როგორია შენი შეხედულება ცამეტი ეპისტოლის შესახებ?
ბიბლიის ახალი აღთქმა პავლეს ცამეტ ეპისტოლეს შეიცავს. თავისი საქმის შესრულების პერიოდში, პავლემ ეს ცამეტი წერილი იმ ეკლესიებს მისწერა, რომლებსაც იესო ქრისტე სწამდათ. ანუ, პავლე წამოყენებულ იქნა და მან ეს ეპისტოლეები იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ დაწერა. მისი ეპისტოლეები უფალი იესოს სიკვდილის შემდგომი აღდგომისა და ზეცად ამაღლების დამოწმებაა. მათში ასევე არის ქადაგება მონანიებისა და ჯვრის ტარების გზის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს გზა და დამოწმებები იმხანად იუდეის სხვადასხვა კუთხეში მყოფი ძმებისა და დების დასამოძღვრად იყო განკუთვნილი, რადგან იმ პერიოდში პავლე უფალი იესოს მსახური იყო და წამოყენებულ იქნა უფალი იესოს დასამოწმებლად. სულიწმიდის საქმის თითოეულ პერიოდში სხვადასხვა ადამიანი წამოყენდება მისი სხვადასხვა საქმის შესასრულებლად, ანუ მოციქულთა საქმის გასაკეთებლად, რათა გაგრძელდეს ის საქმე, რომელსაც თავად ღმერთი ასრულებს. უშუალოდ სულიწმიდას რომ გაეკეთებინა ეს ყველაფერი და ადამიანები არ წამოყენებულიყვნენ, მაშინ საქმის განხორციელების გაგრძელება გართულდებოდა. ამგვარად, პავლე გახდა ის, ვინც დამასკოს გზაზე განგმირულ იქნა, შემდეგ კი წამოყენებულ იქნა, რათა უფალი იესო დაემოწმებინა. ის იყო ერთ–ერთი მოციქული, თუმცა იესოს თორმეტ მოწაფეთაგანი არ ყოფილა. სახარების ქადაგების გარდა, მან ასევე იტვირთა სხვადასხვა ადგილას არსებული ეკლესიების მწყემსვის საქმე, რაც ეკლესიების ძმებსა და დებზე ზრუნვას მოიცავდა — სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფალში მყოფი ძმებისა და დების წინამძღოლობას. პავლეს დამოწმება მიზნად ისახავდა უფალი იესოს აღდგომისა და ზეცად ამაღლების ფაქტის შესახებ ცნობის გავრცელებას, ასევე ადამიანთა დამოძღვრას, რათა მათ მოენანიებინათ, ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და ჯვრის გზით ევლოთ. იგი იმხანად იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოწმე იყო.
პავლეს ცამეტი ეპისტოლე ბიბლიაში შესატანად შეირჩა. პავლემ ცამეტივე წერილი სხვადასხვა ადგილას მყოფი ადამიანების განსხვავებული მდგომარეობების მოსაგვარებლად დაწერა. იგი მათ სულიწმიდის შთაგონებით წერდა და ყველგან მოძღვრავდა ძმებსა და დებს მოციქულის პოზიციიდან (უფალი იესოს მსახურის გადმოსახედიდან). ამგვარად, პავლეს ეპისტოლეები არ მომდინარეობდა წინასწარმეტყველებებიდან ან უშუალოდ ხილვებიდან. პავლემ ისინი იმ საქმის გამო დაწერა, რომლის შესრულებაც იტვირთა. ეს ეპისტოლეები არც უცნაურია და არც წინასწარმეტყველებასავით რთულად გასაგები. ეს სიტყვები უბრალოდ ეპისტოლეებია – ისინი არც წინასწარმეტყველებებია და არც საიდუმლოებანი; ისინი მხოლოდ ჩვეულებრივი დამრიგებლობითი სიტყვებია. მიუხედავად იმისა, რომ მათში ბევრი სიტყვა შესაძლოა რთულად აღსაქმელი ან ძნელად გასაგები იყოს ადამიანებისთვის, ისინი მხოლოდ პავლეს პირად გაგებასა და სულიწმიდისგან მიღებულ ნათელს ეფუძნება. პავლე იყო მხოლოდ მოციქული. იგი უფალი იესოს მიერ გამოყენებული მსახური იყო და არა წინასწარმეტყველი. სხვადასხვა მხარეში მოგზაურობისას იგი წერილებს სწერდა ეკლესიებში მყოფ ძმებსა და დებს. ავადმყოფობის ჟამს კი, როდესაც ჩასვლა არ შეეძლო, სწერდა იმ ეკლესიებს, რომლებზეც განსაკუთრებით ფიქრობდა. სწორედ ამიტომ, მისი ეპისტოლეები ადამიანებმა შემოინახეს. მოგვიანებით კი მომავალმა თაობებმა ისინი შეკრიბეს, დაახარისხეს და ბიბლიაში, ოთხი სახარების შემდეგ, განათავსეს. რა თქმა უნდა, მათ შეარჩიეს და შეადგინეს პავლეს მიერ დაწერილი საუკეთესო ეპისტოლეების კრებული. ეს ეპისტოლეები სასარგებლო აღმოჩნდა ეკლესიებში მყოფი ძმებისა და დების ცხოვრებისათვის და მის დროში განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. როდესაც პავლე მათ წერდა, მისი მიზანი არ ყოფილა ისეთი სულიერი ნაშრომის შექმნა, რომელიც მის ძმებსა და დებს დაეხმარებოდა ეპოვათ პრაქტიკის გზა, ან დაეწერათ სულიერი ბიოგრაფია საკუთარი გამოცდილების გამოსახატად. მისი განზრახვა არ ყოფილა წიგნის დაწერა, რათა მწერალი გამხდარიყო. იგი უბრალოდ წერილებს სწერდა უფალი იესო ქრისტეს ეკლესიის ძმებსა და დებს. პავლე მსახურის პოზიციიდან მოძღვრავდა თავის ძმებსა და დებს და უამბობდა მათ თავისი ტვირთის, უფალი იესოს განზრახვებისა და იმ დავალებების შესახებ, რაც მან ადამიანებს მომავლისთვის დააკისრა. სწორედ ეს იყო ის საქმე, რომელსაც პავლე ასრულებდა. მისი სიტყვები აღმშენებლობითი აღმოჩნდა ყველა მომავალი ძმისა და დის გამოცდილებისთვის, ხოლო ის ჭეშმარიტებანი, რომელთაც იგი ამ უამრავ ეპისტოლეში თანაზიარებდა, სწორედ ის იყო, რაც მადლის ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს პრაქტიკაში უნდა გამოეყენებინათ. ამ მიზეზით, ეს ეპისტოლეები მომავალმა თაობებმა ახალი აღთქმის ნაწილად აქციეს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო პავლეს საბოლოო ხვედრი, იგი იყო ადამიანი, რომელსაც ღმერთი თავის დროზე იყენებდა და რომელიც მხარს უჭერდა ძმებსა და დებს ეკლესიებში. მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა მისი სუბსტანციით და იმითაც, რომ თავდაპირველად იგი განგმირულ იქნა. მას შეეძლო იმ დროს ამ სიტყვების წარმოთქმა, რადგან მასში სულიწმიდის საქმე მოქმედებდა და სწორედ ამ საქმის გამო ატარებდა პავლე ეკლესიების მძიმე ტვირთს. ამგვარად, მას ჰქონდა ძალა, სულიერი საზრდო მიეცა თავისი ძმებისა და დებისთვის. თუმცა, გარკვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო, პავლე ვერ ახერხებდა ეკლესიებში პირადად მისვლასა და საქმის შესრულებას. ამიტომ იგი წერილებს სწერდა მათ, რათა დაერიგებინა უფალში მყოფი თავისი ძმები და დები. თავდაპირველად პავლე დევნიდა უფალი იესოს მოწაფეებს, მაგრამ იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ — ანუ, მას შემდეგ, რაც პავლეს „ნათელი“ მოეფინა — მან შეწყვიტა უფალი იესოს მოწაფეების დევნა და აღარ დევნიდა იმ წმინდანებს, რომლებიც უფლის გზისთვის სახარებას ქადაგებდნენ. მას შემდეგ, რაც პავლემ იხილა, თუ როგორ გამოეცხადა მას იესო კაშკაშა ნათლის სახით, მან მიიღო უფლის დავალება. ის იყო ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა სახარების საქადაგებლად იყენებდა.
იმხანად პავლეს საქმე უბრალოდ თავისი ძმებისა და დების მხარდაჭერა და მათთვის საზრდოს მიწოდება იყო. ის არ ჰგავდა იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ კარიერის შექმნა ან ლიტერატურული ნაწარმოებების დაწერა, სხვა გზების გაკვალვა, ან ბიბლიის მიღმა ისეთი საშუალებების ძიება, რომელთა მეშვეობითაც ეკლესიებში მყოფ ადამიანებს წარუძღვებოდნენ, რათა მათ ყველას ახალი შესვლა მოეპოვებინათ. პავლე იყო ადამიანი, რომელიც ღვთის მიერ იყო გამოყენებული. თავისი საქმეების კეთებისას, ის მხოლოდ მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ასრულებდა. მას რომ ეკლესიებზე ზრუნვის ტვირთი არ ეტარებინა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ მან უგულებელყო თავისი პასუხისმგებლობა. ეკლესიაში რაიმე შემაშფოთებელი რომ მომხდარიყო ან ღალატის შემთხვევას ჰქონოდა ადგილი, რაც იქ მყოფ ადამიანებში არანორმალურ მდგომარეობას გამოიწვევდა, მაშინ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ მან თავისი საქმე ჯეროვნად ვერ შეასრულა. თუ მუშაკი ატარებს ეკლესიის მიმართ ტვირთს და, შესაბამისად, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს, მაშინ ამით მტკიცდება, რომ ეს ადამიანი სტანდარტის შესაბამისი მუშაკია — სტანდარტის შესაბამისი ადამიანი, რომელიც ღვთის მიერ გამოიყენება. ხოლო თუ ადამიანი არ გრძნობს ეკლესიის მიმართ ტვირთს და თავის საქმეში არანაირ შედეგს არ აღწევს, ხოლო ადამიანების უმეტესობა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, სუსტია ან ეცემა კიდეც, მაშინ ასეთი მუშაკი არ ასრულებს თავის მოვალეობას. ანალოგიურად, არც პავლე ყოფილა გამონაკლისი. სწორედ ამიტომ, მას უნდა ეზრუნა ეკლესიებზე და ხშირად მიეწერა წერილები თავისი ძმებისა და დებისთვის. სწორედ ამ გზით მას შეეძლო ეკლესიებისთვის საზრდოს მიწოდება და თავის ძმებსა და დებზე ზრუნვა; და მხოლოდ ასე შეეძლოთ ეკლესიებს მისგან სულიერი საზრდოსა და მწყემსვის მიღება. მის მიერ დაწერილ წერილებში გამოყენებული სიტყვები ძალიან ღრმა იყო, თუმცა, ისინი თავისი ძმებისა და დებისთვის დაიწერა იმ პირობებში, როდესაც პავლეს სულიწმიდისგან ნათელი ჰქონდა მოფენილი. მან წერილებში თავისი პირადი გამოცდილება ასახა და ის ტვირთი ჩააქსოვა, რომელსაც გრძნობდა. პავლე მხოლოდ სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანი იყო და მისი წერილების შინაარსშიც უხვად იყო შერეული მისი პირადი გამოცდილება. მის მიერ შესრულებული საქმე უბრალოდ მოციქულის საქმეს წარმოადგენს და არა უშუალოდ სულიწმიდის მიერ შესრულებულ საქმეს, და ის ასევე განსხვავდება ქრისტეს საქმისგან. პავლე მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა, რის გამოც იგი საზრდოდ აწვდიდა უფალში მყოფ თავის ძმებსა და დებს როგორც საკუთარ ტვირთს, ისე პირად გამოცდილებასა და შეხედულებებს. პავლე უბრალოდ ასრულებდა იმ საქმეს, რომელიც ღმერთმა მიანდო და ამას საკუთარი გაგებისა და ცოდნის გაზიარებით აკეთებდა. ეს ნამდვილად არ ყოფილა უშუალოდ ღვთის მიერ შესრულებული საქმის მაგალითი. ამგვარად, პავლეს საქმე შერწყმული იყო ადამიანურ გამოცდილებასთან და ეკლესიის საქმის შესახებ ადამიანურ შეხედულებებსა და გაგებასთან. თუმცა, ეს ადამიანური შეხედულებები და გაგება არ შეიძლება ბოროტი სულების საქმედ ან ხორციელი ბუნების საქმედ ჩაითვალოს. მათზე მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სულიწმიდის ნათელყოფით არის მიღებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ პავლეს წერილები ზეციური წიგნები არ არის. ისინი არ არის წმინდა იმ გაგებით, რომ სულაც არ ყოფილა სულიწმიდის მიერ წარმოთქმული ან გამოხატული. ისინი მხოლოდ ეკლესიის მიმართ პავლეს ტვირთის გამოხატულებაა. ჩემი მიზანი ამ ყველაფრის თქმისას ისაა, რომ გაიგოთ განსხვავება ღვთის საქმესა და ადამიანის საქმეს შორის: ღვთის საქმე თავად ღმერთს წარმოადგენს, ხოლო ადამიანის საქმე — ადამიანის მოვალეობასა და გამოცდილებას. არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნორმალური საქმე ადამიანურ განზრახვებად და არც ღვთის ზებუნებრივი საქმე — ღვთის განზრახვებად. მით უმეტეს, არ უნდა მივიჩნიოთ ადამიანის მაღალფარდოვანი ქადაგება ღვთის სიტყვად ან ზეციურ წიგნებად. ყველა ასეთი შეხედულება ეთიკურობას მოკლებულია. ბევრი ადამიანი, როდესაც ისმენს, თუ როგორ ვახდენ პავლეს ცამეტი ეპისტოლის სიღრმისეულ განხილვას, ფიქრობს, რომ პავლეს წერილები არ უნდა იკითხებოდეს და რომ პავლე საშინლად ცოდვილი ადამიანი იყო. ბევრი ისეთი ადამიანიც არსებობს, ვინც ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები უგრძნობელია, რომ პავლეს ეპისტოლეების ჩემეული შეფასება არ არის ზუსტი და რომ ეს წერილები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ ადამიანის გამოცდილებისა და ტვირთის გამოხატულებად. მათ სჯერათ, რომ ნაცვლად ამისა, წერილები ღვთის სიტყვებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ისინი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იოანეს გამოცხადების წიგნი და რომ არ შეიძლება მათი შემოკლება ან მათზე რაიმეს დამატება, ან მით უმეტეს, ზერელედ ახსნა. განა ეს ყველაფერი ადამიანთა მცდარი განცხადებები არ არის? განა ეს მთლიანად იმით არ არის განპირობებული, რომ ადამიანებს განსჯის უნარი არა აქვთ? პავლეს წერილებს, რომლებიც ორიათასწლიან ისტორიას ითვლის, მართლაც დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის. თუმცა, დღემდე კვლავ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც არ შეუძლია ჩაწვდეს იმას, თუ რას ამბობდა პავლე იმხანად. ადამიანები მიიჩნევენ, რომ პავლეს წერილები მთელ ქრისტიანობაში უდიდესი შედევრებია, რომ არავის შეუძლია მათი ამოხსნა და არავის ძალუძს მათი ბოლომდე გაგება. სინამდვილეში, ეს წერილები უბრალოდ სულიერი ადამიანის ბიოგრაფიას ჰგავს და ვერ შეედრება ვერც იესოს სიტყვებს და ვერც დიდებულ ხილვებს, რომლებიც იოანემ იხილა. ამის საპირისპიროდ, ის, რაც იოანემ იხილა, იყო დიდებული ხილვები ზეციდან — თავად ღვთის საქმის წინასწარმეტყველებანი — რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაშინ როდესაც პავლეს წერილები მხოლოდ იმის აღწერაა, თუ რა იხილა და განიცადა ადამიანმა. ეს არის ის, რისი უნარიც ადამიანს შესწევს; ისინი არც წინასწარმეტყველებებია და არც ხილვები, არამედ უბრალოდ სხვადასხვა ადგილას გაგზავნილი წერილებია. თუმცა, იმდროინდელი ადამიანებისთვის პავლე იყო მუშაკი და, შესაბამისად, მის სიტყვებს ფასი ჰქონდა, რადგან მან მიიღო ის საქმე, რომელიც ღმერთმა დააკისრა. აქედან გამომდინარე, მისი წერილები სასარგებლო იყო ყველასთვის, ვინც ქრისტესკენ მიისწრაფოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები პირადად იესოს მიერ არ ყოფილა წარმოთქმული, ისინი მაინც აუცილებელი იყო იმ დროისთვის. ამგვარად, პავლეს შემდგომმა თაობებმა მისი წერილები ბიბლიაში განათავსეს, რითაც შესაძლებელი გახდა მათი დღემდე მოტანა. გესმით, რას ვგულისხმობ? მე უბრალოდ ამ წერილების ზუსტ განმარტებას გაძლევთ და მათ ანალიზს ვახდენ; და არ უარვყოფ მათ სარგებლიანობას ადამიანებისთვის ან მათ ცნობით ღირებულებას. თუ ჩემი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, არა მხოლოდ უარყოფთ პავლეს წერილებს, არამედ მათ მწვალებლობად ან უსარგებლოდ მიიჩნევთ, მაშინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თქვენი წვდომის უნარი მეტისმეტად სუსტია, ისევე როგორც თქვენი ხედვა და საკითხების განსჯის უნარი. და რასაკვირველია ვერ ვიტყვით, რომ ჩემი სიტყვები მეტისმეტად ცალმხრივია. ახლა გესმით? თქვენთვის მნიშვნელოვანია ჩაწვდეთ იმხანად პავლეს საქმის რეალურ ვითარებას და იმ კონტექსტს, რომელშიც მისი წერილები დაიწერა. თუ ამ გარემოებებს სწორად შეხედავთ, მაშინ პავლეს ეპისტოლეებსაც სწორად შეაფასებთ. ამავდროულად, როგორც კი ამ წერილების არსს ჩასწვდები, ბიბლიის მიმართ სწორი შეფასება გექნება და მაშინ გაიგებ, თუ რატომ ეთაყვანებოდნენ პავლეს ეპისტოლეებს ასე ძლიერ შემდგომი თაობები მრავალი წლის განმავლობაში, და ასევე იმას, თუ რატომ ეპყრობა ბევრი ადამიანი პავლეს ისე, როგორც ღმერთს. განა თქვენც ასე არ იფიქრებდით, ეს ყველაფერი რომ არ გესმოდეთ?
ის, ვინც თავად ღმერთი არ არის, ვერ წარმოადგენს ღმერთს. პავლეს საქმე შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ ადამიანური წვდომისა და სულიწმიდის ნათელის მოფენის ნაწილია. პავლემ ეს სიტყვები ადამიანური წვდომის გამოყენებისა და სულიწმიდის ნათელმყოფელი ძალის შთაგონებით დაწერა. ეს იშვიათი მოვლენა არ არის. ამიტომ გარდაუვალი იყო ის, რომ მის სიტყვებში გარკვეული ადამიანური გამოცდილებაც შერეულიყო, მოგვიანებით კი მან სწორედ თავისი პირადი გამოცდილება გამოიყენა, რათა იმხანად თავის ძმებსა და დებზე ეზრუნა და მხარი დაეჭირა. მის მიერ დაწერილი წერილები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სულიერი ცხოვრების კვლევად, არც ბიოგრაფიებად ან გზავნილებად, მით უმეტეს, ისინი არც ეკლესიის მიერ პრაქტიკაში გამოყენებული ჭეშმარიტებანი ყოფილა და არც ეკლესიის ადმინისტრაციული განკარგულებები. როგორც პასუხისმგებლობით დატვირთულმა ადამიანმა — სულიწმიდის მიერ საქმეზე დანიშნულმა პირმა — ეს უბრალოდ უნდა გააკეთოს. თუ სულიწმიდა წამოაყენებს ადამიანებს და მათ ტვირთს ანდობს, მაგრამ ისინი ვერ იტვირთავენ ეკლესიის საქმეს, ვერ გაუძღვებიან მის საქმეებს კარგად, ან დამაკმაყოფილებლად ვერ გადაჭრიან მის ყველა პრობლემას, მაშინ ამით დამტკიცდება, რომ ასეთი ადამიანები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ამიტომ არც ისე იდუმალება იყო ის ფაქტი, რომ მოციქულს შეეძლო წერილების დაწერა თავისი საქმის შესრულებისას. ეს მისი საქმის ნაწილი იყო და ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო. წერილების დაწერისას მოციქულის მიზანი არ ყოფილა სულიერი სიცოცხლის კვლევის ან სულიერი ბიოგრაფიის დაწერა, და, მით უმეტეს, არც წმინდანებისთვის სხვა გზის გაკვალვა. არამედ იგი ამას აკეთებდა, რათა შეესრულებინა თავისი ფუნქცია და ყოფილიყო ღვთის ერთგული მსახური, რათა ანგარიში ჩაებარებინა ღვთისთვის იმ დავალებების შესრულებით, რომელიც ღმერთმა მას დააკისრა. მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ასევე თავისი ძმებისა და დების წინაშე, კარგად უნდა შეესრულებინა თავისი საქმე და გულთან ახლოს მიეტანა ეკლესიის საქმეები: ეს ყველაფერი მისი მოვალეობის ნაწილი იყო.
თუ პავლეს წერილებს ჩასწვდით, ასევე გექნებათ სწორი გაგება და შეფასება როგორც პეტრეს, ისე იოანეს ეპისტოლეების მიმართ. აღარასოდეს შეხედავთ ამ წერილებს, როგორც ზეციურ წიგნებს, ან წმინდა და ხელშეუხებელ ნაწერებს, მით უმეტეს, აღარ ჩათვლით პავლეს ღმერთად. ბოლოს და ბოლოს, ღვთის საქმე განსხვავდება ადამიანის საქმისგან. მაშ, როგორ შეიძლება ღვთის გამოხატულებები და ადამიანის გამოხატულებები იდენტური იყოს? ღმერთს თავისი განსაკუთრებული ხასიათი აქვს, ადამიანს კი — მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულოს. ღვთის ხასიათი მის საქმეში გამოიხატება, ხოლო ადამიანის მოვალეობა ადამიანის გამოცდილებებშია განსახიერებული და მის მისწრაფებებში ვლინდება. ამიტომ, შესრულებული საქმის მეშვეობით ნათელი ხდება, თუ რა არის ღვთის გამოხატულება და რა – ადამიანის. ამის ახსნა არ სჭირდება არც თავად ღმერთს და არც ადამიანის ძალისხმევაა საჭირო მის დასამოწმებლად; მით უმეტეს, ღმერთს არ სჭირდება ვინმეს დათრგუნვა, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ყოველივე ეს ბუნებრივი გაცხადების სახით მოდის. ეს არც ძალდატანებითია და არც ისეთი რამ, რაშიც ადამიანს ჩარევა შეუძლია. ადამიანის მოვალეობის შეცნობა მისი გამოცდილების მეშვეობითაა შესაძლებელი და ამისთვის არავითარი დამატებითი გამოცდილების შექმნა არ არის საჭირო. ადამიანის მთელი არსი შეიძლება გამოაშკარავდეს მისი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო ღმერთი თავის თანდაყოლილ ხასიათს ავლენს თავისი საქმის შესრულებისას. თუ ეს ადამიანის საქმეა, მაშინ მისი დაფარვა შეუძლებელია, ხოლო თუ ღვთის საქმეა, მაშინ ღვთის ხასიათის დამალვა ვინმეს მიერ კიდევ უფრო შეუძლებელია, მით უმეტეს, მისი გაკონტროლება ადამიანის მიერ. არცერთ ადამიანზე არ შეიძლება ითქვას, რომ ის ღმერთია, მით უფრო, მისი საქმე და სიტყვები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას წმინდად ან შეუცვლელად. ღმერთი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანია, რადგან მან ხორცი შეისხა, მაგრამ მისი საქმე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ადამიანის საქმედ ან ადამიანის მოვალეობად. უფრო მეტიც, ღვთის გამონათქვამები და პავლეს წერილები არ შეიძლება ერთმანეთთან გაიგივდეს. ასევე, ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა და ადამიანის დამრიგებლური სიტყვები არ შეიძლება თანაბარ პირობებში მოვიხსენიოთ. შესაბამისად, არსებობს პრინციპები, რომლებიც ღვთის საქმეს ადამიანის საქმისგან განასხვავებს. ეს პრინციპები ერთმანეთისგან თავიანთი არსის მიხედვით განსხვავდებიან და არა საქმის მასშტაბით ან დროებითი ეფექტურობით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანთა უმეტესობა პრინციპულ შეცდომებს უშვებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი უყურებს გარეგნულს – იმას, რისი მიღწევაც თავად შეუძლია, მაშინ როდესაც ღმერთი უყურებს არსს – იმას, რასაც კაცობრიობის ფიზიკური თვალი ვერ ხედავს. თუ შენ ღვთის სიტყვებსა და საქმეს რიგითი ადამიანის მოვალეობად მიიჩნევ, ხოლო ადამიანის ფართომასშტაბიან საქმეს ხორცშესხმული ღვთის საქმედ და არა ადამიანის მიერ შესრულებულ მოვალეობად, მაშინ განა პრინციპულად არ ცდები? ადამიანის წერილებისა და ბიოგრაფიების დაწერა ადვილია, მაგრამ მხოლოდ სულიწმიდის საქმის საფუძველზე. თუმცა, ღვთის გამონათქვამები და საქმეები არ შეიძლება ადვილად შესრულდეს ადამიანის მიერ ან მიღწეულ იქნას ადამიანური სიბრძნითა და აზროვნებით. მეტიც, ადამიანებს არ შეუძლიათ მათი საფუძვლიანად ახსნა, რამდენიც არ უნდა იკვლიონ ისინი. თუ ეს პრინციპული საკითხები თქვენში არავითარ რეაქციას არ იწვევს, ეს ამტკიცებს იმას, რომ თქვენი რწმენა არც თუ ისე ჭეშმარიტი ან საფუძვლიანია. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ თქვენი რწმენა სავსეა ბუნდოვანებით და არის როგორც არეული, ისე პრინციპებს მოკლებული. როდესაც არ გესმით ღმერთისა და ადამიანის ყველაზე საბაზისო, არსებითი საკითხებიც კი, განა ამგვარი რწმენა ყველაზე მეტად არ არის მოკლებული გამჭრიახობას? როგორ შეიძლება პავლე ყოფილიყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთი მთელი ისტორიის განმავლობაში იყენებდა? როგორ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ერთადერთი, ვინც ოდესმე ეკლესიისთვის შრომობდა? როგორ შეიძლება ის ყოფილიყო ერთადერთი, ვინც ეკლესიებს წერილებს სწერდა მათ მხარდასაჭერად? მიუხედავად ამ ადამიანთა საქმის მასშტაბისა თუ გავლენისა, ან მათი საქმის შედეგებისა, განა ასეთი საქმის პრინციპები და არსი ერთმანეთის მსგავსი არ არის? და განა ამ ადამიანთა საქმე სრულიად არ განსხვავდება ღვთის საქმისგან? მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმის თითოეულ ეტაპს შორის აშკარა განსხვავებები არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი მუშაობის მრავალი მეთოდი სრულიად იდენტური არ არის, განა მათ ყველას მხოლოდ ერთი არსი და წყარო არ გააჩნია? შესაბამისად, თუ ადამიანისთვის ეს საკითხები დღემდე ბუნდოვანია, მაშინ მას საღი გონიერება აკლია. თუ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ადამიანი კვლავ ამბობს, რომ პავლეს წერილები წმინდა და ხელშეუხებელია და განსხვავდება ნებისმიერი სულიერი მოღვაწის ბიოგრაფიისგან, მაშინ ამ ადამიანის გონიერება მეტისმეტად ანომალურია და ასეთი ადამიანი უდავოდ დოგმატიზმის ექსპერტია, რომელიც სრულიად მოკლებულია გონიერებას. თუნდაც თაყვანს სცემდე პავლეს, შენ არ შეგიძლია გამოიყენო მისდამი შენი თბილი გრძნობები იმისთვის, რომ დაამახინჯო ფაქტების ჭეშმარიტება ან უარყო ჭეშმარიტების არსებობა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩემ მიერ ნათქვამი არანაირად არ უარყოფს პავლეს მთელ საქმესა და წერილებს, და არც მთლიანად აუქმებს მათ ცნობით ღირებულებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სიტყვების წარმოთქმისას ჩემი მიზანი ისაა, რომ ადამიანებმა შეიძინოთ სათანადო გაგება და გონივრული შეფასების უნარი ყველა საკითხისა და ადამიანის მიმართ: მხოლოდ ეს არის ნორმალური გონიერება. მხოლოდ ეს არის ის, რითაც ჭეშმარიტების მქონე მართალი ადამიანები უნდა აღიჭურვონ.