხედველობის მიზანი? მისი მიზანია მათი კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად ხელი შეუწყოს სამუშაო განაწესების შინაარსის ზუსტ განხორციელებას. ზედამხედველობის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. ზედამხედველობის გაწევისას თუ ვითარება ამის საშუალებას იძლევა, წინამძღოლები და მუშაკები უშუალოდ უნდა ეწვიონ ეკლესიებს, რათა იურთიერთონ მათთან, ვინც რეალურ საქმეს აკეთებს. მათ უნდა დასვან კითხვები და გამოიკვლიონ ვითარება, ამავდროულად, ისინი უნდა დააკვირდნენ, გამოიკვლიონ და სრულად ფლობდნენ ინფორმაციას საქმის განხორციელების შესახებ. ამასთან ერთად, ისინი უნდა გაეცნონ, თუ რა სირთულეები და მოსაზრებები აქვთ და-ძმებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩასწვდნენ თუ არა ისინი ამ საქმის პრინციპებს. ეს ყველაფერი ის კონკრეტული დავალებებია, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც შედარებით სუსტი სულიერი მონაცემები და ადამიანობა აქვს, ვინც გარკვეულწილად უპასუხისმგებლო, არაერთგული და შედარებით დუნეა თავის საქმეში, წინამძღოლებმა და მუშაკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაუწიონ ზედამხედველობა და წარმართონ მათი საქმე. როგორ უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა და წარმართვა? დავუშვათ, ამბობთ: „იჩქარეთ! ზემდგომი ჩვენს სამუშაო ანგარიშს ელოდება. ამ საქმეს ვადა აქვს; ნუ აჭიანურებთ!“ იმუშავებს წახალისების ეს გზა? ნიშნავს თუ არა წახალისება მხოლოდ მათთვის ოდნავ ბიძგის მიცემას და სულ ეს არის? რა არის წახალისების უკეთესი გზა? როდესაც თქვენ საქმეს ასრულებთ, რთავთ თუ არა წახალისებას თქვენს დავალებებში? (დიახ. თუ ვხედავ, რომ ზოგიერთი დავალება დროულად არ სრულდება, ვეცდები გავიგო, რატომ არ აკეთებენ მათ და მონიტორინგი გავუწიო მათ საქმეს.) თუ ხედავთ, რომ ვინმემ არ იცის საქმის კეთება, უნდა გაუწიოთ კონკრეტული ხელმძღვანელობა და დახმარება და მისცეთ მითითება. თუ ხედავთ, რომ ვინმე დუნედ მუშაობს, უნდა გაასხლათ იგი. თუ მათ იციან საქმის კეთება, მაგრამ ძალიან ეზარებათ მისი შესრულება, არიან ზანტები და აჭიანურებენ, ხარბად ეძლევიან ხორციელ კომფორტს, მაშინ ისინი საჭიროებისამებრ უნდა გაისხლან. თუ გასხვლა პრობლემას ვერ აგვარებს და მათი დამოკიდებულება არ იცვლება, რა უნდა გაკეთდეს? (ნუ მისცემთ მათ ამ საქმის კეთების უფლებას.) პირველ რიგში, მიეცით მათ გაფრთხილება: „ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კვლავაც ასეთი დამოკიდებულებით მოეკიდები მას, მოვალეობა ჩამოგერთმევა და სხვას გადაეცემა. თუ არ გსურს ამის კეთება, სხვა გააკეთებს. არ ხარ მოვალეობის ერთგული; არ ხარ ამ საქმისთვის შესაფერისი. თუ არ შეგიძლია ამ დავალების შესრულება და ფიზიკური სირთულეების ატანა, ღვთის სახლს შეუძლია შენი სხვით ჩანაცვლება და შეგიძლია გადადგომის შესახებ განცხადების დაწერაც. თუ არ გადადგები და კვლავაც გსურს მისი კეთება, მაშინ კარგად შეასრულე იგი და გააკეთე ეს ღვთის სახლის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად. თუ ვერ მიაღწევ ამას და არაერთხელ აფერხებ პროგრესს, რითაც ზიანს აყენებ საქმეს, მაშინ ღვთის სახლი მკაცრად მოგთხოვს პასუხს. თუ არ შეგიძლია ამ მოვალეობის შესრულება, მაშინ, მაპატიე, მაგრამ შენ მოგიწევს წასვლა!“ თუ გაფრთხილების შემდეგ ისინი მზად არიან მოინანიონ, მათი დატოვება შესაძლებელია. მაგრამ თუ არაერთი გაფრთხილების შემდეგ მათი დამოკიდებულება არ იცვლება და სინანულის ნატამალსაც არ ავლენენ, რა უნდა გაკეთდეს? ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ — განა ეს არ მოაგვარებს პრობლემას? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წვრილმან შეცდომებს ან მცირე პრობლემებს ვუყენებთ ხალხს ბრალად, როცა მათ ვხედავთ; პირიქით, ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობებს ვაძლევთ. თუ მათ სურთ მონანიება, იცვლებიან და წინანდელზე ბევრად უკეთესები ხდებიან, მაშინ, შეძლებისდაგვარად დატოვეთ ისინი. თუ მათთვის შესაძლებლობების არაერთხელ მიცემა, ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, გასხვლა და გაფრთხილება არ მუშაობს და არავის დახმარება არ არის ეფექტური, მაშინ ეს ჩვეულებრივი პრობლემა არ არის: ამ ადამიანის ადამიანობა მეტისმეტად მდარეა და ის საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას. ამ შემთხვევაში, ის არ არის შესაფერისი ამ მოვალეობისთვის და უნდა გაუშვათ. ის არ არის ვარგისი მოვალეობის შესასრულებლად. სწორედ ასე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი.

ეკლესიის საქმისთვის ზედამხედველობის გაწევისას წინამძღოლები და მუშაკები არა მხოლოდ კარგად უნდა ცნობდნენ სხვადასხვა პრობლემას, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ეკლესიის იმ წინამძღოლებს, რომელთა მიმართაც სიმშვიდეს ვერ გრძნობენ ან რომლებსაც არასანდოდ მიიჩნევენ. ამ ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სჭირდებათ ზედამხედველობა და მონიტორინგი; არ შეიძლება მხოლოდ დროდადრო ჰკითხოთ მათ ვითარების შესახებ ან რამდენიმე სიტყვით აარიდოთ თავი პრობლემას და საქმე დასრულებულად ჩათვალოთ. ზოგჯერ აუცილებელია ადგილზე დარჩენა მათი საქმის ზედამხედველობისთვის. რა არის ადგილზე დარჩენის მიზანი? ის, რომ უფრო სწრაფად აღმოაჩინოთ და გადაჭრათ პრობლემები და საქმე კარგად შესრულდეს. ზოგჯერ არ შეგიძლია პრობლემების აღმოჩენა სამუშაო ადგილზე შენი მისვლისთანავე. ნაცვლად ამისა, დეტალური შესწავლის, საქმის შემოწმებისა და ყურადღებიანი დაკვირვების შედეგად ხდება ზოგიერთი პრობლემის თანდათანობით გამოვლენა და აღმოჩენა. ზედამხედველობის გასაწევად ადგილზე დარჩენა არ ნიშნავს ხალხის მონიტორინგს ან მათზე თვალყურის დევნებას. რას ნიშნავს ზედამხედველობა? ზედამხედველობა მოიცავს შემოწმებასა და მითითების მიცემას. ეს ნიშნავს საქმის შესახებ კონკრეტულად და დეტალურად კითხვების დასმას, საქმის მიმდინარეობისა და მასში არსებული სუსტი რგოლების შესწავლასა და წვდომას, იმის გაგებას, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი თავის საქმეში და ვინ — არა, ვის შესწევს საქმის შესრულების უნარი და ვის — არა და სხვა მრავალს. ზედამხედველობა ზოგჯერ მოითხოვს კონსულტაციას, სიტუაციის გაგებასა და გამოკვლევას. ზოგჯერ ის მოითხოვს პირისპირ გამოკითხვას ან პირდაპირ შემოწმებას. რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ის მოიცავს პასუხისმგებელ პირებთან პირდაპირ თანაზიარებას, საქმის განხორციელების, წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების შესახებ კითხვების დასმას და ა.შ. ზედამხედველობის გაწევისას შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომელი ადამიანები ეკიდებიან საქმეს მხოლოდ გარეგნულად და აკეთებენ ყველაფერს ზედაპირულად, რომლებმაც არ იციან კონკრეტული დავალებების განხორციელება, რომლებმაც იციან მათი განხორციელება, მაგრამ რომლებიც არ აკეთებენ რეალურ საქმეს და სხვა მსგავსი საკითხები. თუ ამ აღმოჩენილი პრობლემების დროულად გადაჭრა შესაძლებელია, ეს საუკეთესოა. რა არის ზედამხედველობის მიზანი? მისი მიზანია სამუშაო განაწესების უკეთ განხორციელება, იმის დანახვა, არის თუ არა თქვენ მიერ ორგანიზებული საქმე სათანადო, არის თუ არა რაიმე გამორჩენილი ან ისეთი რამ, რაც არ გაგითვალისწინებიათ, არის თუ არა ისეთი სფეროები, რომლებიც არ შეესაბამება პრინციპებს, არის თუ არა რაიმე დამახინჯებული ასპექტი ან სფერო, სადაც შეცდომები დაუშვით და ა.შ. — ყველა ამ პრობლემის აღმოჩენა შესაძლებელია ზედამხედველობის გაწევის პროცესში. მაგრამ თუ სახლში დარჩები და არ შეასრულებ ამ კონკრეტულ საქმეს, შეძლებ ამ პრობლემების აღმოჩენას? (არა.) ბევრი პრობლემის გასაგებად და ჩასაწვდომად საჭიროა ადგილზე კითხვების დასმა დაკვირვება და შესწავლა. ზედამხედველობის გაწევისას შენ უნდა წაახალისო ისინი, ვინც თავის საქმეში უპასუხისმგებლო და უყურადღებოა, ატყუებს ზემდგომებს და უმალავს მათზე დაბლა მდგომთ, არის ზედაპირული და ნელი. ჩვენ ახლახან განვიხილეთ რამდენიმე ნაბიჯი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წაახალისო ისინი: შეგიძლია მისცე მითითება, გქონდეს თანაზიარება, გაასხლა, გააფრთხილო და გაათავისუფლო ისინი. ადვილია ამ ნაბიჯების განხორციელება? (დიახ.)

III. შემოწმება და მონიტორინგი

მას შემდეგ, რაც წინამძღოლები და მუშაკები წაახალისებენ საქმეს, შემდეგი ნაბიჯი საქმის შემოწმებაა. რა არის საქმის შემოწმების ჩვეული მიზანი? საქმის შემოწმება ემსახურება დაგეგმილი დავალებების პროგრესის განსაზღვრას, ნებისმიერი იმ პრობლემის გამოვლენას, რომელიც გადაუდებელ მოგვარებას მოითხოვს და, საბოლოო ჯამში, იმის უზრუნველყოფას, რომ საქმე სრულად და კარგად შესრულდეს. საქმის დაგეგმვის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე ასპექტის შემოწმება: რა ეტაპს მიაღწია შემდგომმა საქმემ, დასრულდა თუ არა იგი, რამდენად ეფექტურია, როგორია შედეგები, გამოვლინდა თუ არა რაიმე კონკრეტული პრობლემა, არის თუ არა რაიმე სირთულე, არის თუ არა ისეთი სფეროები, რომლებიც არ შეესაბამება პრინციპებს და ა.შ. დაგეგმილი საქმის შემოწმება ასევე კონკრეტული და აუცილებელი დავალებაა. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ხშირად უშვებს შეცდომას: მათ ჰგონიათ, რომ როგორც კი საქმეს დაგეგმავენ, მათი სამუშაო სრულდება. მათ სჯერათ: „ჩემი დავალება დასრულებულია, ჩემი პასუხისმგებლობა — შესრულებული. ასეა თუ ისე, მე გითხარით, როგორ უნდა გაგეკეთებინათ. იცით, რა უნდა გააკეთოთ და დათანხმდით მის გაკეთებას. აღარ მჭირდება იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ წარიმართება საქმე; უბრალოდ მომახსენეთ, როგორც კი დაასრულებთ.“ საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების შემდეგ, მათ ჰგონიათ, რომ მათი დავალება დასრულებულია და ყველაფერი რიგზეა. ისინი არ ამოწმებენ საქმეს და არ უწევენ მას მონიტორინგს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა შესაფერისი ის პირი, რომელიც მათ დანიშნეს ამოცანაზე პასუხისმგებლად, როგორია ადამიანების უმეტესობის მდგომარეობა, არის თუ არა პრობლემები ან სირთულეები, აქვთ თუ არა მათ საეკლესიო საქმის კარგად შესრულების რწმენა, არის თუ არა დამახინჯებული ან არასწორი ასპექტები, ან არის თუ არა ზემდგომის სამუშაო განაწესების რაიმე დარღვევა, ამას ისინი არ სწავლობენ, არ ამოწმებენ და არ უწევენ მონიტორინგს ამ ყველაფერს. საქმის დაგეგმვის შემდეგ ისინი უბრალოდ დასრულებულად მიიჩნევენ თავიანთ საქმეს; ეს არ არის კონკრეტული საქმის კეთება. რა უნდა შემოწმდეს საქმეში? ძირითადად შესამოწმებელია, შეესაბამება თუ არა განხორციელების გეგმა სამუშაო განაწესებს, არღვევს თუ არა იგი სამუშაო განაწესების პრინციპებსა და მოთხოვნებს და არიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებიც იწვევენ ჩაშლასა და არეულობას, რომლებიც ბრმად თესავენ შფოთს ან რომლებიც საქმის მიმდინარეობისას მაღალფარდოვან სიტყვებს აფრქვევენ. რა თქმა უნდა, საქმის შემოწმებისას თქვენ ასევე ამოწმებთ, დაუშვით თუ არა რაიმე შეცდომა სამუშაო განაწესების თქვენს საკუთარ განხორციელებაში. სხვების საქმის შემოწმება სინამდვილეში საკუთარი საქმის შემოწმებაცაა.

თანაზიარება სამუშაო შეთანხმებების განხორციელების მაგალითის გამოყენებით

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ზემდგომის სამუშაო განაწესები, მოდით, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, ვთქვათ, სამუშაო განაწესი მოითხოვს ადამიანებისგან გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერას. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც მოიცავს ასპექტების ფართო სპექტრს და წარმოადგენს გრძელვადიან, უწყვეტ დავალებას და არა დროებით სამუშაო განაწესს. მაშ, ამ სამუშაო განაწესის გამოცემის შემდეგ რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირველ რიგში? წინამძღოლთა და მუშაკთა მეცხრე პასუხისმგებლობის თანახმად, რომელიც მათგან მოითხოვს სამუშაო განაწესების განხორციელების ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფას, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმებასა და მონიტორინგს, პირველი, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ, არის გუნდის წინამძღოლებთან და ზედამხედველებთან თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს დავალება კონკრეტულად, სათანადოდ და ისე, რომ მან შედეგები გამოიღოს, რითაც უზრუნველყონ, რომ ყველას ჰქონდეს ამ საქმის შესასრულებელი გზა და პრინციპები. მხოლოდ ამ დონეზე თანაზიარებით შეიძლება საქმის კარგად შესრულება. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ყველას ესმის ზემდგომის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები დამოწმების სტატიების დასაწერად და ის, თუ როგორი დამოწმების სტატიებია მოთხოვნილი. თავდაპირველად, განსაზღვრეთ ამ სტატიების კონკრეტული შინაარსი, პრინციპები და მასშტაბი და დარწმუნდით, რომ ყველა წინამძღოლი და მუშაკი ინფორმირებულია ამის შესახებ. გარდა ამისა, კონკრეტულად უნდა გქონდეთ თანაზიარება და გაუწიოთ ხელმძღვანელობა სტატიების მოცულობის, ფორმატის, თემატიკისა და ენობრივი სტილის შესახებ — მაგალითად, აცნობეთ მათ, რომ სტატიები შეიძლება დაიწეროს თხრობის, დღიურის, პირადი მონათხრობის, პროზაული ლექსის და ა.შ. ფორმით. განა ეს არ არის ხელმძღვანელობის გაწევა? (დიახ.) ხელმძღვანელობის გაწევის შემდეგ ყველას ეცოდინება იმ დამოწმების სტატიების კონკრეტული კონცეფცია და განმარტება, რომლებიც უნდა დაწერონ. ამის შემდეგ განსაზღვრეთ, განსაზღვრეთ ვის აქვს სულიერი მონაცემები და გამოცდილება, დაწეროს გამოცდილებითი დამოწმების სტატიები, და ვის აკლია ღრმა გამოცდილება და მხოლოდ საშუალო დონის დამოწმების სტატიების წერაში შეუძლია გაიწვრთნას. ეკლესიის წინამძღოლები კარგად უნდა იცნობდნენ ამ სიტუაციებს. სტატიების დაწერის შემდეგ გადახედეთ მათ, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა ისინი ნამდვილი და აღმშენებლობითი, თუ ისინი სტანდარტის შესაბამისია, მათი გამოყენება შესაძლებელია სანიმუშო სტატიებად იმ და-ძმებისთვის წასაკითხად და საორიენტაციოდ, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ სტატიები ან არ იციან მათი დაწერა. თუ ვინმეს აქვს გამოცდილება და სურს დამოწმების სტატიების დაწერა, ის უნდა მიჰყვეს პრინციპებსა და მოთხოვნებს, გააზიაროს ის, რაც გულში აქვს და ისაუბროს პრაქტიკული სიტყვებით, რათა აღაშენოს მკითხველები. თუ ზოგიერთ ადამიანს არ ეხერხება სტატიების წერა და მხოლოდ მოვლენების მარტივი აღწერა შეუძლია, რა უნდა გაკეთდეს მათთან დაკავშირებით? მაშინაც კი, თუ მათი სტატიები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მათ მაინც უნდა გაიარონ წვრთნა. მათ უნდა დაწერონ სტატიები თავიანთი გულწრფელი გაგებისა და იმ მადლიერების შესახებ, რომელიც ღვთის სიტყვების გამოცდილებით მიიღეს. ამ სტატიების რედაქტირებისა და გადახედვის შემდეგ თუ შინაარსი აკმაყოფილებს დამოწმების სტატიების სტანდარტებს, მაშინ ასეთი სტატიები ვარგისია. მიუხედავად სტატიის წერის სტილისა და მიუხედავად მისი ფორმისა — იქნება ეს დაწერილი ნარატივის თუ დღიურის სახით — სანამ ის სასარგებლო და აღმშენებლობითია მკითხველისთვის, მისი დაწერა შესაძლებელია. ასევე, არსებობენ ადამიანები განათლების დაბალი დონით, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილებითი დამოწმებები, მაგრამ არ იციან, როგორ დაწერონ დამოწმების სტატიები. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევებში? მათ შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ თავიანთი გამოცდილება, ხოლო ვინმე უფრო განათლებული დაეხმარება მათ ამ გამოცდილების ჩაწერაში და შემდეგ მის ზუსტად გამოხატვაში ამ ადამიანის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესაბამისად, რათა რედაქტირების შედეგად მიიღონ სტანდარტის შესაბამისი დამოწმების სტატია. ასეთი სტატიებიც ვარგისია. ამ საქმის დასაწყებად, პირველ რიგში, გქონდეთ თანაზიარება იმაზე, თუ რა არის დამოწმების სტატია და როგორია მისი ფორმატი. შემდეგ დაადგინეთ კონკრეტული მოთხოვნები და გეგმები განსხვავებული განათლების დონის, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და განსხვავებული გამოცდილებისა და სულიერი ზრდის მქონე ადამიანებისთვის. დაავალეთ მათ, ვისაც აქვს გამოცდილება, პირველებმა დაწერონ სტატიები. ამავდროულად, ეკლესიაში გამოავლინეთ ის პირები, რომლებიც შესაფერისნი არიან და-ძმებისთვის სტატიების წერაში ხელმძღვანელობის გასაწევად და რომლებიც შესაფერისნი არიან სტატიების რედაქტირებისა და კორექტურისთვის, რათა მათ შეასრულონ ეს კონკრეტული დავალებები. ეს ქმნის საწყის გეგმას ამ საქმისთვის. ნიშნავს თუ არა საქმის ამგვარად დაგეგმვა იმას, რომ იგი სრულად განხორციელდა და შეგიძლიათ მასზე აღარ იზრუნოთ? არა, ეს მხოლოდ კონკრეტული მითითების, დახმარებისა და განხორციელების გეგმების მიწოდებაა სამუშაო განაწესის მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა შემდეგ? ზედამხედველობა უნდა გაუწიოთ საქმეს. უნდა ჰქონდეს თუ არა ამ ზედამხედველობას სამიზნე? ზედამხედველობა არ არის შემთხვევითი ადგილზე შემოწმებები; მას უნდა ჰქონდეს მთავარი სამიზნე. ნათლად უნდა გესმოდეთ, ვის სჭირდება ზედამხედველობა და საქმის რომელ ეტაპებს ესაჭიროება იგი. მაგალითად, თუ კონკრეტული და ეკლესიის წინამძღოლია, რომელიც, როგორც წესი, არ არის გულმოდგინე თავის საქმეში, უყვარს ტრაბახი, მაღალ მიზნებს ისახავს, მაგრამ არაკომპეტენტურია, მიდრეკილია, მოატყუოს ზემდგომები და დაუმალოს მათზე დაბლა მდგომთ, საუბრობს განსაკუთრებით სასიამოვნოდ და მიდრეკილია საქმეში ზედაპირულობისკენ, აუცილებელია, რომ მის საქმეს ზედამხედველობა გაეწიოს. არ შეგიძლიათ მისი სრულად ნდობა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი მისი საქმის შემოწმება და იმის დანახვაა, თუ როგორ მიმდინარეობს მის მიერ სამუშაო განაწესების განხორციელება. არის თუ არა ეს ადამიანების უბრალოდ თვითნებური ზედამხედველობა? (არა.) ეს აუცილებელია საქმისთვის, რადგან ეს საქმე მეტისმეტად მნიშვნელოვანია და ისინი, ვინც ამგვარ საქმეს ასრულებენ, სანდონი უნდა იყვნენ. თუ ისინი არ ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს და არ არიან სანდონი, მათი ბრმად ნდობა შეაფერხებს ეკლესიის საქმეს და შენც უპასუხისმგებლობას გამოიჩენ. ასეთი ადამიანების შემთხვევაში არ უნდა მოექცე მათი სასიამოვნო სიტყვების ან მათი მტკიცე დაპირებების გავლენის ქვეშ; სინამდვილეში, ისინი მხოლოდ კარგად საუბრობენ, მაგრამ ზურგს უკან არაფერ არსებითს არ აკეთებენ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ზედამხედველობის სამიზნენი. ზედამხედველობის მეშვეობით დააკვირდი, მოინანიეს თუ არა მათ. თუ არ მოუნანიებიათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლე ისინი და შეწყვიტე მათზე ძალისხმევის დახარჯვა. სინამდვილეში, წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობასთან უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში მონიტორინგი, ზედამხედველობა და მითითების მიცემა. მათთვის, ვისაც შეუძლია რეალური საქმის კეთება და აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, თუ ეს ისეთი საქმეა, რომლის კეთებაც იციან, ზედამხედველობა საჭირო არ არის. თუმცა, ახალი ან მნიშვნელოვანი საქმისთვის მონიტორინგი, ზედამხედველობა და მითითების მიცემა მაინც აუცილებელია. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი საქმის ზედამხედველობა და მონიტორინგი წინამძღოლებისა და მუშაკების სამუშაოა. მონიტორინგი, ზედამხედველობა და მითითების მიცემა უნდობლობას კი არ ნიშნავს, არამედ საქმის შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველყოფას. რადგან ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ნაკლოვანება და, ამასთანავე, სხვადასხვა გახრწნილი ხასიათი, ამგვარი პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია საქმის კარგად შესრულების გარანტირება. ისინი, ვინც ახლახან დაწინაურდნენ საქმეში, კიდევ უფრო მეტ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და მითითებას საჭიროებენ. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. თუ არ განახორციელებ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და მითითების მიცემას, ბევრი დავალება კარგად ვერ შესრულდება და ზოგიერთი საქმე შეიძლება ჩავარდეს ან ჩიხში შევიდეს კიდეც. ეს მეტად გავრცელებული მოვლენაა. კერძოდ, ის წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც არ მიისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ, კიდევ უფრო მეტ ზედამხედველობას საჭიროებენ. სხვების შემთხვევაში საქმე შეიძლება საკმაოდ საფუძვლიანად განხორციელდეს, მაგრამ ასეთ ადამიანებთან გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა საქმე ან რამდენად კარგად განხორციელდება იგი და კიდევ უფრო რთული სათქმელია, განხორციელდება თუ არა ის სამუშაო განაწესის შესაბამისად. ასეთი ადამიანები თავიანთ საქმეში არც ისე სანდონი არიან. თუ ენდობი მათ ისე, რომ არ გაუწევ ზედამხედველობას მათ საქმეს, ეს არსებითად საქმისადმი დაუდევრობა და უპასუხისმგებლობაა. ასეთი ადამიანებისთვის საჭიროა მონიტორინგი და ზედამხედველობა და მათი საეკლესიო საქმეში ჩართვა. თუ მათ არ სურთ შენი მიშვება ან არ მიგესალმებიან, რა უნდა გააკეთო? შეიძლება თქვა: „თავმოყვარეობას გადავაბიჯებ და მაინც წავალ.“ სწორია ეს სიტყვები? (არა.) ეს არ არის მათი პირადი ტერიტორია; ეს ეკლესიაა და ის შენი პასუხისმგებლობის სფეროში შედის. შენ მათ სახლში მუქთახორად კი არ რჩები; შენ ეკლესიაში მიდიხარ საქმის საკეთებლად. ეს არ ეხება თავმოყვარეობაზე უარის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ის წინამძღოლია, ღვთის რჩეული ხალხი მას არ ეკუთვნის. სწორედ იმიტომ, რომ ის უპასუხისმგებლო და ორგულია თავის საქმეში, შენ გჭირდება მისი საქმის მონიტორინგი და ზედამხედველობა. მაშ, რა უნდა გააკეთო, როდესაც იქ მიდიხარ? პირველ რიგში, ჰკითხე მას, ვის აქვს ეკლესიაში ცხოვრებისეული გამოცდილება და ვის შეუძლია გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერა, ვინ ამახვილებს შედარებით მეტ ყურადღებას ჭეშმარიტების ძიებაზე, ვინ ამახვილებს შედარებით მეტ ყურადღებას დღიურებისა და სულიერი პრაქტიკის ჩანაწერების წერაზე, ვინ ფოკუსირდება შეკრებებზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე და ვის აქვს ყველაზე მეტი გამოცდილებითი დამოწმება. ჯერ მას მიათითებინე ამ ადამიანებზე. თუ ის დაგისახელებს რამდენიმე და-ძმას და გეტყვის, რომ სწორედ ისინი ამახვილებენ შედარებით მეტ ყურადღებას ღვთის სიტყვების კითხვაზე, აქვთ სულიწმიდის ნათელის მოფენა და განათება, ხშირად წერენ სულიერი პრაქტიკის ჩანაწერებს, ყურადღებას ამახვილებენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე სიტუაციებთან შეჯახებისას და ხშირად აზიარებენ გამოცდილებით დამოწმებებს, რომელთა მოსმენაც სხვებს სურთ, მაშინ შენ უნდა შეხვდე ამ და-ძმებს და გქონდეს თანაზიარება მათთან. გარდა ამისა, ეკლესიაში ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განათლების დაბალი დონე და არ შეუძლიათ სტატიების წერა, მაგრამ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელმძღვანელობა და გაწვრთნა და შეგიძლია სთხოვო მათ, ვინც იცის სტატიების წერა, დაეხმარონ მათ გარკვეული დროის განმავლობაში. ამავდროულად, შეარჩიე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღვთის რჩეული ხალხის მიერ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის კონკრეტული საქმის განხორციელებაზე. ეს პირი პასუხისმგებელი იქნება დასრულებული სტატიების შეგროვებაზე, რედაქტირებაზე, გადახედვასა და დასრულებული სტატიების შემდგომ წარდგენაზე. და რა უნდა გააკეთოს ეკლესიის წინამძღოლმა? დაავალე მას ამ დავალებების ზედამხედველობა და მონიტორინგი. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „რადგან არსებობს ეკლესიის წინამძღოლი, რატომ გვჭირდება ვინმეს შერჩევა პასუხისმგებელ პირად? განა ეს ზედმეტი არ არის?“ ზედმეტია? (არა.) რატომ არა? სწორედ იმიტომ, რომ ეს ეკლესიის წინამძღოლი არ აკეთებს რეალურ საქმეს და მეტისმეტად არასანდოა, გიწევს სხვა პირის შერჩევა, რომელიც კონკრეტულად ამ საქმეზე იქნება პასუხისმგებელი. ეკლესიის წინამძღოლი სანდო რომ ყოფილიყო, ის შეძლებდა საქმის სტაბილურად შესრულებას სამუშაო განაწესის მიღების შემდეგ და აღარ დაგჭირდებოდა მისი ამგვარად ზედამხედველობის გაწევა. პასუხისმგებელი პირის შერჩევა ეკლესიის წინამძღოლის გვერდზე გადაწევას კი არ ნიშნავს, არამედ საქმის უკეთესი შედეგების მიღწევას. თუ არ შეარჩევ ამ პირს, საქმე შეიძლება ჩავარდეს და გაურკვეველი გახდეს ის, თუ როდის დასრულდება იგი ან როდის გამოიღებს შედეგს.

წინამძღოლებისა და მუშაკების ეკლესიის საქმეში მონაწილეობის მიზანია ღვთის რჩეული ხალხის წარმართვა, რათა მათ პრაქტიკულად გამოცადონ ღვთის საქმე. მათ არა მხოლოდ ჯეროვნად უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, არამედ უნდა დაეხმარონ ღვთის რჩეულ ხალხს და წარმართონ ისინი, რათა ეკლესიის მთელი საქმე სამუშაო განაწესებით მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ. მხოლოდ ის წინამძღოლები და მუშაკები მოქმედებენ ღვთის განზრახვების შესაბამისად, რომლებიც ამგვარად ასრულებენ საქმეს. მაგრამ თუ შენ უშუალოდ არ მონაწილეობ საქმეში და პრაქტიკაში არ ახორციელებ ზედამხედველობას იმ წინამძღოლებზე და მუშაკებზე, რომლებიც რეალურ საქმეს არ აკეთებენ, მაშინ ეკლესიის ამ დავალებების შედეგები შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს, ვინაიდან ცრუ წინამძღოლების მიერ არ ჩაიშალოს. თუ ნათლად გესმის კონკრეტული ეკლესიის მდგომარეობა და გულის სიღრმეში იცი, რომ ამ ეკლესიის წინამძღოლები უპასუხისმგებლონი არიან, მაგრამ დროულად არ ახორციელებ მონიტორინგს და არ აძლევ მათ მითითებებს, განა ეს პასუხისმგებლობის უგულებელყოფა არ არის? ამ ტიპის საქმისთვის, თუ შენ უშუალოდ განახორციელე მონიტორინგი და მიიღე მონაწილეობა და საქმის შესასრულებლად დანიშნე როგორც ზედამხედველი, ისე საქმის შემსრულებელი ხალხი, შეგიძლია თუ არა დაუყოვნებლივ წახვიდე? (არა.) უმჯობესია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში განახორციელო მონიტორინგი. მონიტორინგის დროს, ერთი მხრივ, შეგიძლია წაახალისო ეკლესიის წინამძღოლები და უხელმძღვანელო მათ, რათა აქტიურად იმუშაონ ამ დავალებაზე. გარდა ამისა, შენ შეგიძლია გქონდეს ზუსტი წარმოდგენა შენ მიერ დანიშნული ადამიანების მუშაობის მდგომარეობის შესახებ და, ამავდროულად, შეძლებ დროული შესწორებებისა და დახმარების გაწევას ნებისმიერ პრობლემაზე, რომელსაც ისინი წააწყდებიან. თუ ძალიან ადრე წახვალ და შემდეგ დაბრუნდები პრობლემების მოსაგვარებლად და გადასაჭრელად, როდესაც ისინი წარმოიშობა, ეს საქმეს შეაფერხებს. საბოლოო ჯამში, ამ კონკრეტული საქმისთვის, პერსონალისა და ზედამხედველის დანიშვნაში მონაწილეობის გარდა, უმჯობესია გარკვეული პერიოდის განმავლობაში განახორციელო მონიტორინგი, რათა დაინახო, რა პრობლემები წარმოიშობა მათი მუშაობის დროს. ერთი მხრივ, გაუწიე ზედამხედველობა იმას, ასრულებენ თუ არა ეკლესიის წინამძღოლები თავიანთ პასუხისმგებლობას; მეორე მხრივ, დააკვირდი, როგორ ასრულებს პერსონალი საქმეს. რადგან ადამიანთა უმეტესობას ეს საქმე აქამდე არ შეუსრულებია და ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, უცნობია, ამ საქმეში მონაწილეობისას მუდმივად აღმოაჩენ გარკვეულ უცნობ საკითხებს. რა თქმა უნდა, უმჯობესია პრობლემების დროული მოგვარების უზრუნველყოფაც. ადგილზე დარჩენა, ზედამხედველობა და მონიტორინგი ყველაზე საუკეთესო პრაქტიკაა. ნუ მოეკიდები საქმეს ზედაპირულად მხოლოდ იმისთვის, რომ დღე დაასრულო. ეს არის განსაკუთრებული სიტუაციისთვის შესრულებული საქმე, რომელიც გარკვეულ დახმარებასა და ხელმძღვანელობას უზრუნველყოფს. პრობლემების გადაჭრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განახორციელე მათი საქმის მონიტორინგი. ხედავ, რომ ზოგიერთი სტატია უკვე დაწერილია და არსებობს მრავალი ტიპის სტატია, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხება და სხვადასხვა თემას მოიცავს — ზოგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან დევნის გამოცდილებაზეა, ზოგი ოჯახის მხრიდან დევნის გამოცდილებაზე, ზოგი იმაზე, თუ როგორ იწყებენ ადამიანები თავიანთი გამოვლენილი გახრწნილი ხასიათის გაგებას ან როგორ გვარდება სხვადასხვა გახრწნილი მდგომარეობა, რომელსაც ადამიანები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ავლენენ და ა.შ. ეს დამოწმების სტატიები აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ისინი სრულად შეესაბამებოდეს ფაქტებს და ჭეშმარიტად განამტკიცებდეს ადამიანებს, სანამ ისინი დამტკიცდება და ვიდეოებად იქცევა. როდესაც საქმე ამ დონეს მიაღწევს, უკვე დაინახავ შედეგებს. ეს ამტკიცებს, რომ საწყის ეტაპზე ის პერსონალი და ზედამხედველი, რომლებიც ამ საქმისთვის დანიშნე, შედარებით შესაფერისნი არიან. შემდეგ, თუ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ამ საქმის დასრულება, მაშინ შენთვის მიზანშეწონილია საქმეს ჩამოშორდე. იღებენ თუ არა განმტკიცებას ამგვარად მომუშავე წინამძღოლები და მუშაკები? არის თუ არა ეს იმაზე მეტად ნაყოფიერი, ვიდრე მთელი დღე თეორიებზე ფუჭი საუბარი და დროის ფლანგვა? (დიახ.) ამგვარ საქმეს დიდი სარგებელი მოაქვს. ერთი მხრივ, სწავლობ რეალური პრობლემების გადაჭრას. მეორე მხრივ, ასრულებ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს. გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაგება არ ჩერდება სიტყვებისა და მოძღვრებების დონეზე; პირიქით, ჭეშმარიტებას უფრო მეტად იყენებ რეალურ ცხოვრებაში. ამგვარად, ადამიანები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და მათი ჭეშმარიტების გაგება უფრო კონკრეტული და პრაქტიკული ხდება.

მას შემდეგ, რაც ეკლესიის საპილოტე სამუშაო პროექტს ამ დონემდე გაეწევა ხელმძღვანელობა და მიღწეულ იქნება საწყისი შედეგები, რა საქმე უნდა შეასრულონ შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა? სრულდება თუ არა საქმე საპილოტე პროექტის დასრულებისთანავე? არის თუ არა კიდევ შესასრულებელი საქმე? ჯერ კიდევ იმდენი საქმეა! მას შემდეგ, რაც ამ ეკლესიის საქმეს გაეწევა ხელმძღვანელობა, ნახე, რომელი სხვა ეკლესიის საქმეს სჭირდება ფოკუსირებული ხელმძღვანელობა, შემდეგ კი წადი იმ ეკლესიაში და განაგრძე ხელმძღვანელობა. რადგან უკვე გაქვს გარკვეული სამუშაო გამოცდილება და ათვისებული გაქვს ზოგიერთი ჭეშმარიტება-პრინციპი, ხელმძღვანელობის საქმის ხელახლა გაწევა ბევრად უფრო ადვილი იქნება. რა თქმა უნდა, ადრე განხილული სამუშაო ნაბიჯების თანახმად შენ ჯერ უნდა შეამოწმო, არის თუ არა შერჩეული პერსონალი სტანდარტის შესაბამისი, არიან თუ არა ისინი შესაფერისნი ამ საქმისთვის და არის თუ არა მათი სულიერი მონაცემები, ადამიანობა, განათლების დონე, ჭეშმარიტების ძიების ხარისხი, მოვალეობისადმი დამოკიდებულება და ჭეშმარიტების გაგება, სხვა ასპექტებთან ერთად, შედარებით იდეალური და არიან თუ არა ისინი შედარებით გამორჩეული ადამიანები. ზედამხედველობისა და საქმის შემოწმების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა აღმოაჩინო, რომ ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ან ზედამხედველი არ შეესაბამება სტანდარტს. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს სუსტი სულიერი მონაცემები აქვს და არ შეუძლია საქმის შესრულება. სხვებს აქვთ უკუღმართი წვდომის უნარი, არასწორი შეხედულებები, აკლიათ ნორმალური აზროვნება და არ გააჩნიათ სულიერი გაგება. მათ მხოლოდ თავიანთი აკადემიური ცოდნის საფუძველზე შეუძლიათ სტატიების კორექტირება, მაგრამ არაფერი გაეგებათ, როდესაც საქმე კონკრეტული სულიერი ტერმინების მართებულობასა და ღვთის სიტყვების ციტირების მიზანშეწონილობას ეხება; მათ საერთოდ არ შესწევთ ამ საკითხების წვდომის უნარი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი შერჩევა შეუფერებელი იყო და ისინი დაუყოვნებლივ უნდა ჩანაცვლდნენ. ამავდროულად, სხვები ზედამხედველებად არიან შერჩეულნი და, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული საქმის შესრულება, უკეთეს შედეგებს მაშინ აღწევენ, როდესაც სტატიებს დამოუკიდებლად წერენ. როდესაც მათ ზედამხედველად მსახურებას სთხოვენ, საქმით გადატვირთვის გამო წერისთვის დრო აღარ რჩებათ და ვერც ზედამხედველის საქმეს ასრულებენ სათანადოდ. ისინი არ არიან დახელოვნებულნი ხელმძღვანელობის გაწევაში, საქმის შემოწმებასა თუ პრობლემების გამოსწორებაში, არამედ უკეთესად ასრულებენ ერთ კონკრეტულ დავალებას. ამიტომ, ასეთი პიროვნების ზედამხედველად შერჩევა მიზანშეწონილი არ არის და სხვა კანდიდატი უნდა შეირჩეს. შესაბამისად, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები კონკრეტული დავალების შემოწმებასა და მონიტორინგს ახორციელებენ, საკმარისი არ არის მხოლოდ კითხვების დასმა და იმის გამოკვლევა, ესმის თუ არა ზედამხედველს პრინციპები. შენ ასევე უნდა დააკვირდე, როგორია ამ ადამიანის ადამიანობა და არის თუ არა მისი სულიერი მონაცემები, წვდომის უნარი და სულიერი ზრდა შესაფერისი ამ მოვალეობის შესასრულებლად. თუ შემოწმება გამოავლენს პერსონალს, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტს, დროულად უნდა განხორციელდეს ცვლილებები. სწორედ ამას გულისხმობს საქმის შემოწმება.

დამოწმების სტატიების წერის საქმის განსახორციელებლად წინამძღოლებმა და მუშაკებმა, გარდა იმის შემოწმებისა, არის თუ არა ამ საქმის ზედამხედველი შესაფერისი, ასევე უნდა ისწავლონ სტატიების შემოწმება, გარკვეული მიმართულების მიცემა და სტატიების წერის საქმის გადარჩევა. ის სტატიები, რომლებიც კონკრეტულად და პრაქტიკულად არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნიმუშებად. ხოლო ის სტატიები, რომლებიც დაწერილია შინაარსისგან დაცლილი და არაპრაქტიკული გზით, რომლებსაც არ გააჩნია ღირებულება და არ განამტკიცებს ადამიანებს, პირდაპირ უნდა იქნას გამორიცხული. ამგვარად, ძმებსა და დებს ეცოდინებათ, რომელი ტიპის სტატიებია ღირებული და რომელი — არა, და მომავალში აღარ დაწერენ ღირებულების არმქონე სტატიებს, რითაც თავიდან აიცილებენ ენერგიისა და დროის ფლანგვას. ამგვარად, შენი საქმე ღირებული იქნება. როდესაც საქმის შესამოწმებლად მიდიხარ უნდა შეამოწმო მათ მიერ დაწერილი ყველა სახის გამოცდილებითი დამოწმების სტატია, რათა დაინახო, არის თუ არა მათში რაიმე მინარევი ან სიცრუე და არის თუ არა ეს სტატიები სულიერად სასარგებლო. პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხები უნდა გადაარჩიო. გადარჩევისას განა თავადაც არ სწავლობ? (დიახ.) სწავლის პროცესში ამ საქმეს სულ უფრო უკეთ შეასრულებ. დავუშვათ, არ ამოწმებ, სერიოზულად არ ეკიდები საკითხებს, ხარ უპასუხისმგებლო და საქმეს მხოლოდ ზედაპირულად უდგები იმ მიზნით, რომ უბრალოდ დაასრულო იგი და შემდეგ ზემდგომებს მოახსენო მისი დასრულების შესახებ, თან ფიქრობ: „ასეა თუ ისე, ჩვენს ეკლესიაში ბევრი ადამიანია, ვისაც დამოწმების სტატიების წერა შეუძლია. როდესაც წერას დაასრულებენ, ყველას წარვადგენ. ვის ადარდებს, შეესაბამება თუ არა ისინი სტანდარტს? მთავარია, ზემდგომმა წინამძღოლებმა იცოდნენ, რომ ბევრი ვიმუშავე, განვახორციელე სამუშაო განაწესები და დაკავებული ვიყავი, ესეც საკმარისია!“ არის ეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება? (არა.) ეს უპასუხისმგებლობაა. თუ პასუხისმგებლობას იღებ, პირველ რიგში, თავად უნდა გადაარჩიო საკითხები. შენი მეშვეობით წარდგენილი ნებისმიერი სტატია სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს; ვინც მას წაიკითხავს, უნდა თქვას, რომ ის სულიერად განამტკიცებს და მისი წაკითხვის სურვილი უნდა გაუჩნდეს. მხოლოდ ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის შესრულება. საქმის შემოწმება არ ნიშნავს საქმისადმი ზედაპირულ მიდგომას, ლოზუნგების ყვირილს, მოძღვრებების ქადაგებას ან ადამიანებისთვის თვითნებურად ჭკუის სწავლებას. ეს ნიშნავს საქმის ეფექტიანობისა და შედეგების შემოწმებას; იმის შემოწმებას, არის თუ არა შენ მიერ შესრულებული საქმე სტანდარტის შესაბამისი, აღწევს თუ არა იგი სამუშაო განაწესების განხორციელების შედეგებს, აკმაყოფილებს თუ არა ღვთის მოთხოვნებს, რომელი სფეროები შეესაბამება სტანდარტს და რომელი — არა. სწორედ ეს არის შესამოწმებელი. ეს მოიცავს კონკრეტული საქმის შესრულებას და დაკავშირებულია ადამიანების სულიერ მონაცემებთან, აქვთ თუ არა მათ სულიერი გაგება, რამდენად ესმით ჭეშმარიტება, რამდენად ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას და როგორია საგნების აღქმის მათი უნარი. თუ იცი, როგორ შეამოწმო საქმე და საქმის შემოწმებისას შეგიძლია აღმოაჩინო პრობლემები, ჩაწვდე მათ არსს, გამოავლინო პრობლემების ძირითადი მიზეზი და მოაგვარო ისინი და დამოწმების სტატიების წარდგენამდე პრინციპების მიხედვით გადაარჩევ მათ, რითაც უზრუნველყოფ, რომ შენ მიერ წარდგენილი ყველა სტატია სტანდარტის შესაბამისი იყოს და სულიერად განამტკიცებდეს მათს მკითხველს, მაშინ შენ, როგორც წინამძღოლი ან მუშაკი, შეესაბამები სტანდარტს და შენი საქმე ჯეროვნად შეასრულე.

ადამიანთა უმეტესობას შეუძლია ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფის საქმის შესრულება. თუმცა, როდესაც შემოწმება და გადარჩევაა საჭირო, ეს სცდის წინამძღოლთა და მუშაკთა სულიერ მონაცემებს და იმას, ფლობენ თუ არა ისინი ჭეშმარიტება-რეალობას. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ხელმძღვანელობის გაწევა, საქმის ზედამხედველობა, შეუფერებელი პერსონალის გასხვლა, გათავისუფლება და მათთან გამკლავება, მაგრამ არ იცის, როგორ შეაფასოს მის მიერ დაგეგმილი საქმის ეფექტიანობა და შედეგები, შეესაბამება თუ არა იგი სამუშაო განაწესებს და როგორ მოაგვაროს პრობლემა, თუ ეს ასე არ არის. წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობას, საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლია ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, მაგრამ როდესაც საქმე შემოწმებას ეხება, მან არ იცის რა გააკეთოს, არ გააჩნია პრინციპები და დაბნეულია. ის ფიქრობს: „სამუშაო განაწესები განხორციელდა, მაშ, რაღაა შესამოწმებელი? ყველა მუშაობს, არავინ არის უქმად, იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც საქმეს შლიდნენ და არეულობას თესავდნენ, მოგვარებულია, ხოლო ისინი, ვინც უნდა გათავისუფლებულიყვნენ ან მოცილებულიყვნენ, შესაბამისად დაითხოვეს. სხვა რაღა დარჩა შესამოწმებელი?“ ის უბრალოდ ვერაფერს ხვდება. საქმის შემოწმება გადარჩევას მოითხოვს. რას ნიშნავს გადარჩევა? ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გამოიტანო დასკვნა. მაგალითად, გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის საქმის ზედამხედველს შენთან მოაქვს სტატია და ის გეუბნება, რომ წერის სტილი საკმაოდ კარგია, ენა — გამართული და როგორც ენობრივი სტილი, ისე სტატიის თემატიკაც კარგია. თუმცა, ის გრძნობს, რომ მას თითქოს აკლია პრაქტიკული შინაარსი და არ შეუძლია ადამიანთა განმტკიცება, რომ იგი საჭიროებს შევსებასა და გაუმჯობესებას, მაგრამ თავად ვერ ერკვევიან ამ საკითხში ბოლომდე, ამიტომ გთხოვს, რომ გადახედო. რას ნიშნავს ის, რომ ის გადახედვას გთხოვს? ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება, გადაარჩიო იგი. ის, თუ როგორ გადაარჩევ მას და რამდენად კარგად გააკეთებ ამას, სცდის შენს რეალურ სულიერ ზრდას. რას ნიშნავს რეალური სულიერი ზრდა? ეს ნიშნავს, გესმის თუ არა ჭეშმარიტება-პრინციპები. თუ ზედამხედველს არ ესმის დამოწმების სტატიების წერის პრინციპები, არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა სტატია პრაქტიკული და ნამდვილი და არ იცის, როგორ გამოიტანოს დასკვნა, და შენც იმავე მდგომარეობაში ხარ — არ შეგიძლია დასკვნის გამოტანა ან გადაწყვეტილების მიღება — ეს ერთ რამეს ამტკიცებს: შენი სულიერი მონაცემები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მისი და არ შეგიძლია სტატიების გადარჩევა. განა ასე არ არის? ჭეშმარიტება, რომელიც გესმის, დაახლოებით იგივეა, რაც მას ესმის და ვერ ხედავ იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ვერ ხედავენ — ეს კი პრობლემაზე მიანიშნებს. თუ შეგიძლია იმ პრობლემების დანახვა, რომელთა არსსაც ის ვერ სწვდება და შემოწმებისას შეგიძლია აღმოაჩინო ის პრობლემები, რომლებსაც ის ვერ პოულობს, ეს ამტკიცებს, რომ შეგიძლია სტატიების გადარჩევა. მაგალითად, ის მიიჩნევს, რომ სტატიების უმეტესობა სტანდარტის შესაბამისია და მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგრამ შენი შემოწმებისა და გადარჩევის შედეგად აღმოაჩენ მცირე ნაწილს, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტს. გაკვეთისა და თანაზიარების მეშვეობით ხსნი ამ სტატიებში არსებულ პრობლემებს; ყველა გეთანხმება, რომ შენი მოსაზრებები გონივრულია, შეესაბამება პრინციპებს და არ წარმოადგენს წვრილმანებზე გამოკიდებას, არამედ ნამდვილად რეალური პრობლემებია და ისინი უნდა გამოსწორდეს. ზოგიერთი სტატია შინაარსისგან დაცლილია და აკლია პრაქტიკული გამოცდილებითი გაგება, ზოგიერთ სტატიას აქვს პრაქტიკული გამოცდილებითი გაგება, მაგრამ არ არის საკმარისად კონკრეტულად გამოხატული; ზოგიერთი სტატია შეუფერებლად ციტირებს ღვთის სიტყვებს, არ ირჩევს ღვთის სიტყვების უფრო შესაფერის ნაწყვეტებს, რაც უარეს შედეგებს იწვევს; ზოგიერთ სტატიას აქვს არასწორი შეხედულებები, უკუღმართი წვდომა და აკლია თანაზიარება ჭეშმარიტების გაგების შესახებ, რაც ვერ განამტკიცებს მკითხველს და ადვილად იწვევს მათში ნეგატივსა და გაუგებრობებს და ა.შ. შენ შეგიძლია აღმოაჩინო და ჩასწვდე ყველა ამ პრობლემას. შენი თანაზიარების საშუალებით ეხმარები მათ პრინციპების ათვისებაში, რითაც გამოცდილების მქონე ადამიანებს აძლევ შესაძლებლობას, დაწერონ ნამდვილი გამოცდილებითი დამოწმებები. არჩევ იმ სტატიებს, რომლებიც განმტკიცებითი და ღირებულია ადამიანებისთვის, როგორც სტანდარტის შესაბამის გამოცდილებით დამოწმებებს, რათა, როდესაც ღვთის რჩეული ხალხი მათ წაიკითხავს, განმტკიცდეს. ამავდროულად, ის სტატიები, რომლებსაც აკლია ნამდვილი გამოცდილებითი გაგება ან რომლებიც შეიცავს უკუღმართ წვდომას, გამოირიცხება. თუ ამგვარად მოქმედებ, განა არ ახდენ გადარჩევას? თუ გაქვს საგნების აღქმისა და საქმის შესრულების ასეთი უნარი, განა შენი სულიერი მონაცემები საკმარისი არ არის? განა არ ასრულებ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს? (დიახ.) თუ ის ფიქრობს, რომ სტატიების უმეტესობა მისაღებია და მოაქვს შენთან გადასარჩევად და თავადაც ფიქრობ, რომ მათი უმეტესობა კარგია, მაშინ როცა სინამდვილეში ზოგიერთ მათგანს აქვს პრობლემები და ისინი საჭიროებენ შემდგომ შერჩევას, კორექტირებასა და პრობლემების გამოსწორებას, მაგრამ შენ მათ ვერ ხედავ — როდესაც მათ ზემდგომს წარუდგენ და ზემდგომი აღმოაჩენს, რომ ზოგიერთი სტატია არ შეესაბამება სტანდარტს და გამორიცხავს მათ — განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათანადოდ არ გადაგირჩევია? ერთი მხრივ, საქმის შემოწმება სცდის წინამძღოლთა და მუშაკთა სულიერ მონაცემებს და მეორე მხრივ, სცდის მათი ჭეშმარიტების გაგების ხარისხს. ზოგს არ შეუძლია გადარჩევა, რადგან მათი სულიერი მონაცემები სუსტია და, შესაბამისად, ხელს უშლის ამის გაკეთებაში, მათ არ ესმით ჭეშმარიტება ამ სფეროში და ვერ ხედავენ პრობლემებს. მათი შემოწმებები მხოლოდ ზედაპირული ქმედებებია, რადგან არ იციან, რა შეამოწმონ. ზოგიერთებს აქვთ საკმარისი სულიერი მონაცემები, მაგრამ რადგან მათი ჭეშმარიტების გაგება ზედაპირულია, მათ შეუძლიათ პრობლემების შემჩნევა, მაგრამ არ იციან, როგორ მოაგვარონ ისინი. ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ გაუმჯობესების პერსპექტივა. თუმცა, თუ ადამიანებს პრობლემების აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ, მათთვის წინსვლის გზა არ არსებობს.

გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის საქმის განხორციელება მოიცავს შემოწმების მნიშვნელოვან ეტაპს, რაც დამოკიდებულია იმაზე, ფლობენ თუ არა წინამძღოლები და მუშაკები ჭეშმარიტება-რეალობას. იმ წინამძღოლებისა და მუშაკების შემოწმების გარდა, რომელთა სულიერი მონაცემები შედარებით სუსტია და რომლებიც შედარებით უძლურნი არიან, ასევე უნდა გამოიკვლიო და გაიგო იმ პირების მდგომარეობა, ვისაც საშუალო სულიერი მონაცემები აქვს. თუ გარემო არ არის შესაფერისი, შეგიძლია გაგზავნო ვინმე სიტუაციის გამოსაკვლევად და გასაგებად და შეადგინო დეტალური ჩანაწერები. თუ გარემო ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია პირადად წახვიდე და იურთიერთო ამ საქმის ზედამხედველთან; დასვა კითხვები, გამოიკვლიო და გაიგო ამ საქმის კონკრეტული სიტუაცია და ნახო, რამდენად კარგად ხორციელდება საქმე. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის შესახებ სამუშაო განაწესი გაიცემა, ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება ერთ ან ორ თვეში დასრულდეს. ეს არ არის დროებითი დავალება, არამედ გრძელვადიანი საქმეა. წინამძღოლები და მუშაკები არ უნდა შემოიფარგლონ სამუშაო განაწესის გაცემიდან მხოლოდ პირველი ერთი ან ორი თვით ხელმძღვანელობით, ზედამხედველობით, წახალისებითა და შემოწმებით და არ უნდა ჩათვალონ საქმე დასრულებულად. ნაცვლად ამისა, მათ მუდმივად, გრძელვადიანად უნდა განახორციელონ ამ საქმის მონიტორინგი. შედარებით სუსტი ეკლესიის წინამძღოლების შემთხვევაში ისინი უნდა მივიდნენ და მათ პირადად გაუწიონ ხელმძღვანელობა. იმ ეკლესიის წინამძღოლების შემთხვევაში, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ სამუშაო განაწესების განხორციელება, მათ ასევე უნდა დანერგონ რეგულარული შემოწმებების პრაქტიკა, რათა გაიგონ საქმის მიმდინარეობა და მოაგვარონ ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემა. ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ საქმის შესრულებასთან დაკავშირებით ერთი რამ ცხადია: მათ არასოდეს აქვთ უქმად ყოფნის დრო. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მუდამ ფიქრობს: „სამუშაო განაწესები გაიცა და უკვე მქონდა თანაზიარება იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ისინი. ჩემი საქმე დავასრულე, სხვა აღარაფერია გასაკეთებელი. ამიტომ, შევასრულებ ზოგიერთ შესაფერის საყოფაცხოვრებო საქმეს, მაგალითად, დავეხმარები საჭმლის მომზადებასა და მასპინძლობაში ან ვიყიდი ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, რომლებიც ძმებსა და დებს აკლიათ“. სამუშაო განაწესების გაცემის შემდეგ ისინი უქმად რჩებიან და გრძნობენ, რომ თავიანთი საქმე დაასრულეს და მეტი აღარაფერი აქვთ გასაკეთებელი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ იციან, როგორ შეასრულონ საქმე ან როგორ აიღონ პასუხისმგებლობა კონკრეტულ დავალებებზე. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესი გაიცემა, სანამ ზემდგომი არ მოითხოვს მათ შეჩერებას, საქმე უნდა გაგრძელდეს და შუა გზაზე არ უნდა შეწყდეს. მაგალითად, გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის საქმე — მოითხოვა თუ არა ზემდგომმა მისი შეჩერება? ყოფილა თუ არა რაიმე შეტყობინება, რომელიც ამ საქმის შეჩერებას ითხოვდა? (არა.) მაშ, როგორ უნდა განახორციელონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საქმე? ნუ იქნები მოტივირებული მხოლოდ ხანმოკლე ენთუზიაზმით. როდესაც სამუშაო განაწესი პირველად გაიცემა, ძალიან ენთუზიაზმით სავსე, პროაქტიული და მონდომებული ხარ ამ საქმის განსახორციელებლად. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ზემდგომი არ გაჩქარებს, არ გასცემს ახალ მითითებებს ან არ იძლევა დამატებით დირექტივებს ამ სამუშაო განაწესთან დაკავშირებით, შესაძლოა იფიქრო, რომ რადგან ზემდგომს ახალი არაფერი დაუვალებია, შეგიძლია ამ საქმის უგულებელყოფა. ეს მიუღებელია; ეს პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი ხორციელდება ეს საქმე და, მიუხედავად იმისა, ამ დროის განმავლობაში ზემდგომმა მოიკითხა, წაახალისა თუ ყურადღება გაამახვილა ამ საქმეზე, სანამ ეს საქმე შენ გევალება, უნდა იტვირთო იგი, მუდმივად აკეთო და ჯეროვნად განახორციელო. რას ნიშნავს „მუდმივად“? ეს ნიშნავს, რომ სანამ ზემდგომი არ მოითხოვს შეჩერებას, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ ამ საქმის უწყვეტი და მუდმივი ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, წახალისება, შემოწმება და მონიტორინგი. თუ არ გადადგები ან არ გაგათავისუფლებენ, სანამ თანამდებობას იკავებ, ეს საქმე არის ის, რაც, როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა, ჯეროვნად უნდა შეასრულო. ეს ასევე არის დავალება, რომელიც მუდმივად უნდა განახორციელო და რომლის მონიტორინგიც უნდა აწარმოო. როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრაქტიკაში? ყოველ ჯერზე, როდესაც ეკლესიას სტუმრობ, ადგილობრივ წინამძღოლებსა და ამ საქმის ზედამხედველს უნდა ჰკითხო: „როგორ მიიწევს წინ დამოწმების სტატიების საქმე ამ პერიოდში? არის რაიმე კარგი, შედარებით ამაღელვებელი დამოწმების სტატია? არის რაიმე სტატია განსაკუთრებული გამოცდილებით?“ თუ იტყვიან, რომ არის, უნდა გადახედო ამ სტატიებს. თუ ისინი ნამდვილად შეიცავს პრაქტიკულ გამოცდილებას და ჭეშმარიტად განამტკიცებს ადამიანებს, სწრაფად უნდა იქნას წარდგენილი. ყოველ ჯერზე, როდესაც ეკლესიას სტუმრობ, პირველ რიგში ეს საკითხი უნდა მოიკითხო. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც უნდა განახორციელო, ვალდებულება, რომელსაც თავს ვერ აარიდებ — ეს შენი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, ზემდგომი წაგახალისებს თუ მოიკითხავს ამ საკითხს, ეს დავალება შედის იმ საქმეებში, რომლებიც შენ უნდა შეასრულო. თუ ძმები და დები დაკავებულნი არიან თავიანთი მოვალეობების შესრულებით და არ აქვთ დრო დამოწმების სტატიების დასაწერად, უნდა წაახალისო ისინი და უთხრა მათ: „კარგი დამოწმების სტატიების წერა ძალიან სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის და ეს ასევე მნიშვნელოვანი მოვალეობაა“. თუმცა, ზოგიერთი წინამძღოლი ამბობს: „ძმები და დები გრძნობენ, რომ მათ უკვე დაწერეს მთელი თავიანთი გამოცდილება და მეტი დასაწერი აღარაფერი აქვთ“. არის თუ არა ეს განცხადება სწორი? სინამდვილეში, ბევრ დეტალურ გამოცდილებას ადამიანები ვერ ამჩნევენ და უგულებელყოფენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი სხვების მიერ დაწერილ გამოცდილებით დამოწმების სტატიებს კითხულობენ, ახსენდებათ, რომ თავადაც ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება. ამიტომ, გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერა ღრმა ფიქრსა და დაფიქრებას მოითხოვს. არსებობს მრავალი გამოცდილებითი გაგება, რომელთა შესახებაც წერა ღირს. არის თუ არა დასაწერად დროის არქონა საფუძვლიანი მიზეზი? ეს არის მოვალეობა, რომელიც ადამიანებმა უნდა შეასრულონ. რაც არ უნდა დაკავებულნი იყვნენ, მათ უნდა გამონახონ დრო წერისთვის. თუ მათ არ იციან, როგორ დაწერონ დამოწმების სტატიები, მათ უნდა უკარნახონ სხვას რედაქტირებისთვის, რითაც შეიქმნება კარგი სტატია. ამგვარად, შენი წახალისებისა და მითითებების მეშვეობით კიდევ ერთი კარგი გამოცდილებითი დამოწმების სტატია იწერება. იცი თუ არა, რამდენი ადამიანის განმტკიცება შეუძლია ამ სტატიას? რამდენ ადამიანს შეუძლია მისგან დახმარებისა და სარგებლის მიღება? თუ არ განახორციელებ ზედამხედველობას და არ მისცემ მითითებებს და ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებსაც არ ექნებათ ტვირთის შეგრძნება, რადგან იფიქრებენ, რომ ძმებმა და დებმა უკვე დაწერეს მთელი თავიანთი გამოცდილებითი დამოწმებები და მეტი დასაწერი სტატია აღარ არის, მაშინ ეს კარგი გამოცდილებითი დამოწმების სტატია არ შეიქმნება. ზოგჯერ, როდესაც ეკლესიას სტუმრობ, ზოგიერთი და-ძმა გესაუბრება და გეუბნება: „ცხოვრებაში ყოველგვარი გაჭირვება გამოვიარე. ღმერთის რწმენის შემდეგ ასევე ბევრჯერ განვიცადე დევნა. ყოველ ნაბიჯზე ღმერთი მიმიძღოდა. ვიხილე ღვთის საოცარი საქმეები და გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ღვთის მიერ არის დადგენილი და რომ ღმერთი ჭეშმარიტად ხელმწიფებს ყოველივეზე — ეს სრული სიმართლეა!“ მას შემდეგ, რაც თავიანთ გამოცდილებას გიზიარებენ, ეკითხები, დაწერეს თუ არა ეს სტატიად და ისინი პასუხობენ: „არა, განათლების დაბალი დონე მაქვს და წერა არ შემიძლია. გარდა ამისა, სხვები ამბობენ, რომ ეს გამოცდილება არ არის ღირებული.“ „როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერი გამოცდილება მოკლებული იყოს ღირებულებას?“ — ეუბნები მათ. „შენი გამოცდილების ყოველი ნაბიჯის შემდეგ ღრმად შეიგრძენი ღვთის ხელმწიფება, ღვთის წინამძღოლობა და ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრა. რა შეიძლება იყოს ამ გამოცდილებაზე უფრო ღირებული? ასეთი გამოცდილებები უნდა დაიწეროს და არ უნდა დაიკარგოს.“ შენ შემდეგ სწრაფად ნიშნავ უფრო განათლებულ და-ძმებს, რათა დაეხმარონ მათ მის რედაქტირებაში სამი დღის განმავლობაში იწერება კარგი და შესანიშნავი დამოწმების სტატია, რომელიც შემდეგ გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოდ იქცევა. ყველა, ვინც მას უყურებს, ამბობს: „მთავარი გმირის გამოცდილება საოცარია! მისი ყურება ძალიან განამტკიცებს ადამიანს! ის ჭეშმარიტად აჩვენებს, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე — ზუსტად ასეა! ეს ახლა კიდევ უფრო მეტად დადასტურდა და ღმერთისადმი ჩვენი რწმენა გაიზარდა.“ სხვები ამბობენ: „ეს გამოცდილებითი დამოწმების სტატია ძალიან პრაქტიკულად არის დაწერილი და ძალიან გულშიჩამწვდომია. კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ მას ფილმად გადაიღებდნენ!“ ბევრი და-ძმა მოუთმენლად ელის, რომ ის სწრაფად იქცეს ფილმად. ამრიგად, რადგან წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიის საქმეს პასუხისმგებლობითა და ერთგულებით მოეკიდნენ, ერთმა ჩვეულებრივმა საუბარმა განაპირობა კარგი სტატიისა და ფილმისთვის კარგი მასალის შექმნა. ეს არის საუკეთესო დამოწმება და საუკეთესო თემატიკა ღვთის ხელმწიფებისა და წინასწარგანსაზღვრის დასამოწმებლად. ასეთ ისტორიებს შეუძლია გაზარდოს ამდენი ადამიანის რწმენა და ბევრიც განამტკიცოს! რას ფიქრობთ წინამძღოლებსა და მუშაკებზე, რომლებიც ამგვარად ასრულებენ საქმეს? ისინი თავიანთ საქმეში არ მისდევენ არანაირ ფორმალობას. სადაც არ უნდა წავიდნენ, სვამენ კითხვებს, იკვლევენ და ურთიერთობენ ძმებთან და დებთან, ერწყმიან მათ ყოველგვარი მედიდურობის გარეშე. მათ გულებში არა მხოლოდ ტვირთის შეგრძნება აქვთ, არამედ პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობაც. ამის თანმიმდევრულად კეთებით, ისინი ბუნებრივად აღწევენ შედეგებს. განა ღმერთი არ დაიმახსოვრებს ამას? ეს კეთილი საქმეებია, არა? მითხარით, დამღლელია ამ მცირე საქმის შესრულება? მოითხოვს ეს ტანჯვას? მახვილისპირიან მთებზე ასვლას ან ცეცხლის ზღვაში გადაშვებას? არა. ეს არ არის რთული. ეს მხოლოდ საქმეში გულის ჩადებას მოითხოვს. როდესაც ეს საქმე გულში გიდევს, სადაც არ უნდა წახვიდე, სვამ კითხვებს და იკვლევ: „როგორ მიმდინარეობს საქმე? ყოფილა თუ არა რაიმე კარგი დამოწმების სტატია ამ პერიოდში? იმ ძმებისა და დებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, მაგრამ ჯერ არ დაუწერიათ სტატიები, იცით თუ არა, როგორ გაუძღვნეთ მათ თავიანთი გამოცდილების მოსაყოლად? იცით თუ არა, როგორ დაეხმაროთ მათ სათქმელის ჩამოყალიბებაში და წარმართოთ ისინი მათ დასაწერად?“ სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის უნდა გქონდეს თანაზიარება ამ საკითხზე, აკეთო ამ საქმესთან დაკავშირებული რამეები და ისაუბრო ამ საქმესთან დაკავშირებული სიტყვებით. განა ამგვარად მოქმედება წინამძღოლებისა და მუშაკების საქმეს უფრო ნაყოფიერს არ ხდის? შეიძლება თუ არა დადგეს სიტუაცია, როდესაც უქმად ხარ და არანაირი საქმე არ გაქვს გასაკეთებელი? (არა.) შეიძლება თუ არა ამგვარად მომუშავე წინამძღოლები და მუშაკები დაიღალონ ან გადაწვით დაიხოცონ? (არა.) ისინი არ დაიღლებიან და არც გადაღლილობისგან დაიხოცებიან, საქმეს ექნება შედეგები და მას ღმერთი დაიმახსოვრებს. თუ ამგვარად იმუშავებ, მრავალი განმტკიცდება და და-ძმები იგრძნობენ, რომ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერა ღირებული და მნიშვნელოვანია. ადრე ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ გამოცდილებას არავითარი ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ შენი ხელმძღვანელობის მეშვეობით მათ გაიგეს, როგორ დაეწერათ გამოცდილებითი დამოწმების სტატიები. ეს ასევე სარგებელს მოუტანს მათ სიცოცხლეში შესვლას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამგვარად მუშაობ, ასრულებ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს.

წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ სამუშაოს შემოწმების შესახებ თანაზიარების შემდეგ, ისწავლეთ სამუშაოს შემოწმება? საქმის შემოწმება არ ნიშნავს შეცდომების ძიებას ან წვრილმანებზე გამოკიდებას, არამედ იმის დანახვას, თუ როგორ შესრულდა საქმე, არის თუ არა ის განაწილებული, არის თუ არა ვინმე პასუხისმგებელი საქმეზე, როგორ მიმდინარეობს საქმე, როგორია პროგრესი, მიდის თუ არა ის შეუფერხებლად, სრულდება თუ არა საქმე პრინციპების მიხედვით, მოაქვს თუ არა მას შედეგები და ასე შემდეგ. ამავდროულად, თქვენ გჭირდებათ სამუშაოს ეფექტურობაზე დაკვირვება, მისი განხილვა და შეფასება, შემდეგ კი, აქედან გამომდინარე, სამუშაოს განხორციელების უკეთესი და უფრო შესაფერისი გზების პოვნა. სამუშაო განაწესისთვის, როგორიცაა გამოცდილებითი დამოწმების,სტატიების წერის ორგანიზება, სანამ ზემდგომს მისი შეწყვეტისკენ არ მოუწოდებია, ამ საქმეს მუდმივად სჭირდება მონიტორინგი და განხორციელება და ეს სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის. თუ ზოგიერთი თვლის, რომ უკვე საკმარისი გამოცდილებითი დამოწმება არსებობს და ღვთის რჩეული ხალხი მათ ყველას ვერ წაიკითხავს, შეიძლება თუ არა მაშინ ამ საქმის შეწყვეტა? მისი შეწყვეტა არ შეიძლება. რაც უფრო მეტი გამოცდილებითი დამოწმება იქნება, მით უკეთესი; რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უხვი იქნება ისინი — ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ეხმარება ღვთის რჩეულ ხალხს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაში. ზოგიერთი ახალმორწმუნე ამ გამოცდილებითი დამოწმებების წაკითხვის შემდეგ გაიგებს, თუ როგორ გამოსცადოს ღვთის საქმე. გარკვეული პერიოდის გამოცდილების მიღებისა და შედეგების მიღწევის შემდეგ ისინი ბუნებრივად შეძლებენ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერას. ზედაპირული გამოცდილების მქონე ზოგიერთი ადამიანი ასევე შეიძლება განმტკიცდეს იმ შედარებით უფრო ღრმა გამოცდილებითი დამოწმებების წაკითხვით და ამით მათ შეიძლება მიაღწიონ უფრო ღრმა გამოცდილებას და დაწერონ უკეთესი დამოწმების სტატიები. ეს დამოწმებები სარგებელს მოუტანს როგორც რელიგიაში მყოფ ადამიანებს, ასევე ღვთის რჩეულ ხალხს ღვთის სახლში. შესაბამისად, გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერის საქმე არასოდეს უნდა შეწყდეს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა მუდმივად უნდა განახორციელონ მონიტორინგი ამ საქმეზე და არ უნდა შეწყვიტონ ის რაიმე მიზეზით ან საბაბით. ეს საეკლესიო საქმის მნიშვნელოვანი პუნქტია. წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავად უნდა ითავონ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერა. ეს პრაქტიკა საუკეთესოდ ამხელს, ფლობენ თუ არა ისინი ჭეშმარიტება-რეალობას. თუ მათ არ შეუძლიათ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერა, ისინი არ შეესაბამებიან წინამძღოლების ან მუშაკების სტანდარტს და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება, ისინი უნდა განთავისუფლდნენ და განიდევნონ. ამ საქმის კარგად შესრულების შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მუდმივად უნდა მოინახულონ სხვადასხვა ეკლესია, რათა გამოიკვლიონ საქმის მიმდინარეობა. მათ შეუძლიათ დასვან კითხვები და გაეცნონ საქმეს: „თქვენს ეკლესიაში მყოფ რამდენიმე ძმასა და დას, რომლებიც შედარებით გულმოდგინედ ისწრაფვიან, ყველას აქვს გარკვეული გამოცდილება — შეუძლიათ თუ არა მათ, დაწერონ დამოწმების სტატიები?“ მათ ასევე უნდა ჰკითხონ მათ, ვინც ახლახან მიიღო ჭეშმარიტი გზა, თუ როგორ გამოიკვლიეს და მიიღეს იგი და შეუძლიათ თუ არა მათ დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები ამის შესახებ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა არა მხოლოდ მუდმივად უნდა გამოიკვლიონ, გაეცნონ, მონიტორინგი გაუწიონ და განახორციელონ ეს საქმე, არამედ მათ ასევე უნდა შეამოწმონ, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს საქმის განხორციელება: „ამ პერიოდის განმავლობაში, გაანაწილეთ თუ არა ხალხი ამ საქმის შესასრულებლად? რამდენი გამოცდილებითი დამოწმების სტატია დაიწერა? რამდენი შეესაბამება სტანდარტს? როგორია სტანდარტის შესაბამისი სტატიების პროპორცია?“ ზედამხედველი პასუხობს: „ბოლო თანაზიარების შემდეგ ჩვენს ეკლესიაში უკვე დაიწერა რამდენიმე გამოცდილებითი დამოწმების სტატია და წარდგენილ იქნა რამდენიმე სტატია, რომელიც შეესაბამება სტანდარტს. ჩვენ მუდმივად ვასრულებთ ამ საქმეს.“ ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჯეროვნად შეასრულე ეს დავალება. ამის გათვალისწინებით არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი ეკლესიის მიერ ნამდვილი გამოცდილებითი დამოწმების სტატიების შექმნასა და წინამძღოლებისა და მუშაკების როლს შორის? ერთი მხრივ, მუდმივად უნდა გქონდეს თანაზიარება საქმის ამ ასპექტზე; მეორე მხრივ, პირადი მაგალითით უნდა უხელმძღვანელო, მუდმივად გამოიკვლიო საქმე და ასევე, მონაწილეობა მიიღო და მონიტორინგი გაუწიო მას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონიტორინგისა და ამ ეკლესიის დატოვების შემდეგ, მოგვიანებით უნდა დაბრუნდე განხორციელების შესამოწმებლად. განა ეს არ არის ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ? ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა.

ღვთის სახლის მიერ გამოცემულ თითოეულ სამუშაო განაწესს წინამძღოლები და მუშაკები სერიოზულად უნდა მოეკიდონ და მათ იგი სერიოზულად უნდა განახორციელონ. შენ ხშირად უნდა გამოიყენო სამუშაო განაწესები თქვენ მიერ შესრულებული სრული სამუშაოს შესადარებლად და შესამოწმებლად. ასევე, უნდა გამოიკვლიო და დაფიქრდე იმაზე, თუ რომელი დავალებები ვერ შეასრულე კარგად ან არ განახორციელე ჯეროვნად ამ პერიოდის განმავლობაში. ნებისმიერი დავალებისთვის, რომელიც დაკისრებულია და მოთხოვნილია სამუშაო განაწესებით და რომელიც უგულებელყოფილი იქნა, სწრაფად უნდა შეავსო დანაკლისი და გამოიკვლიო იგი. თუ დაკავებული ხარ კონკრეტული დავალებით და ვერ ახერხებ მოცლას, შეგიძლია სხვებს მიანდო იმ საქმის შემოწმება და მონიტორინგი, რომელიც კარგად არ შესრულებულა. ნუ გასცემ მხოლოდ ბრძანებებს და ნუ იფიქრებ, რომ დავალება დასრულებულია საქმის განაწილებისა და ორგანიზების შემდეგ და მერე უბრალოდ უქმად ნუ დგახარ. როგორც წინამძღოლი, პასუხისმგებელი ხარ მთელ საქმეზე და არა მხოლოდ ერთ დავალებაზე. თუ შენ ხედავ, რომ კონკრეტული დავალება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეგიძლია ზედამხედველობა გაუწიო ამ დავალებას, მაგრამ ასევე უნდა გამონახო დრო სხვა დავალებების შესამოწმებლად, მითითებების მისაცემად და მონიტორინგისთვის. თუ მხოლოდ ერთი დავალების კარგად შესრულებით კმაყოფილდები და შემდეგ თვლი, რომ საქმე დასრულებულია და სხვა დავალებებს სხვა ადამიანებს აკისრებ მათზე ზრუნვისა და კითხვის გარეშე, ეს უპასუხისმგებლო ქცევა და პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა. თუკი წინამძღოლი ხარ, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დავალება გაბარია, შენი პასუხისმგებლობაა, მუდმივად დასვა კითხვები მათ შესახებ და გამოიკვლიო, ამავდროულად, შეამოწმო ისინი და ოპერატიულად გადაჭრა პრობლემები მათი წარმოშობისთანავე. ეს შენი საქმეა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რეგიონული წინამძღოლი ხარ, რაიონული წინამძღოლი, ეკლესიის წინამძღოლი, თუ ნებისმიერი გუნდის წინამძღოლი ან ზედამხედველი, მას შემდეგ, რაც გაეცნობი შენი პასუხისმგებლობების ფარგლებს, ხშირად უნდა გამოიკვლიო, აკეთებ თუ არა რეალურ საქმეს, შეასრულე თუ არა ის პასუხისმგებლობები, რომლებიც წინამძღოლმა ან მუშაკმა უნდა შეასრულოს და ასევე ის, თუ შენზე დაკისრებული რამდენიმე დავალებიდან რომელი არ შეგისრულებია, რომლის გაკეთება არ გსურს, რომელმა მოიტანა ცუდი შედეგი და რომლის პრინციპებს ვერ ჩასწვდი. ეს ყველაფერი ხშირად უნდა გამოიკვლიო. ამავდროულად, უნდა ისწავლო სხვებთან თანაზიარება და მათთვის კითხვების დასმა და უნდა ისწავლო, თუ როგორ ამოიცნო ღვთის სიტყვებსა და სამუშაო განაწესებში გეგმა, პრინციპები და პრაქტიკის გზა. ნებისმიერი სამუშაო განაწესის მიმართ, ეხება ის ადმინისტრაციას, პერსონალს, საეკლესიო ცხოვრებას თუ ნებისმიერი სახის პროფესიულ საქმეს, თუკი იგი წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული მაშინ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ და შედის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში — ეს არის ის დავალებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო. ბუნებრივია, პრიორიტეტები ვითარების საფუძველზე უნდა განისაზღვროს; არცერთი საქმე არ უნდა ჩამორჩეს. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „მე სამი თავი და ექვსი ხელი არ მაქვს. სამუშაო განაწესში იმდენი დავალებაა, ნამდვილად ვერ გავუმკლავდები, თუ ყველაფერზე მე ვიქნები პასუხისმგებელი.“ თუ არსებობს დავალებები, რომლებშიც პირადად ვერ ჩაერთვები, დაავალე კი ისინი სხვებს შესასრულებლად? ამ დავალების შემდეგ ჻» ადევნე კი თვალი და გამოიკვლიე? შეამოწმე კი მათი ნამუშევარი? გამოსაკვლევად და შესამოწმებლად ხომ ნამდვილად გქონდა დრო? ნამდვილად გქონდა! ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „მე თანადროულად მხოლოდ ერთი საქმის კეთება შემიძლია. თუ შემოწმებას მთხოვთ, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი დავალების შემოწმება შემიძლია, ამაზე მეტი შეუძლებელია.“ თუ ასეა, უმაქნისი ხარ, შენი სულიერი მონაცემები უკიდურესად ღარიბია, არ გაგაჩნია მუშაობის უნარი, არ ხარ შესაფერისი წინამძღოლობისათვის ან მუშაკობისათვის და უნდა გადადგე. უბრალოდ აკეთე ის საქმე, რომელიც შენთვის შესაფერისია — ნუ დააყოვნებ ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში ზრდას იმის გამო, რომ შენი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია საქმის შესასრულებლად. თუ ეს გონიერება არ გაგაჩნია, ეგოისტი და მდაბალი ხარ. თუ ჩვეულებრივი სულიერი მონაცემები გაქვს, მაგრამ შეგიძლია ღვთის განზრახვების გათვალისწინება, მზად ხარ წვრთნისთვის და დარწმუნებული არ ხარ, რომ საქმის კარგად შესრულებას შეძლებ, მაშინ უნდა მოძებნო კარგი სულიერი მონაცემების მქონე რამდენიმე ადამიანი, რათა საქმეში ითანამშრომლონ შენთან. ეს კარგი მიდგომაა და გონიერებად ითვლება. თუ შენი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია და ნამდვილად არ შეგიძლია ამ საქმის ტვირთის ტარება, მაგრამ მაინც გსურს ამ პოზიციის შენარჩუნება და მისი სიკეთეებით ტკბობა, მაშინ ეგოისტი და მდაბალი ადამიანი ხარ. წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა გააჩნდეთ სინდისი და გონიერება — ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ ეს ადამიანობაც კი არ გააჩნიათ, ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან წინამძღოლები ან მუშაკები და მცირე სამუშაოს შესრულების შემთხვევაშიც კი, ისინი იქნებიან ცრუ წინამძღოლები, რომლებიც მხოლოდ ზიანს მოუტანენ ღვთის რჩეულ ხალხს და საფრთხეში ჩააგდებენ ეკლესიის საქმეს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ ღვთის განზრახვა; ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ დიქტატორულნი და ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ, მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ ვერცერთი სამუშაო ვერ შეასრულონ კარგად და დააყოვნონ ეკლესიის მთელი საქმე, ისევე როგორც ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა. განა ეს არ იქნება დიდი გადაცდომა? ამიტომ, მეტისმეტად ღარიბი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები ნამდვილად ვერ იქნებიან წინამძღოლები და მუშაკები. ისინი, ვისაც არ გააჩნია ღვთისმოშიში გული და ვისაც არ შეუძლია ღვთის განზრახვების გათვალისწინება, მით უმეტეს ვერ იქნებიან წინამძღოლები და მუშაკები; მათ არ შეიძლება დაეკისროთ არც ერთი დავალება. წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია თვითშემეცნება. თუ არ შეგიძლია რეალური საქმის შესრულება, მაგრამ მაინც გსურს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და გიყვარს სტატუსის სიკეთეებით ტკბობა, ეს არის ცრუ წინამძღოლის ზუსტი განმარტება და შენ უნდა იქნა გათავისუფლებული და განდევნილი.

ღვთის სახლის სამუშაო განაწესებთან დაკავშირებით წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ შესასრულებელ პასუხისმგებლობებზე თანაზიარების შემდეგ, გაქვთ თუ არა ახლა გზა იმისა, თუ როგორ უნდა მოეკიდონ წინამძღოლები და მუშაკები სამუშაო განაწესებს და როგორ უნდა განახორციელონ ისინი? (დიახ.) არის თუ არა რაიმე სირთულე? წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების ფარგლებში ასახულ სხვადასხვა დავალებას შორის, რომლებზეც თანაზიარება გვქონდა, ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა ყურადღება მხოლოდ ერთ ან ორ ასპექტზე გაამახვილოს, მაშინ როცა სხვებმა შესაძლოა ერთი ან ორი ასპექტის შესრულებაც კი ვერ შეძლონ. იმ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ საქმის ერთ ან ორ ასპექტზე, თუ მათ აქვთ საკმარისი სულიერი მონაცემები და ასევე, შეუძლიათ ისწავლონ საქმის სხვა ასპექტების მონიტორინგი, მაშინ ისინი ძირითადად შეესაბამებიან სტანდარტს. თუმცა, თუ ისინი მხოლოდ მოძღვრებების ქადაგებისა და შეკრებების ჩატარების დონეზე რჩებიან, მაგრამ არ შეუძლიათ კონკრეტული საქმის კეთება და როდესაც სთხოვენ მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული დავალებების შემოწმებასა და მონიტორინგში, ისინი იწყებენ ნერვიულობას, არ აქვთ გეგმები, ნაბიჯები ან გზები, რომლებსაც უნდა მიჰყვნენ და არ იციან რა გააკეთონ, ეს მიუთითებს ღარიბ სულიერ მონაცემებზე. შეუძლიათ თუ არა ღარიბი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს სამუშაო განაწესების განხორციელება? (არა.) ასეთი წინამძღოლები და მუშაკები არ შეესაბამებიან სტანდარტს. როგორ უნდა მოექცეთ ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს? უთხარით მათ: „სამუშაო განაწესები გაცემულია და ჩვენ ნათლად გვესმის, რა დავალებები უნდა შევასრულოთ და რა პრინციპები უნდა დავიცვათ, მაგრამ შენ არ იცი რა გააკეთო და არ გაქვს გზა, რომელსაც გაჰყვები. და მაინც, თავხედობა გყოფნის, რომ თანაზიარება გქონდეს და გვიქადაგო. დაუყოვნებლივ უნდა გადადგე! არ ხარ შესაფერისი წინამძღოლობისათვის ან მუშაკობისათვის, არ შეგიძლია ამ პასუხისმგებლობის შესრულება. სწრაფად გადააბარე ის ვინმე კომპეტენტურს! შეწყვიტე აქ ლოზუნგების ძახილი, არავის სურს მოსმენა!“ არის თუ არა ეს ამის მოგვარების შესაფერისი გზა? (დიახ.) თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, რა აზრი აქვს ბრმად ლოზუნგების ყვირილს! ყველას შეუძლია სამუშაო განაწესებში სიტყვების წაკითხვა. ყველას შეუძლია მოძღვრებებზე საუბარი — მთავარია, თუ როგორ აკეთებ ამას რეალურად. თუ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მაშინ არ ხარ შესაფერისი წინამძღოლობისა ან მუშაკობისათვის. არცერთი დავალება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ორჯერ ორი ოთხია თითოეული დავალება წინამძღოლებისა და მუშაკებისგან მოითხოვს, რომ კონკრეტული სიტუაციის საფუძველზე, პრინციპების ფარგლებში შეიმუშაონ განხორციელების კონკრეტული გეგმები. ამავდროულად, მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ გაუწიონ ზედამხედველობა, შეამოწმონ და მონიტორინგი გაუწიონ, სანამ საქმე ჯეროვნად არ განხორციელდება, სრულად არ დააკმაყოფილებს სამუშაო განაწესების მოთხოვნებს, არ გამოიღებს ნაყოფს და არ მოიტანს შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ შესრულებული წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები; მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები.

ცრუ წინამძღოლების დამოკიდებულება და გამოვლინებები სამუშაო განაწესებთან დაკავშირებით

ჩვენ ახლახან გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ რაში მდგომარეობს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები სამუშაო განაწესებთან მიმართებით. შემდეგ გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ რა გამოვლინებები აქვთ ცრუ წინამძღოლებს. იმ ცრუ წინამძღოლებს შორის, რომლებსაც შეხვედრიხართ, როგორია მათი დამოკიდებულება სამუშაო განაწესების მიმართ? რა ქმედებებსა და გამოვლინებებს ავლენენ ისინი? ცრუ წინამძღოლებს, როგორც წესი, სამუშაო განაწესების სიტყვებიდან ესმით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა არის ზემდგომის კონკრეტული მოთხოვნები და რა არის კონკრეტული სამუშაო პროექტები, მაგრამ მათ ეს მხოლოდ მოძღვრების დონეზე ესმით. მათ კვლავ არ ესმით ან საფუძვლიანად არ აღიქვამენ სამუშაო განაწესების განხორციელების კონკრეტულ პრინციპებს, სტანდარტებს და პრაქტიკის გზებს. სამუშაო განაწესების მიღების შემდეგ ისინი ასევე მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ, აქვთ თანაზიარება იმაზე, თუ როგორ უნდა შეასრულონ საქმე და როგორ უნდა გამოსცენ და განახორციელონ სამუშაო განაწესები. თუმცა, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ თანაზიარება, ეს სამუშაო განაწესების მხოლოდ სიტყვასიტყვითი, მოძღვრებისეული გაგებაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განახორციელონ კონკრეტულად სამუშაო განაწესები და რა შედეგების მიღწევა შეიძლება, ასევე რამდენად ეფექტური იქნება განხორციელება, თუ ისინი შეარჩევენ გარკვეულ ადამიანებს სამუშაოს შესასრულებლად ან აირჩევენ გარკვეულ გეგმას მის განსახორციელებლად, ან შესაძლებელია თუ არა სამუშაო განაწესებით მოთხოვნილი მიზნებისა და შედეგების დაკმაყოფილება, მათ ეს ასპექტები არ იციან და არ ესმით. როდესაც ცრუ წინამძღოლები სამუშაო განაწესებს ახორციელებენ, ისინი, როგორც წესი, უბრალოდ ატარებენ შეკრებას რამდენიმე სიტყვისა და მოძღვრების საქადაგებლად, ანაწილებენ საქმეს, ახსენებენ ღვთის რამდენიმე მოთხოვნას და შემდეგ ყველას ათქმევინებენ თავიანთ მტკიცე გადაწყვეტილებას. ისინი თვლიან, რომ ამით თავიანთ საქმეს ასრულებენ. მათ სჯერათ, რომ თუკი საქმე გაანაწილეს, პასუხისმგებელი პირი დანიშნეს და ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი შედეგები ახსენეს, მათ თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულეს. ამის შემდეგ ისინი სრულიად მშვიდად არიან, თითქოს საქმე უკვე შესრულებულია. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, როდის უნდა შეამოწმონ საქმე, რა პრობლემები და სირთულეები შეიძლება წარმოიშვას საქმის შესრულებისას და რომელი პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ და არ შეუძლიათ ქვემდგომებს. მათ ასევე არ იციან, რომელ მნიშვნელოვან დავალებებს უნდა გაუწიონ მონიტორინგი და გაეწიოს ხელმძღვანელობა. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა ზედამხედველობა, წახალისება და შემოწმება, ცრუ წინამძღოლებს აზრადაც არ მოსდით. ოდნავ უკეთეს ცრუ წინამძღოლებს, რომლებსაც შედარებით აქვთ სინდისი და არ სურთ მუქთად ჭამა, სჯერათ, რომ გარკვეული საქმე უნდა შეასრულონ. ისინი მოინახულებენ ეკლესიას და ჰკითხავენ ძმებსა და დებს, აქვთ თუ არა რაიმე პრობლემა. ვიღაც ეუბნება მათ: „ჩვენ, ძმებსა და დებს, ხშირად მოგვდის უთანხმოება, როდესაც ერთად ვართ. როდესაც ჩვენი მოსაზრებები განსხვავდება, დაუსრულებლად ვკამათობთ და სიფიცხეს ვავლენთ.“ ცრუ წინამძღოლები ამბობენ: „ამის მოგვარება მარტივია“, და შემდეგ ატარებენ შეკრებას, სადაც აქვთ თანაზიარება: „ადამიანებმა უნდა ისწავლონ შემწყნარებლობა და მოთმინება, ადამიანებმა უნდა ისწავლონ თავმდაბლობა, არ უნდა იყვნენ ამპარტავნები და უნდა ისწავლონ მორჩილება. ეს არის ღვთის განზრახვა. ვინც გახრწნილ ხასიათს ავლენს, უნდა დაფიქრდეს საკუთარ თავზე და დაექვემდებაროს გასხვლას და არ უნდა იცხოვროს თავისი გახრწნილი ხასიათით.“ მას შემდეგ, რაც ისინი მთელ ამ მოძღვრებაზე ექნებათ თანაზიარება, ამბობენ: „დარჩენილი საკითხები შეგიძლიათ თქვენ თავად მოაგვაროთ. მე არ ვარ ძალიან დახელოვნებული ტექნიკურ საკითხებში. ასეა თუ ისე, მე ჩავატარე ეს შეკრება თქვენთვის, უბრალოდ შეასრულეთ საქმე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოთ ერთგულნი თქვენი მოვალეობების შესრულებისას და არ ჩაეჭიდოთ საკუთარ იდეებს.“ მოსმენის შემდეგ ხალხი ფიქრობს და ამბობს: „ჩვენი პრობლემა მხოლოდ გახრწნილების გამოაშკარავება, სიფიცხე და ეგოისტური სურვილები არ არის, არამედ ისიც, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი და გარკვეულნი ზოგიერთ ტექნიკურ საკითხში და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ პრინციპების შესაბამისად. ეს პრობლემა არ მოგვარებულა!“ ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „მეტი იკითხეთ ღვთის სიტყვები. როგორც კი ის გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ავლენთ, აღმოიფხვრება, ეს საკითხებიც მოგვარდება.“ საქმე, რომელშიც ცრუ წინამძღოლები ყველაზე მეტად არიან დახელოვნებულნი, არის მოძღვრებების ფრქვევა და ლოზუნგების ყვირილი. ისინი ვერ ითვალისწინებენ იმ ხშირ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქმეში. როდესაც ვინმე წამოჭრის საკითხს, მათ მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ, რაც გულისხმობს გარკვეული სიტყვებითა და მოძღვრებებით ახსნას, შემდეგ გარკვეულ შეგონებას ან რჩევას და მიიჩნევენ, რომ საქმე დასრულებულია. მათ არ შეუძლიათ რაიმე კონკრეტული გეგმის მოფიქრება და არ შეუძლიათ სწორი ხელმძღვანელობისა და დახმარების გაწევა. განა ცრუ წინამძღოლების საქმე მარტივი და ადვილი არ არის? სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი მხოლოდ ქადაგებენ და ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ მოძღვრებებზე საუბარსა და ლოზუნგების ყვირილზე. ეს სიტუაცია საკმაოდ გავრცელებულია წინამძღოლებსა და მუშაკებს შორის, არა? მათ არ შეუძლიათ კონკრეტული საქმის განხორციელება და არ იციან, როგორ შეასრულონ და განახორციელონ გამოცემული სამუშაო განაწესები ან როგორ გაუწიონ მათ მონიტორინგი. მათ არ იციან, რაში მდგომარეობს მათი სამუშაო პასუხისმგებლობები ან რა დავალებები უნდა შეასრულონ. როდესაც სთხოვენ კონკრეტული საქმის შესრულებას, ისინი მხოლოდ ლოზუნგებს გაიძახიან. როდესაც ვინმე წამოჭრის საკითხს, ისინი ამას იყენებენ როგორც შესაძლებლობას, რომ დაიწყონ ქადაგება. თუ წამოიჭრება მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც არ შეუძლიათ, ისინი მიმართავენ ადამიანების გასხვლასა და დატუქსვას. მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი და საერთოდ არ შეუძლიათ საქმეში წარმოშობილი პრობლემებისა და გადახრების მოგვარება. ეს არის ცრუ წინამძღოლების მთავარი მახასიათებელი. არსებობენ ასევე ცრუ წინამძღოლები, რომლებსაც ევალებათ სამუშაო განაწესის განხორციელება და იმის შემოწმება, თუ რა სირთულეები წარმოიშობა საქმის შესრულებისას — თუ შეუძლიათ მათ სირთულეების გადაჭრა, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ; თუ არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ შეაგროვონ კითხვები და ეძიონ მაღლა და ზემდგომი მოაგვარებს მათ. მაგრამ სინამდვილეში ხდება ის, რომ როდესაც ისინი ადგილზე მიდიან ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად მთელი დღის განმავლობაში ყველას შეკრებებზე იწვევენ და გარდა იმის აღმოჩენისა, თუ ვის ვისთან აქვს კონფლიქტი, ვინ ვისთან კამათობს მუდმივად, ვისი ადამიანობა არ არის ძალიან კარგი, ვის აქვს დამახინჯებული წვდომა, ვინ არის ამპარტავანი და მუდამ საკუთარ იდეებს ეჭიდება, ვინ არის ღორმუცელა და ზარმაცი, ვინ ჰგავს ურწმუნოებს და ვინ არიან ბოროტმოქმედები, მათ არ შეუძლიათ საქმის განხორციელებისას წარმოშობილი რაიმე პრობლემის ან სირთულის იდენტიფიცირება და ვერც ხედავენ ამ საკითხებს. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ თუ არა ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს თავიანთი საქმის შესრულება? (არა.) რა არის პრობლემა? (მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია, არ აქვთ გარჩევის უნარი და არ შეუძლიათ პრობლემების იდენტიფიცირება.) რამდენი ასეთი წინამძღოლია თქვენ ირგვლივ? შეუძლიათ თუ არა თქვენს წინამძღოლებს პრობლემების იდენტიფიცირება? თუ სამუშაო განაწესი გამოიცემა, ხოლო წინამძღოლები და მუშაკები მხოლოდ ლოზუნგებს გაიძახიან და ქადაგებენ სამუშაო განაწესის განსახორციელებელი ყოველგვარი კონკრეტული გეგმებისა თუ ნაბიჯების გარეშე კონკრეტული, რადგან არ იციან როგორ შეასრულონ საქმე, მაშინ საქმე ვერ განხორციელდება. ის ფაქტობრივად უქმდება და ცხადდება ძალადაკარგულად. გასაღები იმისა, თუ რამდენად კარგად ხორციელდება სამუშაო განაწესი ეკლესიაში და როგორია მისი ეფექტურობა, იმაში მდგომარეობს, შეუძლიათ თუ არა წინამძღოლებსა და მუშაკებს რეალური საქმის კეთება. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ კარგი სულიერი მონაცემები, მუშაობის უნარი და ერთგულება, მაშინ სამუშაო განაწესი კარგად განხორციელდება. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ ღარიბი სულიერი მონაცემები, არიან დაბნეულნი და არ აქვთ მუშაობის უნარი, მაშინ მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა ეკლესიას ამ საქმის სფეროში ნიჭიერი ხალხი, ან რამდენად მზად არიან ძმები და დები თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად, სამუშაო განაწესი ვერ განხორციელდება, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე შედეგის მიღწევაზე.

ცრუ წინამძღოლების საქმე შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რისი დანახვაც ადამიანებს ზედაპირულად შეუძლიათ. მაშინაც კი, როდესაც ისინი ახორციელებენ სამუშაო განაწესებს, ეს მხოლოდ ფორმალობაა, რასაც შემდგომში არავითარი მონიტორინგი ან შემოწმება არ მოსდევს. მათი საქმე მხოლოდ ფორმალობის დონეზე რჩება, მას არ გააჩნია არავითარი რეალური ძალა და ვერ აღწევს ვერავითარ შედეგს. მაგალითად, გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერის საქმესთან დაკავშირებით, ამ სამუშაო განაწესის მიღების შემდეგ ცრუ წინამძღოლი იწვევს ხალხს შეკრებებზე თანაზიარებისთვის და პასუხობს მათ სხვადასხვა კითხვას სამუშაო განაწესის იმ ნაწილებზე, რომლებიც არ ესმით. მას შემდეგ, რაც ის ასრულებს მოძღვრებების ქადაგებას და ხალხს თითქოს ესმის, ცრუ წინამძღოლი ფიქრობს: „საქმე განაწილებულია, ახლა მე რა უნდა გავაკეთო? რადგან ღვთის სახლი მოითხოვს გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერას, მეც უნდა დავწერო. თუ არ დავწერ, განა ადამიანებს ჩემზე, როგორც წინამძღოლზე, დაბალი წარმოდგენა არ ექნებათ?“ ის სახლში ფიქრობს იმაზე, თუ რა დაწეროს და ერთი დღის შემდეგაც კი არაფერი აქვს დაწერილი. ის ფიქრობს: „სტატიის დაწერა საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ, ვგრძნობ, რომ მაქვს გამოცდილება, მაგრამ რატომ ქრება ის, როდესაც წერას ვიწყებ? სად წავიდა ეს გამოცდილება? არა, მე ნამდვილად მაქვს გამოცდილება, უბრალოდ წერის მეთოდი მაბრკოლებს. მეტისმეტად ხშირად გავდივარ გარეთ და ვურთიერთობ ხალხთან, რაც ყურადღებას მიფანტავს და კონცენტრირებაში მიშლის. მე არ შემიძლია ყოველთვის თანაზიარება და ადამიანებთან სამუშაოს განხილვა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი გონება მუდმივად გაფანტული იქნება და სტატიის დაწერას ვერ შევძლებ. მჭირდება ცოტა დრო სიმშვიდეში, რათა კარგად დავფიქრდე, თუ როგორ დავწერო ის ჯეროვნად, სანამ წერას დავიწყებ.“ მან სტატიების დაწერა თავის მთავარ ამოცანად აქცია და ის იმ საქმეს, რომელსაც წინამძღოლი ან მუშაკი უნდა აკეთებდეს, მეორეხარისხოვან დავალებად მიიჩნევენ. ის მთელ დღეებს სახლში სტატიების წერაში ატარებს, ყურადღებას არ აქცევს საქმის განხორციელებას და არ ეცნობა და არ არკვევს, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ეკლესიაში სტატიების დაწერა, ან არიან თუ არა შესაფერისი ადამიანები საქმის წარსამართად და გადასარჩევად — მას წარმოდგენაც არ აქვს ამ საკითხებზე. გადის ერთი თვე და მას არა მხოლოდ თავად არ წერს სტატიას, არამედ ისიც არ იცის, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საქმე ეკლესიაში. რაში მდგომარეობს აქ პრობლემა? სამუშაო განაწესის გამოცემის შემდეგ ეკლესიის ზოგიერთ წინამძღოლს, რომელსაც ღარიბი სულიერი მონაცემები აქვს, არ ესმის, როგორ აკეთოს რეალური საქმე. ამ ადამიანის მსგავსად ისინი მხოლოდ გარკვეულ სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებენ და ლოზუნგებს გაიძახიან, და სულ ეს არის. სურთ თუ არა ძმებსა და დებს წერა, მათთვის სულერთია; წინამძღოლები არ ახალისებენ ან არ წარმართავენ მათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გამოსწორებაზე. ცრუ წინამძღოლი კი ყურადღებას არ აქცევს ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს. ზოგიერთი და-ძმა ერთი სახის სტატიას წერს, ზოგი კი — სხვა სახისას, მაგრამ არავინაა ისეთი, ვინც გადაარჩევს, არის თუ არა მათი დაწერილი სტატიები პრაქტიკული და პრინციპების შესაბამისი. ძმებსა და დებს არ ესმით პრინციპები და არ იციან, ვის ჰკითხონ; ისინი უბრალოდ წერენ, რადგან ასე დაავალეს, ისინი ემორჩილებიან ღვთის სახლის განაწესებს. არიან ისეთებიც, ვისაც აქვს გამოცდილება, მაგრამ აკლია განათლება; ამ ადამიანებს არავინ ჰყავთ, ვინც დაეხმარება მათ სტატიების რედაქტირებაში და არავინ აგვარებს ამ პრობლემას. წარმოიშობა ყოველგვარი პრობლემა და სად არიან წინამძღოლები და მუშაკები? რას აკეთებენ ისინი? ისინი „განმარტოებულნი“ წერენ სტატიებს! ცრუ წინამძღოლებს არ ესმით, რით უნდა იყვნენ დაკავებულნი ან რა დავალებები უნდა შეასრულონ. სამუშაო განაწესები ეკლესიაში სხვადასხვაგვარად ხორციელდება, გამოიყენება განსხვავებული მიდგომები, ისინი კი არცერთი მათგანის შესახებ არ კითხულობენ. როდესაც ძმები და დები თავიანთი მოვალეობების შესრულებისას სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან და ამ პრობლემებს მათ ატყობინებენ, ისინი არ აგვარებენ მათ. შედეგად, მრავალი პრობლემა და სირთულე გროვდება და ასევე გროვდება ყოველგვარი გამოცდილებითი დამოწმების სტატიები ისე, რომ არავინ არედაქტირებს, განიხილავს ან გადაარჩევს მათ. და მაინც, ცრუ წინამძღოლები არ ახდენენ მონიტორინგს ან არ ამოწმებენ ამ საკითხებს და და-ძმები ვერ პოულობენ მათ, როდესაც მათ პრობლემები აქვთ. ცრუ წინამძღოლები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს საქმე მათი პასუხისმგებლობაა და რომ მათ მონიტორინგი უნდა გაუწიონ ამ საქმეს. განა ისინი ნაგავი არ არიან? (დიახ.)

ის, თუ როგორ ახორციელებს წინამძღოლი ან მუშაკი საქმეს, ისევე როგორც მათი საქმის ეფექტურობა და შედეგები, ამოწმებს, შეესაბამებიან თუ არა ისინი სტანდარტს. ეს ასევე ამოწმებს მათ ადამიანობას, მათ სულიერ მონაცემებსა და მუშაობის უნარს და იმას, აქვთ თუ არა მათ ტვირთის განცდა. როდესაც ცრუ წინამძღოლები იღებენ სამუშაო განაწესს, მასზე თანაზიარების შემდეგ თვლიან, რომ საქმე დასრულებულია. ისინი არ მონაწილეობენ, არ უწევენ ზედამხედველობას, არ ახალისებენ ან არ ამოწმებენ მის განხორციელებას და არც მის მონიტორინგს ახდენენ. მათ არ ესმით, რომ ეს დავალებები არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ; მათ არ ესმით, რომ ეს დავალებები მათი, როგორც წინამძღოლებისა და მუშაკების, პასუხისმგებლობებია. მათ სჯერათ, რომ წინამძღოლობა ან მუშაკობა მხოლოდ ქადაგების უნარს მოითხოვს. განა ისინი რეგვენნი არ არიან? შეუძლიათ თუ არა რეგვენებს იყვნენ სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები? (არა.) ისინი ვერ იქნებიან სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები, თუმცა ჰგონიათ, რომ საკმაოდ კარგები არიან და სჯერათ, რომ შეუძლიათ საქმის კეთება. განა ისინი ჭკუანაკლულები არ არიან? მათ არ შეუძლიათ ისეთი მარტივი დავალების განხორციელებაც კი, როგორიცაა გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერის საქმე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი დავალებაა — უბრალოდ უნდა მოახდინონ იმ ადამიანების მობილიზება, ვისაც კარგი სულიერი მონაცემები და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, რათა მათ დაწერონ დამოწმების სტატიები და შემდეგ მათ მონიტორინგი გაუწიონ და მიმართულება მისცენ. ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს საშუალო სულიერი მონაცემები და განათლების დაბალი დონე აქვს და ისინი არ არიან დახელოვნებულნი ტექსტზე დაფუძნებულ სამუშაოში, მაგრამ მათ შეუძლიათ დანიშნონ შესაფერისი ადამიანები პასუხისმგებელ პირებად. ამგვარად, მათ მაინც შეუძლიათ გარკვეული რეალური საქმის კეთება. თუ მათ ისიც კი არ იციან, როგორი ადამიანები დანიშნონ პასუხისმგებელ პირებად, რომლებიც შეასრულებენ გადარჩევას, მათ არ შეუძლიათ საქმის კეთება და არიან ცრუ წინამძღოლები. ზოგიერთი ამბობს: „ცრუ წინამძღოლმა შესაძლოა ვერ შეძლოს ტექსტზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულება ღარიბი სულიერი მონაცემებისა და დაბალი განათლების გამო, მაგრამ მას უნდა შეეძლოს სხვა საქმის კეთება.“ არის თუ არა ეს განცხადება მართებული? (არა.) რატომ არ არის მართებული? (გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერის საქმე მარტივია. თუ მათ არ შეუძლიათ მისი ნათლად ახსნა ან საქმის განხორციელება, მაშინ ისინი ნამდვილად ვერ გაართმევენ თავს სხვა დავალებებს. მათ არ იციან, როგორ შეასრულონ ან მონიტორინგი გაუწიონ საქმეს). ეს აჩვენებს, რომ მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია. ისინი რეგვენნი არიან. მათ ჰგონიათ, რომ წინამძღოლობა ან მუშაკობა დიდი წითელი დრაკონის თანამდებობის პირად ყოფნას ჰგავს: საკმარისია ისწავლონ პირფერობა, ტრაბახი, ლოზუნგების ყვირილი და თაღლითობა, მოატყუონ თავიანთი ზემდგომები და დაუმალონ სიმართლე ქვემდგომებს, რომ შეძლებენ თავის დამკვიდრებას და სახელმწიფო ხელფასის მიღებას. მათ არ ესმით, რომ წინამძღოლობის ან მუშაკობის ყველაზე გადამწყვეტი ასპექტი რეალური საქმის შესრულების შესწავლაა. მათ წინამძღოლებისა და მუშაკების საქმე ძალიან მარტივი ჰგონიათ. შედეგად, ისინი არ აკეთებენ რეალურ საქმეს და ხდებიან ცრუ წინამძღოლები.

კიდევ რა კონკრეტული გამოვლინებები აქვთ ცრუ წინამძღოლებს? შეუძლიათ თუ არა ცრუ წინამძღოლებს ამოიცნონ და ჩაწვდნენ იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლებიც სამუშაო განაწესებითაა მოთხოვნილი? (არა.) რატომ არ შეუძლიათ? მათ არ შეუძლიათ ჩაწვდნენ, თუ რა არის ამ საქმის პრინციპები და არც მისი გადამოწმება შეუძლიათ. როდესაც საქმის კონკრეტული განხორციელებისას განსაკუთრებული სიტუაციები იქმნება, მათ არ იციან, როგორ გადაჭრან ეს პრობლემები. როდესაც ძმები და დები ეკითხებიან, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციებში, ისინი იბნევიან: „ეს სამუშაო განაწესში არ არის ნახსენები და მე საიდან უნდა ვიცოდე, როგორ მოვაგვარო?“ თუ შენ ეს არ იცი, როგორღა შეგიძლია ამ საქმის განხორციელება? შენ თავადაც არ იცი და სხვებს კი მის განხორციელებას სთხოვ — განა ეს რეალისტურია? განა ეს გონივრულია? როდესაც ცრუ წინამძღოლები და ცრუ მუშაკები სამუშაო განაწესებს ახორციელებენ, ერთი მხრივ, მათ წარმოდგენაც არ აქვთ სამუშაო განაწესების განხორციელების ნაბიჯებსა და გეგმებზე. მეორე მხრივ, როდესაც პრობლემებს აწყდებიან, მათ არ შეუძლიათ შემოწმების ჩატარება სამუშაო განაწესებით მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად. ამიტომ, როდესაც სამუშაო განაწესების განხორციელებისას უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა იჩენს თავს, მათ საერთოდ არ შეუძლიათ მათი გადაჭრა. რადგან საწყის ეტაპებზე ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ პრობლემების იდენტიფიცირება ან წინასწარ განსაზღვრა და არ შეუძლიათ წინასწარ თანაზიარება, ხოლო გვიან ეტაპებზე, როდესაც პრობლემები ჩნდება, მათ არ შეუძლიათ მათი გადაჭრა და მხოლოდ ფუჭად ქადაგებენ მოძღვრებებსა და უსულგულოდ იყენებენ წესებს, პრობლემები კვლავ მეორდება და ნარჩუნდება; ზოგიერთი საქმის განხორციელება ფერხდება, ზოგი კი არ ხორციელდება საკმარის დონეზე. მაგალითად, რაც შეეხება ღვთის სახლის სამუშაო განაწესებს ადამიანების მოცილებისა და განდევნის შესახებ, როდესაც ცრუ წინამძღოლები ამ საქმეს ასრულებენ, ისინი იცილებენ მხოლოდ აშკარა ბოროტმოქმედებს, ანტიქრისტეებსა და არაწმიდა სულებს, რომლებიც ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ, ასევე იმ ურწმუნოებს, რომლებიც ყველა ძმისა და დისთვის საზიზღარნი და მიუღებელნი არიან. თუმცა, კვლავ რჩებიან ისეთები, რომლებიც უნდა მოიცილონ, კერძოდ კი ის ფარული, ვერაგული და მზაკვარი ბოროტმოქმედები და ანტიქრისტეები. და-ძმები მათ ვერ ხედავენ და ვერც ცრუ წინამძღოლები ამჩნევენ მათ. სინამდვილეში, ღვთის სახლის სამუშაო განაწესების თანახმად ამ ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმ დონეს, რომ უნდა იქნან მოცილებული. თუმცა, რადგან ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ მათი ამოცნობა, ისინი კვლავ კარგ ადამიანებად მიიჩნევენ მათ და მეტიც, აწინაურებენ, კულტივირებას ახდენენ და იყენებენ მნიშვნელოვანი საქმისთვის, აძლევენ მათ ძალაუფლების ხელში აღებისა და ეკლესიაში მნიშვნელოვანი სამუშაო პოზიციების დაკავების საშუალებას. შესაძლებელია კი მაშინ ღვთის სახლის სამუშაო განაწესების განხორციელება ადამიანების მოცილებისა და განდევნის შესახებ? შესაძლებელია კი სხვადასხვა პრობლემის საფუძვლიანად გადაჭრა? შესაძლებელია კი, რომ სახარების გავრცელების საქმე ნორმალურად წარიმართოს? ცხადია, ღვთის სახლის სამუშაო განაწესები საფუძვლიანად ვერ განხორციელდება და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ვერ შესრულდება კარგად. რადგან ცრუ წინამძღოლების მიერ გამოყენებულ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ჭეშმარიტება-რეალობა და შეუძლიათ ბოროტი საქმეებიც კი ჩაიდინონ, ეს ხელს უშლის ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტის კარგად შესრულებას. ცრუ წინამძღოლები იყენებენ ამ ბოროტმოქმედებს, აძლევენ მათ ეკლესიაში მნიშვნელოვანი მოვალეობებისა და მნიშვნელოვანი საქმის შესრულების უფლებას და იმის ნებასაც კი რთავენ ამ ბოროტმოქმედებს, რომ შესაწირავები მართონ. გამოიწვევს თუ არა ეს ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არევ-დარევას? მოუტანს თუ არა ეს ზარალს ღვთის შესაწირავებს? (დიახ.) ეს ძალიან სერიოზული შედეგია. ვინაიდან ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამ ადამიანების ამოცნობა და მათი გადარჩევა და ამ ბოროტმოქმედებს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების უფლებას აძლევენ, საქმე მთლიანად ფუჭდება. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ეს ბოროტმოქმედები ყოველთვის დაუდევრად მოქმედებენ, მათზე ზემდგომებს ატყუებენ და უმალავენ მათზე ქვემდგომებს და არავითარ რეალურ საქმეს არ აკეთებენ; ისინი მოქმედებენ თვითნებური წინდაუხედაობით, შეცდომაში შეჰყავთ ხალხი და სჩადიან ყოველგვარ ბოროტ საქმეს. თუმცა, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ მათი ამოცნობა და იმ დროისთვის, როდესაც ისინი პრობლემებს ამჩნევენ, დიდი უბედურება უკვე მომხდარია. მაგალითად, ხენანის სამწყსო არეალში ზოგიერთმა ადამიანმა, რომელიც წინამძღოლი გახდა, გამოიყენა სხვადასხვა მდაბალი მეთოდი ღვთის შესაწირავების მოსაპარად; მათ მოიპარეს უზარმაზარი თანხები და ეს თანხები არასოდეს დაბრუნებულა. აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ არასწორი ადამიანების შერჩევასა და გამოყენებასთან? (დიახ.) სამუშაო განაწესების თანახმად, თუ შეუძლებელია შერჩეული ადამიანების ამოცნობა, მათ ჯერ შეიძლება დაევალოთ რაიმე მარტივი საქმის შესრულება, შემდეგ კი შესაძლებელია მათი მონიტორინგი და მათზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება. ადამიანებს, რომელთა ამოცნობაც შეუძლებელია, კატეგორიულად არ უნდა დაევალოთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს რისკთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვებისა და მათი არსის ამოცნობის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრონ და გაუმკლავდნენ მათ. ცრუ წინამძღოლები არ მუშაობენ სამუშაო განაწესების შესაბამისად და არ შეუძლიათ პრინციპების წვდომა; უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა და არასწორ ადამიანებს იყენებენ. ეს იწვევს ზარალს როგორც ეკლესიის საქმეში, ისე ღვთის შესაწირავებში. ეს არის ის უბედურება, რომელიც ცრუ წინამძღოლებს მოაქვთ. ანტიქრისტეები განზრახ იყენებენ ბოროტმოქმედებს, მაშინ როცა ცრუ წინამძღოლები გონებაარეულნი არიან, არავისი ამოცნობა არ შეუძლიათ და ვერ სწვდებიან იმ პრობლემების არსს, რომლებსაც აღმოაჩენენ. ისინი ადამიანებს მხოლოდ საკუთარი გრძნობების საფუძველზე იყენებენ და ნიშნავენ. ცრუ წინამძღოლების მიერ განაწილებული ადამიანების უმეტესობა შეუფერებელია; ისინი ზარალს აყენებენ ეკლესიის საქმეს, რასაც ზუსტად ისეთივე შედეგები მოჰყვება, როგორიც ანტიქრისტეების მიერ ბოროტმოქმედების განზრახ გამოყენებას. ცრუ წინამძღოლებს, თავიანთი ღარიბი სულიერი მონაცემებისა და მუშაობის უუნარობის გამო, ასევე საკმაოდ სერიოზული შედეგები მოაქვთ, არა? (დიახ.) ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ანტიქრისტეები არღვევენ სამუშაო განაწესებს, ცრუ წინამძღოლებსაც შეუძლიათ სამუშაო განაწესების დარღვევა. თუნდაც ეს განზრახ არ ხდებოდეს, საბოლოო ჯამში, მისი ბუნება მაინც სამუშაო განაწესების დარღვევაა. ცრუ წინამძღოლები, იმის გამო, რომ არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები და არ შეუძლიათ ადამიანებისა თუ მოვლენების ამოცნობა, საბოლოოდ არღვევენ სამუშაო განაწესებს და არ შეუძლიათ რეალური საქმის შესრულება. ეს აფერხებს ეკლესიის საქმეს და ზიანს აყენებს ღვთის რჩეულ ხალხს. მათი ქმედებების ბუნება და შედეგები ზუსტად ისეთივეა, როგორიც საქმის შემსრულებელი ანტიქრისტეებისა, რაც ასევე აფერხებს ეკლესიის საქმეს და აზიანებს ძმებისა და დების სიცოცხლეში შესვლას.

ცრუ წინამძღოლები საქმის კეთებისა და სამუშაო განაწესების განხორციელებისას უბრალოდ ზედაპირულად მოქმედებენ და ყველაფერს სრულ ქაოსად აქცევენ. ისინი საკმაოდ თვითმართალნი არიან და არასოდეს ეძიებენ და არასდროს აქვთ თანაზიარება; სულელურად ჰგონიათ, რომ კარგი სულიერი მონაცემები აქვთ; ბედავენ მოქმედებას და შეუძლიათ მჭევრმეტყველად საუბარი. რადგან ძმები და დები ირჩევენ მათ ან ღვთის სახლი დროებით აწინაურებს და მათ კულტივირებას ახდენს, ჰგონიათ, რომ როგორც წინამძღოლები, სტანდარტებს შეესაბამებიან და შეუძლიათ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება. მცირედითაც კი არ იციან, რომ არაფერს წარმოადგენენ და არ შეუძლიათ წინამძღოლებისა და მუშაკების არცერთი პასუხისმგებლობის შესრულება. მათ არ აქვთ საკუთარი ნაკლოვანებების შეფასების უნარი; უბრალოდ, უსირცხვილოდ ბედავენ საქმეების კეთებას. შედეგად, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სამუშაო განაწესი გამოიცემა, მათ არ შეუძლიათ არცერთი მათგანის განხორციელება ზემდგომის მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული სამუშაო განაწესი, რომელსაც ისინი ჰკიდებენ ხელს, საბოლოოდ სრულ არეულობად და აბსოლუტურ ქაოსად იქცევა. მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის განხორციელება სავალალოა; მათთვის ბუნდოვანია, თუ რამდენი ახალი მორწმუნე შეიძინეს სახარების ქადაგებით, როგორ დააარსონ ეკლესიები, როგორ აირჩიონ წინამძღოლები და დიაკვნები და როგორ წარმართონ ეკლესიის ცხოვრება. რაც შეეხება იმას, თუ ვის აქვს ყველაზე მეტი შედეგი სახარებისეული საქმის ხელმძღვანელობაში, ვინ მოწმობს ყველაზე ეფექტურად, ვინ არის ყველაზე მეტად შესაფერისი ეკლესიის მოსარწყავად, რომელ გუნდის წინამძღოლებს უნდა შეეცვალოთ მოვალეობები ან ვინ უნდა გათავისუფლდეს უპასუხისმგებლობის გამო და როგორ გადაიჭრას საქმის გარკვეულ ასპექტებში წარმოქმნილი პრობლემები — ცრუ წინამძღოლებისთვის ეს კონკრეტული დავალებები ბუნდოვანია და ისინი თავიანთ საქმეს სრულ ქაოსად აქცევენ. ეკლესიაში არსებულ სხვადასხვა პროფესიულ დავალებასაც, რომლებიც ტექნიკური გამოცდილების უფრო მაღალ დონეს მოითხოვს, ცრუ წინამძღოლები სრულ ქაოსად აქცევენ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, კონკრეტულად როგორ შეასრულონ ეს დავალებები. რომც სურდეთ მათ შესახებ გამოკითხვა, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ. მათ სურთ ჰკითხონ ზემდგომს, თუ როგორ მიუდგნენ ამ დავალებებს, მაგრამ ისიც კი არ იციან, როგორ ჩამოაყალიბონ თავიანთი კითხვები. შედეგად, საქმის შესრულება შეუძლებელი ხდება. სამუშაო განაწესებით მოთხოვნილი ქონების მართვის მარტივი დავალებაც კი — შესაფერისი ადამიანების დანიშვნა ქონების დასაცავად და გასანაწილებლად და სხვადასხვა სისტემის დანერგვა — ისეთია, რასაც ცრუ წინამძღოლები ვერ უმკლავდებიან. ისინი მას სრულ ქაოსად აქცევენ. ცრუ წინამძღოლები აბსოლუტურ დაბნეულობაში არიან თითოეულ დავალებასთან დაკავშირებით, რომელსაც ასრულებენ. როდესაც ეკითხებიან, განახორციელეს თუ არა სამუშაო განაწესები, ისინი ამაყობენ და თავდაჯერებულად ამბობენ: „დიახ, განვახორციელე. ყველას აქვს სამუშაო განაწესის ასლი და ყველამ იცის, რა საქმეს მოითხოვს ღვთის სახლი“. თუ ჰკითხავთ, როგორ გააკეთეს ეს, სთხოვთ ახსნან კონკრეტული სამუშაო ნაბიჯები, რომელი დავალებები შესრულდა შედარებით ცუდად, რომელი — უფრო შეუფერხებლად, შესრულდა თუ არა თითოეული დავალება სათანადოდ, რომელ დავალებებს სჭირდება უწყვეტი შემოწმება და მონიტორინგი და ხომ არ აღმოჩენილა რაიმე პრობლემა შემოწმების შემდეგ, მათ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იციან. ზოგიერთმა ცრუ წინამძღოლმა, წინამძღოლად გახდომის დღიდან, ისიც კი არ იცის, რა დავალებების შესრულება მოეთხოვება ან რას მოიცავს მისი პასუხისმგებლობის სფერო. განა ეს კიდევ უფრო პრობლემური არ არის? აქვთ თუ არა ამჟამად წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობას ეს პრობლემა სხვადასხვა ხარისხით? (დიახ.)

კრიტერიუმები იმის შესამოწმებლად, შეესაბამებიან თუ არა წინამძღოლები და მუშაკები სტანდარტებს

დღევანდელი თანაზიარების მეშვეობით ახლა უფრო ნათლად გესმით ის პასუხისმგებლობები, რომლებიც წინამძღოლებმა, მუშაკებმა და ზედამხედველებმა უნდა შეასრულონ? უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ გონებაში? არის თუ არა თქვენი გაგება წინამძღოლებისა და მუშაკების როლის შესახებ უფრო ზუსტი? (დიახ.) ერთი მხრივ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა გარკვეულწილად გაიგეს, თუ რომელი დავალებები უნდა შეასრულონ; მეორე მხრივ, ახლა უკვე ყველას აქვს გარკვეული გზები იმის გასარჩევად, შეესაბამება თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სტანდარტებს. წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობის მოთხოვნების თანახმად შეესაბამება თუ არა წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობა სტანდარტებს? (არა.) მაშ, რომელი წინამძღოლები და მუშაკები შეძლებენ გახდნენ სტანდარტების შესაბამისნი და რომელნი — არა? მათ, ვისი სულიერი მონაცემებიც სტანდარტებს შეესაბამება, აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, საქმეების მოგვარებისას იცავენ გარკვეულ პრინციპებს და აქვთ ეკლესიის საქმის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა წვრთნის გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუძლიათ გახდნენ სტანდარტების შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები. თუმცა, ისინი, ვისაც მწირი სულიერი მონაცემები აქვთ და არ აქვთ წვდომის უნარი, რომლებიც ვერ სწვდებიან პრინციპებს, რაც არ უნდა ბევრ ჭეშმარიტებაზე ჰქონდეთ თანაზიარება, ვერ გახდებიან სტანდარტების შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები და მხოლოდ მოკვეთას ექვემდებარებიან. შესაბამისად, თუ შენ გსურს გახდე სტანდარტების შესაბამისი წინამძღოლი ან მუშაკი და გინდა, რომ სხვებმა აგირჩიონ წინამძღოლად ან მუშაკად, პირველ რიგში უნდა შეაფასო, არის თუ არა შენი სულიერი მონაცემები საკმარისი. როგორ შეგიძლია ამის შეფასება? იმის დანახვით, შეგიძლია თუ არა სამუშაო განაწესების განხორციელება. აიღე ბოლოდროინდელი სამუშაო განაწესი, წაიკითხე და გამოსცადე საკუთარი თავი, რათა ნახო, გაქვს თუ არა მისი განხორციელების ნაბიჯები და გეგმები. თუ შენ გაქვს იდეები და გეგმები და იცი, როგორ განახორციელო იგი, მაშინ, როდესაც ძმები და დები აგირჩევენ, ეს საქმე შენს უპირველეს მოვალეობად უნდა განისაზღვრო, თუმცა, თუ სამუშაო განაწესების წაკითხვის შემდეგ გონება სრულიად გიცარიელდება, საერთოდ არ შეგიძლია ამოიცნო, ვინ არის ყველაზე მეტად შესაფერისი ამ საქმის ხელმძღვანელად დასანიშნად და, მით უმეტეს, არ შეგიძლია ჩაწვდე, კონკრეტულად როგორ განახორციელო ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტი, არც ის იცი, როგორ გქონდეს თანაზიარება, უზრუნველყო ზედამხედველობა, შეამოწმო და მონიტორინგი გაუწიო და გონებაში არ გაქვს განხორციელების არავითარი ნაბიჯი ან გეგმა, მაგრამ ზოგიერთ ძმასა და დას შეცდომით ჰგონია, რომ შენ ძალიან ნიჭიერი და შესაფერისი ხარ წინამძღოლად ან მუშაკად, როგორი უნდა იყოს შენი დამოკიდებულება? შენ უნდა თქვა: „მადლობა შექებისთვის, მაგრამ სინამდვილეში დიდი ნიჭი არ მაქვს. მე არ გამაჩნია საამისო უნარები — თქვენ შეცდით ჩემს შეფასებაში. თუ წინამძღოლად ამირჩევთ, ეს ეკლესიის საქმეს შეაფერხებს. მე ვიცი ჩემი სულიერი სიმწიფე; ისიც კი არ ვიცი, როგორ განვახორციელო მარტივი სამუშაო განაწესი — წარმოდგენა არ მაქვს, საიდან დავიწყო და არავითარი ხელჩასაჭიდი არ მაქვს. ჭეშმარიტების გაგების გარეშე, ეკლესიის საქმე კარგად ვერ შესრულდება. ზემდგომსაც რომ დავენიშნე, მაინც ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას. მე ნამდვილად არ ვარ შექმნილი ამ როლისთვის.“ რას ფიქრობთ ამგვარ აღიარებაზე? ეს მიდგომა გონიერებას ავლენს; ადამიანებს, რომლებიც ამას ამბობენ, გაცილებით მეტი გონიერება აქვთ, ვიდრე ცრუ წინამძღოლებს. ცრუ წინამძღოლები ვერასოდეს იტყოდნენ რამეს ამდენი გონიერებით. ცრუ წინამძღოლები ფიქრობენ: „მე ამირჩიეს, ამიტომ წინამძღოლი უნდა ვიყო. რატომ არ უნდა ვიყო? ნიჭიერი ვარ, ამიტომ ამას ვიმსახურებ. განა სამუშაო განაწესების განხორციელების უუნარობა პრობლემაა? ვინ იბადება ამის ცოდნით? განა ეს ის არ არის, რისი სწავლაც შემიძლია? სანამ ქადაგება შემიძლია, ეს საკმარისია. მე მაქვს სულიერი გაგება, ვიცი და მესმის ღვთის სიტყვები, შემიძლია თანაზიარება და შემიძლია ვიპოვო პრაქტიკის გზა ღვთის სიტყვებში. მე დახელოვნებული ვარ ადამიანების გახრწნილი ხასიათისა და სხვადასხვა მდგომარეობის მოგვარებაში. ღვთის სახლის სამუშაო განაწესების განხორციელება დიდი არაფერია. განა ეს უბრალოდ ადმინისტრაციული მართვის საქმე არ არის? მე ადრე შევისწავლე ადმინისტრაციული მართვა, ამიტომ ღვთის სახლის ეს მცირე საქმე ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს!“ განა ასეთი ადამიანი საფრთხეში არ არის? (დიახ.) რაში მდგომარეობს ეს საფრთხე? შეგიძლიათ ამ საკითხის არსს ჩაწვდეთ? (მათ არ შეუძლიათ საქმის კეთება, ჩაშლიან და არევ-დარევას შეიტანენ ღვთის სახლის საქმეში, რითაც არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ძმებსა და დებს დააზარალებენ, არამედ ღვთის სახლის საქმესაც შეაფერხებენ.) ეს მხოლოდ ზიანია? საბოლოოდ აქამდე მივყავართ ამას? მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, მისი გამოსწორება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუ ცრუ წინამძღოლი დიდხანს დარჩება თავის როლში, ის ანტიქრისტეთა გზას გაჰყვება და საბოლოოდ ანტიქრისტე გახდება. შენ ფიქრობ, რომ წინამძღოლობა ან მუშაკობა ასე მარტივია? სტატუსს თან ახლავს ცდუნება, ხოლო ცდუნებას — საფრთხე. რა არის ეს საფრთხე? ეს არის ანტიქრისტეთა გზაზე შედგომის შესაძლებლობა. ანტიქრისტეთა გზაზე შედგომის ყველაზე ცუდი შედეგი ანტიქრისტედ ქცევაა.

ზოგიერთი ამბობს: „ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს უბრალოდ გარკვეულწილად ღარიბი სულიერი მონაცემები აქვს, მაგრამ მათი ადამიანობა არ არის ცუდი. შესაძლებელია კი, რომ ისინი ანტიქრისტეთა გზას გაჰყვნენ?“ ვინ თქვა, რომ თუ მათი ადამიანობა ცუდი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ანტიქრისტეთა გზას არ გაჰყვებიან? რამდენად ცუდები უნდა იყვნენ ისინი, რომ ანტიქრისტეებად ჩაითვალონ? შეგიძლია ამის არსს ჩაწვდე? თუ ცრუ წინამძღოლი დიდხანს დარჩება თავის როლში, მას უკვე დაწყებული აქვს ანტიქრისტეთა გზაზე სვლა. განა არსებობს რაიმე ზღვარი ანტიქრისტეთა გზის გაყოლასა და ანტიქრისტედ ქცევას შორის (არა.) გაიხსენეთ: რა გზას ადგანან ის ცრუ წინამძღოლები? ცრუ წინამძღოლები არ აკეთებენ კონკრეტულ საქმეს და არც შეუძლიათ კონკრეტული საქმის კეთების უნარი, თუმცა მაინც სურთ მაღალ პოზიციებზე დგომა, რათა სხვებს უქადაგონ და ხალხი აიძულონ, მოუსმინონ და დაემორჩილონ მათ. განა ეს ანტიქრისტეთა გზის მიყოლა არ არის? რა არის ანტიქრისტეთა გზის მიყოლის შედეგი? (ისინი ბუნებრივად ხდებიან ანტიქრისტეები.) მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები ბუნებით არ არიან ანტიქრისტეები ან ბოროტმოქმედები, თუ ისინი დიდხანს მიჰყვებიან ანტიქრისტეთა გზას ზედამხედველობის გარეშე ან თუ არავინ ამხილებს და არ გაათავისუფლებს მათ, შესაძლებელია კი, რომ მათ ძალაუფლება მიიტაცონ და დამოუკიდებელი სამეფოები დააარსონ? (დიახ.) ამ მომენტში, განა ისინი უკვე არ იქცნენ ანტიქრისტეებად? ასე რომ, ხედავთ, განა ცრუ წინამძღოლის როლი სახიფათო არ არის? (დიახ.) ცრუ წინამძღოლობა უკვე ძალიან სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცრუ წინამძღოლებს ვაანალიზებთ და არ ვეხებით ანტიქრისტეებს, ამ ორის არსს შორის კავშირი არსებობს. სინამდვილეში, ცრუ წინამძღოლები ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან. ამ გზაზე სიარული ბუნებრივად მიიყვანს მათ ანტიქრისტეებად ქცევამდე, რაც მათი ბუნება-არსებით განისაზღვრება. ამ ეტაპზე აღარ არის საჭირო მათი ადამიანურობა-არსების ყურება; მხოლოდ მათი გზა განსაზღვრავს, არიან თუ არა ისინი ანტიქრისტეები. დაფიქრდით იმ ცრუ წინამძღოლებზე, რომლებიც გათავისუფლებულ იქნენ. დროულად რომ არ ყოფილიყვნენ გათავისუფლებულები მაშინ, მათი არსის შეფასებით იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდნენ და რას ავლენდნენ თავიანთი მსახურების პერიოდში, გაჰყვებოდნენ თუ არა ისინი საბოლოოდ ანტიქრისტეთა გზას? გახდებოდნენ თუ არა ისინი ანტიქრისტეები? სინამდვილეში, ზოგიერთმა ადამიანმა უკვე გამოავლინა ამის ნიშნები და სწორედ ღვთის სახლმა გაათავისუფლა ისინი დროულად. რომ არ გაეთავისუფლებინათ, ისინი დაიწყებდნენ ეკლესიის ხარჯზე ცხოვრებას და ხალხის შეცდომაში შეყვანას. ისინი დაიწყებდნენ მაღალ პოზიციებზე მყოფი თანამდებობის პირებივით ან ბატონებივით მოქცევას, ხალხზე მბრძანებლობასა და ბრძანებების გაცემას და სხვებს აიძულებდნენ, დამორჩილებოდნენ მათ ისე, თითქოს ღმერთი ყოფილიყვნენ. ისინი იმასაც კი განაცხადებდნენ, რომ ღვთის მიერ არიან სრულქმნილნი და ღვთის მიერ გამოყენებულ ადამიანებს წარმოადგენენ. განა ეს პრობლემური არ არის? მაშ, როგორ უნდა შევხედოთ და დავახასიათოთ ასეთი ცრუ წინამძღოლების მდგომარეობები და გამოვლინებები? ისინი წინასწარ შეიძლება დახასიათდეს, როგორც თვალთმაქცების, ეკლესიის ხარჯზე მცხოვრები ადამიანებისა და ფარისევლების მდგომარეობები და გამოვლინებები. და რა მოხდება, თუ ეს კიდევ უფრო განვითარდება? მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები შეიძლება არ იყვნენ ისეთივე სასტიკნი ან ბოროტნი, როგორც ანტიქრისტეები და, თუმცა ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ გასაჭირს და შეასრულონ მძიმე სამუშაო, ყოველ ნაბიჯზე დაეხმარონ სხვებს და შეეძლოთ ადამიანების მიმართ მოთმინებისა და შემწყნარებლობის გამოჩენა, ზუსტად ისე, როგორც ფარისევლები, რომლებიც მოგზაურობდნენ ხმელეთსა და ზღვაზე საქადაგებლად და სამოღვაწეოდ, საბოლოო ჯამში, რა მნიშვნელობა აქვს ამას? თუ მათ არ შეუძლიათ თუნდაც ერთი დავალების განხორციელება, რით განსხვავდება მათი ქმედებები და ქცევა ფარისევლების ქცევისგან? მათი საქმეები ღვთის საქმესთან თანამშრომლობაა, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან და არევ-დარევას იწვევენ ღვთის საქმეში? ცხადია, ისინი ეწინააღმდეგებიან ღვთის საქმეს და აფერხებენ ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტის ნორმალურ წინსვლას. განა ეს არაფრით განსხვავდება ფარისევლებისა და რელიგიურ სამყაროში მყოფი იმ პასტორებისა და უხუცესების ქცევისგან? ცრუ წინამძღოლები ზუსტად მათნაირები არიან. მაშ, როგორ უნდა დავახასიათოთ ისინი? რა მოხდება, თუ ცრუ წინამძღოლები განაგრძობენ მოქმედებას? ისინი არა მხოლოდ ვერ განახორციელებენ ღვთის სახლის სამუშაო განაწესებს, არამედ დაიწყებენ ამ განაწესების უარყოფას, გაკრიტიკებას, განსჯას, დაგმობას და სხვა მსგავს ქმედებებს — გამოვლინდება ანტიქრისტეს ქცევების მთელი სერია. ისინი არა მხოლოდ ვერ ახორციელებენ სამუშაო განაწესებს, არამედ პოულობენ სხვადასხვა საბაბს, რათა შეეწინააღმდეგონ და ხელი შეუშალონ მათ განხორციელებას. ეს არ არის ღვთის საქმესთან თანამშრომლობა, არამედ ღვთის სახლის საქმის შეფერხება და მასში არევ-დარევის გამოწვევაა. ეს ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და ღვთის სახლის მიერ მათთვის მინიჭებულ ძალაუფლებასა და სტატუსს, რათა ხელი შეუშალონ ღვთის სახლის სამუშაო განაწესების განხორციელებას. განა ეს არ არის პრობლემის არსი? (დიახ.) ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ რეალურ საქმეს და არ შეუძლიათ ზემდგომის მიერ დადგენილი სხვადასხვა დავალების განხორციელება, თუმცა მაინც იყენებენ თავიანთ სტატუსს ადამიანებთან საქადაგებლად, გრძნობენ რა, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხის მეთაურები და წინამძღოლები არიან. ეს უკვე აქცევს მათ ანტიქრისტეებად — ნამდვილ ანტიქრისტეებად. არის თუ არა ასეთი ადამიანების ეს დახასიათება ზუსტი? ის უკიდურესად ზუსტია, ყოველგვარი შეცდომის გარეშე! ეს არ არის ლოგიკური მსჯელობა, არამედ მათი არსის საფუძველზე გაკეთებული დახასიათება. ისინი, ვისაც არ შეუძლია ღვთის სახლის სამუშაო განაწესების განხორციელება, ცრუ წინამძღოლები არიან და ისინიც, ვინც არ ახორციელებს ღვთის სახლის სამუშაო განაწესებს, ასევე ცრუ წინამძღოლები არიან. სანამ ისინი გამოაშკარავდებიან, როგორც ფარისევლები, შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ცრუ წინამძღოლები. თუმცა, იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ხდებიან ფარისევლები და ცხოვრობენ ეკლესიის ხარჯზე, ეყრდნობიან თავიანთ „წარსულ მიღწევებს“ და იკავებენ პოზიციებს სამუშაო განაწესების განხორციელების ან კონკრეტული დავალებების შესრულების გარეშე და ხდებიან დამაბრკოლებელი ლოდები ღვთის სახლის საქმისთვის, ასეთი ადამიანები უნდა დახასიათდნენ, როგორც ანტიქრისტეები. როგორ განსაზღვრავთ, არის თუ არა ვინმე ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე? ცრუ წინამძღოლი ხასიათდება იმის საფუძველზე, შეუძლია თუ არა მას სამუშაო განაწესების განხორციელება და რეალური საქმის შესრულება. ისინი, ვინც არ ახორციელებს სამუშაო განაწესებს და არ ასრულებს რეალურ საქმეს, ცრუ წინამძღოლები არიან. თუმცა, თუ მათ იციან, რომ არ შეუძლიათ რეალური საქმის შესრულება და ზემდგომის სამუშაო განაწესების განხორციელება, მაგრამ მაინც სურთ თავიანთი სტატუსის გამოყენება საქადაგებლად და ლოზუნგების ყვირილისთვის, ხალხის გულების მოსაგებად, უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაო განაწესებს და მოელიან, რომ ღვთის სახლი — იმის გათვალისწინებით, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ ღმერთი და მრავალი წელი იტანჯებოდნენ ეკლესიის საქმისთვის — შეინარჩუნებს მათ, რათა იცხოვრონ ეკლესიის ხარჯზე და გამოიყენონ ღვთის სახლი, როგორც მოხუცებულთა თავშესაფარი, განაგრძონ ძმებისა და დების შეცდომაში შეყვანა და იმ ძალაუფლების ძიებასაც კი, რომელიც განსაზღვრავს მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, მაშინ ასეთი ადამიანები ანტიქრისტეები არიან. სწორედ ასე განსაზღვრავთ, არის თუ არა ვინმე ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე. არის თუ არა დახასიათების ეს პრინციპი და სტანდარტი ნათელი? (დიახ.)

წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობა ძირითადად სამუშაო განაწესებს ეხება. ახორციელებს თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სამუშაო განაწესებს — ეს არის კრიტერიუმი იმის შესამოწმებლად შეესაბამებიან თუ არა ისინი სტანდარტებს. ყველაზე ზუსტი მეთოდი იმის შესაფასებლად ჭეშმარიტნი არიან წინამძღოლები და მუშაკები თუ ცრუნი, არის იმის შემოწმება, ასრულებენ თუ არა ისინი ეკლესიის საქმეს სამუშაო განაწესების შესაბამისად. სამუშაო განაწესების მიმართ მათი დამოკიდებულების გამოყენება ცრუ წინამძღოლების ამოსაცნობად და გასაანალიზებლად და იმის დასადგენად, ცრუ წინამძღოლები არიან ისინი თუ ანტიქრისტეები, სრულიად სამართლიანია. წინამძღოლებისა და მუშაკების შეფასება იმის მიხედვით, თუ როგორ ახორციელებენ სამუშაო განაწესებს, შეუძლიათ თუ არა სამუშაო განაწესების განხორციელება და მათი განხორციელების ეფექტურობა და საფუძვლიანობა, სამართლიანი და გონივრულია ნებისმიერი წინამძღოლისა თუ მუშაკისთვის. ეს არ არის გამიზნული ვინმესთვის საქმის განზრახ გასართულებლად. შეგიძლიათ თუ არა იმის გარჩევა, რომ ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი არ ახორციელებს სამუშაო განაწესებს და საბოლოოდ ანტიქრისტე ხდება? აქვს თუ არა ამ მტკიცებულებას საფუძველი? (დიახ.)რატომ აქვს საფუძველი? (იმიტომ, რომ ცრუ წინამძღოლები არ ახორციელებენ სამუშაო განაწესებს და იკავებენ თავიანთ პოზიციებს საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოების დასაარსებლად. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე დაადგნენ ანტიქრისტეთა გზას.) ეს არის ფენომენი — რა არის პრობლემის არსი? სამუშაო განაწესების განუხორციელებლობა ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მის წინაშე დაპირისპირებაა. რას ნიშნავს ღმერთთან დაპირისპირება? ისინი, ვინც ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან, ეწინააღმდეგებიან ღმერთს და უშუალოდ უპირისპირდებიან მას. თუ ვინმე უბრალოდ ცრუ წინამძღოლია, მან უბრალოდ არ იცის, როგორ შეასრულოს საქმე ან განახორციელოს სამუშაო განაწესები; ის განზრახ არ ეწინააღმდეგება ღმერთს. თუმცა, ანტიქრისტეთა თვისებები თავისი ბუნებით ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ცრუ წინამძღოლებისა. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი დიდი ხანია მიჰყვება ანტიქრისტეთა გზას. ეს ადამიანები იწყებენ იმით, რომ არ ასრულებენ რეალურ საქმეს და არ ახორციელებენ სამუშაო განაწესებს. მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არიან წინამძღოლები და შეუძლიათ გარკვეული სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება, ისინი გრძნობენ, რომ მათი პოზიცია მყარია, რომ მათ აქვთ კაპიტალი და ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. შემდეგ ისინი ბედავენ, დაიწყონ იმის კეთება, რაც სურთ და ეწინააღმდეგებიან ღმერთს. ისინი ყოველთვის გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ თავს, სჯერათ, რომ ძმებსა და დებს შორის კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. რომ მათ სიტყვებს წონა აქვს და, შესაბამისად, ყველაფერში, რასაც აკეთებენ, დისკურსის წარმართვის აბსოლუტური ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ. მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მათ უნდა უსმენდეს; ხალხმა უნდა შეუნარჩუნოს მათ სახე, თუ ისინი რაიმეს კეთებისას თავს შეირცხვენენ ან სიტყვები აერევათ — ისევე, როგორც ღვთის სახლმა. მათ მიაჩნიათ, რომ ღვთის სახლმა უნდა გაიაროს მათთან კონსულტაცია ნებისმიერ წამოჭრილ საკითხზე და მისცეს მათ კარგი რამეების წილი და მათ სხვებზე უკეთესი პრივილეგიები და უფრო მაღალი შექება უნდა მიიღონ. მათ ჰგონიათ, რომ ღმერთმაც განსხვავებულად უნდა შეხედოს მათ. ამ წარმოსახვითი უპირატესობებისა და აღმატებულობის გათვალისწინებით მათ სჯერათ, რომ ღვთის სახლმა ადვილად არ უნდა გასხლას ისინი ან სხვების წინაშე არ უნდა გამოააშკარავოს მათი გახრწნილი ხასიათი და, მით უმეტეს, არ უნდა გაათავისუფლოს ისინი მათი გრძნობების გაუთვალისწინებლად. ასეთი ადამიანები საფრთხეში არიან. ისინი ეყრდნობიან თავიანთ „წარსულ მიღწევებს“. ისინი ფარისევლები არიან და უკვე იქცნენ ანტიქრისტეებად. განა ეს მათი ბუნება-არსებით არ განისაზღვრება? თუ ვინმე ეძიებს ჭეშმარიტებას და ფლობს ჭეშმარიტება-რეალობას, წაუყენებდა კი ის ამ არაგონივრულ მოთხოვნებს ღვთის სახლსა და ღმერთს? (არა.) არსებობს ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობის შემდეგ გრძნობს, რომ სტატუსი მოიპოვა და კაპიტალი აქვს და ამგვარად უვითარდება ამ ტიპის ფიქრები და აღმატებულობის ეს გრძნობა. როგორი ადამიანია ეს? ეს არის ადამიანი, რომელსაც ანტიქრისტეს არსი აქვს. რადგან ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან, ისინი ამპარტავნები და თვითმართალნი არიან და ყოველგვარ არაგონივრულ მოთხოვნას უყენებენ ღმერთსა და ღვთის სახლს. ისინი ეყრდნობიან თავიანთ „წარსულ მიღწევებს“, ცხოვრობენ ეკლესიის ხარჯზე, ეჭიდებიან თავიანთ სტატუსს და საბოლოოდ ანტიქრისტეები ხდებიან. ეს არის ტიპური ანტიქრისტე. არიან თუ არა ასეთი ადამიანები ეკლესიაში? ნებისმიერი, ვინც ამაყობს იმით, რომ სულიერი ადამიანია, ამ ტიპს განეკუთვნება. ისინი აშკარად უსარგებლონი არიან და არ შეუძლიათ რაიმე კონკრეტული საქმის შესრულება, თუმცა მაინც სულიერებად მიიჩნევენ თავს; ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებსაც ღმერთი კეთილგანწყობით უყურებს და რომლებიც მისი სრულყოფის ობიექტები არიან. მათ სჯერათ, რომ ისინი ღვთის საყვარელი ძენი, მძლეველნი არიან. რა გზას მიჰყვებიან ასეთი ადამიანები? არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას? არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ჭეშმარიტებას? არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ღვთის წარმართვასა და განგებას? აბსოლუტურად არა, ასი პროცენტით არა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ სტატუსს, რეპუტაციასა და კურთხევებს და ანტიქრისტეთა გზაზე დადიან. როდესაც ასეთი ადამიანები დიდხანს იკავებენ პოზიციას და დიდხანს მსახურობენ ცრუ წინამძღოლებად, ისინი გარდაუვალად გახდებიან ანტიქრისტეები. ანტიქრისტეები ღვთის სახლის საქმის დამაბრკოლებლები არიან. მათთვის შეუძლებელია საქმის კეთება სამუშაო განაწესების შესაბამისად და მათთვის შეუძლებელია ღვთის ნების მიყოლა ან საქმეების კეთება ღვთის მოთხოვნების შესაბამისად; მით უმეტეს, მათთვის შეუძლებელია დათმონ თავიანთი სტატუსი, რეპუტაცია და ინტერესები ეკლესიის საქმის შესასრულებლად, რადგან ისინი ანტიქრისტეები არიან.

წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობის შესახებ თანაზიარება ძირითადად სამუშაო განაწესების განხორციელებას ეხება. შეესაბამება თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სტანდარტებს და ასრულებს თუ არა თავის პასუხისმგებლობებს, ძირითადად განისაზღვრება იმით, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სამუშაო განაწესებს და რა არის ამ განხორციელების შედეგები. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ასევე გამოიყენება ცრუ წინამძღოლებისა და იმ გზების გამოსააშკარავებლად, რომლებსაც ისინი მიჰყვებიან, აგრეთვე იმ შედეგების საჩვენებლად, რომლებიც მათ მოაქვთ ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის. ყველა ეს განსაზღვრება, მსჯელობა და საბოლოო დახასიათება ეფუძნება ცრუ წინამძღოლების მიერ სამუშაო განაწესების განხორციელებას. სამუშაო განაწესების განხორციელება უპირველესი ამოცანაა, ამიტომ იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სტანდარტებს სამუშაო განაწესების განხორციელების საფუძველზე, ძალიან რეალისტური და უკიდურესად ფუნდამენტურია. გარდა ამისა, თითოეული წინამძღოლისა და მუშაკის ამ სტანდარტით შეფასება სრულიად გონივრული და სამართლიანია, ყოველგვარი მინარევის გარეშე.

2021 წლის 24 აპრილი

წინა:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (9)

შემდეგი:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (11)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger