თქვენ ყველანი ასე მდაბალი ზნეობისანი ხართ!
თქვენ ყველანი დიდებულ სავარძლებში სხედხართ, მოძღვრავთ თქვენივე მოდგმის ახალგაზრდა თაობებს და მათ ყველას თქვენ გვერდით ისვამთ. ნუთუ არ იცით, რომ თქვენს „შთამომავლებს“ დიდი ხნის წინ ამოხდათ სული და დაკარგეს ჩემი საქმე? ჩემი დიდება აღმოსავლეთის მიწიდან დასავლეთის მიწამდე ანათებს, მაგრამ როდესაც ის დედამიწის კიდეებამდე გავრცელდება და დაიწყებს აღზევებასა და გაბრწყინებას, მე ჩემს დიდებას აღმოსავლეთიდან დასავლეთში მივიტან, რათა სიბნელეში მყოფი ადამიანები, რომლებმაც აღმოსავლეთში მიმატოვეს, ამიერიდან მოკლებულნი იყვნენ ნათელს. როდესაც ეს მოხდება, თქვენ აჩრდილთა ხეობაში იცხოვრებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხალხი ასჯერ უკეთესია, ვიდრე უწინ, ისინი მაინც ვერ აკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნებს და მაინც არ წარმოადგენენ ჩემი დიდების დასტურს. ის, რომ თქვენ ახლა ასჯერ უკეთესნი ხართ, ვიდრე უწინ, მთლიანად ჩემი საქმის შედეგია; ეს არის დედამიწაზე ჩემი საქმის მიერ გამოღებული ნაყოფი. თუმცა, მე მაინც ზიზღს ვგრძნობ თქვენი სიტყვებისა და საქმეების, ისევე როგორც თქვენი ზნეობის მიმართ, და წარმოუდგენელ წყრომას განვიცდი იმის გამო, თუ როგორ იქცევით ჩემ წინაშე, რადგან თქვენ არ გაგაჩნიათ ჩემი არავითარი გაგება. მაშ, როგორ შეძლებთ ჩემი დიდების ცხოვრებაში გამოვლენას და როგორ იქნებით თავდადებულნი ჩემი მომავალი საქმისადმი? თქვენი რწმენა ძლიერ შთამბეჭდავია; ამბობთ, რომ მზად ხართ მთელი თქვენი სიცოცხლე ჩემი საქმისთვის გაიღოთ და მისთვის სიცოცხლეც კი შესწიროთ, მაგრამ თქვენი ხასიათი დიდად არ შეცვლილა. თქვენ მხოლოდ ქედმაღლურად საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი რეალური ქცევა მეტად სავალალოა. თითქოს ადამიანების ენები და ბაგეები ზეცაშია, მაგრამ მათი ფეხები დედამიწაზეა და შედეგად, მათი სიტყვები, საქმეები და რეპუტაცია კვლავაც ნაფლეთებად და ნანგრევებადაა ქცეული. თქვენი რეპუტაცია შელახულია, თქვენი ქცევა მდაბალია, მეტყველება უღირსია და ცხოვრება საძაგელია; მთელი თქვენი ადამიანობაც კი უკიდურესად მდაბალია. სხვების მიმართ ვიწროდ მოაზროვნენი ხართ და ყოველ წვრილმანზე დავობთ. თქვენ საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსის გამო კინკლაობთ, იქამდეც კი, რომ მზად ხართ ჯოჯოხეთსა და ცეცხლის ტბაში ჩახვიდეთ. თქვენი ამჟამინდელი სიტყვები და საქმეები საკმარისია ჩემთვის რომ განვსაჯო — ცოდვილნი ხართ. თქვენი დამოკიდებულება ჩემი საქმის მიმართ საკმარისია იმისთვის, რომ განვსაჯო — უსამართლონი ხართ, ხოლო მთელი თქვენი ხასიათი ცხადყოფს, რომ თქვენ სისაძაგლით აღსავსე ბინძური სულები ხართ. თქვენი გამოვლინებები და ის, რასაც ამჟღავნებთ, საკმარისია სათქმელად, რომ თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელთაც უწმინდური სულების სისხლი უსვამთ. როდესაც ცათა სასუფეველში შესვლაა ნახსენები, თქვენ არ ამჟღავნებთ თქვენს გრძნობებს. გჯერათ, რომ ისეთები, როგორებიც ახლა ხართ, შეძლებთ ჩემი ცათა სასუფევლის კარიბჭეში შესვლას? გჯერათ, რომ შეძლებთ ჩემი სიტყვებისა და საქმის წმინდა მიწაზე შესვლის ნებართვის მოპოვებას ისე, რომ თქვენი საკუთარი სიტყვები და საქმეები ჯერ ჩემ მიერ არ გამოიცადოს? ვინ შეძლებს ჩემთვის თვალის ახვევას? როგორ გამოეპარებოდა ჩემს მზერას თქვენი საძაგელი, მდაბალი ქცევები და საუბრები? მე განვსაზღვრე რომ თქვენი ცხოვრება, არაწმიდა სულების სისხლის სმა და ხორცის ჭამაა, რადგან თქვენ ყოველდღე ბაძავთ მათ ჩემ წინაშე. თქვენი ქცევა ჩემ წინაშე განსაკუთრებით ცუდი და მდაბალია, მაშ, როგორ არ უნდა იწვევდეთ ჩემში ზიზღს? თქვენს სიტყვებიშ არაწმიდა სულების კვალია: თქვენ მაამებლობთ, მალავთ და პირფერობთ ზუსტად ისე, როგორც ისინი, ვინც ჯადოქრობას მისდევენ, მზაკვრობენ და უსამართლოთა სისხლს სვამენ. ადამიანის ყველა გამოვლინება უკიდურესად უსამართლოა, მაშ, როგორ შეიძლება ყველა ადამიანი მოხვდეს წმინდა მიწაზე, სადაც მართალნი არიან? გგონია, რომ შენი ეს საძაგელი ქცევა იმ უსამართლოთაგან გამოგარჩევს და წმინდად წარმოგაჩენს? შენი გველისებრი ენა საბოლოოდ დაღუპავს შენს ხორცს, რომელიც ნგრევას იწვევს და სისაძაგლეს სჩადის, და შენი ხელები, რომლებიც არაწმიდა სულების სისხლით არის დაფარული, საბოლოოდ შენს სულსაც ჯოჯოხეთში ჩაითრევენ. მაშ, რატომ არ იყენებ ამ შესაძლებლობას, რათა განიწმინდო შენი სიბინძურით დაფარული ხელები? და რატომ არ სარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ამოიკვეთო ენა, რომელიც უსამართლო სიტყვებს წარმოთქვამს? ნუთუ მზად ხარ შენი ხელების, ენისა და ბაგეების გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯო? მე ორივე თვალით გულდასმით ვიკვლევ უამრავი ადამიანის გულს, რადგან კაცობრიობის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, მე მათი გულები ხელებში მეჭირა. მე დიდი ხნის წინ შევიცანი ადამიანების გულები, მაშ, როგორ გამოეპარებოდა ჩემს მზერას მათი ფიქრები? და განა უკვე გვიანი არ იქნებოდა მათთვის, რომ ჩემი სულის მიერ დაწვას გადაურჩნენ?
შენი ბაგეები მტრედებზე უფრო სათნოა, მაგრამ გული იმ ძველ გველზე უფრო მზაკვრული გაქვს. ბაგეები ლიბანელი ქალებივით მშვენიერი გაქვს, თუმცა შენი გული მათ გულებზე უფრო სათნო არ არის და მით უმეტეს ვერ შეედრება ქანაანელთა სილამაზეს. ასეთი მზაკვარია შენი გული! ის, რაც მეზიზღება, მხოლოდ უსამართლოთა ბაგეები და გულებია, ადამიანებისგან კი არ მოვითხოვ, რომ ისინი წმინდანებს აღემატებოდნენ; უბრალოდ, მე მხოლოდ უსამართლოთა ბოროტი საქმეების მიმართ ვგრძნობ ზიზღს და ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ მოიშორონ თავიანთი სიბინძურე და თავი დააღწიონ ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობას, რათა გამოეყონ უსამართლოებს, იცხოვრონ და წმინდანებად იქცნენ მართლებთან ერთად. თქვენ ჩემთან ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებით, თუმცა სიბინძურით ხართ დაფარულნი; დასაბამში შექმნილ ადამიანებთან პირვანდელი მსგავსების უმცირესი ნატამალიც კი აღარ გაგაჩნიათ. მეტიც, რადგან ყოველდღე ბაძავთ იმ არაწმინდა სულებს, აკეთებთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ და ამბობთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, თქვენი ყოველი ნაწილი — ენები და ბაგეებიც კი — მათი ბინძური წყლით არის გაჟღენთილი, იქამდე, რომ მთლიანად ასეთი ლაქებით ხართ დაფარულნი და თქვენი არცერთი ნაწილის გამოყენება არ შეიძლება ჩემი საქმისთვის. ეს ისეთი გულსატკენია! ცხენებისა და პირუტყვის ასეთ სამყაროში ცხოვრობთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ წუხხართ; სიხარულით ხართ სავსენი და თავისუფლად და ლაღად ცხოვრობთ. იმ ბინძურ წყალში დაცურავთ, თუმცა სინამდვილეში ვერ აცნობიერებთ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდით. ყოველდღე არაწმიდა სულებთან ურთიერთობ და „ექსკრემენტებთან“ გაქვს საქმე, და შენი ცხოვრება საკმაოდ ვულგარულია; ვერც კი აცნობიერებ, რომ საერთოდ აღარ ცხოვრობ ადამიანთა სამყაროში და საკუთარ თავსაც აღარ ფლობ. ნუთუ არ იცი, რომ შენი ცხოვრება დიდი ხნის წინ გათელეს იმ არაწმიდა სულებმა, ან რომ შენი ზნეობა დიდი ხნის წინ შეიბილწა ბინძური წყლით? გგონია, რომ მიწიერ სამოთხეში ცხოვრობ და ბედნიერების შუაგულში ხარ? ნუთუ არ იცი, რომ მთელი ცხოვრება არაწმიდა სულების გვერდით გაატარე და თანაარსებობდი ყველაფერთან, რაც მათ შენთვის მოამზადეს? როგორ შეიძლება შენს ცხოვრების წესს რაიმე აზრი ჰქონდეს? როგორ შეიძლება შენს ცხოვრებას რაიმე ღირებულება ჰქონდეს? შენ ირჯები შენი მშობლებისთვის, არაწმიდა სულების მშობლებისთვის, თუმცა ვერც კი აცნობიერებ, რომ ისინი, ვინც ზიანს გაყენებენ, არაწმიდა სულების სწორედ ის მშობლები არიან, რომლებმაც გშვეს და გაგზარდეს. უფრო მეტიც, ვერ აცნობიერებ, რომ მთელი შენი სიბინძურე სინამდვილეში მათგან გადმოგეცა; მხოლოდ ის იცი, რომ მათ შეუძლიათ მოგიტანონ „სიამოვნება“, ისინი არ გკიცხავენ, არც განგსჯიან და მით უმეტეს, არ გწყევლიან. არასოდეს განრისხებულან შენზე, პირიქით, ყოველთვის სასიამოვნოდ და კეთილგანწყობით გექცევიან. მათი სიტყვები კვებავს შენს გულს და გატყვევებს, ისე რომ გზააბნეული ხდები, გაუცნობიერებლად ებმები მახეში და მზად ხარ ემსახურო მათ, ხდები რა მათი იარაღი და მსახური. არავითარი პრეტენზია არ გაქვს, პირიქით, მზად ხარ მათთვის ძაღლივითა და ცხენივით იშრომო; სწორედ ამიტომ, საერთოდ არ რეაგირებ იმ საქმეზე, რომელსაც მე ვაკეთებ. გასაკვირი არ არის, რომ ყოველთვის გსურს ფარულად დამისხლტე ხელიდან, და ტკბილი სიტყვების გამოყენებით მზაკვრულად გამომტყუო კეთილგანწყობა. როგორც ირკვევა, უკვე გქონდა სხვა გეგმა, სხვა განზრახვა. შეგიძლია იხილო ჩემი, როგორც ყოვლისშემძლის, ქმედებათა მცირე ნაწილი, მაგრამ ოდნავი ცოდნაც კი არ გაგაჩნია ჩემი სამსჯავროსა და გაკიცხვის შესახებ. წარმოდგენაც არ გაქვს, როდის დაიწყო ჩემი გაკიცხვა; მხოლოდ ჩემი მოტყუება იცი — თუმცა არ იცი, რომ მე არ შევიწყნარებ ადამიანისგან არავითარ დარღვევას. რაკი უკვე გადაწყვიტე, რომ მემსახურო, აღარ გაგიშვებ. მე ვარ ღმერთი, რომელსაც სძულს ბოროტება, და მე ვარ მოშურნე ღმერთი კაცობრიობის მიმართ. რადგან შენი სიტყვები უკვე დადე სამსხვერპლოზე, არ დავუშვებ რომ ჩემ თვალწინ გაიქცე, და არც იმის ნებას მოგცემ, რომ ორ ბატონს ემსახურო. გეგონა, რომ შეგეძლო მეორე სიყვარული გქონოდა მას შემდეგ, რაც შენი სიტყვები ჩემს სამსხვერპლოზე ჩემს თვალწინ დადე? როგორ დავუშვებდი, რომ ადამიანებმა ასე ამიგდონ მასხრად? გეგონა, რომ შეგეძლო დაუფიქრებლად ენით დაგედო ჩემთვის აღთქმები და ფიცები? როგორ შეგეძლო დაგეფიცა ჩემი ტახტით, უზენაესის ტახტით? გეგონა, რომ შენი ფიცები უკვე წარვიდა? გეტყვით თქვენ: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ხორცი შეიძლება წარვიდეს, თქვენი ფიცები ვერ წარვა. საბოლოოდ, მე თქვენი ფიცების საფუძველზე განგსჯით. თუმცა, თქვენ გჯერათ, რომ შეგიძლიათ ზედაპირულად მომეპყროთ ჩემ წინაშე თქვენი აღთქმების დადებით, და რომ თქვენს გულებს შეუძლიათ ემსახურონ არაწმიდა და ბოროტ სულებს. როგორ შეიწყნარებდა ჩემი რისხვა იმ ადამიანების მზაკვრობას, რომლებიც ძაღლებსა და ღორებს ჰგვანან? მე უნდა აღვასრულო ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და არაწმიდა სულებს ხელებიდან გამოვგლიჯო ყველა ის გაქვავებული, „ღვთისმოსავი“ ადამიანი, რომელსაც ჩემი სწამს, რათა ისინი დისციპლინირებულად „მემსახურონ“, იყონ ჩემი ხარები, ჩემი ცხენები და ჩემს ნებაზე დაიკლან. მე გაიძულებ, დაუბრუნდე შენს უწინდელ გადაწყვეტილებებს და კვლავ მემსახურო. არ დავუშვებ, რომ რომელიმე ქმნილებამ მომატყუოს. გეგონა, რომ შეგეძლო ურცხვად წამოგეყენებინა მოთხოვნები და გეცრუა ჩემ წინაშე? გეგონა, რომ არ მომისმენია ან არ მინახავს შენი სიტყვები და საქმეები? როგორ შეიძლებოდა, რომ შენი სიტყვები და საქმეები ჩემი თვალთახედვის მიღმა დარჩენილიყო? როგორ დავუშვებდი, რომ ადამიანებს ასე მოვეტყუებინე?
მე თქვენ შორის დავდიოდი რამდენიმე გაზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში; დიდხანს ვცხოვრობდი თქვენ შორის და ვიმყოფებოდი თქვენთან ერთად. თქვენი რამდენი საძაგელი საქციელი მომხდარა პირდაპირ ჩემ თვალწინ? თქვენი გულწრფელი სიტყვები მუდმივად ჩამესმის ყურებში; თქვენი მილიონობით აღთქმა დაიდო ჩემს სამსხვერპლოზე — იმდენად ბევრი, რომ მათი დათვლაც კი შეუძლებელია. თუმცა, რაც შეეხება თქვენს თავდადებასა და იმას, რასაც ჩემთვის სწირავთ, იოტისოდენსაც არ გასცემთ. გულწრფელობის მცირეოდენ წვეთსაც კი არ დებთ ჩემს სამსხვერპლოზე. სად არის ჩემდამი თქვენი რწმენის ნაყოფი? თქვენ მიიღეთ უხვი მადლი ჩემგან და იხილეთ ზეცის ურიცხვი საიდუმლო; მე ზეცის ალიც კი გაჩვენეთ, მაგრამ არ გაგიმეტეთ დასაწვავად. მიუხედავად ამისა, რამდენი მომეცით სანაცვლოდ? რამდენის მოცემისთვის ხართ მზად? ხელში გიჭირავს ის საკვები, რომელიც მე გიბოძე, და სანაცვლოდ მე მიძღვნი მას, და თან ამბობ, რომ ეს შენი მძიმე შრომის ოფლით მოიპოვე და რომ მე მიძღვნი ყველაფერს, რაც გაგაჩნია. როგორ არ იცი, რომ შენი „შემოწირულობა“ ჩემდამი მხოლოდ ის ნივთებია, რომლებიც ჩემი სამსხვერპლოდან არის მოპარული? უფრო მეტიც, ახლა მათ მე მიძღვნი, განა ამით არ მატყუებ? როგორ არ იცი, რომ ის, რითაც დღეს ვტკბები, ჩემი სამსხვერპლოს ყველა შესაწირავია, და არა ის, რაც შენი მძიმე შრომით მოიპოვე და შემდეგ მე შემომწირე? თქვენ მართლაც ბედავთ, რომ ასე მომატყუოთ, მაშ, როგორ გაპატიოთ? როგორ მოელით, რომ ამას კიდევ დიდხანს მოვითმენ? მე ყველაფერი გიბოძეთ, ყველაფერი გაგიმჟღავნეთ და თქვენს ყველა საჭიროებაზე ვიზრუნე, დიდად გავაფართოე თქვენი თვალსაწიერი, თქვენ კი ასე მატყუებთ, სინდისის ხმასაც აღარ უგდებთ ყურს. მე უანგაროდ გიბოძეთ ყველაფერი, რათა მიუხედავად თქვენი ტანჯვისა, მაინც მიგეღოთ ჩემგან ყველაფერი, რაც ზეციდან ჩამოვიტანე. თუმცა თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ ერთგულება, და მცირეოდენი რამეც კი რომ გაიღოთ, ამის შემდეგ ჩემთან „ანგარიშის გასწორებას“ ცდილობთ. განა შენი წვლილი არაფრად არ ღირს? ის, რაც მე შემომწირე, მხოლოდ ქვიშის მარცვალია, თუმცა ის, რაც ჩემგან მოითხოვე, ტონა ოქროა. განა ეს უგუნურება არ არის? მე ვმოღვაწეობ თქვენ შორის. არსად ჩანს იმ მეათედის კვალიც კი, რომელიც მე მეკუთვნის, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე დამატებით მსხვერპლზე. უფრო მეტიც, ღვთისმოსავთა მიერ შეწირულ მეათედსაც ბოროტნი იტაცებენ. განა ყველანი არ განმეშორეთ? განა ყველანი არ მეწინააღმდეგებით? განა ყველანი არ ანგრევთ ჩემს სამსხვერპლოს? როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ჩემს თვალში განძად ჩაითვალონ? განა ისინი არ არიან ის ღორები და ძაღლები, რომლებიც მძულს? როგორ შემიძლია თქვენი ბოროტმოქმედება განძად მივიჩნიო? ვისთვის სრულდება სინამდვილეში ჩემი საქმე? ნუთუ მისი მიზანი მხოლოდ თქვენი განგმირვაა, რათა ჩემი ხელმწიფება გამოავლინოს? განა თქვენი სიცოცხლე მთლიანად ჩემს ერთ სიტყვაზე არ არის დამოკიდებული? რატომ არის, რომ მხოლოდ სიტყვებით გარიგებთ და ჯერ არ მიქცევია ეს სიტყვები სინამდვილედ, რათა რაც შეიძლება მალე განმეგმირეთ? ნუთუ ჩემი სიტყვებისა და საქმის მიზანი მხოლოდ ადამიანთა განგმირვაა? განა მე ის ღმერთი ვარ, რომელიც განურჩევლად ხოცავს უდანაშაულოებს? ახლა, რამდენი თქვენგანი მოდის ჩემ წინაშე მთელი თავისი არსებით, რათა ეძიოს ადამიანური ცხოვრების სწორი გზა? ჩემ წინაშე მხოლოდ თქვენი სხეულებია; თქვენი გულები კი კვლავ დახეტიალობენ და ძალიან, ძალიან შორს არიან ჩემგან. რადგან არ იცით, სინამდვილეში რა არის ჩემი საქმე, ბევრ თქვენგანს ჩემგან წასვლა და განშორება სურს, იმედოვნებს რა, რომ იცხოვრებს ნეტარების სამყაროში, სადაც არც გაკიცხვაა და არც სამსჯავრო. განა ეს არ არის ის, რასაც ადამიანები გულში ნატრობენ? მე არ ვცდილობ შენს იძულებას. რა გზასაც არ უნდა დაადგე, ეს შენი არჩევანია. დღევანდელი გზა სამსჯავროსა და წყევლაზე გადის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც მე გიბოძეთ — იქნება ეს სამსჯავრო თუ გაკიცხვა — საუკეთესო ძღვენია, რაც კი თქვენთვის მიბოძებია, და სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.