პეტრეს ცხოვრების შესახებ
პეტრე კაცობრიობისთვის ღვთის როლური მოდელი იყო, ყველასთვის ცნობილი მნათობი. რატომ იქნა ასეთი არაფრით გამორჩეული ადამიანი ღვთის მიერ სამაგალითოდ აღზევებული და მომდევნო თაობების მიერ განდიდებული? ცხადია, ეს განუყოფელია მისი ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვისა და მისი გადაწყვეტილებისგან, უყვარდეს ღმერთი. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ვლინდებოდა პეტრეს ღვთისმოყვარე გული და სინამდვილეში როგორი იყო მისი ცხოვრებისეული გამოცდილებები, კვლავ მადლის ეპოქას უნდა დავუბრუნდეთ, კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დროის ჩვეულებებს და დავაკვირდეთ იმ ეპოქის პეტრეს.
პეტრე დაიბადა ჩვეულებრივ ებრაულ გლეხურ ოჯახში. მისი მშობლები მთელს ოჯახს მიწათმოქმედებით ინახავდნენ, ის შვილებს შორის უფროსი იყო, რომელსაც ჰყავდა ოთხი ძმა და და. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის მთავარი ნაწილი არ არის; პეტრე ჩვენი მთავარი პერსონაჟია. როდესაც პეტრე ხუთი წლის იყო, მშობლებმა მას წერა-კითხვა ასწავლეს. იმ დროს ებრაელი ხალხი საკმაოდ განათლებული იყო და განსაკუთრებით განვითარებულნი იყვნენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ვაჭრობა. სოციალური გარემოს გავლენით, პეტრეს ორივე მშობელს მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად ცხოვრობდნენ, ისინი ძალიან განათლებულები იყვნენ და დღევანდელ უნივერსიტეტის საშუალო სტუდენტებს შეედრებოდნენ. პეტრე ასეთ ხელსაყრელ სოციალურ პირობებში დაიბადა — ცხადია, ეს მისი კარგი ბედი იყო. ჭკვიანი და გამჭრიახი ახალ იდეებს ადვილად ითვისებდა. სწავლის დაწყების შემდეგ, ნასწავლიდან დასკვნების გამოტანა შეეძლო და სწავლა საერთოდ არ უჭირდა. მისი მშობლები ამაყობდნენ, რომ ასეთი ჭკვიანი და გამჭრიახი შვილი ჰყავდათ, ამიტომ თავიანთი გულების სისხლი გაიღეს, რათა ხელი შეეწყოთ მისი განათლების მიღებისთვის იმ იმედით, რომ შეძლებდა, თავი გამოეჩინა და საზოგადოებაში რამე ოფიციალურ თანამდებობა დაეკავებინა. ამის გაცნობიერების გარეშეც კი, პეტრე ღმერთით დაინტერესდა. ასე რომ, თოთხმეტი წლის ასაკში, როდესაც სკოლაში იყო, ღრმა ზიზღი იგრძნო ძველი ბერძნული კულტურის მიმართ, რომელსაც სწავლობდა; კერძოდ, განსაკუთრებით სძულდა ძველი ბერძნული ისტორიის გამოგონილი პერსონაჟები და შეთხზული მოვლენები. იმ დროიდან მოყოლებული პეტრემ, რომელიც მხოლოდ მაშინ შედიოდა თავისი ახალგაზრდობის გაზაფხულში, დაიწყო ადამიანის ცხოვრების კვლევა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მან არ უპასუხა მშობლების ტანჯვას, რაც სინდისის გრძნობით იყო ნაკარნახევი, რადგან ნათლად დაინახა, რომ ადამიანები თვითმოტყუების მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, აზრს მოკლებულ ცხოვრებას ეწეოდნენ და საკუთარ ცხოვრებას რეპუტაციისა და სარგებლისთვის ბრძოლის გამო ინგრევდნენ. მისი ასეთი გამჭრიახობა დიდწილად დაკავშირებული იყო იმ სოციალურ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრობდა. რაც მეტი ცოდნა ჰქონდათ ადამიანებს, მით უფრო რთული იყო მათი ინტერპერსონალური ურთიერთობები და შინაგანი სამყარო, და ამიტომ მით უფრო ცარიელი ეჩვენებოდათ სივრცე, რომელშიც ისინი იყვნენ დასახლებულნი. ამ პირობებში, პეტრე თავისუფალ დროს ბევრთან სტუმრობაში ატარებდა, რომელთა უმრავლესობაც რელიგიური პირები იყვნენ. როგორც ჩანს, გულში ბუნდოვნად გრძნობდა, რომ, შესაძლოა, რელიგიას შეეძლო ადამიანური სამყაროს სხვადასხვა თავსატეხის ახსნა, ამიტომ მშობლებისგან მალულად ხშირად დადიოდა თავისი სახლის მახლობლად მდებარე სინაგოგაში მსახურებებზე დასასწრებად. მალე პეტრეს, რომელიც ყოველთვის კარგი ზნეობის იყო და სწავლაშიც გამოირჩეოდა, შესძულდა სკოლაში სიარული. მშობლების ზედამხედველობის ქვეშ მან უხალისოდ დაასრულა სკოლა, რის შემდეგაც, ცოდნის ოკეანიდან ნაპირზე გამოსულმა, ღრმად ჩაისუნთქა — ამ დროიდან იგი ყოველგვარი განათლებისა და შეზღუდვისგან თავისუფალი იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან სხვადასხვა სახის წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასაკში, ბუნებრივია, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფართო სამყაროს დიდი გამოცდილება. სკოლის დამთავრების შემდეგ თავს მიწათმოქმედებით ირჩენდა, ამასთანავე, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამოეყო წიგნების საკითხავად და რელიგიურ მსახურებებზე დასასწრებად. მისი მშობლები, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე, ხშირად წყევლიდნენ ზეცას „მეამბოხე შვილის“ გამო, მაგრამ ამასაც კი არ შეეძლო წინ აღდგომოდა მის სამართლიანობისადმი შიმშილსა და წყურვილს. პეტრემ თავის გამოცდილებებში არცთუ ცოტა წარუმატებლობა გადაიტანა, მაგრამ მისი გული გაუმაძღარი იყო და ის წვიმის შემდეგ ამოსული ბალახივით იზრდებოდა. მალე მას „გაუმართლა“ და რელიგიურ სამყაროში რამდენიმე უფროს და გავლენიან ფიგურას შეხვდა და რადგან მისი ლტოლვა ასე ძლიერი იყო, მათთან უფრო და უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, შედეგად, თითქმის მთელ დროს მათ შორის ატარებდა. ერთ დღეს, კმაყოფილი ბედნიერებაში ჩაძირულმა, მოულოდნელად გააცნობიერა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობას მხოლოდ ბაგეებით სწამდა და მათ თავიანთი გული რწმენისთვის არ მიუძღვნიათ. როგორ შეეძლო პეტრეს, რომლის სულიც მართალი და წმინდა იყო, ასეთი დარტყმის ატანა? მან გააცნობიერა, რომ თითქმის ყველა ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობდა, ადამიანის სამოსში გახვეული მხეცი იყო — ისინი ადამიანის გამომეტყველების ცხოველები იყვნენ. იმ დროს პეტრე ძალიან გულუბრყვილო იყო, ამიტომ არაერთხელ მიმართა მათ გულწრფელი ვედრებით. მაგრამ როგორ შეიძლებოდა, რომ რელიგიური სამყაროს ამ ცბიერ და ეშმაკ მოხელეებს მოესმინათ ამ მგზნებარე ახალგაზრდის ვედრებისთვის? სწორედ ამ დროს იგრძნო პეტრემ ადამიანური ცხოვრების ნამდვილი სიცარიელე. სიცოცხლის სცენაზე გადადგმულ პირველივე ნაბიჯზე ის დამარცხდა…. ერთი წლის შემდეგ მან სინაგოგა დატოვა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.
ამ წარუმატებლობამ თვრამეტი წლის პეტრე გაცილებით უფრო მოწიფული და დახვეწილი გახადა. მისი ახალგაზრდული გულუბრყვილობის კვალიც კი აღარ დარჩენილიყო; ახალგაზრდობის უმანკოება და სისადავე დაუნდობლად ჩაახრჩო წარუმატებლობამ, რომელიც გადაიტანა, და მან მეთევზის ცხოვრება დაიწყო. ამის შემდეგ ხალხი უსმენდა, როგორ ქადაგებდა თავის ნავზე. თევზჭერით ირჩენდა რა თავს, სადაც კი მიდიოდა, ყველგან ავრცელებდა გზავნილს; ყველა, ვისთვისაც ქადაგებდა, მონუსხული იყო მისი ქადაგებებით, რადგან რასაც ამბობდა, უბრალო ადამიანების გულებში გამოძახილს პოულობდა, და ისინი მისი გულწრფელობით ღრმად იყვნენ შეძრულნი. ის ხშირად ასწავლიდა ადამიანებს, რომ სხვებს გულით მოპყრობოდნენ, თითოეულ საქმეში მოეხმოთ ცისა და მიწის და ყოველივეს მეუფისთვის, და არ უგულებელყოთ თავიანთი სინდისი და არ ჩაედინათ სამარცხვინო საქმეები, არამედ ყოველივე საქმის შესრულებისას ესიამოვნებინათ ღმერთი, რომელიც გულში უყვარდათ…. ხალხი ხშირად იყო ღრმად შეძრული მისი ქადაგებების მოსმენის შემდეგ; ისინი ყველანი შთაგონებას იღებდნენ მისგან და ხშირად ცრემლებამდეც კი მიდიოდნენ. იმ დროს მას დიდ პატივს სცემდა ყველა, ვინც მას მიჰყვებოდა. ეს ადამიანები ყველანი ღარიბები იყვნენ და, რა თქმა უნდა, იმდროინდელი საზოგადოების პირობებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობაც ძალიან მცირე იყო. პეტრე ასევე განიცდიდა დევნას იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური ელემენტებისგან. ყოველივე ეს იმას ნიშნავდა, რომ ორი წლის განმავლობაში ის ადგილიდან ადგილზე გადადიოდა და მარტოსულ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ორი წლის არაჩვეულებრივი გამოცდილების განმავლობაში მან ბევრი სიღრმისეული ცოდნა შეიძინა და მრავალი რამ ისწავლა იმ თემებზე, რომლებზეც ადრე არაფერი იცოდა, ისე რომ ის სრულიად აღარ ჰგავდა თავის თოთხმეტი წლის თავს, რომელთანაც თითქოს უკვე აღარაფერი აკავშირებდა. ამ ორი წლის განმავლობაში ის ყველანაირ ადამიანს შეხვდა და საზოგადოების შესახებ ყველა სახის ჭეშმარიტება იხილა, რის შედეგადაც თანდათანობით დაიწყო რელიგიური სამყაროდან ყველა რიტუალისგან გათავისუფლება. ამავე დროს, მასზე ღრმა გავლენა მოახდინა იმ პერიოდში სულიწმინდის საქმეში განვითარებულმა მოვლენებმა; იმ დროისთვის იესო უკვე ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომ პეტრეს საქმეც სულიწმინდის იმდროინდელი საქმის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა ჯერ კიდევ არ შეხვედროდა იესოს. ამიტომ ქადაგებისას პეტრემ მრავალი ისეთი რამ შეიძინა, რაც წმინდანთა წინა თაობებს არასოდეს ჰქონიათ. რა თქმა უნდა, იმ დროს მას იესოს შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ არასოდეს მისცემოდა შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედროდა მას. ის უბრალოდ იმედოვნებდა და ძლიერ სურდა, შეხვედროდა ზეციური ფიგურას, რომელიც სულიწმინდისგან იყო შობილი.
ერთ საღამოს, მწუხრის ჟამს, პეტრე თავისი ნავით თევზაობდა (იმ ზღვის ნაპირთან ახლოს, რომელსაც მაშინ გალილეის ზღვას უწოდებდნენ). მას ხელში ანკესი ეჭირა, მაგრამ მისი ფიქრები სხვაგან იყო. ჩამავალი მზე წყლის ზედაპირს სისხლის უზარმაზარი ზღვის მსგავსად ანათებდა. ეს ნათება ირეკლებოდა პეტრეს ახალგაზრდულ, თუმცა მშვიდ და თავდაჭერილ სახეზე; ჩანდა, რომ ღრმა ფიქრებში იყო ჩაძირული. იმ მომენტში ნიავმა დაუბერა და მან მოულოდნელად თავისი ცხოვრების მარტოობა იგრძნო, რამაც მაშინვე პირქუშობის განცდა აღუძრა. ზღვის ტალღები სინათლეში ელვარებდნენ რა, აშკარა იყო, რომ ის არ იყო თევზაობის ხასიათზე. ფიქრებში ჩაძირულს, მოულოდნელად უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა: „სიმონ ბარჯონა, იუდეველთა ძეო, შენი ცხოვრების დღეები მარტოსულია. გამომყვები მე?“ შეშინებულმა პეტრემ მაშინვე დააგდო ანკესი, რომელიც ეჭირა და ის მაშინვე ზღვის ფსკერზე ჩაიძირა. პეტრე სასწრაფოდ შემობრუნდა და დაინახა, რომ მის ნავში კაცი იდგა. მან თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა იგი: კაცის თმა, რომელიც მხრებზე ეშვებოდა, მზის შუქზე ოდნავ ოქროსფერი იყო; ეცვა ნაცრისფერი სამოსი; საშუალო სიმაღლისა იყო და თავიდან ფეხებამდე ებრაელი კაცივით ეცვა,. მიმქრალ სინათლეში მისი ნაცრისფერი სამოსი ოდნავ შავად მოჩანდა, ხოლო მის სახეს მსუბუქი ბრწყინვალება დაჰკრავდა. პეტრე ბევრჯერ ეცადა იესოსთან შეხვედრას, მაგრამ ვერასოდეს მოახერხა. იმ მომენტში პეტრეს სულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ეს ადამიანი მისი გულის წმინდა პიროვნება იყო. ამიტომ ნავში პირქვე დაემხო და თქვა: „ნუთუ შენ ის უფალი ხარ, რომელიც ზეციური სასუფევლის სახარების საქადაგებლად მოვიდა? მსმენია შენი გამოცდილებების შესახებ, მაგრამ არასოდეს მინახიხარ. მინდოდა, გამომყოლოდი, მაგრამ ვერ გპოულობდი.“ ამ დროისთვის იესო ნავის კაბინაში გადავიდა და მშვიდად იჯდა. „ადექი და ჩემ გვერდით დაჯექი!“ უთხრა მან. „მე აქ მოვედი მათ საძებნელად, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ. მე სპეციალურად მოვედი ზეციური სასუფევლის სახარების საქადაგებლად და სხვადასხვა მხარეში დავდივარ, რათა მოვძებნო ისინი, ვინც ჩემს აზრზეა. მზად ხარ?“ პეტრემ უპასუხა: „მე უნდა გავყვე მას, ვინც ზეციერმა მამამ მოავლინა. მე უნდა ვაღიარო ის, ვინც სულიწმიდამ აირჩია. მიყვარს რა ზეციერი მამა, როგორ არ ვიქნები მზად, რომ გამოგყვე?“ მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს სიტყვებში რელიგიური წარმოდგენები ღრმად იყო ფესვგადგმული, იესომ გაიღიმა და კმაყოფილებით დაუქნია თავი. იმ მომენტში მასში პეტრეს მიმართ მამობრივი სიყვარულის გრძნობა აღიძრა.
პეტრე რამდენიმე წლის განმავლობაში მიჰყვებოდა იესოს და მასში მრავალი ისეთი რამ დაინახა, რაც ადამიანებში არასოდეს ყოფილა ნანახი. მას შემდეგ, რაც ერთი წლის განმავლობაში მიჰყვებოდა მას, იესომ პეტრე თორმეტ მოწაფეს შორის გამოარჩია. (რა თქმა უნდა, იესოს ეს ხმამაღლა არ უთქვამს და სხვებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ.) ცხოვრებაში პეტრე იესოს ყოველ მოქმედებას მაგალითად იღებდა. რაც მთავარია, გზავნილები, რომლებსაც იესო ქადაგებდა, ღრმად იყო აღბეჭდილი მის გულში. ის იესოს მიმართ უკიდურესად გულისხმიერი და ერთგული იყო და არასოდეს გამოთქვამდა მის წინააღმდეგ საყვედურს. შედეგად, ის იესოს ერთგული თანამგზავრი გახდა ყველგან, სადაც კი ის მიდიოდა. პეტრე აკვირდებოდა იესოს სწავლებებს, მის ნაზ სიტყვებს, რას იღებდა საკვებად, როგორ ეცვა, სად ცხოვრობდა და როგორ მოგზაურობდა. ის ყოველმხრივ ბაძავდა იესოს. იგი არასოდეს იყო თვითმართლი, არამედ განიშორებდა ყველაფერს, რაც მოძველებული იყო, და იესოს მაგალითს მიჰყვებოდა სიტყვითა და საქმით. სწორედ მაშინ იგრძნო პეტრემ, რომ ცა, მიწა და ყოველივე ყოვლისშემძლის ხელში იყო. ამიტომ პეტრეს არ ჰქონდა საკუთარი არჩევანი, მან შეითვისა ყოველივე, რაც იესო იყო და მას მაგალითად იყენებდა. იესოს ცხოვრებაში პეტრე ხედავდა, რომ რა არ უნდა გეკეთებინა, არასოდეს იყო თვითმართალი და არასოდეს ტრაბახობდა საკუთარი თავით; პირიქით, ადამიანებს სიყვარულით ცვლიდა. პეტრე სხვადასხვა ასპექტში ხედავდა, თუ ვინ იყო იესო, და ამიტომ ყველაფერი იესოს შესახებ მისი მიბაძვის საგნად იქცა. პეტრეს გამოცდილებებმა მას იესოს მშვენიერების სულ უფრო მეტი შეგრძნება მისცა და ის ამბობდა: „მე ვეძებდი ყოვლისშემძლეს, რომელიც ზეცაშია, და ვიხილე ცის, დედამიწისა და ყოველივე არსებულის საოცრებანი; მხოლოდ ამის შედეგად მოვიპოვე ყოვლისშემძლის მშვენიერების ღრმა შეგრძნება. თუმცა ჩემს გულში არასოდეს მქონია ნამდვილი სიყვარული და არც საკუთარი თვალით მინახავს ყოვლისშემძლის მშვენიერება. დღეს, ყოვლისშემძლის თვალებში დავინახე ჩემს მიმართ მისიკეთილგანწყობა და ბოლოს და ბოლოს ვიგრძენი ღვთის მშვენიერება. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს ღმერთი მხოლოდ იმის გამო კი არ უყვართ, რომ მან ყოველივე შექმნა. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში აღმოვაჩინე მისი უსაზღვრო მშვენიერება. როგორ შეიძლება ეს მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდეს, რისი აღმოჩენაც ამჟამად შეიძლება?“ დროის გასვლასთან ერთად პეტრეში მრავალი სხვა მშვენიერებაც გამომჟღავნდა. ის იესოს მიმართ მეტად მორჩილი გახდა და, რა თქმა უნდა, არცთუ ცოტა წარუმატებლობაც განიცადა. როდესაც იესოს სხვადასხვა ადგილას საქადაგებლად მიჰყავდა, პეტრე ყოველთვის თავს იმდაბლებდა და უსმენდა იესოს ქადაგებებს. იგი არასოდეს ყოფილა ამპარტავანი იმის გამო, რომ მრავალი წლის განმავლობაში იყო იესოს მიმდევარი. მას შემდეგ, რაც იესომ უთხრა, რომ მისი მოსვლის მიზანი ჯვარცმა და მისი საქმის დასრულება იყო, პეტრე ხშირად გულისტკივილს განიცდიდა და ფარულად მარტო ტიროდა. მიუხედავად ამისა, ის „სამწუხარო“ დღე საბოლოოდ მაინც დადგა. მას შემდეგ, რაც იესო დააპატიმრეს, პეტრე თავის სათევზაო ნავში მარტო ტიროდა და მრავალ ლოცვას ამბობდა. მაგრამ გულში იცოდა, რომ ეს იყო მამა ღმერთის ნება და ამას ვერავინ შეცვლიდა. შეწუხებული და ცრემლიანი მხოლოდ სიყვარულის გამო იყო. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანური სისუსტეა. ამიტომ, როდესაც შეიტყო, რომ იესო ჯვარზე იქნებოდა გაკრული, ჰკითხა იესოს: „მას შემდეგ, რაც წახვალ, დაბრუნდები ჩვენ შორის და დაგვაკვირდები? კვლავ შევძლებთ თუ არა შენს ხილვას?“ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ძალიან გულუბრყვილო და ადამიანური წარმოდგენებით სავსე იყო, იესომ იცოდა პეტრეს ტანჯვის სიმწარე, ამიტომ თავისი სიყვარულით პეტრეს სისუსტეს ითვალისწინებდა. „პეტრე, მე მიყვარდი. იცი ეს? მიუხედავად იმისა, რომ შენს სიტყვებს არანაირი მიზეზი არ აქვს, მამამ აღგვითქვა, რომ ჩემი აღდგომის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში გამოვეცხადები ადამიანებს. ნუთუ არ გჯერა, რომ ჩემი სული ხშირად მოანიჭებს მადლს ყველა თქვენგანს?“ მიუხედავად იმისა, რომ პეტრე გარკვეულწილად დამშვიდდა, მაინც გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა. ამიტომ აღდგომის შემდეგ იესო პირველად სწორედ მას გამოეცხადა ღიად. თუმცა, იმისათვის, რომ პეტრე კვლავ არ ჩაჭიდებოდა საკუთარ წარმოდგენებს, იესომ უარი თქვა იმ მდიდრულ ტრაპეზზე, რომელიც პეტრეს მისთვის ჰქონდა მომზადებული, და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. იმ მომენტიდან პეტრემ საბოლოოდ უფრო ღრმად შეიცნო უფალი იესო და კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი. აღდგომის შემდეგ იესო ხშირად ეცხადებოდა პეტრეს. ორმოცი დღის გასვლისა და ზეცად ამაღლების შემდეგაც კიდევ სამჯერ გამოეცხადა მას. ყოველი გამოცხადება სწორედ მაშინ ხდებოდა, როდესაც სულიწმიდის საქმე დასრულების პირას იყო და ახალი საქმე უნდა დაწყებულიყო.
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში პეტრე თავს თევზაობით ირჩენდა, მაგრამ ამაზე მეტად იგი ქადაგებისთვის ცხოვრობდა. თავისი ცხოვრების ბოლო წლებში მან დაწერა პეტრეს პირველი და მეორე ეპისტოლეები, აგრეთვე რამდენიმე წერილი იმდროინდელი ფილადელფიის ეკლესიისადმი. იმ პერიოდის ადამიანები მისით ღრმად იყვნენ შეძრულნი. ის ადამიანებს არ არიგებდა საკუთარი გამოცდილებისა და დამსახურებების გამოყენებით, არამედ მათ სიცოცხლის შესაფერის საზრდოს აწვდიდა. მას არასოდეს დავიწყებია იესოს სწავლებები, რომლებიც მის წასვლამდე მიიღო, და მთელი ცხოვრების განმავლობაში მათგან იღებდა შთაგონებას. იესოს მიყოლის პერიოდში მან გადაწყვიტა, რომ უფლის სიყვარულისთვის თავისი სიკვდილით გადაეხადა და ყველაფერში მის მაგალითს მიჰყოლოდა. იესომ ეს მოიწონა. ამიტომ, როდესაც პეტრე ორმოცდაცამეტი წლის იყო (იესოს წასვლიდან ოც წელზე მეტი ხნის შემდეგ), იესო გამოეცხადა მას, რათა დახმარებოდა თავისი გადაწყვეტილების შესრულებაში. ამის შემდეგ მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში პეტრემ საკუთარი ცხოვრება საკუთარი თავის შეცნობას მიუძღვნა. ერთ დღეს, ამ შვიდი წლის დასასრულს, ის თავდაყირა გააკრეს ჯვარზე და ამგვარად დასრულდა მისი არაჩვეულებრივი ცხოვრება.