ახალი ეპოქის მცნებანი
ღვთის საქმის შესაცნობად ყურადღებით უნდა იკითხოთ ღვთის სიტყვები და აღიჭურვოთ ჭეშმარიტებით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება გსურთ ან როგორც გსურთ ამის გაკეთება, არ არის საჭირო თქვენი გულმოდგინე ლოცვა ან ვედრება და მართლაც, ეს ყოველივე უსარგებლოა. თუმცა, ამჟამად თქვენ წინაშე მდგარი პრობლემები ისაა, რომ არ იცით, როგორ შეიცნოთ ღვთის საქმე და თქვენში ბევრი ნეგატივია. თქვენ ბევრ მოძღვრებას იცნობთ, მაგრამ რეალობის აღქმა გაკლიათ. განა ეს დამახინჯების ნიშანი არ არის? დამახინჯების ბევრი ნიშანი ჩანს თქვენში, ამ ჯგუფში. დღეს თქვენ არ ძალგიძთ გაუძლოთ ისეთ განსაცდელებს, როგორიცაა „მსახურთა” სამსჯავრო და წარმოიდგინოთ და მიაღწიოთ ღვთის სიტყვებთან დაკავშირებულ სხვა განსაცდელებსა და გამოწრთობას. თქვენ უნდა დაიცვათ ბევრი რამ, რაც პრაქტიკაში უნდა განახორციელოთ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა შეასრულონ მრავალი მოვალეობა და განახორციელონ ისინი. ეს არის სწორედ ის, რაც ადამიანებმა უნდა დაიცვან და რაც მათ უნდა განახორციელონ. დაე, სულიწმიდამ აკეთოს ის, რაც მან უნდა გააკეთოს; ადამიანს მასში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. ადამიანმა უნდა დაიცვას ის, რაც მან უნდა განახორციელოს, რასაც კავშირი არ აქვს სულიწმიდასთან. ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც ადამიანმა უნდა აღასრულოს და რაც უნდა დაიცვას მან, როგორც მცნება, ისევე როგორც ძველ აღთქმაში რჯულის დაცვა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ არის რჯულის ეპოქა, მაინც არსებობს მრავალი სიტყვა, რომელიც უნდა იქნეს დაცული და რომელიც რჯულის ეპოქაში ნათქვამი სიტყვების მსგავსია. ეს სიტყვები არ სრულდება მხოლოდ სულიწმიდის შეხებიდან გამომდინარე, არამედ ისინი არის ის, რაც ადამიანმა უნდა დაიცვას. მაგალითად:
არ განსაჯოთ პრაქტიკული ღვთის საქმე.
არ აღუდგეთ წინ იმ ადამიანს, რომელიც დამოწმებულია ღვთის მიერ.
იცოდეთ თქვენი ადგილი ღვთის წინაშე და არ მიეცეთ თავაშვებულობას.
იყავით ზომიერნი საუბარში და თქვენი სიტყვები და ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს ღვთის მიერ დამოწმებული ადამიანის განზრახვებს.
გეშინოდეთ ღვთის მოწმობისა. არ უგულებელჰყოთ ღვთის საქმე და მისი ბაგეებიდან გამომავალი სიტყვანი.
არ მიბაძოთ ღვთის გამონათქვამების ტონსა და მიზნებს.
გარეგნულად არ გააკეთოთ არაფერი, რაც აშკარად წინააღმდეგობაში იქნება ღვთის მიერ დამოწმებულ ადამიანთან.
ეს არის ის, რაც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას. ყოველ ეპოქაში ღმერთი ადგენს მრავალ წესს, რომლებიც კანონების მსგავსია და ადამიანმა უნდა დაიცვას. ამის მეშვეობით ის ზღუდავს ადამიანის ბუნებას და ამოწმებს მის გულწრფელობას. მაგალითად, განვიხილოთ სიტყვები „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა” ძველი აღთქმის ეპოქიდან. ეს სიტყვები დღეს აღარ გამოიყენება. იმ დროს ეს სიტყვები უბრალოდ ადამიანის გარე ხასიათს ზღუდავდა, გამოიყენებოდა ღვთისადმი ადამიანის რწმენის გულწრფელობის საჩვენებლად და იყო ნიშანი მათთვის, ვისაც სწამდა ღმერთის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სასუფევლის ეპოქა დგას, მაინც არსებობს მრავალი წესი, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას. წარსულის წესები აღარ გამოიყენება და დღეს ადამიანისათვის გაცილებით უფრო შესაფერისი პრაქტიკები არსებობს შესასრულებლად, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია. ისინი არ მოიცავს სულიწმიდის საქმეს და ადამიანმა თავად უნდა შეასრულოს.
მადლის ეპოქაში, რჯულის ეპოქის მრავალი პრაქტიკა უარყოფილ იქნა, რადგან ეს კანონები არ იყო განსაკუთრებით ეფექტური იმდროინდელი საქმისთვის. მათი უარყოფის შემდეგ დადგინდა ეპოქის შესაფერისი მრავალი პრაქტიკა, რომლებიც დღესდღეობით მრავალ წესად იქცა. როდესაც დღევანდელი ღმერთი მოვიდა, ეს წესები გაუქმდა და მათი დაცვა აღარ იყო მოთხოვნილი, დადგინდა მრავალი პრაქტიკა, რომელიც შესაფერისია დღევანდელი საქმისთვის. დღეს ეს პრაქტიკა არის არა წესები, არამედ გამიზნულია შედეგების მისაღწევად; ისინი შესაფერისია დღევანდელი დღისთვის — ხვალ, შესაძლოა, ისინი წესებად იქცეს. მოკლედ რომ ვთქვათ, შენ უნდა დაიცვა ის, რაც ნაყოფიერია დღევანდელი საქმისთვის, ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე: რაც დღეს კეთდება, დღევანდელი დღისთვისაა. როდესაც ხვალინდელი დღე დადგება, შესაძლოა უკეთესი პრაქტიკა იყოს, რომლის შესრულებაც შენ მოგეთხოვება, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ. პირიქით, დაიცავი ის, რაც დღეს უნდა დაიცვა, რათა თავიდან აიცილო ღმერთთან წინააღმდეგობა. დღეს ადამიანისათვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შემდეგის დაცვა:
არ ეცადო შენს თვალწინ მდგომი ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვებას პირფერობით ან მისგან რამის დამალვას.
არ წარმოთქვა უწმაწური ან ამპარტავნული სიტყვები შენ წინ მყოფი ღვთის წინაშე.
არ მოატყუო შენ თვალწინ მყოფი ღმერთი ტკბილი სიტყვებითა და ლამაზი ენით მისი ნდობის მოსაპოვებლად.
არ მოიქცე უპატივცემულოდ ღვთის წინაშე. დაემორჩილე ყველაფერს, რაც ღვთის ბაგიდან გამოდის და არ აღუდგე, შეეწინააღმდეგო ან ეჭვქვეშ დააყენო მისი სიტყვები.
ნუ განმარტავ ღვთის პირიდან წარმოთქმულ სიტყვებს შენი შეხედულებისამებრ. ფრთხილად იყავი, რომ შენმა ენამ არ გაქციოს ბოროტის მზაკვრული გეგმების მსხვერპლად.
ფხიზლად იყავი, რათა არ დაარღვიო ღვთის მიერ შენთვის დადგენილი საზღვრები. თუ ამას გააკეთებ, ეს გამოიწვევს შენს დადგომას ღმერთის ადგილას და გაიძულებს ამპარტავნული სიტყვების თქმას და ამგვარად, ღმერთი მოგიძულებს.
დაუფიქრებლად არ გაავრცელო ღვთის ბაგიდან გამომავალი სიტყვები, რათა სხვებმა არ დაგცინონ და დემონებმა მასხრად არ აგიგდონ.
დაემორჩილე დღეს აღსრულებულ ღვთის საქმეს სრულად. მაშინაც კი, თუ არ გესმის იგი, არ განსაჯო; ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის, ძიება და თანაზიარება.
არავინ არ უნდა დაარღვიოს ღვთის კუთვნილი ადგილი. დღეს ღმერთს ემსახურები ადამიანის პოზიციიდან. შენ არ შეგიძლია, დღეს ღმერთს ადამიანის პოზიციიდან ასწავლო — ასეთი ქცევა მცდარია.
არავინ არ უნდა დადგეს ღვთის მიერ დამოწმებული ადამიანის ადგილას. შენი სიტყვებით, მოქმედებებითა და შინაგანი ფიქრებით ადამიანის პოზიციას იკავებ. ეს უნდა იქნეს დაცული. ეს ადამიანის პასუხისმგებლობაა და ვერავინ შეცვლის მას. ამის მცდელობა დაარღვევდა ადმინისტრაციულ განკარგულებებს. ეს ყველას უნდა ახსოვდეს.
ღმერთმა სიტყვების წარმოთქმასა და ქადაგებას დიდი დრო დაუთმო და ამან აიძულა ადამიანი, რომ ღვთის სიტყვების კითხვა და დამახსოვრება თავის მთავარ ამოცანად მიეჩნია. პრაქტიკას არავინ აქცევს ყურადღებას და იმასაც კი არ იცავთ, რაც უნდა დაიცვათ. ამან ბევრი სირთულე და პრობლემა შეუქმნა თქვენს მსახურებას. თუ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებამდე არ დაიცავ იმას, რაც უნდა დაიცვა, მაშინ შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ღმერთი ზიზღით უარყოფს. ამ პრაქტიკის დაცვისას უნდა იყო გულმოდგინე და გულწრფელი. მას უნდა მოეპყრო არა როგორც ბორკილებს, არამედ უნდა დაიცვა ისინი, როგორც მცნებები. დღეს არ იდარდო იმ შედეგებზე, რასაც უნდა მიაღწიო. მოკლედ, ასეთია სულიწმიდის საქმე და ვინც შესცოდავს, უნდა დაისაჯოს. სულიწმიდა მოკლებულია ხორციელ გრძნობებს და არ აინტერესებს შენი ამჟამინდელი გაგება. თუ შენ დღეს შეურაცხყოფ ღმერთს, ის დაგსჯის. თუ მას მისი განსჯადობის ფარგლებში შეურაცხყოფ, ის არ დაგინდობს. მას არ აინტერესებს, რამდენად სერიოზულად იცავ იესოს სიტყვებს. თუ დღეს ღვთის მცნებებს დაარღვევ, ის დაგსჯის და სიკვდილისთვის გაგწირავს. როგორ შეიძლება მისაღები იყოს შენთვის მათდამი დუმორჩილებლობა? უნდა დაიცვა ისინი, მაშინაც კი, თუ ეს მცირე ტკივილის ატანას ნიშნავს! რელიგიის, სექტორის, ერისა თუ კონფესიის მიუხედავად მომავალში ყველას მოეთხოვება ამ პრაქტიკის დაცვა. ღმერთი არავის გაათავისუფლებს და არავის დაინდობს! რადგან ეს არის ის, რასაც სულიწმიდა ამჟამად აკეთებს და არავის აქვს მათი დარღვევის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი არაფერია, უნდა შესრულდეს თითოეული ადამიანის მიერ და ისინი წარმოადგენს მცნებებს დადგენილს ადამიანისთვის იესოს მიერ, რომელიც აღდგა და ზეცად ამაღლდა. განა „გზა... (7)“ არ ამბობს, რომ იესოს მიერ განსაზღვრება იმისა, მართალი ხარ თუ ცოდვილი, დამოკიდებულია შენს დღევანდელ დამოკიდებულებაზე ღვთის მიმართ? არავინ უნდა უგულებელჰყოს ეს პუნქტი. რჯულის ეპოქაში ფარისეველთა თაობებს სწამდათ ღმერთის, მაგრამ მადლის ეპოქის დადგომასთან ერთად მათ ვერ იცნეს იესო და წინ აღუდგნენ მას. ასე რომ, ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, ამაო გამოდგა და ღმერთმა არ მიიღო მათი საქმეები. თუ შეძლებ ამის დანახვას, მაშინ ადვილად აღარ შესცოდავ. ბევრმა შესაძლოა საკუთარი თავი ღმერთს შეადარა. როგორი გემო აქვს ღვთისადმი წინააღმდეგობას? მწარეა თუ ტკბილი? უნდა გესმოდეს ეს; ნუ თვალთმაქცობ, თითქოს არ იცი. ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა გულში კვლავ დაურწმუნებელი რჩება. თუმცა, გირჩევ სცადო და გაიგო, როგორი გემო აქვს მას. ეს ბევრ ადამიანს დაეხმარება, რომ არასდროს შეეპაროს ეჭვი ამაში. ბევრი ადამიანი კითხულობს ღვთის სიტყვებს, მაგრამ გულში ფარულად ეწინააღმდეგება მას. ასეთი წინააღმდეგობის შემდეგ არ გრძნობ, თითქოს გულში დანა დაგიტრიალეს? თუ ეს არ არის ოჯახური უთანხმოება, მაშინ ეს არის ფიზიკური დისკომფორტი ან ვაჟებისა და ქალიშვილების ტანჯვა. მიუხედავად იმისა, რომ შენი ხორცი სიკვდილს გადაურჩება, ღვთის ხელი არასოდეს დაგტოვებს დაუსჯელად. გგონია, რომ ეს ასე მარტივია? განსაკუთრებით კი მათთვისაა აუცილებელი ამაზე ყურადღების გამახვილება, ვინც ღმერთთან ახლოსაა. დროთა განმავლობაში ეს დაგავიწყდება და გაუცნობიერებლად ჩაეფლობი ცდუნებაში, გახდები ყველაფრის მიმართ დაუდევარი და ეს იქნება შენი ცოდვის დასაწყისი. ეს უმნიშვნელოდ გეჩვენება? თუ შეძლებ ამის კარგად შესრულებას, მაშინ გაქვს შესაძლებლობა გახდე სრულყოფილი — წარსდგე ღვთის წინაშე და მიიღო წინამძღოლობა მისივე ბაგეებიდან. თუ დაუდევარი იქნები, მაშინ პრობლემები შეგექმნება — იქნები ღვთის მოწინააღმდეგე, შენი სიტყვები და მოქმედებები იქნება თავაშვებული და ადრე თუ გვიან გაგიტაცებს დიდი ქარიშხლები და მძლავრი ტალღები. თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამ მცნებებს. თუ მათ დაარღვევთ, მაშინაც კი, თუ ის ადამიანი, რომელსაც ღმერთი ამოწმებს, არ გაკიცხავს შენს საქციელს, ღვთის სულს ექნება დაუმთავრებელი საქმე შენთან და ის არ დაგინდობს. შეგიძლია გაუძლო შენი ცოდვების შედეგებს? ამრიგად, რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, უნდა განახორციელო მისი სიტყვები პრაქტიკაში და უნდა დაიცვა ისინი ნებისმიერი გზით. ეს არ არის მარტივი საქმე!