დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (2)

ოდესღაც თქვენ ცდილობდით, მეფეებივით გემეფათ, და დღესაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გათავისუფლებულხართ ამისგან; თქვენ კვლავ გსურთ მეფეებივით მეფობა, ცის დაჭერა და მიწის ზიდვა. ახლა ამ კითხვაზე დაფიქრდი: გაქვს კი ამის კვალიფიკაცია? სრულიად დაკარგული გაქვთ გონიერება? რეალურია ის, რასაც თქვენ მისდევთ და რისკენაც თქვენს ყურადღებას მიმართავთ? თქვენ ნორმალური ადამიანობაც კი არ გაგაჩნიათ — განა ეს სრულიად სავალალო არ არის? ამიტომ დღეს მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, როგორ უნდა გახდეთ დაპყრობილნი, როგორ უნდა დაამოწმოთ, როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი კალიბრი და როგორ უნდა შეხვიდეთ სრულყოფის გზაზე; სხვა არაფერზე არ ვსაუბრობ. ზოგ ადამიანს დაუზავებელი ჭეშმარიტების მიმართ ზიზღი აქვს და როდესაც ხედავს ამდენ საუბარს ნორმალურ ადამიანობასა და ადამიანთა კალიბრის გაუმჯობესებაზე, უხალისოდ ეკიდება მას. ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, მისი სრულყოფა ადვილი არ არის. თუ დღეს თქვენ შეხვალთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ღვთის განზრახვების მიხედვით იმოქმედებთ, ნუთუ შეიძლება, რომ მოგკვეთონ? მას შემდეგ, რაც ღმერთმა მატერიკულ ჩინეთში ამდენი საქმე გააკეთა — თანაც ასეთი მასშტაბური საქმე — და ამდენი სიტყვა წარმოთქვა, განა შეიძლება, მან ეს საქმე შუა გზაზე მიატოვოს? განა შეიძლება, მან ადამიანები უძირო უფსკრულისკენ წაიყვანოს? დღეს გადამწყვეტი ის არის, რომ უნდა იცოდეთ ადამიანის არსი და უნდა იცოდეთ, რაში უნდა შეხვიდეთ; უნდა ისაუბროთ სიცოცხლეში შესვლაზე, ხასიათის ცვლილებებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა იყოთ რეალურად დაპყრობილნი, როგორ უნდა დაემორჩილოთ ღმერთს სრულად, როგორ უნდა დადგეთ საბოლოო მოწმეებად ღვთისთვის და როგორ უნდა მიაღწიოთ სიკვდილამდე მორჩილებას. ყურადღება ამ საკითხებზე უნდა გაამახვილო, ხოლო რაც არ არის რეალისტური და მნიშვნელოვანი, ჯერ გვერდზე უნდა გადადო და ყურადღება არ მიაქციო. დღესდღეობით, უნდა იცოდე, როგორ გახდე დაპყრობილი და როგორ ვლინდებიან ადამიანები მას შემდეგ, რაც დაპყრობილნი გახდებიან. შეიძლება თქვა, რომ დაპყრობილი ხარ, მაგრამ შეძლებ კი სიკვდილამდე მორჩილებას? შენ უნდა შეძლო ბოლომდე მიყოლა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე პერსპექტივა, და არ უნდა დაკარგო ღვთისადმი რწმენა, როგორი გარემოც არ უნდა იყოს. საბოლოოდ, მოწმობის ორ ასპექტს უნდა მიაღწიო: იობის მოწმობას — მორჩილებას სიკვდილამდე; და პეტრეს მოწმობას — ღვთისადმი უზენაეს სიყვარულს. ერთი მხრივ, იობს უნდა ჰგავდე: მან დაკარგა ყველა მატერიალური სიკეთე და ხორციელი სნეულებაც დაატყდა თავს, მაგრამ იეჰოვას სახელი არ უარყო. ეს იყო იობის მოწმობა. პეტრემ შეძლო ღვთის სიყვარული სიკვდილამდე — როდესაც სიკვდილს პირისპირ შეხვდა, მაშინაც უყვარდა ღმერთი; როდესაც ჯვარზე გააკრეს, მაშინაც უყვარდა ღმერთი. მას არ უფიქრია საკუთარ პერსპექტივებზე და არ გაჰკიდებია მიმზიდველ იმედებსა და გადაჭარბებულ წარმოდგენებს; ის მხოლოდ ღვთის სიყვარულსა და ღვთის ყველა მოწყობისადმი მორჩილებას ესწრაფოდა. სწორედ ასეთ სტანდარტს უნდა მიაღწიო, სანამ ჩაითვლები მოწმობის მქონედ და გახდები ადამიანი, რომელიც დაპყრობის შემდეგ სრულყოფილად იქცა. დღეს, ადამიანებმა მართლაც რომ იცოდნენ საკუთარი არსი და სტატუსი, ისევ გაეკიდებოდნენ კი პერსპექტივებსა და იმედებს? აი, რა უნდა იცოდე: მიუხედავად იმისა, გამხდის თუ არა ღმერთი სრულყოფილს, მე უნდა მივყვე ღმერთს; ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, კარგია და ჩემს საკეთილდღეოდ კეთდება, რათა ჩვენი ხასიათი შეიცვალოს და სატანის გავლენისგან გავთავისუფლდეთ. იმისთვის, რომ ჩვენ, ვინც სიბინძურის ქვეყანაში დავიბადეთ, მოვიშოროთ და ჩამოვიფერთხოთ ეს სიბინძურე, ჩამოვიფერთხოთ სატანის გავლენა და მისგან გამოვიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შენ მოგეთხოვება, მაგრამ ღვთისთვის ეს მხოლოდ დაპყრობაა, რაც იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებს მორჩილების გადაწყვეტილება ჰქონდეთ და მთლიანად ღვთის წარმართვასა და განგებას მიენდონ. ასე საქმე აღსრულდება. დღესდღეობით, ადამიანთა უმეტესობა უკვე დაპყრობილია, მაგრამ მათში ჯერ კიდევ დიდი დოზით არის მეამბოხეობა და დაუმორჩილებლობა. ადამიანთა ნამდვილი სიმწიფე ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. როგორც კი იმედები და პერსპექტივები უჩნდებათ, მოტივაცია ეძლევათ; ხოლო თუ საერთოდ არ აქვთ იმედები და არც რაიმე პერსპექტივაზეა საუბარი, ნეგატიურები ხდებიან და ღვთის მიტოვებაზეც კი ფიქრობენ. გარდა ამისა, ადამიანებს არ აქვთ განსაკუთრებული სურვილი, ნორმალური ადამიანობით ცხოვრებისკენ ისწრაფონ. ეს მიუღებელია. ამიტომ მე კვლავ უნდა ვისაუბრო დაპყრობაზე. სინამდვილეში, სრულყოფა დაპყრობასთან ერთად ხდება: როდესაც შენ დაპყრობილი ხდები, სრულყოფილად ქცევის პირველი შედეგებიც მიიღწევა. იქ, სადაც დაპყრობილად გახდომასა და სრულყოფილად ქცევას შორის განსხვავებაა, ეს ადამიანებში ცვლილების ხარისხით განისაზღვრება. დაპყრობილად გახდომა პირველი ნაბიჯია სრულყოფილად ქცევისკენ და ის ვერ ჩაანაცვლებს სრულყოფილად ქცევას, არც იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანები ღმერთმა სრულად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ადამიანები დაპყრობილნი გახდებიან, მათ ხასიათში გარკვეული ცვლილებები ხდება, მაგრამ ასეთი ცვლილებები ბევრად ჩამოუვარდება იმ ცვლილებებს, რომლებიც იმ ადამიანებში ხდება, ვინც ღმერთმა სრულად მოიპოვა. დღეს ის, რაც კეთდება, ადამიანთა სრულყოფილად ქცევის საწყისი საქმეა — მათი დაპყრობა — და თუ შენ ვერ გახდები დაპყრობილი, მაშინ ვერც სრულყოფილი გახდები და ვერც ღმერთი მოგიპოვებს სრულად. შენ გაკიცხვისა და განკითხვის მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მოიპოვებ, მაგრამ ეს ვერ შეძლებს შენი გულის სრულად შეცვლას. ამგვარად, შენ ერთ-ერთი მოკვეთილთაგანი იქნები; ეს არაფრით განსხვავდება იმისგან, რომ მაგიდაზე გაშლილ უხვ ნადიმს უყურებდე, მაგრამ არ ჭამდე. განა ეს შენთვის უკიდურესად სავალალო სცენარი არ არის? ამიტომ შენ ცვლილებებისკენ უნდა ისწრაფოდე: იქნება ეს დაპყრობილად გახდომა თუ სრულყოფილად ქცევა, ორივე იმას უკავშირდება, არის თუ არა შენში ცვლილებები და ხარ თუ არა მორჩილი; სწორედ ეს განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ღმერთი შენს მოპოვებას. იცოდე, რომ „დაპყრობილად გახდომა“ და „სრულყოფილად ქცევა“ მხოლოდ ცვლილებისა და მორჩილების მასშტაბით, ასევე, ღვთისადმი შენი სიყვარულის სიწმინდით განისაზღვრება. დღეს მოითხოვება ის, რომ შენ სრულად იქცე სრულყოფილად, მაგრამ ჯერ დაპყრობილი უნდა გახდე — საკმარისად უნდა იცნობდე ღვთის გაკიცხვასა და განკითხვას, უნდა გქონდეს რწმენა, რომ გაჰყვე, და უნდა იყო ადამიანი, რომელიც ესწრაფვის ცვლილებებსა და ღვთის შეცნობას. მხოლოდ მაშინ იქნები ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ქცევისკენ ისწრაფვის. უნდა გესმოდეთ, რომ სრულყოფილად ქცევის პროცესში დაპყრობილნი გახდებით, ხოლო დაპყრობის პროცესში — სრულყოფილნი. დღეს შენ შეგიძლია ეძებო სრულყოფილად ქცევა ან ესწრაფოდე ცვლილებებს შენს გარეგნულ ადამიანობაში და შენი კალიბრის გაუმჯობესებას, მაგრამ უმთავრესია, გაიგო, რომ ყველაფერს, რასაც ღმერთი დღეს აკეთებს, თავისი მნიშვნელობა აქვს და სასიკეთოა. ეს საშუალებას გაძლევს შენ, სიბინძურის ქვეყანაში დაბადებულს, მოიშორო ეს სიბინძურე და ჩამოიფერთხო იგი; ეს საშუალებას გაძლევს, დაძლიო სატანის გავლენა და გათავისუფლდე სატანის ბნელი გავლენისგან; და იმით, რომ ამ საკითხებზე გამახვილებინებს ყურადღებას, ის ამ სიბინძურის ქვეყანაში გიცავს. საბოლოოდ, რა მოწმობის გაცემა მოგეთხოვება? ეს არის ის, რომ შენ, სიბინძურის ქვეყანაში დაბადებულმა, შეძლო განწმენდილად ქცევა და ამის შემდეგ, აღარასოდეს შეიბილწო სიბინძურით; ხოლო შენ, ვინც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობ, გათავისუფლდე სატანის გავლენისგან, აღარ იყო სატანის მიერ შეპყრობილი და არც მის მიერ შევიწროებული, და, ამგვარად, ყოვლისშემძლის მფარველობის ქვეშ იცხოვრო. ეს არის მოწმობა და სატანასთან ბრძოლაში გამარჯვების მტკიცებულება. შენ შეგიძლია აუჯანყდე სატანას; შენს ცხოვრებაში უკვე აღარ ვლინდება სატანური ხასიათი, არამედ ვლინდება ის, რასაც ღმერთი ადამიანისგან მოითხოვდა, რომ ადამიანს მიეღწია, როდესაც მან ადამიანი შექმნა: ნორმალური ადამიანობა, ნორმალური გონება, ნორმალური გამჭრიახობა, ღვთის სიყვარულის ნორმალური გადაწყვეტილება და ღვთისადმი ერთგულება. სწორედ ასეთი მოწმობა უნდა გასცეს შექმნილმა არსებამ. შენ ამბობ: „ჩვენ სიბინძურის ქვეყანაში დავიბადეთ, მაგრამ ღვთის დაცვის, მისი წინამძღოლობისა და იმის გამო, რომ მან დაგვიპყრო, ჩვენ სატანის გავლენისგან გავთავისუფლდით. ის, რომ დღეს შეგვიძლია მორჩილება, ასევე, ღვთის მიერ ჩვენი დაპყრობის შედეგია და არა იმიტომ, რომ კარგები ვართ ან ბუნებრივად გვიყვარდა ღმერთი. სწორედ იმიტომ, რომ ღმერთმა აგვირჩია და წინასწარ განგვსაზღვრა, დღეს დაპყრობილნი ვართ, შეგვიძლია მისთვის მოწმობის გაცემა და მისი მსახურება; ასევე, სწორედ იმიტომ, რომ მან აგვირჩია და დაგვიცვა, მივაღწიეთ ხსნას, სატანის ძალაუფლებას დავაღწიეთ თავი, მოვიშორეთ სიბინძურე და განვიწმინდეთ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში“. გარდა ამისა, ის, რასაც გარეგნულად ავლენ, აჩვენებს, რომ ნორმალური ადამიანობა გაგაჩნია, შენს ნათქვამში არის გონიერება და ნორმალური ადამიანის მსგავსებას ავლენ. როდესაც სხვები გხედავენ, არ უნდა მისცე მათ საბაბი, რომ თქვან: „განა ეს დიდი წითელი დრაკონის ხატება არ არის?“ დები დებს არ ჰგვანან, ძმები კი — ძმებს, და თქვენ წმინდანთა არავითარი კეთილწესიერება არ გაგაჩნიათ. მაშინ ადამიანები იტყოდნენ: „გასაკვირი არ არის, რომ ღმერთმა თქვა, ისინი მოაბის შთამომავლები არიანო; ის სრულიად მართალი იყო!“ თუ ადამიანები შემოგხედავენ თქვენ და იტყვიან: „მართალია, ღმერთმა თქვა, რომ მოაბის შთამომავლები ხართ, მაგრამ ის, რასაც თქვენ ავლენთ, ამტკიცებს, რომ სატანის გავლენისგან გათავისუფლდით; მართალია, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თქვენშია, მაგრამ შეგიძლიათ აუჯანყდეთ მას — ეს აჩვენებს, რომ თქვენ სრულად ხართ დაპყრობილნი“, თქვენ, ვინც დაპყრობილნი და გადარჩენილნი ხართ, იტყვით: „მართალია, ჩვენ მოაბის შთამომავლები ვართ, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მოაბის შთამომავლები უარყოფილნი და დაწყევლილნი იყვნენ და ისრაელის ხალხმა ისინი წარმართთა შორის გადაასახლა, დღეს ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა. მართალია, ჩვენ ყველა ადამიანზე მეტად გახრწნილები ვართ — ეს ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ დღეს ჩვენ ამ გავლენას თავი დავაღწიეთ. ჩვენ გვძულს ჩვენი წინაპარი, მზად ვართ, ავუჯანყდეთ ჩვენს წინაპარს, ამას ბოლომდე გავაკეთებთ, დავემორჩილებით ღვთის ყველა მოწყობას და ღვთის განზრახვების მიხედვით ვიმოქმედებთ, ამგვარად შევასრულებთ იმას, რასაც ის ჩვენგან მოითხოვს და დავაკმაყოფილებთ ღვთის განზრახვებს. მოაბმა უღალატა ღმერთს, ის ღვთის განზრახვების მიხედვით არ მოქმედებდა და ღმერთმა ის შეიძულა. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის გული და დღეს, რადგან გვესმის ღვთის განზრახვები, არ შეგვიძლია ღვთის ღალატი და უნდა ავუჯანყდეთ ჩვენს ძველ წინაპარს!“ ადრე მე ვსაუბრობდი დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ აჯანყებაზე, ხოლო დღეს ძირითადად საუბარია ადამიანთა ძველი წინაპრის წინააღმდეგ აჯანყებაზე. ეს ადამიანის დაპყრობის მოწმობის ერთ-ერთი ასპექტია და, მიუხედავად იმისა, დღეს როგორ შედიხარ, ამ მხრივ შენი მოწმობა უნდა არსებობდეს.

ადამიანთა კალიბრი ძალიან სუსტია, მათ მეტისმეტად აკლიათ ნორმალური ადამიანობა, მათი რეაქციები ზედმეტად ნელი და ზანტია; სატანის გახრწნილებამ ისინი უგრძნობნი და გონებაჩლუნგნი გახადა და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ-ორ წელიწადში სრულად ვერ შეიცვლებიან, თანამშრომლობის გადაწყვეტილება მაინც უნდა ჰქონდეთ. შეიძლება ითქვას, რომ ესეც მოწმობაა სატანის წინაშე. დღევანდელი მოწმობა ამჟამინდელი დაპყრობის საქმის შედეგია და, ამავე დროს, ნიმუში და მოდელია მომავალი მიმდევრებისთვის. მომავალში ის ურიცხვ ერში გავრცელდება; საქმე, რომელიც ჩინეთში კეთდება, ურიცხვ ერში გავრცელდება. მოაბის შთამომავლები მსოფლიოს ყველა ხალხს შორის ყველაზე მდაბალნი არიან. ზოგი კითხულობს: „განა ქამის შთამომავლები არ არიან ყველაზე მდაბალნი?“ დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობასა და ქამის შთამომავლებს განსხვავებული წარმომადგენლობითი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო ქამის შთამომავლები სხვა საკითხია: როგორც არ უნდა იყვნენ დაწყევლილნი, ისინი მაინც ნოეს შთამომავლები არიან; ხოლო მოაბის წარმომავლობა არ იყო წმინდა: მოაბი სიძვიდან წარმოიშვა და სწორედ ამაშია განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ ორივენი დაწყევლილნი იყვნენ, მათი სტატუსი ერთნაირი არ ყოფილა, ამიტომ მოაბის შთამომავლები ყველა ხალხს შორის ყველაზე მდაბალნი არიან — და არ შეიძლება არსებობდეს უფრო დამაჯერებელი ფაქტი, ვიდრე ყველა ხალხს შორის ყველაზე მდაბალთა დაპყრობა. უკანასკნელი დღეების საქმე არღვევს ყველა წესს და, მიუხედავად იმისა, დაწყევლილი ხარ თუ დასჯილი, თუ სარგებლის მომტანი ხარ ჩემი საქმისთვის და სასარგებლო იქნები დღევანდელი დაპყრობის საქმისთვის, და, მიუხედავად იმისა, მოაბის შთამომავალი ხარ თუ დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობა, თუ ამ ეტაპის საქმეში შეგიძლია შეასრულო შექმნილი არსების მოვალეობა და შენი საქმე საფუძვლიანად გააკეთო, მაშინ სათანადო შედეგი მიღწეული იქნება. შენ დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობა ხარ და მოაბის შთამომავალი ხარ; მთლიანობაში, ყველა, ვინც ხორცისა და სისხლისგან არის, შექმნილი არსებაა და შემოქმედის მიერ არის შექმნილი. შენ შექმნილი არსება ხარ, არ უნდა გქონდეს რაიმე არჩევანი და ეს შენი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, დღეს შემოქმედის საქმე მთელი სამყაროსკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, ვისგან ხარ წარმოშობილი, საბოლოოდ, შენ ერთ-ერთი შექმნილი არსება ხარ; თქვენ — მოაბის შთამომავლები — შექმნილ არსებათა ნაწილი ხართ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დაბალი ფასეულობისანი ხართ. რადგან, დღეს, ღვთის საქმე ყველა შექმნილ არსებას შორის სრულდება და მთელი სამყაროსკენ არის მიმართული, შემოქმედს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ადამიანი, მოვლენა ან საგანი თავისი საქმის შესასრულებლად. მას არ აინტერესებს, ადრე ვისგან იყავი წარმოშობილი; თუ შენ ერთ-ერთი შექმნილი არსება ხარ და თუ სასარგებლო ხარ მისი საქმისთვის — დაპყრობის საქმისთვის — და მისი მოწმობისთვის, ის ყოველგვარი შიშის გარეშე შეასრულებს თავის საქმეს შენზე. ეს ამსხვრევს ადამიანთა ტრადიციულ წარმოდგენებს, რომელთა თანახმადაც ღმერთი არასოდეს იმოქმედებს წარმართთა შორის, მით უმეტეს მათ შორის, ვინც დაწყევლილი და მდაბალია; ისინი, ვინც დაწყევლილია, მათგან წარმოშობილი ყველა მომავალი თაობაც სამუდამოდ დაწყევლილი იქნება და არასოდეს ექნება ხსნის არავითარი შანსი; ღმერთი არასოდეს ჩამოვა და არ იმოქმედებს წარმართთა ქვეყანაში და არასოდეს დადგამს ფეხს სიბინძურის ქვეყანაში, რადგან ის წმინდაა. ყველა ეს წარმოდგენა ღვთის უკანასკნელი დღეების საქმემ დაამსხვრია. იცოდე, რომ ღმერთი ყველა შექმნილი არსების ღმერთია, მას ხელმწიფება აქვს ცაზე, მიწასა და ყოველივეზე და ის მხოლოდ ისრაელის ხალხის ღმერთი არ არის. ამიტომ, ამ საქმეს ჩინეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, და განა ის ურიცხვ ერებში არ გავრცელდება? მომავლის დიდი მოწმობა ჩინეთით არ შემოიფარგლება; ღმერთს მხოლოდ თქვენ რომ დაეპყარით, განა ეს დემონებს დაარწმუნებდა? მათ არ ესმით, რას ნიშნავს დაპყრობილად გახდომა ან ღვთის დიდი ძალა, და მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელ სამყაროში ღვთის რჩეული ხალხი ამ საქმის საბოლოო შედეგებს იხილავს, ყველა შექმნილი არსება დაპყრობილი გახდება. მოაბის შთამომავლებზე უფრო ჩამორჩენილი ან გახრწნილი არავინ არის. ასეთი ადამიანებიც კი დაპყრობილნი გახდნენ — ანუ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გახრწნილნი იყვნენ, ვინც ღმერთს არ აღიარებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ღმერთი არსებობს, დაპყრობილნი გახდნენ, თავიანთი პირით აღიარებენ ღმერთს, განადიდებენ მას და შეუძლიათ მისი სიყვარული — სწორედ ეს და მხოლოდ ეს არის დაპყრობის მოწმობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პეტრე არ ხართ, თქვენ პეტრეს ხატს ავლენთ, შეგიძლიათ გქონდეთ პეტრესა და იობის მოწმობა და ეს არის უდიდესი მოწმობა. საბოლოოდ შენ იტყვი: „ჩვენ ისრაელიტები არ ვართ, არამედ მოაბის უარყოფილი შთამომავლები ვართ; ჩვენ არ ვართ პეტრე, რომლის კალიბრსაც ვერ ვწვდებით, არც იობი ვართ, და პავლეს ღვთისთვის ტანჯვისა და თავის მიძღვნის გადაწყვეტილებასაც კი ვერ შევედრებით; ჩვენ ასე ჩამორჩენილნი ვართ და ამიტომ არ გვაქვს კვალიფიკაცია, რომ ღვთის კურთხევებით დავტკბეთ. ღმერთმა დღეს მაინც აგვამაღლა; ამიტომ უნდა დავაკმაყოფილოთ ღმერთი და, მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი კალიბრი და კვალიფიკაცია გვაქვს, მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ღმერთი — ჩვენ ეს მტკიცედ გადავწყვიტეთ. ჩვენ მოაბის შთამომავლები ვართ და დაწყევლილნი ვიყავით. ეს ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა და ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ის, რასაც ჩვენს ცხოვრებაში ვავლენთ და ჩვენი ცოდნა შეიძლება შეიცვალოს, და ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ დავაკმაყოფილოთ ღმერთი“. როდესაც შენში ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ეს დაამტკიცებს, რომ უკვე გაქვს დაპყრობის მოწმობა.

წინა:  როგორ მიიღწევა დაპყრობითი სამუშაოს მეორე ეტაპის შედეგები

შემდეგი:  დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (3)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger