ექსკურსი მეოთხე: ანტიქრისტეთა ზნეობისა და მათი ხასიათი-არსის შეჯამება (ნაწილი პირველი)

გასულ შეკრებაზე დავასრულეთ ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების შესახებ მეთხუთმეტე პუნქტზე თანაზიარება. ამ თხუთმეტ პუნქტზე თანაზიარების შემდეგ, შეაჯამეთ თუ არა ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინება და არსი? გაქვთ თუ არა მათ შესახებ ძირითადი წარმოდგენა და გესმით თუ არა ისინი? შეგიძლიათ თუ არა იმ ადამიანების გარჩევა, რომლებსაც ანტიქრისტეთა არსი აქვთ? (შედარებით აშკარა შემთხვევების გარჩევა შემიძლია, მაგრამ შედარებით ცბიერი და მუხანათი ადამიანების გარჩევა ჯერ კიდევ მიჭირს.) დღეს ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინებას ორი ასპექტიდან შევაჯამებთ: პირველი — ანტიქრისტეთა ზნეობა, ხოლო მეორე — მათი ხასიათი-არსი. ამ ორი ასპექტის მიხედვით ანტიქრისტეთა გარჩევა უფრო ადვილია? (დიახ.) თუ ნაკლებად გვექნება თანაზიარება და ბევრ მაგალითს არ მოვიყვანთ, შესაძლოა, მათი გარჩევა ვერ შეძლოთ; ხოლო თუ მეტი თანაზიარება გვექნება, შესაძლოა, ეს გაიგოთ, მაგრამ როდესაც ანტიქრისტეებს ბოროტების ჩადენისას დაინახავთ, მაინც გაგიჭირდეთ მათი ქცევის ამ ნიშნების მიხედვით შეფასება. ანტიქრისტეთა ბუნება-არსების შეჯამება და მათი ამ ორი ასპექტით გარჩევა ამ საკითხს თქვენთვის უფრო ნათელს გახდის.

I. ანტიქრისტეთა ზნეობა

პირველი ასპექტი ანტიქრისტეთა ზნეობაა. კერძოდ, ეს ასპექტი ეხება იმას, თუ როგორი ადამიანობა აქვთ ანტიქრისტეებს. რას მოიცავს ადამიანობა? ის მოიცავს სინდისს, გონიერებას, ზნეობრივ მთლიანობას, ღირსებას, ასევე ადამიანობის სიკეთესა და ბოროტებას. ანტიქრისტეთა ზნეობის გარჩევა მათი ადამიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ჯერ ვისაუბროთ იმ ჩვეულებრივ გამოვლინებებზე, რომლებიც ნორმალურ ადამიანობაში გვხვდება, ანუ იმ თვისებებზე, რომლებიც ნორმალურ ადამიანობას უნდა ახასიათებდეს. მითხარით, კონკრეტულად რა შედის ამ კატეგორიაში? (პატიოსნება და გულკეთილობა.) კიდევ? (ღირსების გრძნობა.) როგორც ზნეობრივი სიმტკიცის, ისე ღირსების გრძნობის ქონა აუცილებელია. (ასევე, სხვებისადმი სიყვარულის, შემწყნარებლობის, გულისხმიერებისა და მიტევების გამოვლენა.) ესენიც შედის. მოდით, ყველაფერი შევაჯამოთ. უპირველეს ყოვლისა, ნორმალურ ადამიანობას პატიოსნება ახასიათებს — ეს დადებითი თვისებაა? (დიახ.) გარდა ამისა, მას ახასიათებს გულკეთილობა და გულწრფელობა, თანაც გულწრფელობასა და პატიოსნებას შორის ხარისხის მხრივ განსხვავება არსებობს. როგორ ფიქრობთ, თანაგრძნობა არის ის, რაც ადამიანის ხასიათში უნდა შედიოდეს? (დიახ.) შეიძლება თუ არა თანაგრძნობა გულკეთილობის კატეგორიას მივაკუთვნოთ? (დიახ.) კეთილი გულის მქონე ადამიანს, რა თქმა უნდა, თანაგრძნობაც ექნება. შემდეგ მოდის უბრალოება და ღირსების გრძნობა. ღირსების გრძნობა მოიცავს ღირსებას, თვითშემეცნებასა და გონიერებას. შემდეგი არის ზნეობრივი სიმტკიცე. რა არის ზნეობრივი სიმტკიცის გამოვლინებები? ესენია სამართლიანობის გრძნობა, ბოროტებისადმი ზიზღი, უკეთურების სიძულვილი და დადებითი რამეებისკენ მიდრეკილება. თუ ადამიანს მხოლოდ ზნეობრივი სიმტკიცე აქვს, ეს საკმარისი არ არის; თუ მას აკლია შემწყნარებლობა და მოთმინება და პირდაპირ ლაპარაკობს ადამიანების მდგომარეობისა თუ გარემოებების გაუთვალისწინებლად, ეს მიუღებელია და მის ზნეს რამდენიმე თვისება აკლია. ასევე, არსებობს შემწყნარებლობა და მოთმინება, რომლებიც, ორივე გულკეთილობის კონკრეტული გამოვლინებაა და, რა თქმა უნდა, ერთ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის ის თვისებები, რომლებიც ნორმალურ ადამიანობას უნდა ახასიათებდეს: პატიოსნება, გულკეთილობა, გულწრფელობა, უბრალოება, ღირსების გრძნობა, ზნეობრივი სიმტკიცე და შემწყნარებლობა და მოთმინება — სულ შვიდი. ნორმალური ადამიანობის ეს თვისებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის შესაფასებლად, აქვს თუ არა ადამიანს ნორმალური ადამიანობა. თუმცა დღევანდელი თანაზიარების თემა არ ეხება არც იმ კონკრეტულ გამოვლინებებს, რომლებიც ნორმალურ ადამიანობას უნდა ახასიათებდეს, და არც იმას, თუ რომელ ადამიანებს აქვთ ეს თვისებები. ამის ნაცვლად, დღეს გვექნება თანაზიარება თემაზე: „კონკრეტულად რა არის ანტიქრისტეთა ზნეობა?“ ახლახან ნახსენები ნორმალური ზნეობის სხვადასხვა ასპექტთან შედარებით, აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს ამ თვისებებიდან რომელიმე და, თუ აქვთ, რომელი? (არც ერთი არ აქვთ.) რაკი ანტიქრისტეებზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ, მოდით, შევაჯამოთ, ანტიქრისტეთა ზნეობაში რომელი ელემენტების საფუძველზე მიიჩნევენ ადამიანები მათ ანტიქრისტეებად და რომელი ელემენტები აჩვენებს, რომ ასეთ ადამიანებს ცუდი ადამიანობა აქვთ, აკლიათ ნორმალური ადამიანობა და ანტიქრისტეთა ადამიანობა აქვთ. თუ ადამიანს იმ რამდენიმე გამოვლინებიდან, რომლებიც ადრე ნორმალური ადამიანობის ნიშნებად ჩამოვთვალეთ, ერთი ან ორი მაინც ახასიათებს, შეიძლება ითქვას, რომ მას გარკვეული ნორმალური ადამიანობა აქვს. ხოლო თუ ყველა მათგანი ახასიათებს, მაშინ მისი ადამიანობა ყველაზე ნორმალურია. მაგრამ ანტიქრისტეებს არცერთი ეს თვისება არ გააჩნიათ, მაშ, კონკრეტულად რას მოიცავს მათი ადამიანობა? მოდით, ჯერ ამ საკითხზე ვიქონიოთ თანაზიარება.

ა. ჩვეული სიცრუე

ნორმალური ზნეობის პირველი თვისება არის პატიოსნება. მოიცავს თუ არა ანტიქრისტეთა ზნეობა პატიოსნებას? აშკარაა, რომ ანტიქრისტეებს პატიოსანი ადამიანობა აკლიათ; მათი ადამიანობა, უდავოდ, პატიოსნების საპირისპიროა. მაშ, არანორმალური ადამიანობის რა ელემენტები აქვთ ანტიქრისტეებს, რომლებიც პატიოსნების საპირისპიროა? (ისინი ხშირად იტყუებიან და ადამიანებს აბრიყვებენ.) შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხშირად ტყუილის თქმა იგივეა, რაც ჩვეული სიცრუე? განა ასეთი შეჯამება უფრო კონკრეტული არ არის? თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი მუდამ იტყუება ან არცთუ გულწრფელია, ეს საკმარისად ზუსტად ვერ გადმოსცემს მისი სიცრუის ხარისხს. თუ მათი ხასიათის აღსაწერად ისეთ გამოთქმას გამოვიყენებთ, როგორიცაა „ტყუილებით სავსე“, ეს საკმარისად ოფიციალურად არ ჟღერს. ამიტომ, მათი აღსაწერად და იმის გამოსახატავად, რომ ანტიქრისტეთა ადამიანობა პატიოსანი არ არის, უფრო შესაფერისია გამოთქმის „ჩვეული სიცრუე“ გამოყენება. „ჩვეული სიცრუე“ პირველი თვისებაა — ის, რაც ხშირად ვლინდება და მჟღავნდება ანტიქრისტეთა ადამიანობაში. ეს უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული, ადვილად შესამჩნევი და იოლად გასარჩევი თვისება, რომლის გამოვლინებასაც ადამიანები შეიძლება წააწყდნენ. ესე იგი, ღირს თუ არა თანაზიარება ჩვეული სიცრუის კონკრეტულ გამოვლინებებზე? (დიახ.)

ანტიქრისტეთა ადამიანობა უპატიოსნოა, რაც ნიშნავს, რომ მათში ოდნავი გულწრფელობაც კი არ არის. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, შებილწულია და მათ განზრახვებსა და მიზნებს შეიცავს, ხოლო ყოველივე ამაში დამალულია მათი ისეთი ხრიკები და სქემები, რომელთა ხსენებაც და სიტყვებით გადმოცემაც კი შეუძლებელია. ამიტომ, ანტიქრისტეთა სიტყვები და ქმედებები არის მეტისმეტად შებილწული და სავსე სიყალბით. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, შეუძლებელია იმის გაგება, მათი სიტყვებიდან რომელია სიმართლე, რომელი — სიცრუე, რომელია სწორი და რომელი — არასწორი. ეს მათი უპატიოსნობითაა გამოწვეული: მათი გონება უაღრესად რთულია, სავსეა ვერაგული სქემებით და ხრიკებითაა მოცული. მათ ნათქვამში არაფერია პირდაპირი. ისინი არ ამბობენ, რომ ერთი ერთია, ორი — ორი, „კი“ ნამდვილად „კია“, ხოლო „არა“ — ნამდვილად „არა“. ამის ნაცვლად, ნებისმიერ საკითხზე სათქმელს გარს უვლიან, საკუთარ გონებაში ყველაფერს მრავალჯერ განიხილავენ, შედეგებს ითვლიან და დადებით და უარყოფით მხარეებს ყოველი მხრიდან წონიან. შემდეგ ისე ამუშავებენ იმას, რისი თქმაც სურთ, რომ მათი ნათქვამი საკმაოდ ჩახლართულად ჟღერს. პატიოსანი ადამიანები ვერასოდეს იგებენ მათ ნათქვამს და ადვილად რჩებიან მათგან მოტყუებულნი და გაბრიყვებულნი; ხოლო ვისაც ასეთ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა უწევს, ხვდება, რომ მათთან ურთიერთობა საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია. ისინი არასოდეს ამბობენ, რომ ერთი ერთია და ორი — ორი, არასოდეს ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და არასოდეს აღწერენ საგნებს ისე, როგორც სინამდვილეშია. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, შეუცნობელია, ხოლო მათი მოქმედებების მიზნები და განზრახვები უაღრესად ჩახლართულია. თუ სიმართლე გამომჟღავნდება — თუ სხვები მათ გამოიცნობენ და მათ ხრიკებს მიუხვდებიან — ისინი სწრაფად იგონებენ კიდევ ერთ ტყუილს მის დასაფარად. ამგვარი ადამიანები ხშირად იტყუებიან და ერთი ტყუილის გასამყარებლად კიდევ უფრო მეტი ტყუილის თქმა უწევთ; თავიანთი განზრახვების დასამალად სხვებს ატყუებენ და საკუთარი ტყუილების მხარდასაჭერად ყოველგვარ საბაბსა და თავის გასამართლებელ მიზეზს თხზავენ. შედეგად, ადამიანებს ძალიან უჭირთ იმის გარჩევა, რა არის ჭეშმარიტი და რა — არა და არ იციან, როდის ამბობენ ისინი სიმართლეს და მით უმეტეს, როდის იტყუებიან. როდესაც ასეთი ადამიანები იტყუებიან, არც წითლდებიან და არც იბნევიან, თითქოს სიმართლეს ამბობდნენ. განა ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ჩვეული სიცრუეა დამახასიათებელი? მაგალითად, ზოგჯერ გარეგნულად ჩანს, თითქოს ანტიქრისტეები სხვებს კარგად ექცევიან, მათ მიმართ გულისხმიერებას იჩენენ და გულთბილად საუბრობენ, რაც კეთილად და გულისამაჩუყებლად ჟღერს. თუმცა მაშინაც კი, როცა ასე საუბრობენ, ვერავინ განსაზღვრავს, გულწრფელები არიან თუ არა; მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, მოვლენების განვითარებით ხდება ნათელი, გულწრფელად საუბრობდნენ თუ არა. ანტიქრისტეები ყოველთვის გარკვეული განზრახვებითა და მიზნებით საუბრობენ და ზუსტად ვერავინ ხვდება, რისი მიღწევა სურთ. ასეთი ადამიანები ჩვეული სიცრუით გამოირჩევიან და თავიანთი არცერთი ტყუილის შედეგებზე არ ფიქრობენ. თუ მათი ტყუილი მათთვის სასარგებლოა, სხვების გაცურება შეუძლია და მათი მიზნების მიღწევას ემსახურება, შედეგები მათ არ აინტერესებთ. როგორც კი მათ გამოააშკარავებენ, ისინი კვლავ გააგრძელებენ დამალვას, ტყუილის თქმასა და ადამიანების გაბრიყვებას. ამ ადამიანების ქცევისა და სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი და მეთოდი სხვების ტყუილებით გაბრიყვებაა. ისინი ორპირები არიან და ისე საუბრობენ, რომ მსმენელს მოერგონ; ნებისმიერ როლს ასრულებენ, რომელსაც მოცემული ვითარება მოითხოვს. ისინი ენატკბილები და გაქნილები არიან, პირი ტყუილებით აქვთ სავსე და ნდობას არ იმსახურებენ. ვინც მათთან გარკვეული დროის განმავლობაში ურთიერთობს, მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი რჩება ან დაბრკოლებები ექმნება და მათგან ვერ იღებს საზრდოს, დახმარებასა თუ აღმშენებლობას. არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი ადამიანების ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები საზიზღარია თუ სასიამოვნო, გონივრულია თუ აბსურდული, შეესაბამება თუ არა ადამიანობას, უხეშია თუ ცივილიზებული — თავისი არსით, ყველა ეს სიტყვა ყალბი, შებილწული და ცრუა.

ანტიქრისტეთა კლასს მიკუთვნებულ ადამიანებში ჩვეული სიცრუე მათი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. მათი ენის, საუბრის სტილის, აზრის გამოხატვის მანერის, მათი სიტყვების მნიშვნელობისა და ამ სიტყვების უკან მდგომი განზრახვის მეშვეობით ჩანს, რომ ასეთ ადამიანებს ნორმალური ადამიანობა აკლიათ და არ აკმაყოფილებენ პატიოსანი ადამიანების ადამიანობის სტანდარტებს. ანტიქრისტეებს ჩვეული სიცრუე ახასიათებთ. მათი სიცრუე და ცბიერება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში; ეს არ არის ჩვეულებრივი გახრწნილი ხასიათი, არამედ უკვე სინდისისა და გონიერების დაკარგვად და ადამიანობის სრულ არარსებობად იქცა. არსებითად, ეს ადამიანები დემონები არიან; დემონები ხშირად სწორედ ასე ცრუობენ და ატყუებენ ადამიანებს, და მათ ნათქვამში არაფერია ჭეშმარიტი. როდესაც ადამიანთა უმეტესობა ცრუობს, მათ ტყუილის გამოგონება და მისი საგულდაგულოდ მოფიქრება სჭირდებათ; ანტიქრისტეს კი არც რაიმეს გამოგონება სჭირდება და არც ამაზე დაფიქრება: პირს გააღებს და ტყუილი მაშინვე ამოსდის პირიდან — სანამ გონს მოხვალ, უკვე გაგაბრიყვებს. მათი სიცრუე და ცბიერება ისეთია, რომ ნელი რეაქციის მქონე ადამიანებს შეიძლება ორი ან სამი დღე დასჭირდეთ ყველაფრის გასააზრებლად; მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რას გულისხმობდა ეს ადამიანი. ადამიანებს, რომლებსაც ჭეშმარიტება არ ესმით, გარჩევის უნარი არ აქვთ. ანტიქრისტეებს ჩვეული სიცრუე ახასიათებთ: რას ფიქრობთ მათ ასეთ ზნეზე? აშკარაა, რომ ეს ნორმალური ადამიანობის ნაწილი არ არის. განა ამაში რაღაც დემონური არ არის? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს დემონური ბუნებაა. ჩვეული სიცრუე, ტყუილების თქმა და ადამიანების მოტყუება — ნუთუ საქმის კეთების ასეთი ხერხები სკოლაში ისწავლება ან მათი ოჯახის გავლენის შედეგია? არცერთი მათგანი. ეს მათი თანდაყოლილი ბუნებაა; ისინი ამ თვისებებით დაიბადნენ. როდესაც მშობლები შვილებს ზრდიან, არავინ ასწავლის ბავშვს პატარაობიდანვე სიცრუესა და მოტყუებას, არც არავინ აიძულებს, იცრუოს და სხვები მოატყუოს, თუმცა მაინც არსებობენ ბავშვები, რომლებიც, როდესაც გაიზრდებიან, მხოლოდ ტყუილს ამბობენ, რა ტყუილიც არ უნდა თქვან, სახეზე არაფერი ეტყობათ და ნათქვამი ტყუილების გამო არ იტანჯებიან, სინანულს ან სინდისის ქენჯნას არ განიცდიან; პირიქით, ეს ბავშვები თავს ძალიან ჭკვიანებად და უაღრესად გონიერებად მიიჩნევენ, უხარიათ, ამაყობენ და გულში მალულად ზეიმობენ, რომ ტყუილისა და სხვა ხერხების გამოყენებით სხვების გაცურება და მოტყუება შეუძლიათ. ეს მათი თანდაყოლილი ბუნებაა. სწორედ ასეთები არიან ანტიქრისტეები ბუნებრივად. ჩვეული სიცრუე მათი ბუნება-არსებაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ესწრებიან შეკრებებს და ქადაგებებსა და თანაზიარებებს ისმენენ, ანტიქრისტეები არასოდეს მიმართავენ თვითრეფლექსიას და არ ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას; რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან სხვების მოსატყუებლად, სინდისის არავითარ ქენჯნას არ გრძნობენ და მით უმეტეს, არასოდეს ცდილობენ, გამოსავლის მოსაძებნად აქტიურად ეძიონ ჭეშმარიტება — ეს კი ამტკიცებს, რომ არსებითად ანტიქრისტეები ურწმუნოები არიან. რამდენი მოძღვრების ქადაგებაც არ უნდა შეეძლოთ სხვებისთვის, ისინი ამ მოძღვრებებს არასოდეს უკავშირებენ საკუთარ თავს, არასოდეს აანალიზებენ საკუთარ თავს, და რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან ან რამდენი ადამიანიც არ უნდა მოატყუონ, არასოდეს იხსნებიან და არ ამხელენ საკუთარ თავს; ამის ნაცვლად, თავს აჩვენებენ და მალავენ თავიანთ ნამდვილ სახეს და არასოდეს ჰყოფნით გამბედაობა, სხვების წინაშე აღიარონ, რომ მატყუარა ადამიანები არიან. ამასთანავე, ისინი განაგრძობენ სიცრუესა და ადამიანების მოტყუებას, როცა კი მოესურვებათ. განა ეს მათი ბუნება არ არის? დიახ, არის და მისი შეცვლა შეუძლებელია. ეს ბუნება ნორმალური ადამიანობის გამოვლინება არ არის; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს დემონური ბუნებაა, სატანის ხასიათია. ასეთი ადამიანები ეშმაკები არიან, ისინი ხორცშესხმული დემონები არიან.

ანტიქრისტეთა ზნეობის პირველი გამოვლინება არის ჩვეული სიცრუე, რომელსაც ჩვენ დემონურ ბუნებად დავახასიათებთ. ამ დემონური ბუნების გამოვლინება ის არის, რომ, განურჩევლად იმისა, როდის, სად, რა გარემოებაში ან ვისთან ურთიერთობისას საუბრობენ, ასეთი ადამიანების სიტყვები გველისა და დემონების სიტყვებს ჰგავს — მათი ნდობა არ შეიძლება. ასეთ ადამიანებთან განსაკუთრებული სიფრთხილე და გარჩევის უნარია საჭირო და დემონების სიტყვები ნაჩქარევად არ უნდა დაიჯერო. მათი ჩვეული სიცრუის კონკრეტული გამოვლინება ის არის, რომ ტყუილები თავისთავად მოსდით ენაზე; მათი ნათქვამი სიტყვები განსჯას, გაანალიზებასა და გარჩევას ვერ უძლებს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ტყუილის თქმა და სჯერათ, რომ ვერცერთ საკითხზე სიმართლეს ვერ იტყვიან და ყველაფერი, რასაც ამბობენ, ტყუილი უნდა იყოს. ასაკიც რომ ჰკითხო, ამაზეც დაფიქრდებიან და გაიფიქრებენ: „რას გულისხმობს, როცა ჩემს ასაკს მეკითხება? თუ ვიტყვი, რომ ხნიერი ვარ, ზემოდან ხომ არ გადმომხედავს და ჩემს კულტივირებას აღარ მოახდენს? თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ვარ, ზემოდან ხომ არ გადმომხედავს და ხომ არ მეტყვის, გამოცდილება გაკლიაო? როგორ ვუპასუხო?“ ასეთ მარტივ საკითხზეც კი მათ შეუძლიათ მოიტყუონ, უარი თქვან შენთვის სიმართლის თქმაზე, მეტიც, კითხვა უკანვე დაგიბრუნონ და გკითხონ: „შენ რას ფიქრობ?“ შენ ამბობ: „ორმოცდაათი წლის ხარ?“ „ახლოს ხარ.“ „ორმოცდახუთის?“ „თითქმის.“ გცემენ ისინი ზუსტ პასუხს? მათი პასუხებიდან იგებ, რამდენი წლის არიან? (არა.) ეს არის ჩვეული სიცრუე.

ანტიქრისტეთა ჩვეული სიცრუის კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ ისინი მოწმობის გაცემის დროსაც კი ცრუობენ. ცრუ მოწმობის გაცემა დაწყევლილი ქმედებაა, რომელიც შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს. მოწმობის გაცემის საკითხშიც კი ბედავენ შეთხზვას, სიცრუესა და თაღლითობას, რაც ნამდვილად აჩვენებს შედეგებისადმი მათ წინდაუხედავ უგულებელყოფასა და მათ უცვლელ ბუნებას! როდესაც ხედავენ, რომ სხვები გამოცდილებასა და გაგებაზე დაყრდნობით გასცემენ მოწმობას, თვითონ კი ამას ვერ ახერხებენ, მათ ჰბაძავენ, იმავეს ამბობენ, რასაც სხვები, და იგონებენ ისეთივე გამოცდილებებს, როგორიც სხვებს ჰქონდათ. თუ რაიმე ისე არ ესმით, როგორც სხვებს, მაინც ამტკიცებენ, რომ ესმით. თუ მათ გამოცდილებიდან მიღებული ასეთი გაგება და გაცისკროვნება არ აქვთ, მაინც დაჟინებით ირწმუნებიან, რომ აქვთ. ღმერთს ისინი რომც არ დაემოძღვრა, მაინც დაჟინებით ირწმუნებიან, რომ ღმერთმა ეს გააკეთა. ამ საკითხშიც კი შეუძლიათ იცრუონ და გააყალბონ, და სრულიად არ ადარდებთ, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს შედეგები. განა ეს ჩვეული სიცრუე არ არის? გარდა ამისა, ამგვარი ადამიანები ნებისმიერს გააბრიყვებენ. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „როგორც არ უნდა იყოს, ანტიქრისტეებიც ხომ ადამიანები არიან; განა არ მოერიდებიან თავიანთი უახლოესი ადამიანების, მათი დამხმარეებისა და იმ ადამიანების გაბრიყვებას, რომლებთან ერთადაც გაჭირვება გადაუტანიათ? განა ოჯახის წევრების გაბრიყვებას არ მოერიდებიან? იმის თქმა, რომ მათ ჩვეული სიცრუე ახასიათებთ, ნიშნავს, რომ მათ ნებისმიერის გაცურება შეუძლიათ — საკუთარი მშობლებისა და შვილებისაც კი და, რა თქმა უნდა, ძმებისა და დებისაც. მათ შეუძლიათ ადამიანების გაბრიყვება, როგორც მნიშვნელოვან, ისე უმნიშვნელო საკითხებში, მათ შორის ისეთ საკითხებშიც, როდესაც სიმართლე უნდა თქვან, როცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ან მათზე არანაირად არ იმოქმედებს და არც სიბრძნის გამოყენებაა საჭირო. ისინი ადამიანებს აბრიყვებენ და სიცრუეს იყენებენ ისეთი წვრილმანი საკითხების მოსაგვარებლადაც, რომელთა გამოც, გარეშე ადამიანების თვალით, ტყუილის თქმა საერთოდ არ ღირს და რომელთა შესახებაც პირდაპირი საუბარი მათთვის მარტივი და სრულიად უპრობლემო იქნებოდა. განა ეს ჩვეული სიცრუე არ არის? შეიძლება ითქვას, რომ ჩვეული სიცრუე ეშმაკებისა და სატანის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ამ თვალსაზრისით, განა ვერ ვიტყვით, რომ ანტიქრისტეთა ადამიანობა არა მხოლოდ უპატიოსნოა, არამედ ჩვეული სიცრუითაც არის გამორჩეული, რაც მას არასანდოს ხდის? (დიახ, შეგვიძლია.) თუ ასეთი ადამიანები არასწორ ქმედებას ჩაიდენენ, შემდეგ კი, ძმებისა და დების მხრიდან გასხვლისა და გაკრიტიკების შემდეგ, ცრემლებს დაღვრიან, გარეგნულად აღიარებენ, რომ ღვთის წინაშე ვალში არიან, და მომავალში მონანიებას დაგპირდებიან — გაბედავ მათ დაჯერებას? (არა.) რატომ არა? ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება ის არის, რომ მათ ჩვეული სიცრუე ახასიათებთ! გარეგნულად რომც მოინანიონ, მწარედ იტირონ, მკერდში ირტყან და დაიფიცონ, ნუ დაუჯერებ, რადგან ისინი ნიანგის ცრემლებს ღვრიან — ცრემლებს, რომლებითაც ადამიანების გაბრიყვება სურთ. მათ მიერ ნათქვამი მწუხარე და სინანულით სავსე სიტყვები გულიდან არ მოდის; ეს მხოლოდ ვითარების შესაბამისად შერჩეული ხერხებია, რომლებიც თაღლითური გზით ადამიანების ნდობის მოსაპოვებლადაა გამიზნული. ადამიანების დასანახად ისინი მწარედ ტირიან, დანაშაულს აღიარებენ, იფიცებიან და საკუთარ პოზიციას აცხადებენ. თუმცა მათ, ვისთანაც პირად ცხოვრებაში კარგი ურთიერთობა აქვთ და ვისაც შედარებით ენდობიან, სრულიად სხვაგვარ ამბავს უყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯარო აღიარება და იმის ფიცი, რომ თავიანთ გზებს შეიცვლიან, გარეგნულად შეიძლება გულწრფელი ჩანდეს, ის, რასაც ისინი კულისებს მიღმა ამბობენ, ცხადყოფს, რომ მათი წინა სიტყვები სიმართლე კი არა, მეტი ადამიანისთვის თვალების ასახვევად გამიზნული სიყალბე იყო. რას ამბობენ ისინი კულისებს მიღმა? აღიარებენ, რომ ის, რაც ადრე თქვეს, სიცრუე იყო? არა, არ აღიარებენ. ისინი ნეგატიურობას ავრცელებენ, არგუმენტები მოჰყავთ და თავს იმართლებენ. ეს თავის მართლება და კამათი ადასტურებს, რომ მათი აღიარება, მონანიება და ფიცი სრულებით ყალბი და ადამიანების გასაცურებლად გამიზნული იყო. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანების ნდობა? განა ეს ჩვეული სიცრუე არ არის? მათ შეუძლიათ აღიარებაც კი შეთხზან, ყალბი ცრემლები დაღვარონ, პირობა დადონ, რომ გზებს შეიცვლიან, და მათი ფიციც კი სიცრუეა. განა ეს დემონური ბუნება არ არის? თუნდაც ეთქვათ: „მე მხოლოდ ამდენი მესმის; დანარჩენი არ ვიცი, და ღვთის გაცისკროვნებას ვეძებ და ძმებისა და დების დახმარების იმედი მაქვს, რათა თანდათანობით მივაღწიო გაგებას“, ეს პატიოსანი დამოკიდებულება და გულწრფელი განცხადება იქნებოდა. თუმცა ანტიქრისტეებს ასეთი გულწრფელი სიტყვების წარმოთქმა საერთოდ არ შეუძლიათ. მათ ისეთი განცდა აქვთ: „გულწრფელად რომ ვილაპარაკო, ადამიანები ზემოდან გადმომხედავენ; სახეს დავკარგავ და თავს დამცირებულად ვიგრძნობ — განა ჩემს პრესტიჟს მთლიანად არ დავკარგავ? ვინ ვარ მე? განა შეიძლება, დამარცხება ვაღიარო? თუნდაც არ მესმოდეს, უნდა მოვაჩვენო, თითქოს ძალიან კარგად მესმის; ადამიანები უნდა გავაცურო და ჯერ მათ გულებში გავიმყარო ჩემი პოზიცია.“ განა ეს ანტიქრისტეთა გამოვლინება არ არის? იმ წყაროდან და იმ გზიდან, რომლითაც ანტიქრისტეები საუბრობენ, ასევე მათ მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ასეთი ადამიანები არასოდეს იქნებიან პატიოსნები; პატიოსნება მათ შესაძლებლობებს აღემატება. რადგან ჩვეული სიცრუე მათი ზნის თანდაყოლილი ნაწილია, მათ ყველაფერში სურთ ადამიანების გაბრიყვება და საკითხების დამალვა, არ სურთ, ვინმემ ჭეშმარიტი ფაქტები ან რეალური მდგომარეობა იცოდეს ან დაინახოს. მათი შინაგანი არსება საშინლად ბნელია. ანტიქრისტეთა ზნეობის ეს ასპექტი საფუძვლიანად შეიძლება დახასიათდეს, როგორც ადამიანობის უქონლობა და დემონური ბუნება. ტყუილები ძალდაუტანებლად ადგებათ ენაზე, დაუფიქრებლად, იმდენად, რომ ძილში ლაპარაკის დროსაც კი არაფერს ამბობენ ჭეშმარიტს — ყველაფერი თაღლითობაა, ყველაფერი სიცრუეა. ეს არის ჩვეული სიცრუე.

ანტიქრისტეთა ზნეობაში პატიოსნება სრულიად არ არსებობს. მაშინაც კი, როცა არ საუბრობენ, გულში ფიქრობენ, როგორ გააბრიყვონ, გააცურონ და შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები — ვინ შეიყვანონ შეცდომაში, რა თქვან, როცა ვინმეს შეცდომაში შეყვანა სურთ, რა მეთოდები გამოიყენონ საუბრის დასაწყებად და რა მაგალითები მოიყვანონ, რათა ადამიანებმა დაუჯერონ. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ან რას ფიქრობენ, გულში მათ არც პატიოსანი დამოკიდებულება აქვთ, არც პატიოსანი შეხედულებები და არც პატიოსანი აზრები. მათი ცხოვრების ყოველ წუთსა და ყოველ წამს ადამიანების გაბრიყვებისა და მათით თამაშის სურვილი იპყრობთ. ყოველ წამსა და ყოველ წუთს ფიქრობენ, როგორ გააბრიყვონ, როგორ შეიყვანონ შეცდომაში და როგორ გააცურონ სხვები, და ეს აზრები მთლიანად იპყრობს მათ გონებასა და გულის სიღრმეებს. განა ეს მათი ბუნება არ არის? შეუძლიათ ამგვარ ადამიანებს, ქადაგებების მოსმენისას ან ღვთის სიტყვების კითხვისას ჭეშმარიტება გაიგონ? თუნდაც გაიგონ, შეუძლიათ მისი პრაქტიკაში განხორციელება? (არა.) მათი გულების სიღრმეებისა და ზნეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არ არიან ხსნის მიმღებნი, რადგან ყველაფერი, რაც უყვართ და რაზეც გონებასა და შინაგან სამყაროში ფიქრობენ, დემონური ბუნებით არის გაჟღენთილი, ჭეშმარიტებასა და დადებით საგნებს ეწინააღმდეგება და მათში ერთი საქებარი ნაწილიც კი არ არის. მაშ, უდავოა თუ არა, რომ ჩვეული სიცრუე არის ანტიქრისტეთა ადამიანობის თვისება? (დიახ.) ადამიანები, რომლებსაც ჩვეული სიცრუე ახასიათებთ, არცერთ ჭეშმარიტებას არ ახორციელებენ პრაქტიკაში. რა შედეგები მოჰყვება ამას? რა კონკრეტული გამოვლინებები აქვს ადამიანს, რომელიც არცერთ ჭეშმარიტებას არ ახორციელებს პრაქტიკაში? შეუძლია მას წინდაუხედავად მოქმედება? შეუძლია თვითნებურად იმოქმედოს და საკუთარი თავისთვის თავად იყოს კანონი? შეუძლია დამოუკიდებელი სამეფოების შექმნა? შეუძლია შეწირულობების გაფლანგვა? შეუძლია ადამიანების შეცდომაში შეყვანა? შეუძლია ადამიანთა გულების მოგება? მას ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ეს ტიპური ანტიქრისტეა — მას ჩვეული სიცრუე ახასიათებს. როდესაც ფაქტები გამოაშკარავდება, რამდენი წყვილი თვალიც არ უნდა აკვირდებოდეს, რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მისცეს ერთობლივად ჩვენება და ამხილოს იგი, მაინც უარს ამბობს აღიარებაზე. ბოლოს, შენთან გასამკლავებლად ერთ ხერხს მიმართავს: აცხადებს, რომ დაავიწყდა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი იცის. ამ დროს, ასეთ ვითარებაში, მას ერთი ჭეშმარიტი სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია, ვერც თავს დაუქნევს და აღიარებს: „ეს მე გავაკეთე, შევცდი, შემდეგში გამოვსწორდები და იმავე შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ.“ ასეთია ანტიქრისტე — ის არასოდეს აღიარებს დანაშაულს და არასოდეს ამბობს არცერთ ჭეშმარიტ სიტყვას. შეიძლება ასეთი ადამიანობის მქონე ადამიანი გადარჩეს? შეუძლია ჭეშმარიტების მოპოვება? არავითარ შემთხვევაში. თუნდაც ჭეშმარიტება ესმოდეს, მის მოპოვებას ვერ შეძლებს, რადგან უარყოფს, ეწინააღმდეგება და უპირისპირდება მას. ყველაზე საბაზისო დონეზეც კი, რაც პატიოსნად საუბარსა და საკუთარი შეცდომების აღიარებას გულისხმობს, მას ამ უმარტივესი ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ან მისი მოქმედებაში მოყვანაც კი არ შეუძლია. როგორ შეიძლება მისგან მოელოდე, რომ დათმობს თავის სტატუსს, დათმობს თავის პერსპექტივებსა და ბედს და დათმობს საკუთარ განზრახვებს? შეუძლია მათი დათმობა და მათ წინააღმდეგ ამბოხება? ეს მით უმეტეს არ შეუძლია. თუ ერთი ჭეშმარიტი სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია, მისგან რაიმე უფრო რთულის გაკეთების მოლოდინი მით უფრო არარეალურია.

თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეული სიცრუე ახასიათებთ? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ჩვეული სიცრუე ახასიათებს, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება თავად ვიყო ასეთი.“ სიმართლეს გეტყვი; შენ სახიფათო მდგომარეობაში ხარ. ინარჩუნებენ თუ არა ადამიანები, რომლებსაც ჩვეული სიცრუე ახასიათებთ, ადამიანობის თუნდაც რაიმე კვალს? რით განსხვავდებიან ისინი დემონებისგან? თქვენგან რომელიმეს ახასიათებს ჩვეული სიცრუე? დავუშვათ, გარემოსა და წინაპირობების მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანს სიცრუე ისე ბუნებრივად გამოსდის, რომ არც სახე უწითლდება და არც გული უჩქარდება, და ყველაფერს ტყუილით უმკლავდება და აგვარებს. საკუთარი თავის წარმართვისას და სამყაროსთან ურთიერთობისას, და ცხოვრების ყველა ასპექტში, როგორც კი საუბრის შესაძლებლობა ეძლევა, ყველაფერი, რასაც ამბობს, ტყუილია და მის ნათქვამში არცერთი ჭეშმარიტი წინადადება არ არის. მის ყოველ სიტყვას განზრახვები და მიზნები ახლავს და სატანის მზაკვრობებით არის გაჟღენთილი. ასეთი ადამიანი პატიოსანი არ არის. თუ მას ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია ტყუილის თქმა, მაშინაც კი, როცა თავი სასიკვდილო საფრთხეში აქვს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიმედოა? ანტიქრისტეებში ჩვეული სიცრუის სხვადასხვა გამოვლინების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ტყუილები მეტისმეტად ბევრია. მათი საუბრის მიზანია ადამიანების გაბრიყვება, შეცდომაში შეყვანა და გაცურება. მათი ყველა სიტყვა სავსეა სატანის მზაკვრობებითა და განზრახვებით და მოკლებულია ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელ პატიოსნების ყოველგვარ გამოვლინებას. შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეებს სრულებით აკლიათ პატიოსნება, რომელიც ნორმალური ადამიანობის ნაწილია. ადამიანები, რომლებსაც პატიოსნება აკლიათ და ჩვეული სიცრუე ახასიათებთ, დემონური ბუნების მქონე ადამიანებად ხასიათდებიან — ისინი დემონები არიან. ასეთი ადამიანების ხსნა ადვილი არ არის, რადგან ისინი ჭეშმარიტებას არ იღებენ და მისი მიღება მათთვის ძალიან რთულია.

ბ. ცბიერი და დაუნდობელი

ჩვეული სიცრუის გარდა, ანტიქრისტეებს კიდევ რა გამოვლინებები აქვთ? ახლახან ნორმალური ადამიანობის ისეთ ძირითად თვისებებზე გვქონდა თანაზიარება, როგორებიცაა გულკეთილობა და გულწრფელობა, და სრულიად აშკარაა, რომ ანტიქრისტეებს ეს თვისებები საერთოდ არ გააჩნიათ. ყველაფერი, რაც ნორმალური ადამიანობისთვის თანდაყოლილია, ანტიქრისტეებში უდავოდ არ არის; მათ მხოლოდ ნორმალური ადამიანობის საპირისპირო, უარყოფითი თვისებები აქვთ. მაშ, რა არის გულკეთილობისა და გულწრფელობის საპირისპირო? (ცბიერება და დაუნდობლობა.) სწორედ, ძალიან ზუსტად თქვით — ეს არის ცბიერება და დაუნდობლობა. ანტიქრისტეებს არ გააჩნიათ ისეთი თვისებები, როგორიცაა გულკეთილობა და გულწრფელობა; ამის ნაცვლად, მათ აქვთ ცბიერებისა და დაუნდობლობის ელემენტები, რომლებიც გულკეთილობისა და გულწრფელობის საპირისპიროა. არსებობს თუ არა კავშირი ცბიერებასა და დაუნდობლობასა და იმ ჩვეულ სიცრუეს შორის, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ? (დიახ.) დიახ, მათ შორის გარკვეული კავშირი არსებობს. რაში ავლენენ ანტიქრისტეები ცბიერებასა და დაუნდობლობას? (იმაში, რომ შეუძლიათ სიცრუის შეთხზვა და სხვებისთვის ცრუ ბრალდებების წაყენება.) სიცრუის შეთხზვა და სხვებზე გადაბრალება ერთდროულად ჩვეული სიცრუის და ცბიერებისა და დაუნდობლობის გამოვლინებაა. ეს ორი თვისება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ისინი დააშავებენ და პასუხისმგებლობის აღება არ სურთ, ყალბ შთაბეჭდილებას ქმნიან, იტყუებიან და ადამიანებს აჯერებენ, რომ ეს სხვამ გააკეთა და არა მათ. ისინი ბრალს სხვას სდებენ და შედეგებზე პასუხისმგებლობასაც მას აკისრებენ. ეს არა მხოლოდ უკეთური და საზიზღარი საქციელია, არამედ უფრო მეტიც — ეს ცბიერება და დაუნდობლობაა. კიდევ რა გამოვლინებები აქვს ანტიქრისტეთა ცბიერებასა და დაუნდობლობას? (მათ შეუძლიათ ადამიანების ჩაგვრა, მათზე თავდასხმა და სამაგიეროს გადახდა.) ადამიანების ჩაგვრის უნარი დაუნდობლობის გამოვლინებაა. ნებისმიერი, ვინც მათ სტატუსს, რეპუტაციას ან პრესტიჟს საფრთხეს უქმნის, ან ვინც მათთვის არასასურველია, მის წინააღმდეგ თავდასხმისა და სამაგიეროს გადახდისთვის ისინი არაფერზე იხევენ უკან. ზოგჯერ ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად შეიძლება სხვებიც კი გამოიყენონ — ეს არის ცბიერება და დაუნდობლობა. მოკლედ, გამოთქმა „ცბიერი და დაუნდობელი“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიქრისტეები განსაკუთრებულად ბოროტგანზრახულები არიან. ადამიანებისადმი დამოკიდებულება და მათთან ურთიერთობა სინდისს არ ეფუძნება და ისინი ადამიანებთან თანასწორ და ჰარმონიულ ურთიერთობას არ ამყარებენ; პირიქით, ყოველ ნაბიჯზე ცდილობენ, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, აკონტროლონ და მათით მანიპულირება მოახდინონ. სხვებთან ურთიერთობისას მათი მიდგომა არც ნორმალურია და არც პირდაპირი; პირიქით, ისინი გარკვეულ ხერხებსა და მეთოდებს იყენებენ, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, გამოიყენონ და მათთვის შეუმჩნევლად საკუთარ იარაღად აქციონ. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს გარეგნულად — კარგად თუ ცუდად — ნებისმიერი ადამიანისადმი მათი დამოკიდებულება სრულიად მოკლებულია გულწრფელობას. მათთან, ვინც მათთვის გამოსადეგია, დაახლოებას ცდილობენ, ხოლო მათ, ვისაც უსარგებლოდ მიიჩნევენ, შორდებიან და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. შედარებით ალალი ან დაუცველი ადამიანების მიმართაც კი სხვადასხვა ხერხსა და მეთოდს იგონებენ, რათა ისინი შეცდომაში შეიყვანონ, მახეში გააბან და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. მაგრამ როდესაც ადამიანები სუსტები არიან, სიძნელეებს აწყდებიან ან დახმარება სჭირდებათ, ანტიქრისტეები ამას უბრალოდ თვალს არიდებენ და მათ მიმართ გულგრილობას იჩენენ. ისინი ასეთ ადამიანებთან არასოდეს ავლენენ სიყვარულს და არასოდეს უწვდიან დახმარების ხელს; პირიქით, ხშირად ჩაგრავენ, შეცდომაში შეჰყავთ და იმაზეც კი ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ ისინი კიდევ უფრო მეტად. თუ მათ გამოყენებას ვერ შეძლებენ, გვერდზე გადადებენ და მათ მიმართ არც სიყვარულს გამოავლენენ და არც სიმპათიას — არის კი ამაში გულკეთილობის რაიმე კვალი? განა ეს ვნების მიყენების წადილის გამოვლინება არ არის? ადამიანებთან ურთიერთობისას ანტიქრისტეთა მეთოდი და ფილოსოფია არის ხრიკებისა და სტრატეგიების გამოყენება ადამიანების გამოსაყენებლად და გასაცურებლად, ისე, რომ ადამიანებმა მათი ნამდვილი სახე ვერ დაინახონ, მაგრამ მზად იყვნენ მათთვის მონებივით შრომისთვის და მუდამ მათ ბრძანებებს დაემორჩილონ. მათ შეუძლიათ ზეწოლა მოახდინონ და დაჩაგრონ ისინი, ვინც მათ ამოიცნობს და ვის გამოყენებასაც უკვე ვეღარ ახერხებენ. მათ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს დაუფიქრებლადაც კი დასდონ ბრალი, რის გამოც დები და ძმები მათ მიატოვებენ, შემდეგ კი თავადაც განდევნიან ან მოიცილებენ. მოკლედ, ანტიქრისტეები ცბიერები და დაუნდობლები არიან; ისინი სრულიად მოკლებულნი არიან გულკეთილობასა და გულწრფელობას. ისინი სხვებს არასოდეს უწევენ ნამდვილ დახმარებას და როდესაც ადამიანები სიძნელეებს აწყდებიან, მათ მიმართ არც სიმპათიას ავლენენ და არც სიყვარულს. სხვებთან ურთიერთობისას მზაკვრულ გეგმებს სახავენ საკუთარი სარგებლისა და უპირატესობისთვის. ვინც უნდა მივიდეს მათთან ან სიძნელეში დახმარება სთხოვოს, ისინი ყოველთვის ანგარიშობენ, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ ადამიანისგან, და გულში ფიქრობენ: „თუ ამ ადამიანს დავეხმარები, მომავალში რა სარგებელს მივიღებ მისგან? შეუძლია თუ არა, რომ დამეხმაროს? შეიძლება თუ არა, რომ გამომადგეს? რის მიღებას შევძლებ მისგან?“ განა ის, რომ მუდამ ამაზე ფიქრობენ, ეგოისტური და საზიზღარი არ არის? (დიახ, არის.) ეკლესიის არჩევნების დროს რა მეთოდებს იყენებენ ანტიქრისტეები? (სხვებს ამცირებენ და საკუთარ თავს აღამაღლებენ; საკუთარ თავზე უკეთესებს ძირს უთხრიან.) სხვების დამცირება და საკუთარი თავის აღზევებაც ცბიერებისა და დაუნდობლობის გამოვლინებაა. ანტიქრისტეებმა შეიძლება ადამიანების მოსაზიდად მცირე სიკეთეებიც კი გაუკეთონ და თავიანთი ღვაწლით იტრაბახონ, რათა ადამიანების პატივისცემა და ხმები მოიპოვონ. კიდევ რა? (კანდიდატებს მიუკერძოებლად და ობიექტურად ვერ აფასებენ; თავიანთ მიკერძოებასა და წინასწარ განწყობას ამატებენ.) ეს სხვების ცილისწამების მიზნით სიცრუის შეთხზვასაც მოიცავს. ანტიქრისტეთა ცბიერებისა და დაუნდობლობის არაერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე ადრე უკვე გვქონდა თანაზიარება. ცბიერება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უამრავი მზაკვრული ხერხი აქვს; მათი ქცევის, ამქვეყნიურ სამყაროში ცხოვრებისა და ნებისმიერი საქმის კეთების პრინციპი ეყრდნობა სტრატეგიას — გულწრფელობის გარეშე, სიცრუითა და მოტყუებით აღსავსეს. დაუნდობლობა კი, ძირითადად, მათ მოქმედების მეთოდებში გამოვლენილ სისასტიკესა და შეუბრალებლობას ეხება; ისინი არავის ინდობენ, ადამიანური გრძნობა არ გააჩნიათ, სხვებს ზიანს აყენებენ და თავიანთი მიზნების მისაღწევად მზად არიან, ნებისმიერს ავნონ — ეს არის დაუნდობლობა და იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანურ გულკეთილობას. თუ ადამიანს თავისი ადამიანობით გულკეთილობა ახასიათებს, მაშინ ჩვეულებრივ სიტუაციებში, სადაც კი შეძლებს, სხვების მიმართ შემწყნარებელი იქნება და მათ აპატიებს. ასეთი ადამიანი შემწყნარებელია სხვების პრობლემებისა და ნაკლოვანებების მიმართ, არ წვრილმანდება და, როცა შესაძლებელია, საკითხს ზედმეტად არ ამწვავებს. ამასთანავე, ის თანაგრძნობითაც გამოირჩევა და როდესაც ხედავს, რომ სხვები სიძნელეებს აწყდებიან, მზად არის დაეხმაროს; სხვების დახმარება სიხარულს ანიჭებს და მათი დამოძღვრა საკუთარ პასუხისმგებლობად მიაჩნია — ეს არის გულკეთილობა. გააჩნიათ თუ არა ანტიქრისტეებს ასეთი თვისება? (არა.) მათ ასე სჯერათ: „თუ გასაჭირში ხარ და დაგეხმარები, ამას თავისი ფასი ექნება. თუ რამე სიკეთეს გაგიკეთებ, ამით რა სარგებელს მივიღებ? თუ სიმპათიით განვეწყობი, ჩემ მიმართ ვინ განეწყობა სიმპათიით? თუ დაგეხმარები, ჩემს სიკეთეს დაიმახსოვრებ? თუ ჩემგან ითხოვ, რომ შენს დასახმარებლად თავი გავწირო, ტყუილად ოცნებობ! რა ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან? რა სარგებლის მოცემა შეგიძლია ჩემთვის? ოდესმე დამხმარებიხარ? ვინ ხარ? ღირს კი შენი დახმარება? მეფის ასული ან მდიდარი კაცის შვილი რომ იყო, შეიძლება შენი დახმარებით გარკვეული დიდება ან სარგებელი მიმეღო. მაგრამ არცერთი არ ხარ. მაშ, რატომ უნდა დაგეხმარო? რა სარგებელს მივიღებ, თუ დაგეხმარები?“ აი, ასე ფიქრობენ ისინი, როდესაც ხედავენ ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომელიც სუსტია ან დახმარება სჭირდება. ეს გულკეთილობაა? როდესაც ასეთი ადამიანები ვინმეს სუსტ მდგომარეობაში ხედავენ, ისინი არა მხოლოდ დასცინიან და აბუჩად იგდებენ, არამედ გულში ანგარიშობენ. ზოგი ამას საკუთარი თავის წარმოსაჩენად ან იმ ადამიანის გულის მოსაგებადაც კი იყენებს. არცერთი ეს ქმედება გულკეთილი არ არის. ანტიქრისტეები ხშირად სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იყენებენ საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ ამაში რაიმე სარგებელს ვერ ხედავენ, თუ მიზანი და მოტივაცია არ აქვთ, არაფერს გააკეთებენ. თუ ვინმეს ეხმარებიან, მათი მიზანია, ის თავიანთ მოკავშირედ აქციონ. თუ ორ ადამიანს ეხმარებიან და თანაგრძნობას უცხადებენ, სურთ ორი მოკავშირე მოიპოვონ, ორი მარჯვენა ხელი გაიჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითსაც კი არ გაანძრევენ და, მით უმეტეს, სიყვარულს არ გამოავლენენ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება.

ანტიქრისტეთა ცბიერებისა და დაუნდობლობის ძირითადი გამოვლინება ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, განსაკუთრებით მკაფიო მიზანი აქვს. პირველ რიგში, ისინი საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ; მათი მეთოდები კი საძაგელი, უხეში, ბინძური, მდაბალი და საეჭვოა. მათ ქმედებებში, ადამიანებისადმი მოპყრობასა და იმ პრინციპებში, რომლებითაც ადამიანებს ექცევიან, არავითარი გულწრფელობა არ არის. ისინი ადამიანებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და ეთამაშებიან, ხოლო როდესაც მათთვის ადამიანი სარგებლობას აღარ წარმოადგენს, თავიდან იშორებენ. თუ მათთვის სასარგებლო ხარ, თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ: „როგორ ხარ? რაიმე სიძნელე ხომ არ გქონია? შემიძლია დაგეხმარო სიძნელეების მოგვარებაში. თუ რაიმე პრობლემა გაქვს, მითხარი. შენ გვერდით ვარ. რა გაგვიმართლა, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს!“ ისინი ძალიან ყურადღებიან ადამიანებად ჩანან. თუმცა, თუ დადგება დღე, როდესაც მათთვის სასარგებლო აღარ იქნები, მიგატოვებენ, მიგაგდებენ და ყურადღებას აღარ მოგაქცევენ, თითქოს მანამდე არასოდეს შეხვედრიხარ. როდესაც ნამდვილად შეგექმნება პრობლემა და მათ დახმარებისთვის მიმართავ, მათი დამოკიდებულება უცებ იცვლება და მათი სიტყვები ისეთი სასიამოვნო მოსასმენი აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც პირველად დაგპირდნენ დახმარებას — რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მათთვის სასარგებლო აღარ ხარ. შედეგად, ისინი საერთოდ აღარ გაქცევენ ყურადღებას. და ეს ყველაფერი არ არის: თუ გაიგებენ, რომ რაიმე არასწორი ჩაიდინე, ან ისეთ რამეს აღმოაჩენენ, რაც შენ წინააღმდეგ ბერკეტად შეუძლიათ გამოიყენონ, შენდამი ცივად და ცინიკურად განეწყობიან და შეიძლება დაგგმონ კიდეც. რას ფიქრობთ ასეთ მეთოდზე? არის ეს გულკეთილობისა და გულწრფელობის გამოვლინება? როდესაც ანტიქრისტეები სხვებისადმი თავიანთ ქცევაში ასეთ ცბიერებასა და დაუნდობლობას ავლენენ, არის ამაში ადამიანობის რაიმე კვალი? აქვთ მათ ადამიანების მიმართ თუნდაც მცირეოდენი გულწრფელობა? სრულიად არა. ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, საკუთარი მოგების, სიამაყისა და რეპუტაციისთვის აკეთებენ, რათა სხვებს შორის სტატუსი და სახელი მოიხვეჭონ. ყველა ადამიანს, ვისაც ხვდებიან, თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. ხოლო მათ, ვისგანაც სარგებელს ვერ მიიღებენ, ზიზღით უყურებენ და ყურადღებას არ აქცევენ; მათთან მიახლოების ინიციატივა თავადაც რომ გამოიჩინო, ყურადღებას არ მოგაქცევენ და არც კი შემოგხედავენ. მაგრამ თუ დადგება დღე, როდესაც დასჭირდები, შენდამი მათი დამოკიდებულება უცებ შეიცვლება და ძალიან ყურადღებიანები და კეთილგანწყობილები გახდებიან, რაც საგონებელში ჩაგაგდებს. რატომ შეიცვალა შენდამი მათი დამოკიდებულება? (იმიტომ, რომ ახლა მათთვის სასარგებლო გახდი.) სწორია: როდესაც ხედავენ, რომ მათთვის სასარგებლო გახდი, დამოკიდებულებას იცვლიან. არიან თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები? როდესაც ასეთი ადამიანები სხვებთან ურთიერთობენ, ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ რაიმე აშკარად ცუდს აკეთებენ. მათ ყოველდღიურ გამოხატვებში, საუბარსა და ქცევაშიც თითქოს აშკარა პრობლემები არ ჩანს. თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდები, როგორ ურთიერთობენ ისინი ადამიანებთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც მათთან ყველაზე ახლოსაა და მათთვის ყველაზე ძვირფასია, თუ დაინახავ, როგორ იყენებენ სხვებს საკუთარი სარგებლისთვის და შემდეგ როგორ ეპყრობიან მათ, ამის მეშვეობით შეძლებ დაინახო ანტიქრისტეთა ზრახვები, დამოკიდებულებები და მეთოდები, რომლებსაც ისინი სხვებთან ურთიერთობისას იყენებენ. ისინი მხოლოდ პირად სარგებელს ეძებენ, სატანის ფილოსოფიით ცხოვრობენ და მოკლებულნი არიან ნორმალურ ადამიანობას.

ანტიქრისტეთა ადამიანობას ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა ცბიერება და დაუნდობლობა. შეუძლიათ მათ კარგად შეეწყონ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობისას და სხვადასხვა საკითხისადმი მიდგომაში პატიოსნები, გულკეთილები და გულწრფელები არიან? სურთ მათ ასეთ ადამიანებთან დაახლოება? (არა, არ სურთ.) როგორ უყურებენ ისინი ასეთ ადამიანებს? ისინი ამბობენ: „ეს ადამიანები, ყველანი, ძალიან უგუნურები არიან და ისე პირდაპირ ლაპარაკობენ. სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე — რატომ ლაპარაკობ ასე გულწრფელად? რატომ ლაპარაკობ ყოველთვის ასე პირდაპირ?“ ანტიქრისტეთა თვალში ეს ადამიანები საცოდავი სულელები არიან და ისინი მათ ზემოდან უყურებენ. როდესაც ასეთი ადამიანები ხედავენ ვინმე გულკეთილს, რომელიც სხვებს გულწრფელად ექცევა, და როდესაც ამ ადამიანს სიძნელეები აქვს და დახმარება სჭირდება, ისინი მას გულწრფელად ეხმარებიან, უსურვებენ კეთილდღეობას და სურთ, სარგებელი მოუტანონ, დაეხმარონ და დამოძღვრონ — ანტიქრისტეები ასეთ ადამიანებს უგუნურებად და სულელებად მიიჩნევენ. ანტიქრისტეებს არ სჯერათ, რომ ადამიანობის ეს დადებითი ელემენტები კარგი ან მშვენიერი რამაა, რაც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. პირიქით, გულის სიღრმეში ისინი ზიზღს, მიუღებლობასა და უპატივცემულობას გრძნობენ ნორმალური ადამიანობისთვის აუცილებელი ამ თვისებების მიმართ. ისინი პატიოსან ადამიანებს სულელებს უწოდებენ; იმავეს ამბობენ გულკეთილ ადამიანებზე და მით უმეტეს — გულწრფელ ადამიანებზე. ისინი, ვისაც ღმერთი შედარებით პატიოსნად სწამს და ვინც თავის მოვალეობებს შედარებით პატიოსნად ასრულებს, ვისაც კეთილი გული აქვს და არასოდეს აყენებს სხვებს ტკივილს ან ზიანს, ვისაც უყვარს სხვები და სიმპათიით არის განწყობილი მათ მიმართ, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სარგებელზე და გადალახოს საკუთარი სიძნელეები სხვების დასახმარებლად, ვინც ტვირთსა და პასუხისმგებლობას გრძნობს, როდესაც ხედავს სუსტ და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს — ანტიქრისტეები გულის სიღრმეში ასეთ ადამიანებს კიდევ უფრო ამრეზით უყურებენ. რაც შეეხება მათ, ვინც ღვთისადმი რწმენაში შედარებით გულწრფელია, ვისაც ღვთისმოშიში გული აქვს, ყველაფერში იღებს ღვთის გულდასმით შესწავლას შეუძლია თავისი მოვალეობების გულწრფელად, ერთგულად და პასუხისმგებლობით შესრულება და საკუთარ მოვალეობებს გულწრფელი დამოკიდებულებით ეკიდება — ანტიქრისტეები გულის სიღრმეში ამრეზითა და სიძულვილით ეპყრობიან ასეთ ადამიანებს, გარეგნულად კი შესამჩნევად ერიდებიან მათ და დისტანციას იჭერენ მათგან. ანტიქრისტეთა თვალში ნორმალური ადამიანობისთვის აუცილებელი ყველა ეს დადებითი ელემენტი სულაც არ არის დადებითი: ისინი არც ქებას იმსახურებენ და არც წახალისებას. ამის ნაცვლად, ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ მათი საკუთარი ხრიკები, სტრატეგიები, ადამიანებთან ურთიერთობის შინაგანი მეთოდები და სისასტიკე ქების ღირსია. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი ყოველთვის გონებაში თავიანთ მეთოდებსა და ხრიკებს განიხილავენ და ხვეწენ. საკითხის მასშტაბის მიუხედავად, მათ მიაჩნიათ, რომ ასე მოქმედება ღირს და აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალს ნახავენ და მათი რეპუტაცია დაზიანდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ანტიქრისტეთა ადამიანობაში ეს ელემენტები არსებობს, შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების მიღება? შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? სრულიად არა. რამდენიც არ უნდა გაუსვა ხაზი პატიოსნებას, გულკეთილობასა და სხვა დადებით თვისებებს, მოითხოვო ადამიანებისგან, რომ ეს თვისებები ჰქონდეთ და ამ დადებითი ადამიანობის შესაბამისად მოექცნენ ადამიანებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და მოაგვარონ სხვადასხვა საკითხი, ანტიქრისტეები გულის სიღრმეში უარყოფენ ამ თვისებებს, ამრეზით უყურებენ და მტრულად ეკიდებიან მათ. რატომ? იმიტომ, რომ ანტიქრისტეები ამ დადებით თვისებებს სრულიად მოკლებულნი არიან; მათ არსობრივად ცბიერი და დაუნდობელი ზნეობა გააჩნიათ, რომელიც დემონური ბუნებისაა. განა ასეთი ზნეობა დაშორებული არ არის იმ პატიოსნების, გულკეთილობისა და გულწრფელობისგან, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს? მათ შორის არა მხოლოდ არის დაშორება, არამედ ისინი სწორედ ერთმანეთის საპირისპირონი არიან — ბუნებით განსხვავებული ორი ზნეობაა. თანხვედრაშია თუ არა ანტიქრისტეთა ცბიერებისა და დაუნდობლობის რომელიმე გამოვლინება და გაცხადება ნორმალურ ადამიანობას? თანხვედრაშია თუ არა ის ჭეშმარიტებასთან? რა თქმა უნდა, არა; ეს ყველაფერი სატანის ფარული გეგმები და ხრიკებია. ბუნება, რომელიც სატანის ფარულ გეგმებსა და ხრიკებში ვლინდება, სწორედ ცბიერი და დაუნდობელია — ეს ის ელემენტებია, რომლებიც ღვთის მოთხოვნის თანახმად ნორმალურ ადამიანობაში არ უნდა არსებობდეს. ცბიერებისა და დაუნდობლობის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ ამ თანაზიარების საფუძველზე დაფიქრდით, არიან თუ არა თქვენ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი ადამიანობა აქვთ. ასეთი ცბიერი და დაუნდობელი ზნეობის მქონე ანტიქრისტეები, უდავოდ, მოქმედებასაც შეძლებდნენ. სხვები შეძლებენ ანტიქრისტეთა ქმედებების დანახვას, ანტიქრისტეების მოსმენას და მათზე წვდომას. თუ ანტიქრისტეთა ქმედებები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია, ადამიანებს მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ და ასეთი პიროვნებების ამოცნობა და გარჩევა უნდა შეეძლოთ. ანტიქრისტეთა ცბიერი და დაუნდობელი ზნეობის ეს გამოვლინება საკმაოდ გავრცელებული და აშკარა უნდა იყოს. ეს არ არის დაფარული იდეა, აზრი ან განზრახვა, არამედ არის მათი აშკარად გამოვლენილი ადამიანობა და მათი მოქმედების მეთოდები, საშუალებები და სტრატეგიები. ადამიანებს ადამიანობის ამ ასპექტის აღქმა უნდა შეეძლოთ.

გ. ღირსების გრძნობის გარეშე და სირცხვილის უგულებელმყოფელი

ნორმალურ ადამიანობას ახასიათებს უბრალოებაც, მაგრამ არიან კი ანტიქრისტეები უბრალო ადამიანები? ცხადია, არა. ცბიერება, დაუნდობლობა და ჩვეული სიცრუე, რომლებზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, უბრალოების საპირისპიროა. უბრალოების გაგება ადვილია, ამიტომ მასზე აღარ გვექნება თანაზიარება. მოდით, ღირსების გრძნობის შესახებ გვქონდეს თანაზიარება. ღირსების გრძნობა არის ის, რაც ნორმალურ ადამიანობას უნდა ახასიათებდეს; ეს გონიერების ქონას ნიშნავს. რა არის ღირსების გრძნობის ქონის საპირისპირო ცნება? (სირცხვილის უგულებელყოფა.) სირცხვილის უგულებელყოფა ნიშნავს, იყო უსირცხვილო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შეიძლება შეჯამდეს როგორც ღირსების გრძნობის უქონლობა. რა ქმედებები და კონკრეტული გამოვლინებები ცხადყოფენ, რომ ანტიქრისტეებს ღირსების გრძნობა არ აქვთ და სირცხვილის უგულებელმყოფლები არიან? ანტიქრისტეები აშკარად ეცილებიან ღმერთს სტატუსს — ეს ღირსების გრძნობის უქონლობასა და სირცხვილის უგულებელყოფაზე მეტყველებს. მხოლოდ ანტიქრისტეებს შეუძლიათ აშკარად შეეცილონ ღმერთს სტატუსში და მის რჩეულ ხალხში. მიუხედავად იმისა, სურთ ადამიანებს ეს თუ არა, ანტიქრისტეებს მათი კონტროლი სურთ. მიუხედავად იმისა, აქვთ ამის უნარი თუ არა, ანტიქრისტეები სტატუსისკენ ისწრაფვიან, ხოლო როდესაც მას მოიპოვებენ, ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობენ, ღვთის რჩეული ხალხის ხარჯზე ჭამენ და სვამენ და თავად არაფერს აკეთებენ და ღვთის რჩეულ ხალხს თავს არჩენინებენ. ისინი საერთოდ არ უზრუნველყოფენ ღვთის რჩეულ ხალხს სიცოცხლით, მიუხედავად ამისა, მათ სურთ, ადამიანები თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქციონ, აიძულონ, უსმინონ, ემსახურონ და მათთვის მონებივით იშრომონ, და ადამიანთა გულებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. თუ შენ სხვებზე კარგს ლაპარაკობ, თუ აქებ ღვთის დიდ სიკეთეს, მადლს, კურთხევებსა და ყოვლისშემძლეობას, ისინი თავს უბედურად და უკმაყოფილოდ გრძნობენ. მათ ყოველთვის სურთ, რომ მათზე ქებით ილაპარაკო, შენს გულში მათთვის ადგილი გქონდეს, პატივი სცე და მოწიწებით მოექცე, თანაც ეს ყოველგვარი მინარევის გარეშე აკეთო. ყველაფერი, რასაც გააკეთებ, მათთვის უნდა იყოს და მათ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. ყოველთვის, ყველაფერში, რასაც ამბობ და აკეთებ, ისინი პირველ ადგილზე უნდა დააყენო, მათი აზრები და გრძნობები გაითვალისწინო. განა ეს არ არის ღირსების გრძნობის უქონლობა და სირცხვილის უგულებელყოფა? განა ანტიქრისტეები ასე არ იქცევიან? (დიახ, ასე იქცევიან.) სხვა რა გამოვლინებები აქვთ? ისინი იპარავენ და ფლანგავენ შემოწირულობებს, ღვთის შემოწირულობებს ითვისებენ. ესეც ღირსების გრძნობის უქონლობასა და სირცხვილის უგულებელყოფას ავლენს — ეს მეტისმეტად აშკარაა!

რაც შეეხება შემოწირულობების მოპარვას, აი, რა მოხდა ერთხელ. ზოგიერთმა ძმამ და დამ გარკვეული ნივთები შესწირა, რომლებიც ერთ ეკლესიაში გადაიგზავნა, და შემოწირულობების დაცვაზე პასუხისმგებელმა პირმა შენიშნა, რომ იქ ორი ბოთლი იყო, რომელთაც არანაირი წარწერა არ ჰქონდათ — არც ის ეწერა, რომ ზემდგომისთვის იყო განკუთვნილი და არც რაიმე კონკრეტული მითითებები ახლდა. რადგან არ იცოდა, რა იყო ბოთლებში, ამ ადამიანმა ისინი თვითნებურად დაიტოვა და ზემდგომისთვის არ გადაუგზავნია. მოგვიანებით, როდესაც ვკითხე, ჰქონდა თუ არა ეს ნივთები, მიპასუხა, რომ ორი ბოთლი ჰქონდა. ვკითხე, როგორ მოხდა, რომ ეს ორი ბოთლი მასთან აღმოჩნდა და მან სიტუაცია ასე ამიხსნა: „ეს ორი ბოთლი ყოველგვარი წარწერის გარეშე მოვიდა — არც ის ეწერა, რა იყო და არც ის, რომ ზემდგომისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ აქ დავიტოვეთ. თუ ეტიკეტზე ეწერებოდა, რომ ეს ჩვენთვის გამოსადეგი რამ იყო, დავიტოვებდით და გამოვიყენებდით. თუ მათი გაყიდვა შეიძლებოდა, გავყიდდით.“ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს აქ პრობლემა? სხვადასხვა ადგილიდან აქ ძვირფასი ნივთები იგზავნება; ზოგს მითითება ახლავს, ბევრს კი — არც მითითება და არც ეტიკეტი. ნორმალურ პირობებში, თუ საკითხს გონივრულად გააანალიზებთ, ვის უნდა გადაეცეს ასეთი ნივთები? (ისინი ღმერთს უნდა მიეცეს, როგორც შემოწირულობები.) ნორმალური რაციონალურობის მქონე ადამიანები სწორედ ასე უნდა ფიქრობდნენ. თუმცა, მავანმა თქვა: „ამ ნივთებზე არ აწერია, რომ ზემდგომისთვის არის“. ამ სიტყვებში ის ასეთ აზრს გულისხმობდა: „ეს ნივთები შენთვის არ არის. შენ რა გესაქმება ამასთან? რაკი ეტიკეტზე არ წერია, რომ შენთვისაა განკუთვნილი, მათი განკარგვის უფლება მე მაქვს. არ მოგცემ. თუ გაყიდვა მომინდება, გავყიდი. თუ გამოყენება მომინდება, გამოვიყენებ. თუ არც გამოყენება მინდა და არც გაყიდვა, უბრალოდ იქ დავტოვებ და გავაფუჭებ!“ ასეთი იყო პასუხისმგებელი პირის თვალსაზრისი. რას ფიქრობთ ამ თვალსაზრისზე? ნუთუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ძვირფას ნივთებს შორიდან უგზავნიან ეკლესიას ან ცალკეულ პირებს ისე, რომ არ აკონკრეტებენ, ვისთვისაა ისინი განკუთვნილი? (არა.) ვინ გამოავლენდა ისეთ დიდ სიყვარულს, რომ ძვირფასი ნივთები ეკლესიისთვის, ღვთის სახლისთვის ან ძმებისა და დებისთვის გაეჩუქებინა? დღემდე არ მინახავს ასეთი დიდი სიყვარულის მქონე ადამიანი და არც ისეთი, ვინც ასეთ შემოწირულობას ან ქველმოქმედებას გაიღებდა. ჩვეულებრივი და იაფფასიანი ნივთებისთვისაც კი ფულის გადახდა გიწევს. მაშ, რაც შეეხება ამ ძვირფას ნივთებს, განა ვინმე უბრალოდ ასე, არაფრის სანაცვლოდ გასცემს მათ? (არა.) მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთების გამომგზავნებს არ დაუკონკრეტებიათ, ვისთვის იყო განკუთვნილი, ადამიანებმა მაინც უნდა იცოდნენ, ვისთვისაა ისინი განკუთვნილი; ადამიანობას ასეთი რაციონალურობა უნდა ახასიათებდეს. როგორ უნდა მოქცეულიყო პასუხისმგებელი პირი ამ შემთხვევაში? როგორ უნდა განეკარგა ეს ნივთები? სულ მცირე, ზემდგომისთვის უნდა ეკითხა: „ეს ნივთები გნებავთ? თუ არა, რა ვუყოთ მათ?“ მხოლოდ ეს ორი კითხვა საკმარისი იქნებოდა, რომ საკითხი მოგვარებულიყო; ეს ორი კითხვა აჩვენებდა, რომ ადამიანის ზნეობას ნორმალური რაციონალურობა ახასიათებდა. მაგრამ შემოწირულობების დაცვაზე პასუხისმგებელმა პირმა ეს ორი მარტივი კითხვაც კი ვერ დასვა და არც ის უმთავრესი რაციონალურობა გააჩნდა, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. როგორ მოხდა, რომ ეგონა, ეს ნივთები ეკლესიისთვის იყო? მან კიდევ ერთი ფრაზაც დაამატა: „ეტიკეტი არ აქვს დაკრული, რომელზეც ეწერებოდა, რომ ზემდგომისთვისაა განკუთვნილი.“ განა ეს პრობლემა არ არის? რას ნიშნავს ეს სიტყვები: „ეტიკეტი არ აქვს დაკრული, რომელზეც ეწერებოდა, რომ ზემდგომისთვისაა“? რატომ დაამატა ეს ფრაზა? (იმიტომ, რომ ღვთის შემოწირულობების დაუდევრად გაფლანგვის საბაბი ეპოვა.) ზუსტად ასეა. ნუთუ ადამიანს, რომელიც ასე იქცევა, მართლაც შეიძლება ადამიანობაში ღირსების გრძნობა ჰქონდეს? ცხადია, არა. როგორი ადამიანობა აქვს ადამიანს, რომელიც ასეთ ზნეობას მოკლებულია? განა ეს ღირსების გრძნობის უქონლობა არ არის? ნუთუ მან ნამდვილად არ იცოდა, რომ ეს შემოწირულობები იყო? მან იცოდა, რომ ეს შემოწირულობები იყო, მაგრამ, რადგან მის ადამიანობას ღირსების გრძნობა აკლდა, შეეძლო უსირცხვილოდ ეთქვა ასეთი სიტყვები, შემდეგ კი სრულიად ბუნებრივად და დაუდევრად ესარგებლა შემოწირულობებით, მიეთვისებინა და გაეფლანგა, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო. ასეთ გამოვლინებებს მხოლოდ ანტიქრისტეთა ადამიანობის მქონე ადამიანები ავლენენ.

ანტიქრისტეებს აკლიათ სინდისი და გონიერება; კიდევ რით ვლინდება, რომ მათ ღირსების გრძნობა არ აქვთ და სირცხვილის უგულებელმყოფლები არიან? როდესაც რაიმე ცუდს აკეთებენ, სინანულს არ გრძნობენ და გულში დანაშაულის არავითარ შეგრძნებას არ ატარებენ. არც იმას უფიქრდებიან, როგორ გამოასწორონ ჩადენილი ან მოინანიონ, და ისიც კი მიაჩნიათ, რომ მათი ქმედებები გამართლებულია. როდესაც გასხვლას ან თანამდებობიდან გათავისუფლებას აწყდებიან, მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ მოექცნენ. ისინი გამუდმებით კამათობენ და სოფისტიკას მიმართავენ — ეს ღირსების გრძნობის უქონლობაა. არავითარ რეალურ საქმეს არ აკეთებენ; გამუდმებით სხვებს მოძღვრავენ და ცარიელი თეორიებით ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, რის გამოც სხვებს ჰგონიათ, რომ სულიერები არიან და ჭეშმარიტება ესმით. ასევე, ხშირად ტრაბახობენ, რამდენი უშრომიათ და რამდენი ტანჯვა გადაუტანიათ, ამბობენ, რომ ღვთის მადლითა და ძმებისა და დების მასპინძლობითა და მზრუნველობით სარგებლობას იმსახურებენ; ამიტომ ეკლესიის ხარჯზე ცხოვრებასაც თავისთავად ცხადად მიიჩნევენ, თანაც სურთ გემრიელი საჭმელ-სასმელი მიირთვან და განსაკუთრებული მოპყრობით ისარგებლონ. ეს ღირსების გრძნობის უქონლობა და სირცხვილის უგულებელყოფაა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად დაბალი კალიბრი აქვთ, არ ესმით ჭეშმარიტება, ვერ პოულობენ პრაქტიკის პრინციპებს და არც რაიმე საქმის შესრულება შეუძლიათ, მაინც ტრაბახობენ, თითქოს ყველაფერში უნარიანები არიან და ყველაფერი კარგად გამოსდით. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არაფერს წარმოადგენენ, თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ყველაფერი იციან, რათა ადამიანებმა დააფასონ და პატივისცემით შეხედონ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, მაგრამ მათ რჩევას არ სთხოვს და ამის ნაცვლად სხვას მიმართავს, ბრაზდებიან, შურთ და ბოღმას იდებენ, თანაც ყველანაირად ცდილობენ, ის ადამიანი დატანჯონ. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? აშკარაა, რომ ხშირად იტყუებიან და მრავალგვარი გახრწნილი ხასიათი აქვთ, მაგრამ თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გახრწნილი ხასიათი საერთოდ არ აქვთ, თითქოს ღმერთი მათ კეთილგანწყობით უყურებს და უყვარს; გამუდმებით თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს შესანიშნავად შეუძლიათ ტანჯვის ატანა და დამორჩილება, ჭეშმარიტებისა და გასხვლის მიღება, არ ეშინიათ მძიმე შრომისა თუ კრიტიკის და არასოდეს წუწუნებენ — სინამდვილეში კი ბოღმით არიან სავსე. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ შეუძლიათ რაიმე გაგებაზე თანაზიარება, ვერც რომელიმე ჭეშმარიტებაზე საუბრობენ ნათლად და არც გამოცდილებიდან მიღებული მოწმობა აქვთ, მაინც თავს იკატუნებენ და სხვებს ატყუებენ; თავიანთ თვითშემეცნებაზე ფუჭად ლაპარაკობენ, რათა ადამიანებმა ისინი ძალიან სულიერებად ჩათვალონ და იფიქრონ, რომ დიდი გაგება აქვთ. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? აშკარაა, რომ უამრავი პრობლემა და ცუდი ადამიანობა აქვთ, თავიანთ მოვალეობას ყოველგვარი თავდადების გარეშე ასრულებენ და, რა საქმესაც უნდა აკეთებდნენ, მხოლოდ საკუთარ ჭკუასა და მოხერხებულობას ეყრდნობიან, საერთოდ არ ეძებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ ტვირთს ატარებენ, ძალიან სულიერები არიან და კალიბრი აქვთ და ადამიანების უმეტესობაზე აღმატებულნი არიან. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? განა ყოველივე ეს ანტიქრისტეთა ადამიანობის ნაკლებობის გამოვლინება არ არის? განა ისინი ხშირად არ ავლენენ ასეთ რამეებს? აშკარაა, რომ ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება აკლიათ და, რა საქმესაც უნდა აკეთებდნენ, პრაქტიკის ვერანაირ პრინციპს ვერ პოულობენ, მაგრამ უარს ამბობენ ძიებასა თუ თანაზიარებაზე; საქმის შესასრულებლად მხოლოდ საკუთარ მოხერხებულობას, გამოცდილებასა და ჭკუას ეყრდნობიან. მათ ისიც კი სურთ, რომ წინამძღოლები იყვნენ, სხვები წარმართონ და ყველა მათ უსმენდეს, ხოლო თუ ვინმე არ უსმენს, ბრაზდებიან და ცოფდებიან. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? რადგან ამბიციები, ნიჭი და მცირეოდენი მოხერხებულობა აქვთ, ყოველთვის სურთ, ღვთის სახლში გამოირჩეოდნენ და ღვთის სახლმა ისინი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნოს და მოახდინოს მათი კულტივირება. თუ მათ კულტივირებას არ ახდენენ, სწყინთ და ბოღმას იდებენ, წუწუნებენ, რომ ღვთის სახლი უსამართლოა, ნიჭიერი ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია და ღვთის სახლში არავინაა ნიჭის კარგი შემფასებელი, რომელიც მათ გამორჩეულ უნარებს აღმოაჩენდა. თუ მათ კულტივირებას არ ახდენენ, არ სურთ, გულმოდგინედ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, აიტანონ სიძნელეები ან საფასური გადაიხადონ; ამის ნაცვლად, მხოლოდ თავიანთი ცბიერების გამოყენება სურთ, რათა საქმეს თავი აარიდონ. გულში იმედოვნებენ, რომ ღვთის სახლში მათ ვინმე დააფასებს და დააწინაურებს, რაც საშუალებას მისცემს, სხვებს აჯობონ და აქ თავიანთი გრანდიოზული გეგმები განახორციელონ. განა ეს ამბიციები და სურვილები არ არის? განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? განა ეს ანტიქრისტეთა ყველაზე გავრცელებული გამოვლინება არ არის? თუ ნამდვილად გაქვს უნარები, ჭეშმარიტებას უნდა ესწრაფოდე, მთელი ყურადღება შენი მოვალეობების კარგად შესრულებას დაუთმო და ღვთის რჩეული ხალხი ბუნებრივად დაგაფასებს. თუ ჭეშმარიტება საერთოდ არ გაქვს და მაინც ყოველთვის გინდა, გამოირჩეოდე, ეს მეტისმეტი უგუნურებაა! თუ ამბიციები და სურვილებიც გაქვს და მუდამ თავგამოდებით ცდილობ მათ განხორციელებას, შენი დაცემა გარდაუვალია. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაში ოდესღაც გარკვეული სტატუსი და ავტორიტეტი ჰქონდა, ღვთისადმი რწმენის მიღებისა და მის სახლში შესვლის შემდეგაც სურს, თავისი ძალაუფლება გამოავლინოს, ბოლო სიტყვა მას ეკუთვნოდეს და ყველა მის ბრძანებას ემორჩილებოდეს. მათ სურთ, თავიანთი კვალიფიკაცია და დამსახურებები წარმოაჩინონ, თვლიან, რომ ყველა მათზე დაბლა დგას, რომ ყველა მათ ძალაუფლებას უნდა დაემორჩილოს. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? დიახ, ასეა. როდესაც ზოგი ადამიანი ღვთის სახლში მოვალეობის შესრულებისას გარკვეულ შედეგებს აღწევს და გარკვეული წვლილი შეაქვს, მას ყოველთვის სურს, რომ ძმები და დები დიდი პატივისცემით მოეპყრონ, როგორც უხუცესს, მაღალი რანგის პირს და განსაკუთრებულ პიროვნებას. მათ ისიც კი სურთ, რომ ადამიანებმა მათ პატივისცემით უყურონ, გაჰყვნენ და მოუსმინონ. ისინი ეკლესიაში წამყვან პიროვნებად გახდომას ესწრაფვიან; სურთ, ყველაფერი თავად გადაწყვიტონ, ყველა საკითხზე განაჩენი გამოიტანონ და საბოლოო სიტყვა თქვან. თუ მათ ნათქვამს არავინ უსმენს ან არ იღებს, სურთ, მიატოვონ თავიანთი საქმე, ძირი გამოუთხარონ ყველა სხვას და დასცინონ მათ. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნასთან ერთად, ისინი განსაკუთრებით ბოროტგანზრახულებიც არიან — ესენი არიან ანტიქრისტეები.

ანტიქრისტეთა ზნეობაში სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნის ეს გამოვლინება მეტისმეტად გავრცელებულია. ადამიანთა უმეტესობა მას გარკვეულწილად ავლენს, მაგრამ ანტიქრისტეებს არა მხოლოდ ეს გამოვლინება აქვთ, ისინი ასევე არასოდეს აცნობიერებენ, რამდენად მძიმეა იგი თავისი ბუნებით, არც ინანიებენ, არც მის შეცნობას ცდილობენ და არც მის წინააღმდეგ ამბოხდებიან. პირიქით, ისინი ამას ბუნებრივად მიიჩნევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების მიღებაზე უარს ამბობენ. როგორი სირცხვილის უგულებელმყოფელი, უგუნური, საზიზღარი და საძაგელიც არ უნდა იყოს მათი ქცევა, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ის ბუნებრივი და გამართლებულია. ფიქრობენ, რომ ეს გონივრულია, რომ თავიანთი ნიჭისა და უნარების გამო წინამძღოლობას იმსახურებენ და რომ დამსახურებებისა და შეტანილი წვლილის გამო თავიანთ უფროსობას უნდა გაუსვან ხაზი, სხვები კი მათ უნდა უსმენდნენ; ამაში სირცხვილის უგულებელყოფას ვერ ხედავენ. განა ისინი უიმედონი არ არიან? ეს ნორმალური ადამიანობა არ არის; ეს ანტიქრისტეთა ზნეობაა. ჩვეულებრივ გახრწნილ ადამიანებსაც შეიძლება მეტ-ნაკლებად ჰქონდეთ ასეთი გამოვლინებები და აზრები, სხვადასხვა ხარისხის სიმძაფრით, მაგრამ ღვთის სიტყვების კითხვითა და ჭეშმარიტების მიღებითა და გაგებით აცნობიერებენ, რომ ასეთი რამეები ნორმალურ ადამიანობას არ უნდა ახასიათებდეს. ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ როდესაც ასეთი იდეები, აზრები, გეგმები ან ირაციონალური მოთხოვნები წარმოიშობა, მათ წინააღმდეგ უნდა ამბოხდნენ, უარი თქვან მათზე, შეცვალონ, მონანიება ისწავლონ, ჭეშმარიტება მიიღონ და ჭეშმარიტების შესაბამისად განახორციელონ პრაქტიკა. რა განსხვავებაა ანტიქრისტეებსა და ჩვეულებრივ გახრწნილ ადამიანებს შორის? განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ანტიქრისტეები არასოდეს დაიჯერებენ, რომ მათი იდეები, აზრები და სურვილები მცდარია, ღვთის მიერ დაგმობილი და საძულველი, ან რომ ისინი სატანისგან მომდინარე უარყოფითი რამაა. შესაბამისად ისინი არასოდეს ამბობენ უარს ამ აზრებსა თუ შეხედულებებზე. პირიქით, ჯიუტად ეჭიდებიან მათ, არ ამბოხდებიან მათ წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, არც იმას იღებენ, რაც სწორი და დადებითია, და არც აძლევენ საშუალებას, რომ ეს იქცეს იმ პრაქტიკად, რომელიც უნდა ჰქონდეთ, და იმ პრინციპებად, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ეს განასხვავებს ანტიქრისტეებს ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანებისგან. მიმოიხედეთ: ყველა, ვინც ასე უგულებელყოფს სირცხვილს, მაგრამ ამას ვერასოდეს შეიცნობს და მისი გაცნობიერებაც კი არ შეუძლია, ტიპური ანტიქრისტეა.

ანტიქრისტეებს კიდევ ერთი ტიპური თვისება აქვთ, რომლის გარჩევაც ადამიანებისთვის ძალიან ადვილია: მათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. როგორც ბიბლიაში წერია: „უკეთური კაცი ისასტიკებს სახეს“ (იგავ. 21:29) — მხოლოდ ანტიქრისტეები არიან ჭეშმარიტად ბოროტი ადამიანები. ანტიქრისტეები უსირცხვილოები არიან; რამდენი ისეთი რამეც არ უნდა გააკეთონ, რაც სირცხვილის უგულებელყოფას ავლენს, სხვების გრძნობებს არაფრად აგდებს და ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, მათ ამის შესახებ არც იციან და არც აცნობიერებენ. ისინი არ იღებენ იმას, რაც სწორი ან დადებითია, და არც თავიანთ მცდარ შეხედულებებსა და პრაქტიკას იშორებენ; პირიქით, ბოლომდე დაჟინებით მისდევენ მას. ანტიქრისტეები სწორედ ასეთები არიან. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? როდესაც ასეთი არაგონივრული მოთხოვნები, უსირცხვილო აზრები და ღვთისთვის საძულველი განზრახვები და იდეები გაქვთ, იცით, რომ ღმერთს ეს ეზიზღება და ამიტომ შეგიძლიათ ამის წინააღმდეგ ამბოხდეთ და უარი თქვათ ამაზე? თუ ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგაც არ გსურთ ამაზე უარის თქმა, დაჟინებით მისდევთ მას და ფიქრობთ, რომ მართლები ხართ? (როდესაც ამას ვაცნობიერებ, შემიძლია ღვთის სიტყვებს დავუკავშირო და ვიგრძნო, რომ ეს აზრები საკმაოდ საძაგელი და სირცხვილის უგულებელმყოფელი აზრებია, და შემიძლია ვილოცო და მათ წინააღმდეგ ავმბოხდე.) ისინი, ვისაც შეგნებულად შეუძლიათ ილოცონ და ამის წინააღმდეგ ამბოხდნენ, ანტიქრისტეები არ არიან; ხოლო ისინი, ვინც არასოდეს ლოცულობენ და არასოდეს ამბოხდებიან ამის წინააღმდეგ, არამედ საკუთარ აზრებს მიჰყვებიან, გულში ღმერთს ეწინააღმდეგებიან და ჭეშმარიტების მიღებაზე უარს ამბობენ, ტიპური ანტიქრისტეები არიან. რამდენად უსირცხვილოც არ უნდა იყოს მათი საქციელი, მაინც უარს ამბობენ, ეს აღიარონ ან დაადასტურონ. განა აშკარა არ არის, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დადებით რამეებს არ იღებენ, მაგრამ უარყოფითი და უკეთური უყვართ? ვერ არჩევთ, თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, თუ არასოდეს გქონიათ ასეთი სირცხვილის უგულებელმყოფელი აზრები? (ასეთი აზრები მქონია და, როდესაც მათ ვაცნობიერებდი, შემეძლო ღვთის მიმართ მელოცა და მათ წინააღმდეგ ავმბოხებულიყავი. ზოგჯერ მათ ვერ ვაცნობიერებდი; ვმოქმედებდი ან ვლაპარაკობდი ისე, რომ ვერ ვგრძნობდი, სირცხვილის უგულებელყოფას რომ ვავლენდი, და ამას მხოლოდ მოგვიანებით, მას შემდეგ ვხვდებოდი, რაც მამხელდნენ; ამის შემდეგ კი შემეძლო მელოცა და მათ წინააღმდეგ ავჯანყებულიყავი.) თუ ვერ აცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი უსირცხვილოა, ეს პრობლემა არ არის; მაგრამ თუ ამას აცნობიერებთ და მაინც არ იღებთ ჭეშმარიტებას და საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგებით, მაშინ ეს სერიოზული პრობლემაა. უმეტესად უგრძნობი ხართ, ამას ღვთის სიტყვებს ვერ უკავშირებთ და ვერც იმას აცნობიერებთ, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა. მაგრამ თუ ამის გაცნობიერებისთანავე გულში თავს დამნაშავედ და მხილებულად გრძნობთ, იმდენად გრცხვენიათ, რომ ვეღარავის უსწორებთ თვალს, საკუთარ თავს საძაგელ, მდაბიო და ზნეობრივად უღირს ადამიანად მიიჩნევთ, ამის გამო საკუთარი თავი გძულთ და გეზიზღებათ, შემდეგ კი ფიქრობთ, როგორ შეიცვალოთ და როგორ მოიშოროთ ეს ყველაფერი, ეს ნორმალური მდგომარეობაა. თუ ამის გაცნობიერების შემდეგ საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხება შეგიძლია, მაშინ ხსნის იმედი გაქვს. თუ აცნობიერებ და მაინც არ ამბოხდები საკუთარი თავის წინააღმდეგ, ხსნის იმედი არ გაქვს. შეძლებს თუ არა ადამიანი ცხონებას, დამოკიდებულია იმაზე, შეუძლია თუ არა ჭეშმარიტების მიღება. ზოგმა შეიძლება თქვას: „მე უგრძნობი და გონებაჩლუნგი ვარ, დაბალი კალიბრი მაქვს, მაგრამ თუ მოსმენილიდან ცოტას მაინც გავიგებ, შემიძლია ღვთის სიტყვების შესაბამისად ვიმოქმედო და საკუთარი თავის წინააღმდეგ ავმბოხდე“. ასეთი ადამიანები შეიძლება ცხონდნენ. რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ადამიანის კალიბრი და რამდენ ჭეშმარიტებასაც არ უნდა იგებდეს, თუ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ ამბოხდება, თუ ჯიუტად უარს ამბობს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასა და მიღებაზე და გულში ეწინააღმდეგება და უპირისპირდება მას, მაშინ ყველაფერი დასრულებულია — ის უიმედოა. სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა ანტიქრისტეთა ზნეობის ტიპური თვისებაა. დააკვირდით, არიან თუ არა თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები, შემდეგ კი საკუთარი თავი გამოიკვლიეთ და დაადგინეთ, მიეკუთვნებით თუ არა ამ კატეგორიას — მუდამ ხომ არ მიგაჩნიათ თავი სრულყოფილ და დიდებულ ადამიანად, ყოველთვის მხსნელად ხომ არ თვლით თავს, მუდამ ყველაზე მაღლა დგომას ხომ არ ესწრაფვით, ნებისმიერ ჯგუფში სხვებს საკუთარ თავს ხომ არ ადარებთ იმის დასადგენად, რამდენად მაღლა დგახართ, და მიუხედავად იმისა, საბოლოოდ შეძლებთ თუ არა სხვებზე უკეთესი აღმოჩნდეთ, მაინც ხომ არ გსურთ, გამორჩეული იყოთ, რომ სხვებმა დიდად დაგაფასონ, ხალხში გამოირჩეოდეთ და ჯგუფის განსაკუთრებულ წევრად იქცეთ. რა გხდის განსაკუთრებულს? თავზე რქები ხომ არ გეზრდება, ან იქნებ სამი თვალი, ან სამი თავი და ექვსი ხელი? შენში არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაშ, რატომ გგონია მუდამ, რომ სხვებისგან გამოირჩევი და უნიკალური ხარ? ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნაა. ერთი მხრივ, შენს თანდაყოლილ ფიზიკურ უნარებში არაფერი განსაკუთრებით გამორჩეული არ არის, მეორე მხრივ კი, არც შენი კალიბრია რამით განსაკუთრებული. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შენც, ისევე როგორც ყველა სხვა, სავსე ხარ გახრწნილი ხასიათებით, არ გესმის ჭეშმარიტება და იმავე სატანურ მოდგმას მიეკუთვნები, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. რა გაქვს სატრაბახო? ცხადია, სატრაბახო არაფერი გაქვს. ის მცირეოდენი უნარები, შესაძლებლობები, ნიჭი და ტალანტები, რომლებიც გაქვს, ხსენებადაც არ ღირს, რადგან ეს ნორმალურ ადამიანობას არ წარმოადგენს და დადებით რამეებთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, დაჟინებით წინა პლანზე წამოსწევ იმას, რაც ხსენებადაც არ ღირს, საკუთარ საპატიო მედლებად მიიჩნევ, ყველგან საკუთარ დიდებად და კაპიტალად აფრიალებ, რათა ადამიანების დაფასება და თაყვანისცემა მოიპოვო, და ამას იმ კაპიტალადაც კი იყენებ, რომ სხვებმა გარჩინონ და მათი დაფასებითა და კეთილგანწყობით ისარგებლო. განა ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა არ არის? არანორმალური ადამიანობისა და გონიერებისგან წარმოშობილი ეს ირაციონალური მოთხოვნები, აზრები, განზრახვები, იდეები და სხვა მსგავსი რამ სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნის გამოვლინებებია. თუ სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნის ეს გამოვლინებები ადამიანის ადამიანობაში დომინირებს და მის მთავარ თვისებად იქცევა, რაც მას ჭეშმარიტების მიღებასა და გაგებაში შეუშლის ხელს, ეს ანტიქრისტეთა ტიპური თვისებაა.

ზოგი ადამიანი შემოწირულობებს ხარჯავს, რათა ძმებისა და დებისთვის გემრიელი სასუსნავები, ხარისხიანი და მოდური ნივთები იყიდოს, და ამტკიცებს, რომ ამას მათზე ზრუნვის გამო აკეთებს, რათა ღვთის სახლში ბედნიერად და უდარდელად იცხოვრონ და შემდეგ ღვთის სიყვარულის მადლიერნი იყვნენ. რას ფიქრობთ ამ იდეაზე? განა ეს საკმაოდ ადამიანური არ არის? (არა, არ არის. ისინი ღვთის შემოწირულობებს საკუთარ ფულად მიიჩნევენ და ისე ხარჯავენ, როგორც სურთ, ნაცვლად იმისა, რომ შემოწირულობები ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად, ნორმალურად და გონივრულად გამოიყენონ.) ადამიანობის რა პრობლემა არის ეს? (სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა.) ასეთი ადამიანები, როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, ტიპური ანტიქრისტეები ხდებიან. ისინი შემოწირულობებს სხვების გულის მოსაგებად იყენებენ და ამბობენ: „ძმებსა და დებს ტანსაცმელი აკლიათ და დუხჭირად ცხოვრობენ. მათ ბევრი სიძნელე აქვთ და ამაზე არავინ ზრუნავს. მე ეს შევამჩნიე და ამაზე პასუხისმგებლობას ავიღებ. იმისთვის, რომ ძმებსა და დებს ყოფა შეუმსუბუქდეთ და ღვთის სახლში ცხოვრებისას ღვთის სითბო, ღვთის დიდი სიყვარული და ღვთის მადლი შეიგრძნონ, ღვთის სახლმა გარკვეული თანხა უნდა დახარჯოს, რათა მათი ცხოვრების ყველა ასპექტთან დაკავშირებული საჭიროებები დააკმაყოფილოს. ამიტომ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქრო და გულდასმით განვიხილო, რა აკლიათ ან რა სჭირდებათ ძმებსა და დებს. უნდა შევიძინოთ თბოიზოლირებული ჭიქები, რათა ძმებსა და დებს წყლის დალევაც გაუადვილდეთ და გარეთ გასვლისას მათი წაღებაც მოსახერხებელი იყოს. ძმებისა და დებისთვის სკამებიც უნდა ვიყიდოთ: სკამებს რბილი საზურგეები უნდა ჰქონდეთ, რათა დიდხანს ჯდომისას ზურგი არ ეტკინოთ. ამ სკამებზე ჯდომა მოსახერხებელი უნდა იყოს და შესაბამისი სიმაღლე, დახრის კუთხე და სირბილე უნდა ჰქონდეს. რაც არ უნდა ღირდეს, ძმებისა და დებისთვის ხარჯს არ უნდა მოვერიდოთ, რადგან ისინი ღვთის სახლის საყრდენები და ღვთის სახლის საქმის გავრცელების კაპიტალი და მთავარი ძალა არიან. ამიტომ, ძმებსა და დებზე ჯეროვნად ზრუნვა ღვთის სახლის საქმეს აუმჯობესებს“. ძმებისა და დების უმეტესობა, ამის მოსმენისას, ცრემლებად იღვრება, მადლიერებით ივსება და გამუდმებით გაჰყვირის, რომ ეს ღვთის დიდი სიყვარულია. ისინი, ვინც ამ საქმეს უძღვებოდნენ, ამის მოსმენისას გულში სითბოს გრძნობენ და ფიქრობენ: „როგორც იქნა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს გულს ჩასწვდნენ“. რა არის ეს? (სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა.) როგორ შეიძლება ძმებისა და დებისთვის ასეთი დიდი სარგებლის მიცემა სირცხვილის უგულებელყოფად ჩაითვალოს? განა ეს ცილისწამება არ არის? (არა, არ არის.) ისინი ღვთის სახლის ფულს იყენებენ ასეთი გულუხვობის საჩვენებლად, რათა ადამიანთა გულები მოიგონ, და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ძმებსა და დებს ყურადღებას აქცევენ და სიყვარულით ზრუნავენ მათზე. რა არის მათი ნამდვილი მიზანი? რბილად რომ ვთქვათ, მათ სურთ, ძმებსა და დებთან ერთად თავადაც ისარგებლონ ამ სიკეთეებით. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, მათ სურთ, ადამიანებს თავი მოაწონონ და ისე მოიქცნენ, რომ ხალხს ისინი ყოველთვის ახსოვდეს, მათ გულებში ადგილი დაიმკვიდრონ და გაიხსენონ, როგორი კარგები იყვნენ. საკუთარ ფულს რომ ხარჯავდნენ, ძმებსა და დებს ანალოგიურად მოექცეოდნენ? (რა თქმა უნდა, არა.) მაშინ მათი ნამდვილი სახე გამოვლინდებოდა და ადამიანებს ასე აღარ მოექცეოდნენ. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ დაუფიქრებლად იყენებენ ღვთის შეწირულობებს საკუთარი სურვილების შესაბამისად, ისინი ზნეობრივი მთლიანობისა და მორალური სტანდარტების არმქონე, საზიზღარი და უსირცხვილო ადამიანები არიან. შეუძლიათ კი მათ, სხვებს ნამდვილად გულკეთილად მოექცნენ? რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? (ისინი სირცხვილის უგულებელმყოფელი ანტიქრისტეები არიან.) სირცხვილის ამ უგულებელყოფაში, რომელიც ანტიქრისტეებს თავიანთ ადამიანობაში აქვთ და ავლენენ, ცბიერება და დაუნდობლობაც არის — ისინი პირადი მიზნების მისაღწევად სიცრუეს იყენებენ. მათი პირიდან გამოსული სიტყვებიდან რომელია ჭეშმარიტი? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანები ჩანან, თითქოს ნამდვილად უყვართ ისინი და ბევრს ფიქრობენ მათზე, სინამდვილეში ფარულად ბოროტ განზრახვებს ატარებენ გულში. თავად არავითარ საფასურს არ იხდიან; შემოწირულობებს ხარჯავენ, საბოლოოდ კი ზარალი ღვთის სახლს ადგება, თავად ისინი კი სარგებელს იღებენ. სწორედ ასე იქცევიან ანტიქრისტეები — ისინი არა მხოლოდ სირცხვილის უგულებელმყოფლები, არამედ ცბიერები და დაუნდობელნიც არიან. მათ ჩვეული სიცრუე ახასიათებთ; სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან ატყუებენ და აბრიყვებენ ადამიანებს, ერთ ჭეშმარიტ სიტყვასაც კი არ ამბობენ. ესეც კი თავისთავად საზიზღრობაა, თუმცა ისინი ამასაც არ კმარობენ და კიდევ ტრაბახობენ, თითქოს უბრალო და გულკეთილი ადამიანები არიან, სხვებს კარგად ექცევიან, მოსიყვარულეები და თანაგრძნობის მქონე ადამიანები არიან, თითქოს არავის მიმართ არ შეუძლიათ იყვნენ გულქვა და თითქოს თავს ვერ აიძულებენ, სამაგიერო გადაუხადონ მათ, ვინც მათ ჩაგრავს. ისინი იმაზეც კი ტრაბახობენ, რომ სრულყოფილი და ღირსეული ადამიანები არიან და სურთ, საკუთარი იმიჯი შექმნან და ადამიანთა გულებში ადგილი დაიკავონ. განა ეს სირცხვილის უგულებელყოფა არ არის? ეს არის ანტიქრისტეთა ბუნება; მათი ადამიანობა სავსეა ასეთი რამეებით.

რაც შეეხება მათ, ვინც თავაშვებულად სჩადის აუგ საქმეებს და სირცხვილის უგულებელმყოფელია, ადამიანებს მათი გარკვეულწილად გარჩევა შეუძლიათ, მაგრამ იმის გარჩევა, რომ ანტიქრისტეები სირცხვილის უგულებელმყოფლები არიან, ადვილი არ არის. მე მინახავს ანტიქრისტეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნის განსაკუთრებული გამოვლინება: ის ხშირად თავაშვებულად და კადნიერად იქცეოდა, ჩვეულად ცრუობდა და სისტემურად, მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად ლაპარაკობდა. თუმცა, როდესაც საქმე დავალებების შესრულებაზე მიდგებოდა, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდა, თავაშვებულად სჩადიოდა აუგ საქმეებს და ყოველგვარ პრინციპს იყო მოკლებული. მას შემდეგ, რაც გარკვეული ხნის განმავლობაში ღვთის სახლში მოვალეობებს ასრულებდა, ყველაფერი, რასაც აკეთებდა, არასწორად მიდიოდა და, რაც არ უნდა გაეკეთებინა, არაფერი გამოსდიოდა კარგად. უმნიშვნელოვანესი პრობლემა კი ის იყო, რომ მაინც სურდა ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათ გულებში კარგი შთაბეჭდილების დატოვება, და გამუდმებით კითხულობდა, რას ფიქრობდნენ სხვები მასზე და დიდ პატივში ჰყავდათ თუ არა. საბოლოოდ, როდესაც ცხადი გახდა, რომ თავისი მოვალეობების შესრულებისას მუდმივად უშვებდა შეცდომებს და არაფერი გამოსდიოდა კარგად, ღვთის სახლმა ის გაუშვა. მან არა მხოლოდ ვერ გააცნობიერა ეს აშკარა გამოვლინებები, არამედ, როდესაც გაუშვეს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სრულებით უდანაშაულო იყო. რას ნიშნავს თავის უდანაშაულოდ წარმოჩენა? ეს ნიშნავს, რომ მან არასოდეს აღიარა წარსულში ჩადენილი ბოროტი საქმეები — თავისი სიცრუე, ადამიანების გაცურება და შეცდომაში შეყვანა, ასევე ის, თუ როგორ შექმნა დამოუკიდებელი სამეფო, ეკლესია საკუთარი ოჯახის კონტროლქვეშ მოაქცია, თავაშვებულად სჩადიოდა აუგ საქმეებს და უპრინციპოდ მოქმედებდა, არასოდეს ეძებდა ჭეშმარიტებას და ყველაფერს საკუთარი სურვილისამებრ აკეთებდა, სხვა ბოროტ საქმეებთან ერთად — და საერთოდ ვერ შეძლო თავისი ამ ბოროტი ქმედებების გაცნობიერება. პირიქით, მას სჯეროდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ასრულებდა ღვთის სახლში თავის მოვალეობას, რომ ამდენი იტანჯა, ასეთი დიდი საფასური გადაიხადა, ამდენი დრო დახარჯა და ამდენი ენერგია შეალია, საბოლოოდ კი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ცუდი სახელი მოიხვეჭა, ყველა ზემოდან უყურებდა, არავინ შეიბრალა და თანაუგრძნო და მის დასაცავად ხმა არავის ამოუღია. განა ეს თავის უდანაშაულოდ წარმოჩენა არ არის? ადამიანობის რა გამოვლინებაა თავის ასე უდანაშაულოდ წარმოჩენა? (გონიერების უქონლობა და სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა.) სწორედ ასეა. ის თავის დამსახურებად მიიჩნევდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა, და იმ მოვალეობებსაც, რომელთა შესრულებაც ევალებოდა. იგი სრულიად უარყოფდა ყველაფერს, რაც გააკეთა და რაც ჭეშმარიტება-პრინციპებს არ შეესაბამებოდა ან ხელის შემშლელი, ან დამაბრკოლებელი იყო, ბოლოს კი თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინა. ეს სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნას ნიშნავს და ის ტიპური ანტიქრისტეა. შეგხვედრიათ ოდესმე ასეთი პირები? რაზეც არ უნდა გახადოთ პასუხისმგებელი ან რა დავალებაც არ უნდა დააკისროთ, ისინი ცდილობენ, ძალები შემოიკრიბონ, დამოუკიდებელი სამეფო შექმნან და სხვებს ყურადღების ცენტრში მოხვედრის საშუალება არ მისცენ, რათა თავად იყვნენ ყურადღების ცენტრში. მათ სურთ, ყველას აჯობონ; არაფერი, რასაც ვინმეს ეუბნებიან, სიმართლე არ არის და მსმენელები ვერ გარკვეულან, მათი ნათქვამიდან რომელია სიმართლე და რომელი — სიცრუე. როდესაც საბოლოოდ გაუშვებენ, ისინი კვლავ თავს განსაკუთრებით უდანაშაულოდ მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ ვინმე დაიცავს. ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინმე დაიცავს? (არა, არავინ დაიცავს.) თუ ვინმე დაიცავს, ის ან ნამდვილ ფაქტებს არ იცნობს, ან გონებაჩლუნგია, ან მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანია, ან მათივე მოდგმის პიროვნებაა.

დ. ეგოისტი და მდაბალი

ანტიქრისტეებს არ გააჩნიათ სინდისი, გონიერება ან ადამიანობა. ისინი არა მხოლოდ სირცხვილის უგულებელმყოფელნი არიან, არამედ კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანიც აქვთ: ისინი უჩვეულოდ ეგოისტები და მდაბალნი არიან. „ეგოისტისა და მდაბლის“ პირდაპირი მნიშვნელობის გაგება რთული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არაფერს ეძებს, გარდა სარგებლისა. თუ რამე მათ ინტერესებს ეხება, ისინი მთელი გულით ეკიდებიან ამას, ამისთვის დაიტანჯებიან და საფასურსაც გადაიხდიან, აზრსა და ენერგიას ჩადებენ. თუ რამე მათ ინტერესებს არ უკავშირდება, ისინი ამაზე თვალს ხუჭავენ და ყურადღებას არ აქცევენ; სხვებს ნებას აძლევენ, როგორც მოესურვებათ, ისე მოიქცნენ — თუნდაც ვინმე ხელს უშლიდეს ან დაბრკოლებებს ქმნიდეს, ისინი ამას უგულებელყოფენ და ფიქრობენ, რომ ამას მათთან არაფერი აქვს საერთო. რბილად რომ ვთქვათ, ისინი საკუთარ საქმეს მიჰყვებიან, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება იმის თქმა, რომ ასეთი ადამიანი მდაბალი, უღირსი და საძაგელია — ჩვენ მათ „ეგოისტებად და მდაბლებად“ ვახასიათებთ. როგორ ვლინდება ანტიქრისტეების ეგოიზმი და სიმდაბლე? ნებისმიერ საკითხში, რაც სარგებელს მოუტანს მათ სტატუსს ან რეპუტაციას, ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გააკეთონ ან თქვან ყველაფერი, რაც საჭიროა, და მზად არიან, ნებისმიერი ტანჯვა აიტანონ. მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ღვთის სახლის მიერ მოწყობილ საქმეს ან ისეთ საქმეს, რომელიც სასიკეთოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლის ზრდისთვის, ისინი ამას სრულიად უგულებელყოფენ. მაშინაც კი, როდესაც ბოროტი ადამიანები ხელს უშლიან და დაბრკოლებებს ქმნიან და ყველანაირ ბოროტებას სჩადიან, რითაც სერიოზულად ზემოქმედებენ ეკლესიის საქმეზე, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ და არც კითხულობენ ამის შესახებ, თითქოს ამას მათთან არაფერი აქვს საერთო. და თუ ვინმე აღმოაჩენს ბოროტი ადამიანის ბოროტ საქმეებს და მათ შესახებ მოახსენებს, ისინი ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არაფერი იციან. მაგრამ თუ ვინმე მათ შესახებ მოახსენებს და ამხელს, რომ ისინი რეალურ საქმეს არ ასრულებენ და მხოლოდ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს ესწრაფვიან, ისინი ბრაზისგან ცეცხლდებიან. სასწრაფოდ იწვევენ შეკრებებს იმის განსახილველად, თუ როგორ უპასუხონ ამას, ატარებენ გამოძიებას იმის გასარკვევად, ვინ იმოქმედა მათ ზურგს უკან, ვინ იყო მოთავე და ვინ მონაწილეობდა. ისინი არც შეჭამენ და არც დაიძინებენ, სანამ ყოველივე ამას ბოლომდე არ გაარკვევენ და საკითხს სრულად არ მოაგვარებენ — მეტიც, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როდესაც ყველას, ვინც მათ შესახებ მოხსენებაში მონაწილეობდა, ჩამოიშორებენ. ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინებაა, ასე არ არის? განა ისინი ეკლესიის საქმეს ასრულებენ? ისინი საკუთარი ძალაუფლებისა და სტატუსისთვის მოქმედებენ და მხოლოდ საკუთარ წამოწყებაში არიან ჩართულნი — სხვა არაფერში. რა საქმეზეც არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, ანტიქრისტეები არასოდეს ფიქრობენ ღვთის სახლის ინტერესებზე. ისინი მხოლოდ იმას ითვალისწინებენ, ახდენს თუ არა რამე გავლენას მათ ინტერესებზე, და მხოლოდ მათ წინაშე არსებულ იმ მცირე საქმეზე ფიქრობენ, რომელიც მათთვის სარგებლობის მომტანია. მათთვის ეკლესიის ძირითადი საქმე მხოლოდ ის საქმეა, რომელსაც თავისუფალ დროს ასრულებენ. ისინი ამას საერთოდ არ ეკიდებიან სერიოზულად. ისინი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოქმედებას, როცა მოქმედებისკენ უბიძგებენ, მხოლოდ იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც მოსწონთ, და მხოლოდ იმ საქმეს ასრულებენ, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისა და სტატუსის შენარჩუნებას ემსახურება. მათ თვალში, ღვთის სახლის მიერ მოწყობილი ნებისმიერი საქმე, სახარების გავრცელების საქმე და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა მნიშვნელოვანი არ არის. რა სიძნელეებიც არ უნდა ჰქონდეთ სხვა ადამიანებს თავიანთ საქმეში, რა პრობლემებიც არ უნდა გამოავლინონ და მოახსენონ მათ და რამდენად გულწრფელიც არ უნდა იყოს მათი ნათქვამი, ანტიქრისტეები ამას ყურადღებას არ აქცევენ და არ ერთვებიან, თითქოს ყოველივე ამას მათთან არაფერი აქვს საერთო. რაც არ უნდა სერიოზული იყოს ეკლესიის საქმეში წარმოშობილი პრობლემები, ისინი სრულიად გულგრილნი რჩებიან. მაშინაც კი, როდესაც პრობლემა უშუალოდ მათ წინაშეა გადაშლილი, ისინი მხოლოდ ზედაპირულად აგვარებენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ზემდგომი უშუალოდ სხლავს მათ და პრობლემის მოგვარებას უბრძანებს, ისინი უხალისოდ ასრულებენ ცოტაოდენ რეალურ საქმეს და ზემდგომის დასანახად თავს იკატუნებენ. ამის შემდეგ კვლავ საკუთარი საქმეებზე გადაერთვებიან. რაც შეეხება ეკლესიის საქმესა და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მთლიან სურათს ეხება, ისინი არცერთი მათგანით არ ინტერესდებიან და უგულებელყოფენ, ხოლო პრობლემებს მაშინაც კი არ აგვარებენ, როცა მათ აღმოაჩენენ. რა პრობლემებიც არ უნდა წამოჭრან სხვებმა, ისინი ზედაპირულად პასუხობენ, რაღაცას ჩაილუღლუღებენ და მეტად უხალისოდ აგვარებენ ამ პრობლემებს. განა ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინება არ არის? გარდა ამისა, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ ანტიქრისტეები, ისინი ყოველთვის ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა ყურადღების ცენტრში მოქცევას; თუ რომელიმე მოვალეობა მათ რეპუტაციას აუმაღლებს, ისინი თავს იმტვრევენ და ყველა შესაძლო გზას ეძებენ, რათა ისწავლონ იმის კეთება და შეასრულონ. მთავარია სხვებზე მაღლა დადგნენ და ამით კმაყოფილდებიან. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ან რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ, ისინი ყოველ ნაბიჯზე მხოლოდ საკუთარ დიდებაზე, სარგებელსა და სტატუსზე ფიქრობენ. რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ, ისინი მხოლოდ იმაში ეჯიბრებიან, თუ ვინ იქნება სხვებზე აღმატებული, ვინ გაიმარჯვებს და ვის ექნება უფრო დიდი პრესტიჟი. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რამდენი ადამიანი აკერპებს და შეჰყურებს მათ მოწიწებით, რამდენი ადამიანი უგდებს ყურს და მიჰყვება მათ. ისინი არასოდეს ატარებენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე და არასოდეს აგვარებენ რეალურ პრობლემებს. ისინი არასოდეს ფიქრობენ, როგორ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ისე, რომ საკითხები პრინციპების შესაბამისად მოაგვარონ, არც იმას აანალიზებენ, გამოიჩინეს თუ არა ერთგულება, შეასრულეს თუ არა თავიანთი პასუხისმგებლობები, არის თუ არა მათ საქმეში რაიმე გადახრა, რამე ხომ არ გამორჩათ, ან რაიმე პრობლემა ხომ არ არის, მით უმეტეს, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს ღმერთს და რა არის ღვთის განზრახვები. ისინი ყოველივე ამას ოდნავადაც არ აქცევენ ყურადღებას. ისინი მხოლოდ დიდების, სარგებლისა და სტატუსის გულისთვის ეფლობიან თავიანთ საქმეში და საკუთარი ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ. განა ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინება არ არის? ეს სრულად ამხელს იმ ფაქტს, რომ მათი გულები სავსეა ამბიციებით, სურვილებითა და არაგონივრული მოთხოვნებით და რომ მათი ყოველი ქმედება მათი ამბიციებითა და სურვილებით იმართება. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათი ქმედებების მოტივაცია და წყარო მათივე ამბიციებიდან, სურვილებიდან და არაგონივრული მოთხოვნებიდან მომდინარეობს. ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის ტიპური გამოვლინებაა.

ზოგიერთი წინამძღოლი არანაირ რეალურ საქმეს არ ასრულებს; იმისთვის, რომ ზემდგომს ანგარიში ჩააბარონ, გასხვლასა და გათავისუფლებას თავი აარიდონ და საკუთარი სტატუსი გაიმყარონ, ისინი ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რათა ძმებსა და დებს მათთვის სამსახური გააწევინონ. თავიანთ საქმეში ისინი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ამბობენ, არ ატარებენ თანაზიარებას ჭეშმარიტება-პრინციპებზე, არ აგვარებენ რეალურ პრობლემებს, მოსიყვარულე გულით არ ეხმარებიან სხვებს, არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანების სიძნელეებს და არასოდეს აგვარებენ იმ რეალურ სიძნელეებს, რომლებსაც ადამიანები თავიანთი მოვალეობების შესრულებისა და სიცოცხლეში შესვლისას აწყდებიან. ისინი მხარს არ უჭერენ არცერთ ნეგატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. ჩახშობისა და საყვედურების გარდა, ისინი მხოლოდ მოძღვრებებს ამბობენ და თავიანთ ლოზუნგებს გაჰყვირიან. რა არის მათი მიზანი? ისინი არ ითვალისწინებენ ღვთის ტვირთს; ამის ნაცვლად, სურთ, ძმებისა და დების მიერ შესრულებული მოვალეობების შედეგები გამოიყენონ საკუთარი თავის წარმოსაჩენად და თავიანთი სტატუსის გასამყარებლად. თუ ძმები და დები მოვალეობის შესრულებისას კარგ შედეგებს აჩვენებენ, ისინი კმაყოფილნი არიან. ზემდგომის წინაშე ამ დამსახურებას საკუთარ თავს მიაწერენ, გულში საკუთარ ღირსებებს აქებენ და ფიქრობენ, რომ თავიანთი მოვალეობები საკმაოდ კარგად შეასრულეს. გარდა ამისა, ისინი ზემდგომს მოახსენებენ იმ მრავალ სიძნელეზე, რომლებსაც ამ საქმის შესრულებისას წააწყდნენ, იმაზე, თუ როგორ გაუხსნა ღმერთმა მათ გზა, როგორ მიუძღოდნენ ძმებსა და დებს, რომ ერთად გულმოდგინედ ემუშავათ და ეს სიძნელეები გადაელახათ, როგორ დაეხმარნენ მათ ამ საქმის დასრულებაში, როგორ დაიცვეს პრინციპები და როგორ მოიცილეს ბოროტი ადამიანები. ისინი ასევე საგანგებოდ უსვამენ ხაზს იმ საფასურს, რომელიც გადაიხადეს, და იმ წვლილს, რომელიც თავიანთ საქმეში შეიტანეს, რათა ზემდგომმა იცოდეს, რომ საქმე სწორედ მათი ძალისხმევის წყალობით შესრულდა კარგად. ამით ისინი ირიბად ეუბნებიან ზემდგომს: „ჩემი წინამძღოლობა ნამდვილად იმსახურებს თავის სახელს და თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, როცა წინამძღოლად მე ამირჩიეთ“. განა ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინება არ არის? ადამიანებს, რომელთა ადამიანობაშიც ეგოიზმი და სიმდაბლე ვლინდება, ხშირად რამდენიმე გაცვეთილი ფრაზა აქვთ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მათ ეკლესიის წინამძღოლობა დაევალებათ, მუდამ ამბობენ: „ჩემს ეკლესიაში ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ისეთი კარგია, ისეთი შესანიშნავია. ჩემს ძმებსა და დებს სიცოცხლეში შესვლა შესანიშნავი და ღრმა აქვთ, ყველას აქვს სიცოცხლის გამოცდილება. შეხედეთ, როგორ უყვართ ღმერთი და რამდენად კარგად არის შესრულებული ჩვენი საქმე“. ეს ანტიქრისტეების გაცვეთილი ფრაზებია. მათი ამ გაცვეთილი ფრაზებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ისინი იმ ეკლესიის ძმებსა და დებს, რომელზეც პასუხისმგებლობა აკისრიათ, საკუთარ ცხვრებად მიიჩნევენ, ხოლო კერძო საკუთრებად თვლიან ყველაფერს იმ ეკლესიაში, რომელსაც აკონტროლებენ. განა ეს სირცხვილის უგულებელყოფა არ არის? რატომ არის ეს სირცხვილის უგულებელყოფა? ეგოიზმისა და სიმდაბლის ნებისმიერი გამოვლინება სირცხვილის უგულებელყოფიდან მომდინარეობს. ამიტომ ეგოიზმი და სიმდაბლე სირცხვილის უგულებელყოფაა. ადამიანები, რომლებშიც ეგოიზმი და სიმდაბლე ვლინდება, უდავოდ უგულებელყოფენ სირცხვილს. როდესაც მათ ეკლესიის წინამძღოლობა და მასზე პასუხისმგებლობა, ღვთის რჩეული ხალხის მოვალეობების შესრულებაში გაძღოლა და კონკრეტული საქმის შესრულება ევალებათ, ისინი ყოველივე ამას თავიანთ კერძო საკუთრებად მიიჩნევენ. ვერავინ ჩაერევა; ყველაფერში საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნით. ანტიქრისტეები ღვთის რჩეულ ხალხს, ეკლესიის საქმეს, ეკლესიის ობიექტებსა და ქონებას თავიანთ კერძო საკუთრებად მიიჩნევენ. ეს თავისთავად პრობლემურია: მათი მიზანია, ხელში ჩაიგდონ ღვთის სახლის ქონება და გაბატონდნენ ღვთის რჩეულ ხალხზე. უფრო მეტიც, ისინი ყოველივე ამას სხვებთან კონკურენციისთვის კაპიტალად მიიჩნევენ და ღვთის სახლის ინტერესების ღალატსა და ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენებასაც კი არ ერიდებიან. როგორ ფიქრობთ, გააჩნიათ ანტიქრისტეებს სინდისი და გონიერება? აქვს ღმერთს ადგილი მათ გულებში? აქვთ მათ ღვთისმოშიში და ღვთისადმი მორჩილი გული? სრულიადაც არა. ამიტომ ანტიქრისტეებისთვის სატანის მსახურების ან დედამიწაზე მყოფი ბოროტი დემონების წოდება სულაც არ არის გადაჭარბება. ანტიქრისტეს გულში არც ღმერთია და არც ეკლესია და, რა თქმა უნდა, ის ღვთის რჩეულ ხალხსაც არაფრად აგდებს. მითხარით, იმ ადგილებს, სადაც ძმები და დები არიან და სადაც ღმერთი ასრულებს საქმეს, როგორ შეიძლება ღვთის სახლი არ ეწოდოს? რა მხრივ არ არის ეკლესიები? მაგრამ ანტიქრისტეები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რაც მათი გავლენის სფეროშია. სხვა ადგილები მათ არ აინტერესებთ და მათზე თავს არ იწუხებენ. პრობლემაც რომ აღმოაჩინონ, ყურადღებას არ აქცევენ. უარესი ის არის, რომ როდესაც რომელიმე ადგილას რაღაც არასწორად მიდის და ეკლესიის საქმეს ზარალი ადგება, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ. როდესაც ეკითხებიან, რატომ უგულებელყოფენ ამას, ისინი აბსურდულ მცდარ არგუმენტებს იშველიებენ და ამბობენ: „ნუ გამოთქვამ აზრს იმაზე, რაც შენ არ გეხება“. მათი სიტყვები გონივრულად ჟღერს, ისე ჩანს, თითქოს მათ ესმით, სად გადის ზღვარი იმაში, რასაც აკეთებენ, და გარეგნულად თითქოს მათში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ რა არის ამის არსი? ეს მათი ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინებაა. ისინი ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მხოლოდ საკუთარი დიდების, სარგებლისა და სტატუსისთვის აკეთებენ. ისინი საერთოდ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ეს ანტიქრისტეების კიდევ ერთი ტიპური თვისებაა — ისინი ეგოისტები და მდაბლები არიან.

ანტიქრისტეების ეგოიზმისა და სიმდაბლის არსი აშკარაა; მათი ამგვარი გამოვლინებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ეკლესია მათ გარკვეულ საქმეს ანდობს, და თუ ამ საქმეს მათთვის სახელი და სარგებელი მოაქვს და თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს, ისინი ამის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ და მზად არიან, მიიღონ. თუ ეს უმადური საქმეა, ან ადამიანების წყენინებას მოითხოვს, ან თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს, ან მათ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს არ მატებს, ისინი ამის მიმართ ინტერესს არ იჩენენ და არ მიიღებენ, თითქოს ამ საქმეს მათთან არაფერი აქვს საერთო და თითქოს ეს ის საქმე არ არის, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. როდესაც სიძნელეებს აწყდებიან, გამორიცხულია, რომ მათ გადასაჭრელად ჭეშმარიტება ეძიონ, მით უმეტეს, შეეცადონ, უფრო ფართო სურათი დაინახონ და ეკლესიის საქმე გაითვალისწინონ. მაგალითად, ღვთის სახლის საქმის ფარგლებში, საქმის საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა პერსონალის გარკვეული გადაადგილება გახდეს საჭირო. თუ ეკლესიიდან რამდენიმე ადამიანს გადაიყვანენ, როგორი იქნებოდა იმ ეკლესიის წინამძღოლების გონივრული დამოკიდებულება? რა პრობლემაა იმაში, თუ ისინი მხოლოდ საკუთარი ეკლესიის ინტერესებზე ზრუნავენ და არა საერთო ინტერესებზე და თუ საერთოდ არ სურთ ამ ადამიანების გადაყვანა? რატომ ვერ ემორჩილებიან ისინი, როგორც ეკლესიის წინამძღოლები, ღვთის სახლის ცენტრალიზებულ მოწყობებს? ითვალისწინებს ასეთი ადამიანი ღვთის განზრახვებს? აქცევს ის ყურადღებას საქმის ფართო სურათს? თუ ისინი მთლიანობაში ღვთის სახლის საქმეზე კი არ ფიქრობენ, არამედ მხოლოდ საკუთარი ეკლესიის ინტერესებზე, განა ისინი მეტისმეტად ეგოისტები და მდაბალნი არ არიან? ეკლესიის წინამძღოლები უპირობოდ უნდა დაემორჩილონ ღვთის ხელმწიფებასა და მოწყობებს, ასევე ღვთის სახლის ცენტრალიზებულ მოწყობებსა და კოორდინაციას. სწორედ ეს შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. როდესაც ამას ღვთის სახლის საქმე მოითხოვს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველანი უნდა დაემორჩილონ ღვთის სახლის კოორდინაციასა და მოწყობებს და აბსოლუტურად არ უნდა იყვნენ რომელიმე წინამძღოლის ან მუშაკის კონტროლის ქვეშ, თითქოს ამ წინამძღოლს ან მუშაკს ეკუთვნოდნენ ან მის გადაწყვეტილებებს ექვემდებარებოდნენ. ღვთის რჩეული ხალხის დამორჩილება ღვთის სახლის ცენტრალიზებული მოწყობებისადმი სრულიად ბუნებრივი და გამართლებულია და არავინ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ მოწყობებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ცალკეული წინამძღოლი ან მუშაკი თვითნებურად ახორციელებს პრინციპებთან შეუსაბამო გადაყვანას; ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ამ მოწყობას არ დაემორჩილონ. თუ ნორმალური გადაყვანა პრინციპების შესაბამისად ხორციელდება, მაშინ ღვთის რჩეული ხალხის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს ამას და არცერთ წინამძღოლსა თუ მუშაკს არ აქვს უფლება ან რაიმე საფუძველი, ვინმეს კონტროლი სცადოს. თქვენი აზრით, არსებობს ისეთი საქმე, რომელიც ღვთის სახლის საქმე არ არის? არსებობს ისეთი საქმე, რომელიც ღვთის სასუფევლის სახარების გავრცელებას არ უკავშირდება? ეს ყველაფერი ღვთის სახლის საქმეა, ყველა საქმე თანაბარია და აქ არ არსებობს „შენი“ და „ჩემი“. თუ გადაყვანა პრინციპებს შეესაბამება და ეკლესიის საქმის საჭიროებებს ეფუძნება, მაშინ ეს ადამიანები იქ უნდა წავიდნენ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მაგრამ როგორ რეაგირებენ ანტიქრისტეები, როდესაც ასეთ სიტუაციას აწყდებიან? ისინი სხვადასხვა საბაბსა და გამართლებას პოულობენ, რათა ეს შესაფერისი ადამიანები თავიანთ გვერდით დაიტოვონ, ხოლო სანაცვლოდ მხოლოდ ორ ჩვეულებრივ ადამიანს სთავაზობენ, შემდეგ კი რაიმე საბაბს პოულობენ, რათა ზეწოლა მოახდინონ შენზე — ან ამბობენ, რომ ძალიან ბევრი საქმეა, ან რომ ხალხი არ ჰყოფნით, ადამიანების პოვნა რთულია და თუ ამ ორს გადაიყვანენ, საქმე დაზარალდება. შემდეგ გეკითხებიან, თავად რა უნდა გააკეთონ და გაგრძნობინებენ, თითქოს ადამიანების გადაყვანის შემთხვევაში მათ ვალში დარჩები. განა სწორედ ასე არ მოქმედებენ ეშმაკები? ასე იქცევიან არამორწმუნეები. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მუდამ საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ — განა ისინი კარგი ადამიანები არიან? განა ისინი პრინციპების შესაბამისად მოქმედებენ? რა თქმა უნდა, არა. ისინი არამორწმუნეები და ურწმუნოები არიან. და განა ეს ეგოიზმი და სიმდაბლე არ არის? თუ კარგი კალიბრის მქონე ადამიანს ანტიქრისტეს დაქვემდებარებიდან გადაიყვანენ სხვა მოვალეობის შესასრულებლად, ანტიქრისტე გულში ჯიუტად ეწინააღმდეგება და უარყოფს ამას, თავის დანებება სურს და აღარ აქვს წინამძღოლად ან ჯგუფის ხელმძღვანელად ყოფნის ენთუზიაზმი. რა პრობლემაა ეს? რატომ არ ემორჩილებიან ისინი ეკლესიის მოწყობებს? მათ ჰგონიათ, რომ მათი „მარჯვენა ხელის“ გადაყვანა გავლენას მოახდენს მათი საქმის შედეგებსა და მიმდინარეობაზე და, შედეგად, მათი სტატუსი და რეპუტაცია დაზარალდება, რაც აიძულებს, უფრო მეტი იმუშაონ და მეტი იტანჯონ შედეგების უზრუნველსაყოფად — სწორედ ამის გაკეთება სურთ ყველაზე ნაკლებად. ისინი კომფორტს მიეჩვივნენ და არც ოდნავ მეტი საქმის გაკეთება სურთ და არც ოდნავ მეტი ტანჯვის ატანა, ამიტომ არ სურთ ამ ადამიანის გაშვება. თუ ღვთის სახლი მაინც განახორციელებს გადაყვანას, ისინი ბევრს წუწუნებენ და საკუთარი საქმის მიტოვებაც კი სურთ. განა ეს ეგოიზმი და სიმდაბლე არ არის? ღვთის რჩეული ხალხი ცენტრალიზებულად უნდა გადაანაწილოს ღვთის სახლმა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე წინამძღოლთან, ჯგუფის ხელმძღვანელთან თუ ცალკეულ ადამიანთან. ყველამ პრინციპების შესაბამისად უნდა იმოქმედოს; ეს ღვთის სახლის წესია. ანტიქრისტეები ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად არ მოქმედებენ; ისინი მუდამ ხრიკებს აწყობენ საკუთარი სტატუსისა და ინტერესების გულისთვის და იმედოვნებენ, რომ კარგი კალიბრის მქონე ძმებსა და დებს საკუთარი თავისთვის მომსახურების გასაწევად გამოიყენებენ, რათა ძალაუფლება და სტატუსი განიმტკიცონ. განა ეს ეგოიზმი და სიმდაბლე არ არის? გარეგნულად, კარგი კალიბრის მქონე ადამიანების თავიანთ გვერდით დატოვება და იმის დაუშვებლობა, რომ ღვთის სახლმა ისინი გადაიყვანოს, ისე ჩანს, თითქოს ისინი ეკლესიის საქმეზე ფიქრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებასა და სტატუსზე ფიქრობენ და ეკლესიის საქმეზე საერთოდ არ ფიქრობენ. მათ ეშინიათ, რომ ეკლესიის საქმეს ცუდად შეასრულებენ და ამის გამო გაათავისუფლებენ, რის შედეგადაც სტატუსს დაკარგავენ. ანტიქრისტეები საერთოდ არ ფიქრობენ ღვთის სახლის უფრო ფართო მასშტაბის საქმეზე, მხოლოდ საკუთარ სტატუსზე ფიქრობენ, თავიანთ სტატუსს იცავენ ისე, რომ ღვთის სახლის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის გამო ოდნავი სინდისის ქენჯნაც არ აქვთ, და საკუთარ სტატუსსა და ინტერესებს ეკლესიის საქმის საზიანოდ იცავენ. ეს ეგოიზმი და სიმდაბლეა. როდესაც ადამიანი ასეთ ვითარებას წააწყდება, სულ მცირე, მან სინდისით უნდა იფიქროს: „ეს ადამიანები ყველანი ღვთის სახლს ეკუთვნიან, ისინი ჩემი პირადი საკუთრება არ არიან. მეც ღვთის სახლის წევრი ვარ. რა უფლება მაქვს, ხელი შევუშალო ღვთის სახლს ადამიანების გადაყვანაში? მე უნდა გავითვალისწინო ღვთის სახლის საერთო ინტერესები და მხოლოდ იმ საქმეზე კი არ უნდა ვიფიქრო, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებშია“. სწორედ ასეთი აზრები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებსაც სინდისი და გონიერება გააჩნიათ, და სწორედ ასეთი გონიერება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი სწამთ. ღვთის სახლი მთლიან საქმეს ასრულებს, ეკლესიები კი მისი ცალკეული ნაწილებით არიან დაკავებულნი. ამიტომ, როდესაც ღვთის სახლს ეკლესიისგან განსაკუთრებული საჭიროება აქვს, წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაემორჩილონ ღვთის სახლის მოწყობებს. ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს ასეთი სინდისი და გონიერება არ გააჩნიათ. ისინი ყველანი საკმაოდ ეგოისტები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ეკლესიის საქმეზე. ისინი მხოლოდ უშუალოდ მათ თვალწინ არსებულ სარგებელს ითვალისწინებენ და ღვთის სახლის უფრო ფართო საქმეზე არ ფიქრობენ, ამიტომ ღვთის სახლის მოწყობებისადმი მორჩილება მათ საერთოდ არ შეუძლიათ. ისინი უკიდურესად ეგოისტები და მდაბლები არიან! ღვთის სახლში ისინი იმდენად თავხედებიც კი არიან, რომ ხელს უშლიან საქმეს და გაჯიუტებასაც ბედავენ; ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ ადამიანობა — ისინი ბოროტი ადამიანები არიან. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები არიან ანტიქრისტეები. ისინი ეკლესიის საქმეს, ძმებსა და დებს და ღვთის სახლის მთლიან ქონებასაც კი, რომელიც მათი პასუხისმგებლობის ფარგლებშია, ყოველთვის თავიანთ კერძო საკუთრებად მიიჩნევენ. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ისინი წყვეტენ, როგორ გაანაწილონ, გადაიყვანონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი, და რომ ღვთის სახლს ჩარევის უფლება არ აქვს. როგორც კი ეს ყველაფერი მათ ხელში აღმოჩნდება, თითქოს სატანის მფლობელობაში გადადის და ამ ყველაფერზე ხელის დაკარების უფლება აღარავის აქვს. ისინი დიდკაცები და მთავარი ბობოლები არიან, და ვინც მათ ტერიტორიაზე მოხვდება, წესიერად და მორჩილად უნდა დაემორჩილოს მათ ბრძანებებსა და მოწყობებს და მათი სახის გამომეტყველებით იხელმძღვანელოს. ეს არის ანტიქრისტეების ზნეობაში არსებული ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინება. ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ ღვთის სახლის საქმეს, ოდნავადაც არ მოქმედებენ პრინციპების შესაბამისად და მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და სტატუსზე ფიქრობენ — ეს ყველაფერი ანტიქრისტეების ეგოიზმისა და სიმდაბლის დამახასიათებელი ნიშნებია.

არის კიდევ ერთი ვითარება. იქნება ეს ძმებისა და დების მიერ შეწირული ფული თუ ნივთები, ჩვეულებრივ პირობებში, რაოდენობის მიუხედავად, ყველაფერი ღვთის სახლს უნდა გადაეცეს. თუმცა ზოგიერთ ანტიქრისტეს შეცდომით სჯერა: „ჩვენი ეკლესიის ძმებისა და დების მიერ შეწირული ფული ჩვენს ეკლესიას ეკუთვნის და ის ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეინახოს და გამოიყენოს. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმაში, როგორ ვიყენებთ ან ვანაწილებთ მას, მით უმეტეს, არავის აქვს უფლება, ის ჩვენგან წაიღოს“. ამიტომ, თუ მათ ჰკითხავ, რამდენი შემოწირულობა მიიღო ეკლესიამ, შეეშინდებათ, რომ შეიძლება ის წაიღო, და ზუსტ თანხას არ გეტყვიან. ზოგმა ადამიანმა შეიძლება იკითხოს: „რას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ, შეიძლება ფული წაიღონ? ნუთუ თავად სურთ მისი დახარჯვა?“ არა, აუცილებელი არ არის, რომ ასე იყოს. ისინი ფიქრობენ: „ჩვენს ეკლესიასაც სჭირდება ფული. თუ მას წაიღებენ, როგორ შევასრულებთ ჩვენს საქმეს?“ ზემდგომს ამ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპები აქვს, მაშ რატომ არ მოქმედებ ამ პრინციპების შესაბამისად, როცა ამ საკითხებს წყვეტ? ისინი საკმარის თანხას გიტოვებენ შენი საქმისთვის, დანარჩენს კი ღვთის სახლი ერთიანი წესით ანაწილებს. ეს რესურსები ეკლესიის ხელმძღვანელობის კერძო საკუთრება არ არის; ისინი ღვთის სახლს ეკუთვნის. თუმცა ზოგიერთი ანტიქრისტე, საკუთარი ამბიციებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად, საკუთარი საქმის გულისთვის და იმისათვის, რომ გავლენის სფეროში არსებული რესურსები შეინარჩუნოს, ამ ნივთებსა და სახსრებს იტოვებს, ითვისებს და სხვებს მათი გამოყენების უფლებას არ აძლევს. განა ეს ეგოიზმისა და სიმდაბლის გამოვლინება არ არის? ესეც ანტიქრისტეების ზნეობის ტიპური და კონკრეტული გამოვლინებაა.

ეს ანტიქრისტეები ცუდები და ბოროტები, საზიზღრები, უკეთურები, უღირსები და მდაბლები არიან. მათზე ლაპარაკიც კი ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს. გარეგნულად ისინი შეიძლება ადამიანებს ჰგავდნენ და სასიამოვნოდ საუბრობდნენ, თითქოს ყველანაირი მოძღვრება ესმით და დაუფლებული აქვთ, მაგრამ როგორც კი მოქმედებას იწყებენ, მათი საზიზღარი და ბოროტი ადამიანობა მჟღავნდება, რაც თვალისთვისაც კი შეურაცხმყოფელია. რადგან თითოეულ ანტიქრისტეს ზნეობაში ეს საზიზღარი და ბოროტი თვისებები აქვს, მათ ასეთი ბოროტი საქმეების ჩადენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ ანტიქრისტეები. ლოგიკურია ეს მსჯელობა? (დიახ.) სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ზნეობაში სწორედ ამ სასტიკი და უკეთური ხასიათების არსებობა აძლევს მათ ანტიქრისტეებისთვის დამახასიათებელი ბოროტი საქმეების ჩადენის საშუალებას და სწორედ ამის გამო ხასიათდებიან ისინი ანტიქრისტეებად. სწორედ ასეა. თუ ადამიანი ანტიქრისტეა, განა ზუსტი იქნება მისი ადამიანობის კეთილად, პატიოსნად, გულწრფელად და წრფელად დახასიათება? რა თქმა უნდა, არა. თუ ადამიანს ჩვეული სიცრუე ახასიათებს, მას ანტიქრისტეს თვისება აქვს. თუ ვინმე ცბიერი და დაუნდობელია, მასაც აქვს ანტიქრისტეს თვისება. თუ ადამიანი ეგოისტი და მდაბალია, მხოლოდ პირადი სარგებელი ამოძრავებს, თავაშვებულად სჩადის ცუდ საქმეებს და სირცხვილს უგულებელყოფს, მაშინ ის ბოროტი ადამიანია. თუ ასეთი ბოროტი ადამიანი ძალაუფლებას მოიპოვებს, მაშინ ის ანტიქრისტე ხდება.

ე. ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა

ანტიქრისტეების ადამიანობას კიდევ ერთი საზიზღარი და საძულველი თვისება ახასიათებს — ისინი ძლიერებს ეკედლებიან და სუსტებს ჩაგრავენ. თუ ეკლესიაში ან ერში არიან გარკვეული ცნობილი ადამიანები ან ძალაუფლებისა თუ სტატუსის მქონე პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ანტიქრისტეებს მათ მიმართ გულში უსაზღვრო შური და აღტაცება აქვთ და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ეპირფერებიან კიდეც. როდესაც ქრისტიანობის მიმდევრები არიან, ისინი ამტკიცებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ლიდერები მორწმუნეები არიან, ხოლო როდესაც უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის ამ ეტაპს იღებენ, აცხადებენ, რომ ის ცნობილი დენომინაციების კონკრეტულმა პასტორებმაც მიიღეს. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი ყოველთვის შთამბეჭდავ სახელს არქმევენ ამას, მუდამ მოწიწებით ეკიდებიან ცნობილ ადამიანებს და ჰბაძავენ მათ, და მხოლოდ მაშინ გრძნობენ კმაყოფილებას, როცა, სულ მცირე, რომელიმე ცნობილ ადამიანთან ან სტატუსის მქონე პირთან მიკედლებას მაინც მოახერხებენ. როდესაც საქმე სტატუსის მქონე ადამიანებს ეხებათ, კარგები არიან ისინი თუ ცუდები, ანტიქრისტეები დაუღალავად ცდილობენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, ეპირფერებიან და ელაქუცებიან მათ. ისინი მზად არიან, ჩაიც კი მიართვან და მათი ღამის ქოთანი გაიტანონ. მეორე მხრივ, სტატუსის არმქონე ადამიანებთან ურთიერთობისას, როგორი წესიერები, პატიოსანნი და კეთილნიც არ უნდა იყვნენ ისინი, ანტიქრისტეები, როგორც კი საშუალება მიეცემათ, აბუჩად იგდებენ და ფეხქვეშ თელავენ მათ. ისინი ხშირად ტრაბახობენ იმით, რომ ესა და ეს ადამიანი ერში კომპანიის ხელმძღვანელია, ამა და ამ ადამიანის მამა მდიდარია, ამა და ამ ადამიანს ამდენი ფული აქვს, ამა და ამ ადამიანის ოჯახი ან კომპანია კი უზარმაზარია, და ამით საზოგადოებაში მათ გამორჩეულ მდგომარეობას უსვამენ ხაზს. რაც შეეხება ეკლესიაში ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს, რა ბოროტ საქმეებსაც არ უნდა სჩადიოდნენ ისინი, ანტიქრისტეები არასოდეს შეატყობინებენ მათ ბოროტ საქმეებზე, არ ამხელენ და არ არჩევენ მათ. ამის ნაცვლად, ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებიან მათ და ყველაფერს აკეთებენ, რასაც ეუბნებიან. რომელი დონის წინამძღოლსაც არ უნდა მიჰყვებოდნენ, საბოლოოდ მისი მიმდევრები, ხელის ბიჭები და მონები ხდებიან. ძალაუფლების, გავლენის, სიმდიდრისა და სტატუსის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას ისინი განსაკუთრებულად მონამორჩილნი, თავმდაბალნი და უუნარონი ჩანან. ისინი უკიდურესად დამჯერნი და მორჩილნი არიან, თავს უქნევენ და ეთანხმებიან ყველაფერს, რასაც ეს ადამიანები ამბობენ. თუმცა, როდესაც სტატუსის არმქონე ჩვეულებრივ ადამიანებთან აქვთ საქმე, ისინი სრულიად სხვაგვარ იერს ირგებენ, საუბრისას მბრძანებლური მანერით ცდილობენ ადამიანების დაჯაბნას და სურთ, მათზე მაღლა იდგნენ, თითქოს უძლეველები, ყველაზე ძლიერები და ყველაზე მაღლა მდგომები იყვნენ, რის გამოც ძნელია მათში რაიმე პრობლემის, ნაკლის ან სისუსტის გარჩევა. როგორი ზნეობაა ეს? არის რაიმე კავშირი ამასა და ცბიერად ყოფნას, დაუნდობლად ყოფნასა და სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნას შორის? (დიახ, არის.) ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა — განა ეს ანტიქრისტეების ადამიანობის მახინჯი და ბოროტი მხარე არ არის? როგორ ფიქრობთ, ასეთი ადამიანობის მქონე ადამიანები წესიერები არიან? (არა.) სიმართლეა ის, რასაც ისინი სტატუსისა და ძალაუფლების მქონე ადამიანებს ეუბნებიან? სიმართლეა ის, რასაც ისინი სუსტებს ეუბნებიან? (მათი არცერთი ნათქვამი არ არის სიმართლე.) ამიტომ, ეს პუნქტი გარკვეულწილად უკავშირდება ჩვეულ სიცრუეს. ამ პუნქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ანტიქრისტეების ზნეობა უკიდურესად საძაგელია და მათ ორი სრულიად განსხვავებული სახე აქვთ. ასეთ ადამიანებს მეტსახელად „ქამელეონებს“ უწოდებენ. ისინი არასოდეს ეპყრობიან ადამიანებს ჭეშმარიტება-პრინციპების, ადამიანობის ან იმის მიხედვით, ეს ადამიანები ღვთის სახლში ჭეშმარიტებას ესწრაფვიან თუ არა. ამის ნაცვლად, ისინი ადამიანებს მხოლოდ მათი სტატუსისა და გავლენის მიხედვით განსხვავებულად ეპყრობიან. სტატუსისა და უნარების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას არაფერს იშურებენ, რომ მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ, ეპირფერონ და დაუახლოვდნენ მათ. ამ ადამიანებმა რომც სცემონ ან გალანძღონ, ისინი ამას ყოველგვარი ჩივილის გარეშე, ნებაყოფლობით აიტანენ. ისინი იმასაც კი აღიარებენ გამუდმებით, რომ არაფრის მაქნისები არიან, და მონურად იქცევიან, თუმცა, სინამდვილეში, გულში სულ სხვაგვარად ფიქრობენ, ვიდრე გარეგნულად იქცევიან. თუ სტატუსისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანი რამეს ამბობს, თუნდაც ეს სატანის მცდარი მსჯელობა და ერესი იყოს, რომელსაც ჭეშმარიტებასთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო, ისინი მოუსმენენ, თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევენ და გარეგნულად მიიღებენ ამას. მეორე მხრივ, თუ ადამიანს უნარები ან სტატუსი არ გააჩნია, რამდენად სწორიც არ უნდა იყოს მისი სიტყვები, ანტიქრისტეები ყურადღებას არ მიაქცევენ და ზემოდან შეხედავენ მას. მისი ნათქვამი პრინციპებსა და ჭეშმარიტებას რომც შეესაბამებოდეს, ისინი არ მოუსმენენ, არამედ უარყოფენ მის ნათქვამს, დასცინებენ და აბუჩად აიგდებენ. ეს ანტიქრისტეების ზნეობისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისებაა. თუ ვიმსჯელებთ იმ გზებისა და პრინციპების მიხედვით, რომლებითაც ისინი იქცევიან და ამქვეყნიურ ურთიერთობებს წარმართავენ, ეს ადამიანები უდავოდ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც აშკარა ურწმუნოები. მათი ზნეობის გამოვლინებები მდაბალი, საძაგელი და უღირსია.

ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანებისთვის საზოგადოებაში ურთიერთობის ტიპური მეთოდია. ისინი ხალისიანად საუბრობენ არამორწმუნეებთან და მათთან დაახლოებას ცდილობენ, მაგრამ როცა შემობრუნდებიან და ძმებსა და დებს ხედავენ, სათქმელი აღარაფერი აქვთ და მათთან საერთო ენას ვერ პოულობენ. ასეთები არიან ანტიქრისტეები. როდესაც საუბარია ღვთისადმი რწმენასთან, მოვალეობის შესრულებასთან, სიცოცხლეში შესვლასთან ან ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ არაფერი აქვთ სათქმელი და არც აინტერესებთ ეს. თუმცა, როდესაც საუბარია არამორწმუნეებზე, განსაკუთრებით კი მდიდარ და გავლენიან ადამიანებზე, პოლიტიკურ მოღვაწეებზე, საზოგადოების ელიტაზე, მუსიკისა და კინოს ცნობილ სახეებზე, საზოგადოებრივ ტენდენციებზე, ასევე ჭამა-სმასა და გართობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისინი უკიდურესად ენაწყლიანები ხდებიან და მათი გაჩერება შეუძლებელია. როგორც ჩანს, მათ განსაკუთრებით სწყურიათ ასეთი ცხოვრება და სოციალური სტატუსი. მართალია, ასეთ ადამიანებს ღმერთი სწამთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი საკუთარი სიძნელეების, ფარული განზრახვებისა და მიზნების გამო ხდება. მათ ღმერთი მხოლოდ კურთხევების მისაღებად სწამთ და მას შემდეგაც კი, რაც ღმერთი ირწმუნეს, ასეთ რამეებს ვერ ელევიან. ამიტომ, როდესაც ჭამა-სმასა და გართობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ, ისინი ენთუზიაზმით ივსებიან. ძმებთან და დებთან საუბრისას კი სულ სხვა სურათია. გულისა და სულის სიღრმეში ისინი ზემოდან უყურებენ მათ, ვისაც ღმერთი სწამს, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის და ვინც პატიოსანი და წესიერია. ისინი ასეთ ადამიანებს დისკრიმინაციულად ეპყრობიან და ზიზღით უყურებენ მათ. როდესაც ანტიქრისტეები ეკლესიის წინამძღოლებს ხედავენ, ფიქრობენ: „ესენი წინამძღოლებს არ ჰგვანან; თანამდებობის პირებს საერთოდ არ ჰგვანან. ამქვეყნიურ მოხელეებს ბევრად ჩამოუვარდებიან — არც ქცევის მანერები აქვთ და არც სტილი!“ თუ გაიგებენ, რომ ზოგიერთ წინამძღოლს განათლების მაღალი დონე არ აქვს, გულში მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება უჩნდებათ. როგორ ფიქრობთ, რას გრძნობენ ისინი, როდესაც მე მხედავენ? ერთი შეხედვით ფიქრობენ: „ქრისტე, განკაცებული ღმერთი, არავინ არის — უმაღლესი განათლება არ აქვს, არც ისე მაღალია, გარეგნობაც არ აქვს მიმზიდველი, ქცევის მანერები არ აქვს და ჩვეულებრივად აცვია. ყველა ამბობს, რომ მას ჭეშმარიტება აქვს; მხოლოდ ეს არის ყურადღების ღირსი, სხვა მხრივ კი მასში არაფერია შთამბეჭდავი. შეხედე, რას იცვამენ საზოგადოებაში ის ძალაუფლების მქონე ადამიანები! შენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომელი ბრენდისაა? როგორი ვარცხნილობა გაქვს? თმა ცნობილ სალონში შეიჭერი? ერთი შეჭრა რა დაგიჯდა?“ მე ვამბობ: „თმის შეჭრაში ერთ თეთრსაც არ ვხარჯავ; სახლში თვითონ ვიჭრი.“ ისინი ამბობენ: „სილამაზის პროცედურებზე დადიხარ? სასტუმროებში ჩერდები? რამდენ ვარსკვლავიანში? ოდესმე მდიდრულ კრუიზზე ყოფილხარ?“ მე ვამბობ: „ამ საკითხებში ვერ ვერკვევი.“ ისინი ამბობენ: „მაშინ მართლაც საკმაოდ უცოდინარი ხარ. ასეთი მაღალი მდგომარეობისა და სტატუსის მქონეს, რატომ არ გაქვს ცოდნა ან წარმოდგენა ამქვეყნიურ მდიდრულ და მაღალი კლასის საგნებზე? შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ცოტათი თავადაც უნდა გამოცადო. სულ მცირე, მაღალი კლასის სილამაზის სალონში უნდა წახვიდე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდე და მდიდრული კრუიზით მოგზაურობაში წახვიდე. სულ მცირე, თვითმფრინავით მგზავრობისას პირველ კლასში უნდა იჯდე.“ როდესაც მე მხედავენ, დიდად არაფრად მაგდებენ, მაგრამ მაინც იძულებულნი არიან აღიარონ ერთი რამ, კერძოდ: „ის, რაც შეკრებებზე შენგან მოვისმინე, ადრე არასოდეს გამიგია; უნდა მოვუსმინო, რასაც ამბობ.“ მაგრამ შეკრებების შემდეგ უკვე აღარ მაღიარებენ. ისინი მგელს ჰგვანან: როგორც კი აჭმევ, შემობრუნდება და გიკბენს. ასეთია მგლის ბუნება. როდესაც ანტიქრისტეები ხედავენ ჩვეულებრივ ძმებსა და დებს, რომლებსაც არც ფული აქვთ და არც გავლენა, რომლებსაც უბრალოდ ჭეშმარიტება უყვართ და შეუძლიათ მისკენ სწრაფვა, და რომლებიც მზად არიან, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, ისინი მათ ამრეზით უყურებენ და რიყავენ. როდესაც ქრისტეს უყურებენ და ხედავენ ჩვეულებრივ ადამიანს, ადამიანს, რომელიც ყოველმხრივ — შესახედაობით, გარეგნობითა და ქცევის მანერებით — უბრალო და ჩვეულებრივია, შეუძლიათ კი მაშინვე შეიცვალონ შინაგანი ხასიათი და თვალთახედვა? (არა, არ შეუძლიათ.) მათი დამოკიდებულება საგნების მიმართ მათივე ზნეობას ეფუძნება. რადგან ნორმალური ადამიანობა არ გააჩნიათ, ქრისტეს მიმართ მათი დამოკიდებულებაც უდავოდ ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ. მათში იოტისოდენა პატივისცემაც კი არ არის; ამას მათი არსი და ზნეობა განსაზღვრავს. ანტიქრისტეს ადამიანობის ამ ასპექტის გამოვლინებაც ისეთივე საზიზღარი და საძულველია, როგორც სხვა ასპექტებში გამოვლენილი თვისებები.

ანტიქრისტეს ზნეობის სხვადასხვა თვისება, რომლებზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, თითოეულმა ცალ-ცალკე შეიძლება გამოავლინოს, კარგია თუ ცუდი, მაღალია თუ დაბალი ადამიანის ზნეობა. მაღალია თუ დაბალი იმ ადამიანის ზნეობა, რომელსაც ჩვეული სიცრუე ახასიათებს? (დაბალი.) ეგოისტი და მდაბალი ადამიანის ადამიანობა კარგია თუ ცუდი? (ცუდი.) სირცხვილის უგულებელმყოფელი ადამიანის ადამიანობა კარგია თუ ცუდი? (ცუდი.) ცბიერი და დაუნდობელი ადამიანის ზნეობა მაღალია თუ დაბალი? (დაბალი.) როგორია იმ ადამიანის ზნეობა, რომელმაც მხოლოდ ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა იცის და მხოლოდ ასეთ პრინციპებს იცავს? (ამაზრზენი.) ასეთი ადამიანები უკიდურესად ამაზრზენები არიან; მათ არა მხოლოდ ნორმალური ადამიანობა აკლიათ, არამედ შეიძლება ზუსტად ითქვას, რომ ადამიანები საერთოდ არ არიან — ისინი ნაძირალები არიან, ეშმაკები არიან. ვინც სინდისსა და გონიერებას ოდნავადაც კი მოკლებულია, ეშმაკია და არა ადამიანი.

ვ. ნორმალურ ადამიანებზე მეტად დახარბებული მატერიალურ ნივთებს

ანტიქრისტეების ადამიანობაში კიდევ ერთი გამოვლინებაა: ისინი ნორმალურ ადამიანებზე მეტად არიან დახარბებულნი მატერიალურ ნივთებს. ანუ, მათი სურვილი და მოთხოვნილება მატერიალური ნივთების მიმართ განსაკუთრებით დიდია — უსაზღვროა. ისინი ფუფუნებით სავსე ცხოვრების წესისკენ სწრაფვით არიან აღვსილნი და გაუმაძღრად ხარბები არიან. ზოგმა შეიძლება თქვას: „ანტიქრისტეების უმეტესობას ეს გამოვლინება არ ახასიათებს.“ ის, რომ ეს მათში არ ვლინდება, არ ნიშნავს, რომ მათ ადამიანობაში არ არსებობს. როგორც კი ასეთი ადამიანები სტატუსს მოიპოვებენ, რა პრინციპებით არჩევენ, რას ჭამენ, როგორ იცვამენ და როგორ გამოიყურებიან? როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, თავისას აღწევენ, შესაძლებლობებს პოულობენ, გარკვეული პირობებიც ექმნებათ და მათი ცხოვრებაც იცვლება. ისინი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ იმას, რასაც ჭამენ, და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმდიდრის დემონსტრირებასა და ფუფუნებას. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ბრენდული ნივთების ტარებასა და გამოყენებას, ხოლო სახლები, რომლებშიც ცხოვრობენ, და მანქანები, რომლებითაც გადაადგილდებიან, აუცილებლად მაღალი კლასის და მდიდრული უნდა იყოს. სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალების შეძენისასაც კი ის მდიდრული აქსესუარებით უნდა იყოს აღჭურვილი. ზოგმა შეიძლება იკითხოს: „თუ ფული არ აქვთ, ამ ყველაფერს რატომ ანიჭებენ ასეთ დიდ მნიშვნელობას?“ ის, რომ ფული არ აქვთ, არ ნიშნავს, რომ ასეთ რამეებს არ ესწრაფვიან ან რომ ეს სურვილი მათ ადამიანობაში არ არსებობს. ამიტომ, როგორც კი ანტიქრისტეები ღვთის სახლის შემოწირულობებს ხელში ჩაიგდებენ, დაუფიქრებლად ფლანგავენ. მათ ყველაფრის ყიდვა და ყველაფრით ტკბობა სურთ, თანაც მათი უსირცხვილობა იქამდე მიდის, რომ მათი შეკავებაც კი ძნელი ხდება. მათ აუცილებლად უნდა სვან მაღალი ხარისხის ჩაი მოოქრული ფინჯნებიდან, მათი ყოველი ტრაპეზი მდიდრული ნადიმი უნდა იყოს, ისინი დაჟინებით მოითხოვენ სპეციალური ხარისხის ჟენშენის მიღებას და მხოლოდ მსოფლიო დონის ბრენდების უახლესი მოდელის კომპიუტერებსა და ტელეფონებს იყენებენ. ისინი ატარებენ სათვალეებს, რომლებიც ათასობით იუანი ღირს, თმის ვარცხნილობაში ასობით იუანს ხარჯავენ, ხოლო მასაჟსა და საუნაში თითო ვიზიტზე ათას იუანს ან მეტს იხდიან. მოკლედ, ისინი მოითხოვენ, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხისა და ბრენდული იყოს და სურთ, დატკბნენ ყველაფრით, რითაც ცნობილი და ძლევამოსილი ადამიანები ტკბებიან. როგორც კი ანტიქრისტეები სტატუსს მოიპოვებენ, ყველა ეს სიმახინჯე აშკარად ვლინდება. შეკრებების დროს, თუ მათ ქადაგებას მხოლოდ სამი-ხუთი ადამიანი უსმენს, ეს არასაკმარისად მიაჩნიათ და დაჟინებით მოითხოვენ, რომ სამასიდან ხუთასამდე ადამიანი უსმენდეთ. როდესაც სხვები ეუბნებიან, რომ გარეგანი გარემოებები არასახარბიელოა და ამიტომ სამი-ხუთი ადამიანის შეკრებაც უკვე საკმაოდ კარგია, ისინი პასუხობენ: „ასე არ გამოვა — რატომ უსმენს ჩემს ქადაგებას ასე ცოტა ადამიანი? ამაზე ჩემი დროის დახარჯვა არ ღირს. უნდა ვიყიდოთ დიდი ეკლესიის შენობა, რომელიც ათიათასობით ადამიანს დაიტევს, რათა ქადაგება უფრო ღირსეული იყოს.“ განა ისინი ამით სიკვდილს არ ეძებენ? სწორედ ასეთ რამეებს აკეთებენ ანტიქრისტეები. განა ამით ისინი სირცხვილის უგულებელმყოფელნიც არ არიან? მათ მდიდრული ცხოვრებისა და მატერიალური ნივთებისადმი უკიდურესად შეუკავებელი სურვილი და ინტერესი აქვთ, რაც ანტიქრისტეების ზნეობის კიდევ ერთი თვისებაა. როგორც კი ვინმე გემრიელ საჭმელს, მდიდრულ მანქანებს, ბრენდულ ტანსაცმელსა და მაღალი კლასის ძვირადღირებულ ნივთებს ახსენებს, მათ თვალები უბრწყინდებათ და სიხარბით უმწვანდებათ და მათი სურვილიც იჩენს თავს. საიდან მოდის ეს სურვილი? ეს აშკარად მათი დემონური ბუნების გამოვლინებაა. ზოგ ანტიქრისტეს შეიძლება ფული არ ჰყოფნიდეს, და როდესაც ხედავს ვინმეს, ვისაც ძვირადღირებული სამკაული ან ორ თუ სამ კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, თვალები უბრწყინდება და ფიქრობს: „ღმერთი რომ არ მწამდეს, ხუთ კარატიანის ტარებას შევძლებდი.“ შემდეგ ფიქრობს იმაზე, რომ ერთ კარატიანი ბეჭედიც კი არ აქვს, გუნება უფუჭდება და იწყებს ფიქრს, რომ ღვთისადმი რწმენა არ ღირს. თუმცა, მეტად რომ დაფიქრდება, ფიქრობს: „მომავალში დიდ კურთხევებს მივიღებ, რადგან ღმერთი მწამს. შეიძლება ხუთას კარატიანი ბრილიანტი მეკეთოს თავზე.“ განა მათ სურვილები არ აქვთ? როდესაც ტელევიზორში ხედავენ მდიდარ ადამიანებს, რომლებიც დიზაინერული ტანსაცმლით არიან შემოსილნი და ზღვაზე მდიდრული კრუიზით დაცურავენ, მათ ეჩვენებათ, რომ ეს წარმოუდგენლად ნეტარი, რომანტიკული, ღირსეული და შესაშური ცხოვრებაა. ამ ყველაფერს ხარბად შეჰყურებენ და ამბობენ: „როდის შევძლებ მეც ასეთი ადამიანი, ადამიანთა შორის ტიტანი გავხდე? როდის შევძლებ ასეთი ცხოვრებით ტკბობას?“ ისინი ამას ისევ და ისევ უყურებენ, ვიდრე არ მივლენ იმ აზრამდე, რომ ღვთისადმი რწმენა მართლაც უინტერესოა. მაგრამ შემდეგ კვლავ დაფიქრდებიან და ფიქრობენ: „ასე არ უნდა ვიფიქრო. რატომ მწამს ღმერთი? „ადამიანმა უდიდესი გაჭირვება უნდა გადაიტანოს, რათა უდიდესი ადამიანი გახდეს.“ მომავალში ჩემი ცხოვრება მათზე ბევრად უკეთესი იქნება. ისინი მდიდრული კრუიზით მოგზაურობენ, მე კი მდიდრული თვითმფრინავით ან მდიდრული მფრინავი თეფშით ვიფრენ — მთვარეზე გავფრინდები!“ განა ამ აზრებში ოდნავ მაინც არის გონიერება? შეესაბამება კი ეს აზრები ნორმალურ ადამიანობას? (არა, არ შეესაბამება.) ეს ანტიქრისტეების ადამიანობის კიდევ ერთი ელემენტია — მატერიალური ნივთებისა და მდიდრული ცხოვრების წესის მიმართ უკიდურესად დაუოკებელი სურვილი. როგორც კი ამ ყველაფერს მოიპოვებენ, მათი სიხარბე დაუოკებელი ხდება; გაუმაძღარი მზერითა და ხარბი ბუნებით სურთ, ეს ყველაფერი სამუდამოდ ჰქონდეთ. ანტიქრისტეების ადამიანობაში საქმე მხოლოდ ძლევამოსილი ადამიანების მიმართ შურში არ არის; მათ მატერიალური ნივთებიც სურთ და მაღალი ხარისხის ცხოვრებაც. ნორმალურ ადამიანობას ცხოვრებისა და მატერიალური ნივთების მიმართ მოთხოვნილებების გონივრული ფარგლები აქვს: ადამიანებს სჭირდებათ ყოველდღიური საჭიროების ნივთები, სამუშაოსა და საცხოვრებელი გარემოსთვის საჭირო პირობები და ასევე ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. საკმარისია, რომ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, და შედარებით ნორმალურად ითვლება, თუ ადამიანი მათ საკუთარ შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას ზომიერად მოარგებს. თუმცა, ანტიქრისტეების მოთხოვნილება მატერიალური ნივთების მიმართ და ამით თავის განებივრება არანორმალური და გაუმაძღარია. ზოგი ანტიქრისტე განსაკუთრებით ესწრაფვის მაღალი ხარისხის ცხოვრებას — როდესაც მასპინძელ ოჯახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ უბრალო საჭმელია, ცოტათი ღიზიანდება. უფრო მეტიც, თუ ამ ოჯახის ადამიანები ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, საკმაოდ პატიოსნები არიან და არ ეპირფერებიან, არ ელაქუცებიან და არ ეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც მათ სურთ, ანტიქრისტეებს კიდევ უფრო ეზიზღებათ ისინი და ფიქრობენ: „სად შეიძლება კარგი საჭმელი ვიშოვო და დიდ სახლში ვიცხოვრო? ვის აქვს კარგი საცხოვრებელი პირობები? ვის ჰყავს მანქანა და შეუძლია მომაკითხოს და წამიყვანოს, რომ ფეხით სიარული არ მომიწიოს?“ მუდამ ასეთ საკითხებზე ფიქრობენ. თქვენს ირგვლივ არიან ასეთი ადამიანები? თქვენც ასეთი ადამიანი ხართ? (ეს რაღაცები ჩვენს ადამიანობაშიც არის.) მაშ, შეგიძლიათ მათი მოთოკვა? კომფორტით ტკბობა იგივე არ არის, რაც გაუმაძღარი სიხარბე: ის ზომიერების ფარგლებში უნდა დარჩეს და მოვალეობის შესრულებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ასეთი ადამიანობა აქვთ ჩვეულებრივ გახრწნილ ადამიანებს. თუმცა, ანტიქრისტეები ზომიერებას არ იცავენ; ისინი გაუმაძღარნი არიან და მტაცებლობა ჩვევად აქვთ ქცეული. ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით კიდევ რამეს დაამატებდით? (ღმერთო, ადრე ერთი ანტიქრისტე მინახავს. იმ დროს ერთმა დამ მას ათზე მეტი ბუმბულის ქურთუკი უყიდა, ყველა ცნობილი ბრენდის, და ეს ანტიქრისტე მათ რიგრიგობით იცვამდა, ყოველ გასვლაზე ახალს იცვამდა. მოგვიანებით ის წინამძღოლი გახდა და ღვთის შემოწირულობები სედანის საყიდლად გამოიყენა. ვიღაცამ სპეციალურად მისთვის კარგი სახლიც კი იყიდა, რომ მასპინძლობა გაეწია, ხოლო როცა ის საყიდლებზე გადიოდა, ეს მასპინძელი და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. თუ რომელიმე ტანსაცმელი მოეწონებოდა, უბრალოდ მიუთითებდა მასზე, და მასპინძელი და ჩქარობდა, რომ მისთვის ეყიდა. როცა სახლში ბრუნდებოდა, მასპინძელ ოჯახს წინასწარ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ პელმენების ჭამა სურდა. პელმენების მოხარშვის დრო ზუსტად უნდა განესაზღვრათ — არც ძალიან ადრე, თორემ გაცივდებოდა, და არც ძალიან გვიან, თორემ სახლში მისულს, მშიერს ლოდინი მოუწევდა. ის ქვრივი იმპერატრიცასავით ცხოვრობდა; მისი ცხოვრების წესი უკიდურესად მდიდრული იყო. მოგვიანებით ეს ანტიქრისტე გააძევეს.) შეხედეთ, რამდენად უმეცრები და სულელები იყვნენ ეს ადამიანები — ანტიქრისტესთვის სახლსა და სედანს ყიდულობდნენ! ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ ადამიანები ამქვეყნად იმისთვის მოდიან, რომ ყველაფრით დატკბნენ, და თუ ადამიანი ამ ყველაფრით არ ტკბება, ამაოდ უცხოვრია. ეს არის მათი პრინციპი და თეორია. სწორია ეს თეორია? ეს მთლიანად არამორწმუნეების, მხეცებისა და სულის უქონელი, მკვდარი ადამიანების შეხედულებაა. ადამიანები, რომლებსაც ღმერთი სწამთ და მაინც ასეთი შეხედულებები აქვთ, სრულებით ურწმუნოები და არამორწმუნეები არიან. როგორც კი ასეთი ადამიანები სტატუსს მოიპოვებენ, ისინი მთლიანად ანტიქრისტეები ხდებიან, ხოლო სტატუსის გარეშე — ბოროტი ადამიანები არიან.

ჩვეული სიცრუე, ცბიერება და დაუნდობლობა, ღირსების გრძნობის არქონა და სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა, ეგოისტად და მდაბლად ყოფნა, ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა, ასევე მატერიალურ ნივთებზე ნორმალურ ადამიანებზე მეტად დახარბება — ანტიქრისტეების ზნეობის ეს თვისებები ტიპური, მეტად წარმომადგენლობითი და აშკარაა. მართალია, ამ გამოვლინებებიდან ზოგიერთი გარკვეულწილად ჩვეულებრივ ადამიანებშიც შეიძლება გვხვდებოდეს, მაგრამ მათი ეს გამოვლინებები უბრალოდ გახრწნილ ხასიათს მიეკუთვნება ან არანორმალური ადამიანობისა თუ ადამიანობის ნაკლებობის გამოვლინებებია, რომლებიც სატანის მიერ გახრწნის შედეგად წარმოიშობა. ღვთის სიტყვების კითხვის მეშვეობით ამ ადამიანებს უვითარდებათ სინდისის შეგნება და იმის უნარი, რომ მიატოვონ ეს ყველაფერი, აუჯანყდნენ ამ ყველაფერს და მოინანიონ. ეს თვისებები მათში დომინანტურ როლს არ თამაშობს და გავლენას არ მოახდენს მათ მიერ ჭეშმარიტების ძიებასა თუ მოვალეობების შესრულებაზე. მხოლოდ ანტიქრისტეები ამბობენ უარს ჭეშმარიტების მიღებაზე, რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ. მათი ადამიანობისთვის დამახასიათებელი თვისებები და თავისებურებები არ შეიცვლება და სწორედ ამიტომ არიან ასეთი ადამიანები ღვთის სახლში მსჯავრდადებულნი და ვერასოდეს გადარჩებიან. რატომ ვერ გადარჩებიან ისინი? ასეთი ზნეობის მქონე ადამიანები ვერ გადარჩებიან, რადგან უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე და მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტების, ღვთისა და ყოველივე დადებითი რამეების მიმართ. მათ არ გააჩნიათ გადარჩენისთვის აუცილებელი პირობები და ადამიანობა, ამიტომ ასეთი ადამიანები განწირულნი არიან, რომ მოიკვეთონ და ჯოჯოხეთში ჩაიყარონ.

2020 წლის 12 დეკემბერი

წინა:  პუნქტი მეთოთხმეტე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger