საქმე და შესვლა (4)
თუ ადამიანს მართლაც შეუძლია სულიწმიდის საქმის შესაბამისად შესვლა, მისი სიცოცხლე სწრაფად ამოიყრის ყლორტს, როგორც ბამბუკის ამონაყარი გაზაფხულის წვიმის შემდეგ. ადამიანთა დიდი უმრავლესობის ამჟამინდელი სიმწიფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უბრალოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ სიცოცხლეს და მის ნაცვლად მნიშვნელობას ანიჭებენ გარკვეულ გარეგან საკითხებს, რომლებიც უმნიშვნელოა. ან კიდევ აქეთ-იქით აწყდებიან, უმიზნოდ მუშაობენ, ქაოსურად და გაფანტულად მოქმედებენ, ისე, რომ არ იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდნენ და მით უმეტეს — ვისთვის. ისინი მხოლოდ „თავმდაბლურად იმალებიან“. სიმართლე ის არის, რომ თქვენ შორის ცოტამ თუ იცის რამე ღვთის განზრახვების შესახებ უკანასკნელი დღეებისთვის. თქვენგან თითქმის არავინ იცის ღვთის ნაბიჯების შესახებ, მაგრამ კიდევ უარესი ის არის, რომ არავინ იცის, საბოლოოდ რას აღასრულებს ღმერთი. მიუხედავად ამისა, ყოველი ადამიანი, მხოლოდ სიმტკიცისა და მოთმინების ძალით, სხვებისგან წვრთნასა და გასხვლას გადის, თითქოს მოთელვას აკეთებს და ძალის გამოსაჩენად ემზადება[1], იმ დღის მოლოდინში, როცა კვლავ შეძლებს თავი მაღლა ასწიოს. მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ ადამიანთა შორის არსებულ ამ „უცნაურ სანახაობებზე“, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც ყველა თქვენგანმა უნდა გაიაზროს. ამჟამად ადამიანთა უმეტესობა არანორმალურობისკენ ვითარდება[2], და შესვლის გზაზე ისინი ჩიხისკენ მიაბიჯებენ.[3] შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ადამიანური სამყაროს მიღმა არსებული უტოპია, რომელსაც ადამიანი ნატრობს, და მიიჩნევს მას თავისუფლების სამეფოდ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ან შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები უკვე გზას ასცდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ადამიანები, მე მაინც მსურს ვისაუბრო იმაზე, რა არის ის, რაშიც უნდა შევიდეს ადამიანი. ბევრი ადამიანის ღირსებები და ნაკლოვანებები ამ საუბრის მთავარი თემა არ არის. იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი, ძმებო და დებო, შეძლებს ჩემი სიტყვების სწორად გააზრებას და არასწორად არ გაიგებს ჩემს განზრახვას.
ღმერთი განკაცდა ჩინეთში, ანუ, როგორც ჰონგ-კონგელი და ტაივანელი თანამემამულეები ამბობენ, „მატერიკზე“. როდესაც ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა, ამის შესახებ არც ზეცაში იცოდა ვინმემ და არც მიწაზე, რადგან სწორედ ეს არის ღმერთის ფარულად დაბრუნების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ის უკვე დიდი ხანია განკაცებული მუშაობს და ცხოვრობს, თუმცა ამის შესახებ არავის შეუტყვია. დღემდე არავინ ცნობს ამას. შესაძლოა, ეს მარადიულ გამოცანად დარჩეს. ამჯერად ღმერთის ხორცშესხმა არის ის, რისი შეცნობაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მასშტაბური და გავლენის მქონეა სულის საქმე, ღმერთი ყოველთვის უშფოთველი რჩება და არასოდეს არაფერს ამჟღავნებს. შეიძლება ითქვას, რომ მისი საქმის ეს ეტაპი ისეთივეა, თითქოს ზეციურ სამყაროში სრულდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხადია ყველასთვის, ვისაც აქვს თვალები, რომ დაინახოს, არავინ აღიარებს მას. როდესაც ღმერთი თავისი საქმის ამ ეტაპს დაასრულებს, მთელი კაცობრიობა ხანგრძლივი სიზმრიდან გამოიღვიძებს და თავის ჩვეულ დამოკიდებულებას ჩამოშორდება.[4] მახსოვს, ღმერთმა ერთხელ თქვა: „ამჯერად ხორცშესხმა ვეფხვის ბუნაგში ჩავარდნას ჰგავს“. ეს ნიშნავს, რომ, რადგან ღვთის საქმის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღმერთი ხორციელად მოდის და, უფრო მეტიც, დიდი წითელი დრაკონის სამყოფელში იბადება, ამჯერად მიწაზე მოსვლისას ის უწინდელზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ის აწყდება დანებსა და თოფებს, კომბლებსა და ხელკეტებს; აწყდება გამოცდებს; აწყდება ადამიანების ბრბოს, მკვლელობის განზრახვით სავსე სახეებით. მას ყოველ წამს მოკვლის საფრთხე ემუქრება. ღმერთი მოვიდა და თან რისხვა მოიტანა. თუმცა, ის მოვიდა სრულყოფის საქმის შესასრულებლად, ანუ მოვიდა თავისი საქმის მეორე ნაწილის შესასრულებლად, რომელიც გამოსყიდვის საქმის გაგრძელებაა. თავისი საქმის ამ ეტაპისთვის ღმერთმა უდიდესი ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინა და ყოველნაირი საშუალებით ცდილობს, გამოცდების შემოტევები თავიდან აიცილოს; ის თავმდაბალი და დაფარული რჩება და თავისი ვინაობით არასდროს ტრაბახობს. როდესაც იესომ ადამიანი ჯვრიდან იხსნა, მან ეს მხოლოდ გამოსყიდვის საქმის დასასრულებლად გააკეთა; ის არ მოსულა სრულყოფის საქმის შესასრულებლად. ამრიგად, ღვთის საქმის მხოლოდ ნახევარი სრულდებოდა, ხოლო გამოსყიდვის საქმის დასრულება მისი მთელი გეგმის მხოლოდ ნახევარი იყო. როდესაც ახალი ეპოქა ეს-ესაა უნდა დაწყებულიყო, ხოლო ძველს ეს-ესაა უკან უნდა დაეხია, მამა ღმერთმა თავისი საქმის მეორე ნაწილზე ფიქრი და მისთვის მზადება დაიწყო. უკანასკნელ დღეებში ეს ხორცშესხმა წარსულში მკაფიოდ არ იყო ნაწინასწარმეტყველევი; ამან საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ ამჯერად ღმერთის ხორცშესხმა კიდევ უფრო გასაიდუმლოებულად მომხდარიყო. განთიადისას, ურიცხვი ადამიანისთვის შეუმჩნევლად, ღმერთი მიწაზე მოვიდა და დაიწყო თავისი ცხოვრება ხორციელად. ადამიანებმა არ იცოდნენ ამ მომენტის მოსვლის შესახებ. შესაძლოა, ყველას ღრმა ძილით ეძინა; შესაძლოა, ბევრი ფხიზლობდა და ელოდა, ხოლო შესაძლოა ბევრი ჩუმად ევედრებოდა ზეცაში მყოფ ღმერთს. თუმცა ამ მრავალ ადამიანს შორის არცერთმა არ იცოდა, რომ ღმერთი უკვე მოსულიყო მიწაზე. ღმერთი ასე მუშაობდა, რათა თავისი საქმე უფრო შეუფერხებლად წარემართა, უკეთესი შედეგები მიეღო და კიდევ უფრო მეტი გამოცდა აერიდებინა თავიდან. როდესაც ადამიანი გაზაფხულის ძილიდან გამოიღვიძებს, ღვთის საქმე უკვე დიდი ხნის დასრულებული იქნება, და ის წავა, რითაც დაასრულებს მიწაზე ხეტიალისა და ხიზნობის ცხოვრებას. რადგან ღვთის საქმე მოითხოვს, რომ ღმერთმა პირადად იმოქმედოს და ილაპარაკოს, და რადგან ადამიანს არანაირად არ შეუძლია ჩარევა, ღმერთმა უკიდურესი ტანჯვა დაითმინა, რათა მიწაზე მოსულიყო და თავად შეესრულებინა ეს საქმე. ადამიანს არ შეუძლია, ღვთის საქმე ჩაანაცვლოს. ამ მიზეზით ღმერთმა მადლის ეპოქის დროს არსებულ საფრთხეებზე რამდენიმე ათასჯერ უფრო დიდ საფრთხეებს გაუსწორა თვალი და ჩამოვიდა იმ ქვეყანაში, სადაც დიდი წითელი დრაკონი სახლობს, რათა თავისი საქმე თავად შეესრულებინა მან მთელი თავისი ფიქრი და ზრუნვა ამ გაღატაკებული ხალხის, ნეხვის გროვაში ჩაფლული ადამიანების გამოსყიდვას მოახმარა. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის ღმერთის არსებობის შესახებ, ღმერთი არ წუხს, რადგან ეს დიდად უწყობს ხელს მის საქმეს. ყველა უკიდურესად უკეთური და სასტიკია; როგორ აიტანდნენ ისინი ღმერთის არსებობას? სწორედ ამიტომ, მიწაზე მოსვლის შემდეგ ღმერთი დუმილს ინარჩუნებს. რაც უნდა უკიდურესად სასტიკი იყოს ადამიანი, ღმერთს ეს გულთან არ მიაქვს, არამედ მხოლოდ იმ საქმეს განაგრძობს, რომელიც უნდა შეასრულოს, რათა აღასრულოს უფრო დიდი დავალება, რომელიც მამაზეციერმა მიანდო მას. რომელმა თქვენგანმა შეიცნო ღმერთის მშვენიერება? ვინ იჩენს უფრო მეტ გულისხმიერებას მამა ღმერთის ტვირთის მიმართ, ვიდრე მისი ძე? ვის შეუძლია მამა ღმერთის ნების გაგება? ზეცაში მყოფი მამა ღმერთის სული ხშირად წუხს, ხოლო მისი ძე მიწაზე მუდამ ლოცულობს მამა ღმერთის ნების გულისთვის, და მისი გული დარდით იფლითება. არის ვინმე, ვინც იცის, როგორ უყვარს მამა ღმერთს თავისი ძე? არის ვინმე, ვინც იცის, რა გულით ენატრება საყვარელ ძეს მამა ღმერთი? ზეცასა და მიწას შორის გაყოფილნი, ისინი გამუდმებით შორიდან შესცქერიან და სულით მიჰყვებიან ერთმანეთს. ო, კაცობრიობავ! როდის გაითვალისწინებ ღმერთის გულს? როდის გაიგებ ღვთის განზრახვებს? მამა და ძე ყოველთვის ერთმანეთთან განუყოფლად იყვნენ დაკავშირებულნი. მაშ, რატომ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი — ზეცაში, მაღლა, ხოლო მეორე — მიწაზე, დაბლა? მამა ისე არის მიჯაჭვული თავის ძესთან, როგორც ძეს უყვარს თავისი მამა. მაშ, რატომ უნდა ელოდოს მამა ძეს ასეთი ღრმა და მტკივნეული მონატრებით? შესაძლოა, ისინი დიდი ხნით არ ყოფილან დაშორებულნი, მაგრამ ვინ იცის, რამდენი დღე და ღამე იტანჯება მამა მწველი მონატრებით და რამდენი ხანია, თავისი საყვარელი ძის სწრაფ დაბრუნებას ნატრობს? ის აკვირდება, ის მდუმარე სიმშვიდეში ზის და ელოდება; ამ ყველაფრიდან არცერთი არ ემსახურება სხვა მიზანს, თუ არა მისი საყვარელი ძის სწრაფ დაბრუნებას. ძე, რომელმაც მიწის კიდეებამდე იარა — როდის შეხვდებიან ისინი კვლავ ერთმანეთს? მიუხედავად იმისა, რომ კვლავ შეხვედრის შემდეგ ისინი მარად ერთად იქნებიან, როგორ შეუძლია მას, აიტანოს განშორების ათასობით დღე და ღამე, როცა ერთი ზეცაშია, მაღლა, ხოლო მეორე — მიწაზე, დაბლა? მიწაზე გატარებული ათწლეულები ზეცაში ათასწლეულებს ჰგავს. როგორ შეიძლება, მამა ღმერთი არ წუხდეს? როდესაც ღმერთი მიწაზე მოდის, ის ადამიანის მსგავსად ადამიანური სამყაროს უთვალავ ქარტეხილს განიცდის. ღმერთი უმწიკვლოა, მაშ, რატომ უნდა უწევდეს მას იმავე ტანჯვის დათმენა, რასაც ადამიანი ითმენს? გასაკვირი არ არის, რომ მამა ღმერთი ასე მოუთმენლად ნატრობს თავის ძეს; ვის შეუძლია ღვთის გულის გაგება? ღმერთი ადამიანს მეტისმეტად ბევრს აძლევს; როგორ შეუძლია ადამიანს სათანადოდ გადაუხადოს ღმერთს მისი სიყვარულისთვის? თუმცა ადამიანი ღმერთს მეტისმეტად ცოტას აძლევს; განა შესაძლებელია, ამის გამო ღმერთი არ წუხდეს?
ადამიანთა შორის ძალიან ცოტას თუ ესმის, რამდენად გადაუდებელია ის, რაც ღმერთს გულში აქვს, რადგან ადამიანების კალიბრი ძალიან დაბალია და მათი სულები საკმაოდ უგრძნობია; ისინი არც ყურადღებას აქცევენ ღვთის საქმეს და არც გულისხმიერებას იჩენენ მის მიმართ. ამ მიზეზით ღმერთი მუდმივად შფოთავს ადამიანზე, თითქოს ადამიანში არსებულმა მხეცურმა ბუნებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოხეთქოს. აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ღმერთის მიწაზე მოსვლას ადამიანის მხრიდან უზარმაზარი გამოცდა მოჰყვება. მაგრამ ადამიანთა ერთი ჯგუფის სრულქმნის გულისთვის ღმერთმა, დიდებით აღსავსემ, ადამიანს თავისი განზრახვები სრულად გაუმხილა ისე, რომ მისგან არაფერი დაუმალავს. მან მტკიცედ გადაწყვიტა, ადამიანთა ეს ჯგუფი სრულქმნას, ამიტომ ტანჯვა იქნება თუ გამოცდა, ის თვალს არიდებს და ყველაფერს უგულებელყოფს. ის მხოლოდ ჩუმად ასრულებს თავის საქმეს, მტკიცედ სწამს, რომ ერთ დღეს, როდესაც ღმერთი დიდებას მოიპოვებს, ადამიანი მას შეიცნობს, და სწამს, რომ როდესაც ადამიანი ღვთის მიერ სრულქმნილ იქნება, იგი სრულად გაიგებს ღვთის გულს. ამჟამად შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს გამოსცდიან, მას არასწორად უგებენ ან მასზე დრტვინავენ; ღმერთს ამათგან არაფერი მიაქვს გულთან. როდესაც ღმერთი დიდებით ჩამოვა, ყველა ადამიანი გაიგებს, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კაცობრიობის ბედნიერებისთვისაა, და ყველა მიხვდება, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, იმისთვისაა, რომ კაცობრიობამ უკეთ იცხოვროს. ღმერთის მოსვლას ადამიანის მხრიდან გამოცდები მოჰყვება და მას დიდებულება და რისხვა ახლავს თან. იმ დროს, როცა ღმერთი დატოვებს ადამიანს, მას უკვე დიდი ხნის მოპოვებული ექნება თავისი დიდება და წავა დიდებითა და დაბრუნების სიხარულით აღსავსე. რაც უნდა უარყოფდნენ ადამიანები მიწაზე მომუშავე ღმერთს, ღმერთს ეს გულთან არ მიაქვს და უბრალოდ განაგრძობს თავისი საქმის შესრულებას. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნიდან ათობით მილიონი წელი გავიდა. ის მიწაზე მოვიდა განუზომელი რაოდენობის საქმის შესასრულებლად და სრულად განიცადა ადამიანური სამყაროს უარყოფა და ცილისწამება. ღმერთის მოსვლას არავინ ეგებება; მას მხოლოდ ცივად უყურებენ. ამ რამდენიმე ათასი წლის მძიმე განსაცდელების განმავლობაში ადამიანის საქციელმა უკვე დიდი ხანია ღრმად ატკინა ღმერთს გული. ის უკვე აღარ აქცევს ყურადღებას ადამიანის ურჩობას; ამის ნაცვლად, მან ადამიანის გარდასაქმნელად და გასაწმენდად სხვა გეგმა დასახა. დაცინვა, ცილისწამება, დევნა, გასაჭირი, ჯვარცმის ტანჯვა, ადამიანისგან გარიყვა და ასე შემდეგ — ყველაფერი, რასაც ღმერთი ხორცშესხმის შემდეგ წააწყდა, მან უკვე საკმარისზე მეტად იგემა. ხორცშესხმულმა ღმერთმა სრულად დაითმინა ადამიანური სამყაროს ტანჯვა. ზეცაში მყოფი მამა ღმერთის სულისთვის ასეთი სანახაობები უკვე დიდი ხანია აუტანელი გახდა და, თავი უკან გადაუწევია, თვალები დაუხუჭავს და თავისი საყვარელი ძის დაბრუნებას ელოდება. მას მხოლოდ ის სურს, რომ კაცობრიობამ მოუსმინოს და დაემორჩილოს, მისი ხორცის წინაშე უდიდესი სირცხვილი განიცადოს და შეწყვიტოს მისდამი ურჩობა. მას მხოლოდ ის სურს, რომ კაცობრიობამ ირწმუნოს ღმერთის არსებობა. მან უკვე დიდი ხანია შეწყვიტა ადამიანისადმი უფრო დიდი მოთხოვნების წაყენება, რადგან ღმერთმა მეტისმეტად მაღალი ფასი გადაიხადა, ადამიანი კი უდარდელად ისვენებს[5] და ღვთის საქმეს ოდნავადაც არ იდებს გულში.
მიუხედავად იმისა, რომ ის, რასაც დღეს ღვთის საქმეზე ვამბობ, შესაძლოა, ბევრ „უსაფუძვლო აბსურდს“ შეიცავდეს,[6] ის მაინც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის შესვლას. მე უბრალოდ ჯერ ცოტას საქმეზე ვლაპარაკობ, შემდეგ კი ცოტას — შესვლაზე, მაგრამ ორივე ასპექტი თანაბრად აუცილებელია, ხოლო მათი გაერთიანება ადამიანის სიცოცხლისთვის კიდევ უფრო სასარგებლოა. ეს ორი ასპექტი ერთმანეთს ავსებს[7] და დიდად სასარგებლოა, რადგან ადამიანებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ღვთის განზრახვები და ადამიანებსა და ღმერთს შორის კავშირს ამყარებს. საქმეზე დღევანდელი საუბრით ადამიანებსა და ღმერთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება, ურთიერთგაგება ღრმავდება, და ადამიანს შეუძლია, მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს ღვთის ტვირთის მიმართ; მას ეძლევა საშუალება, იგრძნოს ის, რასაც ღმერთი გრძნობს, უფრო მეტად ირწმუნოს, რომ ღმერთი შეცვლის მას, და დაელოდოს ღმერთის ხელახლა გამოჩენას. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც ღმერთი დღეს ადამიანს უყენებს — ცხოვრებაში გამოავლინოს იმ ადამიანის ხატება, ვისაც ღმერთი უყვარს, ასე ღვთის სიბრძნის კრისტალიზაციის სინათლე სიბნელის ეპოქაში გაიბრწყინებს, და რათა ადამიანის ცხოვრებაში გამოვლენამ ღვთის საქმეში კაშკაშა გვერდი დატოვოს, რომელიც სამუდამოდ იბრწყინებს სამყაროს აღმოსავლეთში, მიიპყრობს სამყაროს ყურადღებას და ურიცხვი ადამიანის აღფრთოვანებას. დღევანდელ ეპოქაში ღვთის მოყვარულთათვის ეს, უეჭველად, კიდევ უფრო უკეთესი გზაა შესვლისთვის.
სქოლიოები:
1. „თითქოს მოთელვას აკეთებს და ძალის გამოსაჩენად ემზადება“ დაცინვით არის გამოყენებული.
2. „არანორმალურობისკენ“ ნიშნავს, რომ ადამიანების შესვლა გადახრილია, ხოლო მათი გამოცდილება — ცალმხრივი.
3. „ჩიხი“ ნიშნავს, რომ გზა, რომელსაც ადამიანები ადგანან, ღვთის განზრახვებს ეწინააღმდეგება.
4. „თავის ჩვეულ დამოკიდებულებას ჩამოშორდება“ ეხება იმას, როგორ იცვლება ადამიანების წარმოდგენები და შეხედულებები ღმერთის შესახებ მას შემდეგ, რაც ისინი ღმერთს შეიცნობენ.
5. „უდარდელად ისვენებს“ ნიშნავს, რომ ადამიანები ღვთის საქმის მიმართ გულგრილები არიან და მას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.
6. „უსაფუძვლო აბსურდი“ ნიშნავს, რომ ადამიანები არსებითად ვერ სწვდებიან იმ სიტყვების საფუძველს, რომლებსაც ღმერთი ამბობს, და წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობს ის. ეს ფრაზა ირონიული მნიშვნელობით არის გამოყენებული.
7. „ერთმანეთს ავსებს“ ნიშნავს, რომ თანაზიარებაში „საქმისა“ და „შესვლის“ გაერთიანება ღვთის შეცნობისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.