თავი 120

სიონო! იხარე! სიონო! იგალობე! მე ტრიუმფით დავბრუნდი, გამარჯვებული დავბრუნდი! მრავალრიცხოვანო ხალხნო! იჩქარეთ, დალაგდით რიგში! ქმნილებანო ყოველნო! შედექით ახლა, რადგან ჩემი პიროვნება მთელ სამყაროს გადაჰყურებს და ქვეყნიერების აღმოსავლეთში ჩნდება! ვინ ბედავს, რომ თაყვანისცემით მუხლი არ მოიყაროს? ვინ ბედავს, რომ გულშეშინებულმა არ შეხედოს? ვინ ბედავს, რომ არ განადიდოს? ვინ ბედავს, რომ არ იხაროს? ჩემი ხალხი უეჭველად მოისმენს ჩემს ხმას და ჩემი ძენი უეჭველად იქნებიან ჩემს სასუფეველში! მთები, მდინარეები და ქმნილებანი ყოველნი უსასრულოდ იზეიმებენ და შეუწყვეტლად იხტუნებენ. ამჟამად ვერავინ გაბედავს უკან დახევას და წინააღმდეგობის გაწევას. ეს არის ჩემი სასწაულებრივი საქმე და უფრო მეტიც, ეს არის ჩემი დიდი ძალა! ყოველივეს ჩემს მიმართ შიშს ჩავუნერგავ და ვაიძულებ, განმადიდოს! ეს არის ჩემი ექვსიათასწლოვანი სამართავი გეგმის საბოლოო მიზანი და ეს არის ის, რაც ქვაზე ამოვკვეთე. არც ერთ ადამიანს, საგანს და მოვლენას არ გააჩნია იმის გამბედაობა, რომ აღდგეს ჩემს წინააღმდეგ ან წინააღმდეგობა გამიწიოს. მთელი ჩემი ხალხი მოედინება ჩემი მთისკენ (სხვა სიტყვებით, იმ სამყაროსკენ, რომელსაც მე მოგვიანებით შევქმნი) და უეჭველად დამემორჩილება, რადგან მე მაქვს დიდებულება და სამსჯავრო და ვფლობ ხელმწიფებას. (ეს ეხება დროს, როდესაც ხორციელად ვარ. მე ხორცშიც ვფლობ ხელმწიფებას, მაგრამ ვინაიდან ხორცში დროისა და სივრცის შეზღუდვების გადალახვა შეუძლებელია, არ შეიძლება ითქვას, რომ სრული დიდება მოვიპოვე.) ჩემთვის არაფერია ძნელი. ჩემი ნათქვამით ყოველივე განადგურდება და ყოველივე დაფუძნდება და აღსრულდება. ასეთია ჩემი დიდი ძალა და ჩემი ხელმწიფება. ვინაიდან მე სავსე ვარ ძალითა და აღვსილი — ხელმწიფებით, ვერავინ გაბედავს წინ აღმიდგეს. დიდი ხანია, რაც ყოველივეზე ვიზეიმე და გამარჯვება მოვიპოვე მეამბოხეთა ყველა ძეზე. ჩემს პირმშო ძეებს თან წამოვიყვან და მათთან ერთად დავბრუნდები სიონში. სიონში მარტო არ დავბრუნდები. ამიტომ, როდესაც ყველა იხილავს ჩემს პირმშო ძეებს, ისინი შიშით განეწყობიან ჩემ მიმართ. ეს არის ჩემი მიზანი პირმშო ძეების შეძენაში და ეს არის ჩემი გეგმა სამყაროს შექმნიდან მოყოლებული.

როდესაც ყოველივე მზად იქნება, დადგება სიონში ჩემი დაბრუნების დღე; ამ დღეს გაიხსენებს ჩემი ურიცხვი რჩეული ხალხი. სიონში ჩემი დაბრუნებისას დედამიწაზე ყოველივე დადუმდება და მიწიერნი დაწყნარდებიან. სიონში დაბრუნებისას ყველაფერი დაიბრუნებს თავდაპირველ იერსახეს. მაშინ დავიწყებ ჩემს მოღვაწეობას სიონში. მე დავსჯი ბოროტს და დავაჯილდოებ კეთილს; აღვასრულებ ჩემს სამართლიანობას, სამსჯავროს და ჩემი სიტყვით აღვასრულებ ყოველივეს, რათა ყველა ადამიანმა და ყოველმან გამოსცადოს ჩემი დამსჯელი ხელი. მე უცილობლად ვანახებ ყველა ადამიანს ჩემს სრულ დიდებას, სიბრძნესა და სიუხვეს. ვერვინ გაბედავს წინ აღმიდგეს და განკითხვა გამართოს, რადგან ჩემთან ერთად ყოველივე აღსრულდება; დაე, აქ თითოეულმა იხილოს ჩემი სრული პატივი და იგემოს ჩემი სრული გამარჯვება, რადგან ჩემთან ერთად ყოველივე ცხადი ხდება. ეს საკმარისია ჩემი დიდი ძალისა და ხელმწიფების საჩვენებლად. ვერავინ გაბედავს ჩემს შეურაცხყოფას და ვერავინ გაბედავს ჩემს შეფერხებას. ჩემთან ყოველივე გაცხადებულია — ვინ გაბედავს რამის დამალვას? ნამდვილად არ დავინდობ მათ! ასეთი უღირსნი უნდა დაექვემდებარონ ჩემს სასტიკ სასჯელს და ასეთი საძაგელნი უნდა განიწმინდონ ჩემი თვალთახედვიდან. მე მათ რკინის კვერთხით ვმართავ და ჩემს ხელმწიფებას გამოვიყენებ მათი განსჯისთვის, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე და მათი გრძნობების გაუთვალისწინებლად, რადგან მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც მოკლებულია ხორციელ გრძნობებს, ვარ დიდებული და არ ვითმენ შეურაცხყოფას. ყველამ უნდა გაიგოს და იხილოს ეს, რათა არ განიცადონ ჩემგან „უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ“ დარტყმა და განადგურება, ვინაიდან ჩემი კვერთხი განგმირავს ყველას, ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს. არ მაინტერესებს, იციან თუ არა მათ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები; ეს არ არის ის, რაზეც ვიზრუნებ, რადგან არავის შეუძლია ჩემი პიროვნების შეურაცხყოფა. სწორედ ამიტომ ითქმის, რომ ლომი ვარ; ვისაც კი შევეყრები, ყველას განვგმირავ. ამიტომაც ითქმის, რომ ახლა ღვთისგმობაა იმის თქმა, რომ მე ვარ წყალობისა და კეთილმოსურნეობის ღმერთი. არსებითად, ვარ არა კრავი, არამედ ლომი. ვერავინ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას; ვინც ამას გაბედავს, მას სასიკვდილოდ დავსჯი დაუყოვნებლივ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე. ეს საკმარისია ჩემი ხასიათის გამოსავლენად. ამიტომ, უკანასკნელ ხანაში ადამიანთა დიდი ჯგუფი განდგება, რაც ადამიანებისთვის რთულად ასატანი იქნება, მაგრამ ჩემი მხრივ ვარ მშვიდი და ბედნიერი და ამას საერთოდ არ მივიჩნევ რთულ ამოცანად. ასეთია ჩემი ხასიათი.

იმედი მაქვს, რომ თითოეული ადამიანი მორჩილი გულით დაემორჩილება ყველაფერს, რაც ჩემგან მომდინარეობს; თუ ასე მოიქცევიან, მე უთუოდ დიდად ვაკურთხებ კაცობრიობას, რადგან, როგორც ვთქვი, ისინი, ვინც ჩემი შესატყვისია, შენარჩუნებულნი იქნებიან, ხოლო ისინი, ვინც ჩემ მიმართ მტრულადაა განწყობილი, დაწყევლილნი იქნებიან. ეს ქვაზე ამოვტვიფრე და ვერავინ შეცვლის. რაც გადავწყვიტე, ის უკვე აღვასრულე და ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავა, დაუყოვნებლივ გაკიცხული იქნება. სიონში მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება და რაც მსურს. სიონში სამყაროს ნატამალიც არ არის; დედამიწასთან შედარებით ის სასახლეა — მდიდრული და დიდებული. თუმცა იქ არავის შეუდგამს ფეხი და ამიტომ, ადამიანის წარმოსახვაში საერთოდ არ არსებობს. ცხოვრება სიონში დედამიწისას არ ჰგავს: დედამიწაზე ცხოვრება ჭამა, ჩაცმა, თამაში და სიამოვნების ძიებაა, სიონში კი — სრულიად განსხვავებული. ეს არის მამისა და ძეების სიხარულში ჩაფლული ცხოვრება, რომელიც მარად ავსებს სამყაროს მთელ სივრცეს და მარად ერთიანდება. ახლა, როცა საქმე აქამდე მივიდა, გეტყვით, სად მდებარეობს სიონი: სიონი ჩემი სამყოფელია, ჩემი პიროვნების ადგილსამყოფელი. ამიტომ, სიონი წმინდა ადგილია და დედამიწისგან შორს უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მძულს დედამიწის ადამიანები, მოვლენები და საგნები, მეზიზღება ხორცის ჭამა, სმა, თამაში და სიამოვნების ძიება, რადგან რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მიწიერი სიამოვნებები, ისინი სიონში ცხოვრებას ვერ შეედრება. ეს ცასა და დედამიწას შორის არსებული სხვაობაა და მათი შედარება შეუძლებელია. დედამიწაზე უამრავი გამოცანაა, რომელსაც ადამიანი ვერ ხსნის, რადგან სიონის შესახებ არაფერი სმენიათ. მართლაც, სად მდებარეობს სიონი? არის ის სხვა პლანეტაზე, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ? არა! ეს მხოლოდ ადამიანის გონების ფანტაზიაა. მე მოვიხსენიე მესამე ცა. ადამიანთა წარმოდგენებში მას წინასახეობრივ მნიშვნელობას მიაწერენ, მაგრამ ის, რაც ადამიანს თავის წარმოდგენებში ესმის, ზუსტად ეწინააღმდეგება ჩემს აზრს. აქ მოხსენიებული მესამე ცა არაფრით არ არის მცდარი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ გავანადგურებ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს და არ აღმოვფხვრი ცასა და დედამიწას. ნუთუ შემიძლია ჩემი სამყოფელის განადგურება? შემიძლია აღმოვფხვრა მთა სიონი? არ არის ეს სასაცილო? მესამე ცა ჩემი სამყოფელია; ეს არის მთა სიონი და ეს არის ურყევი. (რატომ ვამბობ, რომ ეს ურყევია? იმიტომ, რომ ის, რასაც ახლა ვამბობ, ადამიანისთვის საერთოდ გაუგებარია; მას მხოლოდ მოსმენა შეუძლია. ადამიანის აზროვნება ამას უბრალოდ ვერ წვდება. ამიტომ სიონის შესახებ ახლა მეტს აღარაფერს ვიტყვი, რათა ხალხმა ეს გამოგონილად არ მიიჩნიოს.)

სიონში ჩემი დაბრუნების შემდეგ დედამიწაზე ჩემი ქება შეუწყვეტლად გაგრძელდება. ერთგული მსახურების შემსრულებლები, როგორც ყოველთვის, კვლავ დამელოდებიან მსახურების გასაწევად, მაგრამ მათი ფუნქცია დასრულდება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, დედამიწაზე ჩემი ყოფნის დღეების გახსენებაა. იმ დროს დავიწყებ უბედურების მოვლენას მათზე, ვინც ტანჯვა უნდა იწვნიოს; მიუხედავად ამისა, ყველას სჯერა, რომ სამართლიანი ღმერთი ვარ. მე ნამდვილად არ დავსჯი მსახურების ერთგულ შემსრულებლებს, არამედ მხოლოდ ჩემს მადლს მივაგებ. რადგან ვთქვი, რომ დავსჯი ყველა ბოროტმოქმედს და რომ ისინი, ვინც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, მიიღებენ მატერიალურ სიკეთეს, რომელსაც მე გავცემ — მხოლოდ ეს დაამტკიცებს, რომ თავად ვარ სამართლიანობისა და ერთგულების ღმერთი. სიონში დაბრუნებისთანავე, დავიწყებ მსოფლიოს თითოეული ერისკენ შემობრუნებას; გადავარჩენ ისრაელიანებს და გავკიცხავ ეგვიპტელებს. ეს არის ჩემი საქმის შემდეგი ეტაპი. მაშინ ჩემი საქმე არ იქნება ისეთი, როგორიც ამჟამად არის: ეს არ იქნება ხორციელად შესრულებული საქმე, არამედ სრულიად გასცდება ხორცს — და როგორც მე ვიტყვი, ისე შესრულდება; როგორც მე ვუბრძანებ, ისე დამკვიდრდება. როგორც კი ჩემს ბაგეთაგან წარმოითქმება ჩემი სიტყვები, ისინი მყისვე აღსრულდება სინამდვილეში; ეს არის ჩემი სიტყვისა და ფაქტის ერთდროულად განხორციელების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რადგან თავად ჩემი სიტყვებია ხელმწიფება. მე ახლა ვსაუბრობ ზოგად საკითხებზე, რათა დედამიწაზე მყოფთ მივცე რამდენიმე მინიშნება, რომ მათ ბრმად არ იმოქმედონ. როდესაც ეს ჟამი დადგება, ყოველივეს მე განვაგებ და არავინ იმოქმედოს თვითნებურად, რათა არ განიგმიროს ჩემი ხელით. ადამიანის წარმოსახვაში ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, ბუნდოვანია, რადგან, ბოლოს და ბოლოს მისი აზროვნების უნარი შეზღუდულია და მისი აზრი იმდენად შორსაა იმისგან, რაზეც მე ვისაუბრე, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ ამას ვერავინ ჩასწვდება. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ჩემს ნათქვამთან თანხვედრა; ეს არის საქმეთა გარდაუვალი მსვლელობა. მე ვთქვი: „უკანასკნელ დღეებში მხეცი გამოვა, რათა დევნა დაუწყოს ჩემს ხალხს; ხოლო ვინც სიკვდილის შიშით იქნება შეპყრობილი, მათ ბეჭედი დაესმებათ, რათა მხეცმა გაიტაცოს ისინი. ვინც მე მიხილა, მხეცი მოკლავს მათ.“ ამ სიტყვებში „მხეცი“ უეჭველად სატანას, კაცობრიობის შეცდომაში შემყვანს აღნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მე სიონში დავბრუნდები, მსახურების შემსრულებელთა დიდი ჯგუფი განუდგება საქმეს; ანუ მხეცი გაიტაცებს მათ. ეს ქმნილებები ყველანი უფსკრულში ჩაცვივდებიან, რათა მიიღონ ჩემი მარადიული სასჯელი. „ვინც მე მიხილა“, აღნიშნავს იმ ერთგულ მსახურების შემსრულებლებს, რომლებიც დავიპყარი. „ჩემს ხილვაში“ იგულისხმება ის, რომ ისინი ჩემ მიერ არიან დაპყრობილნი. „მხეცის მიერ მოკვლა“ კი იმას ნიშნავს, რომ სატანა, მას შემდეგ, რაც მე დავიპყარი, ვეღარ ბედავს ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანა ვეღარ გაბედავს რაიმე საქმის აღსრულებას ამ მსახურების შემსრულებლებზე და შესაბამისად, ამ ადამიანთა სულები გადარჩება; ეს ითქვა იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ჩემდამი ერთგულნი, რაც ნიშნავს, რომ ეს ერთგული მსახურების შემსრულებლები შეძლებენ მიიღონ ჩემი მადლი და ჩემი კურთხევა. ამიტომაც ვამბობ, რომ მათი სულები გადარჩება. (ეს არ გულისხმობს მესამე ცაში ამაღლებას, რაც მხოლოდ ადამიანის წარმოდგენაა). ხოლო ის ბოროტი მსახურები კვლავ იქნებიან სატანის მიერ შეკრულნი და შემდეგ — უძირო უფსკრულში ჩაყრილნი. ეს არის ჩემი სასჯელი მათ მიმართ; ეს არის მათი საზღაური და ჯილდო მათი ცოდვებისთვის.

რამდენადაც ჩემი საქმის ტემპი ჩქარდება, დედამიწაზე ჩემი დრო თანდათან მცირდება. სიონში დაბრუნების თარიღი ახლოვდება. როდესაც დედამიწაზე ჩემი საქმე დასრულდება, დადგება სიონში დაბრუნების დრო. სულაც არ მსურს დედამიწაზე ცხოვრება, მაგრამ ჩემი მართვისა და გეგმის გულისთვის ავიტანე ყოველგვარი ტანჯვა. დღეს უკვე მოვიდა ეს დრო. დავაჩქარებ ნაბიჯებს და ვერავინ შეძლებს ჩემთვის ფეხის აწყობას. ესმის თუ არა ადამიანს, მე ავიღებ ყველაფერს, რისი გაგებაც ადამიანს არ ძალუძს, მაგრამ რაც თქვენ, დედამიწაზე მყოფთ, უნდა იცოდეთ, და სათითაოდ გეტყვით. ამიტომაც ვამბობ, რომ მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც დროსა და სივრცეს აღემატება. რომ არა ჩემი მიზანი — შევიძინო პირმშო ძენი და ამგვარად დავამარცხო სატანა — მე უკვე დაბრუნებული ვიქნებოდი სიონში; სხვაგვარად, საერთოდ არ შევქმნიდი კაცობრიობას. მე მძულს ადამიანთა სამყარო და მძულს ხალხი, რომლებიც მე განმეშორებიან იმ დონემდეც კი, რომ განვიხილავ მთელი კაცობრიობის ერთიანად მოსპობას. თუმცა, ჩემი მოქმედებები წესრიგსა და სტრუქტურას ეფუძნება, ზომიერებისა და თავშეკავებულობის გრძნობით არის გამსჭვალული და არ არის ქაოსური. ყოველივე, რასაც ვაკეთებ, სატანის დამარცხებას ემსახურება და უფრო მეტიც, ჩემი პირმშო ძეების გვერდით რაც შეიძლება მალე ყოფნის შესაძლებლობას მაძლევს. ეს არის ჩემი მიზანი.

წინა:  თავი 116

შემდეგი:  შესავალი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger