თავი 25
დრო გადის; თვალის დახამხამებაში დადგა დღევანდელი დღე. ჩემი სულის წინამძღოლობით ყველა ადამიანი ცხოვრობს ჩემს ნათელში და აღარავინ მისტირის წარსულს ან აქცევს ყურადღებას გუშინდელ დღეს. ვის არ უცხოვრია და არ უარსებია დღევანდელ დღეს? ვის არ გაუტარებია მშვენიერი დღეები და თვეები სასუფეველში? ვის არ უცხოვრია მზის ქვეშ? თუმცა სასუფეველი ჩამოვიდა ადამიანთა შორის, არავის განუცდია ჭეშმარიტად მისი სითბო; ადამიანი მხოლოდ მის გარეგნულ მხარეს ხედავს და ვერ სწვდება მის არსს. როდესაც ჩემი სასუფეველი ყალიბდება, ვინ არ ხარობს ამის გამო? ნუთუ დედამიწაზე ქვეყნებს მართლა შეუძლიათ თავის დაღწევა? ნუთუ დიდ წითელ დრაკონს მართლა შეუძლია თავისი ეშმაკობით თავის დაღწევა? ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები ცხადდება სამყაროში, ისინი ამკვიდრებენ ჩემს ხელმწიფებას ყველა ადამიანს შორის და ძალაში შედიან სამყაროში; მიუხედავად ამისა, ადამიანს არასოდეს სცოდნია ეს ჭეშმარიტად. როდესაც ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები საჯარო გახდება სამყაროსთვის, ამ დროს ჩემი საქმე დედამიწაზე დასრულებას მიუახლოვდება. როდესაც მე ვიმეფებ ყველა ადამიანს შორის და როდესაც მაღიარებენ თავად ერთადერთ ღმერთად, ჩემი სასუფეველი სრულად ჩამოვა დედამიწაზე. დღეს ყველა ადამიანს აქვს ახალი დასაწყისი ახალ გზაზე. მათ დაიწყეს ახალი ცხოვრება, თუმცა არავის განუცდია ჭეშმარიტად ზეცის მსგავსი ცხოვრება დედამიწაზე. ჭეშმარიტად ცხოვრობთ ჩემს ნათელში? ჭეშმარიტად ცხოვრობთ ჩემს სიტყვებში? ვინ არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე? ვინ არ წუხს საკუთარ ბედზე? ვინ არ იბრძვის გასაჭირის ზღვაში? ვის არ სურს საკუთარი თავის განთავისუფლება? ნუთუ სასუფევლის კურთხევა ადამიანის მიერ დედამიწაზე გაწეული მძიმე შრომის სანაცვლოდ ეძლევა მას? ნუთუ ადამიანის ყველა სურვილი ისე შესრულდება, როგორც მას სურს? მე ერთხელ წარვუდგინე ადამიანს სასუფევლის მშვენიერი სანახაობა, მაგრამ ის მხოლოდ ხარბი თვალებით შეჰყურებდა მას და არავინ იყო ისეთი, ვინც ჭეშმარიტად გადაწყვეტდა მასში შესვლას. მე ერთხელ „მოვახსენე“ ადამიანს დედამიწაზე არსებული ჭეშმარიტი ვითარების შესახებ, მაგრამ მან მხოლოდ მოისმინა და გულით არ მოჰკიდებია ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვებს; ერთხელ ვუამბე ადამიანს ზეცაში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ მოსმენისას მან ჩემი სიტყვები მშვენიერ ზღაპრად ჩათვალა და გულწრფელი გულით არ მიიღო ის, რასაც ჩემი ბაგე აღწერდა. დღეს სასუფევლის სურათები გაიელვებს ადამიანთა შორის, მაგრამ ნუთუ ვინმეს ოდესმე „გადაულახავს მწვერვალი და ხეობა“ თავის ძიებაში? ჩემი დაჩქარების გარეშე, ადამიანი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლდებოდა თავისი სიზმრებიდან. ნუთუ ის მართლა ასეა მოხიბლული თავისი ცხოვრებით დედამიწაზე? ნუთუ მართლა არ არსებობს მაღალი მოთხოვნები მის გულში?
ისინი, ვინც მე წინასწარ განვსაზღვრე ჩემს ხალხად, ახერხებენ საკუთარი თავის ჩემთვის შეწირვას და ჩემთან ჰარმონიაში ცხოვრებას. ისინი ძვირფასნი არიან ჩემს თვალში და ჩემდამი სიყვარულით ბრწყინავენ ჩემს სასუფეველში. დღევანდელ ადამიანთა შორის, ვინ აკმაყოფილებს ასეთ პირობებს? ვის შეუძლია დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნები? ნუთუ ჩემი მოთხოვნები მართლაც უქმნის სირთულეებს ადამიანს? ნუთუ მე განზრახ ვხდები მისი შეცდომების მიზეზი? ყველა ადამიანს „ლმობიერად“ ვეპყრობი და მათ უპირატესობას ვანიჭებ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ხალხის მიმართ ხდება ჩინეთში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე სათანადოდ არ გაფასებთ ან ეჭვის თვალით გიყურებთ, არამედ იმას, რომ მე პრაქტიკული და რეალისტური ვარ თქვენ მიმართ. ადამიანები გარდაუვლად აწყდებიან წარუმატებლობებს თავიანთ ცხოვრებაში, იქნება ეს მათ ოჯახებთან თუ უფრო ფართო სამყაროსთან მიმართებაში. მაგრამ ვისი გასაჭირია მოწყობილი საკუთარი ხელით? ადამიანს არ ძალუძს ჩემი შეცნობა. მას აქვს გარკვეული გაგება ჩემი გარეგნული იერსახის შესახებ, მაგრამ ის უმეცარია ჩემი არსის მიმართ; მან არ იცის იმ საკვების შემადგენლობა, რომელსაც ჭამს. ვის შეუძლია გულდასმით შეიგრძნოს ჩემი გული? ვის შეუძლია ჭეშმარიტად გაიგოს ჩემი განზრახვები ჩემი თანდასწრებით? როდესაც მე დედამიწაზე ჩამოვდივარ, ის სიბნელითაა მოცული და ადამიანს „ღრმად სძინავს“. მე დავდივარ ყველგან და ყოველივე, რასაც ვხედავ, დახეული, დაფლეთილი და აუტანელია საყურებლად. თითქოს ადამიანს მხოლოდ ტკბობა სურს და არანაირი სურვილი არ აქვს ყურადღება მიაქციოს „გარე სამყაროს მოვლენებს“. ყველა ადამიანისთვის შეუმჩნევლად გულდასმით შევისწავლე მთელი დედამიწა, მაგრამ ვერსად ვხედავ სიცოცხლით სავსე ადგილს. მაშინვევასხივებ ნათელსა და სითბოს და მესამე ციდან დავყურებ დედამიწას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი ეფინება მიწას და სითბო ვრცელდება მასზე, თითქოს მხოლოდ ნათელი და სითბო ხარობს; მათ სრულიად არ ძალუძთ გამოაფხიზლონ ადამიანი, რომელიც კომფორტს ხარბად ესწრაფვის. ამის დანახვისას, მე დაუყოვნებლივ ვუვლენ ადამიანებს „კვერთხს“, რომელიც მოვამზადე. როდესაც კვერთხი ეცემა, ნათელი და სითბო თანდათან იფანტება და დედამიწა მყისიერად ხდება უკაცრიელი და ბნელი — და სიბნელის გამო, ადამიანი იყენებს შესაძლებლობას, რათა განაგრძოს ტკბობა. ადამიანს აქვს გარკვეული ბუნდოვანი წარმოდგენა ჩემი კვერთხის მოახლოების შესახებ, მაგრამ ის არ რეაგირებს და აგრძელებს თავისი „დედამიწისეული კურთხევით“ ტკბობას. შემდეგ, მე წარმოვთქვამ ჩემს სიტყვებს ყველა ადამიანის გასაკიცხად და მთელი სამყაროს ხალხი თავდაყირა ეცმება ჯვარს. როდესაც ჩემი გაკიცხვა მოდის, ადამიანი შეძრწუნებულია მთების ჩამოქცევისა და დედამიწის გახლეჩის ხმაურით, რის შემდეგაც ის შეშინებული იღვიძებს. შოკირებულსა და შეშინებულს, გაქცევა სურს, მაგრამ უკვე გვიანია. როდესაც ჩემი გაკიცხვა ევლინება ადამიანს, ჩემი სასუფეველი ჩამოდის დედამიწაზე და თითოეული ქვეყანა ნამსხვრევებად იქცევა, უგზო-უკვლოდ ქრება და არაფერს ტოვებს.
ყოველდღე დავყურებ სამყაროს და აღვასრულებ ჩემს ახალ საქმეს კაცთა შორის. მაგრამ ადამიანები მთლიანად იკარგებიან თავიანთ საქმეში და არავინ აქცევს ყურადღებას ჩემი საქმის მიმდინარეობას, არც საკუთარი თავის მიღმა არსებულ ვითარებას ამჩნევს ვინმე. თითქოს ადამიანები თავიანთივე შექმნილ ახალ ცასა და ახალ მიწაზე ცხოვრობენ და არ სურთ, რომ ვინმემ შეაწუხოს ისინი. ისინი ყველა დაკავებულნი არიან საკუთარი თავით ტკბობის საქმით და საკუთარი თავით აღფრთოვანების „ფიზიკური წვრთნის ვარჯიშებით“. ნუთუ მართლა საერთოდ არ არის ჩემთვის ადგილი ადამიანის გულში? ნუთუ მართლა არ ძალმიძს ვიყო ხელმწიფე ადამიანის გულში? ნუთუ მართლა დატოვა ადამიანის სულმა იგი? ვის უფიქრია ოდესმე გულდასმით ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვებზე? ვის შეუმჩნევია ოდესმე ჩემი გულის წადილი? ნუთუ ადამიანის გული მართლა მიიტაცა რაიმე სხვამ? ბევრჯერ შევღაღადე ადამიანს მაგრამ ნუთუ ვინმეს ოდესმე გამოუვლენია თანაგრძნობა? ვინმეს ოდესმე უცხოვრია ადამიანურად? თუმცა ადამიანი ხორციელად ცხოვრობს, ის მოკლებულია ადამიანობას. ცხოველთა სამყაროში დაიბადა იგი? თუ ზეცაში დაიბადა და ღვთაებრიობას ფლობს? მე ჩემს მოთხოვნებს ვუყენებ ადამიანს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ ესმის ჩემი სიტყვები — თითქოს მე მისთვის უცხო ურჩხული ვიყო, რომელთან მიახლოებაც რთულია. ამდენჯერ გაუცრუებია ადამიანს ჩემთვის იმედი, ამდენჯერ ავვსებულვარ რისხვით მისი სავალალო ქმედებების გამო და ამდენჯერ დავმწუხრებულვარ მისი სისუსტით. რატომ არასოდეს ძალმიძს ადამიანის გულში სულიერი გრძნობის გაღვიძება? რატომ არასოდეს ძალმიძს ადამიანის გულში სიყვარულის შთაგონება? რატომ არასოდეს სურს ადამიანს, მომეპყროს, როგორც თვალის ჩინს? ნუთუ ადამიანის გული მას არ ეკუთვნის? ნუთუ მის სულში რაიმე სხვა დამკვიდრდა? რატომ მოთქვამს ადამიანი შეუჩერებლად? რატომ არის ის მუდამ სავსე მწუხარებით? რატომ უგულებელყოფს ის ჩემს არსებობას, როდესაც სევდიანია? ნუთუ მე ვატკინე მას? ნუთუ მე განზრახ მივატოვე იგი?
ჩემს თვალში ადამიანი ყოველივეს მმართველია. მე მას არცთუ მცირე ხელმწიფება მივეცი, რათა ემართა ყოველივე დედამიწაზე — ბალახი მთაზე, ცხოველი ტყეში და თევზი წყალში. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამის გამო ბედნიერი იყოს, ადამიანი შფოთვითაა მოცული. მისი მთელი ცხოვრება მხოლოდ სევდა და მწუხარებაა, მისი მთელი ცხოვრება ასევე მხოლოდ ფაციფუცი და აურზაურია, მისი ცხოვრება მხოლოდ სიცარიელეა, რომელსაც გართობა ემატება; მის მთელ ცხოვრებაში არ არსებობს ახალი „გამოგონებები“ ან „ქმნილებები“. არავის შეუძლია თავი დააღწიოს ამ ფუჭ ცხოვრებას, არავის ოდესმე აღმოუჩენია აზრიანი ცხოვრება და არავის ოდესმე განუცდია ნამდვილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ადამიანები ჩემს კაშკაშა სინათლეში ცხოვრობენ, მათ არაფერი იციან ზეციური ცხოვრების შესახებ. თუ მე არ გამოვიჩენ წყალობას ადამიანის მიმართ ან არ გადავარჩენ კაცობრიობას, მაშინ ყველა ადამიანი ამაოდ მოსულა, მათი ცხოვრება დედამიწაზე აზრს მოკლებულია და ისინი ამაოდ წავლენ ისე, რომ საამაყო არაფერი ექნებათ. ყველა რელიგიის, საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ერისა და ყოველი აღმსარებლობის ადამიანმა იცის დედამიწაზე არსებული სიცარიელის შესახებ და ყველა მე მეძიებს და ჩემს დაბრუნებას ელის — მაგრამ ვის შესწევს უნარი, შემიცნოს მე, როდესაც მოვალ? მე შევქმენი ყოველივე, მე შევქმენი კაცობრიობა და დღეს მე ჩამოვედი კაცთა შორის. ადამიანი კი, პირიქით, საპასუხო დარტყმას მაყენებს და „შურისძიებას“ მახვევს თავს. ნუთუ საქმე, რომელსაც ადამიანზე აღვასრულებ, მისთვის უსარგებლოა? ნუთუ მართლა არ ძალმიძს ადამიანის დაკმაყოფილება? რატომ უარმყოფს ადამიანი? რატომ არის ადამიანი ასეთი ცივი და გულგრილი ჩემ მიმართ? რატომ არის დედამიწა გვამებით დაფარული? ნუთუ მართლა ასეთია იმ სამყაროს მდგომარეობა, რომელიც მე ადამიანისთვის შევქმენი? რატომ ხდება ისე, რომ მე ადამიანს შეუდარებელი სიმდიდრე მივეცი, ის კი სანაცვლოდ ორ ცარიელ ხელს მიწვდის? რატომ არ ვუყვარვარ ადამიანს გულწრფელად? რატომ არ არის ის არასოდეს ჩემს წინაშე? ნუთუ ჩემი ყველა სიტყვა მართლა ამაო იყო? ნუთუ ჩემი სიტყვები წყლიდან ამომავალი სითბოსავით გაქრა? რატომ არ სურს ადამიანს ჩემთან თანამშრომლობა? ნუთუ ჩემი დღის დადგომა მართლა ადამიანის სიკვდილის მომენტია? ნუთუ მართლა ძალმიძს ადამიანის განადგურება მაშინ, როდესაც ჩემი სასუფეველი ყალიბდება? რატომ არავის არასოდეს გაუგია ჩემი განზრახვები ჩემი მართვის მთელი გეგმის განმავლობაში? რატომ ხდება, რომ იმის ნაცვლად, რომ დააფასოს ჩემი ბაგიდან გამოსული გამონათქვამები, ადამიანი ზიზღით უარყოფს მათ? მე არავის ვგმობ, არამედ უბრალოდ ვთხოვ ყველა ადამიანს, დამშვიდდეს და თვითრეფლექსიის საქმე აღასრულოს.
27 მარტი, 1992 წ.