ორი განკაცება სრულყოფს განკაცების მნიშვნელობას
ღვთის მიერ შესრულებული საქმის ყოველ ეტაპს თავისი საკუთარი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როცა იესო მოვიდა, იგი მოვიდა მამაკაცის სახით, ხოლო ამჯერად, როცა ღმერთი მოდის, მისი სახე ქალისაა. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ, დაინახოთ, რომ ღმერთის მიერ შექმნილი კაციცა და ქალიც შეიძლება მისი საქმისთვის გამოსადეგი იყოს, რადგან მისთვის სქესთა შორის განსხვავება არ არსებობს. როდესაც მისი სული მოდის, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ხორციელი სახე, რომელსაც ინებებს, და ეს ხორციელი სახე მას წარმოადგენს; იქნება ის კაცი თუ ქალი, – თუ ეს მისი განკაცებული ხორცია, – მას შეუძლია ღმერთის წარმოდგენა. თუ იესო ქალად მოვლინდებოდა იმ დროს, როცა ის მოვიდა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სულიწმიდისგან ჩასახული იქნებოდა არა ვაჟი, არამედ ჩვილი გოგონა, მაშინაც ზუსტად იგივენაირად აღსრულდებოდა საქმის ეს ეტაპი. თუ ეს ასე მოხდებოდა, მაშინ საქმის ამჟამინდელი ეტაპი მამაკაცის მიერ უნდა შესრულებულიყო, მაგრამ საქმე მაინც იგივენაირად შესრულდებოდა. გაკეთებულ საქმეს თითოეულ ეტაპზე თავისი მნიშვნელობა აქვს; არც ერთი ეტაპი არ მეორდება და არც ერთი მათგანი მეორესთან წინააღმდეგობაში არ მოდის. იმ დროს იესოს, როცა ის თავის საქმეს აკეთებდა, „მხოლოდშობილ ძედ“ მოიხსენიებდნენ, ხოლო სიტყვა „ძე“ მამრობით სქესს გულისხმობს. მაშ, რატომ აღარ იხსენიება „მხოლოდშობილი ძე“ ამჟამინდელ ეტაპზე? იმიტომ, რომ საქმის მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა სქესის შეცვლა, იესოსგან განსხვავებული სქესის. ღმერთთან არ არსებობს სქესთა განსხვავება. ის აკეთებს თავის საქმეს ისე, როგორც მას სურს, და თავისი საქმის შესრულებისას არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას, არამედ სრულიად თავისუფალია. თუმცა საქმის თითოეულ ეტაპს თავისი საკუთარი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ღმერთი ორჯერ განკაცდა, და თავისთავად ნათელია, რომ მისი განკაცება უკანასკნელ დღეებში ბოლო ჟამისაა. იგი მოვიდა, რათა გამოავლინოს ყველა თავისი ქმედება. თუ ამ ეტაპზე იგი არ განკაცდებოდა, რათა პირადად შეესრულებინა საქმე ადამიანთა დასანახად, ადამიანი სამუდამოდ მიეჯაჭვებოდა წარმოდგენას, რომ ღმერთი მხოლოდ მამაკაცია და არა ქალი. იქამდე მთელი კაცობრიობა ფიქრობდა, რომ ღმერთი მხოლოდ მამაკაცი შეიძლებოდა ყოფილიყო და რომ ქალს ღმერთი ვერ ეწოდებოდა, რადგან მთელი კაცობრიობა მამაკაცებს ქალებზე ძალაუფლების მქონეებად მიიჩნევდა. მათ სჯეროდათ, რომ ძალაუფლების აღება არც ერთ ქალს არ შეეძლო, – მხოლოდ მამაკაცებს. მეტიც, ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ მამაკაცი არის ქალის თავი და რომ ქალი უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და რომ ქალი ვერასოდეს აღემატება კაცს. წარსულში, როცა ითქვა, რომ მამაკაცი ქალის თავი იყო, ეს მიემართებოდა ადამსა და ევას, რომლებიც გველმა აცდუნა — და არა მამაკაცსა და ქალს, როგორც ისინი დასაბამიდან იეჰოვამ შექმნა. რა თქმა უნდა, ქალი უნდა მორჩილებდეს თავის ქმარს და უყვარდეს იგი, ხოლო ქმარმა უნდა ისწავლოს თავისი ოჯახის გამოკვება და რჩენა. ეს არის ის კანონები და დადგენილებები, რომლებიც იეჰოვამ განაჩინა და რომელთა დაცვაც ადამიანებმა მიწაზე ცხოვრებისას უნდა ისწავლონ. იეჰოვამ უთხრა ქალს: „შენი სურვილი შენი ქმრისკენ იქნება, და ის იმეფებს შენზე.“ მან ასე თქვა მხოლოდ იმისათვის, რომ კაცობრიობას (როგორც მამაკაცს, ისე ქალს) ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა იეჰოვას ბატონობის ქვეშ და რომ ადამიანთა ცხოვრებას ჰქონოდა თავისი წესრიგი და არ ამოვარდნილიყო სათანადო წყობიდან. ამიტომ იეჰოვამ დაადგინა შესაბამისი წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მამაკაცი და ქალი; თუმცა ეს ეხებოდა მხოლოდ დედამიწაზე მცხოვრებ შექმნილ არსებებს და არავითარ კავშირში არ იყო ღმერთის განკაცებულ ხორცთან. როგორ შეიძლება, ღმერთი თავისი შექმნილი არსებების მსგავსი იყოს? მისი სიტყვები მიმართული იყო მხოლოდ იმ კაცობრიობისკენ, რომელიც მან შექმნა; სწორედ იმისათვის, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდათ, მან დაადგინა წესები მამაკაცისა და ქალისთვის. დასაწყისში, როცა იეჰოვამ შექმნა კაცობრიობა, მან შექმნა ორი სახეობის ადამიანი — კაციცა და ქალიც; ამიტომაც მის განკაცებულ ხორცში არსებობს მამაკაცისა და ქალის განსხვავება. მან თავისი საქმე არ განსაზღვრა იმ სიტყვების მიხედვით, რომლებიც ადამსა და ევას უთხრა. მისი ორჯერ განკაცება მთლიანად განპირობებული იყო შესაბამისობით მის იმდროინდელ ფიქრებთან, როცა პირველად შექმნა კაცობრიობა; ანუ მან თავისი ორი განკაცების საქმე შეასრულა მამაკაცსა და ქალზე დაყრდნობით, ვიდრე ისინი გაიხრწნებოდნენ. თუ კაცობრიობა აიღებს იმ სიტყვებს, რომლებიც იეჰოვამ უთხრა ადამსა და ევას, გველის მიერ ცთუნებულებს, და ღმერთის განკაცების საქმეს მიუსადაგებს, მაშინ ხომ იესოსაც უნდა ჰყვარებოდა თავისი ცოლი ისე, როგორც მართებდა? ამ შემთხვევაში ღმერთი მაინც ღმერთი იქნებოდა? და ასე რომ ყოფილიყო, შეძლებდა კი ის თავისი საქმის შესრულებას? თუ არასწორია, რომ ღმერთის განკაცებული ხორციელი ქალი იყოს, მაშინ ნუთუ უდიდესი მასშტაბის შეცდომა არ იქნებოდა ისიც, რომ ღმერთმა ქალი შექმნა? თუ ადამიანები კვლავ ფიქრობენ, რომ ღმერთის ქალის სახით განკაცება შეცდომაა, მაშინ ნუთუ იესო, რომელმაც არ იქორწინა და ამიტომ ვერ შეძლო თავისი ცოლის სიყვარული, ისეთივე შეცდომაში არ აღმოჩნდება, როგორც ამჟამინდელი განკაცება? თუ შენ იეჰოვას მიერ ევასთვის ნათქვამ სიტყვებს იყენებ დღევანდელ დროში ღმერთის განკაცების ჭეშმარიტების გასაზომად, მაშინ იეჰოვას მიერ ადამისთვის ნათქვამი სიტყვებიც უნდა გამოიყენო, რათა განსაჯო უფალი იესო, რომელიც მადლის ეპოქაში განკაცდა. განა ეს ერთი და იგივე არ არის? თუ შენ უფალ იესოს ზომავ იმ მამაკაცის მიხედვით, რომელიც გველის მიერ არ ყოფილა ცთუნებული, მაშინ შენ ვერ განსჯი დღევანდელი განკაცების ჭეშმარიტებას იმ ქალის მიხედვით, რომელიც გველმა აცთუნა. ეს უსამართლობა იქნებოდა! ღმერთის ამგვარად გაზომვა გიმტკიცებს, რომ შენ გონიერება საერთოდ არ გაქვს. როდესაც იეჰოვა ორჯერ განკაცდა, მისი ხორციელობის სქესი დაკავშირებული იყო იმ მამაკაცთან და ქალთან, რომლებიც გველის მიერ არ იყვნენ ცთუნებულნი; მან ორჯერ შეისხა ხორცი სწორედ იმ მამაკაცისა და ქალის შესაბამისად, რომლებიც გველის მიერ არ იყვნენ ცთუნებულნი. ნუ იფიქრებთ, რომ იესოს მამაკაცობა იგივეა, რაც ადამისა, რომელიც გველმა აცდუნა. ეს ორი სრულიად დაუკავშირებელია ერთმანეთთან, ისინი ორი განსხვავებული ბუნების მამაკაცები არიან. ნუთუ შეიძლება იესოს მამაკაცობა ამტკიცებდეს იმას, რომ ის ყველა ქალის თავია, მაგრამ არა ყველა მამაკაცის? განა ის არ არის ყველა იუდეველის მეფე (როგორც მამაკაცების, ისე ქალების)? ის თავად ღმერთია, არა მხოლოდ ქალის თავი, არამედ მამაკაცის თავიც. ის არის ყველა შექმნილი არსების უფალი და ყველა შექმნილი არსების თავი. როგორ შეიძლება განსაზღვრო იესოს მამაკაცობა, როგორც ქალის თავობის სიმბოლო? ნუთუ ეს მკრეხელობა არ იქნებოდა? იესო არის მამაკაცი, რომელიც გახრწნილი არ ყოფილა. ის არის ღმერთი; ის არის ქრისტე; ის არის უფალი. როგორ შეიძლება ის იყოს ადამის მსგავსი მამაკაცი, რომელიც გახრწნილი იყო? იესო არის ხორციელი, რომელსაც ღმერთის უწმინდესმა სულმა შემოსა. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ის არის ღმერთი, რომელიც ადამის მამაკაცობას ფლობს? ამ შემთხვევაში ხომ ღმერთის მთელი საქმე მცდარი იქნებოდა? ნუთუ იეჰოვა იესოში ჩანერგავდა იმ ადამის მამაკაცობას, რომელიც გველმა აცთუნა? განა დღევანდელი განკაცებაც არ არის კიდევ ერთი მაგალითი ღმერთის განკაცების საქმისა, რომელიც იესოსგან სქესით განსხვავდება, მაგრამ ბუნებით მისი მსგავსია? მაინც გაბედავ თქმას, რომ განკაცებული ღმერთი ქალი ვერ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი იყო პირველი, ვინც გველმა აცთუნა? მაინც გაბედავ თქმას, რომ რადგან ქალი ყველაზე უწმინდური და კაცობრიობის გახრწნის წყაროა, ღმერთი ვერასოდეს განკაცდება ქალის სახით? კვლავაც გაბედავ დაჟინებით თქმას, რომ „ქალი მუდამ უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს და ვერასოდეს შეძლებს ვერც ღმერთის გამოვლენას და ვერც პირდაპირ (უშუალოდ) მის წარმოდგენას"? წარსულში ეს არ გესმოდა, მაგრამ ახლა მაინც შეგიძლია, განაგრძო ღმერთის საქმის გმობა, განსაკუთრებით ღმერთის განკაცებული ხორცისა? თუ ეს შენთვის კვლავ გაუგებარია, უმჯობესია ენა დაიმოკლო, რათა შენი სისულელე და უმეცრება არ გამოაშკარავდეს და შენი საძაგელი სახე არ გამომჟღავნდეს. ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერი გესმის. მე გეუბნები შენ, რომ ყველაფერი, რაც გინახავს და გამოგიცდია, საკმარისი არ არის იმისთვისაც კი, რომ ჩემი მართვის გეგმის მეათასედი გაიგო. მაშ, რატომ იქცევი ასე ამაყად? ის მცირედი ნიჭი და ის უმცირედესი ცოდნა, რაც გაქვს, საკმარისი არ არის იმისთვისაც კი, რომ იესომ თავისი საქმის შესრულებისას ერთი წამით მაინც გამოიყენოს! სინამდვილეში რამხელა გამოცდილება გაქვს? ყველაფერი, რაც შენს სიცოცხლეში გინახავს, რაც გსმენია და რაც წარმოგიდგენია, ნაკლებია იმ საქმეზე, რასაც მე ერთ წამში ვაკეთებ! ამიტომ სჯობს, წვრილმანებს ნუ ჩაეძიები და ბრალის ან შეცდომის ძიებას ნუ დაიწყებ. რაოდენ ამპარტავანიც უნდა იყო, შენ არაფერს წარმოადგენ იმაზე მეტს, ვიდრე შექმნილი არსება, რომელიც ჭიანჭველასაც კი ვერ უტოლდება! ყველაფერი, რაც შენშია, ნაკლებია იმაზე, რაც ჭიანჭველაშია! ნუ იფიქრებ, რომ რადგან ბევრი რამ გამოგიცდია და უფროსობაც შეგიძლია, ეს გაძლევს უფლებას, ველურად იქნევდე ხელებს და ბევრს ლაპარაკობდე. განა ეს გამოცდილება და „უფროსობა“ ჩემი სიტყვების წყალობით არ გაქვს მიღებული? ნუთუ გჯერა, რომ ეს შენი საკუთარი შრომითა და ძალისხმევით მოიპოვე? დღეს შენ ხედავ, რომ მე განვკაცდი, და მხოლოდ ამის გამო შენს გულში მრავლად ჩნდება სხვადასხვა ცნებები და დაუსრულებელი წარმოდგენები. რომ არა ჩემი განკაცება, თუნდაც განსაკუთრებული ნიჭით ყოფილიყავი დაჯილდოებული, ამდენი ცნება მაინც არ გექნებოდა; და განა სწორედ აქედან არ წარმოდგება შენი შეხედულებები? იესო პირველად რომ არ განკაცებულიყო, ნუთუ საერთოდ გეცოდინებოდა რაიმე განკაცების შესახებ? განა სწორედ პირველი განკაცებისგან მიღებულმა ცოდნამ არ გაგაბედინა ის, რომ ახლა მეორე განკაცების განსჯას ცდილობ? რატომ, იმის ნაცვლად, რომ მორჩილი მიმდევარი იყო, ცდილობ მის შესწავლას (გამოკვლევას)? როცა ამ ნაკადში შემოხვედი და განკაცებული ღმერთის წინაშე წარსდექი, განა ის მოგცემდა უფლებას, რომ იგი გამოგეკვლია? შენ შეგიძლია საკუთარი ოჯახის ისტორია გამოიკვლიო; მაგრამ თუ ღმერთის „ოჯახის ისტორიის“ კვლევას შეეცდები, ნუთუ დღევანდელი ღმერთი დაგრთავს ასეთი კვლევის ჩატარების ნებას? ბრმა არ ხარ? განა ამით საკუთარი თავის მიმართ ზიზღს არ იწვევ?
თუ მხოლოდ იესოს მიერ შესრულებული საქმე არსებობდა და იგი არ იქნებოდა შევსებული უკანასკნელ დღეებში შესრულებული ამ ეტაპის საქმით, ადამიანი სამუდამოდ მიეჯაჭვებოდა წარმოდგენას, რომ ოდენ იესოა ღმერთის მხოლოდშობილი ძე, ანუ რომ ღმერთს მხოლოდ ერთი ძე ჰყავს, და რომ ვინც შემდეგ მოვა სხვა სახელით, ვერ იქნება ღმერთის მხოლოდშობილი ძე, მით უმეტეს თავად ღმერთი. ადამიანებს აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ ვინც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად მსახურობს, ან ღმერთის სახელით ძალაუფლებას იღებს და მთელ კაცობრიობას გამოისყიდის, ის არის ღმერთის მხოლოდშობილი ძე. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ თუ ის, ვინც მოვა, მამაკაცია, მაშინ ის შეიძლება ჩაითვალოს ღმერთის მხოლოდშობილ ძედ და ღმერთის წარმომადგენლად. ზოგიერთები კი იმასაც ამბობენ, რომ იესო არის იეჰოვას ძე, მისი მხოლოდშობილი ძე. განა ასეთი წარმოდგენები გადაჭარბებული არ არის? თუ საქმის ეს ეტაპი საბოლოო ეპოქაში არ შესრულდებოდა, მაშინ ღმერთის წინაშე მთელი კაცობრიობა ბნელი ჩრდილის ქვეშ მოექცეოდა. თუ ეს ასე მოხდებოდა, კაცი საკუთარი თავის შესახებ იფიქრებდა, რომ ის ქალზე მაღლა დგას, ქალები კი ვერასოდეს შეძლებდნენ თავის მაღლა აწევას, და მაშინ ერთი ქალიც კი ვერ გამოიხსნებოდა. ადამიანებს ყოველთვის სჯერათ, რომ ღმერთი მამაკაცია, და მეტიც, რომ მას ყოველთვის სძაგდა ქალი და ქალს ხსნას არ მიანიჭებდა. თუ ეს ასე მოხდებოდა, განა ჭეშმარიტი არ იქნებოდა, რომ ვერც ქალი, რომელიც იეჰოვამ შექმნა და რომელიც ასევე გახრწნილ იქნა, ვერასოდეს მიიღებდა გადარჩენის შესაძლებლობას? მაშინ განა იეჰოვასთვის საზრისს მოკლებული არ იქნებოდა ქალის შექმნა, ანუ ევას შექმნა? და განა მაშინ ქალი სამუდამოდ არ დაიღუპებოდა? სწორედ ამიტომ, ბოლო დღეებში საქმის ეს ეტაპი ხორციელდება მთელი კაცობრიობის და არა მხოლოდ ქალის გადასარჩენად.თუ ვინმეს შეუძლია იფიქროს, რომ ღმერთის ქალის სახით განკაცება მხოლოდ და მხოლოდ ქალის გადასარჩენად მოხდებოდა, მაშინ ასეთი ადამიანი მართლაც უგუნური იქნებოდა!
დღევანდელმა საქმემ წინ წასწია მადლის ეპოქის საქმე; ანუ მთელი ექვსი ათასი წლის მართვის გეგმის ფარგლებში შესრულებულმა საქმემ წაიწია წინ. მიუხედავად იმისა, რომ მადლის ეპოქა დასრულდა, ღმერთის საქმეში პროგრესი მოხდა. რატომ ვამბობ ისევ და ისევ, რომ სამუშაოს ეს ეტაპი ეფუძნება როგორც მადლის ეპოქას, ისე რჯულის ეპოქას? იმიტომ, რომ დღევანდელი საქმე არის მადლის ეპოქაში შესრულებული საქმის გაგრძელება და წინ გადადგმული ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც რჯულის ეპოქაში შესრულდა. ეს სამი ეტაპი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, და ამ ჯაჭვის ყოველი რგოლი უშუალოდ არის მიბმული მომდევნოსთან. რატომ ვამბობ იმასაც, რომ სამუშაოს ეს ეტაპი ეფუძნება იესოს მიერ შესრულებულ საქმეს? დავუშვათ, რომ ეს ეტაპი არ დაეშენა იესოს მიერ შესრულებულ საქმეს, მაშინ ამ ეტაპზე კვლავ უნდა მომხდარიყო ჯვარცმა და წინა ეტაპის გამომსყიდველი საქმე თავიდან უნდა შესრულებულიყო. ამას კი არავითარი აზრი არ ექნებოდა. ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რომ საქმე ბოლომდე შესრულდა, არამედ ის, რომ ეპოქა წავიდა წინ და საქმის დონე უწინდელზე უფრო მეტად ამაღლდა. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოს ეს ეტაპი აგებულია რჯულის ეპოქის საფუძველზე და იესოს საქმის კლდეზე. ღმერთის საქმე შენდება ეტაპიდან ეტაპამდე, და ეს ეტაპი არ არის ახალი დასაწყისი. მხოლოდ საქმის სამი ეტაპის კომბინაცია შეიძლება მივიჩნიოთ მართვის ექვსიათასწლოვან გეგმად. ამ ეტაპის საქმე აღსრულებულია მადლის ეპოქის საქმის საფუძველზე. ამ ორი ეტაპის საქმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი რომ იყოს, მაშ რატომ არ გამეორდა ჯვარცმა ამ ეტაპზე? რატომ არ ვიტვირთავ ადამიანის ცოდვებს, არამედ მოვდივარ, რათა პირდაპირ განვსაჯო და განვკიცხო ადამიანი? თუ ჩემი საქმე ადამიანის განსჯისა და გაკიცხვის კვალად არ მიჰყვებოდა ჯვარცმას, და ახლა ჩემი მოსვლა სულიწმიდისაგან ხელდასხმული არ იქნებოდა, მაშინ მე არ ვიქნებოდი უფლებამოსილი ადამიანის განსასჯელად და გასაკიცხად. სწორედ იმიტომ, რომ მე იესოსთან ერთობაში ვარ, მოვდივარ უშუალოდ იმისათვის, რომ ადამიანი განვკიცხო და განვსაჯო. ამ ეტაპზე შესრულებული საქმე მთლიანად ეფუძნება წინა ეტაპზე შესრულებულ საქმეს. სწორედ ამიტომ მხოლოდ ასეთი სახის საქმეს შეუძლია ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანოს ხსნამდე. იესო და მე ერთი სულიდან მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხორცით არ ვუკავშირდებით ერთმანეთს, ჩვენი სულები ერთია; მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი იმისა, რასაც ვაკეთებთ, და ის საქმე, რომელსაც ვასრულებთ, ერთნაირი არ არის, არსით მაინც ერთნი ვართ; ჩვენი ხორცი განსხვავებულ სახეს (ფორმას) იღებს, მაგრამ ეს ეპოქის ცვლილებითა და ჩვენი საქმის განსხვავებული მოთხოვნებით არის განპირობებული; ჩვენი მსახურებაც ერთნაირი არ არის, ამიტომ ის საქმეც, რომელსაც ვასრულებთ, და ის ხასიათიც, რომელსაც ადამიანს ვუცხადებთ, განსხვავებულია. ამიტომ ის, რასაც ადამიანი დღეს ხედავს და იგებს, განსხვავდება წარსულისგან, რადგან ეპოქა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი განსხვავდება სქესითა და ფორმით, და რომ ისინი არ დაბადებულან ერთსა და იმავე ოჯახში, მით უმეტეს ერთსა და იმავე დროს, მათი სულები მაინც ერთია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი არც სისხლით უკავშირდებიან ერთმანეთს და არც რაიმე ფიზიკური ნათესაობით, შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ისინი ღმერთის განკაცებული ხორცი არიან ორ განსხვავებულ დროით პერიოდში. ის, რომ ისინი ღმერთის განკაცებული ხორცი არიან, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა. თუმცა ისინი ერთსა და იმავე სისხლის ხაზიდან არ არიან და არც ერთსა და იმავე ადამიანურ ენაზე საუბრობენ (ერთი იყო მამაკაცი, რომელიც იუდეველთა ენაზე საუბრობდა, ხოლო მეორე ქალი, რომელიც მხოლოდ ჩინურად ლაპარაკობს). სწორედ ამ მიზეზით ცხოვრობდნენ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში, რათა შეესრულებინათ ის საქმე, რომელიც თითოეულ მათგანს უნდა შეესრულებინა, და ეს სხვადასხვა ეპოქაშიც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი და იმავე სულისანი არიან და ერთსა და იმავე არსს ფლობენ, მათი ხორცის გარეგნულ გამოხატულებებში აბსოლუტური მსგავსება არ არსებობს. ერთადერთი, რაც საერთო აქვთ, მათი ადამიანობაა, ხოლო რაც შეეხება გარეგნულ იერს მათი ხორცისა და მათ დაბადებას, ისინი არ არიან ერთი და იგივე. ამ გარემოებებს არანაირი გავლენა არ აქვს მათ პატივსაცემ საქმეზე ან იმ ცოდნაზე, რომელსაც ადამიანი მათგან იღებს, და, საბოლოო ანალიზისთვის, ისინი ერთი სულისანი არიან და ერთმანეთისგან ვერ განცალკევდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისხლით ნათესავები არ არიან, მათი მთელი არსება (მყოფობა) მათი სულების განკარგულებაშია, რომლებიც მათ სხვადასხვა დროით პერიოდში სხვადასხვა საქმეს აკისრებენ, ხოლო მათი ხორცი განსხვავებული სისხლის ხაზისაა. იეჰოვას სული არ არის იესოს სულის მამა, და იესოს სული არ არის იეჰოვას სულის ძე: ისინი ერთი და იგივე სულია. ამგვარადვე, დღევანდელი განკაცებული ღმერთი და იესო სისხლით არ არიან დაკავშირებულნი, მაგრამ ისინი ერთნი არიან, რადგან მათი სულები ერთია. ღმერთს შეუძლია, შეასრულოს როგორც მოწყალებისა და სიყვარულის საქმე, ისე სამართლიანი განსჯისა და ადამიანის განკიცხვის საქმე; შეუძლია ადამიანზე წყევლის მოხმობაც; და საბოლოოდ შეუძლია სამყაროს განადგურებისა და ბოროტთა დასჯის საქმეც. განა ყოველივე ამას თავად არ ასრულებს? განა ეს ღმერთის ყოვლისშემძლეობა არ არის? მას შეეძლო ადამიანისთვის როგორც კანონების დადგენა, ისე მცნებების მიცემა. ასევე შეეძლო ადრეული პერიოდის ისრაელიანების წარმართვა მიწიერ ცხოვრებაში, ტაძრისა და საკურთხევლების აშენებისას მათი ხელმძღვანელობა და მთელი ისრაელის თავისი მმართველობის ქვეშ მოქცევა. თავისი ავტორიტეტის გამო იგი ორი ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ისრაელის ხალხთან ერთად დედამიწაზე. ისრაელიანები ვერ ბედავდნენ მის წინააღმდეგ ამბოხებას; ყველას ეშინოდა იეჰოვასი და იცავდა მის მცნებებს. სწორედ ასეთი იყო საქმე, რომელიც შესრულდა მისი ავტორიტეტისა და ყოვლისშემძლეობის ძალით. შემდეგ, მადლის ეპოქაში, იესო მოვიდა მთელი დაცემული კაცობრიობის (არა მხოლოდ ისრაელიანების) ცოდვების გამოსასყიდად. მან გამოავლინა წყალობა და სიკეთე ადამიანის მიმართ. იესო, რომელიც ადამიანმა იხილა მადლის ეპოქაში, სავსე იყო გულმოწყალეობით და ყოველთვის მოსიყვარულე იყო ადამიანის მიმართ, რადგან ის მოვიდა კაცობრიობის ცოდვისგან გადასარჩენად. მას შეეძლო ადამიანებისთვის ცოდვების მიტევება მანამ, სანამ თავისი ჯვარცმით მთლიანად არ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. ამ პერიოდში ღმერთი წარსდგა ადამიანის წინაშე წყალობითა და სიკეთით; ანუ ის გახდა მსხვერპლი ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად და ჯვარს ეცვა ადამიანთა ცოდვებისთვის, რათა მათ სამუდამოდ მისტევებოდათ. ის იყო მოწყალე, თანამგრძნობი, მომთმენი და მოსიყვარულე. და ყველა ის, ვინც მადლის ეპოქაში იესოს მიჰყვებოდა, ასევე ცდილობდა ყველაფერში მომთმენი და მოსიყვარულე ყოფილიყო. ისინი დიდხანს იტანჯებოდნენ, და მაშინაც კი, როცა მათ სცემდნენ, აგინებდნენ ან ქვებით ქოლავდნენ, პასუხად არასოდეს იბრძოდნენ. მაგრამ საბოლოო ეტაპზე ასე ვეღარ იქნება. იესოსა და იეჰოვას საქმე სრულიად ერთნაირი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სულისანი იყვნენ. იეჰოვას საქმეს ეპოქა არ განუსრულებია, არამედ წარმართავდა მას, იწყებდა კაცობრიობის სიცოცხლეს დედამიწაზე. დღევანდელი საქმე კი იმ წარმართი ერების დაპყრობაა, რომლებიც ღრმად არიან გახრწნილნი, და წინამძღოლობა არა მხოლოდ ჩინეთში ღმერთის რჩეული ხალხისა, არამედ მთელი სამყაროსი და მთელი კაცობრიობისა. შეიძლება, შენ გეჩვენებოდეს, რომ ეს საქმე მხოლოდ ჩინეთში სრულდება, მაგრამ სინამდვილეში ის უკვე გავრცელებას იწყებს საზღვარგარეთაც. რატომ ხდება ისე, რომ ადამიანები ჩინეთს გარეთ დროდადრო ისევ და ისევ იწყებენ ჭეშმარიტი გზის ძიებას? ეს იმიტომ ხდება, რომ სული უკვე მოქმედებაშია მოსული, და დღეს წარმოთქმული სიტყვები მიმართულია მთელი სამყაროს ადამიანებისკენ. ამით საქმე უკვე სანახევროდ შესრულებულია. სამყაროს შექმნიდან დღემდე ღმერთის სულმა მოძრაობაში მოიყვანა ეს დიდი საქმე და, უფრო მეტიც, სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული საქმე შეასრულა. ყოველი ეპოქის ადამიანები ხედავენ მის სხვადასხვა ხასიათს, რომელიც ბუნებრივად ვლინდება იმ სხვადასხვა საქმეში, რომელსაც იგი ასრულებს. ის არის ღმერთი, მოწყალებითა და სიყვარულით აღსავსე; ის არის ადამიანის ცოდვის მსხვერპლის გამომსყიდველი და ადამიანის მწყემსი; მაგრამ ის ასევე არის ადამიანის განსჯა, გაკიცხვა და წყევლა. მას შეეძლო წინ წაძღოლოდა ადამიანს დედამიწაზე ცხოვრებისთვის ორი ათასი წლის განმავლობაში, და მას ასევე შეეძლო ცოდვისაგან გამოეხსნა გახრწნილი კაცობრიობა. მას დღესაც შეუძლია დაიპყროს ის კაცობრიობა, რომელიც მას არ სცნობს, და თავის მმართველობის ქვეშ დაამხოს ის, რათა ყველა სრულად მორჩილებდეს მას. ბოლოს კი იგი გაანადგურებს ყველასა და ყველაფერს, რაც უწმინდური და უსამართლოა სამყაროს ხალხებს შორის, რათა აჩვენოს მათ, რომ იგი არა მხოლოდ მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთია, არა მხოლოდ სიბრძნისა და სასწაულების ღმერთი, არა მხოლოდ წმინდა ღმერთი, არამედ ის ღმერთიც არის, რომელიც განსჯის ადამიანს. კაცთა შორის ბოროტთათვის იგი არის წვა, განსჯა და სასჯელი; მათთვის, ვინც სრულიქმნება, იგი არის განსაცდელი, განწმენდა და გამოცდა, ასევე ნუგეში, საზრდო, სიტყვის მინიჭება და გასხვლა. ხოლო მათთვის, ვინც განიდევნება, იგი არის სასჯელი და სამაგიეროს მიგება. მითხარი, განა არ არის ღმერთი ყოვლისშემძლე? მას ნებისმიერი და ყველანაირი საქმე ხელეწიფება, არა მხოლოდ ჯვარცმა, როგორც შენ წარმოგიდგენია. ერთობ ცოტას ფიქრობ შენ ღმერთზე! ნუთუ გჯერა, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, არის მთელი კაცობრიობის გამოხსნა ჯვარცმით, და სულ ეს არის? და ამის შემდეგ შენ მიყვები მას სამოთხეში, რათა იგემო ნაყოფი სიცოცხლის ხისაგან და შესვა წყალი სიცოცხლის მდინარიდან?... ნუთუ ეს ასე მარტივად იქნება? მითხარი, რა გაგიკეთებია შენ? გაქვს თუ არა იესოს სიცოცხლე შენში? შენ მართლაც მან გამოგისყიდა, მაგრამ ჯვარცმა თავად იესოს საქმე იყო. რა ვალდებულება შეასრულე შენ, როგორც ადამიანმა? შენ მხოლოდ გარეგანი ღვთისმოსაობა გაქვს, მაგრამ მის გზას ვერ იგებ. ნუთუ ასე გამოხატავ მას? თუ შენ საქმე არ გქონია ღმერთის სიცოცხლესთან ან არასდროს გინახავს სრული სისავსით მისი სამართლიანი ხასიათი, მაშინ შენ ვეღარ გექნება პრეტენზია იყო ის, ვისაც აქვს სიცოცხლე, და შენ არ ხარ ღირსი ცათა სასუფევლის კარიბჭეში შეხვიდე.
ღმერთი მხოლოდ სული არ არის, მას შეუძლია ხორცადაც იქცეს. უფრო მეტიც, ის არის დიდების სხეულიც. იესო, თუმცა თქვენ არ გინახავთ, ისრაელიანებმა დაამოწმეს — იმ დროის იუდეველებმა (ებრაელებმა). თავდაპირველად ის ხორციელი სხეული იყო, მაგრამ ჯვარცმის შემდეგ იგი დიდების სხეულად იქცა. ის ყოვლისმომცველი სულია და საქმის კეთება ნებისმიერ ადგილას შეუძლია. ის შეიძლება იყოს იეჰოვა, ან იესო, ან მესია; საბოლოოდ კი შეუძლია გახდეს ყოვლისშემძლე ღმერთი. ის არის სამართლიანობა, განსჯა და გაკიცხვა; ის არის წყევლა და რისხვა; მაგრამ ის ასევე არის მოწყალება და სიყვარული. ყველა საქმეს, რომელიც მან შეასრულა, ძალუძს მისი წარმოჩენა. მაშ, როგორი ღმერთია იგი — შენ რას იტყვი? შენ არ შეგიძლია ახსნა. თუ შენ მართლა არ შეგიძლია ახსნა, მაშინ ნუ გამოგაქვს განაჩენი ღმერთისთვის. ნუ განაჩინებ, რომ ღმერთი მარადიულად ოდენ მოწყალებისა და სიყვარულის ღმერთია მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ეტაპზე მან გამოსყიდვის საქმე შეასრულა. შეგიძლია კი დარწმუნებით თქვა, რომ იგი მხოლოდ მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთია? თუ იგი მხოლოდ მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთია, მაშინ რატომ უნდა დაასრულოს ეპოქა უკანასკნელ დღეებში? რატომ უნდა მოავლინოს ამდენი უბედურება? ადამიანთა წარმოდგენებისა და აზრების მიხედვით, ღმერთი ბოლომდე მოწყალე და მოსიყვარულე უნდა იყოს, რათა ყოველი ადამიანი გადარჩეს. მაშინ რატომ აგზავნის იგი უკანასკნელ დღეებში ისეთ დიდ უბედურებებს, როგორებიც არის მიწისძვრები, ჭირი და შიმშილი, რათა გაანადგუროს ეს ბოროტი კაცობრიობა, რომელიც ღმერთს მტრად მიიჩნევს? რატომ უშვებს იგი, რომ ადამიანი ამ უბედურებებისგან იტანჯებოდეს? რაც შეეხება იმას, როგორი ღმერთია იგი, თქვენ შორის ვერავინ ბედავს ამის თქმას და ვერავინ ხსნის ამას. შეგიძლია კი დარწმუნებით თქვა, რომ იგი სულია? გაბედავ თქმას, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა იესოს ხორცი? და გაბედავ თქმას, რომ იგი ღმერთია, რომელიც მარადიულად ჯვარზე უნდა იყოს გაკრული ადამიანის გამო?