როგორ უნდა გაიარო გზის ბოლო მონაკვეთი

თქვენ ახლა გზის ბოლო მონაკვეთზე იმყოფებით და ეს გზის კრიტიკული ნაწილია. შესაძლოა, ბევრი ტანჯვა გადაიტანე, ბევრი საქმე შეასრულე, მრავალი გზა გაიარე და ბევრი ქადაგება მოისმინე; შესაძლოა, იოლი არ იყო იქამდე მისვლა, სადაც ახლა ხარ. თუ არ შეგიძლია გაუძლო იმ ტანჯვას, რომლის წინაშეც ახლა დგახარ და თუ ისევე გააგრძელებ, როგორც წარსულში იქცეოდი, მაშინ ვერ შეძლებ გახდე სრულყოფილი. ეს სიტყვები შენს შესაშინებლად არ არის გამიზნული — ეს ფაქტია. მას შემდეგ, რაც პეტრემ ღვთის საქმის დიდი ნაწილი გამოსცადა, ზოგიერთ რამეში ჩასწვდა არსს და ასევე დიდი გამჭრიახობა შეიძინა. მან გაიგო მრავალი რამ მსახურების პრინციპის შესახებ და მოგვიანებით შეძლო, თავდადებული ყოფილიყო იმის მიმართ, რაც იესომ მიანდო. ის დიდი გამოწრთობა, რომელიც მან მიიღო, ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ საკუთარი ქმედებების გაანალიზებისას გრძნობდა, თუ რაოდენ დიდი ვალი ჰქონდა ღვთის წინაშე და რომ ვერასოდეს შეძლებდა მის გადახდას. ამავდროულად, აცნობიერებდა, რომ ადამიანი ძალიან გახრწნილია, რის გამოც სინდისი ქენჯნიდა. იესომ ბევრი რამ უთხრა პეტრეს, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები ითქვა, მას მხოლოდ მცირედის გაგება შეეძლო და ზოგჯერ მასში ჯერ კიდევ რჩებოდა წინააღმდეგობა და ურჩობა. იესოს ჯვარცმის შემდეგ მან საბოლოოდ განიცადა ერთგვარი გამოფხიზლება და საკუთარი თავის მიმართ ძლიერი საყვედურის გრძნობა დაეუფლა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მისთვის მიუღებელი გახდა რაიმე მცდარი აზრის ქონა. მან ძალიან კარგად იცოდა საკუთარი მდგომარეობა და ასევე კარგად იცოდა უფლის სიწმინდე. შედეგად, უფლისადმი სიყვარულით სავსე გული მასში კიდევ უფრო გაიზარდა და იგი მეტად კონცენტრირდა საკუთარ სიცოცხლეზე. ამის გამო მან დიდი ტანჯვა გადაიტანა და, მართალია, ზოგჯერ ისე ჩანდა, თითქოს მძიმედ იყო ავად და თითქოს მკვდარიც კი იყო, მას შემდეგ, რაც ამგვარად მრავალგზის გამოიწრთო, მან მეტად შეიცნო საკუთარი თავი და უფლისადმი ჭეშმარიტი სიყვარული განივითარა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მთელი ცხოვრება გამოწრთობაში და, უფრო მეტიც, გაკიცხვაში გავიდა. მისი გამოცდილება განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა ადამიანის გამოცდილებისგან და მისი სიყვარული აღემატებოდა ნებისმიერი იმ ადამიანის სიყვარულს, ვინც არ ყოფილა სრულქმნილი. მიზეზი, რის გამოც ის ეტალონად იქნა მოყვანილი, არის ის, რომ მან სიცოცხლეში ყველაზე დიდი ტანჯვა განიცადა და მისი გამოცდილება ყველაზე წარმატებული იყო. თუ თქვენ მართლაც შეძლებთ, პეტრეს მსგავსნი იყოთ გზის დასკვნითი მონაკვეთის გავლისას, მაშინ არ იარსებებს არცერთი ქმნილება, რომელიც შეძლებს თქვენი კურთხევების წართმევას.

პეტრე სინდისიერი კაცი იყო, მაგრამ მისნაირი ადამიანობის მიუხედავად, იესოს მიყოლის საწყის ეტაპზე მას გარდაუვლად უჩნდებოდა მრავალი მოწინააღმდეგე და ურჩი აზრი. თუმცა, იესოს მიყოლისას, იგი ამას სერიოზულად არ აღიქვამდა და სჯეროდა, რომ ადამიანები სწორედ ასეთები უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ, თავდაპირველად მას არ უგრძნია არავითარი საყვედური და არც გაუსხლავთ ის. იესო სერიოზულად არ ეკიდებოდა პეტრეს რეაქციებს და არც ყურადღებას აქცევდა მათ, არამედ მხოლოდ იმ საქმის კეთებაზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული, რომელიც უნდა შეესრულებინა. მას არასოდეს აუტეხავს აურზაური პეტრესა და სხვებთან. შეიძლება თქვა: „ნუთუ იესომ არ იცოდა იმ აზრების შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ?“ სულაც არა! ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მას ნამდვილად ესმოდა პეტრესი — მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ მას ძალიან კარგად ესმოდა მისი — სწორედ ამიტომ იესოს მის წინააღმდეგ არავითარი ზომები არ მიუღია. მას სძულდა კაცობრიობა, მაგრამ ამავდროულად წყალობაც ჰქონდა მათ მიმართ. განა ახლა თქვენ შორის არ არიან მრავალნი, ვინც ისეთივე მოწინააღმდეგენი არიან, როგორც პავლე იყო, და რომლებსაც ისევე აქვთ მრავალი წარმოდგენა, როგორც პეტრეს ჰქონდა იმ დროს უფალი იესოს მიმართ? გეუბნები, უმჯობესი იქნება, თუ ზედმეტად არ ენდობი შენს მესამე გრძნობას. შენი აღქმის უნარი არასანდოა და დიდი ხნის წინ სრულიად განადგურდა სატანის გახრწნის მიერ. გგონია, რომ შენი აღქმა სრულყოფილი და უნაკლოა? პავლე მრავალგზის შეეწინააღმდეგა უფალ იესოს, მაგრამ იესოს რეაქცია არ ჰქონია. ნუთუ იესოს შეეძლო სნეულთა განკურნება და დემონთა განდევნა, მაგრამ არ შეეძლო პავლეში არსებული „დემონის“ განდევნა? რატომ მოხდა ისე, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იესო მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა, მაშინ როცა პავლე აგრძელებდა იესოს მოწაფეების უმოწყალოდ დაპატიმრებას, იესო საბოლოოდ გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე და განგმირა იგი? ნუთუ უფალმა იესომ მეტისმეტად დააგვიანა რეაგირება? თუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ხორცში ყოფნისას მას არავითარი ხელმწიფება არ გააჩნდა? გგონია, რომ როდესაც ფარულად ანგრევ ყველაფერს და მეწინააღმდეგები, მე ეს არ ვიცი? გგონია, რომ ნათლის მოფენის ის ნამცეცები, რომლებსაც სულიწმიდისგან იღებ, შეგიძლია ჩემ წინააღმდეგ გამოიყენო? როდესაც პეტრე მოუმწიფებელი იყო, მას მრავალი აზრი ჰქონდა იესოს შესახებ, მაშ, რატომ არ მიუღია მას არავითარი საყვედური? სწორედ ახლა ბევრი ადამიანი ისე აკეთებს საქმეს, რომ არავითარ საყვედურს არ გრძნობს და მაშინაც კი, როდესაც აშკარად ეუბნებიან, რომ რასაც აკეთებს, არასწორია, მაინც არ უსმენს. განა ეს მთლიანად ადამიანის ურჩობის გამო არ ხდება? მე უკვე ამდენი რამ ვთქვი, მაგრამ შენ მაინც არ გაქვს სინდისის შეგნების ნატამალიც კი, მაშ, როგორ შეძლებ გზის ბოლო მონაკვეთის გავლას, გზის დასრულებამდე სიარულის გაგრძელებას? ნუთუ არ გრძნობ, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია?

მას შემდეგ, რაც ადამიანები იქნებიან დაპყრობილნი, მათ შეუძლიათ დაემორჩილონ ღვთის წარმართვასა და განგებას და შეუძლიათ გაჰყვნენ ღმერთს თავიანთ რწმენასა და მისდამი სიყვარულის მტკიცე გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. მაშ, როგორ უნდა გაიაროს ადამიანმა გზის დასკვნითი მონაკვეთი? შენი გასაჭირის განცდის დღეებში უნდა გაუძლო ყოველგვარ სიძნელეს და უნდა გქონდეს ტანჯვის გადატანის მტკიცე გადაწყვეტილება; მხოლოდ ამგვარად შეძლებ გზის ამ მონაკვეთის კარგად გავლას. ფიქრობ, რომ ასე ადვილია გზის ამ მონაკვეთის გავლა? უნდა იცოდე, რა ფუნქცია უნდა შეასრულო; თქვენ უნდა აიმაღლოთ სულიერი მონაცემები და შეიარაღდეთ სათანადო ჭეშმარიტებით. ეს არ არის ერთი ან ორი დღის საქმე და არცისე მარტივია, როგორც გგონია! გზის ბოლო მონაკვეთის გავლა დამოკიდებულია იმაზე, თუ ზუსტად როგორია შენი რწმენა და მტკიცე გადაწყვეტილება. შესაძლოა, ვერ ხედავდე სულიწმიდის მოქმედებას შენში, ან შესაძლოა, ვერ ახერხებდე სულიწმიდის საქმის აღმოჩენას ეკლესიაში, ამიტომ პესიმისტურად ხარ განწყობილი, იმედგაცრუებული ხარ და წინ მდებარე გზის მიმართ სრული სასოწარკვეთა გიპყრობს. კერძოდ, წარსულის დიადი მეომრები ყველანი დაეცნენ — განა ეს ყველაფერი დარტყმა არ არის შენთვის? როგორ უნდა შეხედო შენ ამ ყველაფერს? გაქვს რწმენა თუ არა? სრულად გესმის დღევანდელი საქმე თუ არა? ამ საკითხებს შეუძლია განსაზღვროს, შეძლებ თუ არა გზის ბოლო მონაკვეთის წარმატებით გავლას.

რატომ არის ნათქვამი, რომ თქვენ ახლა გზის ბოლო მონაკვეთზე იმყოფებით? იმიტომ, რომ გაიგეთ ყველაფერი, რაც უნდა გაგეგოთ და იმიტომ, რომ მე გითხარით ყველაფერი, რასაც ადამიანებმა უნდა მიაღწიონ. მე ასევე გითხარით ყველაფერი იმის შესახებ, რაც თქვენ მოგენდოთ. ამიტომ ის, რასაც ახლა გადიხართ, არის იმ გზის ბოლო ნაწილი, რომელზეც მე მივუძღვები ადამიანებს. მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი შეიძინოთ; ნებისმიერ დროს, შენ ყოველთვის გექნება გასავლელი გზა, კვლავაც შეძლებ აიმაღლო სულიერი მონაცემები, ნორმალურად იკითხო ღვთის სიტყვები და იცხოვრო ნორმალური ადამიანური ცხოვრებით. ახლა მე მიგიძღვები, რომ ასე იცხოვრო, მაგრამ მომავალში, როდესაც აღარ წაგიძღვები, კვლავ შეძლებ ამას? შეძლებ სიარულის გაგრძელებას? ეს იყო პეტრეს გამოცდილება: როდესაც იესო მიუძღოდა მას, მცირე გაგება ჰქონდა; ის ყოველთვის ბავშვივით უდარდელი იყო და სერიოზულად არ ეკიდებოდა არაფერს, რასაც აკეთებდა. მხოლოდ იესოს წასვლის შემდეგ დაიწყო მან თავისი ნორმალური ადამიანური ცხოვრება. მისი აზრიანი ცხოვრება მხოლოდ იესოს წასვლის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნორმალური ადამიანობის გარკვეული გონიერება და ზოგიერთი ის თვისება, რაც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მის ჭეშმარიტ გამოცდილებასა და მისწრაფებას ახალი დასაწყისი არ ჰქონია იესოს წასვლამდე. როგორია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა? ახლა მე ამგვარად მიგიძღვები და შენ ფიქრობ, რომ ეს მშვენიერია. შენ არანაირი გარემოება არ გეცვლება და არც განსაცდელები გატყდება თავს, თუმცა ამგვარად შეუძლებელია იმის დანახვა, თუ სინამდვილეში როგორი სულიერი სიმწიფე გაქვს და არც იმის დანახვაა შესაძლებელი, მართლაც ხარ თუ არა ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის. შენი პირით ამბობ, რომ გესმის საკუთარი სუბსტანცია, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. მხოლოდ მომავალში, როდესაც რეალური მოვლენები დაგატყდება თავს, დადასტურდება შენი გაგება. ახლა შენ ასეთი გაგება გაქვს: „მესმის, რომ ჩემი საკუთარი ხორცი ძალიან გახრწნილია და ადამიანთა ხორცის სუბსტანცია ღვთის წინააღმდეგ ამბოხება და წინააღმდეგობის გაწევაა. ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის მიღების უნარი ადამიანების ღვთის მიერ ამაღლებაა. ახლა ეს გავიგე და მზად ვარ, ღვთის სიყვარულს სიყვარულით ვუპასუხო“. ამის თქმა ადვილია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც გასაჭირი, განსაცდელები და ტანჯვა დაგატყდება თავს, ამ ყველაფრის განცდა ადვილი არ იქნება. თქვენ ყოველდღე ასე მომყვებით, მაგრამ მაინც არ შეგიძლიათ თქვენი გამოცდილების გაგრძელება. კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ ხელს გაგიშვებთ და აღარ მოგაქცევთ თქვენ ყურადღებას; ადამიანთა უმეტესობა დაეცემა და მარილის სვეტად, სირცხვილის ნიშნად იქცევა. ასეთი შედეგები სავსებით შესაძლებელია. განა არ დარდობ ან არ ნერვიულობ ამაზე? პეტრემ გაიარა ასეთი გარემო და განიცადა ასეთი ტანჯვა, მაგრამ ის მაინც მტკიცედ იდგა. შენ რომ ასეთ გარემოში აღმოჩენილიყავი, შეძლებდი მტკიცედ დგომას? იმან, რაც იესომ თქვა და იმ საქმემ, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას შეასრულა, პეტრეს საძირკველი ჩაუყარა და სწორედ ამ საძირკვლიდან გაიარა მან თავისი შემდგომი გზა. შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ დონეს? გზები, რომლებიც გაიარე და ჭეშმარიტებები, რომლებიც გაიგე — შეიძლება ისინი გახდეს შენი საძირკველი, რომელზეც მომავალში მტკიცედ დგომას შეძლებ? შეიძლება ეს ყველაფერი გახდეს შენი ხილვა, რათა მოგვიანებით მტკიცედ იდგე? მე გეტყვით თქვენ სიმართლეს — შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამჟამად ადამიანებს ესმით, მხოლოდ მოძღვრებებია. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვთ გამოცდილება იმ ყველაფერში, რაც ესმით. ის, რომ აქამდე შეძელი გაგრძელება, მთლიანად იმის დამსახურებაა, რომ ახალი ნათელი მიგიძღოდა წინ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ შენმა სულიერმა სიმწიფემ გარკვეულ დონეს მიაღწია, არამედ იმიტომ, რომ ჩემმა სიტყვებმა მოგიყვანა დღევანდელ დღემდე; ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დიდი რწმენა გაქვს, არამედ ჩემი სიტყვების სიბრძნის გამო, რამაც სხვა გზა არ დაგიტოვა, გარდა იმისა, რომ დღემდე ბოლომდე გამომყოლოდი. ახლა რომ არ მელაპარაკა, ჩემი ხმა არ გამომეცა, შენ ვეღარ შეძლებდი გაგრძელებას და მყისიერად შეწყვეტდი წინსვლას. განა ეს არ არის თქვენი რეალური სულიერი სიმწიფე? წარმოდგენაც არ გაქვთ, რომელი ასპექტებიდან უნდა შეხვიდეთ და რომელ ასპექტებში უნდა შეივსოთ ის, რაც გაკლიათ. არ გესმით, როგორ უნდა გამოავლინოთ ცხოვრებაში აზრიანი ადამიანური ცხოვრება, როგორ მიაგოთ სამაგიერო ღვთის სიყვარულს, ან როგორ გასცეთ მედგარი დამოწმება. თქვენ სრულიად უუნარონი ხართ, რომ მიაღწიოთ ამ ყველაფერს. თქვენ ზარმაცებიც ხართ და სულელებიც! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, სხვა რამეზე დაყრდნობაა და ის, რასაც ეყრდნობით, არის ახალი ნათელი და ის, ვინც მიგიძღვით წინ. ის, რომ შენ დღემდე შეძელი გაძლება, იმის დამსახურებაა, რომ მთლიანად ახალ ნათელსა და უახლეს გამონათქვამებზე იყავი დამოკიდებული. თქვენ საერთოდ არ ჰგავხართ პეტრეს, რომელიც დახელოვნებული იყო ჭეშმარიტი გზისკენ სწრაფვაში ან იობს, რომელსაც შეეძლო იეჰოვასთვის თაყვანი ეცა ერთგულად და ერწმუნა, რომ იეჰოვა იყო ღმერთი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოცდიდა მას იეჰოვა და აკურთხებდა თუ არა იგი მას. შეგიძლია ამის გაკეთება? როგორ დაგიპყრეს? ერთი მხრივ, ეს მოხდა სამსჯავროს, გაკიცხვისა და დაწყევლის მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, საიდუმლოებების მეშვეობით მოხდა თქვენი დაპყრობა. თქვენ ყველანი ვირებს ჰგავხართ. თუ ის, რაზეც ვსაუბრობ, საკმარისად ამაღლებული არ არის თქვენთვის, თუ არ არსებობს საიდუმლოებები, მაშინ თქვენი დაპყრობა შეუძლებელია. ადამიანი რომ ქადაგებდეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ერთსა და იმავეზე საუბრობდეს, ორი წლის განმავლობაში ყველანი წახვიდოდით და გაიფანტებოდით; ვეღარ შეძლებდით გაგრძელებას. თქვენ არ იცით უფრო ღრმად შესვლა და არც ის გესმით, როგორ ისწრაფოდეთ ჭეშმარიტების ან სიცოცხლის გზისკენ. ერთადერთი, რაც გესმით, არის ისეთი რამის მიღება, რაც თქვენთვის სიახლედ გეჩვენებათ, როგორიცაა საიდუმლოებების ან ხილვების მოსმენა, ან იმის მოსმენა, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი წარსულში, ან პეტრეს გამოცდილება, ან იესოს ჯვარცმის ფონი... თქვენ მხოლოდ ამ საკითხების შესახებ გსურთ მოსმენა და რაც უფრო მეტს უსმენთ, მით უფრო ივსებით ენერგიით. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ უსმენთ, რომ სევდა და მოწყენილობა გაიფანტოთ. თქვენი სიცოცხლე მთლიანად ამ სიახლეებით საზრდოობს. გგონია, რომ იქ, სადაც დღეს ხარ, შენი საკუთარი რწმენით მოხვედი? განა ეს არ არის ის უმნიშვნელო, შესაბრალისი სულიერი სიმწიფე, რომელსაც ფლობთ? სად არის თქვენი ზნეობა? სად არის თქვენი ადამიანობა? გაგაჩნიათ ადამიანური სიცოცხლე? სრულყოფისთვის აუცილებელი რამდენი ელემენტი გაგაჩნიათ თქვენ? განა ის, რასაც ვამბობ, ფაქტი არ არის? მე ამგვარად ვსაუბრობ და ვმოქმედებ, მაგრამ თქვენ მაინც თითქმის არ აქცევთ ყურადღებას. როცა მომყვებით, თან აკვირდებით. ყოველთვის გულგრილობის იერს ინარჩუნებთ და მუდამ სხვების ნებაზე დადიხართ. სწორედ ასე მოხვედით აქამდე; ის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანათ, მხოლოდ გაკიცხვა, გამოწრთობა და გვემა იყო. მხოლოდ სიცოცხლეში შესვლის შესახებ რომ ყოფილიყო ქადაგებები, განა დიდი ხნის წინ არ გაიპარებოდით ყველანი? თითოეული თქვენგანი სხვაზე უფრო ქედმაღალია, მაგრამ სინამდვილეში თქვენი მუცლები მხოლოდ მყრალი წყლით არის სავსე! აქამდე მხოლოდ იმიტომ შეძელი მოღწევა, რომ გაიგე ზოგიერთი საიდუმლო, ისეთი რამ, რაც ადამიანებს მანამდე არ ესმოდათ. არავითარი მიზეზი არ გაქვთ, რომ არ გამომყვეთ, ამიტომ ძლივს შეძელით საკუთარი თავის იძულება და ბრბოს აყოლა. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვებით მიღწეული შედეგია და ნამდვილად არ არის თქვენ მიერ განხორციელებული გმირობა. თქვენში არაფერია საქებარი. ამრიგად, საქმის ამ ეტაპზე დღევანდელ დღემდე ძირითადად სიტყვებით მოყვანილ იქენით. სხვაგვარად, რომელ თქვენგანს შეეძლო მორჩილება? ვინ შეძლებდა დღემდე გაძლებას? თავიდანვე გინდოდათ პირველივე შესაძლებლობისთანავე წასვლა, მაგრამ ვერ გაბედეთ; გამბედაობა არ გეყოთ. დღემდე უხალისოდ მომყვებით.

მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო პეტრემ თავისი საკუთარი მოგზაურობა და იმ გზით სიარული, რომლითაც უნდა ევლო, რაც იესო ჯვარს აცვეს და წავიდა; მან საკუთარი თავის აღჭურვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა საკუთარი ნაკლოვანებები და უმწეობა. მან დაინახა, რომ მეტისმეტად მცირე ღვთისმოყვარე გული ჰქონდა და ტანჯვის გადატანის მტკიცე გადაწყვეტილება არასაკმარისი იყო, რომ არ გააჩნდა არავითარი გამჭრიახობა და აკლდა გონიერება. მან დაინახა, რომ მასში ბევრი რამ არ შეესაბამებოდა იესოს განზრახვებს და რომ ბევრი რამ იყო ურჩი, მოწინააღმდეგე ბუნების და ადამიანური ნებით შებილწული. მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვა მან შესვლა ყველა ასპექტში. როდესაც იესო მიუძღოდა მას, ამხელდა რა მის მდგომარეობას, პეტრე აღიარებდა ამას და მზადყოფნით ეთანხმებოდა იესოს ნათქვამს, თუმცა მან ჭეშმარიტი გაგება მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს მას აბსოლუტურად არ ჰქონდა გამოცდილება და არ იცოდა საკუთარი სულიერი სიმწიფის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ახლა მე მხოლოდ სიტყვებს ვიყენებ თქვენს წარსამართავად და ამას არ შეუძლია მოკლე დროში გაგხადოთ სრულყოფილნი და შეუძლია მხოლოდ იმის შესაძლებლობა მოგცეთ თქვენ, რომ გაიგოთ და შეიცნოთ ჭეშმარიტება. ეს იმიტომ ხდება, რომ შენი დაპყრობა და გულით დარწმუნება ამჟამინდელი საქმეა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნები დაპყრობილი, ზოგიერთი თქვენგანი გახდება სრულყოფილი. ახლა, ის ხილვები და ის ჭეშმარიტებები, რომლებიც გესმის, საძირკველს უყრის შენს მომავალ გამოცდილებას; მომავალ გასაჭირში ყველა თქვენგანს ექნება ამ სიტყვების რეალური გამოცდილება. მოგვიანებით, როდესაც განსაცდელები დაგატყდება თავს და გასაჭირს გაივლი, გაგახსენდება ის სიტყვები, რომლებსაც დღეს ამბობ: „რა გასაჭირი, განსაცდელი ან დიდი უბედურებაც არ უნდა შემხვდეს, ღმერთი უნდა დავაკმაყოფილო“. გაიხსენებ პეტრეს გამოცდილებას და შემდეგ იობის გამოცდილებას — დღევანდელი სიტყვები გაგამხნევებს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება შენი რწმენის შთაგონება. იმ დროს პეტრემ თქვა, რომ არ იყო ღირსი, მიეღო ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა და როდესაც დრო მოვა, შენც მოისურვებ, რომ შენი მეშვეობით ყველამ დაინახოს ღვთის სამართლიანი ხასიათი. მზადყოფნით მიიღებ მის სამსჯავროსა და გაკიცხვას და მისი სამსჯავრო, გაკიცხვა და წყევლა ნუგეში იქნება შენთვის. ახლა, უბრალოდ არ გამოვა, რომ არ აღიჭურვო ჭეშმარიტებით. მის გარეშე, არა მხოლოდ ვერ შეძლებ მომავალში მტკიცედ დგომას, არამედ შესაძლოა ვერც ამჟამინდელი საქმის განცდა შეძლო. თუ ასეა, განა არ გახდები ერთ-ერთი მათგანი, ვინც განდევნილი და დასჯილი იქნება? ახლა არავითარი რეალური მოვლენა არ დაგტეხია თავს და მე მოგამარაგე იმ ასპექტებში, რომლებიც გაკლია; მე ვსაუბრობ ყველა ასპექტიდან. თქვენ უბრალოდ არ გადაგიტანიათ დიდი ტანჯვა და მხოლოდ იმას იღებთ, რაც ხელმისაწვდომია და არც არავითარი საფასური გადაგიხდიათ, მით უმეტეს, არ გაქვთ საკუთარი რეალური გამოცდილება ან გამჭრიახობა. ამიტომ, ის, რაც გესმით, არ არის თქვენი ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე. თქვენ შემოიფარგლებით გაგებით, ცოდნითა და ხედვით, მაგრამ ბევრი ნაყოფი არ მოგიმკიათ. არასოდეს რომ არ მომექცია თქვენთვის ყურადღება და საკუთარ სახლში გამომეცადეთ, დიდი ხნის წინ გაიქცეოდით დიდსა და ვრცელ სამყაროში. გზა, რომელსაც მომავალში გაივლით, ტანჯვის გზა იქნება და თუ წარმატებით გაივლით გზის ამჟამინდელ მონაკვეთს, მაშინ გექნებათ დამოწმება, როდესაც მომავალში უფრო დიდ გასაჭირს გაივლით. თუ გესმის ადამიანური ცხოვრების მნიშვნელობა და ცხოვრებაში სწორ გზას დაადექი და თუ მომავალში — მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოგექცევა ღმერთი — მის წარმართვასა და განგებას მიენდობი, არ გამოთქვამ არავითარ საყვედურს, არ გააკეთებ არჩევანს და არ წაუყენებ ღმერთს არავითარ მოთხოვნას, მაშინ შენ იქნები ფასეული ადამიანი. ახლა გასაჭირი არ გაგივლია, ამიტომ შეგიძლია დაემორჩილო ყველაფერს. ამბობ, რომ როგორც არ უნდა წარგმართოს ღმერთმა, ეს კარგია და რომ ყველაფერს ღვთის წარმართვასა და განგებას ანდობ. გაგკიცხავს ღმერთი თუ დაგწყევლის, გენდომება მისი დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, რასაც ახლა ამბობ, აუცილებლად არ წარმოადგენს შენს სულიერ სიმწიფეს. ის, რისი გაკეთებაც ახლა გსურს, ვერ აჩვენებს, რომ ბოლომდე მიყოლა შეგიძლია. როდესაც დიდი გასაჭირი დაგატყდება თავს, ან როდესაც გაივლი დევნას, იძულებას ან კიდევ უფრო დიდ განსაცდელებს, მაშინ ვეღარ შეძლებ ამ სიტყვების თქმას. თუ მაშინ შეძლებ ასეთი გაგების ქონას და მტკიცედ იდგები, ეს იქნება შენი სულიერი სიმწიფე. როგორი იყო პეტრე იმ დროს? პეტრემ თქვა: „უფალო, ჩემს სიცოცხლეს გავწირავ შენთვის. თუ გსურს, რომ მოვკვდე, მოვკვდები!“ ასე ლოცულობდა ის იმ დროს. მან ასევე თქვა: „სხვებს რომც არ უყვარდე, მე ბოლომდე უნდა მიყვარდე. ყოველთვის გამოგყვები“. ასე თქვა მან იმ დროს, მაგრამ როგორც კი განსაცდელები დაატყდა თავს, ვეღარ გაუძლო და ატირდა. თქვენ ყველამ იცით, რომ პეტრემ სამგზის უარყო უფალი, არა? ბევრი ადამიანია, ვინც ატირდება და ადამიანურ სისუსტეს გამოავლენს, როდესაც განსაცდელები დაატყდება თავს. შენ არ ხარ საკუთარი თავის ბატონი. ამაში შენ ვერ გააკონტროლებ შენს თავს. შესაძლოა, დღეს ძალიან კარგად ართმევ თავს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ შესაფერისი გარემო გაქვს. ხვალ რომ ეს შეიცვალოს, გამოავლენ შენს სიმხდალესა და უუნარობას, შენს სისაძაგლესა და სიმდაბლეს. შენი „ვაჟკაცობა“ დიდი ხნის გამქრალი იქნება და ზოგჯერ შესაძლოა საქმეც კი მიატოვო და წახვიდე. ეს აჩვენებს, რომ ის, რაც იმ დროს გესმოდა, არ იყო შენი რეალური სულიერი სიმწიფე. ადამიანის რეალურ სულიერ სიმწიფეს უნდა შეხედო, რათა დაინახო, ჭეშმარიტად უყვარს თუ არა მას ღმერთი, შეუძლია თუ არა ნამდვილად მიენდოს ღვთის წარმართვასა და განგებას და შეუძლია თუ არა მთელი თავისი ძალისხმევა ჩადოს ღვთის მოთხოვნების მიღწევაში; და რჩება თუ არა იგი ღვთის ერთგული და სწირავს თუ არა საუკეთესოს ღმერთს, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის გაწირვას ნიშნავდეს.

უნდა გახსოვდეს, რომ ეს სიტყვები ახლა უკვე ითქვა: მოგვიანებით, გამოცდი უფრო დიდ გასაჭირსა და უფრო დიდ ტანჯვას! გაგხადონ სრულყოფილი — ეს არ არის მარტივი ან ადვილი საქმე. სულ მცირე, უნდა გქონდეს იობის რწმენა ან მასზე უფრო დიდი რწმენაც კი. უნდა იცოდე, რომ მომავალში განსაცდელები იობის განსაცდელებზე დიდი იქნება და რომ მოგიწევს ხანგრძლივი გაკიცხვის გავლა. განა მარტივი რამ არის ეს? თუ შენი სულიერი მონაცემები ვერ გაუმჯობესდება, თუ შენი გარჩევის უნარი სუსტია და თუ ძალიან ცოტა იცი, მაშინ იმ დროს მოწმობის ნატამალიც არ გექნება და, ნაცვლად ამისა, სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდები და სატანის სათამაშოდ იქცევი. თუ ახლა ვერ შეძლებ ხილვების შენარჩუნებას, მაშინ საერთოდ არ გაქვს საძირკველი და მომავალში ჩამოწერილი იქნები! გზის არცერთი მონაკვეთის გავლა არ არის ადვილი, ამიტომ ნუ მიუდგები ზერელედ. გულდასმით აწონ-დაწონე და მოემზადე იმისთვის, თუ როგორ გაიარო ამ გზის დასკვნითი მონაკვეთი ჯეროვნად. ეს არის გზა, რომელიც მომავალში გასავლელია, გზა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. ნუ დატოვებ უყურადღებოდ ამ ცოდნას; ნუ იფიქრებ, რომ რასაც გეუბნები, მხოლოდ ფუჭად ნათქვამი სიტყვებია. დადგება დღე, როდესაც ამ ყველაფერს კარგად გამოიყენებ — ჩემი სიტყვები ფუჭად არ ითქმის. ახლა საკუთარი თავის აღჭურვისა და მომავლისთვის გზის გაკვალვის დროა. უნდა მოამზადო ის გზა, რომელსაც მომავალში გაივლი; უნდა იდარდო და ინერვიულო იმაზე, თუ როგორ შეძლებ მომავალში მტკიცედ დგომას და კარგად უნდა მოემზადო შენი მომავალი გზისთვის. ნუ იქნები გაუმაძღარი და ზარმაცი! აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია, რათა მაქსიმალურად გამოიყენო შენი დრო იმისთვის, რომ მოიპოვო ყველაფერი, რაც გჭირდება. მე გაძლევ ყველაფერს, რათა შეძლო გაგება. უფრო დიდი გასაჭირის გადატანით, ყველა ადამიანში მიიღწევა ჭეშმარიტი გაგება. ეს არის საქმის ეტაპები. როგორც კი სრულად გაიგებ იმ ხილვებს, რომელთა შესახებაც დღეს გვქონდა თანაზიარება და მიაღწევ ჭეშმარიტ სულიერ სიმწიფეს, მაშინ მომავალში განცდილი ვერანაირი ტანჯვა ვერ დაგძლევს და შეძლებ მტკიცედ დგომას. როდესაც დავასრულებ საქმის ამ უკანასკნელ ეტაპს და დავასრულებ უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმას, მომავალში ადამიანებს მოუწევთ საკუთარი გზით სიარული. ეს აღასრულებს ადრე ნათქვამ სიტყვებს: სულიწმიდას აქვს დავალება თითოეული ადამიანისთვის და საქმე, რომელიც თითოეულ ადამიანზე უნდა შესრულდეს. მომავალში ყველა გაივლის იმ გზას, რომელიც უნდა გაიაროს სულიწმიდის წინამძღოლობით. ვინ შეძლებს სხვებზე ზრუნვას გასაჭირის განცდისას? თითოეულ ადამიანს თავისი ტანჯვა და თავისი სულიერი სიმწიფე აქვს. არავის სულიერი სიმწიფე არ არის სხვისი მსგავსი. ქმრები ვერ შეძლებენ ცოლებზე ზრუნვას ან მშობლები — შვილებზე; ვერავინ შეძლებს სხვებზე ზრუნვას. ისე აღარ იქნება, როგორც ახლაა, როდესაც ორმხრივი ზრუნვა და მხარდაჭერა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს იქნება დრო, როდესაც ყოველი ტიპის ადამიანი გამოაშკარავდება. ანუ, როდესაც ღმერთი დაჰკრავს მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი, იმ დროს თქვენ არ გეყოლებათ არავითარი ჭეშმარიტი წინამძღოლი. ხალხი დაიყოფა — ისე აღარ იქნება, როგორც ახლაა, როდესაც ერთად შეკრება შეგიძლიათ. მომავალში ისინი, ვისაც არ აქვს სულიწმიდის საქმე, თავიანთ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ. ქმრები გაყიდიან ცოლებს, ცოლები გაყიდიან ქმრებს, შვილები გაყიდიან მშობლებს, ხოლო მშობლები დაუწყებენ დევნას შვილებს — ადამიანის გული ამოუცნობია! ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ის, რაც აქვს და ჯეროვნად გაიაროს გზის ბოლო მონაკვეთი. ახლა თქვენ ამას ნათლად ვერ ხედავთ; ყველანი შორსმჭვრეტელობას მოკლებულნი ხართ. საქმის ამ ეტაპის წარმატებით განცდა ადვილი საქმე არ არის.

გასაჭირის დრო არ იქნება მეტისმეტად ხანგრძლივი; სინამდვილეში, ის ერთ წელზე ნაკლებს გასტანს. ერთი წელი რომ გაგრძელებულიყო, საქმის შემდეგი ეტაპი შეფერხდებოდა და ადამიანების სულიერი სიმწიფე არასაკმარისი აღმოჩნდებოდა. მეტისმეტად დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, ადამიანები მის გაძლებას ვერ შეძლებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანების სულიერ სიმწიფეს თავისი საზღვრები აქვს. მას შემდეგ, რაც ჩემი საკუთარი საქმე დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ ადამიანებმა იარონ იმ გზით, რომლითაც უნდა იარონ — ეს არის ტანჯვის გზა და პროცესი და ეს ასევე არის ღვთისადმი შენი სიყვარულის მტკიცე გადაწყვეტილების გამოწრთობის გზა. რომელ ჭეშმარიტებებში უნდა შეხვიდე, რომელი ჭეშმარიტებები უნდა შეავსო, როგორ უნდა განიცადო და რომელი ასპექტიდან უნდა შეხვიდე — ეს ყველაფერი უნდა გესმოდეს. ახლავე უნდა აღიჭურვო საკუთარი თავი. როდესაც გასაჭირი დაგატყდება თავს, უკვე მეტისმეტად გვიანი იქნება. თითოეულმა ადამიანმა უნდა ატაროს ტვირთი საკუთარი სიცოცხლისთვის — მუდამ ნუ დაელოდებით სხვებს, რომ გაგაფრთხილონ ან გამუდმებით ჩაგჩიჩინონ რამე ყურებში დღითი დღე. მე ამდენი რამ ვთქვი, მაგრამ შენ მაინც არ იცი, რომელ ჭეშმარიტებებში უნდა შეხვიდე ან რით უნდა აღიჭურვო. ეს აჩვენებს, რომ არავითარი ძალისხმევა არ ჩაგიდია ღვთის სიტყვების კითხვაში. შენ საერთოდ არ ატარებ არავითარ ტვირთს საკუთარი სიცოცხლისთვის — როგორ შეიძლება ეს მისაღები იყოს? შენთვის ნათელი არ არის, რაში უნდა შეხვიდე, არ გესმის ის, რაც უნდა გესმოდეს და კვლავ სრულ გაურკვევლობაში ხარ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამომავლო გზას უნდა დაადგე. განა სრულიად უსარგებლო არ ხარ? რა სარგებლობა მოგაქვს? რასაც ახლა აკეთებთ, არის თქვენი საკუთარი გზების აშენება და გაკვალვა. უნდა იცოდე, რას უნდა მიაღწიონ ადამიანებმა და უნდა იცოდე კაცობრიობისთვის ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები. შენ ასეთი გაგება უნდა გქონდეს: „რაც არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად ვარ გახრწნილი, ღვთის წინაშე უნდა გამოვასწორო ეს ნაკლოვანებები. სანამ ღმერთი მეტყოდა, არ მესმოდა, მაგრამ ახლა, როცა მან მითხრა და მესმის, უნდა ვიჩქარო ამ ნაკლოვანებების შევსება, ცხოვრებაში გამოვავლინო ნორმალური ადამიანობა და გამოვავლინო ის სახე, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ღვთის განზრახვები. ის რომც ვერ შევძლო, რაც პეტრემ შეძლო, სულ მცირე, ნორმალური ადამიანობა მაინც უნდა გამოვავლინო ცხოვრებაში. ამგვარად შევძლებ ღვთის გულის დაკმაყოფილებას.“

ამ გზის ბოლო მონაკვეთი ამიერიდან მომავალი გასაჭირის დასრულებამდე გასტანს. გზის ეს მონაკვეთი იქნება ის დრო, როდესაც ადამიანების ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე გამოაშკარავდება და ასევე გამოჩნდება, აქვთ თუ არა მათ ჭეშმარიტი რწმენა. იმის გამო, რომ გზის ეს მონაკვეთი უფრო რთული და ქვიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა გზა, რომელზეც ადამიანებს უვლიათ მანამდე, მას „გზის ბოლო მონაკვეთი“ ეწოდება. სიმართლე ისაა, რომ ეს არ არის გზის სულ ბოლო ნაწილი; ეს იმიტომ, რომ გასაჭირის გავლის შემდეგ შენ გაივლი სახარების გავრცელების საქმეს და იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაივლიან გამოყენების საქმეს. ამიტომ „გზის ბოლო მონაკვეთი“ მხოლოდ ადამიანთა გამომწრთობ გასაჭირსა და მკაცრ გარემოსთან მიმართებით ითქმის. გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც წარსულში გაიარე, მე პირადად მიგიძღოდი ამ ბედნიერ მოგზაურობაში, ხელით გატარებდი, რათა მესწავლებინა შენთვის და ჩემივე პირით გაჭმევდი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის გაიარე გაკიცხვა და სამსჯავრო, შენთვის ეს არ ყოფილა მსუბუქი დარტყმების სერიაზე მეტი. რა თქმა უნდა, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შენი შეხედულებები ღვთის რწმენაზე; ამან ასევე მნიშვნელოვნად დაასტაბილურა შენი ხასიათი და საშუალება მოგცა, მცირედით შეგეცანი მე. მაგრამ რასაც ვამბობ, არის ის, რომ როდესაც ადამიანები გზის ამ მონაკვეთს გადიოდნენ, მათ მიერ გადახდილი საფასური ან დაღვრილი გულის სისხლი საკმაოდ მწირი იყო — მე ვარ ის, ვინც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა. ეს იმიტომ, რომ მე არ ვითხოვ შენგან რაიმეს გაკეთებას; მართლაც, ჩემი მოთხოვნები შენ მიმართ სულაც არ არის მაღალი — მე უბრალოდ გაძლევ საშუალებას, მიიღო ის, რაც ხელმისაწვდომია. ამ დროის განმავლობაში მე განუწყვეტლივ ვაკმაყოფილებდი თქვენს საჭიროებებს და არასოდეს წამიყენებია გადაჭარბებული მოთხოვნები. თქვენ მრავალგზის განიცადეთ გაკიცხვა, თუმცა ვერ შეასრულეთ ჩემი თავდაპირველი მოთხოვნები; თქვენ უკან იხევთ და სასოწარკვეთილებას ეძლევით. თუმცა, მე ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებ, რადგან ახლა ჩემი პირადი საქმის დროა და შენს „თავდადებას“ ჩემდამი ასე სერიოზულად არ აღვიქვამ. მაგრამ ამიერიდან, ამ გზაზე, მე აღარ ვიმოქმედებ და აღარ ვისაუბრებ და, როდესაც დრო მოვა, აღარ მოგცემთ თქვენ უფლებას, ასე უსაქმურად გააგრძელოთ. მე მოგცემთ საშუალებას, ისწავლოთ უამრავი გაკვეთილი და აღარ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ხელმისაწვდომი მიიღოთ. ის ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე, რომელიც დღეს გაქვთ, უნდა გამოაშკარავდეს. იქნება თუ არა თქვენი მრავალწლიანი ძალისხმევა საბოლოოდ ნაყოფიერი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაივლით გზის ამ ბოლო მონაკვეთს. წარსულში გეგონათ, რომ ღვთის რწმენა ძალიან მარტივი იყო და ეს იმიტომ, რომ ღმერთი მკაცრად არ გექცეოდა. და ახლა რას იტყვით? გგონიათ, რომ ღვთის რწმენა მარტივია? კვლავ გრძნობთ, რომ ღვთის რწმენა ისეთივე ბედნიერსა და უდარდელს გხდით, როგორც ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს? მართალია, რომ თქვენ ცხვრები ხართ; თუმცა, თქვენ უნდა შეგეძლოთ იმ გზით სიარული, რომლითაც უნდა იაროთ, რათა სამაგიერო მიაგოთღვთის მადლს და სრულად მოიპოვოთ ღმერთი, რომლისაც გწამთ. ნუ იგდებთ თავს მასხრად და ნუ მოიტყუებთ თავს! თუ შეძლებ გზის ამ მონაკვეთის ბოლომდე გავლას, მაშინ შეძლებ იხილო ჩემი სახარებისეული საქმის მთელ სამყაროში გავრცელების უპრეცედენტო სანახაობა და გექნება ბედნიერება, იყო ჩემი მესაიდუმლე და შენი წვლილი შეიტანო სამყაროში ჩემი საქმის გავრცელებაში. იმ დროს, შენ დიდი სიხარულით გააგრძელებ იმ გზით სიარულს, რომლითაც უნდა იარო. მომავალი უსაზღვროდ ნათელი იქნება, მაგრამ ახლა მთავარია, ჯეროვნად გაიარო გზის ეს ბოლო მონაკვეთი. უნდა ეძიო და მოემზადო იმისთვის, თუ როგორ გააკეთო ეს. სწორედ ეს უნდა გააკეთო შენ ახლა. ახლა ეს გადაუდებელი საქმეა!

წინა:  თქვენ უნდა გესმოდეთ საქმე — ნუ მიჰყვებით დაბნეულნი!

შემდეგი:  როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger