პუნქტი მეორე: განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა
ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება ადამიანთა გულების მოგებასთან დაკავშირებით, რაც ანტიქრისტეების მიერ ადამიანებზე კონტროლის დამყარების პირველი გამოვლინებაა, ახლა კი ვითანაზიარებთ მეორე გამოვლინებაზე. მეორე საშუალება, რომელსაც ანტიქრისტეები ადამიანების გასაკონტროლებლად იყენებენ, არის განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა. პირველი ხერხი გულისხმობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და მათი გულების მოგებას; ასეთი ადამიანი გარეგნულად თითქოს ძალიან რბილად და ადამიანურ წარმოდგენებთან შესაბამისობაში საუბრობს და სხვებს ზიანს არ აყენებს; ის შედარებით ტაქტიანი და ბუნდოვანია; სხვები ვერ ხედავენ მის ბოროტ განზრახვებსა და მზაკვრულ, სისხლიან და მებრძოლ გამოვლინებებს; ის მხოლოდ ვერაგულ მეთოდებს იყენებს. მეორე საშუალება, განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა, უფრო აშკარაა. სიტყვების „თავდასხმა და გარიყვა“ მნიშვნელობიდანვე ჩანს, რომ ისინი დადებითი კი არა, დამამცირებელია. თავდასხმა და გარიყვა ისეთი რამ არის, რაც აშკარად საჯაროა და ყველას შეუძლია დანახვა. ეს ქუჩაში ანჩხლი ქალების ჩხუბს ჰგავს, სადაც ერთმანეთის ნაკლოვანებებს ამხილენ, სიტყვები გულახდილი და პირდაპირია და ყველასთვის გასაგები. ამ სიტყვებში გარკვეული აგრესიულობა იგრძნობა, ისინი მოთმინებას კი არ იჩენენ, არამედ თავდასხმაზეც გადმოდიან. ანტიქრისტეთა მიერ ადამიანების საჯარო დათრგუნვა, გარიყვა, მათზე თავდასხმა და ადამიანთა პრობლემების მხილება - ყოველივე ეს მიზანმიმართულია. ეჭვგარეშეა, ისინი იყენებენ ამგვარ ხერხებს მათ წინააღმდეგ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის და შეუძლია მათი გარჩევა. ამ ადამიანების გატეხვით, ისინი საკუთარი პოზიციის განმტკიცების მიზანს აღწევენ. ასეთ ადამიანებზე თავდასხმა და მათი გარიყვა თავისი ბუნებით ბოროტი საქციელია. მათ ენასა და საუბრის მანერაში აგრესიაა: მხილება, დაგმობა, ცილისწამება და ბოროტი ხმების გავრცელება. ისინი ფაქტებსაც კი ამახინჯებენ და პოზიტიურ მოვლენებზე ისე საუბრობენ, თითქოს ნეგატიური იყოს, ნეგატიურზე კი - თითქოს პოზიტიური. თეთრის შავად წარმოჩენა და სწორისა და მცდარის ამგვარი არევა ემსახურება ანტიქრისტეთა მიზანს, დაამარცხონ ადამიანები და მათ სახელი შეუბღალონ. განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ამგვარ თავდასხმასა და მათ გარიყვას ხელს როგორი აზროვნება უწყობს? უმეტესწილად, ეს შურისგან მოდის. ბოროტ ხასიათში შურს თან სდევს ძლიერი სიძულვილი; და შურის შედეგად, ანტიქრისტეები თავს ესხმიან და რიყავენ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში, თუ ანტიქრისტეებს ამხელენ, დაასმენენ, თუ ისინი დაკარგავენ სტატუსს და დარტყმას მიიღებენ, ისინი იქნებიან გამომწვევები და უკმაყოფილონი და კიდევ უფრო მარტივად შეიძლება გახდნენ სასტიკად შურისმაძიებელნი. შურისმაძიებლობა აზროვნების ტიპია და ასევე, გახწნილი ხასიათის სახეობაა. როდესაც ანტიქრისტენი ხედავენ, რომ ვიღაცის ქმედებამ მათ ავნო, რომ სხვები მათზე მეტად უნარიანები არიან, ან სხვისი განცხადებები და წინადადებები მათზე უკეთესი ან გონივრულია და ყველა ეთანხმება ამ ადამიანის განცხადებებსა და სიტყვებს, ანტიქრისტენი გრძნობენ, რომ მათ პოზიციას საფრთხე ემუქრება, მათ გულებში შური და სიძულვილი იბადება, ისინი თავს ესხმიან სხვებს და შურს იძიებენ. შურისძიებისას ანტიქრისტეები, როგორც წესი, წინასწარ დარტყმას აყენებენ თავიანთ სამიზნეს. ისინი პროაქტიულად ესხმიან თავს და ტეხენ ადამიანებს, სანამ მეორე მხარე არ დანებდება. მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობენ, რომ ბოლი გამოუშვეს. ადამიანებზე თავდასხმისა და გარიყვის კიდევ რა გამოვლინებებია? (სხვების დაკნინება.) სხვების დაკნინება ერთ-ერთი გზაა, რითაც ეს ვლინდება; რაც უნდა კარგი საქმე გააკეთო, ანტიქრისტენი მაინც დაგაკნინებენ ან დაგგმობენ, სანამ არ გახდები ნეგატიურად განწყობილი და სუსტი და ფეხზე დგომას ვერ შეძლებ. მაშინ ისინი ბედნიერები იქნებიან და თავიანთ მიზანს მიაღწევენ. დაგმობა არის სხვების დაკნინების ნაწილი? (დიახ.) როგორ გმობენ ანტიქრისტეები ადამიანებს? ისინი ბუზისგან სპილოს ქმნიან. მაგალითად, შენ გააკეთე ისეთი რამ, რაც პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ მათ სურთ ამისგან დიდი ამბავი ატეხონ, რათა დაგთრგუნონ, ამიტომ ეძებენ ყოველგვარ გზას, რომ ეს შენს წინააღმდეგ, ბერკეტად გამოიყენონ და დაგგმონ უმნიშვნელო წვრილმანის გაზვიადებით, ისე, რომ სხვებს, ვინც უსმენს, ეგონოთ, რომ ანტიქრისტეთა ნათქვამს აზრი აქვს და შენ რაღაც დააშავე. ამით ანტიქრისტენი თავიანთ მიზანს აღწევენ. ეს არის განსხვავებული აზრის მქონეთა დაგმობა, მათზე თავდასხმა და გარიყვა. რას ნიშნავს გარიყვა? ეს ნიშნავს, რომ მათ გულში იციან, რომ ის, რაც შენ გააკეთე, სწორი იყო, მაგრამ შურთ შენი და სძულხარ, განზრახ ცდილობენ დაგთრგუნონ, ამიტომ ამბობენ, რომ რაც გააკეთე, მცდარი იყო. შემდეგ ისინი გამოიყენებენ საკუთარ შეხედულებებსა და მცდარ მოსაზრებებს, რათა გძლიონ დებატებში, საუბრობენ დამაჯერებლად, ისე, რომ ყველა მსმენელმა იფიქროს, თითქოს რასაც ისინი ამბობენ, მართალია და კარგად ნათქვამი; მაშინ ყველა ის ადამიანი მოუწონებს მათ საქციელს და მათ მხარეს, შენს წინააღმდეგ დადგება. ანტიქრისტეები ამას შენზე თავდასხმისთვის იყენებენ, რათა ნეგატიურად განგაწყონ და დაგასუსტონ. ამით ისინი აღწევენ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმისა და გარიყვის მიზანს. განსხვავებული აზრის მქონე პირთა გარიყვა ზოგჯერ პირისპირ დებატების სახით ხდება, ზოგჯერ კი ვინმეს განსჯით, შუღლის ჩამოგდებით, მათი ცილისწამებით და ზურგს უკან ტყუილების შეთხზვით. მაგალითად, როდესაც ანტიქრისტეს განსხვავებული აზრის მქონე პირის გარიყვა სურს, ის ჯერ არკვევს, ვისთან აქვს ამ ადამიანს კარგი ურთიერთობა. შემდეგ მიდის იმ პიროვნებასთან და ეუბნება: „იცი, ამა და ამან თქვა, რომ შენ გაკლია შესაძლებლობები, გაქვს აღქმის სუსტი უნარი, არ გაქვს სულიერი გაგება და შენს მოვალეობებს უპრინციპოდ ასრულებ. მე ვეკამათე მათ, რადგან ვფიქრობ, რომ შენ სინამდვილეში საკმაოდ კარგი ადამიანი ხარ“. ამგვარი შუღლის ჩამოგდების შემდეგ, ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა უარესდება. ანტიქრისტე განზე დგება და მუდმივად აღვივებს შუღლის ალს, სანამ ურთიერთობა საბოლოოდ არ დაიშლება. ამგვარად, ანტიქრისტე ადამიანებსა და განსხვავებული აზრის მქონეს შორის განხეთქილებას თესავს, ხალხს აიძულებს, დისტანცია დაიჭირონ მათგან, რათა მათი იზოლირების მიზანს მიაღწიოს. ისინი გამუდმებით ეძებენ შანსს, რომ მოიპოვონ ბერკეტი განსხვავებული აზრის მქონე პირის წინააღმდეგ, სანამ ის არ დამარცხდება და მისი სახელი არ შეილახება. ანტიქრისტე ამას ხედავს, როგორც მოწინააღმდეგის დამხობას, რათა ამ პიროვნებამ საფრთხე არ შეუქმნას მის სტატუსს. ანტიქრისტეს სჯერა, რომ ყველაფერს განსხვავებული აზრის მქონე პირის დამორჩილება სჯობს, მაგრამ თუ მისი დამორჩილება შეუძლებელია, მაშინ ანტიქრისტე ყველაფერს აკეთებს მისი იზოლირებისა და შემდეგ გარიყვისთვის. თუ მისი გარიყვა ვერ ხერხდება, ანტიქრისტე აგრძელებს იზოლირებას, საბოლოოდ კი მუხლებზე აჩოქებს და აიძულებს წყალობის თხოვნას. ანტიქრისტე იკრებს და იყენებს გარკვეულ ძალებს იმ ადამიანებზე თავდასასხმელად, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან ან რომელთა აზრიც მათსას არ ემთხვევა. ისინი ანგრევენ ეკლესიას და ხლეჩენ მას ფრაქციებად, საბოლოოდ კი ეკლესია ორ ან სამ დაჯგუფებად იყოფა — ერთი, რომელიც მათ უსმენს, მეორე, რომელიც არ უსმენს და მესამე, რომელიც ნეიტრალურია. მათი „ბრწყინვალე“ გაძღოლით, სულ უფრო მეტი ადამიანი უსმენს მათ და სულ უფრო ცოტა - არა. მეტი ადამიანი ნებდება მათ, ხოლო ისინი, ვისაც ანტიქრისტესგან განსხვავებული აზრი აქვთ, იზოლირებულნი ხდებიან და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. სულ უფრო ცოტა ადამიანს შეუძლია მათი გარჩევა ან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამგვარად, ანტიქრისტე ეკლესიაში ადამიანთა უმრავლესობაზე კონტროლს თანდათანობით ამყარებს და ხელისუფლის პოზიციას იკავებს. ეს არის მიზანი, რომლისკენაც ანტიქრისტე ისწრაფვის. იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებსაც მისგან განსხვავებული აზრი აქვთ, ანტიქრისტე ნულოვან შემწყნარებლობას ავლენს. ის ფიქრობს: „თუნდაც განსხვავებული აზრი გქონდეს, შენ უნდა დაემორჩილო ჩემს წინამძღოლობას, რადგან ახლა ბოლო სიტყვა ჩემზეა. შენ ჩემზე დაბლა დგახარ. თუ დრაკონი ხარ, უნდა დაიკლაკნო; თუ ვეფხვი ხარ, უნდა გაირინდო; რა უნარებიც უნდა გქონდეს, სანამ მე აქ ვარ, უპირატესობის მოპოვება ან არეულობის მოწყობა დაივიწყე!“ ეს არის მიზანი, რომლისკენაც ანტიქრისტე ისწრაფვის - ერთპიროვნულად აკონტროლოს ეკლესია და აკონტროლოს ღვთის რჩეული ხალხი.
რა არის ანტიქრისტეს მთავარი ამოცანა, როდესაც ის განსხვავებული აზრის მქონე პირს თავს ესხმის და რიყავს? ისინი ცდილობენ, ეკლესიაში ისეთი ვითარება შექმნან, სადაც არ იქნება ხმები, რომლებიც მათ ეწინააღმდეგება, სადაც მათი ძალაუფლება და წინამძღოლობა აბსოლუტური იქნება, სადაც მათი სიტყვები აბსოლუტური იქნება და მათ ყველა უნდა ითვალისწინებდეს და სადაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ის არ უნდა გამოხატონ, არამედ გულში ჩაიკლან. ნებისმიერი, ვინც გაბედავს მათთან ღიად დაპირისპირებას, მათი მტერი ხდება და ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო მეთოდს მათ დასატანჯად და ძლიერ ინატრებენ მათ გაქრობას. ეს არის ერთ-ერთი გზა, რითაც ანტიქრისტე თავს ესხმის და რიყავს განსხვავებული აზრის მქონე პირს, ახდენს თავისი სტატუსის კონსოლიდირებას და თავის ძალაუფლებას იცავს. ისინი ფიქრობენ: „არა უშავს, თუ განსხვავებული აზრები გაქვს, მაგრამ უფლება არ გაქვს, წახვიდე და მათზე სურვილისამებრ ისაუბრო, მით უმეტეს, საფრთხე შეუქმნა ჩემს ძალაუფლებასა და სტატუსს. თუ პრეტენზია გაქვს, შეგიძლია პირადად მე მითხრა. თუ ამას ყველას წინაშე იტყვი და სახეს დამაკარგვინებ, ესე იგი შარს ეძებ და მე მომიწევს შენი მიხედვა!“ ეს როგორი ხასიათია? ანტიქრისტე სხვებს თავისუფლად საუბრის უფლებას არ აძლევს. თუ სხვა ადამიანებს აქვთ პრეტენზია ანტიქრისტეს მიმართ ან აზრი ნებისმიერ სხვა რამეზე, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ თავისუფლად გამოთქვან ის; მათ უნდა გაითვალისწინონ ანტიქრისტეს სიამაყე. თუ არა, ანტიქრისტე მათ მოექცევა, როგორც მტერს, თავს დაესხმება და გარიყავს მათ. რა სახის ბუნებაა ეს? ეს არის ანტიქრისტეს ბუნება. და რატომ აკეთებენ ისინი ამას? ისინი არ აძლევენ ეკლესიას უფლებას, რაიმე ალტერნატიული ხმა ჰქონდეს, ისინი არ უშვებენ ეკლესიაში არავითარ განსხვავებულ აზრს და არ აძლევენ ღვთის რჩეულ ხალხს უფლებას, იყვნენ ჭეშმარიტების ღიად თანაზიარნი და ადამიანები განასხვაონ. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ადამიანები ამხელენ და განარჩევენ; მათ სურთ, უზრუნველყონ, რომ ძალაუფლება და სტატუსი, რომელიც ადამიანთა გულებში უკავიათ, ყოველთვის განმტკიცებული იყოს და არასოდეს შეირყეს. მათ არ შეუძლიათ აიტანონ ისეთი რამ, რაც საფრთხეს უქმნის ან გავლენას ახდენს მათ სიამაყეზე, რეპუტაციაზე ან მათ პოზიციასა და ღირებულებაზე, როგორც წინამძღოლისა. განა ეს არ არის ანტიქრისტეების ბოროტი ბუნების გამოვლინება? არ კმაყოფილდებიან რა იმ ძალაუფლებით, რომელსაც უკვე ფლობენ, მათ სურთ მისი განმტკიცება და დაცვა და ამგვარად, მარადიული ბატონობის მიღწევა. მათ სურთ არა მხოლოდ სხვების ქცევის, არამედ მათი გულების კონტროლიც. ეს მეთოდები, რომლებსაც ანტიქრისტენი იყენებენ, მხოლოდ მათი ძალაუფლებისა და სტატუსის დასაცავადაა და მთლიანად ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის შედეგია. ანტიქრისტენი რომ ღიად, პატიოსნად და ჭეშმარიტების შესაბამისად მოქმედებდნენ, მაშინ რატომ შეეშინდებოდათ სხვების მიერ ხმის ამოღების, განსხვავებული წინადადებების შეთავაზების და მათი მხილების? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ აქვთ მზაკვრული მოტივები და დანაშაულის გრძნობით დამძიმებული სინდისი. ანტიქრისტეებმა იციან, რომ მათ ბევრი ბოროტი საქმე აქვთ ჩადენილი და როგორც კი მხილებულნი იქნებიან, არა მხოლოდ სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდებათ, არამედ მოცილების ან განდევნის საფრთხეც დაემუქრებათ. ამიტომ, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვების შესაზღუდად და დასაბრკოლებლად, რათა ხელი შეუშალონ მათ ჭეშმარიტების თანაზიარებას და გარჩევის უნარის გამოვლენას. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც სამართლიანობის ძლიერი გრძნობა აქვთ ან ვინც ბოროტი ადამიანების მხილებას ბედავს, არიან ეკალი ანტიქრისტეს თვალში, მათი მუდმივი გაღიზიანების წყარო. ანტიქრისტენი ფიქრობენ, რომ თუ სამართლიანობის გრძნობის მქონე ადამიანებს დათრგუნავენ და სახელს გაუტეხენ, ვერავინ ვეღარ გაბედავს მათ მხილებას და აღარ იქნება განსხვავებული აზრი, რაც ანტიქრისტეს უსაფრთხოების განცდას აძლევს. ეს ანტიქრისტეს მუდმივი ტაქტიკაა. ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეასუსტებენ ძალაუფლბას და არც ძალისხმევას დაიშურებენ მის განსამტკიცებლად - ყოველი წინადადება, რომელსაც ისინი ამბობენ და ყველაფერი, რასაც აკეთებენ, მიზნად ისახავს მათი ძალაუფლებისა და სტატუსის დაცვას. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე პირი მათთან იმყოფება და ანტიქრისტეს ესმის, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირმა მათზე რაღაც თქვა ან ზურგს უკან გააკრიტიკა. ასეთ შემთხვევაში, ისინი ამ საკითხს უმოკლეს დროში მოაგვარებენ, თუნდაც ეს ერთი ღამის უძილობისა და ერთი დღის უჭმელობის ფასად დაუჯდეთ. როგორ ახერხებენ ასეთი ძალისხმევის გაღებას? ეს იმიტომ ხდება, რომ გრძნობენ, მათ სტატუსს საფრთხე ემუქრება, ის გამოწვევის წინაშეა. ისინი გრძნობენ, რომ თუ ამგვარ ზომებს არ მიმართავენ, მათი ძალაუფლება და სტატუსი საფრთხეში აღმოჩნდება - რომ როგორც კი მათი ბოროტი საქმეები და სამარცხვინო საქციელი გამჟღავნდება, ისინი არა მხოლოდ სტატუსისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, არამედ მათ განდევნიან ან ეკლესიიდან გარიცხავენ. სწორედ ამიტომ, ისინი გამუდმებით ეძებენ გზებს ამ საკითხის ჩასახშობად და მათთვის საშიში ნებისმიერი ფარული საფრთხის გასანეიტრალებლად. მხოლოდ ასე შეუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი სტატუსი. ანტიქრისტეთათვის სტატუსი სასიცოცხლო ჰაერივითაა. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმე მათ მხილებას ან დასმენას აპირებს, ისინი შეშინებულნი და მშფოთვარენი ხდებიან, ეშინიათ, რომ ხვალინდელი დღის დადგომასთან ერთად დაკარგავენ თავიანთ სტატუსს და ვეღარასოდეს გამოიყენებენ იმ პრივილეგიას, რაც სტატუსს მოჰქონდა, ვეღარც სტატუსის სიკეთეებს მიიღებენ. მათ ეშინიათ, რომ აღარავინ დაემორჩილება და გაჰყვება, რომ აღარავინ ეცდება მათი კეთილგანწყობის მოვოპებას და მათ ბრძანებებს აღარ შეასრულებენ. მაგრამ მათთვის ყველაზე აუტანელი არა მხოლოდ სტატუსისა და ძალაუფლების დაკარგვაა, არამედ ისიც, რომ შეიძლება მოიცილონ ან განდევნონ კიდეც. თუ ეს მოხდება, ყველა ის უპირატესობა და პრივილეგიის განცდა, რაც მათ ძალაუფლებამ და სტატუსმა მისცა, ისევე როგორც ღვთისადმი რწმენით მიღებული ყველა კურთხევისა და ჯილდოს იმედი, უმალ დაიკარგება. ეს პერსპექტივა მათთვის ყველაზე რთული ასატანია. როგორც კი იმ უპირატესობებსა და პრივილეგიის განცდას დაკარგავენ, რაც მათმა ძალაუფლებამ და სტატუსმა მისცა, მათი კარგი დღეები დასრულდება. ასევე, ბევრი ბოროტი საქმის ჩადენის გამო, ისინი უბედურებაში აღმოჩნდებიან და ღვთის სასჯელს დაელოდებიან.
რას ნიშნავს განსხვავებული აზრის მქონე პირი? ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ანტიქრისტე განსხვავებული აზრის მქონე პირებად მიიჩნევს? მინიმუმ, ისინი არიან ადამიანები, ვინც სერიოზულად არ აღიქვამენ ანტიქრისტეს, როგორც წინამძღოლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მას არ აღმერთებენ და არ ეთაყვანებიან, არამედ ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ეს ერთ-ერთი კატეგორიაა. შემდეგ ისეთები არიან, ვისაც ჭეშმარიტება უყვარს, ჭეშმარიტებას ესწრაფვის, თავისი ხასიათის ცვლილებას ესწრაფვის და ღვთის სიყვარულს ესწრაფვის; ისინი ანტიქრისტესგან განსხვავებულ გზას ადგანან და ანტიქრისტეს თვალში ისინი განსხვავებული აზრის მქონე პირები არიან. სხვებიც არიან? (ისინი, ვინც მუდმივად რჩევებს აძლევენ ანტიქრისტეებს და ვინც მათ მხილებას ბედავს.) ნებისმიერი, ვინც ბედავს ანტიქრისტესთვის საკუთარი რჩევების შეთავაზებას და მათ მხილებას, ან ვისი შეხედულებებიც მათგან განსხვავდება, მათ მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირებად აღიქმება. და არსებობს კიდევ ერთი კატეგორია: ისეთები, ვინც კალიბრითა და უნარიანობით უტოლდება ანტიქრისტეს, ვისი საუბრისა და მოქმედების უნარიც მათი მსგავსია, ან ვისაც ისინი საკუთარ თავზე ზემდგომად მიიჩნევენ და შეუძლიათ მათი გარჩევა. ანტიქრისტესთვის ეს მიუღებელია, მისი სტატუსისთვის საფრთხეა. ასეთი ადამიანები ანტიქრისტეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებული აზრის მქონე პირები არიან. ანტიქრისტე ვერ ბედავს ასეთი ადამიანების შეუფასებლობას ან ოდნავ მოდუნებას. ისინი მათ მოიაზრებენ, როგორც ეკალს, მუდმივი გაღიზიანების წყაროს, ყოველთვის ფხიზლად არიან და თავს იცავენ მათგან და ერიდებიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტიქრისტე ხედავს, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირი მათ გარჩევას და მხილებას აპირებს, მათ განსაკუთრებული პანიკა იპყრობს; ისინი სასოწარკვეთილნი ცდილობენ ასეთი განსხვავებული აზრის მქონე პირის გარიყვასა და დათრგუნვას, ისე, რომ არ დაკმაყოფილდებიან, სანამ ამ განსხვავებული აზრის მქონე პირს ეკლესიიდან გააძევებენ. ასეთი აზროვნებითა და ამგვარი რამეებით სავსე გულით, მათ რისი გაკეთება შეუძლიათ? ამ ძმებსა და დებს მტრებივით მოექცევიან და მათი დამხობის და ჩამოშორების გზებზე იფიქრებენ? ისინი დანამდვილებით ასე მოიქცევიან. ისინი გონებას დაძაბავდნენ იმ გზების მოსაფიქრებლად, როგორ დაიმორჩილონ განსხვავებული აზრის მქონე პირები და ყველაფერს გააკეთებენ მათ დასამარცხებლად, არა? განსხვავებული აზრის მქონე პირთა დამორჩილება ნიშნავს, რომ ანტიქრისტე ყველას აიძულებს, მას მოუსმინონ, ისე აკეთებს, რომ ვერავინ გაბედოს სხვა რამის თქმა, ან განსხვავებული აზრის ქონა, მხილებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. განსხვავებული აზრის მქონე პირის დამარცხება ნიშნავს, რომ ანტიქრისტე მათ ცილს სწამებს და გმობს, ქმნის გარკვეულ მცდარ შთაბეჭდილებებს, რათა განსხვავებული აზრის მქონე პირი სულელად ჩათვალონ და გასხლან, რითაც მათი რეპუტაცია ფსკერამდე დაეცემა. განა ამგვარი რამის გაკეთება ყველაზე დიდი ბოროტი საქმე არ არის? განა ეს არ შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს? ანტიქრისტეს ბევრი ხერხი და მეთოდი აქვს განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასათრგუნად და გასარიყად. საჯარო დაპირისპირებისა და უარყოფის გარდა, მათი ყველაზე ძლიერი იარაღი განსხვავებული აზრის მქონე პირთა მოზიდვა და გადაბირებაა, რათა ყველამ მათ მოუსმინოს. თუ განსხვავებული აზრის მქონე პირები არ უსმენენ, ანტიქრისტე დათრგუნავს მათ, ჩაახშობს მათ და სახელს გაუტეხს მათ, ისევე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს ექცევიან ურწმუნოები. აი, რამდენად ბოროტები და სასტიკები არიან ანტიქრისტენი. მაგრამ ზოგჯერ ანტიქრისტენი ადამიანების მოსაზიდად რბილ მიდგომას იყენებენ. მაგალითად, თუ არსებობს განსხვავებული აზრის მქონე პირი, რომლის აზრი მათსას არ ემთხვევა, ისინი დააკვირდებიან, თუ რა მოსწონს ამ ადამიანს და რა არის მისი სუსტი წერტილები და ყოველგვარ საზიზღარ საშუალებას გამოიყენებენ მათ დასამორჩილებლად. ან თავს მოაჩვენებენ, თითქოს მორჩილნი არიან და განსხვავებული აზრის მქონე პირის წინაშე თავიანთ შეცდომებს აღიარებენ, ან ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირს სარგებელი მოუტანონ და დააკმაყოფილონ ისინი, ან შესაძლოა, განსხვავებული აზრის მქონე პირი ახლო მეგობრებს დაარწმუნებინონ; და შემდეგ, ისინი თავს მოაჩვენებენ, თითქოს იმ განსხვავებული აზრის მქონე პირთან ჭეშმარიტების თანაზიარნი არიან, ამბობენ რა: „ეკლესიის საქმეში ჩვენი დაწყვილება უბრალოდ, იდეალურია; მომავალში ჩვენ შეგვიძლია, ეს ეკლესია ორად გავიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მე წინამძღოლი ვარ, მოვუსმენ ნებისმიერ წინადადებას, რაც შენ გაქვს. ფაქტობრივად, სწორედ მე ვითანამშრომლებ შენთან“. თუ განსხვავებული აზრის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც არ ესმის ჭეშმარიტება, მაშინ ანტიქრისტესთვის მისი გადაბირება ადვილი იქნება. ვისაც ჭეშმარიტებას ესმით, მაშინვე მიხვდებიან ამას და იტყვიან: „ეს ვიღაც ნამდვილად ინტრიგანია; ისინი ღიად არ უტევენ, არამედ ხრიკს იყენებენ - მკაცრი ტაქტიკის ნაცვლად, ისინი რბილად მოდიან“. ანტიქრისტესთვის განსხვავებული აზრის მქონე პირი საფრთხეა მისი სტატუსისა და ძალაუფლებისთვის. ანტიქრისტენი ყველაფერს გააკეთებენ მათ „მოსავლელად“, ვინც მათ სტატუსსა და ძალაუფლებას ემუქრება, ვინც არ უნდა იყოს ის. თუ ამ ადამიანების დამორჩილება ან გადაბირება ნამდვილად შეუძლებელია, მაშინ ანტიქრისტეები მათ დაამცირებენ, ან გააძევებენ. საბოლოოდ, ანტიქრისტეები მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ჰქონდეთ აბსოლუტური ძალაუფლება და თავად იყვნენ საკუთარი თავის კანონი. ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ანტიქრისტეები ჩვეულებრივ იყენებენ თავიანთი სტატუსისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად - ისინი განსხვავებული აზრის მქონე პირებს თავს ესხმიან და მათ რიყავენ.
რა წარმომავლობააქვს იმ მეთოდებს, გამოვლინებებს, მოქმედების მოტივებსა და მოქმედების წყაროებს, რომლებიც ანტიქრისტეებს განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმისა და გარიყვისას აქვთ? (სატანა.) უფრო კონკრეტულად, ისინი გამომდინარეობენ ადამიანის ამბიციებიდან და სურვილებიდან და სატანის ბუნებიდან. მაშინ რა არის ანტიქრისტეს მიზანი? მათი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ადამიანთა გულების გაკონტროლება და თავიანთი სტატუსის სარგებლით ტკბობა. სწორედ ეს არის ის, რაც ნამდვილ ანტიქრისტეს ქმნის. ადამიანთა გულების მოგებისა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმისა და გარიყვის ორი საკითხის პერსპექტივიდან, როგორ განმარტავს ანტიქრისტე სიტყვა „წინამძღოლის“ მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც წინამძღოლი ასრულებს? მათ სჯერათ, რომ წინამძღოლი არის ის, ვინც ფლობს ძალაუფლებასა და სტატუსს, რომ მათ აქვთ ბრძანების გაცემის, გადაბირების, შეცდომაში შეყვანის, დაშინებისა და იმ ადამიანების გაკონტროლების ძალა, რომლებსაც ისინი წინამძღოლობენ. აი, როგორ ესმით მათ სიტყვა „წინამძღოლი“. ამიტომ, როდესაც ისინი წინამძღოლის როლში არიან, თავიანთ საქმეში ამ ტაქტიკებს იყენებენ და თავიანთ მოვალეობებს ასე ასრულებენ. მაშინ რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში, როდესაც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ? დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბოროტ საქმეებს სჩადიან და უფრო ზუსტად, ისინი თავიანთ დამოუკიდებელ სასუფეველს ქმნიან, ღმერთს ეჯიბრებიან რჩეული ხალხისთვის, ადამიანთა გულებისა და სტატუსისთვის. მათ სურთ, ადამიანთა გულებში შეცვალონ ღვთის ადგილი, რათა აიძულონ ადამიანები, მათ ეთაყვანონ. განა თქვენ ხშირად არ ატარებთ ასეთ განზრახვებსა და მოტივაციებს და ავლენთ ასეთ ქცევებსა და პრაქტიკებს? განა ხშირად არ ავლენთ ამ სატანურ ხასიათებს? (ჩვენ ვავლენთ.) რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ამ სატანური ხასიათების გამოვლენა? მიაღწია თუ არა იმ წერტილს, სადაც საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებთ? როდესაც ეს ხდება, შეგიძლიათ, გქონდეთ გარკვეული შემეცნება, თავშეკავება და დისციპლინა? (დიახ.) მითხარით, არსებობს ვინმე, ვისაც საერთოდ არ სურს ძალაუფლება? არსებობს ვინმე, ვისაც არ მოსწონს ძალაუფლება? არსებობს ვინმე, ვისაც არ სწადია სტატუსის სარგებელი? არა, არ არსებობს. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ყველა ადამიანი სატანის მიერ იქნა გახრწნილი; ყველას აქვს სატანური ბუნება. ერთი რამ, რაც ყველა ადამიანს საერთო აქვს, არის ის, რომ მათ მოსწონთ ძალაუფლება, სტატუსი და სტატუსის სარგებლით ტკბობა. ეს არის თვისება, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. მაშინ რატომ ითვლება ზოგიერთი ადამიანი ანტიქრისტედ, როცა სხვები უბრალოდ ანტიქრისტეს ბუნებას ავლენენ, ან ანტიქრისტეს გზას მიუყვებიან? რა განსხვავებაა ამ ორ ჯგუფს შორის? პირველ რიგში, მე ვისაუბრებ განსხვავებაზე მათ ადამიანობაში. ანტიქრისტეებს აქვთ ადამიანობა? რა განსხვავებაა იმ პირთა ადამიანობას შორის, რომლებიც მიუყვებიან ანტიქრისტეს გზას და თავად ანტიქრისტეებს შორის? (ანტიქრისტეებს არ აქვთ სინდისი და გონიერება, მათ არ აქვთ ადამიანობა, მაშინ როცა ადამიანებს, რომლებიც მიუყვებიან ანტიქრისტეს გზას, ჯერ კიდევ აქვთ ცოტაოდენი სინდისი და გონიერება. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და ღვთის განსჯისა და გაკიცხვის მიღება, ასევე, ჭეშმარიტი სინანულის გამოვლენა). მონანიება განმასხვავებელი წერტილია. იციან ანტიქრისტეებმა სინანული? (არა, მათ არ იციან). ანტიქრისტეები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას; თუნდაც კედელს შეეჯახონ, ისინი არ მოინანიებენ. ისინი არასოდეს შეიცნობენ საკუთარ თავს. რაც შეეხება ადამიანობას, სხვა საშუალებაც არსებობს, რაც ანტიქრისტეებისგან განასხვავებს ადამიანებს, რომლებიც ანტიქრისტეს გზას მიუყვებიან; ეს არის განსხვავება საშუალო კეთილ ადამიანსა და ბოროტ ადამიანს შორის. კეთილი ადამიანები ამბობენ და აკეთებენ ყველაფერს სინდისითა და გონიერებით, მაშინ როცა ბოროტ ადამიანებს არ აქვთ სინდისი და გონიერება. როდესაც ბოროტი ადამიანები რამე ცუდს აკეთებენ და მათ ამხელენ, ისინი არ არიან დამყოლნი: „ჰმ, თუნდაც ყველამ იცოდეს, შეუძლიათ კი რამის გაკეთება ამასთან დაკავშირებით? მე გავაკეთებ იმას, რაც მსურს! არ მაინტერესებს, ვინ მამხელს ან მაკრიტიკებს. რეალურად, ვინმეს მემთვის რის გაკეთება შეუძლია?“ რამდენი ცუდი საქმეც უნდა ჩაიდინოს ბოროტმა ადამიანმა, ის არ გრძნობს სირცხვილს. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი სჩადის რამე ცუდს, ამის შენიღბვა და დაფარვა სურთ. თუ ვინმე მათ ამხელს, ისინი იმდენად შერცხვენილები არიან, რომ ვერავის უყურებენ და ცხოვრების გაგრძელებაც კი არ სურთ: „ოჰ, როგორ შემეძლო ასეთი რამის გაკეთება? მე ნამდვილად უსირცხვილო ვარ!“ ისინი ძლიერ ინანიებენ და თავსაც კი წყევლიან, ფიცულობენ, რომ მსგავს რამეს აღარასოდეს გააკეთებენ. ამ ტიპის ქცევა იმის მტკიცებულებაა, რომ მათ აქვთ სირცხვილის გრძნობა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული ადამიანობა. ვინც უსირცხვილოა, არ აქვს სინდისი და გონიერება, ყველა ბოროტი ადამიანი უსირცხვილოა. არ აქვს მნიშვნელობა, ბოროტი ადამიანი რა სახის ცუდ საქმეს სჩადის, ეს მათ სახეს არ გაუწითლებს და არ აუჩქარებს გულისცემას და ისინი მაინც დაუფიქრებლად დაიცავენ თავიანთ ქმედებებს, ნეგატიურ ასპექტებს პოზიტიურად გადააქცევენ და ცუდ საქმეებზე ისე ისაუბრებენ, თითქოს ისინი კარგი იყოს. აქვს ასეთ ადამიანს სირცხვილის გრძნობა? (არა). თუ მათ ამ ტიპის დამოკიდებულება აქვთ, მომავალში ისინი ჭეშმარიტად მოინანიებენ? (არა). ისინი მოქმედებას მხოლოდ ისე განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უსირცხვილონი არიან, ხოლო უსირცხვილობა ნიშნავს სინდისისა და გონიერების არქონას. სინდისიან და გონიერ ადამიანებს ძალიან რცხვენიათ სხვათა შეხედვა მას შემდეგ, რაც მხილებულნი არიან ცუდი საქმის კეთების გამო და ისინი აღარასოდეს აკეთებენ ამას. რატომ ხდება ეს? ისინი გრძნობენ, რომ ეს იყო სამარცხვინო საქციელი და იმდენად სავსე არიან სირცხვილით, რომ ვერავის უყურებენ; მათ ადამიანობაში არის სირცხვილის გრძნობა. განა ეს არ არის ნორმალური ადამიანობის მინიმალური სტანდარტი? (არის). შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც სირცხვილის განცდაც კი არ აქვს, კვლავ უწოდო ადამიანი? არ შეიძლება. აქვს ნორმალური გონება ადამიანს, რომელიც სირცხვილს არ გრძნობს? (არა). მათ არ აქვთ ნორმალური გონება, სიკეთეების სიყვარულზე ხომ საუბარი ზედმეტია. მათთვის სინდისისა და გონიერების ქონა ძალიან მაღალი სტანდარტია, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამგვარად, რა არის ყველაზე ძირეული განსხვავება ანტიქრისტეებსა და მათ შორის, ვინც ანტიქრისტეს გზას მიუყვება? როდესაც ადამიანს, რომელიც ფლობს ანტიქრისტეს არსს, სხვა ადამიანი ამხელს ღმერთთან სტატუსისთვის პაექრობის გამო, ისინი არ იფიქრებენ, რომ არასწორად მოიქცნენ. მოგვიანებით, ისინი არამხოლოდ არ ისწავლიან თავიანთ გაკვეთილს და არ მიუბრუნდებიან ღმერთს, არამედ, პირიქით, როგორც კი ექნებათ შანსი, არჩეული იქნენ წინამძღოლად ან მუშაკად, ისინი კვლავ გააგრძელებენ სტატუსისთვის ღმერთთან პაექრობას, გააგრძელებენ ისევე, როგორც ადრე, უმალ მოკვდებიან ვიდრე მოინანიებენ. ამ ადამიანებს რაიმე რაციონალობა გააჩნიათ? (არა). და ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ რაციონალობა, რაიმე სირცხვილს გრძნობენ? (არა). ასეთ ადამიანებს არ აქვთ რაციონალობა და არ აქვთ სირცხვილის გრძნობა. როდესაც ადამიანები, რომლებიც ფლობენ ნორმალურ ადამიანობას, სინდისსა და გონიერებას, ისმენენ სხვებისგან, რომ ისინი ღმერთს ეპაექრებიან სტატუსისთვის, ისინი იფიქრებენ: „ოჰ არა, ეს სერიოზული საკითხია! მე ღვთის მიმდევარი ვარ! როგორ შემეძლო მასთან სტატუსისთვის პაექრობა? რა სამარცხვინოა ღმერთთან სტატუსისთვის მეტოქეობა! რა დაჩლუნგებული, რა სულელი, რა არაგონივრული გავმხდარვარ, რომ ეს გავაკეთე! როგორ შემეძლო ასეთი რამის გაკეთება?“ ისინი იგრძნობენ უხერხულობას და სირცხვილს იმის გამო, რაც გააკეთეს და მსგავს სიტუაციებში მოხვედრისას, სირცხვილის გრძნობა შეზღუდავს მათ ქცევას. ყველა ადამიანის ბუნება-არსებაის არსი, სატანის ბუნების არსია, მაგრამ მათ, ვინც ფლობს ნორმალური ადამიანობის გონიერებას, ექნებათ სირცხვილის გრძნობა და მათი ქცევები იქნება შეზღუდული. თანდათან ღრმავდება რა ადამიანის მიერ ჭეშმარიტების გააზრება, სიღრმეს იძენს ღმერთის შესახებ მათი ცოდნა და გაგება და ჭეშმარიტებისადმი მორჩილება, ეს სირცხვილის გრძნობა აღარ იქნება მინიმალური ზღვარი. ისინი სულ უფრო მეტად შეიზღუდებიან ჭეშმარიტებითა და თავიანთი ღვთისმოშიში გულით. ისინი განაგრძობენ საკუთარი თავის გაუმჯობესებას და უფრო და უფრო მეტად იმოქმედებენ ჭეშმარიტების შესაბამისად. მაგრამ ანტიქრისტეები ჭეშმარიტებას ეძიებენ? საერთოდ არა. მათ არ გააჩნიათ ნორმალური ადამიანური გონიერება, არ იციან, რას ნიშნავს ჭეშმარიტების ძიება და არიან ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი და არ აქვთ მისი სიყვარულის ნატამალიც კი, მაშ როგორ შეძლებდნენ ჭეშმარიტების ძიებას? ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა არის ნორმალური ადამიანობის საჭიროება; მხოლოდ მათ ეყვარებათ ჭეშმარიტება და ესწრაფვიან მას, ვისაც შია და სწყურია სამართლიანობა. მათ, ვინც არ ფლობს ნორმალურ ადამიანობას, ჭეშმარიტებას არასოდეს ეძიებენ.
ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტეს გზას მიუყვებიან, ნამდვილი ანტიქრისტეებისგან განსხვავდებიან. ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ ისინი სავსე არიან ანტიქრისტეს ხასიათით, ისინი ესწრაფვიან და ღრმად აფასებენ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს და არასოდეს შეუძლიათ მათი დათმობა. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ანტიქრისტეს ბუნება აქვთ და ხსნა შეუძლებელია. თუ შენ საკუთარ თავს ჭეშმარიტად არ იცნობ და არ იცი, ხარ თუ არა ანტიქრისტე ან ბოროტი ადამიანი, მაშინ უნდა დაფიქრდე, გაქვს თუ არა სირცხვილის რამე შეგრძნება. თუ არ გაქვს, მაშინ საფრთხეში ხარ და შეიძლება ითქვას, რომ ფლობ ბოროტი ადამიანის ან ანტიქრისტეს ბუნება-არსებას. თუნდაც ახლა არ იყო ანტიქრისტე, შეიძლება მომავალში გახდე. მათ, ვინც არ ესწრაფვის ჭეშმარიტებას, ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავზე დაფიქრება და საკუთარი თავის შეცნობა სურთ. ისინი ამბობენ: „არ მაინტერესებს, ვინ ამბობს, რომ მე ანტიქრისტე ვარ. ვის არ მოსწონს დიდება, სარგებელი და სტატუსი? ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ არ მოსწონს დიდება, სარგებელი და სტატუსი, ცრუობს. ვის შეუძლია, ჰქონდეს სტატუსი და არ ტკბებოდეს მისი სარგებლით? მხოლოდ სულელს შეუძლია, იყოს ასეთი. სტატუსის სარგებლით ტკბობის უნარი - ამას შესაძლებლობა ჰქვია!“ როგორი ადამიანი ამბობს მსგავს რამეებს? განა ეს ის არ არის, ვინც ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეა? ასეთი ადამიანი შეუპოვრად ჯიუტია - შეიძლება თუ არა მათი გადარჩენა? მათი გადარჩენა აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან ღმერთი არ გადაარჩენს ბოროტ ადამიანებს; ასეთი ადამიანები სატანის მოდგმიდან არიან, ისინი მხეცები არიან. ზოგიერთმა არ იცის, შეიძლება თუ არა, ღვთის ხსნის ობიექტები იყვნენ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ღვთის სიტყვები ამხელს შენს ბუნება-არსებას და შენს გახრწნილ ხასიათს, დააკვირდი, შეგიძლია თუ არა ამის შეგრძნება და შინაგანად სირცხვილის განცდა და ფიქრობ თუ არა, რომ ის, რასაც ღმერთი ამხელს, შენი ნამდვილი სახეა, რაც შემდეგ გამოიწვევს სირცხვილის შეგრძნებას და განცდას, რომ დასამალი ადგილი არ გაქვს. თუ სირცხვილის ეს გრძნობა გაგაჩნია, თუ ეს ცნობიერება გაქვს, კარგია. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ამბობენ: „ღვთის სიტყვებმა სრულად მამხილა. ისე მრცხვენია, რომ ვერავის ვუყურებ და დასამალი ადგილი არსად მაქვს. ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთში უნდა გამაგზავნონ, მე არ ვიმსახურებ ღვთის მიერ ხსნას. ჩემი ნეგატიურობა იმდაგვარია, რომ არც კი მგონია, ცოცხლად ყოფნას ვიმსახურებდე. უბრალოდ უნდა მოვკვდე და დავამთავრო ყველაფერი“. ასეთი შეგრძნება კარგია თუ ცუდი? ეს კარგი რამ არის. ზოგიერთს არ ესმის და ამბობს: „როგორ შეიძლება ეს კარგი რამ იყოს?“ (ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანს სირცხვილის გრძნობა გააჩნია.) ეს სირცხვილით არ განისაზღვრება. პირველ რიგში, ასეთი შეგრძნების ქონა ნიშნავს, რომ, სულ მცირე, გესმის ღვთის სიტყვების. მეორე, რა არის შენი თვითშემეცნების საფუძველი? (ღვთის სიტყვების მიღება.) სწორია. შენ აღიარებ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, რაც ნიშნავს, რომ შენ ღვთის სიტყვებს სტანდარტად იყენებ, რათა შეაფასო, შეგიძლია თუ არა გადარჩენა და როგორი ტიპის ადამიანი ხარ - შენ უკვე აქციე მისი სიტყვები თვითშეფასების სტანდარტად. ეს ამტკიცებს, რომ შენ მათი ჭეშმარიტი რწმენა გაქვს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა გაქვს, შეგიძლია მისი სიტყვები მიიღო როგორც ჭეშმარიტება, როგორც თვითშეფასების სტანდარტი. ვისაც ეს შეუძლია, მას აქვს გადარჩენის შანსი - ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც მხოლოდ სირცხვილის გრძნობის არსებობა-არარსებობა“.
რაც შეეხება ამ გამოვლინებას — ანტიქრისტეების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა — ჩვენ უკვე განვიხილეთ სიტყვა „განსხვავებული აზრის მქონე პირის“ განსაზღვრება. მაშ, რომელი ადამიანები განეკუთვნებიან ამ ტერმინს? ძირითადად, ეს არიან ისინი, ვისაც ანტიქრისტეებისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ საკითხებზე და ვინც მათგან განსხვავებულ გზებს ადგანან. ანტიქრისტეების თვალში ეს ადამიანები ყველანი ხდებიან განსხვავებული აზრის მქონე პირები და ისინი ანტიქრისტეების თავდასხმების სამიზნეები არიან. ანტიქრისტეებს სწამთ, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა სრულიად გამართლებულია, რომ ეს ღვთის სახლის საქმის დაცვა და ეკლესიის ცხოვრების დაცვაა, მაშინ როცა სინამდვილეში, ეს მათივე სტატუსისა და ძალაუფლების დაცვის საშუალება და მეთოდია. ეს ღვთის სახლის საქმის დაცვას სულაც არ ემსახურება, მით უმეტეს, არ ინარჩუნებს ეკლესიის ცხოვრების ნორმალურ წესრიგს ღვთის რჩეული ხალხისთვის. აქ ნახსენები ზოგიერთი განსხვავებული აზრის მქონე პირი ადამიანია, რომელიც ესწრაფვის ჭეშმარიტებას. ჩვენ შეგვიძლია, ამაში დარწმუნებულნი ვიყოთ, რადგან ანტიქრისტეები ეწინააღმდეგებიან მათ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან და მხოლოდ მათ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, შეუძლიათ ანტიქრისტეების გარჩევა.
22 იანვარი, 2019 წ.