წინასიტყვაობა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს სწამს ღმერთი, ცოტას თუ ესმის, რას ნიშნავს ღვთის რწმენა და როგორ უნდა მოიქცნენ, რათა ღვთის განზრახვების შესაბამისად იმოქმედონ. ეს იმიტომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იციან სიტყვა „ღმერთი“ და ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ღვთის საქმე“, ისინი არ იცნობენ ღმერთს და მით უმეტეს, არ იციან მისი საქმე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველა, ვინც არ იცნობს ღმერთს, მისდამი რწმენაში დაბნეულია. ადამიანები ღვთის რწმენას სერიოზულად არ ეკიდებიან და ეს მთლიანად იმის ბრალია, რომ ღმერთისადმი რწმენა მათთვის მეტისმეტად უცხო და უჩვეულოა. სწორედ ამიტომ დგანან ისინი ასე შორს ღვთის მოთხოვნებისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანები არ იცნობენ ღმერთს და არ იციან მისი საქმე, მაშინ ისინი ვერც გამოსადეგნი იქნებიან ღვთისთვის და მით უმეტეს, ვერც მისი განზრახვების შესრულებას შეძლებენ. „ღვთის რწმენა“ ნიშნავს იმის რწმენას, რომ ღმერთი არსებობს. ეს არის ღვთის რწმენის ყველაზე მარტივი კონცეფცია. უფრო ღრმად რომ შევხედოთ საკითხს, იმის რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, არ არის იგივე, რასაც ღვთის ჭეშმარიტი რწმენა ჰქვია. პირიქით, ეს არის ერთგვარი მარტივი რწმენა ძლიერი რელიგიური ელფერით. ღვთის ჭეშმარიტი რწმენა ნიშნავს შემდეგს: ადამიანი, იმ რწმენაზე დაყრდნობით, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეს, პრაქტიკაში შეიმეცნებს მის სიტყვებსა და მის საქმეს, რითაც იშორებს საკუთარ გახრწნილ ხასიათს, აღასრულებს ღვთის განზრახვებს და შეიცნობს ღმერთს. მხოლოდ ასეთ გზას შეიძლება ეწოდოს „ღვთის რწმენა“. თუმცა ადამიანები ღვთის რწმენას ხშირად ძალიან მარტივ და არასერიოზულ საკითხად მიიჩნევენ. როდესაც ადამიანებს ღმერთი ამგვარად სწამთ, ის კარგავს თავის მნიშვნელობას და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ბოლომდე განაგრძონ რწმენა, ისინი ვერასოდეს დაიმსახურებენ ღვთის მოწონებას, რადგან მცდარ გზას ადგანან. მათ, ვისაც ღმერთი დღემდე სიტყვებითა და ცარიელი მოძღვრებებით სწამთ, ჯერ კიდევ არ იციან, რომ მათ არ ესმით ღვთისადმი რწმენის არსი და რომ ისინი ვერ მიიღებენ ღვთის მოწონებას. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ლოცულობენ, რათა ღმერთმა მიანიჭოს მათ მშვიდობა და საკმარისი მადლი. მოდით, დავიმშვიდოთ გულები და კარგად დავფიქრდეთ: შესაძლებელია, რომ ღვთის რწმენა ყველაზე მარტივი რამ იყოს დედამიწაზე? შესაძლებელია, რომ ღვთის რწმენა ღვთისგან უხვი მადლის მიღებაზე მეტს არაფერს ნიშნავდეს? ნუთუ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი სწამთ, მაგრამ არ იცნობენ მას, ან რომლებსაც სწამთ ღმერთი და მაინც ეწინააღმდეგებიან მას, ნამდვილად შეუძლიათ ღვთის განზრახვების შესრულება?
ღმერთსა და ადამიანზე, როგორც თანასწორებზე, საუბარი შეუძლებელია. ღვთის არსი და მისი საქმე ადამიანისთვის მეტად შეუცნობელი და მიუწვდომელია. თუ ღმერთი პირადად არ შეასრულებს თავის საქმეს და არ წარმოთქვამს თავის სიტყვებს ადამიანებში, მაშინ, ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ღვთის განზრახვების გაგებას. ამიტომ, ისინიც კი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა, ვერ შეძლებენ მისი მოწონების მიღებას. თუ ღმერთი თავად არ მოჰკიდებს ხელს საქმეს, მაშინ რაც არ უნდა კარგად იმოქმედოს ადამიანმა, ყველაფერი ამაო იქნება, რადგან ღვთის ფიქრები ყოველთვის ადამიანის ფიქრებზე მაღლა იდგება, ხოლო ღვთის სიბრძნეს ვერცერთი ადამიანი ვერ ჩასწვდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ისინი, ვისაც „სრულად ესმით“ ღმერთი და მისი საქმე, უგუნურთა ხროვაა; ისინი ყველანი ამპარტავნები და უმეცრები არიან. ადამიანს არ შეუძლია ღვთის საქმის საზღვრების დადგენა. მეტიც, ადამიანს არ შესწევს ძალა ღვთის საქმე შემოსაზღვროს. ღვთის თვალში ადამიანი ჭიანჭველაზე მცირეა. მაშ, როგორ უნდა ჩასწვდეს ადამიანი ღვთის საქმეს? ისინი, ვინც მუდამ გაჰყვირიან: „ღმერთი ასე ან ისე არ მოქმედებს“, ან „ღმერთი ასეთია ან ისეთი“ — განა ამპარტავნულად არ საუბრობენ? ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ხორციელია, სატანის მიერ არის გახრწნილი, რომ მისი ბუნება ღვთისადმი წინააღმდეგობაა და რომ ის ვერ გაუტოლდება ღმერთს და მით უმეტეს, ვერ მისცემს მას რჩევას, როდესაც საქმე ღვთის საქმეს ეხება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაუკვალავს გზას ღმერთი ადამიანს, ეს თავად ღვთის საქმეა. მართებულია, რომ ადამიანი დაემორჩილოს, ამა თუ იმ შეხედულების გარეშე, რადგან ადამიანი მხოლოდ მტვერია. რაკი ჩვენი მიზანი ღვთის ძიებაა, არ უნდა მოვახვიოთ ღმერთს თავს ჩვენი წარმოდგენები, რათა მან გაითვალისწინოს ისინი მისსავე საქმეში, და მით უმეტეს, არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გახრწნილი ხასიათი იმისთვის, რომ განზრახ და მთელი ძალით გავუწიოთ წინააღმდეგობა ღვთის საქმეს. განა ეს ანტიქრისტედ არ გვაქცევს? და ასეთ ადამიანებზე როგორ შეიძლება საერთოდ ითქვას, რომ ღმერთი სწამთ? რადგან გვწამს, რომ ღმერთი არსებობს და რადგან გვსურს მისი დაკმაყოფილება და მისი ხილვა, მაშინ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტების და ღმერთთან შესატყვისობის გზა. ჯიუტად არ უნდა დავუპირისპირდეთ მას. რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა ქმედებებმა?
დღეს ღმერთმა ახალი საქმე აღასრულა. შესაძლოა, ვერ შეძლო ამ სიტყვების მიღება და ისინი უჩვეულოდაც მოგეჩვენოს, მაგრამ გირჩევდი, ჯერჯერობით არ გამოავლინო შენი ბუნებრივობა, რადგან ჭეშმარიტებას მხოლოდ ისინი მოიპოვებენ, ვისაც ჭეშმარიტად შია და სწყურია სიმართლე ღვთის წინაშე, და მხოლოდ მათ მოჰფენს ნათელს და უწინამძღვრებს იგი, ვინც ჭეშმარიტად ღვთისმოსავია. შედეგები მიიღწევა ჭეშმარიტების ფხიზელი და მშვიდი ძიებით, და არა კამათითა და დაპირისპირებით. როდესაც ვამბობ, რომ „დღეს ღმერთმა ახალი საქმე აღასრულა“, ვგულისხმობ ღვთის კვლავ ხორცში დაბრუნებას. შესაძლოა, ეს სიტყვები არ გაღელვებდეს; შესაძლოა, გძულდეს კიდეც; ან, შესაძლოა, დიდ ინტერესს იწვევდეს შენში. როგორც არ უნდა იყოს, ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვისაც ჭეშმარიტად სწყურია ღვთის გამოცხადება, შეძლებს თვალი გაუსწოროს ამ ფაქტს და გულდასმით გამოიკვლიოს იგი, ნაცვლად იმისა, რომ ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოს. სწორედ ასე უნდა მოიქცეს ბრძენი ადამიანი.
ამგვარი საკითხის გამოკვლევა არც ისე რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჯერ ეს ერთი ჭეშმარიტება იცოდეს: ის, ვინც განკაცებული ღმერთია, ფლობს ღვთის არსს და ის, ვინც განკაცებული ღმერთია, ფლობს ღვთის გამოხატულებას. რადგან ღმერთმა ხორცი შეისხა, მას თან მოაქვს ის საქმე, რომლის აღსრულებასაც აპირებს; და რადგან ის განკაცებული ღმერთია, იგი გამოხატავს თავის არსებას და შეუძლია ადამიანს მოუტანოს ჭეშმარიტება, მიანიჭოს სიცოცხლე და უჩვენოს გზა. ხორცი, რომელსაც არ გააჩნია ღვთის არსი, ნამდვილად არ არის ხორცშესხმული ღმერთი – ეს უდავოა. თუ ადამიანს სურს გამოიკვლიოს, ნამდვილად არის თუ არა ვინმე ღვთის განკაცებული ხორცი, მაშინ მან ეს უნდა განსაზღვროს იმ ხასიათით, რომელსაც იგი გამოხატავს და იმ სიტყვებით, რომლებსაც იგი წარმოთქვამს. ეს ნიშნავს, რომ იმის დასადგენად, არის თუ არა იგი ღვთის ხორცშესხმული სხეული და არის თუ არა იგი ჭეშმარიტი გზა, ადამიანმა ეს მისი არსის მიხედვით უნდა გაარჩიოს. ამრიგად, გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, არის თუ არა იგი განკაცებული ღვთის ხორცი, მის არსში მდგომარეობს (მის საქმეში, მის სიტყვებში, მის ხასიათსა და მრავალ სხვა ასპექტში), და არა გარეგნულ იერსახეში. თუ ადამიანი მხოლოდ მის გარეგნულ იერსახეს იკვლევს და შედეგად მის არსს უგულებელყოფს, ეს მის სისულელესა და უმეცრებაზე მეტყველებს. გარეგნულ იერსახეს არ შეუძლია არსის განსაზღვრა; მეტიც, ღვთის საქმე არასოდეს ეტევა ადამიანის წარმოდგენებში. განა იესოს გარეგნული იერსახე არ ეწინააღმდეგებოდა ადამიანის წარმოდგენებს? განა მისი სახის გამომეტყველებასა და სამოსს შეეძლო მისი ნამდვილი ვინაობის წარმოჩენა? განა იმდროინდელი ფარისევლები სწორედ იმიტომ არ დაუპირისპირდნენ იესოს, რომ ისინი მხოლოდ მის გარეგნულ იერსახეს უყურებდნენ და გულისყურით არ იღებდნენ მის ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს? იმედი მაქვს, რომ თითოეული ძმა და და, რომელიც ღვთის გამოცხადებას ელის, არ გაიმეორებს ისტორიის ტრაგედიას, არ გახდება თანამედროვეობის ფარისეველი და ხელახლა არ აცვამს ღმერთს ჯვარს. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეეგებოთ ღვთის დაბრუნებას და ნათლად უნდა გესმოდეთ, როგორ გახდეთ ჭეშმარიტების მორჩილნი. ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ელის იესოს დაბრუნებას, რომელიც ღრუბელზე ამხედრებული მოვა. ჩვენ უნდა გავახილოთ ჩვენი სულიერი თვალები და არ ჩავიძიროთ ილუზორულ სიტყვებში. უნდა დავფიქრდეთ ღვთის რეალურ საქმეზე და დავინახოთ ღვთის პრაქტიკული მხარე. ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ დაიკარგებით ოცნებებში მუდმივად იმის იმედით, რომ უფალი იესო მოულოდნელად დაეშვება ღრუბლით თქვენ შორის და წაგიყვანთ თქვენ, ვისაც არასოდეს გიცვნიათ, არ გინახავთ იგი და არ იცით, როგორ მიჰყვეთ მის ნებას. სჯობს უფრო რეალურ საკითხებზე დაფიქრდეთ!
შესაძლოა, ეს წიგნი გამოკვლევის მიზნით გადაშალე, ან მიღების განზრახვით. როგორიც არ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება, ვიმედოვნებ, მას ბოლომდე წაიკითხავ და ადვილად არ გადადებ გვერდზე. შესაძლოა, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შენი დამოკიდებულებაც შეიცვალოს, მაგრამ ეს შენს მოტივაციასა და გაგების ხარისხზეა დამოკიდებული. თუმცა, არის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე: ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადამიანის სიტყვად გასაღდეს და მით უმეტეს, ადამიანის სიტყვა ვერ გახდება ღვთის სიტყვა. ღვთის მიერ გამოყენებული ადამიანი არ არის განკაცებული ღმერთი და განკაცებული ღმერთი არ არის ღვთის მიერ გამოყენებული ადამიანი – მათ შორის არსებითი განსხვავებაა. შესაძლოა, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ არ აღიარო ისინი ღვთის სიტყვებად, არამედ მხოლოდ იმ გაცისკროვნებად, რომელიც ადამიანმა მიიღო. ასეთ შემთხვევაში, მეტისმეტად უმეცარი იქნები. როგორ შეიძლება ღვთის სიტყვები იგივე იყოს, რაც ადამიანის მიერ მიღებული გაცისკროვნება? განკაცებული ღვთის სიტყვები ხსნის ახალი ეპოქის კარს, წარმართავს მთელ კაცობრიობას, ააშკარავებს საიდუმლოებებს და ადამიანს უჩვენებს იმ მიმართულებას, რომელიც მან ახალ ეპოქაში უნდა აირჩიოს. ადამიანის მიერ მიღებული გაცისკროვნება კი სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული მარტივი პრაქტიკა ან ცოდნა. მას არ შეუძლია მთელი კაცობრიობის ახალ ეპოქაში გაძღოლა ან ღვთის საიდუმლოებების გაცხადება. საბოლოო ჯამში, ღმერთი ღმერთია, ადამიანი კი — ადამიანი. ღმერთს ღვთის არსი აქვს, ადამიანს კი — ადამიანის არსი. თუ ადამიანი ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს სულიწმიდის მიერ ბოძებულ უბრალო გაცისკროვნებად მიიჩნევს, ხოლო მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვებს უშუალოდ ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებად იღებს, ეს ადამიანის შეცდომა იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს უნდა თქვა შავზე, რომ თეთრია ან მაღალი დაბლად არ უნდა წარმოაჩინო, ან ღრმა — ზედაპირულად. და რაც არ უნდა მოხდეს, განზრახ არასოდეს უნდა უარყო ის, რაც აშკარად იცი, რომ ჭეშმარიტებაა. ყველამ, ვისაც სწამს, რომ ღმერთი არსებობს, უნდა გამოიკვლიოს საკითხები სწორი პოზიციიდან და მიიღოს ღვთის ახალი საქმე და მისი ახალი სიტყვები შექმნილი არსების პოზიციიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი მათ განიკვეთავს.
იეჰოვას საქმის შემდეგ, იესომ ხორცი შეისხა, რათა თავისი საქმე ადამიანთა შორის აღესრულებინა. მისი საქმე იზოლირებულად არ განხორციელებულა, არამედ იეჰოვას საქმეს ეფუძნებოდა. ეს იყო ახალი ეპოქის საქმე, რომელიც ღმერთმა რჯულის ეპოქის დასრულების შემდეგ აღასრულა. ანალოგიურად, მას შემდეგ, რაც იესოს საქმე დასრულდა, ღმერთმა განაგრძო თავისი საქმე მომდევნო ეპოქისათვის, რადგან ღვთის მთელი მართვა განუწყვეტლივ წინ მიიწევს. როდესაც ძველი ეპოქა გაივლის, მას ახალი ეპოქა ჩაენაცვლება, ხოლო როგორც კი ძველი საქმე დასრულდება, დაიწყება ახალი საქმე, რათა ღვთის მართვა გაგრძელდეს. ეს განკაცება ღვთის მეორე განკაცებაა, რომელიც იესოს საქმეს მოსდევს. რა თქმა უნდა, ეს განკაცებაც დამოუკიდებლად არ ხდება. ეს არის საქმის მესამე ეტაპი რჯულის ეპოქისა და მადლის ეპოქის შემდეგ. ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი თავისი საქმის ახალ ეტაპს იწყებს, ყოველთვის უნდა იყოს ახალი დასაწყისი და მას ყოველთვის უნდა მოჰქონდეს ახალი ეპოქა. ასევე ხდება შესაბამისი ცვლილებები ღვთის ხასიათში, მისი მუშაობის წესში, მისი საქმის ადგილსა და მის სახელში. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ადამიანისთვის რთულია ახალ ეპოქაში ღვთის საქმის მიღება. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეწინააღმდეგება მას ადამიანი, ღმერთი მუდამ ასრულებს თავის საქმეს და მუდამ წინ მიუძღვის მთელ კაცობრიობას. როდესაც იესო ადამიანთა სამყაროში მოვიდა, მან შემოიტანა მადლის ეპოქა და დაასრულა რჯულის ეპოქა. უკანასკნელ დღეებში ღმერთმა კვლავ შეისხა ხორცი და ამ განკაცებით მან დაასრულა მადლის ეპოქა და შემოიტანა სასუფევლის ეპოქა. ყველა, ვინც შეძლებს ღვთის მეორე განკაცების მიღებას, შევა სასუფევლის ეპოქაში და მეტიც, შეძლებს პირადად მიიღოს ღვთის წინამძღოლობა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ადამიანთა შორის მოვიდა და მრავალი საქმე აღასრულა, მან მხოლოდ მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე შეასრულა და ადამიანის ცოდვებისთვის გამოსასყიდ მსხვერპლად იქცა. თუმცა ადამიანი მისი ყოველგვარი გახრწნილი ხასიათისგან არ გაუთავისუფლებია. იმისათვის, რომ ადამიანი სატანის გავლენისგან სრულად გადარჩენილიყო, მხოლოდ ის კი არ იყო საჭირო, რომ იესო ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად ქცეულიყო და ადამიანის ცოდვები ეტვირთა, არამედ ისიც, რომ ღმერთს კიდევ უფრო დიდი საქმე აღესრულებინა, რათა ადამიანი სრულად გაეთავისუფლებინა სატანის მიერ ჩანერგილი გახრწნილი ხასიათისგან. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ადამიანს ცოდვები მიეტევა, ღმერთი დაუბრუნდა ხორცს, რათა ადამიანი ახალ ეპოქაში შეეყვანა, და მან დაიწყო გაკიცხვისა და სამსჯავროს საქმე. ამ საქმემ ადამიანი უფრო მაღალ სულიერ სამყაროში შეიყვანა. ყველა, ვინც მის ხელმწიფებას დაემორჩილება, უფრო მაღალი ჭეშმარიტებით დატკბება და უფრო დიდ კურთხევებს მიიღებს. ისინი ჭეშმარიტად იცხოვრებენ ნათელში და მოიპოვებენ ჭეშმარიტებას, გზასა და სიცოცხლეს.
თუ ადამიანები მადლის ეპოქაში ჩარჩებიან, ისინი ვერასოდეს გათავისუფლდებიან თავიანთი გახრწნილი ხასიათისგან და მით უმეტეს, ვერ შეიცნობენ ღვთის თანდაყოლილ ხასიათს. თუ ადამიანები მუდამ უხვი მადლის გარემოცვაში იცხოვრებენ, მაგრამ არ ექნებათ სიცოცხლის გზა, რომელიც მათ ღვთის შეცნობისა თუ მისი დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს, მაშინ ისინი თავიანთი რწმენით ვერასოდეს შეძლებენ მის ჭეშმარიტად მოპოვებას. ასეთი რწმენა მართლაც სავალალოა. როდესაც ამ წიგნს ბოლომდე წაიკითხავ და სასუფევლის ეპოქაში განკაცებული ღვთის საქმის თითოეულ ნაბიჯს გაივლი, იგრძნობ, რომ ის სურვილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გქონდა, საბოლოოდ ახდა. იგრძნობ, რომ მხოლოდ ახლა იხილე ჭეშმარიტად ღმერთი პირისპირ; მხოლოდ ახლა შეხედე მის სახეს, მოისმინე მისი პირადი გამონათქვამები, ჩასწვდი მისი საქმის სიბრძნეს და ჭეშმარიტად შეიგრძენი, თუ რაოდენ პრაქტიკული და ყოვლისშემძლეა იგი. იგრძნობ, რომ მოიპოვე ბევრი ისეთი რამ, რაც წარსულ ეპოქებში მცხოვრებ ადამიანებს არც არასოდეს უნახავთ და არც ჰქონიათ. ამ დროს, ნათლად გეცოდინება, რას ნიშნავს ღვთის რწმენა და რას ნიშნავს ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედება. რა თქმა უნდა, თუ წარსულის შეხედულებებს ჩაებღაუჭები, უარყოფ და არ მიიღებ ღვთის მეორე განკაცების ფაქტს, მაშინ ხელცარიელი დარჩები, ვერაფერს მოიპოვებ და საბოლოოდ, ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, დამნაშავედ შეირაცხები. ისინი კი, ვინც შეძლებენ დაემორჩილონ ჭეშმარიტებას და ღვთის საქმეს, გაერთიანდებიან მეორედ განკაცებული ღვთის — ყოვლისშემძლის – სახელის ქვეშ. ისინი შეძლებენ ღვთის პირადი წინამძღოლობის მიღებას, მოიპოვებენ უფრო მეტ და უფრო მაღალ ჭეშმარიტებას და ასევე ნამდვილ ადამიანურ ცხოვრებას. ისინი იხილავენ იმ ხილვას, რომელიც წარსულში მცხოვრებ ადამიანებს არასოდეს უხილავთ: „მივბრუნდი, რათა დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე ძე კაცისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმები სპეტაკი თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი და როგორც თოვლი. თვალები მისი — როგორც ცეცხლის ალი; მისი ფეხები – როგორც მოელვარე სპილენძი, გავარვარებულ ქურაში, ხოლო მისი ხმა — როგორც ბევრი წყლის ხმაური. მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, და მისი სახე იყო როგორც მნათობი მზე, მთელი ძალით რომ ანათებს“ (გამოცხადება 1:12–16). ეს ხილვა ღვთის სრული ხასიათის გამოხატულებაა, ხოლო მისი სრული ხასიათის ეს გამოვლინება ასევე არის იმ საქმის გამოხატულება, რომელსაც ღმერთი თავისი ამჟამინდელი განკაცებით აღასრულებს. გაკიცხვისა და სამსჯავროს ნაკადებში, ძე კაცისა გამონათქვამების მეშვეობით გამოხატავს თავის თანდაყოლილ ხასიათს, რითაც საშუალებას აძლევს ყველას, ვინც იღებს მის გაკიცხვასა და სამსჯავროს, იხილოს კაცის ძის ჭეშმარიტი სახე – სახე, რომელიც იოანეს მიერ ნანახი კაცის ძის სახის ზუსტი ასახვაა. (რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უხილავი იქნება მათთვის, ვინც არ იღებს ღვთის საქმეს სასუფევლის ეპოქაში.) ღვთის ჭეშმარიტი სახის სრულად გადმოცემა ადამიანური ენით შეუძლებელია. ამიტომ ღმერთი იყენებს თავისი თანდაყოლილი ხასიათის გამოხატვის მეთოდს, რათა ადამიანს თავისი ჭეშმარიტი სახე უჩვენოს. ეს ნიშნავს, რომ ყველამ, ვინც შეიცნო კაცის ძის თანდაყოლილი ხასიათი, იხილა კიდეც კაცის ძის ჭეშმარიტი სახე, რადგან ღმერთი მეტისმეტად დიადია და მისი სრულად გადმოცემა ადამიანური ენით შეუძლებელია. როგორც კი ადამიანი საკუთარ გამოცდილებაში გაივლის სასუფევლის ეპოქაში ღვთის საქმის თითოეულ ნაბიჯს, იგი შეიცნობს იოანეს სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, როდესაც ის საუბრობდა სასანთლეებს შორის მყოფ კაცის ძეზე: „მისი თავი და თმები სპეტაკი თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი და როგორც თოვლი; თვალები მისი — როგორც ცეცხლის ალი; მისი ფეხები – როგორც მოელვარე სპილენძი, გავარვარებულ ქურაში, ხოლო მისი ხმა — როგორც ბევრი წყლის ხმაური. მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, და მისი სახე იყო, როგორც მნათობი მზე, მთელი თავისი ძალით რომ ანათებს.“ იმ მომენტში, ყოველგვარი ეჭვის გარეშე გეცოდინება, რომ ეს ჩვეულებრივი ხორცი, რომელმაც ამდენი რამ თქვა, უდავოდ მეორედ განკაცებული ღმერთია. მეტიც, ჭეშმარიტად შეიგრძნობ, თუ რაოდენ კურთხეული ხარ და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობ. განა არ ისურვებდი ამ კურთხევის მიღებას?