თავი 16
იმდენი რამ არის, რისი თქმაც მსურს ადამიანისთვის, იმდენი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვამცნო მას. თუმცა ადამიანს მეტისმეტად აკლია მიღების უნარი; მას არ ძალუძს სრულად ჩასწვდეს ჩემს სიტყვებს იმის შესაბამისად, რასაც მე ვაწვდი; იგი მხოლოდ ერთ ასპექტს იგებს, მეორის მიმართ კი უმეცარი რჩება. მიუხედავად ამისა, მე არ ვსჯი ადამიანს სიკვდილით მისი უძლურების გამო და არც მისი სისუსტე მამწუხრებს. მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვსაუბრობ ისე, როგორც ყოველთვის ვსაუბრობდი, თუნდაც ადამიანს არ ესმოდეს ჩემი განზრახვები; როდესაც დადგება დღე, ადამიანები შემიცნობენ თავიანთი გულების სიღრმეში და თავიანთ ფიქრებში მიმიჩენენ ადგილს. ამ დედამიწიდან ჩემი წასვლის ჟამი ზუსტად ის დრო იქნება, როდესაც ადამიანის გულში ტახტზე ავალ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოხდება მაშინ, როცა ყველა შემიცნობს. ასევე, იქნება მაშინაც, როდესაც ჩემი ძენი და ხალხი იმეფებენ და ძალაუფლებას განაგებენ დედამიწაზე. ისინი, ვინც შემიცნობენ, უდავოდ გახდებიან ჩემი სასუფევლის ბურჯები და მხოლოდ ისინი იქნებიან შესაფერისნი, რომ მართონ და ძალაუფლება განაგონ ჩემს სასუფეველში. ყველა, ვინც მიცნობს, ფლობს ჩემს არსებას და ძალუძს ჩემი ცხოვრებაში გამოვლენა მთელ კაცობრიობას შორის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა დონეზე მიცნობს ადამიანი: არავის ძალუძს რაიმე სახით ჩაშალოს ჩემი საქმე. ადამიანს არ შეუძლია ჩემი დახმარება და ვერაფერს გააკეთებს ჩემთვის. ადამიანს მხოლოდ ის ძალუძს, რომ ჩემს ნათელში მიჰყვეს ჩემს წინამძღოლობას და ამავე ნათელში ეძიოს ჩემი ნება. დღეს ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ და სჯერათ, რომ შეუძლიათ ჩემ წინაშე ყოყოჩობა, ჩემთან ყოველგვარი მორიდების გარეშე სიცილი და ხუმრობა და ჩემთან, როგორც თანასწორთან, ისე საუბარი. ადამიანი მაინც არ მიცნობს და სჯერა, რომ ჩვენი ბუნება მსგავსია, რომ ორივენი ხორცისა და სისხლისა ვართ და ორივენი ადამიანთა სამყაროში ვმკვიდრობთ. მას მეტისმეტად აკლია ჩემდამი ღვთისმოშიში გული; მას ეშინია ჩემი, როდესაც ჩემ წინაშეა, მაგრამ არ ძალუძს მემსახუროს სულის წინაშე. თითქოს ადამიანისთვის სული საერთოდ არ არსებობს. შედეგად, არცერთ ადამიანს არასოდეს შეუცნია სული; ჩემი განკაცებისას ადამიანები მხოლოდ ხორცისა და სისხლის სხეულს ხედავენ და ვერ აღიქვამენ ღვთის სულს. ნუთუ მართლა შეიძლება ჩემი განზრახვების ამგვარად აღსრულება? ადამიანები დახელოვნებულნი არიან ჩემს გაცურებაში; თითქოს სატანისგან სპეციალური წვრთნა გაიარეს მხოლოდ იმისთვის, რომ მე გავეცურებინე, თუმცა სატანა მე ვერ მაშფოთებს. მე მაინც გამოვიყენებ ჩემს სიბრძნეს, რათა დავიპყრო მთელი კაცობრიობა და დავამარცხო მთელი კაცობრიობის გამხრწნელი, რათა ჩემი სასუფეველი დაფუძნდეს დედამიწაზე.
ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ვარსკვლავების ზომისა თუ კოსმოსის სიდიდის დადგენას შეეცადნენ. თუმცა მათ კვლევას არასოდეს გამოუღია ნაყოფი და ერთადერთი, რაც ძალუძთ, ისაა, რომ ფარხმალდაყრილებმა თავი ჩაღუნონ და საბოლოოდ მარცხი განიცადონ. ზემოდან გადმოვყურებ მირიად ხალხს და ვაკვირდები ადამიანის მოქმედებებს მის მარცხში, მე ვერ ვხედავ ვერავის, ვინც სრულიად დარწმუნებულია ჩემში, ვერავის, ვინც მემორჩილება და მორჩილებას მიცხადებს. რაოდენ შმაგია ადამიანის ამბიციები! როდესაც უფსკრულის მთელი ზედაპირი ბურუსით იყო მოცული, ადამიანთა შორის დავიწყე წუთისოფლის სიმწარის გემება. ჩემი სული მოგზაურობს მთელ სამყაროში და გულდასმით შეისწავლის მირიადი ხალხის გულებს, თუმცა ასევე ვიპყრობ კაცობრიობას ჩემს განკაცებულ ხორცში. ადამიანი ვერ მხედავს, რადგან იგი ბრმაა; ადამიანი ვერ მიცნობს, რადგან იგი გაშეშდა; ადამიანი მეწინააღმდეგება, რადგან იგი ურჩია; ადამიანი მოდის, რათა ქედი მოიდრიკოს ჩემ წინაშე, რადგან იგი დაპყრობილია ჩემ მიერ; ადამიანი მოდის, რათა შემიყვაროს, რადგან მე თავისთავად ღირსი ვარ ადამიანის სიყვარულისა; ადამიანი ცხოვრებაში მავლენს და განმასახიერებს, რადგან ჩემი უდიდესი ძალა და სიბრძნე მას ჩემს განზრახვებთან შესაბამისობაში მოიყვანს. მე ადგილი მიკავია ადამიანის გულში, მაგრამ ადამიანისგან არასოდეს მიმიღია ჩემდამი სიყვარული, რომელიც მის სულში მკვიდრობს. ადამიანის სულში ნამდვილად არის ისეთი რამეები, რაც მას ყველაფერზე მეტად უყვარს, მაგრამ მე არ ვარ მათ შორის და, ამიტომ ადამიანის სიყვარული საპნის ბუშტს ჰგავს: როდესაც ქარი დაუბერავს, ის სკდება და ქრება და აღარასოდეს ჩნდება. ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მუდამ მუდმივი და უცვლელი იყო. შეძლებდა კი კაცობრიობიდან ვინმე იმავეს გაკეთებას? ადამიანის თვალში მე ისეთივე შეუმჩნეველი და უხილავი ვარ, როგორც ჰაერი და, ამიტომ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა მეძებს მხოლოდ უსაზღვრო ცაში, ან მღელვარე ზღვაზე, ან მშვიდ ტბაზე, ან ცარიელ სიტყვებსა და მოძღვრებებში. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვინც იცნობს კაცობრიობის არსს, მით უმეტეს, არ მოიძებნება ისეთი, ვისაც შეუძლია რაიმე თქვას ჩემში არსებულ საიდუმლოზე და, ამიტომ მე არ ვითხოვ, რომ ადამიანმა მიაღწიოს იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც, მისი წარმოდგენით, მე მისგან მოვითხოვ.
ჩემი სიტყვების წარმოთქმისას მთები ემხობა, წყლები უკუიქცევა, ადამიანი მორჩილი ხდება და ტბები შეუჩერებლად იწყებენ დინებას. თუმცა მღელვარე ზღვები მრისხანედ მიიწევენ ცისკენ, ჩემი სიტყვების წარმოთქმისას ეს ზღვები ტბის ზედაპირივით მშვიდდება. ჩემი ხელის უმცირესად დაქნევითაც კი, მძვინვარე ქარიშხლები მყისიერად იფანტება და მცილდება, ადამიანთა სამყარო კი მყისიერად უბრუნდება სიმშვიდეს. მაგრამ, როდესაც ჩემს რისხვას ვანთხევ, მთები მყისიერად იხლიჩება, მიწა მყისიერად იწყებს რყევას, წყალი მყისიერად შრება და ადამიანს მყისიერად ატყდება თავს უბედურება. ჩემი რისხვის გამო, ყურადღებას არ ვაქცევ ადამიანის ყვირილს და არ ვეხმარები მის ტირილზე საპასუხოდ, რადგან ჩემი რისხვა მატულობს. როდესაც ზეცაში ვარ, ვარსკვლავები არასოდეს მოცულან შფოთით ჩემი იქ ყოფნის გამო. ნაცვლად ამისა, ისინი მთელ თავიანთ გულსა და ძალ-ღონეს დებენ ჩემთვის შრომაში, ამიტომ მე მათ მეტ ნათელს ვანიჭებ და უფრო თვალისმომჭრელად ვაკაშკაშებ, რათა მათ მეტი დიდება მოიპოვონ ჩემთვის. რაც უფრო ნათელია ზეცა, მით უფრო ბნელია სამყარო მის ქვემოთ. იმდენი ადამიანი ჩიოდა, რომ ჩემი განგებულება შეუფერებელია, იმდენმა მიმატოვა, რათა საკუთარი სასუფეველი შეექმნა, რომელსაც ისინი ჩემს საღალატოდ და სიბნელის მდგომარეობის შესაცვლელად იყენებენ. თუმცა, ვინ მიაღწია ამას თავისი მონდომებით? და ვინ იყო წარმატებული თავის გადაწყვეტილებაში? ვის შეუძლია შეცვალოს ის, რაც ჩემი ხელით არის მოწყობილი? როდესაც გაზაფხული მოედება მიწას, მე ფარულად და უხმაუროდ ვგზავნი ნათელს სამყაროში, რათა დედამიწაზე ადამიანმა უეცრად იგრძნოს ჰაერის სიხალისე. თუმცა, ზუსტად იმ მომენტში, მე ვუბინდავ თვალებს ადამიანს, რათა მან მხოლოდ მიწაზე ჩამოწოლილი ნისლი დაინახოს და ყველა ადამიანი და ნივთი ბუნდოვანი გახდეს. ერთადერთი, რაც ადამიანებს შეუძლიათ, ისაა, რომ ამოიოხრონ და გაიფიქრონ: „რატომ გაგრძელდა ნათელი მხოლოდ ერთი წამით? რატომ ანიჭებს ღმერთი ადამიანს მხოლოდ ნისლსა და ბურუსს?“ ადამიანთა იმედგაცრუების ფონზე ნისლი წამიერად ქრება, მაგრამ როდესაც ისინი სინათლის ნაპერწკალს შენიშნავენ, მე მათკენ კოკისპირულ წვიმას ვუშვებ და ძილის დროს ჭექა-ქუხილისგან ყურის ბარაბნები უსკდებათ. პანიკით მოცულთ, თავშესაფრის მოსაძებნად დრო აღარ რჩებათ და თავსხმა წვიმა შთანთქავს მათ. წამიერად ყოველივე სუფთავდება ცისქვეშეთში, ჩემი რისხვის შუაგულში. ადამიანები აღარ ჩივიან ძლიერი წვიმის დაწყების გამო და ყველა მათგანში იბადება ღვთისმოშიში გული. წვიმის ამ უეცარი შემოტევის გამო, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა იხრჩობა ციდან წამოსულ წყალში და წყალში გვამებად იქცევა. მე გულდასმით ვიკვლევ მთელ დედამიწას და ვხედავ, რომ ბევრი ფხიზლობს, რომ ბევრი ინანიებს, რომ ბევრი პატარა ნავებით ეძებს წყლების სათავეს, რომ ბევრი ქედს იდრეკს ჩემ წინაშე და პატიებას მთხოვს, რომ ბევრმა იხილა ნათელი, რომ ბევრმა იხილა ჩემი სახე, რომ ბევრს აქვს სიცოცხლის გამბედაობა და, რომ მთელი სამყარო გარდაიქმნა. ამ დიდი კოკისპირული წვიმის შემდეგ ყოველივე დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, როგორიც ჩემს გონებაში იყო და აღარ არის ურჩი. მალევე, მთელი მიწა ივსება სიცილის ხმით, დედამიწაზე ყველგან ქების ატმოსფეროა და არსად არის ადგილი ჩემი დიდების გარეშე. ჩემი სიბრძნე ყველგანაა დედამიწაზე და მთელ სამყაროში. ყოველივეში ჩემი სიბრძნის ნაყოფია, აურაცხელ ხალხში უხვადაა ჩემი სიბრძნის შედევრები; ყველაფერი ისეა, როგორც ყოველივე ჩემს სასუფეველში და ყველა ადამიანი განისვენებს ჩემი ზეცის ქვეშ, როგორც ცხვარი ჩემს საძოვრებზე. მე ვმოძრაობ მირიადი ხალხის ზემოთ და ყველაფერს ვაკვირდები. არაფერი გამოიყურება ძველებურად და არცერთი ადამიანი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. მე განვისვენებ ტახტზე, მიყრდნობილი ვარ უკან, მთელი სამყაროს ზემოთ და სრულიად კმაყოფილი ვარ, რადგან ყოველივემ დაიბრუნა თავისი სიწმინდე და შემიძლია კვლავ მშვიდად დავმკვიდრდე სიონში, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს კი შეუძლიათ კვლავ იცხოვრონ და იშრომონ მშვიდად და კმაყოფილებით ჩემი წინამძღოლობის ქვეშ. ჩემი ძალაუფლების ქვეშ, ჩემი მირიადი ხალხი მართავს ყველაფერს. მათ დაიბრუნეს თავიანთი ძველი გონიერება და თავდაპირველი იერსახე; ისინი აღარ არიან მტვრით დაფარულნი, არამედ, ჩემს სასუფეველში, ნეფრიტივით წმინდები არიან, თითოეულს აქვს ისეთი სახე, როგორიც ადამიანის გულში არსებულ წმინდანს, რადგან ჩემი სასუფეველი დაფუძნდა ადამიანთა შორის.
1992 წლის 14 მარტი