ქრისტეს არსი ზეციერი მამის ნებისადმი მორჩილებაა
ხორცშესხმულ ღმერთს ქრისტე ეწოდება. ქრისტე არის ღვთის სულით შემოსილი ხორცი. ეს ხორცი არაა არცერთი ხორციელი ადამიანის მსგავსი. ეს განსხვავება იმით განიმარტება, რომ ქრისტე არის სულის ხორცშესხმა და არა უბრალო ხორციელება. მას აქვს როგორც ნორმალური ადამიანობა, ისე სრული ღვთაებრიობა. მისი ღვთაებრიობა არცერთ ადამიანს არ გააჩნია. მისი ადამიანობა აღასრულებს ყველა ბუნებრივ ადამიანურ მოქმედებას, ხოლო მისი ღვთაებრიობა აღასრულებს თვით ღმერთის საქმეს. იქნება ეს მისი ადამიანობა თუ ღვთაებრიობა, ორივე ემორჩილება ზეციერი მამის ნებას. ქრისტეს არსი არის სული, ანუ ღვთაებრიობა; ამიტომ, მისი არსი თვით ღმერთის არსია. ეს არსი ვერასოდეს ჩაშლის მისსავე საქმეს; შეუძლებელია მან ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მისსავე საქმეს დაანგრევს, და ვერცერთ სიტყვას ვერ წარმოთქვამს, რომელიც მისი საკუთარი ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამიტომ განკაცებული ღმერთი არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ აღასრულებს ისეთ საქმეს, რომელიც ხელს შეუშლის მის მართვას. ეს არის ის, რასაც ყოველი ადამიანი უნდა შეიცნობდეს. სულიწმიდის მოქმედების არსი არის ადამიანის ხსნა და იგი მიმართულია ღვთის მართვის აღსრულებისკენ. ქრისტეს მოქმედებაც მიმართულია ადამიანის ხსნისკენ და სრულდება ღვთის ნების შესაბამისად. რაკი ღმერთი განკაცდა, მან საკუთარი არსი ხორცში განახორციელა, ამიტომაც მისი სხეული სრულიად საკმარისია დასახული საქმის აღსასრულებლად. ამიტომ, განკაცების ჟამს, ღვთის სულის ყოველგვარ საქმის შესრულებას ქრისტეს საქმის შესრულება ანაცვლებს, და განკაცების მთელი პერიოდის მანძილზე ყოველი საქმის არსს სწორედ ქრისტეს საქმე წარმოადგენს. ეს საქმე ვერ შეერწყმის რომელიმე სხვა ჟამის საქმეს. და რადგან ღმერთი ხორცად იქმნა, იგი ხორციელ იდენტობაში აღასრულებს თავის მოქმედებას; და რადგან ხორციელად მოვიდა, ხორციელადვე სრულყოფს იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც ხორცშესხმის გზით იყო მისთვის განწესებული. იქნება ეს ღვთის სული თუ ქრისტე, ორივე თავად ღმერთია, და აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს, ასრულებს იმ მსახურებას, რომელიც უნდა შეასრულოს.
თვით ღმერთის არსი ფლობს ხელმწიფებას, თუმცა მას შეუძლია სრულად დაემორჩილოს იმ ხელმწიფებას, რომელიც თავად მისგან მოდის. იქნება ეს სულისმიერი თუ ხორციელი, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ღმერთის სული არის ხელმწიფება ყველაფერზე. ხორციც, რომელიც ღმერთის არსს ატარებს, ფლობს ხელმწიფებას, თუმცა ღმერთს ხორციელად შეუძლია შეასრულოს მთელი ის საქმე, რომელიც ზეციერი მამის ნებას ემორჩილება. ეს არ შეუძლია არცერთ ადამიანს და ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს ამას. ღმერთი თავად არის ხელმწიფება, მაგრამ მისი ხორცი მისივე ხელმწიფებას ემორჩილება. სწორედ ამას გულისხმობს ნათქვამი, რომ „ქრისტე ემორჩილება მამა ღმერთის ნებას“. ღმერთი არის სული და მას შეუძლია ხსნის საქმის შესრულება, ისევე როგორც შეუძლია ეს ღმერთს, რომელიც განკაცდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი თავადვე აღასრულებს საკუთარ საქმეს; იგი არც ჩაშლის და არც შეაფერხებს მას, მით უმეტეს, არასოდეს შეასრულებს ისეთ საქმეს, რომელიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან სულის მიერ შესრულებული საქმის არსი და ხორცის მიერ შესრულებული საქმის არსი ერთია. იქნება ეს სული თუ ხორცი, ორივე ერთი ნების აღსრულებისთვის მოქმედებს და ერთსა და იმავე საქმეს მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სულსა და ხორცს განსხვავებული ბუნება აქვთ, მათი არსი ერთია; ორივეს აქვს ღმერთის არსი და ღმერთის იდენტობა. ღმერთის არსში არ არსებობს ურჩობის ელემენტი; მისი არსი კეთილია. იგი არის ყოველგვარი სილამაზისა და სიკეთის, ისევე როგორც ყოველი სიყვარულის გამოხატულება. განკაცებულიც კი, ღმერთი არ აკეთებს არაფერს ისეთს, რაც მამა ღმერთის მიმართ აჯანყებისკენაა მიმართული. თუნდაც საკუთარი სიცოცხლის შეწირვის ფასად, იგი მთელი გულით იქნებოდა ამისთვის მზად და სხვა არჩევანს არ გააკეთებდა. ღმერთს არ გააჩნია თვითმართლობისა თუ მედიდურობის არავითარი ელემენტი, არც ქედმაღლობა და ამპარტავნება; მასში არ არსებობს არავითარი სიმრუდე. ყველაფერი, რაც ღმერთს უჯანყდება, სატანისგან მომდინარეობს; სატანა არის ყოველგვარი სიმახინჯისა და ბოროტების წყარო. ის, რომ ადამიანს აქვს სატანის მსგავსი თვისებები, განპირობებულია იმით, რომ იგი სატანის მიერაა დამუშავებული და გახრწნილი. ქრისტე სატანის მიერ გახრწნილი არ ყოფილა, ამიტომ მას აქვს მხოლოდ ღვთის და არა სატანური თვისებები. როგორი მძიმეც უნდა იყოს საქმე და რამდენად სუსტიც უნდა იყოს ხორციელება, განკაცებული ღმერთი არასოდეს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ღმერთის საქმეს ჩაშლის, მით უმეტეს, იგი არასოდეს ეურჩება მამა ღმერთს. მას ურჩევნია ხორციელი ტანჯვა იტვირთოს, ვიდრე მამა ღმერთის ნებას შეეწინააღმდეგოს; ზუსტად ისე, როგორც იესომ თქვა ლოცვაში, „მამა, თუ შესაძლებელია, ამაცილე ეს სასმისი; თუმცა არა ისე, როგორც მე მსურს, არამედ ისე, როგორც შენ გსურს“. ადამიანები არჩევანს თავად აკეთებენ, ქრისტე — არა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავად ღმერთის იდენტობა აქვს, იგი მაინც ეძიებს მამა ღმერთის ნებას და ხორცის პერსპექტივიდან აღასრულებს იმას, რაც მამა ღმერთმა მიანდო. ეს არის ის, რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს. ის, რაც სატანისგან მოდის, ვერ ფლობს ღვთის არსს; მას მხოლოდ ღვთისადმი ამბოხებული და მოწინააღმდეგე ბუნება შეიძლება ჰქონდეს. მას არ შეუძლია სრულად დაემორჩილოს ღმერთს და მით უმეტეს, ნებაყოფლობით დაემორჩილოს ღმერთის ნებას. ქრისტეს გარდა, ყველა ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება და არცერთ ადამიანს არ ძალუძს უშუალოდ იტვირთოს ღმერთის მიერ მინდობილი საქმე; არავის შესწევს ძალა, ღმერთის მართვა აღიქვას საკუთარ მოვალეობად, რომელიც მან თავადვე უნდა აღასრულოს. ქრისტეს არსი ღმერთის, მამის ნებისადმი მორჩილებაა; ღმერთის წინააღმდეგ ურჩობა სატანის დამახასიათებელი ნიშანია. ეს ორი თვისება შეუთავსებელია და მას, ვისაც სატანის თვისებები აქვს, არ შეიძლება ეწოდოს ქრისტე. მიზეზი, რის გამოც ადამიანს არ შეუძლია ღვთის საქმის შესრულება მის ნაცვლად, არის ის, რომ ადამიანს არ გააჩნია ღვთის არსი. ადამიანი ღვთისთვის შრომობს, რათა საკუთარი პირადი ინტერესები და მომავლის პერსპექტივები აღასრულოს, ქრისტე კი ღმერთის, მამის ნების შესასრულებლად მუშაობს.
ქრისტეს ადამიანობას მისი ღვთაებრიობა მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ის განკაცებულია, მისი ადამიანურობა სრულიად არ ჰგავს ხორციელი ადამიანისას. მას აქვს საკუთარი უნიკალური პიროვნულობა და ამასაც მისი ღვთაებრიობა მართავს. მის ღვთაებრივ ბუნებას სისუსტე არ გააჩნია; ქრისტეს სისუსტე მის ადამიანობას ეხება. გარკვეულწილად, ეს სისუსტე მის ღვთაებრივ ბუნებას ზღუდავს, მაგრამ ასეთი საზღვრები გარკვეულ ფარგლებსა და დროშია მოქცეული და ის უსაზღვრო არ არის. როდესაც მისი ღვთაებრივი საქმის აღსრულების ჟამი დგება, ეს მისი ადამიანობის მიუხედავად ხდება. ქრისტეს ადამიანობას მთლიანად მისი ღვთაებრიობა მართავს. მისი ადამიანობის ნორმალური ცხოვრების გარდა, მისი ადამიანობის ყველა სხვა ქმედებაზე გავლენას ახდენს, ზემოქმედებს და მათ მართავს მისი ღვთაებრიობა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს აქვს ადამიანობა, ეს არ აფერხებს მისი ღვთაებრიობის საქმეს და ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ქრისტეს ადამიანობას მისი ღვთაებრიობა წარმართავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადამიანობა არ არის გაწაფული სხვებთან ურთიერთობაში, ეს გავლენას არ ახდენს მისი ღვთაებრიობის ნორმალურ საქმეზე. როდესაც ვამბობ, რომ მისი ადამიანობა არ არის გახრწნილი, ვგულისხმობ, რომ ქრისტეს ადამიანობას პირდაპირ მისი ღვთაებრიობა განაგებს. და რომ მას უფრო მაღალი გონიერება გააჩნია, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. მისი ადამიანობა ყველაზე მეტად შეეფერება იმას, რომ საქმეში მისი ღვთაებრიობის მიერ იყოს წარმართული; მის ადამიანობას ყველაზე მეტად შეუძლია ღვთაებრიობის საქმის გამოხატვა და ასეთი საქმისადმი მორჩილება. როდესაც ღმერთი ხორციელად მოქმედებს, ის არასდროს ივიწყებს იმ მოვალეობას, რომელიც ხორციელმა ადამიანმა უნდა შეასრულოს; მას შეუძლია, ზეცაში ღმერთსწრფელი გულით თაყვანი სცეს. მას აქვს ღვთის არსი და მისი ვინაობა თავად ღმერთის ვინაობაა. საქმე ისაა, რომ ის დედამიწაზე მოვიდა და შექმნილ არსებად იქცა, შექმნილი არსების გარსით, ახლა კი ადამიანურობა მოირგო, რაც მანამდე არ ჰქონია. მას შეუძლია, ზეცაში ღმერთს თაყვანი სცეს; ეს თავად ღვთის არსებაა და ადამიანისთვის განუმეორებელია. მისი ვინაობა თავად ღმერთია. ის ღმერთს ხორციელი ბუნების პერსპექტივიდან სცემს თაყვანს; ამიტომ ფრაზა — „ქრისტე ზეცაში სცემს თაყვანს ღმერთს“ — მცდარი არ არის. ის ადამიანისგან სწორედ საკუთარ არსებას მოითხოვს; მანამდე, სანამ ამას ადამიანს მოსთხოვდეს, თავად უკვე მიაღწია ყოველივე იმას, რასაც მათგან ითხოვს. ის არასოდეს წაუყენებდა სხვებს ისეთ მოთხოვნებს, რისგანაც თავად თავისუფალია, რადგან ეს ყველაფერი მის არსებას ეკუთვნის. რა სახითაც უნდა ასრულებდეს თავის საქმეს, იგი არასდროს ჩაიდენდა ისეთ რამეს, რაც ღვთისადმი ამბოხება იქნებოდა. რასაც არ უნდა სთხოვდეს იგი ადამიანს, არცერთი მოთხოვნა არ აღემატება იმას, რაც ადამიანისთვის მისაღწევია. ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, მიჰყვება ღვთის ნებას და მისი მართვისთვის სრულდება. ქრისტეს ღვთაებრიობა ყველა ადამიანზე მაღლა დგას; ამიტომ, ყოველ შექმნილ არსებაზე უზენაესი ხელმწიფება მას ეკუთვნის. ეს ხელმწიფება მისი ღვთაებრიობაა, ანუ თავად ღვთის ხასიათი და ღვთის არსება, რაც განსაზღვრავს მის ვინაობას. შესაბამისად, როგორი ნორმალურიც არ უნდა იყოს მისი ადამიანობა, უდავოა, რომ მას თავად ღმერთის ვინაობა აქვს. რომელი თვალსაზრისითაც არ უნდა საუბრობდეს და რამდენად სრულადაც არ უნდა ემორჩილებოდეს ღვთის ნებას, არ შეიძლება ითქვას, რომ იგი თავად ღმერთი არ არის. სულელი და უმეცარი ადამიანები ხშირად ქრისტეს ნორმალურ ადამიანობას ნაკლოვანებად აღიქვამენ. როგორი ფორმითაც არ უნდა გამოხატავდეს და ავლენდეს იგი თავისი ღვთაებრიობის არსებას, ადამიანი მაინც ვერ აღიარებს, რომ ის ქრისტეა. და რაც უფრო მეტად ავლენს ქრისტე თავის მორჩილებასა და თავმდაბლობას, მით უფრო ნაკლებად აღიქვამენ მას სულელი ადამიანები. არიან ისეთებიც, ვინც მის მიმართ გამრიყავ და დამამცირებელ დამოკიდებულებას იჩენენ, თუმცა თაყვანსაცემად საკურთხეველზე აღმართავენ ამაღლებული ხატების მქონე იმ „დიდ ადამიანებს“. ადამიანის წინააღმდეგობა და აჯანყება ღმერთის მიმართ გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ განსახიერებული ღმერთის არსი ემორჩილება ღვთის ნებას, აგრეთვე ქრისტეს ადამიანობას; სწორედ ეს ხდება ადამიანის წინააღმდეგობისა და აჯანყების წყარო ღმერთის მიმართ. ქრისტეს რომ არ ჰქონოდა ადამიანური საფარველი და არც შექმნილი არსების პერსპექტივიდან ეძია მამა ღმერთის ნება, არამედ ზეადამიანურობით ყოფილიყო მოსილი, მაშინ, დიდი ალბათობით, ადამიანებში აჯანყება არ მოხდებოდა. ადამიანი ყოველთვის მზად არის ირწმუნოს ზეცაში მყოფი უხილავი ღმერთის არსებობა, რადგან ზეცაში მყოფ ღმერთს არ გააჩნია ადამიანობა და არც შექმნილი არსებისთვის დამახასიათებელი რომელიმე თვისება. ამიტომ ადამიანი მას ყოველთვის უდიდესი პატივისცემით უყურებს, ხოლო ქრისტეს მიმართ ზიზღით არის განწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მყოფ ქრისტეს შეუძლია იმოქმედოს თავად ღმერთის სახელით, იგი არ მოდის იმ მიზნით, რომ ყველა ადამიანს ხორციელად აჩვენოს თავისი სახე. ის არ მოდის იმისთვის, რომ ყველამ იხილოს; იგი მოდის, რათა ადამიანს ხელი ჩასჭიდოს, წარუძღვეს მას და ამ გზით ადამიანი ახალ ეპოქაში შეიყვანოს. ქრისტეს ხორცის ფუნქცია თავად ღვთის საქმისთვისაა, ანუ ხორცში მყოფი ღვთის საქმისთვის და არა იმისთვის, რომ ადამიანს მისი ხორცის არსის სრულად გაგების საშუალება მისცეს. როგორიც უნდა იყოს მისი საქმე, ყოველივე, რასაც იგი იქმს, არ სცილდება ხორციელი ბუნების შესაძლებლობებს. როგორც არ უნდა მოქმედებდეს, იგი ამას ახორციელებს ნორმალური ადამიანურობით და ადამიანს სრულად არ აჩვენებს ღმერთის ჭეშმარიტ სახეს. ამასთან, მისი მოქმედება ადამიანურ ყოფაში არასდროსაა ისეთი ზებუნებრივი ან მიუწვდომელი, როგორსაც ადამიანი წარმოიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ხორცში თავად ღმერთს წარმოადგენს და პირადად აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც თავად ღმერთმა უნდა აკეთოს, იგი არ უარყოფს ზეცაში ღმერთის არსებობას და არც თავის საქმეებს აცხადებს გამალებით. პირიქით, იგი თავმდაბლად და ფარულად რჩება საკუთარ ხორცში. თვითგამოცხადებული ქრისტეები, მის თვისებებს არ ატარებენ. მათი ქედმაღლური და თვითაღმატებული ხასიათის საპირისპიროდ ნათლად წარმოჩნდება ის ადამიანური ბუნება, რომელიც ჭეშმარიტად ეკუთვნის ქრისტეს. რაც უფრო მეტად ცრუობენ, მით უფრო გამოკვეთილად იწონებენ თავს ასეთი ცრუ ქრისტეები და მით უფრო ხშირად მიმართავენ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა ადამიანი შეცდომაში შეიყვანონ. ცრუ ქრისტეებს არ აქვთ ღმერთის თვისებები. ქრისტე არ არის შებღალული არცერთი იმ ნიშნით, რაც ცრუ ქრისტეებს ახასიათებთ. ღმერთი განკაცდა არა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ მისი ხილვის საშუალება მიეცა, არამედ იმისთვის, რომ ხორციელად აღესრულებინა თავისი საქმე. იგი თავის ვინაობას საკუთარი საქმით ამტკიცებს, ხოლო ის, რასაც ავლენს, მეტყველებს მისი არსის ჭეშმარიტებაზე. მისი არსი უსაფუძვლო არ არის; მისი ვინაობა საკუთარი ნებით მითვისებული არ გახლავთ; იგი მისი საქმითა და არსით განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ღვთის არსს ატარებს და შეუძლია თავად ღვთის საქმის კეთება, მაინც, საბოლოო ჯამში, ხორცია და არა სული. იგი არ არის ღმერთი სულის თვისებებით; იგი არის ღმერთი ხორცის გარსით, ამიტომ, როგორი ჩვეულებრივი და სუსტიც არ უნდა ჩანდეს და რამდენადაც არ უნდა ეძიებდეს მამა ღმერთის ნებას, მისი ღვთაებრიობა ეჭვგარეშეა და უარყოფას არ ექვემდებარება. განკაცებულ ღმერთში არსებობს არა მხოლოდ ადამიანურობა თავისი სისუსტეებით, არამედ მისი ღვთაებრიობის საოცარი და მიუწვდომელი სიღრმეც, ისევე როგორც ყოველი მისი საქმე, რომელიც ხორციელად აღესრულება. ამრიგად, ქრისტეში ერთდროულად არსებობს ადამიანობაც და ღვთაებრიობაც — ორივე ჭეშმარიტად, საქმით გამყარებული. ამაში არაფერია ამაო და არც რაიმე ზებუნებრივი. იგი დედამიწაზე მოდის უმთავრესი მიზნით — საქმის აღსასრულებლად; და ამ საქმის მიწიერ რეალობაში აღსრულებისთვის აუცილებელია, რომ მას ადამიანური ბუნება ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი დიდიც არ უნდა იყოს მისი ღვთაებრიობის ძალა, მისი პირვანდელი დანიშნულება სათანადოდ ვერ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადამიანურობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს მისი არსი არ არის. მისი არსი ღვთაებრიობაა; ამიტომაც, იმ წამიდან, როდესაც იგი დედამიწაზე თავისი მსახურების აღსრულებას იწყებს, იგი იწყებს თავისი ღვთაებრიობის არსების გამოხატვას. მისი ადამიანურობა მხოლოდ მისი ხორცის ნორმალური სიცოცხლის შესანარჩუნებლად არსებობს, რათა მისმა ღვთაებრიობამ შეძლოს ჩვეულებრივად აღასრულოს საქმე ხორციელად; სწორედ ღვთაებრიობა წარმართავს მთლიანად მის საქმეს. ხოლო როდესაც იგი ამ საქმეს სრულად აღასრულებს, ამით მისი მსახურებაც აღსრულებული იქნება. ადამიანისთვის შესაცნობია მისი საქმის მთლიანობა; სწორედ ამ საქმის მეშვეობით აძლევს იგი ადამიანს შესაძლებლობას, შეიცნოს იგი. თავისი საქმის განმავლობაში იგი სრულიად გამოხატავს თავის ღვთაებრივ არსებას, რომელიც არ არის ადამიანურობით შებღალული ხასიათი და არც ადამიანური აზროვნებითა თუ ქცევით შებღალული არსება. როდესაც დადგება ჟამი და მისი მთელი მსახურება აღსრულდება, იგი უკვე სრულად და სრულყოფილად გამოხატავს იმ ჭეშმარიტ ხასიათს. მისი საქმე არ იმართება არცერთი ადამიანის დარიგებით; არც მისი ხასიათის გამოხატვა ექვემდებარება გონების მართვას ან აზროვნების დამუშავებას, ის ბუნებრივად და თავისუფლად ვლინდება. ეს არის ის, რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ მიაღწევს. თუნდაც გარემოება მძიმე იყოს და პირობები არასახარბიელო, იგი მაინც შეძლებს შესაბამის ჟამს თავისი ხასიათის გამოხატვას. ვინც ქრისტეა, იგი ქრისტეს არსებას გამოხატავს; ხოლო მათში, ვინც ქრისტე არ არის, ქრისტესმიერი ხასიათი არ აქვს. ამგვარად, თუნდაც მთელი სამყარო ეურჩებოდეს მას ან საკუთარ შეხედულებებს ახვევდეს თავს, ადამიანური წარმოდგენებით მაინც ვერავინ უარყოფს, რომ ქრისტეს მიერ გამოხატული ხასიათი თავად ღვთის თვისებაა. ხოლო ყველა, ვინც წრფელი გულით მიჰყვება ქრისტეს ან ჭეშმარიტი ზრახვით ეძიებს ღმერთს, მისი ღვთაებრიობის გამოხატვის საფუძველზე აღიარებს, რომ ის არის ქრისტე. ისინი არასოდეს უარყოფენ ქრისტეს მის რომელიმე ასპექტზე დაყრდნობით, რომელიც ადამიანურ წარმოდგენებს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მეტად უგუნურია, ყველამ ზუსტად იცის, რა არის ადამიანის ნება და რა მომდინარეობს ღმერთისგან. სინამდვილეში, მრავალი ადამიანი განზრახ უპირისპირდება ქრისტეს საკუთარი ზრახვების გამო. სხვაგვარად რომ იყოს, არცერთ ადამიანს არ ექნებოდა საფუძველი უარეყო ქრისტეს არსებობა, ვინაიდან ქრისტეს მიერ გამოხატული ღვთაებრიობა ჭეშმარიტად არსებობს და მისი საქმე შეუიარაღებელი თვალითაც კი დასტურდება.
ქრისტეს საქმე და გამოხატულება განსაზღვრავს მის არსს. მას შეუძლია ჭეშმარიტი გულით შეასრულოს ის, რაც მას მიანდეს. მას შეუძლია ჭეშმარიტი გულით თაყვანი სცეს ღმერთს ზეცაში და ჭეშმარიტი გულით ეძიოს მამა ღმერთის ნება. ეს ყველაფერი მისი არსით არის განსაზღვრული. ამგვარადვე, მისი ბუნებრივი გამოცხადებაც მისი არსებით განისაზღვრება; ამას „ბუნებრივ გამოცხადებას“ იმიტომ ვუწოდებ, რომ მისი გამოხატვა არ არის მიბაძვა, არც ადამიანის მიერ მიღებული განათლების შედეგი და არც ადამიანის მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული თვისება. ეს არც ნასწავლია და არც ხელოვნურად შეძენილი; პირიქით, ეს მისი თანდაყოლილი ბუნებაა. ადამიანს შეუძლია უარყოს მისი საქმე, მისი გამოხატვა, მისი ადამიანობა და მისი ნორმალური ადამიანური ცხოვრება მთლიანად, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ ის ჭეშმარიტი გულით სცემს თაყვანს ზეციურ ღმერთს. ვერავინ უარყოფს, რომ ის ზეციერი მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა, და ვერავინ უარყოფს იმ გულწრფელობას, რომლითაც ის მამა ღმერთს ეძიებს. მართალია, მისი გარეგნობა თვალისთვის მიმზიდველი არ არის, მისი საუბარი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მედიდურობით, ხოლო მისი საქმე არ არის ისეთი გრანდიოზული და ცისა და დედამიწის შემძვრელი, როგორადაც ადამიანს წარმოუდგენია, ის ნამდვილად ქრისტეა, რომელიც წრფელი გულით აღასრულებს ზეციერი მამის ნებას, სრულად ემორჩილება მას და მორჩილია თვით სიკვდილამდე. რადგან მისი არსი ქრისტეს არსია. ეს ჭეშმარიტება ადამიანს ძნელად სარწმუნოდ ეჩვენება, თუმცა ფაქტია. როცა ქრისტეს მსახურება სრულად აღსრულდება, ადამიანი მის საქმეთაგან შეძლებს იხილოს, რომ მისი ხასიათი და მისი არსება წარმოაჩენს ზეციური ღმერთის ხასიათსა და არსებას. მაშინ მისი მთელი საქმის ერთობლიობა დაადასტურებს, რომ იგი ჭეშმარიტად არის ხორცი, რომლადაც იქცა სიტყვა, და არა ჩვეულებრივი მოკვდავის მსგავსი. ქრისტეს ყოველი ნაბიჯი, რომელიც მან დედამიწაზე აღასრულა, წარმომადგენლობით მნიშვნელობას ატარებს; თუმცა ადამიანს, რომელიც თითოეული ამ ნაბიჯის რეალურ მოქმედებას განიცდის, არ ძალუძს ჩასწვდეს მისი საქმის მნიშვნელობას. ეს განსაკუთრებით ეხება იმ საქმეს, რომელიც ღმერთმა თავისი მეორე განკაცებისას აღასრულა. მათ უმეტესობას, ვინც მხოლოდ მოისმინა ან იხილა ქრისტეს სიტყვები, მაგრამ არასდროს უნახავს იგი, წარმოდგენა არ აქვს მისი საქმიანობის შესახებ, ხოლო ისინი, რომელთაც ქრისტე უხილავთ და მისი სიტყვები სმენიათ, და, აგრეთვე, მისი საქმის მოქმედება განუცდიათ, მის საქმეს ძნელად იღებენ. ნუთუ ეს იმის გამო არ ხდება, რომ ქრისტეს გარეგნობა და მისი განკაცებული ბუნება ადამიანის გემოვნებას არ შეეფერება? ხოლო ისინი, ვინც ქრისტეს წასვლის შემდეგ მიიღებენ მის საქმეს, ასეთ სირთულეებს აღარ აწყდებიან, რადგან ისინი მხოლოდ მის საქმეს აღიარებენ და არ აქვთ შეხება ქრისტეს ნორმალურ ადამიანობასთან. ადამიანი ვერ თმობს ღმერთზე შექმნილ საკუთარ წარმოდგენებს და ამის ნაცვლად მას გულმოდგინედ იკვლევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყურადღებას მხოლოდ მის გარეგნობაზე ამახვილებს და არ ძალუძს მისი არსის შეცნობა, მისი საქმისა და სიტყვების საფუძველზე. თუ ადამიანი თვალს დახუჭავს ქრისტეს გარეგნობაზე ან თავს აარიდებს მისი ადამიანობის განხილვას და მხოლოდ მის ღვთაებრიობაზე ილაპარაკებს, იმ ღვთაებრიობაზე, რომლის გაკეთებულ საქმეს და წარმოთქმულ სიტყვებს ვერავითარი ადამიანი ვერ სწვდება, მაშინ ადამიანის წარმოდგენები ქრისტეზე განახევრდება, იმ ზომამდეც კი, რომ ადამიანი შეძლებს ყველა სირთულის გადალახვას. განკაცებული ღმერთის მოღვაწეობის დროს ადამიანს არ შეუძლია მისი ატანა. მის შესახებ უამრავი სხვადასხვა წარმოდგენები ჩნდება. ასევე ხშირია წინააღმდეგობის გაწევის და ურჩობის შემთხვევები. ადამიანს არ შეუძლია ღმერთის არსებობის ატანა, ქრისტეს თავმდაბლობის მიმართ ლმობიერების გამოხატვა ან ქრისტეს არსის პატიება, რომელიც ზეციურ მამას ემორჩილება. ამიტომ, მას არ შეუძლია ადამიანებთან სამუდამოდ დარჩეს თავისი საქმის დასრულების შემდეგ, რადგან ადამიანს არ სურს, რომ მან მის გვერდით იცხოვროს. თუკი ადამიანი ვერ იჩენს შემწყნარებლობას მის მიმართ მისი საქმის აღსრულების ჟამს, მაშინ როგორღა შეძლებს მასთან თანაცხოვრებას მას შემდეგ, რაც ის მსახურებას დაასრულებს და დააკვირდება, თუ როგორ განიცდის ადამიანი თანდათანობით მის სიტყვებს? განა ბევრი არ დაბრკოლდებოდა მის გამო? ადამიანი მხოლოდ იმას უშვებს, რომ მან დედამიწაზე თავისი საქმე შეასრულოს; ეს არის ადამიანური შემწყნარებლობის უკიდურესი ზღვარი. მისი ნამოქმედარის გარეშე, ადამიანი მას დიდი ხნის წინ განდევნიდა დედამიწიდან. მაშ, რამდენად ნაკლებად გამოიჩენდა შემწყნარებლობას მაშინ, როცა მისი საქმე სრულად იქნებოდა აღსრულებული?“ ნუთუ მაშინ ადამიანი მას არ მოკლავდა და წამებით არ აღესრულებოდა? ქრისტე რომ არ წოდებოდა, იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღასრულებდა თავის საქმეს კაცობრიობაში; თუ იგი არ იმოქმედებდა თავად ღვთის ვინაობით და ამის ნაცვლად მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანის სახით შეასრულებდა საქმეს, მაშინ ადამიანი მის მიერ წარმოთქმულ ერთ წინადადებასაც კი ვერ აიტანდა, მით უმეტეს ვერ შეეგუებოდა მის უმცირეს საქმესაც კი. ამიტომ, მას მხოლოდ ამ ვინაობის ტარებით შეუძლია თავისი საქმის აღსრულება. ამგვარად, მისი საქმე უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, რადგან ადამიანები მზად არიან დაემორჩილონ მაღალ მდგომარეობასა და დიდებულ ვინაობას. თუ იგი თავისი საქმის აღსრულებისას არ იმოქმედებდა თავად ღმერთის ვინაობით, ან არ გამოჩნდებოდა როგორც თავად ღმერთი, მაშინ მას საერთოდ არ ექნებოდა შესაძლებლობა რაიმე საქმე აღესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ღმერთის არსი და ქრისტეს არსება, ადამიანი მაინც არ მისცემს მას საშუალებას თავისუფლად აღასრულოს თავისი საქმე. საქმის აღსრულებისას იგი ატარებს თავად ღმერთის ვინაობას; თუმცა ასეთი ვინაობით აღსრულებული საქმე ათჯერ და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე შესრულებული, ადამიანი მაინც სრულად არ ემორჩილება მას, რადგან იგი მხოლოდ მის სტატუსს ემორჩილება და არა მის არსს. თუ ასეა, ნუთუ მაშინ, როდესაც ერთ დღეს ქრისტე თავის მსახურებას ჩამოშორდება, ადამიანი მას ერთი დღის სიცოცხლეს მაინც დაუტოვებს? ღმერთს სურს დედამიწაზე ადამიანთან ერთად იცხოვროს, რათა იხილოს ის შედეგები, რომლებსაც მისი ხელით აღსრულებული საქმე მომდევნო წლებში მოიტანს. თუმცა, ადამიანს არ შეუძლია მისი ყოფნის ატანა ერთი დღითაც კი, ამიტომ მას მხოლოდ დანებება შეუძლია. ეს უკვე ადამიანის შემწყნარებლობისა და მოწყალების მწვერვალია — ნება დართოს ღმერთს, ადამიანებს შორის აღასრულოს თავისი საქმე და ბოლომდე მიიყვანოს თავისი მსახურება. თუმცა ისინიც კი, ვინც პირადად მის მიერ არიან დაპყრობილნი, ასეთ წყალობას გაიღებენ მანამდე, სანამ იგი თავის საქმეს დაასრულებს დედამიწაზე და არც ერთი წამით მეტს. და თუ ასეა, რაღა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც მის მიერ დაძლეულნი არ არიან? განა ადამიანი ასე იმიტომ არ ექცევა განსხეულებულ ღმერთს, რომ ქრისტე ადამიანის ხატად მოვიდა დედამიწაზე? მას რომ მხოლოდ ღვთაებრიობა ჰქონოდა და არა ნორმალური ადამიანურობა, განა ადამიანთა სირთულეები უდიდესი სიმარტივით არ გადაიჭრებოდა? ადამიანი უხალისოდ აღიარებს მის ღვთაებრიობას და არავითარ ინტერესს არ იჩენს მისი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის, გარეგნული გარსის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსი ზუსტად ქრისტეს არსია, რომელიც ემორჩილება ზეციური მამის ნებას. ამგვარად, მას მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ უარი ეთქვა ადამიანთა შორის ყოფნაზე და მათთან ერთად სიხარულისა და მწუხარების გაზიარებაზე, რადგან ადამიანს უკვე აღარ შეეძლო მისი არსებობის ატანა.