არსებობს თუ არა სამება

მას შემდეგ, რაც იესოს განკაცების შესახებ სიმართლე გაირკვა, ადამიანმა ირწმუნა, რომ ზეცაში არა მხოლოდ მამაა, არამედ ძე და სულიწმიდაც მყოფობენ. ეს არის ადამიანისთვის ჩვეული ტრადიციული წარმოდგენა, რომ ზეცაში არსებობს ასეთი ღმერთი: სამსახოვანი ღმერთი, რომელიც არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. მთელ კაცობრიობას აქვს შემდეგი წარმოდგენა: ღმერთი ერთია, მაგრამ შედგება სამი ნაწილისგან, რომლებსაც ყველა, ღრმად ფესვგადგმული ტრადიციული წარმოდგენების მიხედვით, მიიჩნევს მამა ღმერთად, ძე ღმერთად და სულიწმიდად. მხოლოდ გაერთიანებული ეს სამი ნაწილი არის ერთი მთლიანი ღმერთი. წმინდა მამის გარეშე ღმერთი არ იქნებოდა მთლიანი. ასევე ვერ იქნებოდა მთლიანი ღმერთი ძისა თუ სულიწმიდის გარეშე. თავიანთი წარმოდგენების მიხედვით ადამიანებს სწამთ, რომ ვერც მხოლოდ მამა და ვერც მხოლოდ ძე ვერ მიიჩნევა ღმერთად. მხოლოდ მამა, ძე და სულიწმიდა ერთად შეიძლება ჩაითვალოს თავად ღმერთად. ამ რწმენას იზიარებს ყველა რელიგიური მორწმუნე, თქვენ შორის არსებული თითოეული მიმდევრის ჩათვლით. და მაინც, რაც შეეხება ამ რწმენის სისწორეს, ვერავინ ახსნის, რადგან თქვენ ყოველთვის დაბნეულობის ბურუსში ხართ გახვეული თავად ღმერთის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს წარმოდგენებია დამკვიდრებული, თქვენ არ იცით, სწორია ისინი თუ მცდარი, რადგან მეტისმეტად მძიმედ ხართ დასნეულებული რელიგიური წარმოდგენებით. თქვენში მეტისმეტად ღრმად შეაღწია ამ ტრადიციულმა რელიგიურმა წარმოდგენებმა და ეს შხამი მეტისმეტად ღრმად შემოიჭრა თქვენში. ამიტომ, თქვენც განიცადეთ მავნე გავლენა ამ საკითხში, რადგან სამება უბრალოდ არ არსებობს. ანუ, მამის, ძისა და სულიწმიდის სამება უბრალოდ არ არსებობს. ეს ყველაფერი ადამიანთა ტრადიციული წარმოდგენები და ადამიანთა მცდარი რწმენებია. საუკუნეების განმავლობაში ადამიანს სწამდა სამების, რომელიც ადამიანის გონებაში არსებული ამ წარმოდგენებით იყო შობილი, ადამიანის მიერ იყო შეთხზული და მანამდე ადამიანს არასოდეს ენახა. ამ მრავალი წლის განმავლობაში, ბიბლიის განმარტების მრავალი ავტორი ხსნიდა სამების „ჭეშმარიტ მნიშვნელობას“, მაგრამ სამსახოვანი ღმერთის, როგორც სამი განცალკევებული პირის ერთარსების, ახსნა ბუნდოვანი და გაუგებარი იყო და ხალხში დაბნეულობას იწვევდა „ღმერთის“ „აგებულებით“. ვერცერთ გამოჩენილ ადამიანს ვერ მოუხერხებია სრულყოფილი ახსნა; ახსნა-განმარტებების უმეტესობა ლოგიკური მსჯელობისა და ქაღალდზე დაწერილი ვერსიის თვალსაზრისით მისაღებია, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის მათი მნიშვნელობის სრულყოფილად ნათელი გაგებით. ეს იმიტომ ხდება, რომ „დიადი სამება“, რომელსაც ადამიანი გულში ინახავს, უბრალოდ არ არსებობს. რადგან არავის უნახავს ღვთის ჭეშმარიტი სახე და არც არავის ჰქონია ბედნიერება, ასულიყო ღვთის სამყოფელში, რათა შეესწავლა, თუ რა საგნებია იმ ადგილას, სადაც ღმერთი მყოფობს, ზუსტად დაედგინა, რამდენი ათეულათასობით თუ ასეულათასობით მილიონი თაობაა „ღვთის ოჯახში“, ან გამოეკვლია, რამდენი ნაწილი შეადგენს ღმერთის თანდაყოლილ აგებულებას. უპირველესად შესასწავლია შემდეგი: მამისა და ძის, ასევე, სულიწმიდის ასაკი; თითოეული პიროვნების შესაბამისი გარეგნობა; უშუალოდ როგორ გაიყვნენ ისინი და როგორ იქცნენ ერთ მთლიანობად. სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო ამ საკითხებზე სიმართლის დადგენა. ყველანი უბრალოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, რადგანაც არცერთი ადამიანი არასდროს ასულა ზეცაში სტუმრად და არ დაბრუნებულა მთელი კაცობრიობისთვის „კვლევის ანგარიშით“, რათა ეცნობებინა სიმართლე ამ საკითხის შესახებ სამების მოძღვრებით დაინტერესებული ყველა მგზნებარე და ღვთისმოსავი მორწმუნისთვის. რასაკვირველია, ასეთი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში ადამიანს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ჩნდება კითხვა — რატომ არ იახლა მამა იეჰოვამ თან ძე იესო, როდესაც კაცობრიობას ქმნიდა? თუ დასაბამისას ყოველივე იეჰოვას სახელით ხდებოდა, იქნებ ეს უკეთესიცაა. თუ ბრალის წაყენებაა საჭირო, დაე, ეს იეჰოვა ღმერთის დროებით შეცდომას დაჰბრალდეს, რომელმაც სამყაროს შექმნის დროს არ უხმო ძესა და სულიწმიდას და მარტომ შეასრულა თავისი საქმე. თუკი ყველანი ერთდროულად იმუშავებდნენ, განა ისინი ერთი მთლიანი არ გახდებოდნენ? თუკი დასაბამიდან დასასრულამდე მხოლოდ იეჰოვას სახელი იარსებებდა და არა მადლის ეპოქის დროინდელი იესოს სახელი ან თუკი მას მაშინაც იეჰოვა ერქმეოდა, განა მაშინ ღმერთი არ გადაურჩებოდა კაცობრიობის მიერ ჩადენილი ამ გამიჯვნით გამოწვეულ ტანჯვას? ეჭვგარეშეა, იეჰოვა ამ ყველაფერში არ უნდა დავადანაშაულოთ; თუკი ვინმეს უნდა დავდოთ ბრალი, დაე, ეს სულიწმიდას დავაკისროთ, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში აგრძელებდა თავის საქმეს იეჰოვას, იესოს და სულიწმიდის სახელითაც კი, რითაც ადამიანს ისე ურევდა გონებას და აბნევდა, რომ მას არ შეეძლო ზუსტად სცოდნოდა, ვინ არის ღმერთი. თუ სულიწმიდა თავად იმოქმედებდა ფორმისა და სახის გარეშე და, უფრო მეტიც, ისეთი სახელის გარეშე, როგორიცაა იესო, და თუ ადამიანს მისი შეხება და დანახვაც არ შეეძლო და მხოლოდ ჭექა-ქუხილის ხმა ესმოდა, მაშინ განა ასეთი საქმე კაცობრიობისთვის უფრო სასარგებლო არ იქნებოდა? მაშ, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს? ადამიანის წარმოდგენები მთასავით ამაღლდა და ზღვასავით გაფართოვდა, ამიტომ დღევანდელი ღმერთი მათ ვეღარ უძლებს და სრულიად დაბნეულია. წარსულში, როდესაც მხოლოდ იეჰოვა, იესო და, მათ შორის, სულიწმიდა არსებობდა, ადამიანი ვეღარ ხვდებოდა, ამას როგორ გამკლავებოდა, ახლა კი ყოვლისშემძლეც ემატება, რომელზეც იმასაც კი ამბობენ, რომ ისიც „ღვთის ნაწილია“. ვინ იცის, ვინ არის იგი და სამების რომელ პიროვნებაში იყო შერწყმული ან დაფარული ამდენი წლის განმავლობაში? როგორ უნდა აიტანოს ეს ადამიანმა? მხოლოდ სამსახოვანი ღვთის არსებობაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანს ამის ასახსნელად მთელი ცხოვრება დასჭირვებოდა, ახლა კი არსებობს „ერთი ღმერთი ოთხ პიროვნებაში“. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? შეგიძლია კი შენ ეს ახსნა? ძმებო და დებო! როგორ გწამდათ დღემდე ასეთი ღმერთის? თქვენ წინაშე ქედს ვიხრი. სამსახოვანი ღმერთიც საკმარისი იყო ასატანად; როგორღა შეგეძლოთ ასეთი ურყევი რწმენის შენარჩუნება ოთხი პიროვნებით წარმოდგენილი ამ ერთი ღვთის მიმართ? თქვენ დაჟინებით მოგიწოდეს გაცლისკენ, მაგრამ უარობთ. ეს წარმოუდგენელია! თქვენ ნამდვილად განსაკუთრებულნი ხართ! ადამიანს იმდენად შორს შეუძლია წავიდეს, რომ „ოთხი ღმერთის“ არსებობა ირწმუნოს და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს; არ ფიქრობთ, რომ ეს სასწაულია? თქვენი შემხედვარე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი სასწაულის მოხდენა შეგიძლიათ! ნება მომეცით გითხრათ, რომ სინამდვილეში, „სამსახოვანი ღმერთი“ არ არსებობს არც ქვეყნიერების ზემოთ და არც საერთოდ, სამყაროში. ღმერთს არც მამა ჰყავს და არც ძე, და მით უფრო ფუჭია წარმოდგენა, რომ მამა და ძე ერთობლივად იყენებენ სულიწმიდას, როგორც იარაღს. ეს ყველაფერი ამ ქვეყნად უდიდესი მცდარი წარმოდგენაა და უბრალოდ არ არსებობს! თუმცა, ასეთ მცდარ წარმოდგენასაც კი აქვს თავისი ფესვები და ის სრულიად უსაფუძვლო არ არის, რადგან თქვენი გონება არც ისე მარტივია და თქვენი აზრებიც არ არის უშინაარსო. პირიქით, ისინი საკმაოდ მიზანშეწონილი და მახვილგონივრულია, იმდენად, რომ ნებისმიერი სატანისთვისაც კი გადაულახავია. სამწუხარო ისაა, რომ ეს აზრები სრულიად მცდარია და უბრალოდ არ არსებობს! თქვენ არ გინახავთ სიმართლე ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია; თქვენ უბრალოდ ვარაუდებსა და წარმოსახვებს ქმნით, შემდეგ კი ამ ყველაფერს ამბად თხზავთ, რათა მოტყუებით მოიპოვოთ სხვების ნდობა და გაბატონდეთ ყველაზე სულელ ადამიანებზე, რომლებსაც ჭკუა და გონიერება არ აქვთ, ამიტომ იჯერებენ თქვენს დიდსა და ყბადაღებულ „ექსპერტულ სწავლებებს“. განა ეს ჭეშმარიტებაა? განა ეს ის ცხოვრების წესია, რომელსაც ადამიანმა უნდა მისდიოს? ეს ყველაფერი უაზრობაა! მასში არცერთი შესაფერისი სიტყვა არაა! ამ მრავალი წლის განმავლობაში, თქვენ ამ გზით ყოფდით ღმერთს, ყოველ თაობაში უფრო და უფრო ყოფდით იმ დონემდე, რომ ერთი ღმერთი ღიად დაიყო სამ ღმერთად. ხოლო ახლა, ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია ღმერთის გამთლიანება, რადგან თქვენ მეტისმეტად წვრილად დაყავით იგი! ჩემი სწრაფი მოქმედების გარეშე, რომელსაც მივმართე, სანამ ძალზე გვიანი იქნებოდა, ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გააგრძელებდით ასე თავხედურად! ღვთის ამგვარად დაყოფის გაგრძელებით როგორ შეიძლება ის კვლავაც იყოს თქვენი ღმერთი? განა თქვენ მას ღმერთად აღიარებთ? განა კვლავაც იპოვიდით თქვენს ფესვებს? მე რომ უფრო გვიან მოვსულიყავი, თქვენ ალბათ „მამასა და ძეს“, იეჰოვასა და იესოს ისრაელში დააბრუნებდით და განაცხადებდით, რომ ღვთის ნაწილი თავად ხართ. საბედნიეროდ, ახლა უკანასკნელი დღეებია. როგორც იქნა, დადგა ეს დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემივე ხელით შევასრულე საქმის ეს ეტაპი, თქვენ მიერ თავად ღმერთის დაყოფა შეჩერდა. ეს რომ არა, საქმეს უკიდურესობამდე მიიყვანდით და შესაძლოა თქვენ შორის სუფრებთან ყველა სატანა დაგესვათ თაყვანსაცემად. ეს თქვენი ხრიკია! ეს ღვთის დაყოფის თქვენეული საშუალებაა! ნუთუ დღემდე ასე გააგრძელებთ? ნება მომეცით გკითხოთ: მაშ, რამდენი ღმერთი არსებობს? რომელი ღმერთი მოგიტანთ ხსნას? პირველი ღმერთია, მეორე თუ მესამე, რომლის წინაშეც მუდამ ლოცულობთ? რომლის რწმენა გქონდათ ყოველთვის? ეს მამაა? თუ ძე? ან იქნებ სული? მითხარი, ვისი გწამს? თუმცა კი ყოველი სიტყვით, რომელსაც წარმოთქვამთ, ამბობთ, რომ ღმერთის გწამთ, სინამდვილეში, თქვენ მხოლოდ საკუთარი ტვინის გჯერათ! თქვენ უბრალოდ არ გყავთ ღმერთი გულებში! და მაინც, უამრავი ასეთი „სამება“ გიზით გონებაში! არ მეთანხმებით?

თუ საქმის სამი ეტაპი სამების ამ კონცეფციის შესაბამისად შეფასდება, მაშინ სამი ღმერთი უნდა არსებობდეს, რადგან თითოეულის მიერ შესრულებული საქმე ერთნაირი არ არის. თუ რომელიმე თქვენგანი იტყვის, რომ სამება მართლაც არსებობს, მაშინ ახსენით, ვინ არის სამ პირში გაერთიანებული ეს ერთი ღმერთი. ვინ არის წმინდა მამა? ვინ არის ძე? ვინ არის სულიწმიდა? იეჰოვაა წმინდა მამა? იესოა ძე? მაშ, სულიწმიდაზე რა ითქმის? განა მამა სული არ არის? განა ძის არსი ასევე სული არ არის? განა იესოს საქმე სულიწმიდის საქმე არ არის? განა იეჰოვას საქმე, რომელსაც იმ დროს სული ასრულებდა, იგივე იესოს საქმე არ იყო? რამდენი სული შეიძლება ჰქონდეს ღმერთს? შენი ახსნის მიხედვით, სამი პირი — მამა, ძე და სულიწმიდა — ერთიანია; თუკი ასეა, მაშინ სამი სული არსებობს, მაგრამ სამი სულის არსებობა სამი ღვთის არსებობას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არ არსებობს; როგორ შეიძლება ასეთ ღმერთს ღვთის თანდაყოლილი არსი ჰქონდეს? თუ ეთანხმები იმას, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, მაშინ როგორ შეიძლება, რომ მას ჰყავდეს ძე და იყოს მამა? განა ეს ყველაფერი მხოლოდ შენი წარმოდგენა არ არის? არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, მხოლოდ ერთი პიროვნება ამ ღმერთში და მხოლოდ ღვთის სული, როგორც ამის შესახებ ნათქვამია ბიბლიაში: „არსებობს მხოლოდ ერთი სულიწმიდა და მხოლოდ ერთი ღმერთი“. განურჩევლად იმისა, არსებობენ თუ არა მამა და ძე, რომლებზეც შენ საუბრობ, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, და მამის, ძისა და სულიწმიდის არსი, რომლისაც თქვენ გწამთ, სულიწმიდის არსია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არის სული, მაგრამ მას შეუძლია ხორცშესხმა და ადამიანებს შორის ცხოვრება, ისევე, როგორც ყველაფერზე მაღლა მყოფობა. მისი სული ყოვლისმომცველი და ყველგანმყოფია. მას შეუძლია ხორცშესხმულიც იყოს და იმავდროულად, სამყაროს ზემოთაც იყოს და მთლიანად ეფინებოდეს მას. რადგან ყველა ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ესე იგი, არსებობს ერთი ღმერთი, რომელსაც სურვილისამებრ ვერავინ დაყოფს! ღმერთი მხოლოდ ერთი სული და მხოლოდ ერთი პიროვნებაა —ეს არის ღვთის სული. თუკი ის, როგორც შენ ამბობ, მამა, ძე და სულიწმიდაა, მაშინ, განა ისინი სამი ღმერთი არ არის? სულიწმიდა ერთია, ძე — მეორე, ხოლო მამა — კიდევ ერთი. ისინი განსხვავებული პიროვნებები არიან და მათი არსიც განსხვავებულია, მაშ, როგორღა შეიძლება, რომ ისინი ერთი ღვთის ნაწილები იყვნენ? სულიწმიდა სულია; ეს ადამიანისთვის იოლად გასაგებია. თუკი ასეა, მაშინ მამა უფრო მეტადაა სული. ის არასდროს ჩამოსულა მიწაზე და არასდროს შემოსილა ხორცით; ის ადამიანის გულში არსებული იეჰოვა ღმერთია და, რა თქმა უნდა, აგრეთვე სულიცაა. მაშ, რა ურთიერთობა არსებობს მასა და სულიწმიდას შორის? არის თუ არა ეს მამასა და ძეს შორის ურთიერთობა? ან იქნებ ეს სულიწმიდასა და მამის სულს შორის ურთიერთობაა? არის თუ არა ყოველი სულის არსი ერთი და იგივე? ან იქნებ სულიწმიდა მამის იარაღია? როგორ შეიძლება ამის ახსნა? და მაშინ, როგორია ურთიერთობა ძესა და სულიწმიდას შორის? არის თუ არა ეს ურთიერთობა ორ სულს შორის თუ ურთიერთობა ადამიანსა და სულს შორის? ეს ყველაფერი ისეთი საკითხებია, რომელთა ახსნაც შეუძლებელია! თუ ისინი ყველანი ერთი სული არიან, მაშინ სამ პიროვნებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ისინი ერთი სულისანი არიან. ისინი განსხვავებული პიროვნებები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ მათ სულებს განსხვავებული ძალა ექნებოდათ და უბრალოდ, ერთი სული ვერ იქნებოდნენ. მამის, ძისა და სულიწმიდის ეს კონცეფცია სრულიად აბსურდულია! ეს ღმერთს ანაწევრებს და სამ პიროვნებად ყოფს, რომლებსაც, თითოეულს, თავისი სტატუსი და სული აქვთ; მაშ, როგორ შეიძლება ის კვლავ იყოს ერთი სული და ერთი ღმერთი? მითხარით, ნუთუ ცა და დედამიწა და ყოველი, მამამ, ძემ თუ სულიწმიდამ შექმნეს? ზოგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათ ერთად შექმნეს. მაშინ, ვინ გამოისყიდა კაცობრიობა? ეს სულიწმიდა იყო, ძე თუ მამა? ზოგი ამბობს, რომ კაცობრიობა ძემ გამოისყიდა. მაშინ, არსებითად ვინ არის ძე? განა ის ღვთის განკაცებული სული არ არის? განკაცებული ზეცაში ღმერთს მამის სახელით მოიხსენიებს შექმნილი ადამიანის თვალთახედვით. ნუთუ არ იცი, რომ იესო სულიწმიდისგან ჩასახვით დაიბადა? მასში მყოფობს სულიწმიდა. რასაც არ უნდა ამბობდე, ის მაინც ერთიანია ღმერთთან ზეცაში, რადგან ის ღვთის სულის განსახიერებაა. ძის შესახებ ეს იდეა უბრალოდ, მცდარია. მთელ საქმეს ერთი სული ასრულებს; მხოლოდ თავად ღმერთი, ანუ ღვთის სული, ასრულებს მის საქმეს. ვინ არის ღვთის სული? განა ეს სულიწმიდა არაა? განა სულიწმიდა არ მოქმედებს იესოში? ეს საქმე სულიწმიდას (ანუ ღვთის სულს) რომ არ შეესრულებინა, მაშინ განა მისი საქმე თავად ღმერთს წარმოაჩენდა? როდესაც იესომ ლოცვისას ზეციერ ღმერთს მამის სახელი უწოდა, ეს მხოლოდ შექმნილი ადამიანის თვალთახედვით გაკეთდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის სული ჩვეულებრივი, ნორმალური ხორცით შეიმოსა და შექმნილი არსების გარეგნული გარსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ მასში ღვთის სული მყოფობდა, მას მაინც ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნული იერი ჰქონდა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იქცა „კაცის ძედ“, რომელზეც ყველა ადამიანი, მათ შორის თავად იესო, ლაპარაკობდა. ვინაიდან მას კაცის ძე ეწოდა, ის არის ადამიანი (კაცი იქნება ეს თუ ქალი, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის გარეგნული გარსით), რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. ამგვარად, იესოს მიერ მამის სახელით ზეციერი ღმერთის მოხსენიება იგივეა, რაც თავდაპირველად თქვენ მიერ მამად მისი მოხსენიება იყო. მან ეს შექმნილი ადამიანის თვალთახედვით გააკეთა. კვლავაც გახსოვთ თუ არა უფლის ლოცვა, რომელიც იესომ დაგაზეპირებინათ? „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“ მან ყველა ადამიანს მოუწოდა, ზეციერი ღმერთი მამის სახელით მოეხსენიებინათ და რადგან მანაც მამა უწოდა, ეს გააკეთა იმ ადამიანის თვალთახედვით, რომელიც თქვენთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფება. რადგან თქვენ ზეციერ ღმერთს მამის სახელს უწოდებდით, იესო საკუთარ თავს თქვენთან თანასწორად და დედამიწაზე ღვთის მიერ არჩეულ ადამიანად (ანუ ღვთის ძედ) მიიჩნევდა. თუ ღმერთს მამას უწოდებთ, იმიტომ ხომ არა, რომ შექმნილი არსება ხართ? რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო იესოს ძალაუფლება დედამიწაზე, ჯვარცმამდე ის მხოლოდ კაცის ძე იყო, რომელსაც სულიწმიდა (ანუ ღმერთი) მართავდა, და დედამიწის ერთ-ერთი შექმნილი არსება იყო, რადგან მას ჯერ კიდევ არ დაესრულებინა თავისი საქმე. ამიტომ მისგან ზეციერი ღმერთის, მამის მოწოდება მხოლოდ მისი თავმდაბლობისა და მორჩილების გამოხატულება იყო. თუმცა ის, რომ იგი ღმერთს (ანუ ზეციერ სულს) ასე მიმართავს, არ ნიშნავს, რომ ის ღვთის ზეციერი სულის ძე იყო. პირიქით, უბრალოდ საქმე ისაა, რომ მისი თვალთახედვა იყო განსხვავებული და არა ის, რომ ის სხვა ადამიანი იყო. განსხვავებული პიროვნებების არსებობა მცდარი წარმოდგენაა! ჯვარცმამდე იესო იყო კაცის ძე, რომელიც ხორციელი შეზღუდვებით იყო შებოჭილი და ის სრულყოფილად არ ფლობდა სულიწმიდის ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ მას მხოლოდ შექმნილი არსების თვალსაწიერიდან შეეძლო მამა ღმერთის განზრახვებში ჩაწვდომა. ეს ესადაგება იმას, თუ როგორ იქადაგა სამგზის გეთსიმანიის ბაღში: „არა როგორც მე მნებავს, არამედ — როგორც შენ“. ჯვარზე გაკვრამდე ის მხოლოდ იუდეველთა მეფე, კაცის ძე, ქრისტე იყო და — არა დიდებული გვამი. სწორედ ამიტომ უხმობდა ის მამა ღმერთს შექმნილი არსების თვალთახედვით. არადა, შენ ვერ იტყვი, რომ ყველა, ვინც ღმერთს მამას უწოდებს, ძეა. ასე რომ იყოს, მაშინ განა თქვენ ყველანი ძე არ გახდებოდით მას შემდეგ, რაც იესომ უფლის ლოცვა გასწავლათ? თუკი კვლავაც ვერ დაგარწმუნეთ, მაშინ მითხარით, ვის უწოდებთ მამას? თუკი იესოს გულისხმობთ, მაშინ ვინ არის თქვენთვის იესოს მამა? იესოს წასვლის შემდეგ, მამისა და ძის შესახებ ეს იდეა წარსულს ჩაბარდა. ეს იდეა მხოლოდ იმ წლებისთვის იყო შესაფერისი, როდესაც იესო განკაცდა; ყველა სხვა შემთხვევაში, ურთიერთობა შემოქმედსა და შექმნილ არსებას შორის მაშინაა, როდესაც თქვენ ღმერთს მამას უწოდებთ. არ არსებობს დრო, როდესაც სამების — მამის, ძისა და სულიწმიდის — ეს იდეა შეიძლება დამკვიდრდეს. ეს არის მცდარი წარმოდგენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იშვიათად გვხვდება და არ არსებობს!

ადამიანთა უმრავლესობას ამან შეიძლება გაახსენოს ღვთის სიტყვები „დაბადების“ წიგნიდან: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბადება 1:26). იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთი ამბობს — „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად“, „ჩვენ“ ორს ან მეტს აღნიშნავს; რადგან მან თქვა „ჩვენ“, ესე იგი, მხოლოდ ერთი ღმერთი არ არსებობს. ამის გამო ადამიანმა აბსტრაქტულად, განსხვავებულ პიროვნებებზე ფიქრი დაიწყო და ამ სიტყვებიდან წარმოიშვა მამის, ძისა და სულიწმიდის იდეა. მაშ, ვინ არის მამა? ვინ არის ძე? და ვინ არის სულიწმიდა? ნუთუ შესაძლებელია, რომ თანამედროვე კაცობრიობა სამი ნაწილისგან გაერთიანებული ერთის ხატად შექმნილიყო? მაშ, ადამიანის ხატება მამის, ძის თუ სულიწმიდის მსგავსია? ღვთის რომელი პიროვნებების ხატადაა შექმნილი ადამიანი? ადამიანის ასეთი წარმოდგენა უბრალოდ მცდარი და უაზროა! მას მხოლოდ ერთი ღვთის რამდენიმე ღმერთად დაყოფა შეუძლია. იმ დროს, როცა მოსე „დაბადების“ წიგნს წერდა, სამყარო და შემდგომ კაცობრიობა უკვე შექმნილი იყო. თავდაპირველად, როდესაც სამყარო შეიქმნა, მოსე არ არსებობდა. მოსემ ბიბლია მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ დაწერა, მაშ, როგორღა შეიძლებოდა მას სცოდნოდა, თუ რას ამბობდა ზეციერი ღმერთი? მას წარმოდგენაც არ ჰქონდა იმისა, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ბიბლიის ძველ აღთქმაში არსად არიან ნახსენები მამა, ძე და სულიწმიდა, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვაა, რომელიც ისრაელში თავის საქმეს ასრულებდა. მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, განსხვავებული ეპოქის მიხედვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული სახელი სხვადასხვა ადამიანს ეხება. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ განა ღმერთში უთვალავი პიროვნება არ გაერთიანდებოდა? ის, რაც ძველ აღთქმაშია გადმოცემული, იეჰოვას საქმე, თავად ღმერთის საქმის ეტაპია, რომელიც რჯულის ეპოქის დასაწყისს მოასწავებს. ეს იყო ღვთის ქმნილება, რომელიც, როგორც ის ამბობდა, ხორციელდებოდა ცხოვრებაში და მისი ნაბრძანების მიხედვით, ურყევად იდგა. იეჰოვას არასდროს უთქვამს, რომ ის იყო მამა, რომელიც საქმის შესასრულებლად მოვიდა და არც არასდროს უწინასწარმეტყველებია ძის მოსვლა კაცობრიობის გამოსასყიდად. როცა იესოს დრო დადგა, მაშინ მხოლოდ ის ითქვა, რომ ღმერთი კაცობრიობის გამოსასყიდად განკაცდა და არა ის, რომ ის იყო ძე, რომელიც მოვიდა. იმის გამო, რომ ეპოქები ერთმანეთს არ ჰგავს და თავად ღმერთის მიერ შესრულებული საქმეც განსხვავებულია, მას თავისი საქმის სხვადასხვა სფეროში შესრულება უწევს. ამ თვალსაზრისით, მის მიერ წარმოდგენილი პიროვნებაც განსხვავებულია. ადამიანი ფიქრობს, რომ იეჰოვა იესოს მამაა, თუმცა სინამდვილეში, ამას არ აღიარებდა იესო, რომელიც ამბობდა: „ჩვენ არასდროს გვასხვავებდნენ მამად და ძედ; მე და ზეციერი მამა ერთნი ვართ. მამა ჩემშია და მე — მამაში; როდესაც ადამიანი ძეს ხედავს, ის ზეციერ მამას ხედავს“. როდესაც ყველაფერი ითქვა, მამა იქნება ეს თუ ძე, ისინი ერთი სული არიან და — არა დაყოფილნი ცალკეულ პიროვნებებად. როგორც კი ადამიანი ახსნას ცდილობს, საქმე რთულდება განსხვავებული პიროვნებების იდეით, ისევე, როგორც მამას, ძესა და სულიწმიდას შორის ურთიერთობით. როდესაც ადამიანი ცალკეულ პიროვნებებზე მსჯელობს, განა ეს ღმერთის მატერიალიზებას არ ნიშნავს? ადამიანი პიროვნებებს პირველ, მეორე და მესამე ნომრებადაც კი ახარისხებს; ეს ყველაფერი ადამიანის ფანტაზიებია, არ იმსახურებს ყურადღებას და სრულიად არარეალისტურია! თუ ჰკითხავ: „რამდენი ღმერთი არსებობს?“ ის გიპასუხებს, რომ ღმერთი არის სამება — მამა, ძე და სულიწმიდა — ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. თუ შემდგომ ჰკითხავ: „ვინ არის მამა?“ ის გიპასუხებს: „მამა არის ღვთის სული ზეცაში; ის ყველაფრის მბრძანებელი და ზეცის მეუფეა“. „მაშ, არის თუ არა იეჰოვა სული?“ ის იტყვის: „დიახ!“ თუ შემდეგ ჰკითხავ, „ვინაა ძე?“ ის გიპასუხებს, რომ, რასაკვირველია, იესოა ძე. „მაშ, როგორია იესოს ამბავი? საიდან მოვიდა იგი?“ ის გიპასუხებს: „იესო იშვა მარიამისგან, სულიწმიდის ჩასახვით“. მაშინ, მისი არსი განა ასევე სული არ არის? განა მისი საქმე ასევე სულიწმიდის გამოვლინებები არ არის? იეჰოვა სულია და ასეთივეა იესოს არსი. ახლა, უკანასკნელ დღეებში, ნაკლები საჭიროებაა იმის თქმისა, რომ ის კვლავაც სულია; როგორ შეიძლება ისინი სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ? განა ეს უბრალოდ, ღვთის სული არ არის, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისით, სულიწმიდის საქმეს ასრულებს? ამგვარად, პიროვნებებს შორის სხვაობა არ არსებობს. იესო სულიწმიდით იყო ჩასახული და ეჭვგარეშეა, მისი საქმე სწორედ სულიწმიდის საქმე იყო. თავისი საქმის პირველ ეტაპზე იეჰოვა არც განკაცდა და არც ადამიანს გამოეცხადა. ამგვარად, ადამიანი მის გამოჩენას არასდროს შესწრებია. რაც არ უნდა დიდი და მაღალი ყოფილიყო, ის მაინც სული იყო, თავად ღმერთი, რომელმაც დასაბამით შექმნა ადამიანი. ანუ ის ღვთის სული იყო. ის ღრუბლებიდან ელაპარაკებოდა ადამიანს, უბრალოდ სული იყო და მის გამოჩენას არავინ შესწრებია. მხოლოდ მადლის ეპოქაში, როდესაც ღვთის სულმა ხორცი შეისხა და განკაცდა იუდეაში, ადამიანმა პირველად ნახა იუდეველად განკაცებული სახით. მასში არაფერი იეჰოვასეული არ იყო. თუმცა, ის ჩასახული იყო სულიწმიდით, ანუ თავად იეჰოვას სულით, ამიტომ იესო მაინც, როგორც ღვთის სულის განსახიერება, ისე დაიბადა. პირველად რაც ადამიანმა დაინახა, იყო სულიწმიდა, რომელიც მტრედის მსგავსად გადმოვიდა იესოზე; ეს არ იყო მხოლოდ იესოს სული, არამედ — სულიწმიდა. მაშ, განა შეიძლება, რომ იესოს სული სულიწმიდისგან გაიმიჯნოს? თუკი იესო არის იესო, ძე, ხოლო სულიწმიდა არის სულიწმიდა, მაშ, როგორ შეიძლება ისინი ერთნი იყვნენ? ასეთ შემთხვევაში, საქმის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა. იესოში მყოფი სული, ზეცაში მყოფი სული და იეჰოვას სული — ყველა ერთია. მას ეწოდება სულიწმიდა, ღვთის სული, შვიდგზის გაძლიერებული სული და ყოვლისმომცველი სული. ღვთის სულს ბევრი საქმის შესრულება შეუძლია. მას შეუძლია შექმნას სამყარო და გაანადგუროს იგი დედამიწის წარღვნით; მას შეუძლია გამოისყიდოს მთელი კაცობრიობა და, უფრო მეტიც, შეუძლია დაიპყროს და გაანადგუროს მთელი კაცობრიობა. ამ საქმეს მთლიანად თავად ღმერთი ახორციელებს და მისი შესრულება მის ნაცვლად ღვთის რომელიმე პირს არ ძალუძს. მის სულს შეიძლება ეწოდოს იეჰოვა და იესო, ისევე, როგორც ყოვლისშემძლე. ის არის უფალი და ქრისტე. ის ასევე შეიძლება კაცის ძედ იქცეს. ის ზეცაშიც მყოფობს და დედამიწაზეც; ის სამყაროებზე მაღლა და უამრავ ხალხს შორის მყოფობს. ის არის ზეცისა და მიწის ერთადერთი მეუფე! დასაბამიდან დღემდე, ამ საქმეს თავად ღვთის სული ასრულებს. ზეცაში იქნება ეს საქმე თუ ხორციელად, ყველაფერს მისი თანდაყოლილი სულიწმიდა ასრულებს. ყველა ქმნილება, ზეცაში იქნება თუ დედამიწაზე, მის ყოვლისშემძლე ხელისგულზეა; ეს ყველაფერი თავად ღმერთის ნამოქმედარია და მის ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს. ზეცაში ის სულია, მაგრამ ასევე, თავად ღმერთი; ადამიანებს შორის ის ხორციელია, მაგრამ თავად ღმერთად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მას ასიათასობით სახელით შეიძლება მოიხსენიებდნენ, ის მაინც თავად არის თავისი სულის პირდაპირი გამოხატულება. მისი ჯვარცმის გზით მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა მისი სულის პირდაპირი ნამოქმედარი იყო და ასეთივე ნამოქმედარია ყველა ერისა და ქვეყნისთვის უკანასკნელ დღეებში მისი გამოცხადებაც. ღმერთს ყოველთვის მხოლოდ ყოვლისშემძლე და ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, თავად ყოვლისმომცველი ღმერთი შეიძლება ვუწოდოთ. საერთოდ არ არსებობენ განსხვავებული პირები, მით უმეტეს — მამის, ძისა და სულიწმიდის იდეა. არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი ზეცასა და დედამიწაზე!

ღმერთის მართვის გეგმა ექვსი ათას წელს მოიცავს და მისი საქმის განსხვავებების მიხედვით სამ ეპოქად იყოფა: პირველი ეპოქა ძველი აღთქმის რჯულის ეპოქაა; მეორე — მადლის ეპოქა, ხოლო მესამე — უკანასკნელი დღეების ეპოქა — სასუფევლის ეპოქაა. თითოეულ ეპოქაში განსხვავებული იდენტობაა წარმოდგენილი. ეს მხოლოდ საქმის განსხვავების, ანუ საქმის მოთხოვნებითაა განპირობებული. რჯულის ეპოქის პირველი ეტაპი ისრაელში განხორციელდა, ხოლო გამოსყიდვის დასრულების მეორე ეტაპი — იუდეაში. გამოსყიდვის საქმისთვის დაიბადა იესო სულიწმიდის ჩასახვით, როგორც ერთადერთი ძე. ეს ყველაფერი საქმის მოთხოვნებით იყო განპირობებული. უკანასკნელ დღეებში ღმერთს სურს, წარმართ ერებში გაავრცელოს თავისი საქმე და იქაური ხალხი დაიპყროს, რათა მათ შორის დიდება მოიპოვოს. მას სურს ადამიანს გაუძღვეს ყველა ჭეშმარიტების გააზრებისა და მასში შესვლის გზაზე. მთელი ეს საქმე ერთი სულის მიერ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა თვალთახედვით შეუძლია ამის განხორციელება, საქმის არსი და პრინციპები უცვლელი რჩება. როგორც კი მათ მიერ შესრულებული საქმის პრინციპებსა და ბუნებას ჩასწვდები, მაშინვე გაიგებ, რომ ამ ყველაფერს ერთი სულიწმიდა ახორციელებს. ზოგმა შეიძლება მაინც თქვას: „მამა — მამაა, ძე — ძეა, სულიწმიდა — სულიწმიდაა, და საბოლოოდ ისინი ერთიანი გახდებიან“. მაშ, როგორ უნდა გააერთიანო ისინი? როგორ შეიძლება მამა და სულიწმიდა ერთიანდებოდეს? ისინი, თავისი არსით, ორნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ, როგორც არ უნდა იყვნენ ისინი გაერთიანებულნი, განა ორ ნაწილადვე არ დარჩებოდნენ? როდესაც მათ ერთ მთლიანობაზე საუბრობ, განა ეს ერთი მთლიანის შესაქმნელად უბრალოდ ორი ცალკეული ნაწილის შეერთება არ გამოდის? მაგრამ განა ისინი ერთ მთლიანობად ქცევამდე ორ ნაწილს არ წარმოადგენდნენ? თითოეულ სულს განსხვავებული არსი აქვს და ორი სული ერთ სულად ვერ გარდაიქმნება. სული მატერიალური ობიექტი არ არის და მატერიალურ სამყაროში ყოველი არსებულისგან განსხვავდება. ადამიანის აღქმით, მამა ერთი სულია, ძე — მეორეა, ხოლო სულიწმიდა — კიდევ ერთი, შემდგომ კი, სამი სული ერთ მთლიანობად იქცევა, როგორც სამი ჭიქა წყალი ერთში. განა მაშინ, სამი ერთს არ ქმნის? ეს სრულიად მცდარი ახსნაა! განა ეს ღვთის დაყოფა არ არის? როგორ შეიძლება მამა, ძე და სულიწმიდა, ყველანი, ერთი მთელი იყვნენ? განა ისინი განსხვავებული ბუნების სამ ნაწილს არ წარმოადგენენ? არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „განა ღმერთმა პირდაპირ არ თქვა, რომ იესო მისი საყვარელი ძე იყო?“ იესო ღვთის საყვარელი ძეა, რომელსაც ის ძალიან წყალობს, ეს, რა თქმა უნდა, თავად ღმერთმა თქვა. ეს იყო ღმერთის მოწმობა საკუთარ თავზე, უბრალოდ, სხვა თვალთახედვით, როგორც ზეცაში მყოფი სულის მოწმობა საკუთარ განკაცებაზე. იესო მისი განკაცებაა და — არა მისი ძე ზეცაში. ხომ გესმის? განა იესოს სიტყვები, — „მე მამაში ვარ, მამა კი — ჩემში“, არ მოწმობს იმას, რომ ისინი ერთი სული არიან? და განა განკაცების გამო არ იყვნენ ისინი გაყოფილნი ცასა და დედამიწას შორის? სინამდვილეში, ისინი მაინც ერთნი არიან; რაც არ უნდა მოხდეს, ეს უბრალოდ, ღმერთია, რომელიც საკუთარ თავზე მოწმობს. ეპოქების ცვლილების, საქმის მოთხოვნებისა და მისი მართვის გეგმის სხვადასხვა ეტაპის გამო, სახელი, რომელსაც ადამიანი მას უწოდებს, ასევე განსხვავდება. როდესაც ის საქმის პირველი ეტაპის განსახორციელებლად მოვიდა, მისთვის შეიძლებოდა ეწოდებინათ მხოლოდ იეჰოვა, რომელიც ისრაელიანების მწყემსია. მეორე ეტაპზე, განკაცებული ღმერთისთვის მხოლოდ უფალი და ქრისტე შეიძლებოდა ეწოდებინათ. მაგრამ იმ დროს ზეცაში მყოფმა სულმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის იყო ღვთის საყვარელი ძე და არანაირად არ გამოუხატავს, რომ ის ღვთის ერთადერთი ძე იყო. ეს უბრალოდ არ მომხდარა. როგორ შეიძლებოდა ღმერთს მხოლოდ ერთი ძე ჰყოლოდა? მაშინ, განა ღმერთი ადამიანი არ გახდებოდა? რადგან ის განკაცდა, მას ღვთის საყვარელი ძე ეწოდა და აქედან წარმოიშვა მამასა და ძეს შორის ურთიერთობა. ეს უბრალოდ, ცასა და დედამიწას შორის განცალკევების შედეგი იყო. იესო ხორციელი თვალთახედვით ლოცულობდა. რადგან ის ჩვეულებრივი ადამიანური ხორცით შეიმოსა, სწორედ ხორციელი თვალთახედვით თქვა: „ჩემი გარსი შექმნილი არსების გარსია. მას შემდეგ, რაც ხორცით შევიმოსე ამ დედამიწაზე მოსასვლელად, სამოთხიდან ძალიან, ძალიან შორს ვარ“. ამ მიზეზით, მას მხოლოდ ხორციელი თვალთახედვით შეეძლო მამა ღმერთისადმი ლოცვა. ეს მისი მოვალეობა იყო და სწორედ ამით უნდა ყოფილიყო დატვირთული განკაცებული ღვთის სული. არ შეიძლება ითქვას, რომ ის არ იყო ღმერთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხორციელი თვალთახედვით ლოცულობდა მამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას ღვთის საყვარელ ძეს უწოდებდნენ, ის მაინც თავად ღმერთი იყო, რადგან ის მხოლოდ განკაცებული სული იყო და მისი არსი მაინც სული იყო. ხალხი კითხულობს, თუკი ის თავად ღმერთი იყო, რატომღა ლოცულობდა. იმიტომ, რომ ის იყო განკაცებული ღმერთი, იყო ღმერთი, რომელიც ხორციელად ცხოვრობდა და — არა როგორც სული ზეცაში. ადამიანის წარმოდგენით, მამა, ძე და სულიწმიდა — ყველანი ღმერთები არიან. მხოლოდ სამივე, ერთ მთლიანობად გაერთიანებული, შეიძლება ჩაითვალოს ერთ ჭეშმარიტ ღმერთად და ამ გაგებით, მისი ძალა განუზომლად დიდია. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ ამგვარად ავლენს ის თავს როგორც შვიდგზის გაძლიერებული სული. როდესაც ძე თავისი მოვლინების შემდეგ ლოცულობდა, სწორედ ამ სულს მიმართავდა. სინამდვილეში, ის შექმნილი არსების თვალთახედვით ლოცულობდა. რადგან ხორცი არ არის სრულყოფილი, ის არ იყო სრულყოფილი და მრავალი სისუსტე ჰქონდა, როდესაც ხორცშესხმული მოვიდა და ძალიან შეშფოთებული იყო, როდესაც ხორცშესხმული ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამიტომ ილოცა მან სამჯერ მამა ღმერთის წინაშე ჯვარცმამდე, ისევე, როგორც მრავალჯერ მანამდეც. ის ლოცულობდა თავის მოწაფეებს შორის; განმარტოებით ლოცულობდა მთაზე; ლოცულობდა მეთევზის ნავში; ლოცულობდა უამრავ ადამიანს შორის; ლოცულობდა პურის გატეხისას და ლოცულობდა სხვების კურთხევისას. რატომ აკეთებდა ამას? ის სულს მიმართავდა ლოცვით; ის ლოცულობდა სულისთვის, ზეცაში მყოფი ღმერთისთვის, ხორციელი თვალთახედვით. ამიტომ, ადამიანის თვალსაზრისით, იესო ძედ იქცა საქმის იმ ეტაპზე. სამაგიეროდ, ამ ეტაპზე ის არ ლოცულობს. რატომ ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ ის, რასაც იგი წარმოქმნის, სიტყვის საქმეა და სიტყვით განკითხვა და გაკიცხვაა. მას ლოცვა არ სჭირდება და მისი მსახურება ლაპარაკია. მას ჯვარს არ აცვამენ და ადამიანები ძალაუფლების მქონეთ არ გადასცემენ. ის უბრალოდ თავის საქმეს აღასრულებს. იმ დროს, როდესაც იესო ლოცულობდა, ის მამა ღმერთს ცათა სასუფევლის დადგომას, მამის ნების აღსრულებასა და სამომავლო საქმეებს ევედრებოდა. ამ ეტაპზე ცათა სასუფეველი უკვე დამდგარია, ამიტომ, განა მას კვლავ სჭირდება ლოცვა? მისი საქმე ეპოქის დასრულებაა, ხოლო ახალი ეპოქები აღარ არსებობს, ამიტომ, განა შემდეგი ეტაპისთვის ლოცვა საჭიროა? ვშიშობ, რომ არა!

ადამიანის ახსნა-განმარტებები ბევრი წინააღმდეგობით გამოირჩევა. მართლაც, ისინი მთლიანად ადამიანის წარმოდგენებია. საგანგებო კვლევა-ძიების გარეშე თქვენ ყველანი დაიჯერებთ, რომ ისინი სიმართლეა. განა არ იცით, რომ სამსახოვანი ღვთის მსგავსი აზრები მხოლოდ ადამიანის წარმოდგენებია? ადამიანის არანაირი ცოდნა სრული და ყოვლისმომცველი არ არის. ყოველთვის იჩენს თავს შენარევები, რადგან ადამიანს ძალიან ბევრი აზრი მოსდის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილ არსებას უბრალოდ არ შეუძლია ღვთის საქმის ახსნა. ადამიანის გონებაში, ლოგიკისა და აზროვნებიდან გამომდინარე, მეტისმეტად ბევრი რამ არის ისეთი, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. შეუძლია თუ არა შენს ლოგიკას საფუძვლიანად გააანალიზოს ღვთის საქმე? შეგიძლია თუ არა შეიქმნა წარმოდგენა იეჰოვას ყველა საქმეზე? შეგიძლია თუ არა, როგორც ადამიანს, ყველაფრის დანახვა, თუ თავად ღმერთია, რომელსაც ხელეწიფება მარადისობიდან მარადისობამდე გახედვა? ხარ თუ არა შენ, ვისაც შეუძლია უძველესი დროიდან მომავლამდე მთელი სურათის დანახვა, თუ ეს ღმერთს ხელეწიფება? რას ამბობ? რით იმსახურებ იმას, რომ ახსნა ღმერთი? რას ეფუძნება შენი ახსნა? განა ღმერთი ხარ? ცა, მიწა და ყოველივე თავად ღმერთმა შექმნა. ეს შენ არ გაგიკეთებია, მაშ, მცდარ განმარტებებს რატომ იძლევი? ნუთუ კვლავაც გწამს სამსახოვანი ღმერთის? ნუთუ არ ფიქრობ, რომ ეს მეტისმეტად სამძიმოა? შენთვის უკეთესი იქნება, თუკი არა სამ, არამედ ერთ ღმერთს იწამებ. უმჯობესია, სიმსუბუქე აირჩიო, რადგან უფლის ტვირთი მსუბუქია.

წინა:  ორი განკაცება სრულყოფს განკაცების მნიშვნელობას

შემდეგი:  დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (1)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger