ყოველივე ღვთის სიტყვით აღესრულება
უფალი ქადაგებს თავის სიტყვას და აღასრულებს თავის საქმეს ეპოქის შესაბამისად და სხვადასხვა ეპოქაში მისი ქადაგება განსხვავდება. უფალი არ ექვემდებარება წესებს, არ იმეორებს ერთსა და იმავე საქმეს და არ არის წარსულზე მიჯაჭვული; იგი არს ღმერთი, რომელიც მუდამ ახალია და არასდროს ბერდება, რომელიც ყოველ დღე ახალს ქადაგებს. შენ უნდა დაიცვა ის, რაც დღეს ურყევია; ეს არის ადამიანის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი მოღვაწეობა დღევანდელ ღვთიურ ნათელსა და მის სიტყვებს დაეფუძნოს. უფალი არ ემორჩილება წესებს; მას შეუძლია სხვადასხვა სახელით იღაღადოს, რათა გამოავლინოს თავისი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. მნიშვნელობა არ აქვს, სულიწმინდის სახელით მეტყველებს იგი, ადამიანის თუ მესამე პირში — ღმერთი მარად ღმერთია და თქვენ ვერ იტყვით, რომ იგი არ არის ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ მან ადამიანის ენით ინება ქადაგება. ზოგიერთ ადამიანში გაჩნდა მცდარი წარმოდგენები იმის გამო, რომ ღმერთი სხვადასხვა პერსპექტივიდან ქადაგებს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ღვთის შემეცნება და არც მისი საქმენი უწყიან. ღმერთი მუდამ მხოლოდ ერთი სახელით რომ ქადაგებდეს განა ადამიანი არ შემოზღუდავდა მას? დაუშვებდა კი ღმერთი, რომ ადამიანს ასე ემოქმედა? რომელი პერსპექტივითაც არ უნდა ქადაგებდეს იგი, მას ამის განგება აქვს. ღმერთი მუდამ სულიწმინდის სახელით რომ ქადაგებდეს, განა შეძლებდი მასთან ზიარებას? ამიტომ, იგი ხანდახან მესამე პირში საუბრობს, რათა თავისი სიტყვა შენამდე მოიტანოს და ჭეშმარიტებისკენ წაგიძღვეს. ყოველივე, რასაც ღმერთი იქმს, ჭეშმარიტია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ღვთის ნებაა და ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. იგი არს ღმერთი და, როგორც არ უნდა ქადაგებდეს, მარადის ღმერთად დარჩება. ეს არის გარდაუვალი ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა მოქმედებდეს, იგი ღმერთია და მისი არსი უცვლელია! პეტრეს ისე უყვარდა ღმერთი და ისე შეესაბამებოდა მისი ცხოვრება ღვთის განზრახვას, რომ უფლის ნებას აღასრულებდა, თუმცა ღმერთს იგი უფლად ან ქრისტედ არ უღიარებია; რამეთუ ეს არის არსებობის არსი და მისი შეცვლა შეუძლებელი არს. უფლის საქმენი არ ექვემდებარება წესებს, არამედ იყენებს სხვადასხვა გზას, რათა მისმა საქმემ ნაყოფი გამოიღოს და ადამიანს მისი შემეცნება გაუღრმავოს. მისი ყოველი გზა ეხმარება ადამიანს მის შეცნობაში და ემსახურება ადამიანის სრულყოფას. რა გზასაც არ უნდა მიმართავდეს იგი, ყოველი მათგანი ადამიანის აღშენებისა და სრულყოფისკენ არის მიმართული. თუნდაც მისი რომელიმე გზა დიდხანს გაგრძელდეს, ეს მხოლოდ კაცის რწმენის განსამტკიცებლად ხდება. ამიტომ, გულში ეჭვი არ უნდა გაივლო. ყოველივე ეს ღვთის საქმის ეტაპებია და თქვენ უნდა დაემორჩილოთ მათ.
ის, რაზეც დღეს ღაღადებენ, არის ჭეშმარიტებაში დამკვიდრება და არა ზეცად ამაღლება ან მეუფება; ყოველივე ნათქვამი მიმართულია რეალობაში შესვლისკენ. ამაზე უფრო არსებითი ძიება არ არსებობს, მეუფებაზე საუბარი კი არ არის სარგებლის მომტანი. ადამიანი დიდ ცნობისმოყვარეობას იჩენს და ღვთის დღევანდელ საქმეს კვლავაც თავისი რელიგიური ცრუ წარმოდგენებით ზომავს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მოქმედების მრავალი გზა იხილა, ადამიანმა კვლავ არ უწყის მისი საქმე, ისევ ეძებს სასწაულებსა და ნიშნებს, და კვლავაც იმას ელის, აღსრულდება თუ არა ღვთის სიტყვანი. განა ეს ყოვლისმომცველი სულიერი სიბრმავე არ არის? ღვთის სიტყვა რომ არ აღსრულებულიყო, არ იწამებდი, რომ იგი ღმერთია? დღეს ეკლესიაში მრავალი ელის სასწაულთა ხილვას. ისინი ამბობენ: თუ ღვთის სიტყვა აღსრულდება, მაშინ არის იგი ღმერთი, ხოლო თუ არა — მაშინ არაო. მაშ, შენ იმიტომ გწამს ღმერთი, რომ მისი სიტყვა აღსრულდა, თუ იმიტომ, რომ იგი თავად არის ღმერთი? ადამიანის შეხედულება ღვთის რწმენაზე უნდა გამოსწორდეს! როდესაც ხედავ, რომ ღვთის სიტყვანი ჯერ არ აღსრულებულა და შენ გარბიხარ — განა ეს არის ღვთის რწმენა? როდესაც გწამს ღმერთი, ყოველივე მის მოწყალებას უნდა მიანდო და ქედი მოიხარო მისი ყოველი საქმის წინაშე. ღმერთმა უამრავი სიტყვა წარმოთქვა ძველ აღთქმაში — მათგან რომელი იხილე შენი საკუთარი თვალით აღსრულებული? განა შეგიძლია თქვა, რომ იეჰოვა არ არის ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ვერ იხილე? თუნდაც მრავალი სიტყვა აღსრულებულიყო, ადამიანი უძლურია ეს ნათლად დაინახოს, რამეთუ მას არ გააჩნია ჭეშმარიტება და არაფერი უწყის. ზოგიერთს გაქცევა სურს, როდესაც ჰგონია, რომ ღვთის სიტყვანი არ აღსრულდა. აბა, სცადე. ვნახოთ, თუ შეძლებ გაქცევას. გაქცეულიც კვლავ უკან დაბრუნდები. ღმერთი თავისი სიტყვით გმართავს და თუკი დატოვებ ეკლესიასა და ღვთის სიტყვას, შენ აღარ გექნება სიცოცხლის გზა. თუ არ გჯერა, თავად გამოსცადე — გგონია, ასე ადვილად წახვალ? ღვთის სული გფარავს და განგაგებს. შენ ვერ წახვალ. ეს არის ღვთის უზენაესი განჩინება! თუ ვინმეს გამოცდა სურს, ინებოს და სცადოს! შენ ამბობ, რომ ეს პიროვნება არ არის ღმერთი — მაშ, შესცოდე მის წინაშე და იხილე, რას მოიმოქმედებს იგი. შესაძლოა, შენ ხორციელად არ მოკვდე — კვლავ შეგეძლოს საკვების მიღება და ჩაცმა, მაგრამ სულიერად ეს გაუსაძლისი იქნება. შენ იგრძნობ სულიერ შფოთსა და ტანჯვას. ამაზეუფრო მტკივნეული არაფერია. ადამიანს არ ძალუძს გაუძლოს სულიერ ტანჯვასა და გაუდაბნოებას — შესაძლოა, ხორციელი ტკივილი აიტანო, მაგრამ სულიერი სიმძიმისა და ხანგრძლივი ტანჯვის წინაშე სრულიად უძლური ხარ. დღეს ზოგიერთი სასოწარკვეთილებას მიეცემა, რამეთუ ვერ იხილა სასწაულები და ნიშნები, თუმცა ვერავინ ბედავს გაქცევას, რაოდენ დიდი სიმძიმეც არ უნდა იგრძნოს, რამეთუ ღმერთი თავისი სიტყვით მწყემსავს კაცს. მიუხედავად იმისა, რომ სასწაულებრივი მოვლენები არ აღსრულებულა, მაინც ვერავინ ახერხებს განდგომას. განა ყოველივე ეს ღვთის მოქმედება არ არის? დღეს ღმერთი მოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანს სიცოცხლე მიანიჭოს. იგი, კაცთა წარმოდგენების საპირისპიროდ, არ ცდილობს შენს მოხიბვლას სასწაულებით, რათა ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყაროს. ყველანი, ვინც ყურადღებას არ ამახვილებენ სულიერ ცხოვრებაზე და ნაცვლად ამისა, ღვთისგან სასწაულთა და ნიშანთა ნახვას მოელიან, ფარისეველნი არიან! სწორედ ფარისევლებმა გააკრეს იესო ჯვარზე. თუკი შენ ღმერთს რწმენის შესახებ შენი საკუთარი შეხედულებებით ზომავ — გწამს მხოლოდ მაშინ, როცა მისი სიტყვანი აღსრულდება, ხოლო თუ არ აღსრულდა, დაეჭვდები და გმობ კიდეც მას — განა შენც ჯვარზე არ აკრავ მას? ასეთი ადამიანები საღვთო საქმეს განერიდებიან და მხოლოდ ხორციელ შვებას ესწრაფვიან!
ერთი მხრივ, ადამიანის უდიდესი ნაკლი ისაა, რომ მან არ უწყის ღვთის საქმე. თუმცა ის აშკარად არ უარყოფს მას და მაინც ორჭოფობს. ადამიანი არც უარყოფს და არც სრულად აღიარებს. ადამიანს რომ ღვთის საქმის სრული შემეცნება ჰქონდეს, იგი არასოდეს განუდგებოდა მას. მეორე მხრივ, ადამიანის პრობლემა ისაა, რომ იგი არ იცნობს რეალობას. დღეს თითოეული თქვენგანი ღვთის სიტყვას ეზიარა; ამიერიდან ნუღარ იფიქრებთ სასწაულთა და ნიშანთა ხილვაზე. ჭეშმარიტად გეტყვი შენ: ამჟამად მხოლოდ ღვთის სიტყვათა ხილვაა შენთვის შესაძლებელი და, თუმცა არ ჩანს ხილული ნიშნები, ღვთიური სიცოცხლე მაინც მკვიდრდება ადამიანში. სწორედ ეს არის ათასწლიანი მეუფების მთავარი საქმე და თუკი ამას ვერ შეიგრძნობ, მაშინ დაუძლურდები და დაეცემი; განსაცდელის ჟამს სულიერად დამდაბლდები და, რაც კიდევ უფრო სავალალოა, სატანის ტყვეობაში აღმოჩნდები. ღმერთი ქვეყნად მოვიდა უპირატესად იმისათვის, რათა იქადაგოს თავისი სიტყვა; ის, რასაც შენ ეზიარები, ღვთის სიტყვაა; რასაც კითხულობ — ღვთის სიტყვაა; რასაც ისმენ — ღვთის სიტყვაა; რასაც აღასრულებ — ღვთის სიტყვაა; რასაც განიცდი — კვლავ ღვთის სიტყვაა, და ამჯერად, განკაცებისას, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს ადამიანის განსრულებისთვის. იგი არ ავლენს სასწაულებსა და ნიშნებს და, რაც მთავარია, არ იმეორებს იმ საქმეს, რომელიც იესომ წარსულში აღასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხორციელად მოსული ღმერთია, მათი მსახურება ერთნაირი როდია. როდესაც იესო მოვიდა, მანაც აღასრულა ღვთის საქმის ნაწილი და იქადაგა — მაგრამ რა იყო ის უმთავრესი საქმე, რომელიც მან აღასრულა? მისი უმთავრესი აღსრულებული საქმე ჯვარცმა იყო. იგი განკაცდა, რათა ჯვარცმის გზით კაცობრიობა გამოესყიდა; მთელი კაცობრიობის ცოდვათათვის იგი ცოდვის შესაწირავად იქცა. ეს არის მისი უმთავრესი აღსრულებული საქმე. საბოლოოდ, მან განამზადა ჯვრის გზა, რათა წინამძღოლად ჰყოლოდა მათ, ვინც მის შემდგომ მოვიდოდა. იესოს მოსვლის უპირატესი მიზანი გამოხსნის საქმის აღსრულება იყო. მან გამოისყიდა მთელი კაცობრიობა, მოუტანა ადამიანებს ცათა სასუფევლის სახარება და, უფრო მეტიც, გაუკვალა მათ გზა ცათა სასუფევლისკენ.ამის შედეგად, ყოველი მისი მიმდევარი ამბობდა: „ჩვენ ჯვრის გზით უნდა ვიაროთ და თავი შევწიროთ ჯვარს“. რა თქმა უნდა, თავდაპირველად იესომ სხვა საქმეებიც აღასრულა და იქადაგა, რათა კაცს სინანული განეცადა და თავისი ცოდვები ეღიარებინა. თუმცა მისი მსახურების არსი მაინც ჯვარცმა იყო, ხოლო ის სამნახევარი წელი, რომელიც მან გზის ქადაგებაში გაატარა, მხოლოდ მზადება გახლდათ შემდგომი ჯვარცმისათვის. იესოს მრავალგზისი ლოცვაც სწორედ ჯვარცმის გამო აღევლინებოდა. ის ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, რომლითაც იგი ცხოვრობდა და ის ოცდაცამეტნახევარი წელი, რომელიც მან მიწაზე დაჰყო, უპირატესად ჯვარცმის საქმის აღსასრულებლად იყო განკუთვნილი; ყოველივე ეს ძალას მატებდა მას ამ მძიმე ტვირთის საზიდად, რის შედეგადაც ღმერთმა სწორედ მას მიანდო ჯვარცმის საქმის აღსრულება. რა საქმეს აღასრულებს განკაცებული ღმერთი დღეს? დღეს ღმერთი განკაცდა უპირატესად იმისათვის, რათა აღასრულოს— „სიტყვისთვის ხორცის შესხმის“ საქმე; რათა სიტყვით სრულყოს ადამიანი და შეაგუოს იგი სიტყვისმიერ განკაფვას და სიტყვით განწმენდას. თავისი სიტყვებით საზრდოსა და სიცოცხლეს გაძლევს და განახებს თავის საქმესა და ქმედებებს. ღმერთი იყენებს სიტყვას შენს გასაკიცხად და გამოსაბრძმედად, ამიტომ, თუკი იტანჯები, ესეც ღვთის სიტყვის გამო ხდება. დღეს ღმერთი მოქმედებს არა ხილული ნიშნებით, არამედ სიტყვებით. მხოლოდ ღვთის სიტყვის გამოცხადების შემდეგ იწყებს სულიწმინდა შენს არსებაში მოქმედებას, რათა გაწვნიოს სასჯელის სიმწარე თუ მადლის სიტკბოება. მხოლოდ ღვთის სიტყვას ძალუძს შენი სულიერ რეალობაში შეყვანა და მხოლოდ ღვთის სიტყვას ხელეწიფება შენი განსრულება. ამიტომ, მცირედი მაინც უნდა გესმოდეს: უკანასკნელ ჟამს, ღვთის მიერ აღსრულებული საქმე, უპირატესად მისი სიტყვის გამოყენებაა ყოველი ადამიანის განსასრულებლად და დასამოძღვრად. ყოველივე, რასაც იგი იქმს, სიტყვის მეშვეობითაა; იგი არ იყენებს ხილულ ნიშნებს შენს სამხილებლად. არის პერიოდები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს. იგი არ მოგივლენს დიდ ხორციელ სასჯელს, შენი ხორცი არ ისჯება და არც ტკივილს განიცდი, მაგრამ როგორც კი მისი სიტყვა მოგეახლება და განგწმენდს, ეს შენთვის გაუსაძლისი ხდება. განა ასე არ არის? მსახურებელთა ხანაში ღმერთმა ბრძანა, რომ ადამიანი უფსკრულში ჩაეგდოთ. განა ადამიანი მართლაც მოხვდა უფსკრულში? ადამიანის გამოსაწრთობად, სიტყვის გამოყენებით, იგი მართლაც შევიდა უფსკრულში. ამრიგად, უკანასკნელ ჟამს, როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, იგი ყოველივეს აღსასრულებლად და გამოსააშკარავებლად უმთავრესად სიტყვას იყენებს. მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია იხილო, თუ ვინ არის იგი; მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია დაინახო, რომ იგია თავად ღმერთი. როდესაც განკაცებული ღმერთი დედამიწაზე მოდის, იგი სხვას არას აკეთებს, გარდა სიტყვის წარმოთქმისა — ამიტომ ხილული ნიშნების საჭიროება აღარ არსებობს; სიტყვები კმარა. ეს იმიტომ, რომ იგი უმთავრესად, სწორედ ამ საქმის აღსასრულებლად მოვიდა, რომ ადამიანმა მის სიტყვებში იხილოს მისი დიადი ძალა და უზენაესობა, მის სიტყვებში იხილოს მისი თავმდაბლობა და იდუმალება და მის სიტყვებში შეიცნოს მისი მთლიანობა. ყოველივე, რაც მას აბადია და ყოველივე, რაც იგი არს, მისსავე სიტყვებშია. მისი სიბრძნე და სასწაულმოქმედება მისსავე სიტყვებშია. სწორედ მათში შეგიძლია იხილო ის გზები, რომლითაც ღმერთი თავის სიტყვებს ქადაგებს. ღმერთი დიდი ხანია იღვწის; მისი საქმე უმთავრესად ადამიანის წარმართვას, მის მხილებასა და განწმენდას ემსახურება. ღმერთი იოლად არავის განიკითხავს და მაშინაც კი, როცა ამას იქმს, კვლავაც სიტყვის მეშვეობით განიკითხავს. ამიტომ, ღვთის განკაცების ამ ეპოქაში, ნუღარ ელით მისგან სნეულთა განკურნებას და ეშმაკთა განდევნას, და ნუღარ ეძებთ დაუცხრომლად ხილულ ნიშნებს — აზრი არ აქვს! ნიშნებს არ ძალუძთ ადამიანის განსრულება! პირდაპირ გეტყვით: დღეს თავად ნამდვილი, ხორციელი ღმერთი არ მოქმედებს — იგი მხოლოდ მეტყველებს. ეს არის ჭეშმარიტება! იგი სიტყვებს იყენებს შენს განსასრულებლად, შენს სასაზრდოებლად და განსამტკიცებლად. იგი სიტყვებითვე იქმს საქმეს და ხილული ნიშნების ნაცვლად, სიტყვას იყენებს, რათა შეიცნო მისი ნამდვილობა. თუკი ძალგიძს ღვთის საქმის ამგვარი წესის აღქმა, მაშინ სულიერი დაცემა გაგიძნელდება. უარყოფითზე კონცენტრირების ნაცვლად, მხოლოდ დადებითზე უნდა კონცენტრირდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აღსრულდება თუ არა ღვთის სიტყვები ან მოხდება თუ არა ხილული სასწაული, ღმერთი ადამიანს თავისი სიტყვით ანიჭებს სიცოცხლეს, და ეს არის უდიდესი ყველა ნიშანთა შორის. უფრო მეტიც, ეს არის უცილობელი ფაქტი, საუკეთესო დასტური ღვთის შესაცნობად, და ეს ყოველგვარ სასწაულზე აღმატებული ნიშანია. მხოლოდ ამ სიტყვებს ხელეწიფება ადამიანის განსრულება.
სასუფევლის ჟამის დადგომისთანავე, ღმერთმა თავისი სიტყვების გამოცხადება დაიწყო. მომავალში, ეს სიტყვები თანდათანობით აღსრულდება და სწორედ მაშინ აღორძინდება ადამიანი სულიერად. ღვთის მიერ სიტყვის გამოყენება ადამიანის გახრწნილი ბუნების სამხილებლად უფრო გონივრულიცაა და აუცილებელიც. იგი სხვას არაფერს იყენებს თავისი საქმისთვის, გარდა სიტყვისა, რათა განსრულდეს ადამიანის რწმენა. რამეთუ დღეს სიტყვის ეპოქაა და იგი ადამიანისგან რწმენას, მტკიცე ნებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. უკანასკნელ ჟამს, განკაცებული ღვთის საქმე მისივე სიტყვის გამოყენებაა ადამიანის დასამოძღვრად და გამოსაკვებად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განკაცებული ღმერთი დაასრულებს თავის სიტყვებს, დაიწყება მათი აღსრულება. სანამ იგი მეტყველებს, მისი სიტყვები არ აღსრულდება, რამეთუ ვიდრე იგი ხორციელად მოღვაწეობს, მისი სიტყვების აღსრულება შეუძლებელია. ეს იმისთვისაა, რომ ადამიანმა იხილოს ღმერთი ხორციელია და არა მხოლოდ სულიერი; რათა ადამიანმა საკუთარი თვალით იხილოს ღვთის ნამდვილობა. იმ დღეს, როდესაც მისი საქმე დასრულდება და ყველა სიტყვა, რაც კი დედამიწაზე უნდა ეთქვა, წარმოთქმული იქნება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. დღეს არ არის ღვთის სიტყვათა აღსრულების ეპოქა, რამეთუ მას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია თავისი სიტყვა. ამიტომ, სანამ ხედავთ, რომ ღმერთი კვლავ მეტყველებს დედამიწაზე, ნუ ელით მისი სიტყვების აღსრულებას; მაშინ დაიწყება მისი სიტყვების აღსრულება, როდესაც ღმერთი შეწყვეტს ქადაგებას და მისი საქმე ქვეყნად დასრულდება. იმ სიტყვებში, რომელთაც იგი დედამიწაზე წარმოთქვამს, ერთი მხრივ, სიცოცხლის საზრდოა, ხოლო მეორე მხრივ — წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველება იმისა, რაც უნდა მოვიდეს, რაც უნდა გაკეთდეს და რაც ჯერ კიდევ აღსასრულებელია. იესოს სიტყვებშიც იყო წინასწარმეტყველება: ერთი მხრივ, იგი სიცოცხლეს ანიჭებდა ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ — წინასწარმეტყველებდა. დღეს არ არის საუბარი სიტყვისა და საქმის ერთდროულ აღსრულებაზე, რამეთუ მეტისმეტად დიდია სხვაობა იმას შორის, რისი ხილვაც ადამიანს საკუთარი თვალით შეუძლია და იმას შორის, რასაც ღმერთი იქმს. შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ როგორც კი ღვთის საქმე დასრულდება, მისი სიტყვები აღსრულდება და სიტყვას მოჰყვება საქმეც. უკანასკნელ ჟამს, განკაცებული ღმერთი დედამიწაზე სიტყვის მსახურებას აღასრულებს. ამ მსახურებისას, იგი მხოლოდ წარმოთქვამს სიტყვებს და სხვა საქმეთათვის არ იღვწის. როგორც კი ღვთის საქმე შეიცვლება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. დღეს, სიტყვები უპირატესად შენს განსასრულებლად გამოიყენება; ხოლო როდესაც იგი მთელ სამყაროში მოიპოვებს დიდებას, მისი საქმეც დასრულდება, ყველა სათქმელი სიტყვა ნათქვამი იქნება და ყოველი სიტყვა საქმედ იქცევა. ღმერთი უკანასკნელ ჟამს, დედამიწაზე სიტყვის მსახურების აღსასრულებლად მოვიდა, რათა კაცობრიობამ შეიცნოს იგი; რათა ადამიანებმა მისივე სიტყვიდან დაინახონ, თუ ვინ არის ის, იხილონ მისი სიბრძნე და ყოველი მისი საკვირველი საქმე. სასუფევლის ჟამის დროს, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს მთელი კაცობრიობის მოსადრეკად. მომავალში მისი სიტყვა მიწვდება ყველა რელიგიას, სფეროს, ერსა და აღმსარებლობას. ღმერთი იყენებს სიტყვას დასამორჩილებლად, რათა ყველამ იხილოს, რომ მის სიტყვას ხელისუფლება და ძლევამოსილება აქვს, ამიტომ დღეს თქვენ, მხოლოდ ღვთის სიტყვის წინაშე დგახართ.
სიტყვები, რომელთაც ღმერთი ამ ეპოქაში წარმოთქვამს, განსხვავდება როგორც რჯულის ჟამში ნათქვამი, ისე მადლის ჟამში წარმოთქმული სიტყვებისგან. მადლის ჟამში ღმერთს სიტყვის საქმე არ აღუსრულებია, არამედ მხოლოდ ჯვარცმა აღწერა მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად. ბიბლია მხოლოდ იმას აღწერს, თუ რატომ უნდა ჯვარცმულიყო იესო, რა ტანჯვა უნდა განევლო მას ჯვარზე და როგორ უნდა ჯვარცმულიყო ადამიანი ღვთისთვის. იმ ეპოქაში ღვთის მიერ აღსრულებული ყოველი საქმე ჯვარცმის გარშემო იყო კონცენტრირებული. სასუფევლის ჟამში კი განკაცებული ღმერთი წარმოთქვამს სიტყვებს ყველა იმ ადამიანის დასამორჩილებლად, ვისაც მისი სწამს. ეს არის „სიტყვის განხორციელება“. ღმერთი უკანასკნელ ჟამს სწორედ ამ საქმის აღსასრულებლად მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მოვიდა სიტყვის ხორცშესხმის რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად. იგი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და იშვიათია ფაქტთა მოვლინება. სწორედ ეს არის სიტყვის ხორცშესხმის არსი. როდესაც განკაცებული ღმერთი თავის სიტყვებს წარმოთქვამს, ეს არის სიტყვის ხორცხშესხმა და სიტყვის ხორცად ქცევა. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან, და სიტყვა ხორცად იქცა“. ეს (სიტყვის ხორცშესხმის საქმე) არის ის, რასაც ღმერთი უკანასკნელ ჟამს აღასრულებს, და ეს არის მისი მთელი განგებულების დასკვნითი თავი, ამიტომაც უნდა მოვიდეს ღმერთი დედამიწაზე და თავისი სიტყვები განახორციელოს. ყოველივე, რაც დღეს სრულდება, რაც მომავალში აღსრულდება და რასაც ღმერთი დაასრულებს, ადამიანის საბოლოო დანიშნულება, გადარჩენილები და წარწყმედილები — მთელი ეს სამუშაო, რომელიც ბოლოს უნდა დაგვირგვინდეს, უკვე ნათლად არის გაცხადებული და ყოველივე ეს „სიტყვის ხორცშესხმის“ რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად ხდება. მანამდე გამოცემული ადმინისტრაციული განკარგულებები და დადგენილებები, ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც დაიღუპება და ვინც განსასვენებელში შევა — ყველა ეს სიტყვა უნდა აღსრულდეს. სწორედ ეს არის ის საქმე, რომელსაც განკაცებული ღმერთი უმთავრესად უკანასკნელ ჟამს ახორციელებს. იგი ადამიანებს აგებინებს, თუ სად არის ღვთისგან წინასწარგანსაზღვრულთა ადგილი და სად — მათი, ვინც არ არის წინასწარ განსაზღვრული; როგორ დაიყოფიან მისი ხალხი და ძენი, რა ბედი ეწევა ისრაელსა და ეგვიპტეს — მომავალში თითოეული ეს სიტყვა აღსრულდება. ღვთის საქმის ტემპი სულ უფრო იმატებს. ღმერთი სიტყვას იყენებს იმის გასაცხადებლად, თუ რა უნდა გაკეთდეს ყოველ ეპოქაში, რა უნდა აღასრულოს განკაცებულმა ღმერთმა უკანასკნელ ჟამს, და როგორი უნდა იყოს მისი მსახურება. ყველა ეს სიტყვა კი სიტყვის ხორცშესხმის რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად წარმოითქმის.
მანამდეც მითქვამს: „ყველა, ვინც ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ელოდება, მიტოვებულ იქნება. ისინი არ განეკუთვნებიან მათ, ვინც სრულყოფილი გახდება“. ამდენი სიტყვა ვთქვი, ადამიანს კი მაინც არ გააჩნია ამ საქმის მცირედი შემეცნებაც კი და, ამ ეტაპზე მოსულიც, კვლავ ნიშნებსა და სასწაულებს ითხოვს. შენი რწმენა მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულების დევნაა, თუ სიცოცხლის მოსაპოვებლად გწამს? იესომაც მრავალი სიტყვა წარმოთქვა და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. განა შეგიძლია თქვა, რომ იესო არ არის ღმერთი? ღმერთმა დაამოწმა, რომ იგი იყო ქრისტე და ღვთის საყვარელი ძე. განა შეგიძლია ამის უარყოფა? დღეს, ღმერთი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და თუ ეს საფუძვლიანად არ გეცოდინება, მაშინ ვერ განმტკიცდები. შენ გწამს მისი, რადგან იგი ღმერთია, თუ შენი რწმენა იმის მიხედვით განისაზღვრება, აღსრულდება თუ არა მისი სიტყვები? ნიშნებისა და სასწაულების გწამს თუ ღვთისა? დღეს იგი არ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს — განა იგი მართლაც ღმერთია? თუ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები არ აღსრულდება, განა იგი მართლაც ღმერთია? განა ღვთის არსი იმით განისაზღვრება, აღსრულდება თუ არა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები? რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი მუდამ ღვთის სიტყვების აღსრულებას ელოდება, სანამ მას ირწმუნებდეს? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მას არ იცნობენ? ყველა, ვისაც ასეთი წარმოდგენები აქვს, ღმერთს უარყოფს. ისინი ღმერთს საკუთარი შეხედულებებით ზომავენ. თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება, მათ სწამთ მისი, ხოლო თუ არა — მაშინ არ სწამთ. ისინი მუდამ ნიშნებსა და სასწაულებს დაეძებენ. განა ეს ხალხი თანამედროვეობის ფარისევლები არ არიან? შენი სიმტკიცე იმაზეა დამოკიდებული, იცნობ თუ არა ნამდვილ ღმერთს — სწორედ ეს არის გადამწყვეტი! რაც უფრო მეტია შენში ღვთის სიტყვის რეალობა, მით მეტია შენი ცოდნა ღვთის ჭეშმარიტების შესახებ, და მით უფრო შეძლებ სიმტკიცის შენარჩუნებას განსაცდელის ჟამს. რაც უფრო მეტად ხარ კონცენტრირებული ნიშნებისა და სასწაულების ხილვაზე, მით ნაკლებად შეძლებ მტკიცედ დგომას და განსაცდელში დაეცემი. ნიშნები და სასწაულები არ არის საძირკველი; მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტებაა სიცოცხლე. ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, თუ რა შედეგები უნდა იქნეს მიღწეული ღვთის საქმით. ისინი დღეებს დაბნეულობაში ატარებენ და არ ესწრაფვიან ღვთის საქმის შემეცნებას. მათი სწრაფვის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ღმერთმა მათი სურვილები შეასრულოს და მხოლოდ მაშინ ხდებიან ღრმად მორწმუნენი. ამბობენ, რომ თუ ღვთის სიტყვები შესრულდება, ისინი სიცოცხლისკენ სწრაფვას განაგრძობენ, ხოლო თუ მისი სიტყვები არ შესრულდება, მაშინ მათთვის სიცოცხლის ძიების ყოველგვარი შესაძლებლობა გაქრება. ხალხს ჰგონია, რომ რწმენა მხოლოდ სასწაულების დევნა ან ზეცად აღტაცება და მესამე ცაზე მოხვედრაა. არავინ ამბობს, რომ მათი რწმენა ჭეშმარიტებაში შესვლის, სიცოცხლის ძიებისა და ღვთის მიერ მათი მოპოვების სურვილია. რა ფასი აქვს ასეთ სწრაფვას? ვინც არ ესწრაფვის ღვთის შეცნობას და მის ნებაზე დაყოლას, მას სინამდვილეში არ სწამს; ასეთები მხოლოდ შეურაცხყოფენ და გმობენ ღმერთს!
ახლა თუ გესმით, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა? განა ღვთისადმი რწმენა ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ნიშნავს? განა ეს ზეცად ამაღლებას ნიშნავს? ღვთისადმი რწმენა არც ისე ადვილია. ეს რელიგიური წეს-ჩვეულებები უნდა განიწმინდოს. სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნისკენ სწრაფვა, ნიშნებსა და სასწაულებზე კონცენტრირება, ღვთის მეტი მადლის, მშვიდობისა და სიხარულისკენ ლტოლვა, ხორციელი სიამოვნებისა და კომფორტის დევნა — ყოველივე ეს რელიგიური პრაქტიკაა, ასეთი რელიგიური პრაქტიკა კი რწმენის ბუნდოვანი სახეობაა. რა არის დღეს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? ეს არის ღვთის სიტყვის მიღება შენს ცხოვრებისეულ რეალობად და ღვთის შემეცნება მისივე სიტყვიდან, რათა მის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული მოიპოვო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ღვთისადმი რწმენა იმისთვის არსებობს, რომ შენ დაემორჩილო ღმერთს, გიყვარდეს იგი და აღასრულო ის მოვალეობა, რომელიც ყოველმა ქმნილებამ უნდა აღასრულოს. ეს არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. შენ უნდა მიაღწიო ღვთის მშვენიერების შემეცნებას, გააცნობიერო, რამდენად ღირსია იგი მოკრძალებისა და როგორ აღასრულებს ის თავის ქმნილებებში ხსნისა და მათი სრულყოფის საქმეს. ესაა შენი რწმენის უმთავრესი საფუძვლები. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ხორციელი ცხოვრებიდან ღვთის სიყვარულით სავსე ცხოვრებაზე გადასვლაა. გარყვნილი ცხოვრებიდან — ღვთის სიტყვებით ცხოვრებაზე გადასვლა; ეს არის სატანის ძალაუფლებისგან თავის დაღწევა და ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრება. ესაა ღვთისადმი მორჩილების უნარის მოპოვება და არა ხორცისადმი მორჩილება; ესაა უფლება მისცე ღმერთს, დაეუფლოს შენს მთელ გულს, სრულგყოს და გაგათავისუფლოს სატანური, გარყვნილი ბუნებისგან. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, იმისთვისაა, რომ ღვთის უდიდესი ძალა და დიდება შენში გაცხადდეს, რათა მის ნებას მიჰყვე, ღვთის გეგმა აღასრულო და სატანის წინაშე ღვთის დამოწმება შეძლო. ღვთისადმი რწმენის მიზანი არც ნიშნებისა და სასწაულების ხილვა უნდა იყოს და არც პირადი, ხორციელი ინტერესი. მისი მიზანი ღვთის შემეცნების ძიება და მისი მორჩილება უნდა იყოს, ისეთივე მორჩილება სიკვდილამდე, როგორიც პეტრემ გამოიჩინა. სწორედ ეს არის ღვთისადმი რწმენის მთავარი მიზნები. ადამიანი იმისთვის იღებს ღვთის სიტყვას, რომ შეიცნოს ის და დაჰყვეს მის ნებას. ღვთის სიტყვის მიღება მასზე უფრო ღრმა ცოდნას გაძლევს, მხოლოდ ამის შემდეგ ძალგიძს მისი მორჩილება. მხოლოდ ღვთის შემეცნებით შეგიძლია მისი სიყვარული და სწორედ ეს უნდა იყოს ადამიანის მიზანი ღვთისადმი რწმენაში. თუ ღვთისადმი შენს რწმენაში მუდამ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ესწრაფვი, მაშინ შენი შეხედულება რწმენაზე მცდარია. ღვთისადმი რწმენა, უპირველესად, ღვთის სიტყვის ცხოვრებისეულ რეალობად მიღებაა. როდესაც ადამიანები ღვთის ბაგეთაგან გამოსულ ყოველ სიტყვას საქმედ აქცევენ და საკუთარ თავზე აღასრულებენ, ღვთის მიზანიც მიღწეულია. ღვთისადმი რწმენაში ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს ღვთის მიერ სრულყოფას, მორჩილების უნარსა და ღვთისადმი სრულ მორჩილებას. თუკი შეძლებ ღვთისადმი უდრტვინველ მორჩილებას, იქნები მისი განზრახვების თანაზიარი, მიაღწევ პეტრეს სულიერ სიმაღლეს და შეიძენ მის თვისებებს, რაზეც ღმერთი საუბრობდა — სწორედ მაშინ მიაღწევ წარმატებას ღვთისადმი რწმენაში და ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენ ღმერთმა მოგაქცია.
ღმერთი თავის საქმეს მთელ სამყაროში აღასრულებს. ყველამ, ვისაც მისი სწამს, უნდა მიიღოს მისი სიტყვა, უნდა დაეწაფოს მას და შეითვისოს იგი. ნიშნებისა და სასწაულების ხილვით ღმერთი ვერავის მოაქცევს. საუკუნეთა მანძილზე ღმერთი ადამიანთა განსასრულებლად მუდამ სიტყვას იყენებდა. ამიტომ, მთელ ყურადღებას ნიშნებსა და სასწაულებს კი არ უნდა უთმობდეთ, არამედ ღვთის მიერ თქვენს სრულყოფას უნდა ესწრაფვოდეთ. ძველი აღთქმის, რჯულის ეპოქაში, ღმერთმა წარმოთქვა სიტყვები; მადლის ეპოქაშიც იესომ მრავალი სიტყვა თქვა. მას შემდეგ, რაც იესომ უამრავი სიტყვა წარმოთქვა, მოციქულები და მოწაფეები ხალხს მისი მცნებების მიხედვითმოქმედებისა და მისივე სიტყვებისა და პრინციპებისამებრ ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ. უკანასკნელ დღეებში, ღმერთი ადამიანის განსასრულებლად უმთავრესად სიტყვას იყენებს. იგი ადამიანთა დასათრგუნად ან მათ დასარწმუნებლად ნიშნებსა და სასწაულებს არ იყენებს, რადგან ამით ღვთის უდიდესი ძალა ვერ გამოვლინდება. ღმერთს მხოლოდ ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, მაშინ მისი ჭეშმარიტების გაცხადება შეუძლებელი იქნებოდა, და, შესაბამისად, ადამიანის სრულყოფაც. ღმერთი ადამიანს ნიშნებითა და სასწაულებით კი არ სრულყოფს, არამედ სიტყვის მეშვეობით რწყავს და მწყემსავს მას, რის შემდეგაც მიიღწევა ადამიანის სრული მორჩილება და ღვთის შემეცნება. სწორედ ეს არის მისი საქმისა და მისი სიტყვების მიზანი. ღმერთი ადამიანის სრულყოფისთვის ნიშნებისა და სასწაულების ჩვენების გზას როდი იყენებს, იგი იყენებს სიტყვას და საქმის აღსრულების მრავალგვარ ხერხს. იქნება ეს გამოწრთობა, განწმენდა თუ სიტყვის ბოძება, ღმერთი მრავალი სხვადასხვა კუთხით საუბრობს ადამიანის სრულყოფისთვის, რათა მას ღვთის საქმის, სიბრძნისა და სასწაულმოქმედების შესახებ უფრო ღრმა შემეცნება მიეცეს. როდესაც უკანასკნელ დღეებში ეპოქის დასრულებისას ადამიანი სრულყოფილი გახდება, მხოლოდ მაშინ იქნება ნიშნებისა და სასწაულების ხილვის ღირსი. როდესაც ღმერთს შეიცნობ და შეძლებ მას დაემორჩილო, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს იგი, ნიშნებისა და სასწაულების ხილვისას მასზე აღარავითარი ცრუ წარმოდგენა აღარ გექნება. ამჟამად, შენ გარყვნილი ბუნების ხარ და ღვთისადმი სრული მორჩილების უნარი არ შეგწევს. განა გგონია, რომ ამ მდგომარეობაში ნიშნებისა და სასწაულების ხილვის ღირსი ხარ? როდესაც ღმერთი ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, სწორედ მაშინ სჯის იგი ადამიანს; ეს არის ეპოქის ცვლილებისა და, უფრო მეტიც, ეპოქის დასასრულის ჟამი. როდესაც ღვთის საქმე ჩვეული წესით მიმდინარეობს, იგი ნიშნებსა და სასწაულებს არ აღავლენს. ნიშნებისა და სასწაულების მოვლენა მისთვის მარტივია, თუმცა ეს არც ღვთის საქმის პრინციპია და არც ადამიანის მიმართ მისი განგების მიზანი. ადამიანს ნიშნები და სასწაულები რომ ეხილა და ღვთის სულიერი სხეულიც რომ გამოცხადებოდა, განა მაშინ ყველა არ იწამებდა ღმერთს? მანამდეც მითქვამს, რომ აღმოსავლეთიდან მოპოვებულ იქნება მძლეველთა გუნდი — მძლეველები, რომელთაც დიდი გასაჭირი განვლეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ეს მოქცეული ხალხი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ჭეშმარიტად მორჩილი, რაც მათ სამსჯავრო, სასჯელი, გასხვლა და ყოველგვარი განწმენდა გამოიარეს. ამ ხალხის რწმენა ბუნდოვანი კი არა, ნამდვილია. მათ არ უხილავთ ნიშნები და სასწაულები, ან საოცრებები; მათ არ შეუძლიათ ამაღლებული სიტყვებითა და დოქტრინებით საუბარი ან ღრმა მოსაზრებების გამოთქმა; ამის ნაცვლად, მათ გააჩნიათ ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვა და ღვთის ნამდვილი და ჭეშმარიტი შემეცნება. განა ასეთ ჯგუფს უკეთ არ შეუძლია ღვთის უდიდესი ძალის გაცხადება? ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში, პრაქტიკული საქმეა. იესოს ეპოქაში, იგი ადამიანთა სრულყოფისთვის კი არ მოვიდა, არამედ მათ გამოსასყიდად, ამიტომაც მოახდინა ზოგიერთი სასწაული, რათა ხალხი მას გაჰყოლოდა. იგი, უმთავრესად, ჯვარცმის საქმის დასასრულებლად მოვიდა და ნიშნების ჩვენება მისი მსახურების ძირითადი ნაწილი არ ყოფილა. ასეთი ნიშნები და სასწაულები მისი საქმის ნაყოფიერებისთვის სრულდებოდა; ეს იყო დამატებითი სამუშაო და იგი მთელი ეპოქის საქმეს არ წარმოადგენდა. ძველი აღთქმის, რჯულის ეპოქაშიც აღავლენდა ღმერთი ზოგიერთ ნიშანსა და სასწაულს, მაგრამ საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს, პრაქტიკული საქმეა და იგი ახლა ნიშნებსა და სასწაულებს ნამდვილად აღარ მოავლენს. მას ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, მისი პრაქტიკული საქმე აირეოდა და იგი ვეღარავითარი საქმის აღსრულებას ვეღარ შეძლებდა. ღმერთს რომ ებრძანა სიტყვა გამოეყენებინათ ადამიანის სრულყოფისთვის, მაგრამ ამავდროულად ნიშნები და სასწაულებიც გამოევლინა, განა შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, ჭეშმარიტად სწამს თუ არა ადამიანს მისი? ამიტომაც, ღმერთი ასე არ იქცევა. ადამიანში ზედმეტადაა გამჯდარი რელიგიურობა. ღმერთი უკანასკნელ დღეებში სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანისგან ყოველივე რელიგიური წარმოდგენა და ცრურწმენა განდევნოს და ღვთის ჭეშმარიტება დაანახოს. იგი მოვიდა ღვთის იმ ხატების წასაშლელად, რომელიც ბუნდოვანი, ფანტასტიკური და, შეიძლება ითქვას, სრულიად არარსებულია. ამიტომ, ახლა ერთადერთი ძვირფასი რამ ჭეშმარიტების შემეცნებაა! ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას. რამდენად ფლობ ჭეშმარიტებას დღეს? განა ყველაფერი, რაც ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, ღმერთია? ბოროტ სულებსაც შეუძლიათ ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება; განა ისინი ღმერთები არიან? ღვთისადმი რწმენისას, ადამიანი ჭეშმარიტებას უნდა ეძიებდეს და სიცოცხლეს ესწრაფვოდეს, ნიშნებისა და სასწაულების ნაცვლად. სწორედ ეს უნდა იყოს ყველა ღვთისმორწმუნის მიზანი.