შესავალი

„ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“ არის მეორე ნაწილი იმ გამონათქვამებისა, რომლებიც ქრისტემ თავად ღმერთის სახელით წარმოთქვა. ისინი მოიცავს 1992 წლის 20 თებერვლიდან 1992 წლის 1 ივნისამდე პერიოდს და სულ ორმოცდაშვიდი თავისგან შედგება. ამ სიტყვებში ღვთის გამონათქვამების მეთოდი, შინაარსი და თვალსაზრისი სრულიად განსხვავდება წიგნის ნაწილისგან „ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში“. „ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში“ ამხელს და წარმართავს ადამიანების გარეგნულ ქცევასა და მათ მარტივ სულიერ ცხოვრებას. საბოლოოდ ის სრულდება „მსახურთა სამსჯავროთი“. თუმცა „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“ იწყება ადამიანთა, როგორც მსახურების შემსრულებელთა ვინაობის დასასრულითა და ღვთის ხალხად მათი ცხოვრების დასაწყისით. იგი გზას უკვალავს ადამიანებს ღვთის საქმის მეორე მწვერვალისკენ, რომლის მსვლელობისას ისინი გადიან ცეცხლოვანი ტბის გამოცდას, სიკვდილის გამოცდასა და ღვთის სიყვარულის ჟამს. ეს რამდენიმე საფეხური სრულად ააშკარავებს ადამიანის სიმახინჯეს ღვთის წინაშე, ისევე, როგორც ადამიანის ნამდვილ სახეს. საბოლოოდ, ღმერთი ამთავრებს თავით, სადაც ის ემშვიდობება ადამიანს, და ამით ასრულებს ამ განკაცებული ხორცის მიერ ადამიანთა პირველი ჯგუფის დაპყრობის ყველა საფეხურს.

წიგნის ნაწილში „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“, ღმერთი სიტყვებს სულის გადმოსახედიდან გამოხატავს. ლაპარაკის ის მანერა, რომელსაც ის იყენებს, მიუღწეველია შექმნილი კაცობრიობისთვის. გარდა ამისა, მისი სიტყვების ლექსიკა და სტილი არის მშვენიერი და ამაღელვებელი, და ადამიანური ლიტერატურის არცერთ ფორმას არ შეუძლია მათი ადგილის დაკავება. სიტყვები, რომლებითაც ის აშიშვლებს ადამიანს, არის ზუსტი, აქარწყლებს ნებისმიერ ფილოსოფიურ არგუმენტს და სრულიად არწმუნებს ყველა ადამიანს. სიტყვები, რომლებითაც ღმერთი განსჯის ადამიანს, ბასრი მახვილივით პირდაპირ სწვდება ადამიანთა სულის სიღრმეებს და იმდენად ღრმად ჭრის, რომ მათ დასამალი ადგილი არ რჩებათ. სიტყვები, რომლებითაც ის ანუგეშებს ადამიანებს, ატარებს გულმოწყალებასა და სიყვარულს, ის თბილია, როგორც მოყვარული დედის ჩახუტება და ადამიანებს უსაფრთხოების ისეთ განცდას უჩენს, როგორიც მანამდე არასდროს ჰქონიათ. ამ გამონათქვამების ყველაზე დიდი მახასიათებელი ის არის, რომ ამ ფაზაში ღმერთი არ ლაპარაკობს იეჰოვას, იესო ქრისტეს ან უკანასკნელი დღეების ქრისტეს ვინაობით. ამის ნაცვლად, თავისი თანდაყოლილი ვინაობით — შემოქმედის სახით — ის ესაუბრება და ასწავლის ყველას, ვინც მას მიჰყვება და ვინც ჯერ კიდევ უნდა გაჰყვეს. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ სამყაროს შექმნის დღიდან მოყოლებული ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა მთელ კაცობრიობას მიმართა. მანამდე ღმერთს არასოდეს უსაუბრია შექმნილ კაცობრიობასთან ასე დეტალურად და სისტემატურად. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ასე ბევრს და ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ელაპარაკება მთელ კაცობრიობას. ეს სრულიად უპრეცედენტოა. მეტიც, ეს გამონათქვამები წარმოადგენს პირველ ტექსტს, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის წინაშე გამოხატა, სადაც ის აშიშვლებს ადამიანებს, გზას უკვალავს მათ, განსჯის და გულახდილად ესაუბრება, და ასევე, ეს არის პირველი გამონათქვამები, რომლებშიც ღმერთი ადამიანებს აცნობს თავის ნაბიჯებს, თავის სამყოფელს, ღვთის ხასიათს, იმას, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის, ღვთის აზრებს და მის ზრუნვას კაცობრიობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი გამონათქვამები, რომლებიც ღმერთმა მესამე ციდან უთხრა კაცობრიობას შექმნის დღიდან მოყოლებული და პირველი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა გამოიყენა თანდაყოლილი ვინაობა, რათა გამოჩენილიყო და სიტყვებით გამოეხატა თავისი გულის ხმა კაცობრიობისთვის.

ეს გამონათქვამები ღრმა და შეუცნობელია; მათი გაგება არ არის იოლი და შეუძლებელია ღვთის სიტყვების წარმოშობისა და მიზნების ჩაწვდომა. ამიტომ, ქრისტემ ყოველი თავის შემდეგ დაამატა განმარტება და გამოიყენა ადამიანისთვის ადვილად გასაგები ენა, რათა ნათელი მოეფინა გამონათქვამების უდიდესი ნაწილისთვის. ეს, თავად გამონათქვამებთან ერთად, ყველასთვის აადვილებს ღვთის სიტყვების გაგებასა და შემეცნებას. ჩვენ ეს სიტყვები დამატებად დავურთეთ წიგნის ნაწილს „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“. მათში ქრისტე განმარტებებს იძლევა ყველაზე მარტივად გასაგები სიტყვების გამოყენებით. ამ ორის ერთობლიობა არის ღვთაებრიობისა და ადამიანობაში მყოფი ღმერთის სრულყოფილი კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ დანართში ღმერთი მესამე პირის გადმოსახედიდან ლაპარაკობს, ვერავინ უარყოფს, რომ ეს სიტყვები პირადად ღმერთმა წარმოთქვა, რადგან არცერთ ადამიანს არ შეუძლია ღვთის სიტყვების ნათლად ახსნა; მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია საკუთარი გამონათქვამების წარმოშობისა და მიზნების განმარტება. ამგვარად, თუმცა ღმერთი მრავალი საშუალებით ლაპარაკობს, მისი საქმის მიზნები არასოდეს იცვლება და არც მისი გეგმის დანიშნულება იცვლება ოდესმე.

მიუხედავად იმისა, რომ „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“ სრულდება თავით, სადაც ღმერთი ემშვიდობება ადამიანს, სინამდვილეში, სწორედ ამ დროს იწყება ოფიციალურად ადამიანთა შორის ღვთის დაპყრობისა და ხსნის საქმე, და მისი საქმე ადამიანების სრულყოფისათვის. ამგვარად, ჩვენთვის უფრო შესაფერისია მივიჩნიოთ „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“, როგორც უკანასკნელი დღეების ღვთის საქმის წინასწარმეტყველება. რადგან მხოლოდ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო ხორცშესხმულმა კაცის ძემ ოფიციალურად მოქმედება და ლაპარაკი ქრისტეს ვინაობით, როცა ის დადიოდა ეკლესიებში და იძლეოდა სიცოცხლეს, რწყავდა და მწყემსავდა მთელ თავის ხალხს, რამაც თავის მხრივ დასაბამი მისცა მრავალ გამონათქვამს წიგნში „ქრისტეს სიტყვები ეკლესიებში მისი სიარულისას“.

წინა:  თავი 120

შემდეგი:  თავი 1

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger