ღმერთის მიერ ადამიანის გამოყენება
ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, გარდა იმათი, რომლებიც იღებენ განსაკუთრებულ ხელმძღვანელობასა და მითითებებს სულიწმიდისგან. მათ ყველას სჭირდებათ მსახურება და მწყემსვა მათგან, ვისაც ღმერთი იყენებს, ასე რომ, ყოველ ეპოქაში ღმერთი აღაზევებს სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ მისი საქმისთვის, რათა ეკლესიები მწყემსონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის საქმე სრულდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომელთა მიმართაც ღმერთი კეთილგანწყობილია და ჩათვლის ღირსეულად. სულიწმინდამ მათში არსებული იმ მხარის მეშვეობით უნდა იმოქმედოს, რომელიც გამოსადეგია, სწორედ სულიწმიდის მიერ სრულყოფის გზით ხდებიან ისინი ღვთისთვის გამოსადეგნი. ვინაიდან ადამიანის შემეცნების უნარი მეტად შეზღუდულია, იგი უნდა წარიმართოს მათ მიერ, ვისაც ღმერთი იყენებს; ეს იმას ჰგავს, როცა ღმერთმა გამოიყენა მოსე, რომელშიც მან იმ დროს მრავალი გამოსადეგი თვისება იპოვა და სწორედ ისინი გამოიყენა თავისი საქმის აღსასრულებლად იმ ეტაპზე. ამ ეტაპზე ღმერთი იყენებს ადამიანს, ამავე დროს მის იმ ნაწილსაც, რომლის გამოყენებაც სულიწმიდას შეუძლია თავისი მოქმედებისთვის; სულიწმიდა არა მხოლოდ წარმართავს მას, არამედ იგი სრულყოფს დარჩენილ, მისთვის გამოუსადეგარ ნაწილსაც.
იმ ადამიანის მიერ შესრულებული საქმე, ვისაც ღმერთი იყენებს, მიმართულია ქრისტეს ან სულიწმიდის საქმესთან თანამშრომლობაზე. ღმერთი ასეთ პიროვნებას ადამიანთა შორის აღამაღლებს და გამოარჩევს, რათა უხელმძღვანელოს ღვთის მიერ რჩეულ ყველა ადამიანს და ამავე დროს, ღმერთის მიერ არის წარდგენილი ადამიანური თანამშრომლობის საქმის შესასრულებლად. ასეთი ადამიანის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია ადამიანური თანამშრომლობის წარმართვა, შესაძლებელი ხდება ადამიანზე ღვთის უფრო მაღალი მოთხოვნების მიღწევა და იმ საქმის უფრო სრულად შესრულება, რომელიც სულიწმიდამ ადამიანთა შორის უნდა აღასრულოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის მიზანი ამ ადამიანის გამოყენებაში მდგომარეობს იმაში, რომ ყველა, ვინც ღმერთს მიჰყვება, უკეთ გაერკვეს ღვთის განზრახვებში და და უფრო მეტად შეძლოს ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ვინაიდან ადამიანებს უშუალოდ არ ძალუძთ ღვთის სიტყვებისა და მისი განზრახვების სრულად გაგება, ღმერთი აღამაღლებს თავის მიერ არჩეულ ადამიანს ასეთი საქმის განსახორციელებლად. ადამიანს, რომელსაც ღმერთი იყენებს, შეიძლება ასევე ეწოდოს შუამავალი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი წარმართავს ადამიანებს — ერთგვარი „თარჯიმანი“, რომელიც უზრუნველყოფს ღმერთსა და ადამიანს შორის კომუნიკაციას. ამრიგად, ასეთი ადამიანი არ ჰგავს ღვთის სახლის არცერთ სხვა მუშაკსა თუ მოციქულს. ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ ღვთის მსახურები არიან, თუმცა თავისი საქმის არსითა და იმ გარემოებებით, რომლებშიც ღმერთი მას იყენებს, ეს ადამიანი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მუშაკებისა და მოციქულებისგან. თავისი საქმის არსითა და გამოყენების გარემოებებით, ადამიანი, რომელსაც ღმერთი იყენებს, აღზევებულია თავად ღმერთის მიერ, იგი ღმერთის მიერ არის მომზადებული ღვთის საქმისთვის და თავად ღვთის საქმესთან თანამშრომლობს. ვერავინ შეძლებს მისი საქმის შესრულებას მის ნაცვლად — ეს არის ადამიანური თანამშრომლობა, რომელიც ღვთაებრივ საქმესთან ერთად შეუცვლელია. სხვა მუშაკებისა და მოციქულების მიერ შესრულებული საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თითოეულ პერიოდში ატარებენ და ახორციელებენ ეკლესიების მოწყობის სხვადასხვა ასპექტს, ან უბრალოდ ზრუნავენ სულიერი ცხოვრების უზრუნველყოფაზე, რათა შენარჩუნდეს ეკლესიური ცხოვრება. ეს მუშაკები და მოციქულები არ არიან ღმერთის მიერ დანიშნულნი, მით უმეტეს, მათ ვერ ვუწოდებთ მათ, ვისაც იყენებს სულიწმიდა. ისინი შეირჩევიან ეკლესიების წევრთაგან, და მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გაივლიან მომზადებასა და სწავლებას, გამოსადეგად მიჩნეულნი რჩებიან მსახურებაში, ხოლო გამოუსადეგარნი ბრუნდებიან იქ, საიდანაც მოვიდნენ. ვინაიდან ეს ადამიანები ეკლესიის წევრთაგან არიან შერჩეულნი, ზოგი მათგანი ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ავლენს თავის ნამდვილ სახეს, ხოლო ზოგიერთი კი ბევრ ბოროტ საქმესაც სჩადის და საბოლოოდ მოიხსნება. ადამიანი, რომელსაც ღმერთი იყენებს, პირიქით, არის ის, ვინც ღმერთმა მოამზადა, ვინც ფლობს გარკვეულ ღირსებას და ადამიანურობას. იგი წინასწარ იყო მომზადებული და სრულყოფილი სულიწმიდის მიერ; მთლიანად იმართება სულიწმიდით და, განსაკუთრებით თავის მსახურებაში, სულიწმიდა მას ხელმძღვანელობს და წარმართავს. შედეგად, გზა, რომლითაც იგი ღმერთის რჩეულ ხალხს უძღვება, არ შეიცავს გადახრებს, რადგან ღმერთი უეჭველად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ საქმეზე, და ღმერთი ყოველთვის თავად ასრულებს თავის საქმეს.