თავი 19

ჩემი სიტყვების საკუთარი გადარჩენის საფუძვლად ქცევა — ეს კაცობრიობის ვალდებულებაა. ადამიანებმა ჩემი სიტყვების თითოეულ ნაწილში საკუთარი წილი უნდა დაიმკვიდრონ; ამის შეუსრულებლობა საკუთარი თავის განადგურების ძიება და სირცხვილის მოხვეჭა იქნებოდა. კაცობრიობა არ მიცნობს და ამის გამო იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სიცოცხლე მომიტანონ და სანაცვლოდ შემომწირონ, ისინი მხოლოდ ხელში ჩაბღუჯულ ნაგავს აფრიალებენ ჩემ წინაშე და ამით ცდილობენ, რომ დამაკმაყოფილონ. მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი არსებული მდგომარეობით; მე უბრალოდ ვაგრძელებ კაცობრიობისგან მოთხოვნას. მე მიყვარს ადამიანთა მიერ გაღებული წვლილი, მაგრამ მძულს მათი მოთხოვნები. ყველა ადამიანს ხარბი გული აქვს; თითქოს ადამიანის გული ეშმაკს დაუტყვევებია და არავის ძალუძს თავის დაღწევა, რათა გული მე შემომწიროს. როდესაც მე ვსაუბრობ, ადამიანები დიდი ყურადღებით უსმენენ ჩემს ხმას; თუმცა, როდესაც ვჩუმდები, ისინი კვლავ იწყებენ საკუთარ „საქმეებს“ და სრულიად წყვეტენ ჩემი სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევას, თითქოს ჩემი სიტყვები უბრალოდ მათი „საქმიანობის“ დანამატი იყოს. მე არასოდეს ვყოფილვარ ლმობიერი კაცობრიობის მიმართ, და მაინც, მუდამ მომთმენი და შემწყნარებელი ვიყავი მისდამი. ამგვარად, ჩემი შემწყნარებლობის შედეგად, ადამიანებს არ ძალუძთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და არ შესწევთ თვითშემეცნებისა და თვითრეფლექსიის უნარი; ისინი უბრალოდ სარგებლობენ ჩემი მოთმინებით, რათა მომატყუონ. მათ შორის არცერთს არასოდეს გამოუჩენია გულწრფელი გულისხმიერება ჩემ მიმართ, და არცერთს არ დავუფასებივარ ჭეშმარიტად, როგორც მათთვის ძვირფასი საუნჯე; მხოლოდ თავისუფალ დროს თუ გაუკეთებიათ რაღაცები, რათა ზედაპირულად მოპყრობოდნენ. ძალისხმევა, რომელიც კაცობრიობისთვის გავიღე, უკვე განუზომელია; მე უპრეცედენტო საქმე აღვასრულე ადამიანებზე და გარდა ამისა, მათ დამატებითი, გარეგანი ტვირთი დავაკისრე, რათა იმისგან, რაც მე გამაჩნია და რაც ჩემი არსებაა, მათ გარკვეული ცოდნა მიეღოთ და შეცვლილიყვნენ. მე არ ვითხოვ ადამიანებისგან, რომ იყვნენ მხოლოდ „მომხმარებლები“; მე ასევე ვითხოვ მათგან, რომ იყვნენ „მწარმოებლები“, რომლებიც დაამარცხებენ სატანას. თუმცა შესაძლოა არ ვითხოვდე კაცობრიობისგან რაიმეს კეთებას, მე მაინც მაქვს მოთხოვნილი სტანდარტები ადამიანებისთვის, რადგან ჩემს ქმედებებს აქვს მიზანი და ასევე საფუძველი: მე არ ვთამაშობ უმიზნოდ, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ, და არც ცა, მიწა და ყოველივე შემიქმნია ისე, როგორც მომესურვებოდა. ჩემს ქმედებებში ადამიანებმა რაღაც უნდა დაინახონ და რაღაც უნდა მიიღონ. მათ არ უნდა გაფლანგონ თავიანთი ახალგაზრდობის გაზაფხული, ან მოეპყრონ საკუთარ სიცოცხლეს ისე, როგორც სამოსს, რომელზეც დაუდევრად გროვდება მტვერი; პირიქით, ისინი მკაცრად უნდა დარაჯობდნენ საკუთარ თავს, იღებდნენ ჩემი სიუხვიდან დასატკბობად, რათა ჩემ გამო ვეღარ შეძლონ სატანისკენ მობრუნება და ჩემ გამო შეუტიონ სატანას. განა კაცობრიობის მიმართ ჩემი მოთხოვნები ასეთი მარტივი არ არის?

როდესაც აღმოსავლეთში სინათლის მკრთალი შუქი იწყებს გამოჩენას, სამყაროში მყოფი ყველა ადამიანი მას ოდნავ მეტ ყურადღებას უთმობს. ადამიანები, რომლებიც აღარ არიან ღრმა ძილში ჩაფლულნი, წინ მიიწევენ, რათა დააკვირდნენ ამ აღმოსავლური სინათლის წყაროს. მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ჯერ ვერავინ შეძლო იმ ადგილის დანახვა, საიდანაც ეს სინათლე იღებს სათავეს. როდესაც სამყაროში ყოველივე სრულად განათდება, ადამიანები იღვიძებენ ძილისა და სიზმრიდან და მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, რომ ჩემი დღე თანდათანობით დაუდგათ. მთელი კაცობრიობა ზეიმობს სინათლის მოსვლას და ამიტომ აღარ არის ღრმა ძილში ან გაბრუებულ მდგომარეობაში. ჩემი სინათლის ბრწყინვალების ქვეშ მთელ კაცობრიობას უნათდება გონება და მზერა და მოულოდნელად იღვიძებს სიცოცხლის სიხარულისთვის. ნისლის საბურველქვეშ, მე გადავყურებ სამყაროს. ცხოველები ისვენებენ; სინათლის მკრთალი შუქის გამოჩენის გამო, ყოველივე აცნობიერებს, რომ ახალი სიცოცხლე ახლოვდება. ამ მიზეზით, ცხოველებიც გამოდიან თავიანთი სოროებიდან და საკვებს ეძებენ. რა თქმა უნდა, არც მცენარეები წარმოადგენენ გამონაკლისს და სინათლის შუქზე მათი მწვანე ფოთლები მბზინავი ელვარებით კაშკაშებენ, რომლებიც ელიან საკუთარი როლის შესრულებას ჩემთვის, სანამ მე დედამიწაზე ვარ. ყველა ადამიანს სურს სინათლის მოსვლა, და მაინც, ეშინიათ მისი გამოჩენის, რადგან ძლიერ შფოთავენ, რომ მათი სიმახინჯე ვეღარ დაიმალება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები სრულიად შიშვლები არიან და არაფერი აქვთ დასაფარად. ამრიგად, სინათლის მოსვლის შედეგად უამრავი ადამიანი პანიკაში ჩავარდა და მისი გამოჩენის გამო შოკურ მდგომარეობაშია. უამრავი ადამიანი, სინათლის დანახვისას, უსაზღვრო სინანულით ივსება და სძულს საკუთარი უწმინდურება; თუმცა ფაქტების შეცვლა უკვე შეუძლებელია და მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ დაელოდონ, როდის გამოვუტან განაჩენს. უამრავი ადამიანი, რომელიც სიბნელეში ტანჯვით გამოიწრთო, სინათლის დანახვისას მოულოდნელად აცნობიერებს მის ღრმა მნიშვნელობას და მას შემდეგ გულში იკრავს სინათლეს, რადგან ძლიერ ეშინია მისი კვლავ დაკარგვის. უამრავი ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ სინათლის მოულოდნელმა გამოჩენამ კალაპოტიდან ამოაგდოს, უბრალოდ აგრძელებს ყოველდღიურ საქმეს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ბრმა იყო და ამიტომ, არა მხოლოდ ვერ ამჩნევს სინათლის მოსვლას, არამედ ვერც ტკბება მისით. ადამიანთა გულებში მე არც ამაღლებული ვარ და არც დამდაბლებული. რაც შეეხება მათ, მე აუცილებელი არ ვარ; თითქოს ადამიანების ცხოვრება ჩემ გარეშე არც უფრო მარტოსული გახდებოდა და ჩემით არც უფრო სასიხარულო. რადგან ადამიანები არ მაფასებენ, ის, რასაც მე მათ დასატკბობად ვანიჭებ, ძალიან მცირერიცხოვანია. თუმცა, როდესაც ადამიანები ოდნავ მეტ თაყვანისცემას მაინც ავლენენ ჩემ მიმართ, მეც ვცვლი მათდამი ჩემს დამოკიდებულებას. ამ მიზეზით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ჩასწვდებიან ამ კანონზომიერებას, ექნებათ ბედნიერება, რომ თავი მიმიძღვნან და მთხოვონ ის, რაც ხელთ მიპყრია. ნუთუ ჩემდამი მათი სიყვარული მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რაც მათ აინტერესებთ? ნუთუ ჩემდამი მათი რწმენა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რასაც მე ვაძლევ? ნუთუ ისეა, რომ თუ ჩემს სინათლეს არ იხილავენ, ადამიანებს არ ძალუძთ ჩემი გულწრფელი სიყვარული თავიანთი რწმენის მეშვეობით? ნუთუ მათი ენერგია მართლაც მხოლოდ დღევანდელი პირობებით შემოიფარგლება? ნუთუ კაცობრიობას სიმამაცე სჭირდება ჩემ შესაყვარებლად?

ჩემი არსებობის შედეგად, ყოველივე მორჩილდება იქ, სადაც მკვიდრობს, და ჩემი წვრთნის გარეშე არ ხდება აღვირახსნილი. ამიტომ, მთები იქცევა საზღვრებად ერებს შორის ხმელეთზე, წყლები იქცევა ბარიერებად სხვადასხვა მიწის ადამიანთა გასამიჯნად, ხოლო ჰაერი იქცევა იმად, რაც დედამიწის ზემოთ სივრცეებში ადამიანიდან ადამიანამდე მიედინება. მხოლოდ კაცობრიობას არ ძალუძს ჭეშმარიტად დაემორჩილოს ჩემი განზრახვების მოთხოვნებს; სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყოველივეს შორის მხოლოდ ადამიანები მიეკუთვნებიან ამბოხებულთა კატეგორიას. კაცობრიობა არასოდეს დამმორჩილებია ჭეშმარიტად და ამ მიზეზით, მე მუდამ მკაცრი მმართველობის ქვეშ მყავდა ადამიანები. თუ კაცობრიობაში ისე მოხდება, რომ ჩემი დიდება მთელ სამყაროში გავრცელდება, მაშინ მე ნამდვილად ავიღებ მთელ ჩემს დიდებას და მას კაცობრიობის წინაშე გამოვავლენ. რადგან თავიანთი შებილწულობის გამო ადამიანები შეუფერებელნი არიან, რომ ჩემს დიდებას შეხედონ, ათასობით წლის განმავლობაში მე არასოდეს გამოვსულვარ ღიად და ამის ნაცვლად დაფარული ვრჩებოდი; ამ მიზეზით, ჩემი დიდება არასოდეს გაცხადებულა მათ წინაშე და ისინი მუდამ ცოდვის უფსკრულში ვარდებოდნენ. მე მიპატიებია ადამიანებისთვის მათი უსამართლობა, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, და ამის ნაცვლად, მუდამ ღიად ტოვებენ თავს ცოდვისთვის და ნებას რთავენ მას, რომ ზიანი მიაყენოს მათ. განა ეს არ აჩვენებს კაცობრიობის მხრიდან თავმოყვარეობისა და საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობას? კაცობრიობაში, შეუძლია ვინმეს ჭეშმარიტად სიყვარული? რამდენს შეიძლება იწონიდეს კაცობრიობის ერთგულება? განა ადამიანების ეგრეთ წოდებულ ნამდვილობაში არ არის შერეული მინარევები? განა ყველას ერთგულება აღრეული არ არის? რასაც მე ვითხოვ, მათი განუყოფელი სიყვარულია. ადამიანები არ მიცნობენ, და თუმცა შესაძლოა ცდილობდნენ ჩემს შეცნობას, ისინი არ მაძლევენ თავიანთ ჭეშმარიტ და გულწრფელ გულებს. მე არ ვაიძულებ კაცობრიობას. თუ ისინი მომცემენ თავიანთ ერთგულებას, მე მას ზრდილობიანი უარის გარეშე მივიღებ. თუმცა, თუ ისინი არ მენდობიან და უარს ამბობენ, რომ საკუთარი თავის მცირედი ნაწილიც კი შემომწირონ, მაშინ, იმის ნაცვლად, რომ ამის გამო უფრო მეტად შევწუხდე, მე უბრალოდ სხვაგვარად მოვექცევი მათ და მათთვის შესაფერის დანიშნულების ადგილს განვამზადებ. ცაში მგრგვინავი მეხი განგმირავს ადამიანებს; მაღალი მთები ჩამოქცევისას დამარხავენ მათ; მშიერი გარეული მხეცები შთანთქავენ მათ; და ბობოქარი ოკეანეები გადაუვლიან მათ თავზე. როდესაც კაცობრიობა ძმათამკვლელ კონფლიქტში ჩაერთვება, ყველა ადამიანი საკუთარ დაღუპვას დაუწყებს ძიებას იმ კატასტროფებში, რომლებიც მათ შორის წარმოიშობა.

სასუფეველი ადამიანთა შორის ფართოვდება, ადამიანთა შორისვე ყალიბდება და მკვიდრდება. არ არსებობს ძალა, რომელსაც ჩემი სასუფევლის განადგურება შეუძლია. ჩემო ხალხო, ვინც დღევანდელ სასუფეველში ხართ, რომელი თქვენგანი არ მიეკუთვნება კაცთა მოდგმას? რომელი თქვენგანი დგას ადამიანური ბუნების მიღმა? როდესაც ჩემი ახალი საწყისი წერტილი საქვეყნოდ გაცხადდება, როგორი რეაგირება ექნებათ ადამიანებს? თქვენ საკუთარი თვალით იხილეთ ადამიანთა სამყაროს მდგომარეობა. ნუთუ ჯერ კიდევ არ განგიდევნიათ ამ ქვეყანაზე მარადიულად ცხოვრების ფიქრები? ახლა მე ჩემს ხალხს შორის დავდივარ და მათ შორის ვცხოვრობ. დღეს კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც ჩემი ჭეშმარიტი სიყვარული აქვთ. კურთხეულნი არიან ისინი, ვინც მემორჩილებიან, ისინი ჩემს სასუფეველში დარჩებიან. კურთხეულნი არიან ისინი, ვინც მე შემიცნობს, მათ ჩემს სასუფეველში ექნებათ ძალაუფლება. კურთხეულნი არიან ისინი, ვინც მე მეძიებს, ისინი თავს დააღწევენ სატანის ბორკილებს და ჩემს კურთხევას მიიღებენ. კურთხეულნი არიან ისინი, ვინც საკუთარ თავთან დაპირისპირებას შეძლებს, ისინი ჩემით იქნებიან აღვსილნი და ჩემი სასუფევლის სიუხვეს მიიღებენ. ვინც ჩემთვის იღვწის, მათ მე გავიხსენებ. ვინც ჩემთვის თავს სწირავს, მათ მე შევიწყნარებ. ხოლო მათ, ვინც ჩემთვის ძღვენს გაიღებს, ვუბოძებ ყოველივეს მათ საამებლად. დალოცვილნი არიან ისინი, ვინც ჩემი სიტყვით ჰპოვებს შვებას — ისინი ჩემი სასუფევლის სვეტებად აღიმართებიან, ჩემს სავანეში უბადლო განუზომლად გამდიდრდებიან და მათ დიდებას ვერავინ შეედრება. ნუთუ ოდესმე მიგიღიათ ის კურთხევანი, რომლებიც თქვენთვის იყო განმზადებული? ნუთუ ოდესმე მიისწრაფოდით იმ აღთქმებისკენ, რომლებიც თქვენთვის იყო დადებული? ჩემი ნათლის წინამძღოლობით, თქვენ დაამსხვრევთ ბნელეთის ძალთა მარწუხებს. თქვენ არ უნდა დაკარგოთ ნათლის წინამძღოლობა შუაგულ წყვდიადში. თქვენ იქნებით ყოველივეს მეუფენი. თქვენ იქნებით სატანაზე მძლეველნი. დიდი წითელი დრაკონის ქვეყნის დამხობისას, თქვენ აღიმართებით ურიცხვ ხალხთა შორის, როგორც ჩემი გამარჯვების დასტური. თქვენ მტკიცედ და მყარად იდგებით სინიმის მიწაზე. ტანჯვის მეშვეობით, რომელსაც უძლებთ, თქვენ დაიმკვიდრებთ ჩემს კურთხევას და მთელ სამყაროში ჩემი დიდებულ ნათელს გამოსცემთ.

1992 წლის 19 მარტი

წინა:  თავი 18

შემდეგი:  თავი 20

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger