თავი 15
ადამიანები ისეთი ქმნილებები არიან, რომლებსაც თვითშემეცნება აკლიათ და არ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა. მიუხედავად ამისა, ისინი სხვებს საკუთარი ხუთი თითივით იცნობენ, თითქოს ყველაფერი, რაც სხვებს გაუკეთებიათ და უთქვამთ, მათ მიერ იქნა „შემოწმებული“, პირდაპირ მათ თვალწინ და შესრულებამდე მათი მოწონება დაიმსახურა. შედეგად, თითქოს მათ სრულად ამოიცნეს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობებიც კი. ადამიანები ყველანი ასეთები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი სასუფევლის ეპოქაში შევიდნენ, მათი ბუნება უცვლელი რჩება. ისინი კვლავაც იმას აკეთებენ ჩემ თვალწინ, რასაც მე ვაკეთებ, ხოლო ჩემ ზურგს უკან იწყებენ თავიანთი უნიკალური „საქმის“ კეთებას. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ჩემ წინაშე წარდგებიან, ისინი სრულიად სხვა ადამიანებს ჰგვანან, აშკარად მშვიდნი და უშიშარნი, აუღელვებელი სახეებითა და მშვიდი პულსით. განა სწორედ ეს არ არის ადამიანთა სიმახინჯე? ამდენ ადამიანს აქვს ორი სრულიად განსხვავებული სახე: ერთი – ჩემ წინაშე, ხოლო მეორე – ჩემ ზურგს უკან. ამდენი ადამიანი იქცევა ახალშობილი კრავივით ჩემ წინაშე, მაგრამ ჩემ ზურგს უკან ისინი მრისხანე ვეფხვები ხდებიან ან ბორცვებზე მხიარულად მოფარფატე პატარა ჩიტებივით იქცევიან. ამდენი ადამიანი დებს პირობას ჩემ წინაშე. ამდენი ადამიანი ეძიებს და ნატრობს ჩემს სიტყვებს ჩემ წინაშე, მაგრამ ჩემ ზურგს უკან ზიზღით არიან განწყობილნი მათ მიმართ და ტოვებენ მათ, თითქოს ჩემი სიტყვები ტვირთი იყოს. რამდენჯერ მითქვამს უარი ადამიანებზე იმედის დამყარებაზე, როდესაც დამინახავს ჩემი მტრის მიერ გახრწნილი კაცობრიობა. როდესაც ვხედავდი მათ ჩემ წინაშე მოსულთ, ცრემლებით რომ ითხოვდნენ პატიებას, მიუხედავად ამისა, მათი თავმოყვარეობის ნაკლებობისა და ჯიუტი გამოუსწორებლობის გამო, რამდენჯერ რისხვით დამიხუჭავს თვალები მათ ქმედებებზე, მაშინაც კი, როდესაც მათი გულები ნამდვილი და მათი განზრახვები გულწრფელია. რამდენჯერ მინახავს ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ჩემთან თანამშრომლობის რწმენა, რომლებიც ჩემ წინაშე ყოფნისას, თითქოს ჩემს მკლავებში არიან და მის სითბოს შეიგრძნობენ. რამდენჯერ გავმხდარვარ ჩემი რჩეული ხალხის უმანკოების, სიცოცხლით სავსეობისა და საყვარლობის მოწმე, როგორ შემეძლო, დიდი სიამოვნება არ მიმეღო ამ ყოველივეს გამო? ადამიანებმა არ იციან, როგორ დატკბნენ ჩემს ხელში წინასწარგანსაზღვრული კურთხევებით, რადგან მათ არ ესმით, ზუსტად რას ნიშნავს „კურთხევები“ ან „ტანჯვა“. ამრიგად, ადამიანები არ არიან გულწრფელნი ჩემკენ სწრაფვისას. ხვალინდელი დღე რომ არ არსებობდეს, მაშინ რომელი თქვენგანი იქნებოდა ახლად დადებული თოვლივით წმინდა და ნეფრიტივით უმწიკვლო ჩემ წინაშე? ნუთუ შეიძლება, რომ თქვენი ჩემდამი სიყვარული გაიცვალოს გემრიელ საჭმელზე, ელეგანტურ ტანსაცმელზე, მაღალ თანამდებობაზე ან გულუხვ ხელფასზე? შეიძლება თუ არა ის გაიცვალოს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვებს აქვთ შენ მიმართ? ნუთუ მართლა შეიძლება, რომ განსაცდელების გავლამ აიძულოს ადამიანები, უარყონ ჩემდამი თავიანთი სიყვარული? ან შეეძლო ტანჯვასა და გასაჭირს გამოეწვია მათში ჩემს განგებაზე წუწუნი? არავის არასოდეს არ დაუფასებია ჭეშმარიტად ის ბასრი მახვილი, რომელიც ჩემს ბაგეებშია: მათ იციან მხოლოდ მისი ზედაპირული მნიშვნელობა და ჭეშმარიტად ვერ სწვდებიან მის ნამდვილ მნიშვნელობას. ადამიანებს ჭეშმარიტად რომ შეეძლოთ ჩემი მახვილის სიბასრის დანახვა, ისინი ვირთხებივით შეძვრებოდნენ თავიანთ სოროებში. თავიანთი სიჩლუნგის გამო ადამიანებს არაფერი ესმით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობისა, და ამიტომ მათ არ იციან, რაოდენ შიშის მომგვრელია ჩემი გამონათქვამები ან რამდენად ამხელს ისინი ადამიანურ ბუნებას და მათი საკუთარი გახრწნილების რა ნაწილი იქნა განკითხული ამ სიტყვებით. ამრიგად, ჩემი სიტყვების არასრული გაგების შედეგად, ადამიანთა უმეტესობას გულგრილი დამოკიდებულება აქვს.
სასუფეველში არა მხოლოდ გამონათქვამები მოედინება ჩემი ბაგეებიდან, არამედ ჩემი ფეხები ოფიციალურად დააბიჯებს ყველგან, ყველა მიწაზე. ამგვარად, მე დავამარცხე ყველა უწმინდური და ბინძური ადგილი, ისე, რომ არა მხოლოდ ზეცა იცვლება, არამედ დედამიწაც ტრანსფორმაციის პროცესშია და შემდგომში განახლდება. სამყაროში ყველაფერი ახალივით ბრწყინავს ჩემს დიდებულ ნათელში, წარმოადგენს რა სასიამოვნო სცენას, რომელიც ახარებს გრძნობებს და ამაღლებს ადამიანთა სულებს, თითქოს ის ახლა არსებობს ზეცაში, ადამიანური წარმოსახვით შექმნილი ცის მიღმა, სატანის მიერ ხელშეუხებელი და გარე მტრების თავდასხმებისგან თავისუფალი. სამყაროს უმაღლეს წერტილებში ვარსკვლავები იკავებენ თავიანთ დანიშნულ ადგილებს ჩემი ბრძანებით, ასხივებენ რა თავიანთ ნათელს ასტრალურ რეგიონებში სიბნელის საათებში. არცერთი რამ არ ბედავს ურჩობის ფიქრების გულში გავლებას და, ამიტომ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების არსის გამო, მთელი სამყარო კარგად არის რეგულირებული და სრულყოფილ წესრიგშია: არასოდეს მომხდარა არევ-დარევა და არც სამყარო ყოფილა ოდესმე დაყოფილი. მე ვასრულებ მფრინავ ნახტომებს ვარსკვლავების ზემოთ და, როდესაც მზე სითბოს ასხივებს, მე ვფანტავ მას და ჩემი ხელებიდან ვუშვებ ბატის ბუმბულისოდენა ფიფქების გიგანტურ ქარბუქს. თუმცა, როდესაც აზრს ვიცვლი, მთელი ის თოვლი მდინარედ დნება და ერთ წამში ცისქვეშეთში ყველგან გაზაფხული დგება და ზურმუხტისფერმა მწვანემ შეცვალა მთელი პეიზაჟი დედამიწაზე. მე დავხეტიალობ ცის მყარის ზემოთ და მყისიერად, დედამიწა კუპრივით შავ სიბნელეში ეხვევა ჩემი ფორმის გამო: გაფრთხილების გარეშე, „ღამე“ დგება და მთელ მსოფლიოში ისე ბნელდება, რომ ადამიანი საკუთარ ხელსაც კი ვერ ხედავს სახის წინ. რადგან სინათლე გაქრა, ადამიანები იყენებენ ამ მომენტს, რათა დაიწყონ ურთიერთგანადგურების მძვინვარება, ართმევენ და ძარცვავენ ერთმანეთს. დედამიწის ერები შემდეგ ქაოსურ დაქსაქსულობაში ვარდებიან და შედიან მღვრიე ტურბულენტობის მდგომარეობაში, იქამდეც კი, რომ ყოველგვარ ხსნას მიღმა რჩებიან. ადამიანები იბრძვიან ტანჯვის აგონიაში, კვნესიან და ოხრავენ თავიანთ ტკივილში და გულსაკლავად მოთქვამენ თავიანთ სატანჯველში, ნატრობენ რა სინათლეს, რომ ის კვლავ მოულოდნელად მოვიდეს ადამიანთა სამყაროში და ამგვარად დაასრულოს სიბნელის დღეები და აღადგინოს ის სასიცოცხლო ძალა, რომელიც ოდესღაც არსებობდა. თუმცა, მე დიდი ხანია მივატოვე კაცობრიობა ხელის ერთი მოქნევით, რათა აღარასოდეს გამომეჩინა მოწყალება სამყაროს ცოდვების გამო, რადგან დიდი ხანია ზიზღით უარვყავი მთელი დედამიწის ხალხი, თვალი დავხუჭე იქაურ მდგომარეობებზე, პირი ვიბრუნე ადამიანთა ნებისმიერი მოძრაობისა თუ ჟესტიდან და შევწყვიტე სიამოვნების მიღება ადამიანთა უმწიფრობითა და უმანკოებით. მე დავიწყე სხვა გეგმა სამყაროს ხელახლა შესაქმნელად, რათა ეს ახალი სამყარო უფრო მალე აღორძინდეს და აღარასოდეს ჩაიძიროს. კაცობრიობაში იმდენი უცნაური მდგომარეობაა, რომელიც ელის, რომ მე გამოვასწორო ისინი, იმდენი შეცდომაა, რომელიც ელის, რომ მე პირადად ავიცილო თავიდან მათი დადგომა, იმდენი მტვერია, რომელიც ელის, როდის გადავგვი მას და იმდენი საიდუმლოა, რომელიც ელის, როდის ავხდი მათ ფარდას. მთელი კაცობრიობა მელოდება მე და ნატრობს ჩემს მოსვლას.
დედამიწაზე მე ვარ თავად პრაქტიკული ღმერთი, რომელიც მკვიდრობს ადამიანთა გულებში; ზეცაში მე ვარ ყოველივეს ხელმწიფე. მე გადავლახე მთები და გადავჭერი მდინარეები და ქარივით ვიარე კაცობრიობაში. ვინ ბედავს ღიად დაუპირისპირდეს თავად პრაქტიკულ ღმერთს? ვინ ბედავს თავი დააღწიოს ყოვლისშემძლის ხელმწიფებას? ვინ ბედავს ამტკიცოს, რომ მე, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ზეცაში ვარ? უფრო მეტიც, ვინ ბედავს ამტკიცოს, რომ მე უდავოდ დედამიწაზე ვარ? მთელ კაცობრიობაში არავინაა ისეთი, ვისაც შესწევს უნარი ყოველ წვრილმანში აღწეროს, სად ვარ მე. ნუთუ შეიძლება, რომ როცა ზეცაში ვარ, თავად ზებუნებრივი ღმერთი ვიყო და, როცა დედამიწაზე ვარ, თავად პრაქტიკული ღმერთი ვიყო? ნამდვილად, ვარ თუ არა მე თავად პრაქტიკული ღმერთი, არ შეიძლება განისაზღვროს იმით, რომ მე ვარ ყოველივეს ხელმწიფე ან იმ ფაქტით, რომ მე განვიცდი ადამიანთა სამყაროს ტანჯვებს, განა ასე არ არის? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ განა ადამიანები ყოველგვარ იმედს მიღმა უმეცარნი არ იქნებოდნენ? მე ზეცაში ვარ, მაგრამ ასევე – დედამიწაზეც; მე ვარ ყოველივეში და ასევე მირიად ხალხთა შორის. ადამიანებს შეუძლიათ ჩემთან ყოველდღე კონტაქტი; უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ ჩემი ყოველდღე დანახვა. რაც შეეხება კაცობრიობას, მე თითქოს ხან დაფარული ვარ და ხან – ხილული; მე თითქოს ნამდვილად ვარსებობ, თუმცა ასევე თითქოს არ ვარსებობ. ჩემში დევს კაცობრიობისთვის შეუცნობელი საიდუმლოებები. თითქოს ყველა ადამიანი მიყურებს მიკროსკოპში, რათა აღმოაჩინოს კიდევ უფრო მეტი საიდუმლო ჩემში, იმედოვნებენ რა, რომ ამით გაფანტავენ თავიანთ გულებში არსებულ არაკომფორტულ გრძნობას. თუმცა, რენტგენის სხივებიც რომ გამოიყენონ, როგორ შეძლებს კაცობრიობა ჩემ მიერ შენახული რომელიმე საიდუმლოს ამოცნობას?
ზუსტად იმ წამს, როდესაც ჩემი ხალხი, ჩემი საქმის შედეგად, ჩემთან ერთად მოიპოვებს დიდებას, დიდი წითელი დრაკონის ბუნაგი ამოითხრება, მთელი ტალახი გასუფთავდება და მთელი დაბინძურებული წყალი, რომელიც უთვალავი წლის განმავლობაში დაგროვდა, დაშრება ჩემს მწველ ცეცხლში, რათა აღარასოდეს იარსებოს. ამის შემდეგ დიდი წითელი დრაკონი განადგურდება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში. გულწრფელად გსურთ, თუ არა, დარჩეთ ჩემი მოსიყვარულე მზრუნველობის ქვეშ, რათა არ გაგიტაცოთ დიდმა წითელმა დრაკონმა? მართლა გძულთ მისი მზაკვრობები? ვის შეუძლია ჩემთვის მტკიცე მოწმობის გაცემა? ჩემი სახელის გულისთვის, ჩემი სულის გულისთვის და ჩემი მართვის მთელი გეგმის გულისთვის, ვის შეუძლია შესწიროს მთელი თავისი ძალა? დღეს სასუფეველი ადამიანთა სამყაროშია და ეს არის დრო, როდესაც მე პირადად გარდამოვედი ადამიანთა სამყაროში. ასე რომ არ იყოს, არის კი ვინმე, ვინც შეძლებდა ჩემი სახელით ბრძოლის ველზე გასვლას ყოველგვარი შიშის გარეშე? რათა სასუფეველმა მიიღოს ფორმა, რათა ჩემი გული დაკმაყოფილდეს და უფრო მეტიც, რათა ჩემი დღე დადგეს, რათა მოვიდეს დრო, როდესაც ყოველივე აღორძინდება და უხვად გაიზრდება, რათა ადამიანები გადარჩნენ ტანჯვის ზღვიდან, რათა ხვალინდელი დღე დადგეს და რათა ის იყოს საოცარი, აყვავდეს და გაიფურჩქნოს და, უფრო მეტიც, რათა მომავლის სიამოვნება აღსრულდეს, ყველა ადამიანი იბრძვის მთელი თავისი ძალით, არაფერს იშურებს ჩემთვის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაში. განა ეს არ არის იმის ნიშანი, რომ გამარჯვება უკვე ჩემია? განა ეს არ არის ჩემი გეგმის დასრულების ნიშანი?
რაც უფრო მეტხანს ცხოვრობენ ადამიანები უკანასკნელ დღეებში, მით უფრო მეტად გრძნობენ ისინი წუთისოფლის სიცარიელეს და მით უფრო ნაკლები გამბედაობა აქვთ სიცოცხლისთვის. ამ მიზეზით უთვალავი ადამიანი დაიღუპა იმედგაცრუებაში, უთვალავი სხვა დარჩა იმედგაცრუებული თავის ძიებაში და უთვალავი სხვა საშუალებას აძლევს სატანის ხელს, მანიპულირება მოახდინოს მათზე. მე ვიხსენი ამდენი ადამიანი და მხარი დავუჭირე ამდენ მათგანს და, ხშირად, როდესაც ადამიანები კარგავდნენ ნათელს, მე გადამყავდა ისინი ნათლის ადგილას, რათა მათ შეეცნოთ ჩემი თავი ნათელში და დამტკბარიყვნენ ჩემით ბედნიერების შუაგულში. ჩემი ნათლის მოსვლის გამო თაყვანისცემა იზრდება იმ ადამიანთა გულებში, რომლებიც ჩემს სასუფეველში არიან, რადგან მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანებს უნდა უყვარდეთ — ღმერთი, რომელსაც კაცობრიობა ეკვრის სათუთი მიჯაჭვულობით — და ისინი აღვსილნი არიან ჩემი ფორმის წარუშლელი შთაბეჭდილებით. მაგრამ არავინაა ისეთი, ვისაც ესმის, საბოლოო ჯამში, ეს სულის მოქმედებაა თუ – ხორცის. ადამიანებს მთელი ცხოვრება დასჭირდებოდათ მხოლოდ ამ ერთი რამის დეტალურად განსაცდელად. ადამიანებს არასოდეს შევძულებივარ თავიანთი გულების ყველაზე იდუმალ სიღრმეებში; პირიქით, ისინი მეკვრიან თავიანთი სულების სიღრმეებში. ჩემი სიბრძნე იწვევს მათ აღფრთოვანებას, ჩემი საოცარი საქმეები დღესასწაულია მათი თვალებისთვის და ჩემი სიტყვები მათთვის შეუცნობელია, თუმცა ისინი სათუთად უფრთხილდებიან მათ. ჩემი პრაქტიკულობა ადამიანებს საგონებელში აგდებს, აბნევს და აცბუნებს, და მაინც, ისინი მზად არიან მიიღონ იგი. განა სწორედ ეს არ არის ადამიანთა სულიერი ზრდა ისეთებად, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან?
1992 წლის 13 მარტი