იმსახურეთ ისე, როგორც ისრაელიანები მსახურობდნენ

ამ დღეებში ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს სხვებთან თანამშრომლობისას. მე აღმოვაჩინე, რომ ბევრი თქვენგანი საერთოდ ვერ სწავლობს გაკვეთილებს სხვებთან თანამშრომლობისას; თქვენი უმეტესობა საკუთარ შეხედულებებს ებღაუჭება. ეკლესიაში საქმის შესრულებისას შენ შენსას ამბობ, სხვა კი — თავისას და ერთს მეორესთან არავითარი კავშირი არ აქვს; სინამდვილეში თქვენ საერთოდ არ თანამშრომლობთ. თქვენ ყველანი მხოლოდ საკუთარი შეხედულებების თანაზიარებაზე ზრუნავთ და მხოლოდ იმ „ტვირთის“ მოხსნაზე ფიქრობთ, რომელსაც შინაგანად ატარებთ ისე, რომ მცირედითაც კი არ ესწრაფვით სიცოცხლეს. ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს საქმეს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებს, მუდამ გჯერათ, რომ სხვები როგორიც არ უნდა იყვნენ, შენ ის გზა უნდა გაიარო, რომელიც უნდა გაიარო, და სხვები როგორიც არ უნდა იყვნენ, შენ ისე უნდა იქონიო თანაზიარება, როგორც სულიწმიდა წარგმართავს. თქვენ არ ძალგიძთ სხვათა ძლიერი მხარეების აღმოჩენა და არც საკუთარი თავის გამოკვლევის უნარი შეგწევთ. თქვენი გაგება საგნების შესახებ მართლაც გამრუდებულია. შეიძლება ითქვას, რომ ახლაც კი თქვენ ხშირად რჩებით თვითმართლების მდგომარეობაში, თითქოს იმ ძველმა სენმა კვლავ იჩინა თავი. არ გაქვთ ერთმანეთთან თანაზიარება ისე, რომ მიაღწიოთ სრულ გულწრფელობას, მაგალითად, იმასთან მიმართებაში, თუ რა შედეგს მიაღწიეთ გარკვეულ ეკლესიებში საქმის შესრულებით ან როგორი იყო თქვენი შინაგანი მდგომარეობა ბოლო დროს და ა.შ.; უბრალოდ არასოდეს გაქვთ თანაზიარება ასეთ საკითხებზე. აბსოლუტურად არ ხართ ჩართული ისეთ პრაქტიკაში, როგორიცაა საკუთარი წარმოდგენების უარყოფა ან საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხება. წინამძღოლები და მუშაკები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დაიცვან თავიანთი ძმები და დები ნეგატიურობისგან და როგორ შეაძლებინონ, ენერგიულად მიჰყვნენ მათ. თუმცა ყველა თქვენგანს ჰგონია, რომ მხოლოდ ენერგიულად მიყოლა საკმარისია და თქვენ საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხება მით უმეტეს, არ გესმით, რას ნიშნავს სხვებთან თანამშრომლობით მსახურება. თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რომ თავად გქონდეთ მტკიცე განზრახვა, ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოთ და პეტრეს გზით იცხოვროთ. ამის გარდა, თქვენ სხვა არაფერზე ფიქრობთ. თქვენ იმასაც კი ამბობთ, რომ სხვები როგორიც არ უნდა იყვნენ, უგუნურად არ დაემორჩილებით და სხვები როგორიც არ უნდა იყვნენ, თავად შეეცდებით, რომ ღმერთმა სრულგყოთ, და ეს საკმარისი იქნება. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ თქვენს მტკიცე განზრახვას რეალობაში არავითარი კონკრეტული გამოხატულება არ უპოვია. განა ეს ყოველივე არ არის ისეთი ქცევა, რომელსაც დღესდღეობით ავლენთ? თითოეული თქვენგანი მტკიცედ იცავს საკუთარ შეხედულებას და ყველას გსურთ სრულქმნილნი გახდეთ. ვხედავ, რომ თქვენ ასე დიდხანს მსახურობდით ისე, რომ დიდი წინსვლა არ გქონიათ; კერძოდ, ჰარმონიული თანამშრომლობის ამ გაკვეთილში თქვენ აბსოლუტურად ვერაფერს მიაღწიეთ! ეკლესიებში შესვლისას თქვენ თქვენებურად გაქვთ თანაზიარება, სხვებს კი — თავისებურად. ჰარმონიული თანამშრომლობა იშვიათად ხდება და ეს კიდევ უფრო მეტად ეხება იმ მიმდევრებს, რომლებიც თქვენს დაქვემდებარებაში არიან. ანუ იშვიათად თუ ვინმეს თქვენ შორის ესმის, რა არის ღვთის მსახურება ან როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი ღმერთს. დაბნეულები ხართ და ამგვარ გაკვეთილებს უმნიშვნელო საკითხებად თვლით. ბევრი ისეთი ადამიანიც კია, ვინც არა მხოლოდ ვერ ახორციელებს ჭეშმარიტების ამ ასპექტს პრაქტიკაში, არამედ შეგნებულად სჩადის არასწორს. ისინიც კი, ვინც მრავალი წელია მსახურობენ, ერთმანეთს ებრძვიან და ინტრიგებს ხლართავენ, ეჭვიანობენ და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს; ყველა თავის საქმეს აკეთებს და საერთოდ არ თანამშრომლობენ. განა ეს ყველაფერი არ წარმოადგენს თქვენს რეალურ სულიერ ზრდას? თქვენ ყველანი ყოველდღე ერთად მსახურობთ ისევე, როგორც ისრაელიანები ყოველდღე უშუალოდ ემსახურებოდნენ თავად ღმერთს ტაძარში. როგორ შეიძლება, რომ თქვენ, ვინც ღმერთს ემსახურებით, წარმოდგენა არ გქონდეთ, როგორ ითანამშრომლოთ ან როგორ იმსახუროთ?

იმ დროს ისრაელიანები უშუალოდ ემსახურებოდნენ იეჰოვას ტაძარში და მათ მღვდლების წოდება ჰქონდათ. (რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ იყო მღვდელი; მხოლოდ ზოგიერთს, ვინც იეჰოვას ტაძარში ემსახურებოდა, ჰქონდა ეს წოდება.) ისინი ატარებდნენ იეჰოვას მიერ ბოძებულ გვირგვინებს (რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეს გვირგვინები იეჰოვას მოთხოვნების მიხედვით დაამზადეს; და არა იმას, რომ იეჰოვამ უშუალოდ უბოძა მათ გვირგვინები). ისინი ასევე ატარებდნენ იეჰოვას მიერ მათთვის ბოძებულ სამღვდელო სამოსს და უშუალოდ ემსახურებოდნენ მას ტაძარში, ფეხშიშველნი, დილიდან საღამომდე. მათი მსახურება იეჰოვასადმი სულაც არ იყო შემთხვევითი და არ გულისხმობდა ბრმად სირბილს; პირიქით, მათი მსახურება წესებით რეგულირდებოდა. არავის, ვინც უშუალოდ ემსახურებოდა იეჰოვას, არ ჰქონდა მათი დარღვევის უფლება. ყველა მათგანს უნდა დაეცვა ეს წესები; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ტაძარში შესვლა აეკრძალებოდათ. თუ რომელიმე მათგანი დაარღვევდა ტაძრის წესებს — ანუ თუ ვინმე არ დაემორჩილებოდა იეჰოვას ბრძანებებს — მაშინ ამ ადამიანს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც მის მიერ გამოცემული კანონები ითვალისწინებდა და არავის ჰქონდა უფლება, შეწინააღმდეგებოდა ამას ან დაეცვა დამრღვევი. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელი მსახურობდნენ, ყველას მოეთხოვებოდა წესების დაცვა. ამ მიზეზით, ამდენი მღვდელი სამღვდელო სამოსში გამოწყობილი განუწყვეტლივ ემსახურებოდა იეჰოვას ამგვარად მთელი წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ის მათ განსაკუთრებულად არ ეპყრობოდა. ისინი მთელ ცხოვრებასაც კი ატარებდნენ საკურთხევლის წინ და ტაძარში. ეს იყო მათი ერთგულებისა და მორჩილების გამოვლინება. გასაკვირი არ იყო, რომ იეჰოვამ ასეთი კურთხევა უბოძა მათ; ეს ყველაფერი მათი ერთგულების გამო იყო, რომ მათ მიიღეს მადლი და იხილეს იეჰოვას ყველა საქმე. იმ დროს, როდესაც იეჰოვა ისრაელში თავის რჩეულ ხალხს შორის მოქმედებდა, მან საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დაუწესა მათ. ისინი ყველანი ძალიან მორჩილნი იყვნენ და კანონებით იზღუდებოდნენ; ეს კანონები უზრუნველყოფდა იმას, რომ მათ იეჰოვას შიში ჰქონდათ. ეს ყოველივე იეჰოვას ადმინისტრაციული განკარგულებები იყო. თუ რომელიმე ამ მღვდელთაგანი არ დაიცავდა შაბათს ან დაარღვევდა იეჰოვას მცნებებს და თუ მას რიგითი ხალხი აღმოაჩენდა, მაშინ ეს ადამიანი დაუყოვნებლივ მიჰყავდათ საკურთხევლის წინ და ქვებით ქოლავდნენ. არ იყო ნებადართული ასეთი ადამიანის გვამის ტაძარში ან მის გარშემო მოთავსება; იეჰოვა ამას არ დაუშვებდა. ნებისმიერი, ვინც ასე მოიქცეოდა, ჩაითვლებოდა ადამიანად, რომელიც „საერო მსხვერპლს“ სწირავს, მას დიდ ორმოში ჩააგდებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმებოდა; არავინ დაინდობოდა. ზოგიერთს, ვინც „საერო ცეცხლს“ სწირავდა — ანუ, ვინც არ სწირავდა იეჰოვას მიერ დადგენილ დღეებში — იეჰოვას ცეცხლიც კი შთანთქავდა მათ მიერ შეწირულ მსხვერპლთან ერთად, რომლის საკურთხეველზე დატოვებაც არ იყო ნებადართული. მღვდლების მიმართ მოთხოვნები შემდეგი იყო: მათ არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ ტაძარში, ან თუნდაც მის გარე ეზოში, თუ ჯერ ფეხებს არ დაიბანდნენ; მათ არ შეეძლოთ ტაძარში შესვლა, თუ სამღვდელო სამოსი არ ეცვათ; მათ არ შეეძლოთ ტაძარში შესვლა, თუ სამღვდელო გვირგვინები არ ედგათ; მათ არ შეეძლოთ ტაძარში შესვლა, თუ გვამით იყვნენ წაბილწულნი; მათ არ შეეძლოთ ტაძარში შესვლა უსამართლო ადამიანის ხელთან შეხების შემდეგ, თუ ჯერ საკუთარ ხელებს არ დაიბანდნენ; და მათ არ შეეძლოთ ტაძარში შესვლა ქალებთან თავის წაბილწვის შემდეგ (სამი თვის განმავლობაში, და არა სამუდამოდ), და არც იეჰოვას სახის ხილვის უფლება ჰქონდათ. მხოლოდ დადგენილი დროის გასვლის შემდეგ ანუ მხოლოდ სრული სამი თვის გასვლის შემდეგ შეეძლოთ მათ სუფთა სამღვდელო სამოსის ჩაცმა; შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში უნდა ემსახურათ გარე ეზოში, სანამ ტაძარში შევიდოდნენ, იეჰოვას სახის სანახავად. მათ ნებადართული ჰქონდათ ამ სამღვდელო სამოსის ტარება მხოლოდ ტაძრის შიგნით და არასოდეს მის გარეთ, რათა თავიდან აეცილებინათ იეჰოვას ტაძრის წაბილწვა. ყველას, ვინც მღვდელი იყო, უნდა მიეყვანა ცოდვილები, რომლებმაც დაარღვიეს იეჰოვას კანონები, მისი საკურთხევლის წინ, სადაც მათ რიგითი ხალხი სიკვდილით დასჯიდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლი დაატყდებოდა თავს იმ მღვდელს, რომელიც ცოდვის მოწმე გახდა. ამგვარად, ისინი უაღრესად ერთგულნი იყვნენ იეჰოვას მიმართ, რადგან მისი კანონები მათთვის ასეთი მკაცრი იყო და ისინი აბსოლუტურად ვერასოდეს გაბედავდნენ მისი ადმინისტრაციული განკარგულებების დაუფიქრებლად დარღვევას. ისრაელიანები ერთგულნი იყვნენ იეჰოვას მიმართ, რადგან მათ იხილეს მისი განრისხება და ხელი, რომლითაც ის ადამიანებს კიცხავდა, და ასევე იმიტომ, რომ მათ თავდაპირველადვე ჰქონდათ მისდამი შიშით აღსავსე გული. ამიტომ, რაც მათ მიიღეს, იყო არა მხოლოდ იეჰოვას განრისხება, არამედ მისი მზრუნველობა, მფარველობა და კურთხევა. მათი ერთგულება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი თავიანთ ქმედებებში იეჰოვას სიტყვებს იცავდნენ და არავინ ჯანყდებოდა. ამბოხებულებიც რომ ყოფილიყვნენ, სხვები მაინც შეასრულებდნენ იეჰოვას სიტყვებს, სიკვდილით დასჯიდნენ ყველას, ვინც იეჰოვას წინააღმდეგ აღდგებოდა და საერთოდ არ დაუმალავდნენ ამ ადამიანს მას. კერძოდ, ისინი, ვინც არღვევდნენ შაბათს, ვისაც დანაშაული მიუძღოდა სიძვაში და, ვინც იპარავდნენ იეჰოვას შესაწირავს, განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯებოდნენ. მათ, ვინც შაბათს არღვევდა, ისინი (რიგითი ხალხი) ქვებით ქოლავდნენ ან მათრახით სცემდნენ სიკვდილამდე გამონაკლისის გარეშე. ისინი, ვინც სიძვას სჩადიოდნენ — ისინიც კი, ვისაც მიმზიდველი ქალები სურდათ ან ვისაც უზნეო ქალების დანახვისას ვნებიანი ფიქრები უჩნდებოდათ ან ვინც ახალგაზრდა ქალების დანახვისას ვნებით აღივსებოდა — ყველანი სიკვდილით ისჯებოდნენ. თუ რომელიმე ახალგაზრდა ქალი თავსაბურავის გარეშე — ანუ პირბადის გარეშე — კაცს უკანონო ქცევის ჩასადენად აცდუნებდა, ეს ქალი სიკვდილით ისჯებოდა. თუ კაცი იყო მღვდელი (ის, ვინც ტაძარში მსახურობდა), რომელიც არღვევდა ამგვარ კანონებს, მას ჯვარს აცვამდნენ ან ჩამოახრჩობდნენ. არცერთ ასეთ ადამიანს არ მიეცემოდა სიცოცხლის უფლება და ვერცერთი მათგანი ვერ ჰპოვებდა კეთილგანწყობას იეჰოვას წინაშე. ამგვარი კაცის ნათესავებს არ ექნებოდათ უფლება, შეეწირათ მსხვერპლი იეჰოვასთვის საკურთხევლის წინ მისი სიკვდილიდან სამი წლის განმავლობაში და არც იმ მსხვერპლის გაზიარების უფლება ექნებოდათ, რომელსაც იეჰოვა რიგით ხალხს ანიჭებდა. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ შეეძლოთ მათ საუკეთესო ხარისხის პირუტყვის ან ცხვრის მიტანა იეჰოვას საკურთხეველთან. თუ რაიმე სხვა გადაცდომა იქნებოდა ჩადენილი, მათ სამი დღის განმავლობაში უნდა ემარხულათ იეჰოვას წინაშე და მისი მადლი ეთხოვათ. ისინი თაყვანს სცემდნენ იეჰოვას არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კანონები ასეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო; ისინი ამას აკეთებდნენ მისი მადლისა და მისდამი ერთგულების გამო. ამგვარად, დღემდე ისინი მსგავსად ერთგულნი რჩებიან თავიანთ მსახურებაში და არასოდეს უთქვამთ უარი, ვედრებით მიემართათ იეჰოვასთვის. დღესდღეობით ისრაელის ხალხი კვლავ იღებს მის მზრუნველობასა და მფარველობას და ის კვლავ არის მადლი მათ შორის, ხშირად მკვიდრობს მათთან. ყველამ იცის, როგორ უნდა ეშინოდეთ იეჰოვასი და როგორ უნდა ემსახურონ მას და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მიიღონ მისი მზრუნველობა და მფარველობა; ეს იმიტომ ხდება, რომ ყველას ეშინია მისი თავის გულში. ეს არის მათი მთელი მსახურების წარმატების საიდუმლო. ეს არის შიში. მაშ, როგორი ხართ თქვენ ყველანი დღესდღეობით? რაიმეთი გავხართ ისრაელის ხალხს? გგონია, რომ დღესდღეობით მსახურება დიდი სულიერი ფიგურის წინამძღოლობის მიყოლას ჰგავს? თქვენ უბრალოდ არ გაგაჩნიათ არავითარი ერთგულება და შიში. თქვენ იღებთ მნიშვნელოვან მადლს და უტოლდებით ისრაელიან მღვდლებს იმით, რომ თქვენ ყველანი უშუალოდ ემსახურებით ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შედიხართ ტაძარში ის, რასაც თქვენ იღებთ და რასაც თქვენ ხედავთ, ბევრად მეტია, ვიდრე ის, რაც მიიღეს იმ მღვდლებმა, რომლებიც იეჰოვას ტაძარში ემსახურებოდნენ. თუმცა, თქვენ ბევრჯერ უფრო მეტად ჯანყდებით და ეწინააღმდეგებით, ვიდრე ისინი. თქვენ მეტისმეტად გაკლიათ ღვთისმოშიში გული და შედეგად, ძალიან მცირე მადლს იღებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ცოტას უძღვნით, თქვენ ბევრად მეტი მიიღეთ, ვიდრე იმ ისრაელიანებმა ოდესმე. ამ ყველაფერში, განა თქვენ არ გეპყრობიან მოწყალებით? სანამ ისრაელში საქმე სრულდებოდა, არცერთ ადამიანს არ გაუბედავს იეჰოვას თვითნებურად განსჯა. მაგრამ თქვენზე რას იტყვით? რომ არა ის საქმე, რომელსაც მე ამჟამად ვასრულებ თქვენს დასაპყრობად, როგორ შევძლებდი მომეთმინა, რომ თქვენ არცხვენთ ჩემს სახელს თქვენი ამ დაუფიქრებელი ქმედებებით? ის ეპოქა, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, რჯულის ეპოქა რომ ყოფილიყო, მაშინ თქვენი სიტყვებისა და ქმედებების გათვალისწინებით, არცერთი თქვენგანი არ დარჩებოდა ცოცხალი. თქვენ მეტისმეტად გაკლიათ ღვთისმოშიში გული! თქვენ ყოველთვის ჩივით, რომ მე არ მომინიჭებია თქვენთვის ბევრი მადლი, და იმასაც კი ამტკიცებთ, რომ მე გაძლევთ კურთხევის მეტისმეტად ცოტა სიტყვას და რომ მე მხოლოდ წყევლა მაქვს თქვენთვის. განა არ იცით, რომ როდესაც თქვენ მეტისმეტად გაკლიათ ჩემდამი ღვთისმოშიში გული, შეუძლებელია ჩემი კურთხევის მიღება? განა არ იცით, რომ მე მუდმივად გწყევლით და განგიკითხავთ თქვენი მსახურების სავალალო მდგომარეობის გამო? განა ყველა თქვენგანი გრძნობს, რომ უსამართლოდ მოგექცნენ? როგორ შემიძლია ვუბოძო ჩემი კურთხევა იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ამბოხებულნი და ურჩნი არიან? როგორ შემიძლია ასე დაუფიქრებლად მივანიჭო ჩემი მადლი იმ ადამიანებს, რომლბიც არცხვენენ ჩემს სახელს? თქვენ უკვე უკიდურესი სიკეთით მოგექცნენ. ისრაელიანები რომ ისეთივე ამბოხებულნი ყოფილიყვნენ, როგორებიც თქვენ ხართ დღეს, მე მათ დიდი ხნის წინ გავანადგურებდი. თუმცა, მე თქვენ მხოლოდ ლმობიერებით გეპყრობით. განა ეს მადლი არ არის? გსურთ ამაზე დიდი კურთხევა? იეჰოვა მხოლოდ მათ აკურთხებს, ვისაც მისი ეშინია. ის კიცხავს ადამიანებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ჯანყდებიან და არცერთ მათგანს არ პატიობს. განა თქვენ, დღევანდელ ადამიანებს, რომლებმაც არ იცით, როგორ იმსახუროთ, არ გჭირდებათ უფრო მეტად გაკიცხვა და სამსჯავრო, რათა თქვენი გულები სრულად შემობრუნდეს? განა ასეთი გაკიცხვა და სამსჯავრო არ არის თქვენთვის საუკეთესო კურთხევა? განა ეს არ არის თქვენი საუკეთესო მფარველობა? მათ გარეშე, შეძლებდა რომელიმე თქვენგანი იეჰოვას მწველი ცეცხლის ატანას? თქვენ რომ ჭეშმარიტად შეგეძლოთ ისეთივე ერთგულებით მსახურება, როგორც ისრაელიანებს, განა მადლიც არ იქნებოდა თქვენი მუდმივი თანამგზავრი? განა თქვენც არ გექნებოდათ ხშირად სიხარული და საკმარისი მადლი? იცით თუ არა ყველამ, როგორ უნდა იმსახუროთ?

რაც დღეს თქვენგან მოითხოვება — რომ ჰარმონიულად ითანამშრომლოთ — ზუსტად ისეთივეა, რასაც იეჰოვა მოითხოვდა ისრაელიანებისგან მისდამი მსახურებასთან მიმართებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეწყვიტეთ მსახურება. რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებით ღმერთს, სულ მცირე, უნდა შეგეძლოთ ერთგულებისა და მორჩილების გამოვლენა თქვენს მსახურებაში, ასევე უნდა შეგეძლოთ გაკვეთილების პრაქტიკულად სწავლა. განსაკუთრებით მივმართავ მათ, ვინც ეკლესიაში ასრულებთ საქმეს, გაბედავდა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე და ან ძმა თქვენს გასხვლას? გაბედავდა ვინმე თქვენი შეცდომების პირში თქმას? თქვენ ყველაზე მაღლა დგახართ; თქვენ ნამდვილად მეფობთ! თქვენ არც კი სწავლობთ და არც ითავისებთ ამგვარ პრაქტიკულ გაკვეთილებს, მაგრამ მაინც საუბრობთ ღვთის მსახურებაზე! ამჟამად, შენ გევალება რამდენიმე ეკლესიის წინამძღოლობა, მაგრამ შენ არა მხოლოდ არ უარყოფ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ წარმოდგენებსა და მოსაზრებებსაც კი ებღაუჭები და ამბობ ისეთ რამეებს, როგორიცაა: „ვფიქრობ, ეს საქმე ასე უნდა აღსრულდეს. ღმერთმა თქვა, რომ არ უნდა ვიყოთ სხვების მიერ შეზღუდულნი და რომ დღესდღეობით ბრმად არ უნდა დავემორჩილოთ“. ამიტომ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მოსაზრებას იცავს და არავინ ემორჩილება ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად იცით, რომ თქვენი მსახურება ჩიხშია, მაინც ამბობთ: „როგორც მე ვხედავ, ჩემი გზა არც ისე შორს არის მიზნიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს თავისი პოზიცია აქვს: შენ შენსაზე ისაუბრე, მე კი ჩემსაზე ვისაუბრებ; შენ შენს ხილვებზე იქონიე თანაზიარება, მე კი ჩემს შესვლაზე ვიქონიებ თანაზიარებას“. თქვენ არასოდეს იღებთ პასუხისმგებლობას იმ მრავალ საქმეზე, რომელიც უნდა მოგვარდეს, ან მათ ზედაპირულად უდგებით, თითოეული თქვენგანი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს და გათვლით იცავს საკუთარ სტატუსს, რეპუტაციასა და სახეს. არცერთი თქვენგანი არ არის მზად, დაიმდაბლოს თავი და არცერთი მხარე არ გამოიჩენს ინიციატივას, უარყოს საკუთარი თავი და შეავსოს ერთმანეთის ნაკლოვანებები, რათა სიცოცხლე უფრო სწრაფად განვითარდეს. როდესაც ერთმანეთთან თანამშრომლობთ, უნდა ისწავლოთ ჭეშმარიტების ძიება. შეიძლება თქვა: „მე არ მაქვს ჭეშმარიტების ამ ასპექტის ნათელი გაგება. რა გამოცდილება გაქვს შენ ამასთან დაკავშირებით?“ ან, შეიძლება თქვა: „შენ ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს ამ ასპექტთან დაკავშირებით; გარკვეული მითითება მომეცი.“ განა ეს არ იქნებოდა საქმის კეთების კარგი გზა? თქვენ ბევრი ქადაგება მოისმინეთ და გაქვთ გარკვეული გამოცდილება მსახურებაში. თუ თქვენ არ ისწავლით ერთმანეთისგან, არ დაეხმარებით ერთმანეთს და არ შეავსებთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს ეკლესიებში მუშაობისას, მაშინ როგორ შეგიძლიათ რაიმე გაკვეთილის სწავლა? როდესაც რაიმეს წააწყდებით, ერთმანეთთან უნდა იქონიოთ თანაზიარება, რათა ეს თქვენი სიცოცხლისთვის სასარგებლო იყოს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, გულდასმით უნდა იქონიოთ თანაზიარება ნებისმიერი სახის საკითხზე. მხოლოდ ამის კეთებით იღებთ პასუხისმგებლობას ეკლესიაზე, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ზედაპირულად იმოქმედოთ. მას შემდეგ, რაც ყველა ეკლესიას მოინახულებთ, უნდა შეიკრიბოთ და იქონიოთ თანაზიარება ყველა იმ საკითხზე, რომელსაც აღმოაჩენთ, და ნებისმიერ პრობლემაზე, რომელსაც თქვენს საქმეში წააწყდებით, და ასევე უნდა იქონიოთ თანაზიარება იმ გაცისკროვნებასა და განათებაზე, რომელიც მიიღეთ — ეს მსახურების აუცილებელი პრაქტიკაა. თქვენ უნდა მიაღწიოთ ჰარმონიულ თანამშრომლობას ღვთის საქმის მიზნისთვის, ეკლესიის სასიკეთოდ და იმისათვის, რომ წაახალისოთ თქვენი ძმები და დები წინსვლისკენ. შენ უნდა ითანამშრომლო სხვებთან, შეავსო ერთმანეთის ნაკლოვანებები და მიაღწიო უკეთეს შედეგებს საქმეში, რათა გაითვალისწინო ღვთის განზრახვები. ეს არის ჭეშმარიტი თანამშრომლობა და მხოლოდ ისინი ახერხებენ ჭეშმარიტ შესვლას, ვინც მასშია ჩართული. თანამშრომლობისას, ზოგიერთი სიტყვა, რომელსაც ამბობ, შეიძლება შეუფერებელი იყოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოგვიანებით იქონიე თანაზიარება ამაზე და ნათლად გაიგე იგი; ნუ უგულებელყოფ მას. ამგვარი თანაზიარების შემდეგ, შეგიძლია წახვიდე და შეავსო შენი ძმების ან დების ნაკლოვანებები. მხოლოდ ამგვარად შენს საქმეში უფრო ღრმად შესვლით შეგიძლია უკეთესი შედეგების მიღწევა. თითოეულმა თქვენგანმა, როგორც ადამიანებმა, რომლებიც ღმერთს ემსახურებით, უნდა შეძლოთ ეკლესიის ინტერესების დაცვა ყველაფერში, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ინტერესებზე იფიქროთ. არ შეგიძლიათ უბრალოდ საკუთარი საქმის კეთება, ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრა. ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, არ არიან ღირსნი, ემსახურონ ღმერთს! ასეთ ადამიანებს საშინელი ხასიათი აქვთ; მათში ადამიანობის ნატამალიც კი არ არის დარჩენილი. ისინი ასი პროცენტით სატანა არიან! ისინი მხეცები არიან! ახლაც კი, ასეთი რამეები კვლავ ხდება თქვენ შორის; იქამდეც კი მიდიხართ, რომ თანაზიარების დროს ერთმანეთს ესხმით თავს, განზრახ ეძებთ საბაბს და სახე გიწითლდებათ რაიმე უმნიშვნელო საკითხზე კამათისას, არცერთ ადამიანს არ სურს საკუთარი თავის უარყოფა, თითოეულ ადამიანს საკუთარი განზრახვები აქვს, დაჟინებით აკვირდება მეორე მხარეს და ფხიზლობს. შეეფერება თუ არა ამგვარი ხასიათი ღვთის მსახურებას? შეუძლია თუ არა თქვენს ასეთ საქმეს რაიმეთი უზრუნველყოს თქვენი ძმები და დები? შენ არა მხოლოდ არ შეგიძლია ადამიანების წარმართვა სიცოცხლის სწორ გზაზე, არამედ სინამდვილეში შენს გახრწნილ ხასიათს ნერგავ შენს ძმებსა და დებში. განა შენ არ აზიანებ სხვებს? შენი სინდისი საშინელია და ის ძირფესვიანად დამპალია! შენ არ შედიხარ რეალობაში და არც ჭეშმარიტებას ახორციელებ პრაქტიკაში. გარდა ამისა, შენ უსირცხვილოდ აჩვენებ შენს ეშმაკურ ბუნებას სხვებს. შენ უბრალოდ სირცხვილი არ იცი! ეს ძმები და დები შენ მოგანდეს, მაგრამ შენ ისინი ჯოჯოხეთში მიგყავს. განა შენ არ ხარ ადამიანი, ვისი სინდისიც დალპა? შენ საერთოდ არ გაქვს სირცხვილი!

წინა:  დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (4)

შემდეგი:  მოაბის შთამომავლების ხსნის მნიშვნელობა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger