ღვთის საქმის ხედვა (3)
უფალი პირველად ხორციელად მოვიდა სულიწმიდის მიერ ჩასახვის გზით და ეს დაკავშირებული იყო იმ საქმესთან, რომლის შესრულებაც ღმერთს ჰქონდა განზრახული. მადლის ეპოქა იესოს სახელით დაიწყო. როდესაც იესომ დაიწყო მსახურება, სულიწმიდამ იესოს სახელის დამოწმება დაიწყო და იეჰოვას სახელი აღარ იხსენიებოდა. ნაცვლად ამისა, სულიწმიდამ წამოიწყო ახალი საქმე ძირითადად იესოს სახელით. ისინი, ვისაც მისი სწამდათ, მოწმობდნენ იესო ქრისტეზე და ასევე აღასრულებდნენ საქმეს იესო ქრისტესთვის. ძველი აღთქმის რჯულის ეპოქის დასასრული იმას ნიშნავდა, რომ ძირითადად იეჰოვას სახელით საქმის აღსრულება დასრულდა. ამიერიდან ღვთის სახელი აღარ იყო იეჰოვა. ნაცვლად ამისა მას ეწოდა იესო და ამიერიდან სულიწმიდამ ძირითადად იესოს სახელით დაიწყო მოქმედება. მაშასადამე, ადამიანო, რომელიც დღესაც ჭამ და სვამ იეჰოვას სიტყვებს და კვლავ ყველაფერს აკეთებ რჯულის ეპოქის საქმის შესაბამისად, განა არ იცავ წესებს? ნუთუ წარსულში არ ხარ ჩარჩენილი? ახლა იცით, რომ უკანასკნელი დღეები დადგა. შესაძლებელია, რომ როდესაც იესო მოვა, მას კვლავ იესო ერქვას? იეჰოვამ ისრაელის ხალხს უთხრა, რომ მესია მოვიდოდა, თუმცა როდესაც ის მოვიდა, მას მესია კი არა, იესო ერქვა. იესომ თქვა, რომ ის კვლავ მოვიდოდა და რომ ის ისე მოვიდოდა, როგორც წავიდა. ეს იყო იესოს სიტყვები, მაგრამ შენ ნახე, როგორ წავიდა იესო? იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული წავიდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ის პირადად დაბრუნდეს ადამიანებთან თეთრ ღრუბელზე მჯდომი? ასე რომ ყოფილიყო, განა მას ისევ იესო არ ერქმეოდა? როდესაც იესო კვლავ მოვა, ეპოქა უკვე შეცვლილი იქნება და ასე რომ, განა შეიძლება მას ისევ იესო ერქვას? შეიძლება თუ არა, რომ ღმერთს მხოლოდ იესოს სახელით ვიცნობდეთ? განა არ შეიძლება მას ახალ ეპოქაში ახალი სახელი ერქვას? განა შეუძლია ერთი ადამიანის ხატსა და ერთ კონკრეტულ სახელს წარმოადგინოს ღმერთი მთელი თავისი სისავსით? ყოველ ჟამს ღმერთი ახალ საქმეს აღასრულებს და ახალი სახელით იწოდების; ვითარ შეძლო მან, ერთი და იგივე საქმე სხვადასხვა ჟამს აღესრულებინა? ვითარ შეძლო მან, ძველს მიჯაჭვულიყო? იესოს სახელი აღებულია კაცთა ცოდვებისგან გამოსახსნელად და იგი კვლავაც იმავე სახელით იწოდება, როდესაც ბოლო ჟამს დაბრუნდება? ის კვლავ ცოდვების გამოსყიდვის საქმეს აღასრულებს? რატომ არის იეჰოვა და იესო ერთი, თუმცა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახელით იწოდებიან? განა ასე იმიტომ არ არის, რომ მათი საქმის აღსრულების ეპოქა განსხვავდება? ძალუძს კი ერთ სახელს სრულად წარმოაჩინოს ღმერთი? თუ ეს ასეა, ღმერთს უნდა ეწოდოს სხვადასხვა სახელი სხვადასხვა ეპოქაში და სწორედ ეს სახელი უნდა გამოიყენოს ამ ხანის შესაცვლელად და წარმოსაჩენად. რამეთუ ვერცერთი სახელი წარმოაჩენს სრულად თავად ღმერთს და ყოველი სახელი წარმოაჩენს მხოლოდ ღვთის ბუნებას, რომელიც კონკრეტულ ეპოქას ახასიათებს. ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მისი საქმის წარმოჩენაა. ამიტომ, ღმერთს ძალუძს შეარჩიოს მისი განგებულების შესაბამისი სახელი მთელი ხანის წარმოსაჩენად. მიუხედავად იმისა, იქნება ეს იეჰოვას ეპოქა თუ იესოს ეპოქა, თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს. მადლის ეპოქის დასასრულს დადგა უკანასკნელი ეპოქა და იესო უკვე მოვიდა. როგორ შეიძლება მას კვლავ იესო ერქვას? როგორ შეიძლება ის კვლავ იესოს სახით მოვიდეს კაცთა შორის? დაგავიწყდა, რომ იესო მხოლოდ ნაზარეველის ხატება იყო? დაგავიწყდა, რომ იესო მხოლოდ კაცობრიობის მხსნელი იყო? როგორ შეეძლო მას უკანასკნელ დღეებში საკუთარ თავზე ეტვირთა ადამიანის დამორჩილებისა და სრულყოფის საქმე? იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული წავიდა — ეს ფაქტია, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ის თეთრ ღრუბელზე მჯდომი დაბრუნებულიყო კაცთა შორის და მისთვის მაინც იესო ეწოდებინათ? თუ ის მართლა ღრუბელზე მჯდომი მოვიდოდა, როგორ ვერ იცნობდნენ მას ადამიანები? განა მთელ მსოფლიოში ხალხი ვერ იცნობდა მას? ამ შემთხვევაში ნუთუ მხოლოდ იესო არ იქნებოდა ღმერთი? ამ შემთხვევაში, ღვთის ხატება იქნებოდა ებრაელის გარეგნობა და უფრო მეტიც, ის სამუდამოდ უცვლელი დარჩებოდა. იესომ თქვა, რომ ის მოვიდოდა ისე, როგორც წავიდა, მაგრამ გესმის მისი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? ნუთუ მან ეს თქვენს ჯგუფს უთხრა? შენ მხოლოდ ის იცი, რომ ის მოვა ისე, როგორც წავიდა, ღრუბელზე ამხედრებული, მაგრამ ზუსტად იცი, როგორ აღასრულებს თავის საქმეს ღმერთი? მართლა რომ გქონოდა დანახვის უნარი, როგორ შეიძლება აიხსნას იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები? მან თქვა: როცა მოვა ძე კაცისა უკანასკნელ დღეებში, არც მას ეცოდინება, არც ანგელოზებს, არც ზეციურ მაცნეებს და არც მთელ კაცობრიობას. მხოლოდ მამას ეცოდინება ანუ მხოლოდ სულიწმიდას. თვით ძე კაცისამაც კი არ იცის და შენ ხედავ და იცი? შენ რომ იცოდე და საკუთარი თვალით შეგეძლოს დანახვა, განა ეს სიტყვები ამაოდ არ იქნებოდა ნათქვამი? და რა თქვა იესომ მაშინ? „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. … ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.“ როდესაც ეს დღე დადგება, თავად ძე კაცისა ვერ გაიგებს ამას. ძე კაცისა გულისხმობს ღვთის განკაცებას, ნორმალურ და ჩვეულებრივ ადამიანს. რადგან თვით ძე კაცისამაც არ იცის, შენ საიდან გეცოდინება? იესომ თქვა, რომ ის ისე მოვიდოდა, როგორც წავიდა. თავადაც არ იცის როდის მოვა და განა შეძლებს ეს წინასწარ გაცნობოს? შეძლებ მისი მოსვლის დანახვას? განა ეს ხუმრობა არ არის? ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ის იცვლის თავის სახელს, სქესს, ხატებასა და საქმეს; ის არ იმეორებს თავის საქმეს. ის არის ღმერთი, რომელიც ყოველთვის ახალია და არასდროს არის ძველი. როდესაც ის ადრე მოვიდა, მას იესო ერქვა. შეიძლება თუ არა მას ისევ იესო ერქვას, როდესაც ის კვლავ მოვა? როდესაც ის ადრე მოვიდა, კაცი იყო; შეიძლება ამჯერადაც კაცი იყოს? მისი საქმე, როდესაც ის მადლის ხანაში მოვიდა, ჯვარზე გაკვრა იყო. როდესაც ის ისევ მოვა, კვლავ შეძლებს კაცობრიობის გამოსყიდვას ცოდვებისგან? შეიძლება ის კვლავ ჯვარს აცვან? განა ეს მისი საქმის გამეორება არ იქნებოდა? ნუთუ არ იცოდი, რომ ღმერთი ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი? არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი უცვლელია. ეს სწორია, მაგრამ ეს ეხება ღვთის ხასიათისა და მისი არსის უცვლელობას. მისი სახელისა და საქმის ცვლილებები არ ამტკიცებს იმას, რომ მისი არსი შეიცვალა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ყოველთვის ღმერთი იქნება და ეს არასდროს შეიცვლება. თუ შენ იტყვი, რომ ღვთის საქმე უცვლელია, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის დასრულება? შენ მხოლოდ ის იცი, რომ ღმერთი სამუდამოდ უცვლელია, მაგრამ იცი კი, რომ ღმერთი ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი? თუ ღვთის საქმე უცვლელია, მაშინ შეეძლო მას კაცობრიობის დღემდე მოყვანა? თუ ღმერთი უცვლელია, მაშინ რატომ აღასრულა მან უკვე ორი ეპოქის საქმე? მისი საქმე არასდროს წყვეტს წინსვლას ანუ მისი ხასიათი თანდათანობით აშკარავდება ადამიანის წინაშე და რაც მჟღავნდება, მისი თანდაყოლილი ხასიათის გამოვლენაა. თავდაპირველად ღვთის ხასიათი დაფარული იყო კაცთათვის. ის არასდროს უმჟღავნებდა ღიად თავის ხასიათს ადამიანს და ადამიანი უბრალოდ არ იცნობდა მას. ამიტომ ის თავისი საქმის მეშვეობით თანდათანობით უმჟღავნებს თავის ხასიათს ადამიანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის ხასიათი იცვლება ყოველ ეპოქაში. საქმე იმაში კი არ არის, რომ ღვთის განწყობა მუდმივად იცვლება, რადგან მისი განზრახვები მუდმივად იცვლება, არამედ იმაში, რომ რადგან მისი საქმის აღსრულების ეპოქები განსხვავებულია, ღმერთი იღებს თავის თანდაყოლილ ხასიათს მთლიანად და თანდათან უცხადებს მას ადამიანს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს მისი შეცნობა. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ადასტურებს იმას, თითქოს ღმერთს თავიდანვე არ გააჩნდა განსაკუთრებული ხასიათი ან თითქოს მისი ხასიათი საუკუნეების მანძილზე თანდათან შეიცვალა. ასეთი გაგება მცდარი იქნებოდა. ღმერთი ეპოქების შესაბამისად უცხადებს ადამიანს თავის თანდაყოლილ და კონკრეტულ ხასიათს, თავის არსებას. ერთი ეპოქის საქმე ვერ გამოხატავს ღვთის მთელ ხასიათს. ამრიგად, სიტყვები „ღმერთი ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი” ეხება მის საქმეს, ხოლო სიტყვები „ღმერთი უცვლელია” — კი იმას, რაც ღმერთს თანდაყოლილად აქვს და რაც ის არის. მიუხედავად ამისა, შენ არ შეგიძლია ექვსიათასწლოვანი საქმე ერთ წერტილში მოაქციო ან მკვდარი სიტყვებით შემოსაზღვრო ის. ასეთია ადამიანის უმეცრება. ღმერთი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადამიანს წარმოუდგენია და მისი საქმე რომელიმე ერთი ეპოქით ვერ შემოიფარგლება. მაგალითად, იეჰოვა ყოველთვის ვერ წარმოადგენს ღვთის სახელს. ღმერთს ასევე შეუძლია თავისი საქმე იესოს სახელით აღასრულოს. ეს იმის ნიშანია, რომ ღვთის საქმე მუდამ წინ მიიწევს.
ღმერთი ყოველთვის ღმერთია და ის არასდროს გახდება სატანა. სატანა ყოველთვის სატანაა და ის არასოდეს გახდება ღმერთი. ღვთის სიბრძნე, ღვთის საკვირველება, ღვთის სამართლიანობა და ღვთის დიდებულება არასდროს შეიცვლება. მისი არსი და ის, რაც მას აქვს და რაც იგი არის, არასდროს შეიცვლება. რაც შეეხება მის საქმეს, ის ყოველთვის წინ მიიწევს და უფრო მეტი სიღრმე ეძლევა, რადგან ის ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი. ყოველ ეპოქაში ღმერთი იღებს ახალ სახელს, აღასრულებს ახალ საქმეს და საშუალებას აძლევს თავის ქმნილებებს, დაინახონ მისი ახალი განზრახვანი და ახალი ხასიათი. თუ ახალ ეპოქაში ადამიანები ვერ დაინახავდნენ ღვთის ახალი ხასიათის გამოხატულებას, განა ისინი მას სამუდამოდ ჯვარზე არ გააკრავდნენ? და ამით განა ისინი არ შემოსაზღვრავდნენ ღმერთს? ღმერთი რომ განკაცებულიყო, მხოლოდ როგორც მამაკაცი, ადამიანები მას აღიქვამდნენ როგორც მამაკაცს, მამაკაცთა ღმერთს და არასოდეს ირწმუნებდნენ, რომ ის ქალების ღმერთიცაა. მაშინ მამაკაცები ჩათვლიდნენ, რომ ღმერთი მათივე სქესისაა, რომ ღმერთი მამაკაცთა თავია, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ქალებზე? ეს უსამართლობაა. განა ეს მიკერძოებული მოპყრობის გამოხატულება არ არის? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ყველა, ვისაც ღმერთი გადაარჩენდა, მისი მსგავსი მამაკაცი იქნებოდა და არცერთი ქალი არ გადარჩებოდა. როდესაც ღმერთმა კაცობრიობა შექმნა, მან შექმნა ადამი და შექმნა ევა. მან შექმნა არა მხოლოდ ადამი, არამედ მამაკაციც და ქალიც თავის ხატად. ღმერთი მხოლოდ მამაკაცთა ღმერთი როდია. ის ქალების ღმერთიცაა. უკანასკნელ დღეებში ღმერთი საქმის ახალ ეტაპს იწყებს. ის კიდევ უფრო მეტად გაამჟღავნებს თავის ხასიათს და ეს არ იქნება იესოს დროინდელი წყალობა და სიყვარული. რადგან მას ახალი საქმე აქვს აღსასრულებელი, ამ ახალ საქმეს თან ახლავს ახალი ხასიათი. ასე რომ, ეს საქმე სულიწმიდის მიერ რომ შესრულებულიყო, ღმერთი რომ არ განკაცებულიყო და ამის ნაცვლად სულიწმიდას უშუალოდ ჭექა-ქუხილის მეშვეობით ელაპარაკა, რათა ხალხს მასთან კონტაქტის საშუალება არ ჰქონოდათ, შეძლებდა კი ადამიანი მისი ხასიათის შეცნობას? თუ საქმეს მხოლოდ სულიწმიდა აღასრულებდა, მაშინ ადამიანს არ ექნებოდა ღვთის ხასიათის შეცნობის საშუალება. ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ღვთის განწყობის ხილვა საკუთარი თვალით, როდესაც ის განკაცდება, როდესაც მისი სიტყვა ხორცს შეისხამს და ის მთელ თავის ხასიათს ხორცის მეშვეობით გამოხატავს. ღმერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ცხოვრობს კაცთა შორის. ის ხელშესახებია. ადამიანს შეუძლია რეალურად ეზიაროს მის ხასიათს, იმას, რაც მას აქვს და რაც იგი არის. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანს მისი ჭეშმარიტად შეცნობა. ამავდროულად, ღმერთმა ასევე დაასრულა საქმე, სადაც „ღმერთი არის კაცთა ღმერთი და ქალთა ღმერთი” და მთელი თავისი საქმე ხორციელად აღასრულა. ის არ იმეორებს საქმეს არცერთ ეპოქაში. ვინაიდან დადგა უკანასკნელი დღეები, ის აღასრულებს უკანასკნელი დღეების საქმეს და გაამჟღავნებს მთელ თავის ხასიათს უკანასკნელ დღეებში. როდესაც უკანასკნელ დღეებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ განსხვავებულ ეპოქას, რომელშიც, როგორც იესომ თქვა, აუცილებლად გადაიტანთ კატასტროფებს, მიწისძვრებს, შიმშილსა და ეპიდემიებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის ახალი ეპოქა და აღარ არის მადლის ძველი ეპოქა. თუ დავუშვებთ, როგორც ხალხი ამბობს, რომ ღმერთი მუდამ უცვლელია, ყოველთვის აქვს მოწყალე და მოსიყვარულე ხასიათი, რომ მას უყვარს ადამიანი, როგორც საკუთარი თავი და ის ყოველ ადამიანს სთავაზობს ხსნას და არასოდეს სძულს ადამიანი, შეიძლება მისი საქმე ოდესმე დასრულდეს? როდესაც იესო მოვიდა და ჯვარზე აცვეს, ყველა ცოდვილისთვის მსხვერპლად შესწირა თავი და საკუთარი თავი სამსხვერპლოზე მიიტანა, მან უკვე დაასრულა გამოსყიდვის საქმე და დაასრულა მადლის ეპოქა. მაშ, რა აზრი ექნებოდა იმ ეპოქის საქმის გამეორებას უკანასკნელ დღეებში? განა იმავე საქმის კეთება არ იქნებოდა იესოს საქმის უარყოფა? ღმერთს რომ ჯვარცმის საქმე არ აღესრულებინა, როდესაც ის ამ ეტაპამდე მოვიდა, არამედ დარჩენილიყო მოსიყვარულე და მოწყალე, მაშინ შეძლებდა ის ეპოქის დასასრულამდე მიყვანას? შეძლებდა მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთი ეპოქის დასრულებას? ეპოქის დამაგვირგვინებელ ღვთის საბოლოო საქმეში მისი ხასიათი მდგომარეობს გაკიცხვასა და განკითხვაში, როდესაც ის ააშკარავებს ყველა უსამართლობას, რათა საჯაროდ განსაჯოს უამრავი ხალხი და სრულყოს ისინი, ვისაც ის გულწრფელად უყვარს. მხოლოდ ასეთ ხასიათს შეუძლია ეპოქის დასრულება. უკანასკნელი დღეები უკვე დადგა. ყველაფერი ხარისხდება მათი გვარისამებრ და იყოფა სხვადასხვა კატეგორიად მათი განსხვავებული თვისებების მიხედვით. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ღმერთი ააშკარავებს ადამიანების შედეგებსა და საბოლოო სამყოფელს. გაკიცხვისა და სამსჯავროს გარეშე ადამიანთა ურჩობა და უსამართლობა ვერ გამოაშკარავდება. მხოლოდ გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით შეიძლება მოხდეს სრული შედეგების გამოვლენა. ადამიანები მხოლოდ გაკიცხვისა და სამსჯავროს დროს აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ბოროტი ბოროტს შეეკვრება, კეთილი — კეთილს და ყველა ადამიანი დახარისხდება თავისი გვარისამებრ. გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით გამოვლინდება ყოველივეს შედეგი, რათა ბოროტი დაისაჯოს, ხოლო კეთილი დაჯილდოვდეს და უამრავი ხალხი დაემორჩილოს ღვთის ხელმწიფებას. მთელი ეს საქმე სამართლიანი გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით უნდა აღსრულდეს. რადგან ადამიანების გახრწნილებამ პიკს მიაღწია და მათი ურჩობა უკიდურესად მძიმეა, მხოლოდ ღვთის სამართლიან ხასიათს, რომელიც ძირითადად გაკიცხვასა და სამსჯავროს მოიცავს და უკანასკნელ დღეებში ცხადდება, შეუძლია სრულად გარდაქმნას ადამიანები და სრულქმნას ისინი, ამხილოს ბოროტება და, ამგვარად, ყველა უსამართლო მკაცრად დასაჯოს. ამიტომ, ასეთი ხასიათი ეპოქის მნიშვნელობითაა გაჟღენთილი. ღვთის ხასიათი მჟღავნდება და ცხადდება ყოველი ახალი ეპოქის საქმისათვის. ღმერთი თავის ხასიათს თვითნებურად და უმიზნოდ როდი ააშკარავებს. დავუშვათ, რომ ადამიანთა შედეგების გაცხადების უკანასკნელ დღეებში ღმერთი კვლავ უსაზღვრო მოწყალებითა და სიყვარულით იქნება გამსჭვალული ადამიანების მიმართ და კვლავინდებურად ეყვარება ისინი ისე, რომ სამართლიან განკითხვას კი არ მოუწყობს, არამედ მათ მიმართ გამოავლენს შემწყნარებლობას, მოთმინებასა და პატიებას მიუხედავად იმისა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი ცოდვები, ყოველგვარი სამართლიანი განკითხვის გარეშე. მაშინ როდისღა მივიდოდა ღვთის მთელი მართვის საქმე დასასრულამდე? როდის შეძლებდა ასეთი ხასიათი ადამიანთა მიყვანას კაცობრიობის შესაფერის დანიშნულების ადგილამდე? მაგალითად, ავიღოთ მოსამართლე, რომელიც ყოველთვის მოსიყვარულეა ადამიანების მიმართ — მოსიყვარულე მოსამართლე კეთილშობილური სახითა და კეთილი გულით. მას უყვარს ადამიანები მიუხედავად იმისა, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ და ის მოსიყვარულე და შემწყნარებელია მათ მიმართ მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ამ შემთხვევაში როდის შეძლებს ის, ოდესმე სამართლიანი განაჩენის გამოტანას? უკანასკნელ დღეებში მხოლოდ სამართლიანი სამსჯავროს მეშვეობით იქნება შესაძლებელი ადამიანთა დახარისხება მათი გვარისამებრ და ახალ სამყაროში შეყვანა. ამრიგად, მთელი ეპოქა დასასრულს უახლოვდება ღვთის სამართლიანი ხასიათით დადგნილი სამსჯავროსა და გაკიცხვის მეშვეობით.
ღვთის საქმე მთელი მისი მმართველობის განმავლობაში მკაფიოა: მადლის ეპოქა არის მადლის ეპოქა, ხოლო უკანასკნელი დღეები უკანასკნელი დღეებია. ყოველი ეპოქა განსახვავებულ არს, რამეთუ ყოველი მათგანი მოიცავს ღვთის საქმეს, რომელიც სწორედ იმ ეპოქას შეეფერება. რათა აღსრულდეს საქმე ღვთისა უკანასკნელ დღეებში, უნდა იყოს ცეცხლი, განკითხვა, დასჯა, რისხვა და განადგურება, რაც მიზნად ისახავს ჟამის დასრულებას. უკანასკნელი დღეები ბოლო ჟამს აღნიშნავს. ბოლო ჟამს ღმერთი განა არ დაასრულებს ჟამს? ჟამის დასასრულებლად, უფალმა უნდა მოიტანოს დასჯა და განკითხვა. მხოლოდ ასე დაასრულებს ჟამს. იესო მოვიდა, რათა კაცობრიობა ეხსნა, რათა ადამიანისთვის მიეცა სიცოცხლისა და უკეთესი ცხოვრების საშუალება. მან იხსნა კაცი ცოდვისაგან, რათა აღარ ჩავარდნილიყო ხრწნილებაში და აღარ ეცხოვრა ჰადესსა და ჯოჯოხეთში; იესომ განარიდა კაცი ჯოჯოხეთსა და ჰადესს, რითაც მას სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მისცა. ახლა კი, უკანასკნელი დღეები დადგა. ღმერთი გაანადგურებს კაცს და სრულიად მოსპობს კაცთა მოდგმას, რათა კაცობრიობის ურჩობა გარდაქმნას; ამ მიზეზით, ღმერთი ვერ დაასრულებდა ჟამს იმავე მწყალობელი და მოსიყვარულე განგებით, რომელიც ადრე ჰქონდა და ვერ შეძლებდა მისი ექვსათასწლიანი განგებულების გეგმის განხორციელებას. ყოველი ეპოქა წარმოადგენს ღვთის განგების განსაკუთრებულ გამოვლინებას, და მოიცავს კონკრეტულ საქმეს, რომელიც უნდა აღსრულდეს ღმერთის მიერ. სწორედ ამიტომ, საქმე, რომელიც ღმერთმა ყოველ ეპოქაში უნდა აღასრულოს, წარმოადგენს ღვთის განგების ჭეშმარიტ გამოვლინებას და მისი სახელი და საქმე ცვალებადია ჟამთა მიხედვით — ყოველივე მათგანი ახალია. რჯულის ეპოქაში ღმერთი იეჰოვას სახელით ხელმძღვანელობდა კაცობრიობას და საქმის პირველ ეტაპს აღასრულებდა მიწაზე. იმეპოქად მისი საქმე იყო ტაძრისა და საკურთხევლის აშენება, და სჯულის მეშვეობით, ისრაელის ხალხის ხელმძღვანელობა, რათა მათ შორის ემოქმედა. ისრაელის ხალხის გაძღოლით, მან დედამიწაზე თავის საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. ამ საფუძვლიდან, მან თავისი საქმიანობა ისრაელის ფარგლებს გარეთაც გაავრცელა, ანუ, ისრაელიდან დაწყებული, მან თავისი საქმიანობა გააფართოვა, რათა შემდგომ თაობებს თანდათან გაეგოთ, რომ იეჰოვა იყო ღმერთი და რომ სწორედ იეჰოვამ შექმნა ცა, დედამიწა და ყველაფერი და რომ ყველა არსების შემოქმედი სწორედ იეჰოვაა. მან თავისი საქმე ისრაელის ხალხის მეშვეობით, მათ მიღმა განავრცო. ისრაელის მიწა იყო პირველი წმიდა ადგილი, სადაც იეჰოვამ თავისი საქმე აღასრულა და სწორედ ისრაელის მიწა იყო ადგილი, სადაც ღმერთმა თავისი საქმის აღსრულება დაიწყო. ეს იყო რჯულის ეპოქა. მადლის ეპოქაში ღმერთი იყო იესო, რომელმაც იხსნა ადამიანი. მას ჰქონდა და თავად იყო მადლი, სიყვარული, წყალობა, სულგრძელობა, თავმდაბლობა, ზრუნვა და შემწყნარებლობა და რასაცა იქმოდა, კაცის ხსნად იქმოდა. მისი ბუნება წყალობა და სიყვარული იყო და რადგან ის მოწყალე და მოსიყვარულე იყო, ის კაცთათვის ჯვარს უნდა ეცვათ, რათა ეჩვენებინა, რომ ღმერთს ადამიანი ისე უყვარდა, როგორც საკუთარი თავი, იმდენად, რომ მისთვის მთლიანად შესწირა საკუთარი თავი. მადლის ეპოქაში ღვთის სახელი იყო იესო, ანუ ღმერთი იყო მაცხოვარი, რომელმაც იხსნა ადამიანი და ის იყო მოწყალე და მოსიყვარულე უფალი. ღმერთი ადამიანთან იყო. მისი სიყვარული, მისი წყალობა და მისი ხსნა თან ახლდა თითოეულ ადამიანს. მან, ვინაც ირწმუნა და მიიღო იესოს სახელი და არსებობა, შეძლო სიმშვიდის და სიხარულის, მისი კურთხევის, მისი უსაზღვრო და უხვი მადლისა და საუკუნო ნეტარების მოპოვება. იესოს ჯვარცმით ყოველი, ვინც მას მიჰყვებოდა, ცხონდა და ცოდვები მიეტევათ. მადლის ეპოქაში ღმერთი იწოდებოდა იესოდ; მისი საქმე ამ სახელით აღესრულა. მადლის ეპოქაში იესო იყო ღვთის სახელი. მან ახალი საქმე წამოიწყო ძველი აღთქმის მიღმა და მისი საქმე ჯვარცმით დასრულდა. ეს იყო მთელი მისი საქმე. ამიტომ, რჯულის ეპოქაში იეჰოვა იყო ღვთის სახელი და მადლის ეპოქაში სახელი იესო ღმერთს წარმოადგენდა. უკანასკნელ დღეებში, მისი სახელია ყოვლადძლიერი ღმერთი — ყოვლისშემძლე, რომელიც იყენებს თავის ძალას, რათა წარუძღვეს ადამიანს, დაიპყროს ადამიანი და მოიპოვოს ადამიანი და ბოლოს, დაასრულოს ეპოქა. ყველა ეპოქაში, მისი საქმის ყველა ეტაპზე, ღვთის განგებულება აშკარაა.
დასაწყისში, ძველი აღთქმის რჯულის ხანაში ადამიანის წარმართვა ბავშვის ცხოვრების წარმართვას ჰგავდა. პირველი ადამიანები იეჰოვასგან ახლად შობილნი იყვნენ. ისინი იყვნენ ისრაელიტები. ისინი ვერ აცნობიერებდნენ, როგორ უნდა ყოფილიყვნენ ღვთისმოშიშნი ან როგორ ეცხოვრათ დედამიწაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვამ შექმნა კაცობრიობა ანუ ადამი და ევა, მაგრამ მათთვის არ მიუცია იმის უნარი, რომ სცოდნოდათ, როგორ უნდა ჰქონოდათ იეჰოვას შიში ან როგორ დაეცვათ იეჰოვას კანონები დედამიწაზე. იეჰოვას უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე ამას ვერავინ გაიგებდა, რადგან დასაწყისში ადამიანი არ ფლობდა ასეთ უნარებს. ადამიანმა მხოლოდ ის იცოდა, რომ იეჰოვა იყო ღმერთი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ჰქონოდა მისი შიში, როგორი საქციელისთვის ეწოდებინა ღვთისმოშიშობა, როგორი განწყობა გამოხატავდა მის მიმართ მოწიწებას ან რა მსხვერპლი უნდა გაეღო მისი შიშით. ადამიანმა მხოლოდ ის იცოდა, როგორ დამტკბარიყო იმით, რითაც შეიძლებოდა ტკბობა იეჰოვას ყველა ქმნილებაში, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი ცხოვრება იქნებოდა დედამიწაზე ღვთის ქმნილების საკადრისი. ვინმეს რომ არ დაერიგებინა და პირადად არ ეხელმძღვანელა, კაცობრიობა ვერასოდეს შეძლებდა ეცხოვრა ადამიანისთვის საკადრისი ცხოვრებით და მხოლოდ სატანის ფარულ ტყვეობაში იქნებოდა. იეჰოვამ შექმნა კაცობრიობა ანუ მან შექმნა კაცობრიობის წინაპრები — ევა და ადამი, მაგრამ მას არ მიუცია მათთვის დამატებითი ჭკუა ან სიბრძნე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, თითქმის არაფერი ესმოდათ. ამიტომ, იეჰოვას საქმე კაცობრიობის შექმნაში მხოლოდ ნახევრად იყო შესრულებული და შორს იყო დასრულებისგან. მან მხოლოდ ადამიანის მოდელი გამოძერწა თიხისგან და შთაბერა მას სული, მაგრამ არ მისცა ადამიანს საკმარისი გადაწყვეტილება, რომ მისი შიში ჰქონოდა. დასაწყისში ადამიანს არ გააჩნდა ღვთისადმი მოწიწებისა თუ შიშის გრძნობა. ადამიანმა მხოლოდ ის იცოდა, როგორ მოესმინა მისი სიტყვები, მაგრამ არ გააჩნდა მიწიერი ცხოვრების ელემენტარული ცოდნა და არ იცოდა ადამიანური ცხოვრების ნორმალური წესები. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ შექმნა კაცი და ქალი და დაასრულა შვიდი დღის პროექტი, მას არავითარ შემთხვევაში არ დაუსრულებია ადამიანის შექმნა, რადგან ადამიანი მხოლოდ ნაჭუჭი იყო და აკლდა ადამიანობის რეალობა. ადამიანმა მხოლოდ ის იცოდა, რომ კაცობრიობა იეჰოვამ შექმნა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ დამორჩილებოდა იეჰოვას სიტყვებსა თუ კანონებს. ასე რომ, კაცობრიობის გაჩენის შემდეგ იეჰოვას საქმე დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს იყო. მას ჯერ კიდევ სრულად უნდა წარემართა ადამიანები, რომ წარმდგარიყვნენ მის წინაშე, რათა შესძლებოდათ დედამიწაზე ერთად ცხოვრება, ჰქონოდათ ღვთისმოშიშობა და მისი წინამძღოლობით შესძლებოდათ დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრების სწორ გზაზე დადგომა. მხოლოდ ამგვარად დასრულდა სრულად ის საქმე, რომელიც ძირითადად იეჰოვას სახელით აღსრულდებოდა ანუ მხოლოდ ამგვარად დასრულდა სრულად იეჰოვას მიერ სამყაროს შექმნის საქმე. ამიტომ, შექმნა რა კაცობრიობა, ის რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში უნდა გაძღოლოდა ადამიანების ცხოვრებას დედამიწაზე, რათა მათ შესძლებოდათ მისი განკარგულებებისა და კანონების დაცვა და დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრების ყველა საქმიანობაში მონაწილეობა. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა სრულად იეჰოვას საქმე. მან ეს საქმე კაცობრიობის შექმნის შემდეგ დაიწყო და განაგრძო იაკობის ეპოქამდე, როდესაც იაკობის თორმეტი ვაჟი ისრაელის თორმეტ ტომად აქცია. იმ დროიდან მოყოლებული, ისრაელის მთელი ხალხი გახდა ადამიანური რასა, რომელსაც ოფიციალურად ის ხელმძღვანელობდა დედამიწაზე და ისრაელი გახდა ის კონკრეტული ადგილი დედამიწაზე, სადაც ის ასრულებდა თავის საქმეს. იეჰოვამ ეს ხალხი აქცია პირველ ჯგუფად, რომელთან მიმართებაშიც ის ოფიციალურად ასრულებდა თავის საქმეს დედამიწაზე და მთელი ისრაელის მიწა აქცია თავისი საქმის საწყის წერტილად, გამოიყენა რა ისინი კიდევ უფრო დიდი საქმის დასაწყებად, რათა დედამიწაზე მისგან შექმნილ ყველა ადამიანს სცოდნოდა, როგორ ჰქონოდა მისი შიში და როგორ ეცხოვრა დედამიწაზე. ამგვარად, ისრაელიტთა საქმეები გახდა მაგალითი წარმართი ერებისთვის, ხოლო ის, რაც ისრაელის ხალხში ითქვა, გახდა სიტყვები, რომლებიც წარმართ ერებს უნდა მოესმინათ. რადგან ისინი იყვნენ პირველნი, ვინც მიიღეს იეჰოვას კანონები და მცნებები და ასევე იყვნენ პირველნი, რომლებმაც შეიცნეს, თუ როგორ ჰქონოდათ შიში იეჰოვას გზების მიმართ. ისინი იყვნენ კაცობრიობის წინაპრები, რომლებმაც იცოდნენ იეჰოვას გზები, ასევე იეჰოვას მიერ რჩეული კაცობრიობის წარმომადგენლები. როდესაც მადლის ეპოქა დადგა, იეჰოვა აღარ წარმართავდა ადამიანს ამ გზით. ადამიანმა შესცოდა და ცოდვას მიეცა, ამიტომ მან დაიწყო ადამიანის გადარჩენა ცოდვისგან. ამგვარად, მან შერისხა ადამიანი მანამ, სანამ ის სრულად არ იხსნა ცოდვისგან. უკანასკნელ დღეებში ადამიანი დაეცა ამჟამინდელი გარყვნილების დონემდე. ამდენად, ამ ეტაპის საქმე მხოლოდ სამსჯავროსა და გაკიცხვის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება საქმის აღსრულება. ეს რამდენიმე ეპოქის საქმე იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი იყენებს თავის სახელს, თავის საქმეს და ღვთის სხვადასხვა ხატს, რათა ეპოქები დაყოს და მათ შორის გარდამავალი პერიოდი გამოჰყოს. ღვთის სახელი და საქმე წარმოადგენს მის ეპოქასა და საქმეს ყველა ეპოქაში. დავუშვათ, რომ ღვთის საქმე ყველა ეპოქაში ყოველთვის ერთი და იგივეა და მას ყოველთვის ერთი და იგივე სახელით მოიხსენიებენ, როგორ იცნობს ადამიანი მას? ღმერთს უნდა ერქვას იეჰოვა და გარდა ღმერთისა იეჰოვა, ნებისმიერი სხვა სახელით მოხსენიებული არ არის ღმერთი. ან ღმერთი შეიძლება იყოს მხოლოდ იესო და იესოს გარდა მას არ შეიძლება სხვა სახელი ერქვას. იესოს გარდა, იეჰოვა არ არის ღმერთი და ყოვლისშემძლე ღმერთიც არ არის ღმერთი. ადამიანი თვლის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ადამიანთან არის და მას იესო უნდა ერქვას, რადგან ღმერთი არის ადამიანთან. ამის გაკეთება ნიშნავს წესების დაცვას და ღმერთის გარკვეულ ფარგლებში მოქცევას. ამგვარად, ყველა ეპოქაში ღვთის მიერ შესრულებული საქმე, სახელი, რომლითაც მას უწოდებენ და მისი ხატი — საქმე, რომელსაც ის ყველა ეტაპზე ასრულებს დღემდე, არ ემორჩილება არანაირ წესებს და არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას. ის არის იეჰოვა, მაგრამ ის ასევე არის იესო, მესია და ყოვლისშემძლე ღმერთი. მისმა საქმემ შეიძლება განიცადოს თანდათანობითი გარდაქმნა მისი სახელის შესაბამისი ცვლილებებით. ვერცერთი ცალკეული სახელი ვერ წარმოაჩენს მას სრულად, მაგრამ ყველა სახელს, რომლებსაც მას უწოდებენ, შეუძლია წარმოაჩინოს იგი და საქმე, რომელსაც ის აღასრულებს ყველა ეპოქაში, წარმოადგენს მის ხასიათს. წარმოიდგინე, რომ უკანასკნელი დღეების დადგომისას ღმერთი, რომელსაც შენ ხედავ, კვლავ იესოა და, უფრო მეტიც, ის ამხედრებულია თეთრ ღრუბელზე, კვლავ იესოს გარეგნობა აქვს და სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, კვლავ იესოს სიტყვებია: „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, ვითარცა თავი თქვენი, იმარხულეთ და ილოცეთ, გიყვარდეთ თქვენი მტრები, როგორც საკუთარი სიცოცხლე, იყავით მომთმენნი სხვების მიმართ, იყავით სულგრძელნი და თავმდაბალნი. თქვენ უნდა შეასრულოთ ყოველივე ეს, სანამ ჩემი მოწაფეები გახდებით. და ყოველივე ამის კეთებით, თქვენ შეხვალთ ჩემს სასუფეველში.” განა ეს მადლის ეპოქის საქმეს არ მიეკუთვნება? განა ის, რასაც იგი ამბობს, მადლის ეპოქის გზა არ არის? რას იგრძნობდით, ეს სიტყვები რომ მოგესმინათ? განა არ იგრძნობდით, რომ ეს კვლავ იესოს საქმეა? განა ეს არ იქნებოდა მისი განმეორება? შეძლებდა ადამიანი ამაში ნეტარების პოვნას? თქვენ იგრძნობდით, რომ ღვთის საქმე შეიძლება მხოლოდ ისეთი დარჩეს, როგორიც ახლაა და წინ აღარ წავიდეს. მისი ძალა მხოლოდ ამით შემოიფარგლება, მას მეტი ახალი საქმე აღარ დარჩენია და მან თავისი ძალის მაქსიმუმს მიაღწია. ორი ათასი წლის წინ მადლის ეპოქა იყო და ორი ათასი წლის შემდეგ ის კვლავ მადლის ეპოქისკენ სვლას ქადაგებს და ადამიანებს ისევ მონანიებისკენ მოუწოდებს. ხალხი იტყოდა: „ღმერთო, შენ მხოლოდ გარკვეული ძალა გაქვს. მწამდა, რომ შენ ასეთი ბრძენი იყავი, მაგრამ მხოლოდ შემწყნარებლობა იცი და მხოლოდ მოთმინება გაღელვებს. შენ მხოლოდ მტრის სიყვარული იცი და სხვა არაფერი.” ადამიანის გონებაში ღმერთი სამუდამოდ ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო მადლის ხანაში და ადამიანი ყოველთვის იწამებდა, რომ ღმერთი მოსიყვარულე და მოწყალეა. ფიქრობ, რომ ღვთის საქმე ყოველთვის ერთსა და იმავე ძველ გზას მიჰყვება? ამგვარად, ღვთის საქმის ამ ეტაპზე ის ჯვარს არ ეცმევა და ყველაფერი, რასაც ხედავთ და შეეხებით, არ იქნება ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ ან გსმენიათ. დღეს ღმერთი არ ურთიერთობს ფარისევლებთან და არც მსოფლიოს აძლევს ამის საშუალებას და ისინი, ვინც მას იცნობენ, მხოლოდ თქვენ ხართ, ვინც მას მიჰყვება, რადგან ის ჯვარზე აღარ გააკრან. მადლის ეპოქაში იესო ღიად ქადაგებდა მთელ ქვეყანაში თავისი სახარებისეული საქმის აღსასრულებლად. ის ფარისევლებთან ჯვარცმის საქმის აღსასრულებლად ურთიერთობდა. მას რომ არ ჰქონოდა ურთიერთობა ფარისევლებთან და ხელისუფალთ არასოდეს სცოდნოდათ მის შესახებ, როგორ მიიჩნევდნენ დამნაშავედ, შემდეგ გასცემდნენ და ჯვარზე გააკრავდნენ? ასე რომ, ის ფარისევლებთან ჯვარცმის გამო ურთიერთობდა. დღეს კი ის თავის საქმეს ფარულად აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს გამოცდა. ღვთის ორი განკაცების შემთხვევაში საქმე და მნიშვნელობა და ასევე, გარემოც, განსხვავდება. მაშ, როგორ შეიძლება საქმე, რომელსაც ის აკეთებს, ზუსტად იგივე იყოს?
შეიძლება თუ არა სახელი იესო — „ჩვენთან არს ღმერთი” — სრულად გამოხატავდეს ღვთის ხასიათს? შეუძლია თუ არა მას ღმერთის სრულად გამოხატვა? თუ ვინმე იტყვის, რომ ღმერთს მხოლოდ იესო შეიძლება ეწოდოს და სხვა სახელი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ღმერთს არ შეუძლია თავისი ხასიათის შეცვლა, ეს სიტყვები ნამდვილად მკრეხელობაა! გჯერა, რომ მხოლოდ სახელს იესო, „ჩვენთან არს ღმერთი”, შეუძლია ღმერთის სრულად წარმოჩენა? ღმერთს შეიძლება მრავალი სახელი ეწოდოს, მაგრამ ამ მრავალ სახელს შორის არცერთს არ ძალუძს სრულად დაიტიოს ღმერთი ან სრულყოფილად წარმოაჩინოს იგი. ამიტომ, ღმერთს მრავალი სახელი აქვს, თუმცა ისინი სრულად ვერ გამოხატავენ ღვთის ხასიათს, რადგან ღვთის ბუნება იმდენად მდიდარია, რომ ის უბრალოდ აღემატება ადამიანის უნარს, რომ შეიცნოს ის. ადამიანის ენით ღვთის სრული დატევა შეუძლებელია. კაცობრიობას გააჩნია მხოლოდ შეზღუდული ლექსიკა, რათა აღწეროს ყველაფერი, რაც ღვთის ხასიათის შესახებ იცის: დიდებული, პატივცემული, საკვირველი, გამოუცნობი, უზენაესი, წმინდა, მართალი, ბრძენი და ა.შ. რამდენი სიტყვაა! თუმცა ეს მწირი ლექსიკა უძლურია აღწეროს ის მცირედიც კი, რაც ადამიანს ღვთის ხასიათის შესახებ უხილავს. დროთა განმავლობაში სხვებმა დაამატეს სიტყვები, რომლებიც, მათი აზრით, უკეთ გამოხატავდა მათ გულებში არსებულ აღტაცებას: ღმერთი ისეთი დიდებულია! ღმერთი ისეთი წმინდაა! ღმერთი ისეთი მშვენიერია! დღეს ასეთმა გამონათქვამებმა პიკს მიაღწია, თუმცა ადამიანს მაინც არ შეუძლია საკუთარი თავის ნათლად გამოხატვა. ამრიგად, ადამიანისთვის ღმერთს ბევრი სახელი აქვს, თუმცა, ამავდროულად, არ გააჩნია არცერთი კონკრეტული სახელი, რადგან ღვთის არსება იმდენად კეთილშობილურია, ადამიანის ენა კი — იმდენად ღარიბი. არცერთ ცალკეულ სიტყვას თუ სახელს არ ძალუძს წარმოადგინოს ღმერთი მთლიანობაში. მაშ, როგორ ფიქრობ, შეიძლება მისი სახელი უცვლელი იყოს? ღმერთი იმდენად დიდებული და წმინდაა, მაგრამ არ მისცემ მას უფლებას, შეიცვალოს სახელი ყოველ ახალ ეპოქაში? ამიტომ, ყოველ ეპოქაში, როდესაც ღმერთი პირადად აღასრულებს თავის საქმეს, იგი იყენებს სახელს, რომელიც შეესაბამება იმ ეპოქას, რათა მასში მოაქციოს ის საქმე, რომლის შესრულებასაც აპირებს. ის იყენებს კონკრეტულ სახელს, რომელიც ატარებს იმ ეპოქის მნიშვნელობას, რათა წარმოაჩინოს თავისი ხასიათი იმ პერიოდში. ეს არის ღმერთი, რომელიც ადამიანის ენას საკუთარი ხასიათის გამოსახატად იყენებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი, ვისაც სულიერი გამოცდილება აქვს და პირადად უხილავს ღმერთი, მაინც გრძნობს, რომ ესა თუ ის კონკრეტული სახელი ვერ წარმოაჩენს ღმერთს მთლიანობაში. სამწუხაროდ, ამას ვერაფერი ეშველება. ამიტომ ადამიანი ღმერთს აღარ მიმართავს სახელით, არამედ უბრალოდ უწოდებს მას „ღმერთს”. თითქოს ადამიანის გული სავსეა სიყვარულით და ამავდროულად წინააღმდეგობებით, რადგან მან არ იცის, როგორ ახსნას ღმერთი. ის, რაც ღმერთია, იმდენად კეთილშობილურია, რომ შეუძლებლია მისი აღწერა. არ არსებობს არცერთი სახელი, რომელიც შეაჯამებდა ღვთის ხასიათს და რომელიც აღწერდა ყველაფერს, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის. თუ ვინმე მკითხავს: „ზუსტად რომელ სახელს იყენებ შენ?” მე ვეტყვი მათ: „ღმერთი არის ღმერთი!” განა ეს არ არის ღვთის საუკეთესო სახელი? განა ეს არ არის ღვთის ხასიათის საუკეთესო გამოხატულება? ამგვარად, რატომ ხარჯავთ ამდენ ძალისხმევას ღვთის სახელის ძიებაში? რატომ უნდა იჭყლიტოთ ტვინი და დაიკლოთ საკვები და ძილი სახელის გამო? დადგება დღე, როდესაც ღმერთს აღარ უწოდებენ იეჰოვას, იესოს ან მესიას. ის უბრალოდ შემოქმედი იქნება. იმ დროს, ყველა სახელი, რომელიც მან დედამიწაზე მიიღო, შეწყვეტს არსებობას, რადგან მისი საქმე დედამიწაზე დასრულდება და ამის შემდეგ მისი სახელები აღარ იარსებებს. როდესაც ყოველივე შემოქმედის მმართველობის ქვეშ მოექცევა, რაში დასჭირდება მას მეტად შესაფერისი, თუმცა მაინც არასრული სახელი? კვლავ იძიებ ღვთის სახელს? კვლავ ბედავ იმის თქმას, რომ ღმერთს მხოლოდ იეჰოვა ჰქვია? კვლავ ბედავ იმის თქმას, რომ ღმერთს მხოლოდ იესო შეიძლება ეწოდოს? შეგწევს ძალა, რომ იტვირთო ღვთის გმობის ცოდვა? უნდა იცოდე, რომ თავდაპირველად ღმერთს სახელი არ ჰქონდა. მან მიიღო ერთი, ორი ან მრავალი სახელი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა შესასრულებელი საქმე და უნდა ეხელმძღვანელა კაცობრიობისთვის. რა სახელიც არ უნდა ეწოდოს მას — განა თავადვე არ აირჩია ის თავისუფლად? განა დასჭირდებოდი შენ, შექმნილი არსება, მის დასადგენად? სახელი, რომლითაც ღმერთს უწოდებენ, შეესაბამება იმას, რისი აღქმაც შეუძლია ადამიანს და ადამიანის ენას, მაგრამ ეს სახელი არ არის ის, რაშიც ადამიანს შეუძლია ღმერთის დატევა. შენ მხოლოდ შეგიძლია თქვა, რომ ზეცაში არის ღმერთი, რომ მას ჰქვია ღმერთი, რომ ის არის დიდი ძალის მქონე ღმერთი, რომელიც არის ასეთი ბრძენი, ასეთი განდიდებული, ასეთი საკვირველი, ასეთი იდუმალი და ასეთი ყოვლისშემძლე და შემდეგ მეტის თქმა აღარ შეგიძლია. მცირედია ყველაფერი, რაც შეგიძლია იცოდე. თუკი ეს ასეა, შეუძლია თუ არა მხოლოდ იესოს სახელს წარმოაჩინოს თავად ღმერთი? როდესაც უკანასკნელი დღეები დადგება, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს კვლავ ღმერთი აღასრულებს, მისი სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან ეს სხვა ეპოქაა.
რადგან ღმერთი უდიდებულესია მიწიერ და ზეციურ სამყაროში, შეძლებდა ის საკუთარი თავის სრულად გამოხატვას მხოლოდ ხორციელი ხატის მეშვეობით? ღმერთი ამ ხორცით იმოსება თავისი საქმის ერთი ეტაპის აღსასრულებლად. ამ ხორციელ ხატს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ის არანაირ კავშირში არაა ეპოქების სვლასთან და არც ღვთის ხასიათთან. რატომ არ დაუშვა იესომ თავისი ხატის შენარჩუნება? რატომ არ მისცა მან ადამიანს თავისი ხატის დახატვის ნება, რათა ის შემდგომ თაობებს გადასცემოდა? რატომ არ მისცა მან ხალხს იმის აღიარების უფლება, რომ მისი ხატი ღვთის ხატი იყო? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, განა შესაძლებელი იქნებოდა ადამიანის გარეგნობას ღვთის უზენაესი ხატება წარმოედგინა? როდესაც ღმერთი განკაცდება, ის უბრალოდ ზეციდან კონკრეტული სხეულით ჩამოდის. სწორედ მისი სული ჩაეშვება ხორცში, რომლის მეშვეობითაც ის სულის საქმეს ასრულებს. სწორედ სული გამოიხატება ხორცში და სწორედ სული აღასრულებს მის საქმეს ხორცში. ხორცშესხმულად აღსრულებული საქმე სრულად წარმოადგენს სულს. ხორცშესხმის მიზანი საქმის აღსრულებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორციელი ხატი თავად ღმერთის ჭეშმარიტი ხატის შემცვლელია. ეს არ არის ღმერთის განკაცების მიზანი ან მნიშვნელობა. ის ხორცს ისხამს მხოლოდ იმისთვის, რომ სულმა იპოვოს სავანე, რომელიც შეესაბამება მის საქმეს, რათა უკეთ აღასრულოს თავისი საქმე ხორცშესხმულმა და რათა ადამიანებმა დაინახონ მისი საქმეები, გაიგონ მისი ხასიათი, მოისმინონ მისი სიტყვები და შეიცნონ მისი საქმის საკვირველება. მისი სახელი წარმოადგენს მის ხასიათს, მისი საქმე წარმოადგენს მის ვინაობას, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ მისი ხორციელი გამოჩინება წარმოადგენს მის ხატს. ეს მხოლოდ ადამიანის წარმოდგენაა. ამგვარად, ღვთის განკაცების გადამწყვეტი ასპექტებია მისი სახელი, მისი საქმე, მისი ხასიათი და მისი სქესი. ესენი გამოიყენება ამ ეპოქაში მისი მართვის წარმოსაჩენად. მის ხორციელ გამოჩინებას არანაირი კავშირი არ აქვს მის მართვასთან, რადგან ის მხოლოდ იმ დროს მისი საქმის აღსასრულებლადაა საჭირო. თუმცა, შეუძლებელია განკაცებულ ღმერთს არ ჰქონდეს კონკრეტული გარეგნობა და ამიტომ ის ირჩევს შესაბამის ოჯახს თავისი გარეგნობის განსასაზღვრად. თუ ღმერთის გარეგნობას წარმომადგენლობითი მნიშვნელობა ექნებოდა, მაშინ ყველა, ვისაც მისი მსგავსი სახის ნაკვთები აქვს, ასევე წარმოადგენდა ღმერთს. განა ეს არ იქნებოდა უხეში შეცდომა? იესოს პორტრეტი ადამიანმა დახატა, რათა თაყვანი ეცა მისთვის. იმ დროს სულიწმიდას განსაკუთრებული მითითებები არ მიუცია და ამიტომ ადამიანმა ეს წარმოსახვითი პორტრეტი დღემდე მოიტანა. სინამდვილეში, ღვთის თავდაპირველი განზრახვით, ადამიანს ეს არ უნდა გაეკეთებინა. მხოლოდ ადამიანის მონდომებით მოვიდა იესოს პორტრეტი დღემდე. ღმერთი სულია და ადამიანი ვერასდროს შეძლებს, რომ მისი ხატი ბოლომდე მოიცვას. მისი ხატის წარმოდგენა მხოლოდ მისი ხასიათით შეიძლება. რაც შეეხება მის გარეგნობას, როგორებიცაა ცხვირი, პირი, თვალები და თმა, ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. როდესაც იოანეს გამოცხადება მისცა ღმერთმა, მან იხილა კაცის ძის ხატი: მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი ორლესული მახვილი, თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, თავი და თმა ჰქონდა სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი, მისი ფეხები გავარვარებულ ელვარე რვალს ჰგავდა და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები ძალიან მკაფიო იყო, ღვთის ხატება, რომელიც მან აღწერა, არ იყო შექმნილი არსების ხატი. რაც მან იხილა, მხოლოდ ხილვა იყო და არა ადამიანის ხატება მატერიალური სამყაროდან. იოანეს ჰქონდა ხილვა, მაგრამ მას არ უნახავს ღვთის ჭეშმარიტი გარეგნობა. ღვთის განკაცებული ხატი, როგორც შექმნილი არსების ხატი, ვერ წარმოადგენს ღვთის ხასიათს მთელი სრულყოფილებით. როდესაც იეჰოვამ ადამიანი შექმნა, მან თქვა, რომ შექმნა ის ხატად და მსგავსად თვისსა და შექმნა მამაკაცი და დედაკაცი. მაშინ მან თქვა, რომ შექმნა მამაკაცი და დედაკაცი ხატად და მსგავსად ღვთისა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხატი ღვთის ხატის მსგავსია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანის გარეგნობა ღვთის ხატებაა. შენ ასევე ვერ გამოიყენებ ადამიანის ენას ღვთის ხატის სრულად განსახიერებისთვის, რადგან ღმერთი ასეთი ამაღლებული, დიდებული, საოცარი და მიუწვდომელია!
როდესაც იესო მოვიდა თავისი საქმის აღსასრულებლად, ის ამას სულიწმიდის მითითებით აკეთებდა. ის მოქმედებდა სულიწმიდის სურვილის მიხედვით და არა ძველი აღთქმის რჯულის კანონის ან იეჰოვას საქმეების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომლის აღსასრულებლად მოვიდა იესო, არ გულისხმობდა იეჰოვას კანონებისა და მცნებების დაცვას, მათი წყარო ერთი და იგივე იყო. იესოს მიერ აღსრულებული საქმე წარმოადგენდა იესოს სახელსა და მადლის ეპოქას. იეჰოვას მიერ აღსრულებული საქმე წარმოადგენდა იეჰოვას და რჯულის ეპოქას. მათი საქმე იყო ერთი სულის საქმე ორ სხვადასხვა ეპოქაში. იესოს მიერ აღსრულებული საქმე შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ მადლის ეპოქას, ხოლო იეჰოვას მიერ აღსრულებული საქმე შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ძველი აღთქმის რჯულის ეპოქას. იეჰოვა ხელმძღვანელობდა მხოლოდ ისრაელისა და ეგვიპტის ხალხს და ისრაელის მიღმა არსებულ ყველა ერს. იესოს საქმე ახალი აღთქმის მადლის ეპოქაში იყო ღვთის საქმე იესოს სახელით, რადგან ის უძღვებოდა ამ ეპოქას. თუ იტყვი, რომ იესოს საქმე იეჰოვას საქმეზე იყო დაფუძნებული, რომ მას რაიმე ახალი საქმე არ წამოუწყია და რომ ყველაფერი იეჰოვას სიტყვების, მისი საქმისა და ესაიას წინასწარმეტყველებების მიხედვით გააკეთა, მაშინ იესო არ იქნებოდა განკაცებული ღმერთი. მას თავისი საქმე ამგვარად რომ წარემართა, ის იქნებოდა მოციქული ან რჯულის ეპოქის მუშაკი. თუ ყველაფერი ისეა, როგორც შენ ამბობ, მაშინ იესო ვერც ახალ ეპოქას ჩაუყრიდა საფუძველს და ვერც სხვა საქმეს აღასრულებდა. ამავე ლოგიკით, სულიწმიდას თავისი საქმე უმთავრესად იეჰოვას მეშვეობით უნდა შეესრულებინა და იეჰოვას გარეშე სულიწმიდა ვერანაირ ახალ საქმეს ვერ გააკეთებდა. ადამიანის მხრიდან იესოს საქმის ამგვარი გაგება მცდარია. თუ ადამიანს სჯერა, რომ იესომ საქმე იეჰოვას სიტყვებისა და ესაიას წინასწარმეტყველებების მიხედვით აღასრულა, მაშინ იყო კი იესო განკაცებული ღმერთი, თუ ის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო? ამ თვალსაზრისით, მადლის ეპოქა არ იარსებებდა და იესო არ იქნებოდა ღვთის განკაცება, რადგან მის მიერ შესრულებული საქმე ვერ წარმოადგენდა მადლის ეპოქას და მხოლოდ ძველი აღთქმის რჯულის ეპოქას წარმოაჩენდა. ახალი ეპოქა მხოლოდ მაშინ დაიწყებოდა, როდესაც იესო მოვიდოდა ახალი საქმის აღსასრულებლად, ახალი ეპოქის დასაწყებად, ისრაელში მანამდე აღსრულებული საქმის ჩარჩოებიდან გამოსასვლელად, როდესაც ის თავის საქმეს აღასრულებდა არა ისრაელში იეჰოვას მიერ გაკეთებული საქმის, მისი ძველი წესების ან რაიმე წესების შესაბამისად, არამედ აღასრულებდა იმ ახალ საქმეს, რაც მას უნდა გაეკეთებინა. თავად ღმერთი მოდის ეპოქის დასაწყებად და თავად ღმერთი მოდის ეპოქის დასასრულებლად. კაცს არ შესწევს უნარი დაიწყოს ან დაასრულოს ეპოქა. იესოს რომ თავისი მოსვლის შემდეგ არ დაესრულებინა იეჰოვას საქმე, ეს იქნებოდა იმის დასტური, რომ ის მხოლოდ ადამიანი იყო და არ შეეძლო ღვთის წარმოჩენა. სწორედ იმიტომ, რომ იესო მოვიდა და დაასრულა იეჰოვას საქმე, განაგრძო იეჰოვას საქმე და უფრო მეტიც, აღასრულა თავისი საქმე, ახალი საქმე, ეს ადასტურებს, რომ ეს იყო ახალი ეპოქა და რომ იესო თავად ღმერთი იყო. მათ დაასრულეს სამუშაოს ორი სრულიად განსხვავებული ეტაპი. ერთი ეტაპი ტაძარში სრულდებოდა, მეორე კი — ტაძრის გარეთ. ერთი ეტაპი მოიცავდა ადამიანური ცხოვრებით ცხოვრებას რჯულის შესაბამისად, ხოლო მეორე — ცოდვის გამოსასყიდის მსხვერპლის შეწირვას. საქმის ეს ორი ეტაპი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ეს ჰყოფს ახალ ეპოქას ძველისგან და სრულიად ზუსტია იმის თქმა, რომ ეს ორი განსხვავებული ეპოქაა. განსხვავდებოდა მათი საქმის აღსასრულებელი ადგილმდებარეობა, მათი საქმის შინაარსი და მათი საქმის მიზანი. ამგვარად, ისინი შეიძლება დაიყოს ორ ეპოქად: ახალი და ძველი აღთქმა ანუ ახალი და ძველი ეპოქები. როდესაც იესო მოვიდა, ის ტაძარში არ შესულა, რაც ადასტურებს იმას, რომ იეჰოვას ეპოქა დასრულდა. ის არ შევიდა ტაძარში, რადგან იეჰოვას საქმე ტაძარში დასრულებული იყო და აღარ საჭიროებდა ხელახლა შესრულებას, მისი ხელახლა შესრულება კი განმეორება იქნებოდა. მხოლოდ ტაძრის დატოვებით, ახალი საქმის დაწყებითა და ტაძრის გარეთ ახალი გზის გაკვალვით შეძლო მან ღვთის საქმის მწვერვალამდე მიყვანა. მას თავისი საქმე ტაძრის გარეთ რომ არ გამოეტანა, ღვთის საქმე ტაძრის საძირკველზე გაჩერდებოდა და ცვლილებები არასოდეს მოხდებოდა. ამიტომაც, როდესაც იესო მოვიდა, ის არ შესულა ტაძარში და არც თავისი საქმე აღუსრულებია იქ. მან თავისი საქმე ტაძრის გარეთ აკეთა და მოწაფეების წინამძღოლობით თავისუფლად განაგრძობდა თავისი საქმის აღსრულებას. ღვთის გასვლა ტაძრიდან თავისი საქმის აღსასრულებლად ნიშნავდა იმას, რომ მას ახალი გეგმა ჰქონდა. მისი საქმე ტაძრის გარეთ უნდა წარმართულიყო და ეს უნდა ყოფილიყო ახალი საქმე, რომელიც არ იქნებოდა შეზღუდული მისი განხორციელების კუთხით. როგორც კი იესო მოვიდა, მან დაასრულა იეჰოვას საქმე ძველი აღთქმის ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ორი სხვადასხვა სახელი ერქვათ, ორივე ეტაპის საქმეს ერთი და იგივე სული ასრულებდა და შესრულებული საქმე უწყვეტი იყო. რადგან განსხვავდებოდა სახელი და საქმის შინაარსიც, ეპოქაც განსხვავებული იყო. როდესაც იეჰოვა მოვიდა, ეს იყო იეჰოვას ეპოქა, ხოლო როდესაც იესო მოვიდა, ეს იყო იესოს ეპოქა. ამგვარად, ყოველი მოსვლისას ღმერთს ერთი სახელი ჰქვია, ის ერთ ეპოქას წარმოადგენს და ის ახალ გზას უდებს სათავეს. ყოველ ახალ გზაზე ის ახალ სახელს იღებს, რაც იმას მოწმობს, რომ ღმერთი ყოველთვის ახალია და არასოდეს — ძველი, და რომ მისი საქმე წინსვლას არასოდეს წყვეტს. ისტორია მუდამ წინ მიდის და ღვთის საქმეც მუდამ წინ მიიწევს. რათა მისმა ექვსიათასწლიანმა მმართველობის გეგმამ დასასრულს მიაღწიოს, ის მუდმივად წინ უნდა მიდიოდეს. ყოველდღე მან ახალი საქმე უნდა აკეთოს, ყოველწლიურად მან ახალი საქმე უნდა აკეთოს. მან უნდა გაკვალოს ახალი გზები, დაუდოს სათავე ახალ ეპოქებს, დაიწყოს უფრო ახალი და დიადი საქმე და ყოველივე ამასთან ერთად, მოიტანოს ახალი სახელები და ახალი საქმე. ყოველ წამს ღვთის სული ახალ საქმეს აღასრულებს, ის არასოდეს ებღაუჭება ძველ გზებსა თუ წესებს. არც მისი საქმე შეჩერებულა არასოდეს, არამედ ყოველ წამს აღესრულება. თუ შენ ამბობ, რომ სულიწმიდის საქმე უცვლელია, მაშინ რატომ სთხოვა იეჰოვამ მღვდლებს ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინათ, იესო კი არ შევიდა ტაძარში მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსვლისას ხალხი მასაც უწოდებდა მღვდელმთავარს, დავითის სახლის შთამომავალს და დიდებულ მეფეს? და რატომ არ შესწირა მან მსხვერპლი? ტაძარში შესვლა თუ არშესვლა — განა ეს ყველაფერი თავად ღვთის საქმე არ არის?თუ ადამიანის წარმოდგენით, იესო კვლავ მოვა და უკანასკნელ დღეებში ისევ იესო ერქმევა, ისევ თეთრ ღრუბელზე ამხედრებული მოვა და კაცთა შორის იესოს ხატით დაეშვება, განა ეს მისი საქმის გამეორება არ იქნება? ნუთუ სულიწმიდას შეუძლია ძველს ჩაებღაუჭოს? ყველაფერი, რისიც ადამიანს სჯერა, მხოლოდ წარმოდგენებია და ყველაფერი, რაც ადამიანს ესმის, პირდაპირი გაგებით და ასევე მისივე წარმოსახვის შესაბამისად ხდება. ისინი ეწინააღმდეგება სულიწმიდის საქმის პრინციპებს და არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ღმერთი ასე არ იმოქმედებს. ღმერთი არ არის ასეთი უგუნური და სულელი და მისი საქმე არ არის ისეთი მარტივი, როგორც შენ წარმოგიდგენია. ადამიანის წარმოდგენით, იესო ღრუბელზე ამხედრებული მოვა და თქვენ შორის დაეშვება. თქვენ იხილავთ მას, ვინც ღრუბელზე ამხედრებული გეტყვით, რომ იესოა. თქვენ, ასევე, იხილავთ ნალურსმნევებს მის ხელებზე და შეიცნობთ მასში იესოს. ის კვლავ გადაგარჩენთ და იქნება თქვენი ყოვლისშემძლე ღმერთი. ის გადაგარჩენთ, მოგანიჭებთ ახალ სახელს, თითოეულ თქვენგანს მისცემს თეთრ ქვას, რის შემდეგაც ნება მოგეცემათ, შეხვიდეთ ცათა სასუფეველში და მიგიღონ სამოთხეში. განა ასეთი რწმენა ადამიანური წარმოდგენა არ არის? ღმერთი ადამიანთა წარმოდგენების მიხედვით მოქმედებს თუ მათ საწინააღმდეგოდ? განა ადამიანის ყველა წარმოდგენა სატანისგან არ მომდინარეობს? განა მთელი კაცობრიობა სატანის მიერ არ არის გახრწნილი? ღმერთს თავისი საქმე ადამიანთა წარმოდგენების მიხედვით რომ გაეკეთებინა, განა ის თავად არ გახდებოდა სატანა? განა ისიც მისი ქმნილებების მსგავსი არ იქნებოდა? რადგან შექმნილი არსებები ახლა ისე არიან სატანის მიერ გახრწნილნი, რომ ადამიანი სატანის განსახიერებად იქცა, ღმერთს სატანისეული წესებით რომ ემოქმედა, განა ის სატანასთან კავშირში არ იქნებოდა? როგორ შეუძლია ადამიანს ჩასწვდეს ღვთის საქმეს? ამიტომ, ღმერთი არასოდეს იმოქმედებს ადამიანის წარმოდგენების მიხედვით და იმ გზით, შენ რომ წარმოგიდგენია. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თავად ღმერთმა თქვა, ღრუბელზე ამხედრებული მოვალო. მართალია, თავად ღმერთმა თქვა ასე, მაგრამ განა არ იცი, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ ჩაწვდება ღვთის საიდუმლოებებს? განა არ იცი, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ განმარტავს ღვთის სიტყვებს? დარწმუნებული ხარ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ სულიწმიდამ მოგფინა ნათელი და გაგანათა? ნუთუ სულიწმიდამ ეს ასე პირდაპირ გაჩვენა? სულიწმიდამ დაგმოძღვრა თუ შენმა წარმოდგენებმა მიგიყვანა ამ მოსაზრებამდე? შენ თქვი: „ეს თავად ღმერთმა თქვა”. მაგრამ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ჩვენს წარმოდგენებსა და გონებას ღვთის სიტყვების საზომად. რაც შეეხება ესაიას მიერ ნათქვამ სიტყვებს, შეგიძლია აბსოლუტური დარწმუნებით განმარტო მისი სიტყვები? ბედავ მისი სიტყვების განმარტებას? რადგან ესაიას სიტყვების განმარტებას ვერ ბედავ, რატომ ბედავ იესოს სიტყვების განმარტებას? ვინ არის უფრო ამაღლებული, იესო თუ ესაია? რადგან პასუხი იესოა, რატომ განმარტავ იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებს? განა ღმერთი წინასწარ გატყობინებს თავისი საქმის შესახებ? არცერთ ქმნილებას არ შეუძლია ეს იცოდეს, არც ზეციურ მაცნეებს, არც კაცის ძეს, მაშ, შენ როგორ გეცოდინებოდა? ადამიანი ძალიან არასრულყოფილია. ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ საქმის სამი ეტაპი. სამი ეტაპი - იეჰოვას საქმიდან იესოს საქმემდე და იესოს საქმიდან ამჟამინდელ ეტაპამდე, უწყვეტ ხაზად წარმოაჩენს ღვთის განგებულების მთელ გამას და ყველა ერთი წმინდა სულის საქმეა. ქვეყნიერების შექმნის დღიდან, ღმერთი შეუჩერებლად განაგებს კაცობრიობას. ის არის დასაწყისი და დასასრული, ის არის პირველი და უკანასკნელი, ის არის ის, ვინც იწყებს ჟამს და ის, ვინც ჟამს ასრულებს. საქმის სამივე საფეხური, სხვადასხვა ადგილისა და დროის ჭრილში, ცალსახად ერთი სულიწმიდის საქმეა. ყველა, ვინც ამ სამ საფეხურს ერთმანეთისაგან აცალკევებს, ღმერთს ეწინააღმდეგება. ახლა, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყოველი საქმე, პირველი საფეხურიდან დღევანდელამდე, არის ერთი ღმერთის, ერთი სულიწმიდის საქმე. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.