თქვენ უნდა გესმოდეთ საქმე — ნუ მიჰყვებით დაბნეულნი!
ამჟამად ბევრი ადამიანია, ვისაც დაბნეულად სწამს. მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა გაქვთ, კურთხევის მიღების მეტისმეტი სურვილი და მეტისმეტად ნაკლებად ისწრაფვით სიცოცხლისკენ. დღესდღეობით ადამიანები იესოსადმი რწმენაში ენთუზიაზმით არიან სავსენი. იესო მათ ზეციურ სახლში დააბრუნებს, მაშ, როგორ შეიძლება არ სწამდეთ მისი? ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება მორწმუნეა; ორმოცი ან ორმოცდაათი წლის რწმენის შემდეგაც კი მაინც არასოდეს იღლება ბიბლიის კითხვით. ეს იმიტომ ხდება, რომ ფიქრობენ[ა], რაც უნდა მოხდეს, მთავარია რწმენა ჰქონდეთ და ზეცაში მოხვდებიან. მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ღმერთს ამ გზაზე მიჰყვებით, მაგრამ უკვე ვეღარ უძლებთ; დაკარგეთ მოთმინება, რადგან კურთხევის მიღების თქვენი სურვილი მეტისმეტად ძლიერია. კურთხევის მიღების თქვენმა სურვილმა და ცნობისმოყვარეობამ გიბიძგათ, შესდგომოდით ჭეშმარიტ გზას. საქმის ამ ეტაპის შესახებ ბევრი არაფერი გესმით. იმის დიდი ნაწილი, რასაც დღეს ვამბობ, არ არის მიმართული მათკენ, ვისაც იესოსი სწამს, და არც მხოლოდ მათი წარმოდგენების გასაქარწყლებლად ვამბობ ამას. სინამდვილეში, ეს მხილებული წარმოდგენები სწორედ ის წარმოდგენებია, რომლებიც თქვენში არსებობს, რადგან არ გესმით, რატომ გადაიდო ბიბლია გვერდზე, რატომ ვამბობ, რომ იეჰოვას საქმე მოძველდა, ან რატომ ვამბობ, რომ იესოს საქმე მოძველდა. ფაქტია, რომ მრავალი წარმოდგენა გაქვთ, რომელიც არ გამოგითქვამთ, ისევე როგორც მრავალი შეხედულება, რომელსაც გულებში მალავთ და უბრალოდ ბრბოს მიჰყვებით. ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ არ გაქვთ მრავალი წარმოდგენა? უბრალოდ, არ საუბრობთ მათზე! სინამდვილეში, ღმერთს მხოლოდ ზედაპირულად მიჰყვებით, არ მოდიხართ ჭეშმარიტი გზის საძიებლად და არ მოსულხართ სიცოცხლის მოპოვების განზრახვით. თქვენი დამოკიდებულება უბრალოდ იმის სურვილია, რომ ყველაფრის არსს ჩაწვდეთ. რადგან ჯერ კიდევ ვერ შეელიეთ მრავალ თქვენს ძველ წარმოდგენას, თქვენ შორის არ არის არცერთი, ვინც საკუთარი თავის სრულად მიძღვნა შეძლო. აქამდე მოსულნი, კვლავაც სწუხართ საკუთარ ბედზე, დღე და ღამე ამაზე ფიქრობთ და არასოდეს შეგიძლიათ მისი დათმობა. ფიქრობ, რომ როდესაც ფარისევლებზე ვსაუბრობ, რელიგიის „ბერიკაცებს“ ვგულისხმობ? განა თავად არ ხართ ფარისეველთა ყველაზე მოწინავე თანამედროვე წარმომადგენლები? ფიქრობ, რომ როდესაც ვახსენებ მათ, ვინც ბიბლიით მზომავს, მხოლოდ რელიგიური სამყაროს ბიბლიის ექსპერტებს ვგულისხმობ? გჯერა, რომ როდესაც ვსაუბრობ მათზე, ვინც კვლავ ჯვარს აცვამს ღმერთს, რელიგიური სამყაროს წინამძღოლებზე ვსაუბრობ? განა თქვენ არ ხართ ამ როლის საუკეთესო მსახიობები? ფიქრობ, რომ ყველა ის სიტყვა, რომელსაც ადამიანთა წარმოდგენების გასაქარწყლებლად წარმოვთქვამ, მხოლოდ რელიგიის პასტორებისა და უხუცესების დაცინვაა? განა თქვენც არ შეგისრულებიათ თქვენი როლი ამ ყველაფერში? დარწმუნებული ხარ, რომ ცოტა წარმოდგენა გაქვთ? უბრალოდ, ახლა ყველამ ისწავლეთ, იყოთ ასეთი დამჯერნი. არ საუბრობთ იმაზე, რაც არ გესმით, ან არ აჩვენებთ, რას გრძნობთ მათ მიმართ, მაგრამ ღვთისმოშიშებისა და მორჩილების გული უბრალოდ არ არსებობს თქვენში. თქვენი გადმოსახედიდან, შესწავლა, დაკვირვება და ლოდინი დღეს თქვენი პრაქტიკის საუკეთესო გზებია. ისწავლეთ, იყოთ მეტისმეტად მოხერხებულები. თუმცა აცნობიერებთ თუ არა, რომ ეს მზაკვრული აზროვნებაა? ფიქრობთ, რომ თქვენი მხრიდან წამიერი ეშმაკობა დაგეხმარებათ მარადიული გაკიცხვისგან თავის დაღწევაში? თქვენ ისწავლეთ, იყოთ ასეთი „ბრძენნი“! გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი ასეთ კითხვებს მისვამს: „ერთ დღეს, როდესაც რელიგიური ხალხი მკითხავს: «რატომ არ მოახდინა თქვენმა ღმერთმა არცერთი სასწაული?» როგორ უნდა ავხსნა?“ დღესდღეობით ამ კითხვას მხოლოდ რელიგიური წრეების ხალხი არ სვამს; საქმე ისიცაა, რომ არ გესმის დღევანდელი საქმე და მეტისმეტად ბევრი წარმოდგენა გაქვს. ჯერ კიდევ არ იცი, ვის ვგულისხმობ, როდესაც რელიგიურ მოხელეებს ვახსენებ? არ იცი, ვისთვის ვხსნი ბიბლიას? არ იცი, ვისთვის ვსაუბრობ, როდესაც ღვთის საქმის სამ ეტაპს განვმარტავ? ეს რომ არ მეთქვა, ასე ადვილად დარწმუნდებოდით? ასე ადვილად დახრიდით თავებს? ასე მზადყოფნით გადადებდით გვერდზე იმ ძველ წარმოდგენებს? განსაკუთრებით ის „შეუპოვარი კაცები“, რომლებიც არასოდეს არავის დამორჩილებიან — ასე ადვილად დაემორჩილებოდნენ? ვიცი, რომ თუმცა თქვენი ადამიანურობა მდაბალია და ძალიან დაბალი სულიერი მონაცემები გაქვთ, ნაკლებად განვითარებული გონება გაქვთ და არც ღვთისადმი რწმენის ხანგრძლივი ისტორია გაგაჩნიათ, სინამდვილეში საკმაოდ ბევრი წარმოდგენა გაქვთ და თქვენი თანდაყოლილი ბუნებაა, რომ არავის დაემორჩილოთ ადვილად. თუმცა დღეს შეგიძლიათ დამორჩილება, რადგან იძულებულნი და უმწეონი ხართ; რკინის გალიაში გამომწყვდეული ვეფხვები ხართ, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი უნარების თავისუფლად გამოვლენა. ფრთებიც რომ გქონოდათ, ფრენა გაგიჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კურთხევა არ მოგეცათ, მაინც მზად ხართ, მიჰყვეთ. თუმცა ეს არ არის თქვენი, როგორც „ვაჟკაცების“ შემართება; არამედ ის, რომ საფუძვლიანად დაცემულნი და გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. სწორედ მთელმა ამ საქმემ დაგცათ. რამის მიღწევა რომ შეგეძლოთ, არ იქნებოდით ისეთი მორჩილნი, როგორებიც დღეს ხართ, რადგან ადრე ყველანი ველური ვირები იყავით უდაბნოში. ამრიგად, ის, რაც დღეს ითქმება, არ არის მიმართული მხოლოდ სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ხალხისკენ და არა მხოლოდ მათი წარმოდგენების გასაქარწყლებლადაა; ეს თქვენი წარმოდგენების გასაქარწყლებლადაა.
სამართლიანი სამსჯავრო დაიწყო. კვლავაც იქნება კი ღმერთი ადამიანთათვის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი? კვლავ მოევლინება მათ დიად მკურნალად? განა ღმერთს ამაზე დიდი ხელმწიფება არ გააჩნია? ადამიანთა ჯგუფი უკვე სრულქმნილია და ზეატაცებულია ტახტის წინაშე; განა იგი კვლავაც განდევნის დემონებს და განკურნავს ავადმყოფებს? განა ეს მეტისმეტად მოძველებული არ არის? შესაძლებელი იქნება მოწმობა, ეს რომ გაგრძელდეს? შეიძლება კი, რომ ერთხელ ჯვარცმული, კვლავ და კვლავ, სამუდამოდ ეცვას ჯვარს? შეუძლია, ერთხელ განდევნოს დემონები და მერე სამუდამოდ განაგრძოს მათი განდევნა? განა ეს სახელის გატეხვად არ ჩაითვლება? მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმის ეს ეტაპი წინაზე უფრო ამაღლებული იქნება, წაიწევს ეპოქა წინ, რაც უკანასკნელი დღეების დადგომას მოასწავებს, როდესაც ეპოქის დასრულების ჟამი დადგება. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან, ხილვებთან დაკავშირებით სიცხადის მიღწევაზე უნდა ფოკუსირდნენ; ეს არის საფუძველი. როცა ხილვების შესახებ თქვენთან თანაზიარება მაქვს, ყოველთვის ვხედავ, რომ ზოგიერთი თვლემს, თვალები ეხუჭება და მოსმენა არ სურს. სხვები კითხულობენ: „რატომ არ უსმენ?“ პასუხობს: „ეს არ ეხმარება ჩემს სიცოცხლეს ან ჩემს რეალობაში შესვლას. ის, რაც ჩვენ გვსურს, პრაქტიკის გზებია“. როდესაც საქმეზე ვსაუბრობ და არა პრაქტიკის გზებზე, ამბობს: „როგორც კი საქმეზე საუბრობ, მაშინვე მეძინება“. როდესაც პრაქტიკის გზებზე ვიწყებ საუბარს, ის ჩანაწერების კეთებას იწყებს, ხოლო როდესაც კვლავ საქმეზე საუბარს ვუბრუნდები, ისევ წყვეტს მოსმენას. იცით თუ არა, რით უნდა აღიჭურვოთ ახლა? ერთი ასპექტი საქმის შესახებ ხილვებს მოიცავს, მეორე კი შენი პრაქტიკაა. ორივე ეს ასპექტი უნდა გაიაზრო. თუ სიცოცხლეში წინსვლისკენ სწრაფვისას ხილვები არ გაქვს, მაშინ არავითარი საფუძველი არ გექნება. თუ მხოლოდ პრაქტიკის გზები გაქვს, უმცირესი ხილვის გარეშე, და საერთოდ არ გესმის მთლიანი მართვის გეგმის საქმე, მაშინ არაფრისმაქნისი ხარ. უნდა გესმოდეს ის ჭეშმარიტებები, რომლებიც ხილვებს მოიცავს, ხოლო რაც შეეხება პრაქტიკასთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებებს, მათი გაგების შემდეგ პრაქტიკის შესაბამისი გზები უნდა იპოვო; სიტყვების შესაბამისად უნდა განახორციელო პრაქტიკა და საკუთარი მდგომარეობის მიხედვით შეხვიდე. ხილვები საფუძველია, და თუ ამ ფაქტს ყურადღებას არ მიაქცევ, ბოლომდე მიყოლას ვერ შეძლებ; ამგვარი გამოცდილება ან გადახრებამდე მიგიყვანს, ან დაგცემს და მარცხს გაგემებს. წარმატების მიღწევის არავითარი გზა არ გექნება! ადამიანები, რომლებსაც დიადი ხილვები არ აქვთ საფუძვლად, მხოლოდ მარცხისთვის არიან განწირულნი; ვერ მიაღწევენ წარმატებას. ვერ შეძლებენ მტკიცედ დგომას! იცი თუ არა, რას მოიცავს ღვთისადმი რწმენა? იცი თუ არა, რას ნიშნავს ღმერთის მიყოლა? ხილვების გარეშე რომელ გზაზე ივლიდი? დღევანდელ საქმეში, თუ ხილვები არ გაქვს, საერთოდ ვერ გახდები სრულქმნილი. ვისი გწამს? რატომ გწამს მისი? რატომ მიჰყვები მას? შენს რწმენას ერთგვარ თამაშად აღიქვამ? საკუთარ სიცოცხლეს სათამაშოსავით ეპყრობი? დღევანდელი ღმერთი უდიდესი ხილვაა. რამდენად იცნობ მას? რამდენად გიხილავს იგი? დღევანდელი ღმერთის ხილვის შემდეგ მყარია კი ღვთისადმი შენი რწმენის საფუძველი? ფიქრობ, რომ ხსნას მოიპოვებ, თუკი ასე დაბნეულად გააგრძელებ მიყოლას? ფიქრობ, რომ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეძლებ? ასე მარტივია ეს? დღევანდელი ღმერთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებული რამდენი წარმოდგენა გადადე გვერდზე? გაქვს თუ არა დღევანდელი ღმერთის ხილვები? რაში მდგომარეობს დღევანდელი ღმერთის შენეული გაგება? მუდამ გჯერა, რომ ამის მოპოვება მხოლოდ მისი მიყოლით ან ხილვით შეგიძლია და შენს მოშორებას ვერავინ შეძლებს. ნუ ჩათვლი, რომ ღმერთის მიყოლა ასეთი მარტივი საქმეა. მთავარი ისაა, რომ უნდა იცნობდე მას, უნდა იცნობდე მის საქმეს და უნდა გქონდეს მტკიცე განზრახვა, რომ მის გამო გაუძლო გასაჭირს, გაწირო სიცოცხლე მისთვის და იყო მის მიერ სრულქმნილი. სწორედ ეს არის ის ხილვა, რომელიც უნდა გქონდეს. არ გამოვა, თუ შენი ფიქრები მუდამ მადლით ტკბობისკენაა მიმართული. ნუ იფიქრებ, რომ ღმერთი აქ მხოლოდ ადამიანთა სატკბობლადაა, ან მხოლოდ მათზე მადლის გადმოსაღვრელად. ცდები! თუ ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლით გარისკვა და ყოველივე გარეგნულის მიტოვება მის მისაყოლად, მაშინ ნამდვილად ვერ შეძლებს მის მიყოლას ბოლომდე! ხილვები უნდა გქონდეს საფუძვლად. ერთ დღეს უბედურება რომ დაგატყდეს თავს, რა უნდა გააკეთო? მაინც შეძლებდი მის მიყოლას? ასე მარტივად ნუ იტყვი, შეძლებდი თუ არა ბოლომდე მიყოლას. უმჯობესია, ჯერ თვალები ფართოდ გაახილო და დაინახო, რა დროა ახლა. თუმცა ამჟამად შესაძლოა ტაძრის სვეტებს ჰგავდეთ, დადგება დრო, როდესაც ყველა ასეთ სვეტს მატლები გამოხრავენ, რაც ტაძარს ჩამოანგრევს, რადგან ამჟამად იმდენი ხილვაა, რომელიც გაკლიათ. მხოლოდ საკუთარ პატარა სამყაროებს აქცევთ ყურადღებას და არ იცით, რომელია სწრაფვის ყველაზე საიმედო და შესაფერისი გზა. ყურადღებას არ აქცევთ დღევანდელი საქმის ხილვას, და არც ამ ყოველივეს ატარებთ გულში. გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ერთ დღეს თქვენი ღმერთი ყველაზე უცხო ადგილას დაგაყენებთ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ბედი გეწევათ ერთ დღეს, როდესაც მე ყველაფერს წაგართმევთ? იქნებოდა თუ არა თქვენი შემართება იმ დღეს ისეთივე, როგორიც ახლაა? კვლავ გამოჩნდებოდა თქვენი რწმენა? ღმერთის მიყოლისას, უნდა იცოდეთ ეს უდიდესი ხილვა, რომელიც არის „ღმერთი“: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ნუ ჩათვლით, რომ წუთისოფლის ხალხისგან წმინდად გამოყოფით აუცილებლად ღვთის ოჯახში ხართ. ამჟამად თავად ღმერთი ასრულებს საქმეს შექმნილ არსებათა შორის; სწორედ იგი მოვიდა ადამიანთა შორის თავისი საქმის შესასრულებლად — და არა კამპანიების ჩასატარებლად. თქვენ შორის თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებსაც კი არ შეუძლიათ იმის შეცნობა, რომ დღევანდელი საქმე განკაცებული ზეციერი ღვთის საქმეა. ეს იმისთვის კი არ ხდება, რომ გამორჩეულ ნიჭიერ ადამიანებად გაქციოთ, არამედ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ადამიანური ცხოვრების მნიშვნელობის, ადამიანთა საბოლოო სამყოფელის და ღმერთისა და მისი სისრულის შეცნობაში. უნდა იცოდე, რომ შენ ქმნილება ხარ შემოქმედის ხელში. რა უნდა გესმოდეს, რა უნდა აკეთო და როგორ უნდა გაჰყვე ღმერთს — განა ეს არ არის ის ჭეშმარიტებები, რომლებიც უნდა გესმოდეს? განა ეს არ არის ის ხილვები, რომლებიც უნდა დაინახო?
როდესაც ადამიანებს ხილვები აქვთ, ისინი საფუძველსაც ფლობენ. როცა პრაქტიკას ამ საფუძველზე დაყრდნობით განახორციელებ, შესვლა ბევრად მარტივი იქნება. ამგვარად, როგორც კი შესვლისთვის საფუძველი გექნება, არავითარი წუხილი აღარ შეგაწუხებს და შესვლაც ძალიან გაგიადვილდება. ხილვების გაგება და ღვთის საქმის ცოდნა უმნიშვნელოვანესია; ამით აუცილებლად უნდა აღიჭურვოთ. თუ არ ხარ აღჭურვილი ჭეშმარიტების ამ ასპექტით და მხოლოდ პრაქტიკის გზებზე საუბარი იცი, მაშინ სერიოზული ნაკლულობა გექნება. აღმოვაჩინე, რომ ბევრი თქვენგანი ყურადღებას არ აქცევს ამ ასპექტს, და როდესაც ჭეშმარიტების ამ ასპექტს ისმენთ, თითქოს მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ისმენთ. ერთ დღესაც დაზარალდები. ამჟამად არის გარკვეული სიტყვები, რომლებიც ბოლომდე არ გესმის ან ვერ იღებ; ასეთ შემთხვევებში მოთმინებით უნდა ეძიო, და დადგება დღე, როდესაც გაიგებ. თანდათანობით აღიჭურვე სულ უფრო მეტი ხილვით. მხოლოდ რამდენიმე სულიერი მოძღვრებაც რომ გესმოდეს, ეს მაინც სჯობს ხილვების უგულებელყოფას და საერთოდ არაფრის გაგებას. ეს ყველაფერი გეხმარება შესვლაში და გაგიფანტავს ეჭვებს. ეს სჯობს იმას, რომ წარმოდგენებით იყო სავსე. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნები, თუ ეს ხილვები საფუძვლად გექნება. საერთოდ არავითარი წუხილი არ გექნება და შეძლებ თამამად და თავდაჯერებულად შესვლას. რატომ უნდა მიჰყვებოდე ღმერთს მუდამ ასე დაბნეული და დაეჭვებული? განა ეს იგივე არ არის, რაც სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვა? რა მშვენიერი იქნებოდა სასუფეველში თამამად და თავაწეულად შებიჯება! რატომ უნდა იყო ასე სავსე წუხილით? განა ამით უბრალოდ საკუთარ თავს არ იტანჯავ? როგორც კი შეიცნობ იეჰოვას საქმეს, იესოს საქმეს და საქმის ამ ეტაპს, საფუძველი გექნება. ამჟამად შესაძლოა წარმოგიდგენია, რომ ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ზოგიერთი ამბობს: „როდესაც დრო დადგება და სულიწმიდა დიად საქმეს დაიწყებს, შევძლებ ამ ყველაფერზე საუბარს. ის ფაქტი, რომ ახლა ნამდვილად არ მესმის, იმის ბრალია, რომ სულიწმიდას ჩემთვის დიდად არ მოუფენია ნათელი.“ ეს ასე მარტივი არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ახლა მზად ხარ მიიღო ჭეშმარიტება[ბ], დრო რომ დადგება, მას ოსტატურად გამოიყენებ. ეს აუცილებლად ასე არ იქნება! გჯერა, რომ ამჟამად ძალიან კარგად ხარ აღჭურვილი და პრობლემა არ გექნება, პასუხი გასცე იმ რელიგიურ ადამიანებსა და უდიდეს თეორეტიკოსებს, და გააქარწყლო კიდეც მათი ნათქვამი. ნუთუ მართლა შეძლებდი ამას? რა გაგებაზე შეგიძლია ისაუბრო მხოლოდ შენი ამ ზედაპირული გამოცდილებით? ჭეშმარიტებით აღჭურვა, ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა და ღვთის სახელის დამოწმება არ არის ისე, როგორც ფიქრობ — თითქოს, თუკი ღმერთი მოქმედებს, ყველაფერი აღსრულდება. იმ დროისთვის, შესაძლოა, რაიმე შეკითხვამ ჩიხში შეგიყვანოს და ენა ჩაგივარდეს. მთავარი ის არის, გაქვს თუ არა ნათელი გაგება საქმის ამ ეტაპის შესახებ და სინამდვილეში რამდენი იცი მასზე, თუ არ შეგიძლია მტრის ძალების დაძლევა ან რელიგიის ძალების დამარცხება, განა მაშინ უსარგებლო არ იქნები? გამოცდილი გაქვს დღევანდელი საქმე, საკუთარი თვალით გინახავს და საკუთარი ყურით მოგისმენია, მაგრამ თუ საბოლოოდ ვერ შეძლებ მოწმობის გაცემას, განა კიდევ გეყოფა თავხედობა, რომ სიცოცხლე განაგრძო? იქნებოდი ღირსი, ვინმესთვის თვალი გაგესწორებინა? ნუ წარმოიდგენ ახლა, რომ ეს ასე მარტივი იქნება. მომავლის საქმე არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც წარმოგიდგენია; ჭეშმარიტების ომში მონაწილეობა არ არის ასე ადვილი და მარტივი. ახლავე უნდა აღიჭურვო; თუ არ ხარ აღჭურვილი ჭეშმარიტებით, მაშინ, როდესაც დრო დადგება და არ იმოქმედებს სულიწმიდა ზებუნებრივი გზით, საგონებელში ჩავარდები.
სქოლიო:
ა. ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას „ისინი ფიქრობენ“.
ბ. ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას „ჭეშმარიტება“.