თავი 16

ადამიანის გადმოსახედიდან ღმერთი ესოდენ დიადი, ესოდენ უხვი, ესოდენ საკვირველი და ესოდენ შეუცნობელია; ხალხის თვალში ღვთის სიტყვები აღზევდება და მიიჩნევა მსოფლიოს უდიდეს შედევრად. მაგრამ რადგან ადამიანებს მეტისმეტად ბევრი ნაკლი აქვთ და მათი გონება მეტისმეტად მარტივია და, უფრო მეტიც, რადგან მათი მიმღებლობის უნარი მეტისმეტად სუსტია, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ნათლად წარმოთქვამს ღმერთი თავის სიტყვებს, ისინი სხედან და არ ინძრევიან, თითქოს ფსიქიკური დაავადებით იტანჯებიან. როდესაც შიათ, არ ესმით, რომ უნდა ჭამონ; როდესაც სწყურიათ, არ ესმით, რომ უნდა დალიონ; ისინი უბრალოდ აგრძელებენ ყვირილსა და კივილს, თითქოს თავიანთი სულის სიღრმეში ენით აღუწერელ გასაჭირს განიცდიან, თუმცა ამაზე საუბარი არ ძალუძთ. როდესაც ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, მისი განზრახვა იყო, რომ ადამიანს ეცხოვრა ნორმალურ ადამიანობაში და მიეღო ღვთის სიტყვები თავისი ინსტინქტების შესაბამისად. მაგრამ რადგან, თავდაპირველად ადამიანი დანებდა სატანის ცდუნებას, დღესაც არ ძალუძს თავის დაღწევა და ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი, ამოიცნოს ის სქემები, რომლებსაც სატანა ათასწლეულების განმავლობაში ახორციელებს. გარდა ამისა, ადამიანს არ გააჩნია შესაძლებლობა, სრულად შეიცნოს ღვთის სიტყვები — ყოველივე ამან განაპირობა დღევანდელი მდგომარეობა. დღევანდელი მდგომარეობით ადამიანები კვლავაც სატანის ცდუნების საფრთხეში ცხოვრობენ და შესაბამისად, კვლავაც არ შესწევთ უნარი, სწორად ჩასწვდნენ ღვთის სიტყვებს. ნორმალური ადამიანების ხასიათში არ არის სიმრუდე ან მზაკვრობა, ადამიანებს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, ისინი არ არიან გარიყულნი და მათი ცხოვრება არც უღიმღამოა და არც დეკადენტური. ისინი განადიდებენ ღმერთს მთელ კაცობრიობაში და მისი სიტყვები განმსჭვალავს ადამიანებს. ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანად და ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრობენ, დედამიწა სავსეა ჰარმონიით, სატანის დაბრკოლების შექმნის გარეშე, და ღვთის დიდებულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა შორის. ასეთი ადამიანები ანგელოზებს ჰგვანან: უბიწონი, სიცოცხლით სავსენი, არასოდეს უჩივიან ღმერთს და მთელ თავიანთ ძალისხმევას მხოლოდ დედამიწაზე ღვთის დიდებულებას უძღვნიან. ახლა ბნელი ღამის ჟამია — ყველა ხელის ცეცებით დადის და ეძიებს. კუპრივით შავი ღამე მათ თმებს ყალყზე უყენებს და კანკალს ვერ იკავებენ; თუ კარგად მივაყურადებთ, თითქოს ჩრდილო-დასავლეთის მქუხარე ქარი ქრის ტალღა-ტალღად, რასაც თან ახლავს ადამიანის მგლოვიარე ქვითინი. ადამიანები გლოვობენ და ტირიან თავიანთი ხვედრის გამო. რატომ ხდება ისე, რომ ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, მაგრამ არ შესწევთ მათი გაგების უნარი? თითქოს მათი ცხოვრება უიმედობის ზღვარზეა, თითქოს სიკვდილი უნდა ეწიოთ, თითქოს მათი უკანასკნელი დღე თვალწინ უდგათ. ასეთი სავალალო ვითარება სწორედ ის მომენტია, როდესაც სუსტი ანგელოზები შეჰღაღადებენ ღმერთს და თავიანთ სატკივარს ერთმანეთის მიყოლებით, მგლოვიარე ძახილით შესჩივლებენ. სწორედ ამ მიზეზით, ის ანგელოზები, რომლებიც ღვთის ძეებსა და ხალხს შორის მუშაობენ, აღარასოდეს დაეშვებიან ადამიანებზე; ეს იმისთვის ხდება, რომ თავიდან აიცილონ სატანის მანიპულაციებში გახვევა ხორცში ყოფნისას, ამიტომ ისინი მხოლოდ სულიერ სამყაროში მუშაობენ, რომელიც ადამიანისთვის უხილავია. ამრიგად, როდესაც ღმერთი ამბობს: „როდესაც მე ავალ ტახტზე ადამიანის გულში, ეს იქნება ის მომენტი, როდესაც ჩემი ძენი და ჩემი ხალხი იმეფებენ დედამიწაზე“, იგი გულისხმობს იმ დროს, როდესაც დედამიწაზე მყოფი ანგელოზები დატკბებიან ზეცაში ღვთის მსახურების კურთხევით. რადგან ადამიანი ანგელოზთა სულების გამოხატულებაა, ღმერთი ამბობს, რომ იგი ნებას მისცემს ადამიანს, იცხოვროს დედამიწაზე ისე, თითქოს ზეცაში იყოს, ნებას მისცემს ადამიანს, ემსახუროს მას დედამიწაზე ისე, როგორც ანგელოზები ემსახურებიან მას უშუალოდ ზეცაში და ამგვარად, დედამიწაზე ყოფნის დღეებში ადამიანი დატკბება მესამე ცის კურთხევებით. სინამდვილეში სწორედ ეს არის ნათქვამი ამ სიტყვებში.

ღვთის სიტყვებში ესოდენ დიდი მნიშვნელობაა დაფარული. „როდესაც დადგება დღე, ადამიანები შემიცნობენ თავიანთი გულების სიღრმეში და თავიანთ ფიქრებში მიმიჩენენ ადგილს.“ ეს სიტყვები ადამიანის სულისკენაა მიმართული. ანგელოზთა სისუსტის გამო ისინი ყოველთვის ღმერთზე არიან დამოკიდებულნი ყველაფერში, ყოველთვის ღმერთზე იყვნენ მიჯაჭვულნი და აღმერთებდნენ მას. მაგრამ სატანის მიერ დაბრკოლების შექმნის გამო, ისინი თავს ვერ ერევიან და არ შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი; მათ სურთ უყვარდეთ ღმერთი, მაგრამ არ შესწევთ უნარი, სრულად უყვარდეთ იგი და, ამიტომ ტკივილს განიცდიან. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის საქმე გარკვეულ წერტილს მიაღწევს, ამ საცოდავი ანგელოზების სურვილი, ჭეშმარიტად უყვარდეთ ღმერთი, ახდება, რის გამოც ღმერთმა წარმოთქვა ეს სიტყვები. ანგელოზთა ბუნებაა, უყვარდეთ ღმერთი, იყვნენ მასზე მიჯაჭვულნი და დაემორჩილონ მას, თუმცა მათ არ შეეძლოთ ამის მიღწევა დედამიწაზე და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დღემდე მოთმინება გამოეჩინათ. შეგიძლიათ შეხედოთ დღევანდელ სამყაროს: ყველა ადამიანის გულში არის ღმერთი, თუმცა ადამიანებს არ შესწევთ უნარი განასხვავონ, მათ გულებში არსებული ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია, თუ ცრუ ღმერთი და მიუხედავად იმისა, რომ მათ უყვართ ეს თავიანთი ღმერთი, არ შესწევთ უნარი ჭეშმარიტად უყვარდეთ ღმერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ღვთის მიერ მხილებული ადამიანის მახინჯი სახე სატანის ჭეშმარიტი სახეა სულიერ სამყაროში. ადამიანი თავდაპირველად უმანკო და უცოდველი იყო და, ამრიგად, ადამიანის ყველა გახრწნილი მახინჯი გამოვლინება სატანის მოქმედებებია სულიერ სამყაროში და სულიერი სამყაროს დინამიკის ზუსტი ჩანაწერია. „დღეს ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ და სჯერათ, რომ შეუძლიათ ჩემ წინაშე ყოყოჩობა, ჩემთან ყოველგვარი მორიდების გარეშე სიცილი და ხუმრობა და ჩემთან, როგორც თანასწორთან, ისე საუბარი. ადამიანი მაინც არ მიცნობს და სჯერა, რომ ჩვენი ბუნება მსგავსია, რომ ორივენი ხორცისა და სისხლისა ვართ და ორივენი ადამიანთა სამყაროში ვმკვიდრობთ.“ სწორედ ეს ჩაიდინა სატანამ ადამიანის გულში. სატანა იყენებს ადამიანის წარმოდგენებსა და შიშველ თვალს ღვთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად, თუმცა ღმერთი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უყვება ადამიანს ამ მოვლენების შესახებ, რათა ადამიანმა თავიდან აირიდოს აქაური კატასტროფა. ყველა ადამიანის საბედისწერო ნაკლი ის არის, რომ ისინი „მხოლოდ ხორცისა და სისხლის სხეულს ხედავენ და ვერ აღიქვამენ ღვთის სულს.“ სწორედ ეს არის ადამიანის მიმართ სატანის ცდუნების ერთ-ერთი ასპექტის საფუძველი. ყველა ადამიანს სჯერა, რომ მხოლოდ ამ ხორცში მყოფ სულს შეიძლება ეწოდოს ღმერთი. არავის სჯერა, რომ დღეს სულმა ხორცი შეისხა და რეალურად გამოჩნდა მათ თვალწინ. ადამიანები ღმერთს ორ ნაწილად ხედავენ — „სამოსად და ხორცად“, არავინ უყურებს ღმერთს, როგორც სულის განკაცებას, ვერავინ ხედავს, რომ ხორცის არსი ღვთის ხასიათია. ადამიანთა წარმოსახვაში ღმერთი განსაკუთრებულად ნორმალურია, მაგრამ ნუთუ არ იციან, რომ ამ ნორმალურობაში ღვთის ღრმა მნიშვნელობის ერთ-ერთი ასპექტი იმალება?

როდესაც ღმერთმა მთელი სამყაროს დაფარვა დაიწყო, ყველაფერი კუპრივით გაშავდა და, სანამ ადამიანებს ეძინათ, ღმერთმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა ჩამოსულიყო ადამიანთა შორის და ოფიციალურად დაიწყო სულის მოფენა დედამიწის ყოველ კუთხეში, რითაც შეუდგა კაცობრიობის ხსნის საქმეს. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ღმერთმა ხორცის შესხმა დაიწყო და მიიღო ხატება, ღმერთი საქმეს პირადად აღასრულებდა დედამიწაზე. შემდეგ დაიწყო სულის საქმე და ოფიციალურად დაიწყო ყოველი საქმე დედამიწაზე. ორი ათასი წლის განმავლობაში ღვთის სული მუდამ მოქმედებდა სამყაროში. ადამიანებმა არც იციან და ვერც გრძნობენ ამას, მაგრამ უკანასკნელ დღეებში, იმ დროს, როდესაც ეს ეპოქა მალე უნდა დასრულდეს, ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა პირადად აღასრულოს საქმე. ეს არის უკანასკნელ დღეებში დაბადებულთა კურთხევა, რომლებსაც, გასაოცარია, მაგრამ შეუძლიათ პირადად იხილონ ხორცში მცხოვრები ღვთის ხატება. „როდესაც უფსკრულის მთელი ზედაპირი ბურუსით იყო მოცული, ადამიანთა შორის დავიწყე წუთისოფლის სიმწარის გემება. ჩემი სული მოგზაურობს მთელ სამყაროში და გულდასმით შეისწავლის მირიადი ხალხის გულებს, თუმცა ასევე ვიპყრობ კაცობრიობას ჩემს განკაცებულ ხორცში.“ ასეთია ჰარმონიული თანამშრომლობა ზეცაში მყოფ ღმერთსა და დედამიწაზე მყოფ ღმერთს შორის. საბოლოოდ, თავიანთ ფიქრებში ადამიანები ირწმუნებენ, რომ დედამიწაზე მყოფი ღმერთი არის ზეცაში მყოფი ღმერთი, რომ ცა, მიწა და ყოველივე დედამიწაზე მყოფმა ღმერთმა შექმნა, რომ ადამიანს დედამიწაზე მყოფი ღმერთი აკონტროლებს, რომ დედამიწაზე მყოფი ღმერთი ზეციურ საქმეს დედამიწაზე აღასრულებს და, რომ ზეცაში მყოფი ღმერთი ხორციელად გამოჩნდა. ეს არის დედამიწაზე ღვთის საქმის უზენაესი მიზანი და ამიტომ, ეს ეტაპი არის საქმის უმაღლესი სტანდარტი ხორციელად ყოფნის პერიოდში; იგი სრულდება ღვთაებრიობაში და სრულად არწმუნებს ყველა ადამიანს. რაც უფრო მეტად ეძიებენ ადამიანები ღმერთს თავიანთ წარმოდგენებში, მით უფრო მეტად გრძნობენ, რომ დედამიწაზე მყოფი ღმერთი არ არის პრაქტიკული. ამრიგად, ღმერთი ამბობს, რომ ადამიანები ღმერთს ფუჭ სიტყვებსა და მოძღვრებებში ეძიებენ. რაც უფრო მეტად შეიცნობენ ადამიანები ღმერთს თავიანთ წარმოდგენებში, მით უფრო დახელოვნებულნი ხდებიან სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმაში და მით უფრო აღსაფრთოვანებელნი ხდებიან. რაც უფრო მეტს საუბრობენ ადამიანები სიტყვებსა და მოძღვრებებზე, მით უფრო შორდებიან ღმერთს, მით უფრო უძლურნი ხდებიან, შეიცნონ ადამიანის სუბსტანცია, მით უფრო მეტად უჯანყდებიან ღმერთს და მით უფრო შორდებიან ღვთის მოთხოვნებს. ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნები არ არის ისეთი ზებუნებრივი, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ, თუმცა არავის არასოდეს გაუგია ჭეშმარიტად ღვთის განზრახვები და, ამიტომ ღმერთი ამბობს: „ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა მეძებს მხოლოდ უსაზღვრო ცაში, ან მღელვარე ზღვაზე, ან მშვიდ ტბაზე, ან ცარიელ სიტყვებსა და მოძღვრებებში.“ რაც უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს ღმერთი ადამიანს, მით უფრო მეტად გრძნობენ ადამიანები, რომ ღმერთი მიუწვდომელია და, მით უფრო მეტად სჯერათ, რომ ღმერთი დიდებულია. ამრიგად, მათ ცნობიერებაში, ღვთის ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი სიტყვა ადამიანისთვის მიუღწეველია, რის გამოც ღმერთს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ პირადად იმოქმედოს; ადამიანს კი, ამავდროულად, ოდნავი სურვილიც არ აქვს, ითანამშრომლოს ღმერთთან და მხოლოდ ჯიუტად ხრის თავს და აღიარებს თავის ცოდვებს, ცდილობს, იყოს თავმდაბალი და მორჩილი. ამიტომ, გაუცნობიერებლად, ადამიანები შედიან ახალ რელიგიაში, უფრო უკიდურეს რელიგიურ რიტუალში, ვიდრე ეს რელიგიურ ეკლესიებშია. შესაბამისად, აუცილებელია მათი ნეგატიური მდგომარეობის დადებითად გარდაქმნა და ამგვარად მათი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი კიდევ უფრო ღრმად გაებმება მახეში.

რატომ ამახვილებს ღმერთი ყურადღებას მთებისა და წყლების აღწერაზე თავის მრავალ გამონათქვამში? არის თუ არა სიმბოლური მნიშვნელობა ამ სიტყვებში? ღმერთი არა მხოლოდ ნებას რთავს ადამიანს, იხილოს მისი საქმეები მის ხორცში, არამედ ასევე ნებას რთავს ადამიანს, შეიცნოს მისი ძალები ცის მყარში. ამგვარად, იმავდროულად, როდესაც უეჭველად სწამთ, რომ ეს არის ღმერთი ხორცში, ადამიანები ასევე შეიცნობენ პრაქტიკული ღვთის საქმეებს და ამრიგად, დედამიწაზე მყოფი ღმერთი ზეცად მაღლდება, ხოლო ზეცაში მყოფი ღმერთი დედამიწაზე ჩამოდის, მხოლოდ რის შემდეგაც ადამიანები ხდებიან უნარიანი, უფრო სრულყოფილად იხილონ ყოველივე ის, რაც ღმერთი არის, და მოიპოვონ უფრო დიდი ცოდნა ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ. რაც უფრო მეტად ძალუძს ღმერთს კაცობრიობის დაპყრობა ხორციელად და ხორცზე ამაღლება, რათა იმოგზაუროს როგორც მაღლა, ისე — მთელ სამყაროში, მით უფრო მეტად შეუძლიათ ადამიანებს იხილონ ღვთის საქმეები პრაქტიკული ღვთის ხილვის საფუძველზე და ამრიგად, შეიცნონ ღვთის საქმის ჭეშმარიტება მთელ სამყაროში — რომ ის არ არის ყალბი, არამედ რეალურია — და, ამიტომ ისინი შეიცნობენ, რომ დღევანდელი პრაქტიკული ღმერთი არის სულის განსახიერება და არ არის ადამიანის მსგავსი ხორციელი სხეული. ამრიგად, ღმერთი ამბობს: „მაგრამ, როდესაც ჩემს რისხვას ვანთხევ, მთები მყისიერად იხლიჩება, მიწა მყისიერად იწყებს რყევას, წყალი მყისიერად შრება და ადამიანს მყისიერად ატყდება თავს უბედურება.“ როდესაც ადამიანები კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ისინი მათ ღვთის ხორცს უკავშირებენ და ამრიგად, სულიერ სამყაროში არსებული საქმე და სიტყვები პირდაპირ მიუთითებს ხორცში მყოფ ღმერთზე, რასაც უფრო ეფექტურ შედეგამდე მივყავართ. როდესაც ღმერთი საუბრობს, ეს ხშირად ხდება ზეციდან დედამიწისკენ და შემდეგ კვლავ დედამიწიდან ზეცისკენ, რაც ყველა ადამიანს უძლურს ხდის, ჩასწვდეს ღვთის სიტყვების მოტივაციასა და წარმომავლობას. „როდესაც ზეცაში ვარ, ვარსკვლავები არასოდეს მოცულან შფოთით ჩემი იქ ყოფნის გამო. ნაცვლად ამისა, ისინი მთელ თავიანთ გულსა და ძალ-ღონეს დებენ ჩემთვის შრომაში,“ ასეთია ზეცის მდგომარეობა. ღმერთი მეთოდურად განაგებს ყოველივეს მესამე ცაში, სადაც ღვთის სამსახურში მყოფი ყველა მსახური თავის საქმეს აღასრულებს ღვთისთვის. მათ არასოდეს ჩაუდენიათ ისეთი რამ, რითაც ღმერთს აუჯანყდებოდნენ, ამიტომ მათ არ ჰქონიათ შფოთვა, როგორც ამაზე ღმერთი საუბრობს, არამედ მთელ თავიანთ გულსა და ძალას დებენ თავიანთ საქმეში; იქ არასოდეს არის არეულობა და ამრიგად, ყველა ანგელოზი ღვთის ნათელში ცხოვრობს. ამავდროულად, თავიანთი ურჩობის გამო და იმის გამო, რომ არ შეუცნიათ ღმერთი, დედამიწაზე მყოფი ადამიანები სიბნელეში ცხოვრობენ, და რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ღმერთს, მით უფრო მეტად ცხოვრობენ სიბნელეში. როდესაც ღმერთი ამბობს: „რაც უფრო ნათელია ზეცა, მით უფრო ბნელია სამყარო მის ქვემოთ“, იგი გულისხმობს იმას, თუ როგორ უახლოვდება ღვთის დღე მთელ კაცობრიობას. ამრიგად, ღვთის 6000-წლიანი დაუღალავი შრომა მესამე ცაში მალე დასრულდება. დედამიწაზე ყოველივემ უკანასკნელ ეტაპზე შეაბიჯა და მალე თითოეული მათგანი მოიკვეთება ღვთის ხელიდან. რაც უფრო მეტად შედიან ადამიანები უკანასკნელი დღეების ჟამში, მით უფრო მეტად შეუძლიათ შეიგრძნონ ადამიანთა სამყაროში არსებული გახრწნილება; რაც უფრო მეტად შედიან უკანასკნელი დღეების ჟამში, მით უფრო მეტად აკმაყოფილებენ საკუთარ ხორცს. ბევრი ისეთიც კია, ვისაც სურს შეცვალოს სამყაროს სავალალო მდგომარეობა, თუმცა მათი იმედი იკარგება ღვთის საქმეების გამო მათსავე ამოოხვრაში. ამრიგად, როდესაც ადამიანები გაზაფხულის სითბოს შეიგრძნობენ, ღმერთი თვალებს უფარავს მათ და, ამიტომ ისინი მღელვარე ტალღებზე ტივტივებენ და არცერთ მათგანს არ შესწევს უნარი, მიაღწიოს შორს მყოფ სამაშველო ნავს. რადგან ადამიანები ბუნებრივად სუსტები არიან, ღმერთი ამბობს, რომ არავის ძალუძს ვითარების შეცვლა. როდესაც ადამიანები იმედს კარგავენ, ღმერთი იწყებს საუბარს მთელ სამყაროსთან. იგი იწყებს მთელი კაცობრიობის ხსნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ადამიანებს დატკბნენ ახალი ცხოვრებით, რომელიც ვითარების შეცვლის შემდეგ მოდის. დღევანდელი ადამიანები საკუთარი თავის მოტყუების ეტაპზე იმყოფებიან. რადგან მათ წინ მდებარე გზა ესოდენ უკაცრიელი და ბუნდოვანია, და რადგან მათი მომავალი „უსაზღვრო“ და „უმიჯნოა“, ამ ეპოქის ადამიანებს არ აქვთ ბრძოლის სურვილი და თავიანთ დღეებს მხოლოდ ჰანჰაოს ფრინველივით ატარებენ.[ა] არასოდეს ყოფილა ვინმე, ვინც სერიოზულად ესწრაფოდა სიცოცხლეს და ცდილობდა ადამიანური ცხოვრების გაგებას; ნაცვლად ამისა, ისინი ელიან იმ დღეს, როდესაც ზეცაში მყოფი მხსნელი მოულოდნელად ჩამოვა, რათა შეცვალოს სამყაროს სავალალო მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდებიან ისინი სერიოზულად იცხოვრონ სიცოცხლით. ასეთია მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი მდგომარეობა და ყველა ადამიანის მენტალიტეტი.

დღეს, ადამიანის ამჟამინდელი მენტალიტეტის გათვალისწინებით, ღმერთი წინასწარმეტყველებს ადამიანის მომავალ ახალ ცხოვრებას. ეს არის სინათლის ის მკრთალი სხივი, რომელზეც ღმერთი საუბრობს. ის, რასაც ღმერთი წინასწარმეტყველებს, არის ის, რასაც საბოლოოდ მიაღწევს ღმერთი, და ეს არის სატანაზე ღვთის გამარჯვების ნაყოფი. „მე ვმოძრაობ მირიადი ხალხის ზემოთ და ყველაფერს ვაკვირდები. არაფერი გამოიყურება ძველებურად და არცერთი ადამიანი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. მე განვისვენებ ტახტზე, მიყრდნობილი ვარ უკან, მთელი სამყაროს ზემოთ.“ ეს არის ღვთის ამჟამინდელი საქმის შედეგი. ღვთის რჩეული ხალხი უბრუნდება თავის პირვანდელ მსგავსებას, რის გამოც ანგელოზები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ, თავისუფლდებიან, ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს: „თითოეულს აქვს ისეთი სახე, როგორიც ადამიანის გულში არსებულ წმინდანს,“ რადგან ანგელოზები დედამიწაზე მუშაობენ და დედამიწაზე ემსახურებიან ღმერთს და, რადგან ღვთის დიდება ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ზეცა ჩამოტანილია დედამიწაზე და დედამიწა ამაღლებულია ზეცამდე. ამიტომ, ადამიანი არის ის რგოლი, რომელიც აკავშირებს ზეცასა და დედამიწას; ზეცა და დედამიწა აღარ არის დაშორებული, აღარ არის განცალკევებული, არამედ დაკავშირებულია როგორც ერთი. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ღმერთი და ადამიანი არსებობს. იქ არ არის მტვერი ან ჭუჭყი, და ყოველივე განახლებულია, როგორც პატარა კრავი, რომელიც ცის ქვეშ, მწვანე მდელოზე წევს და ტკბება ღვთის მთელი მადლით. და სწორედ სიმწვანის მოსვლის გამოა, რომ სიცოცხლის სუნთქვა იფრქვევა, რადგან ღმერთი მოდის წუთისოფელში, რათა ადამიანის გვერდით იცხოვროს მთელი მარადისობის განმავლობაში, ზუსტად ისე, როგორც ღვთის ბაგეთაგან ითქვა: „შემიძლია კვლავ მშვიდად დავმკვიდრდე სიონში,“ ეს არის სატანის დამარცხების სიმბოლო, ეს არის ღვთის განსვენების დღე და ეს დღე განდიდებული და გამოცხადებული იქნება მირიადი ადამიანის მიერ და მათ მიერვე იქნება დამახსოვრებული. როდესაც ღმერთი ტახტზე განისვენებს, ეს ასევე ის დროა, როდესაც ღმერთი ასრულებს თავის საქმეს დედამიწაზე, და სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ღვთის ყველა საიდუმლო გაცხადდება ადამიანისთვის; ღმერთი და ადამიანი სამუდამოდ ჰარმონიაში იქნებიან, არასოდეს დაშორდებიან — ასეთია სასუფევლის მშვენიერი სცენები!

საიდუმლოებებში დაფარულია საიდუმლოებანი; ღვთის სიტყვები ჭეშმარიტად ღრმა და შეუცნობელია!

სქოლიო:

a. ჰანჰაოს ფრინველის ისტორია ძალიან ჰგავს ეზოპეს იგავს ჭიანჭველასა და კალიაზე. ჰანჰაოს ფრინველს ურჩევნია იძინოს, ნაცვლად იმისა, რომ ბუდე აიშენოს, სანამ თბილი ამინდია, მიუხედავად მისი მეზობლის, კაჭკაჭის არაერთგზის გაფრთხილებისა. როდესაც ზამთარი დგება, ფრინველი იყინება და კვდება.

წინა:  პეტრეს ცხოვრების შესახებ

შემდეგი:  თავი 18

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger