თავი 5

როდესაც ღმერთი ადამიანებს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა ახსნაც მათთვის რთულია, და როდესაც მისი სიტყვები პირდაპირ ადამიანის გულში იჭრება და ხალხი თავის წრფელ გულს სწირავს მისთვის საამებლად, ამის შემდეგ ღმერთი აძლევს მათ შანსს, დაფიქრდნენ, მიიღონ გადაწყვეტილება და პრაქტიკის გზა მოიძიონ. ამგვარად, ყველა, ვინც მისი ხალხია, კვლავ მტკიცედ შესწირავს მთელ თავის არსებას ღმერთს. ზოგიერთი, შესაძლოა, გეგმას შეიმუშავებდეს და დღიურ განრიგს აწესებდეს, და საკუთარი თავის დაუღალავი შრომისთვის მოსამზადებლად, მოიკრიბოს ძალები, რათა თავისი წილი ძალისხმევა ღვთის მართვის გეგმის სამსახურს მიუძღვნას, მის განსადიდებლად და მისი აღსრულების დასაჩქარებლად სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ ეს განწყობა და შრომისას, საუბრისას თუ საკუთარი საქმის კეთებისას გონებაში მტკიცედ აქვთ ჩაბეჭდილი ეს ყოველივე, ღმერთი კვლავ იწყებს საუბარს: „ჩემი სულის გამონათქვამი მთელი ჩემი ხასიათის გამოხატულებაა. გასაგებია ეს თქვენთვის?“ რაც უფრო მტკიცედ არიან ადამიანები განწყობილნი, მით უფრო ეძიებენ ღვთის განზრახვის შეცნობას და მით უფრო სწყურიათ, რომ ღმერთმა მოთხოვნები წაუყენოს მათ. სწორედ ამიტომ ღმერთი აძლევს მათ იმას, რაც სურთ, და ამ შესაძლებლობას იყენებს, რათა მათ არსების ყველაზე ღრმა კუნჭულებში მიაწვდინოს თავისი სიტყვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები, შესაძლოა, ცოტა მკაცრი ჩანს, კაცობრიობისთვის ისინი შეუდარებლად ტკბილად ჟღერს. უეცრად მათი გულები სიხარულით იფურჩქნება, თითქოს ზეცაში ყოფილიყვნენ ან სხვა სამყაროში გადასულიყვნენ — ადამიანის წარმოსახვის სამოთხეში, სადაც გარე სამყაროს საქმეები აღარ აწუხებთ. იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ადამიანებმა — წარსული ჩვევისამებრ — მხოლოდ ზედაპირულად ისაუბრონ და იმოქმედონ და ამით სათანადო ფესვები ვერ ჩაყარონ, მას შემდეგ, რაც მათი გულის წადილი მიღწეულია და, მეტიც, როდესაც ისინი მგზნებარე ენთუზიაზმით ემზადებიან საქმისთვის, ღმერთი მაინც მათი მენტალობის შესაბამისად ცვლის საუბრის მანერას და ყოველგვარი შეფერხებისა და თავის შეკავების გარეშე აქარწყლებს მთელ იმ მგზნებარებასა და რელიგიურ ცერემონიას, რაც მათ გულებში აქვთ, ზუსტად ისე, როგორც ამბობს: „ჭეშმარიტად ჩასწვდით ამის მნიშვნელობას?“ ადამიანები რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ან შემდეგ, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ღვთის შეცნობას მის საქმეებში ან სიტყვებში; ამის ნაცვლად, განუწყვეტლივ ფიქრობენ: „რა შემიძლია გავაკეთო ღვთისთვის? მთავარი ეს არის!“ სწორედ ამიტომ ამბობს ღმერთი: „თქვენ კი ჩემი ხალხი უნდა ყოფილიყავით ჩემ წინაშე — სირცხვილი არ გაქვთ, მით უმეტეს — რაიმე საღი აზრი! ადრე თუ გვიან, თქვენნაირი ადამიანები განიდევნებიან ჩემი სახლიდან! ნუ ცდილობ უპირატესობის ჩვენებას იმ იმედით, რომ ჩემდამი მოწმობაში მტკიცედ იდექი!“ ამგვარი სიტყვების გაგონებაზე ადამიანებს კიდევ უფრო ეშინიათ, თითქოს ლომი დაენახოთ. მათ გულის სიღრმეში ყველაფერი კარგად ესმით: არც ის სურთ, რომ ლომმა შეჭამოს ისინი, და მეორე მხრივ, არც ის იციან, საით გაიქცნენ. ზუსტად ამ დროს ადამიანის გულში არსებული გეგმები უკვალოდ ქრება და ყველაფერი წყალში იყრება. ღვთის სიტყვების წყალობით, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ნათლად ვხედავ ადამიანური სიმახინჯის ყველა გამოვლინებას: თავები ჩახრილი აქვთ და დათრგუნულები არიან, ისე, თითქოს კოლეჯში ვერ ჩააბარეს და მათი ყველა ბრწყინვალე მისწრაფება, ბედნიერი ოჯახი, სამომავლო პერსპექტივა თუ სხვა მსგავსი რამ ახლა უკვე სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების თემაა — ზუსტად ისე, როგორც ის „ოთხი მოდერნიზაცია“, 2000 წლისთვის რომ იყო დაპირებული — ანუ უბრალო ცარიელი სიტყვები. ეს არის უარყოფითის პოზიტიური ფაქტორებით ჩანაცვლება, რაც იწვევს იმას, რომ ადამიანები თავიანთი ნეგატივის მიუხედავად, იმ პოზიციას იკავებენ, რომელიც ღმერთმა მიუჩინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანებს ძალიან ეშინიათ ამ წოდების დაკარგვის; ამიტომაც ისინი კბილებით ეჭიდებიან თავიანთ ტიტულებსა და წოდებებს და გულის სიღრმეში ეშინიათ, რომ ვინმემ არ წაართვათ. როდესაც ადამიანებს ასეთი განწყობა აქვთ, ღმერთი არ წუხს იმაზე, რომ ისინი ნეგატიურები გახდებიან, ამიტომაც თავის განკითხვის სიტყვებს კითხვებით ცვლის. ის ადამიანებს არა მარტო სულის მოთქმის საშუალებას აძლევს, არამედ შანსსაც აძლევს, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები გადაახალისონ და მომავალში გამოსაყენებლად განსაზღვრონ: ყოველივე შეუფერებელი კი შეიძლება შეიცვალოს. ეს იმიტომ, რომ ღმერთს ჯერ არ დაუწყია თავისი საქმე — ეს დიდი უბედურების დროს ნამდვილი ბედნიერებაა — და, მეტიც, არ განგვსჯის. მაშასადამე, ნება მომეცით, განვაგრძო და ჩემი ერთგულება შევწირო მას!

ამის შემდეგ შიშის გამო არ უნდა უგულებელყო ღვთის სიტყვები. აბა, დააკვირდი და ნახე, აქვს თუ არა ღმერთს რაიმე ახალი მოთხოვნა. და აი, ზუსტად ამგვარს აღმოაჩენ: „ამიერიდან ყველაფერში საქმით უნდა ჩაერთო; ცარიელი ლაპარაკი, როგორც ამას წარსულში აკეთებდი, აღარ გაგივა.“ სწორედ აქ ვლინდება კვლავ ღვთის სიბრძნე. ღმერთი ყოველთვის იცავდა თავის დამოწმებებს და ახლა, როცა წარსულის სიტყვების რეალობამ დასასრულს მიაღწია, ვეღარავინ სწვდება „პრაქტიკული რეალობის“ ცოდნას. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ ჭეშმარიტია ღვთის ნათქვამი: „საკუთარ საქმეს პირადად აღვასრულებ“. ეს საქმე უკავშირდება ღვთიური საქმის ჭეშმარიტ მნიშვნელობას და იმ მიზეზსაც, თუ რატომ ვერ ახერხებს კაცობრიობა — ახალ საწყის წერტილამდე მიღწევის მიუხედავად — ღვთის სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის მკაფიოდ გააზრებას. მიზეზი ისაა, რომ წარსულში ადამიანების უმრავლესობა ღვთის სიტყვებში არსებულ რეალობაზე ამახვილებდა ყურადღებას, მაშინ როცა დღეს წარმოდგენაც არ აქვთ პრაქტიკულ რეალობაზე და ამ სიტყვების მხოლოდ ზედაპირულ მხარეს იგებენ, მის არსს კი — ვერა. რაც მთავარია, ვინაიდან დღეს სამეფო შენდება, არავის ეძლევა ჩარევის უფლება და ადამიანებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ მექანიკურად ემორჩილებოდნენ ღვთის მითითებებს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს! ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი წარსულს ახსენებს, ის დღევანდელ რეალურ ვითარებაზე იწყებს საუბარს; ეს არის მეტყველების ისეთი ფორმა, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნის წარსულსა და მომავალს შორის, და სწორედ ამის წყალობით აღწევს კიდევ უკეთეს შედეგებს — იგი საშუალებას აძლევს ადამიანებს, ერთმანეთს შეადარონ წარსული და აწმყო, რითაც თავიდან იცილებენ მათ აღრევასა და გაბუნდოვანებას. ეს ღვთის სიბრძნის ერთი მხარეა და მისი მიზანი სამუშაოს შედეგების მიღწევაა. ამის შემდეგ ღმერთი კვლავ ამხელს ადამიანის ზიზღისმომგვრელ სახეს იმისათვის, რომ კაცობრიობამ არასოდეს დაივიწყოს მისი სიტყვების ყოველდღიური ჭამა და სმა და, რაც მთავარია, ყოველდღე შეიცნობდნენ საკუთარ თავს და ეს ყოველდღიურ გაკვეთილად აქციონ.

ამ სიტყვების თქმით ღმერთმა მიაღწია იმ შედეგებს, რაც მის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა. ამრიგად, იმის მიუხედავად, გაუგო თუ არა კაცობრიობამ, იგი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს და სულ რამდენიმე წინადადებაში გვერდს უვლის, რადგან სატანის საქმეს კაცობრიობასთან არაფერი აქვს საერთო, და ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ახლა კი, სულიერი სამყაროს მიღმა, უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ იმას, თუ როგორ უყენებს ღმერთი ადამიანებს თავის მოთხოვნებს: „ჩემს სავანეში განსვენებული, ყურადღებით ვაკვირდები: დედამიწაზე ყველა ფუსფუსებს, „მთელ მსოფლიოს მოივლის“ და აქეთ-იქით დაეხეტება — და ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი ბედისა და მომავლისთვის. თუმცა, არცერთი მათგანი არ იმეტებს თუნდაც მცირე თავისუფალ ენერგიას ჩემი სამეფოს ასაშენებლად, იმდენსაც კი არა, ამოსუნთქვას რომ სჭირდება.“ კაცობრიობისთვის ამ მიწიერი წეს-ჩვეულებების გაცნობის შემდეგ, ღმერთი მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს მათ, არამედ განაგრძობს საუბარს სულიერი თვალთახედვით და ამ სიტყვების მეშვეობით ამჟღავნებს მთელი ადამიანთა მოდგმის ცხოვრების ზოგად ვითარებას. „მთელ მსოფლიოში მოგზაურობიდან“ და „აქეთ-იქით ხეტიალიდან“ ცხადად ჩანს, რომ ადამიანის ცხოვრება სრული ამაოებაა.“ რომ არა ღვთის დიდებული ხსნა — განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩინეთის იმპერიული დინასტიების დაცემისას, მრავალრიცხოვან ოჯახში დაიბადა — ისინი კიდევ უფრო მეტად იქნებოდნენ მიდრეკილნი იმისკენ, რომ მთელი ცხოვრება ამაოებაში გაეტარებინათ, და ქვეყნად მოვლენას ჯობდა ჰადესში ან ჯოჯოხეთში ჩაცვენილიყვნენ. დიდი წითელი დრაკონის ბატონობის ქვეშ, ისე, რომ თავადვე ვერ გააცნობიერეს, განარისხეს ღმერთი და, შესაბამისად, ბუნებრივად და გაუაზრებლად მოექცნენ ღვთის გაკიცხვის ქვეშ. ამის გამო, ღმერთი ერთმანეთს უპირისპირებს „გადარჩენილებსა“ და „უმადურებს“, რათა ადამიანებმა უფრო მკაფიოდ შეიცნონ საკუთარი თავი და ამით ხაზი გაუსვას მის მხსნელ მადლს. განა ეს კიდევ უფრო დიდ შედეგს არ იძლევა? რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ამის ღიად თქმაც არ არის საჭირო, რომ ადამიანებმა ღვთის სიტყვების შინაარსიდან იგრძნონ: მის ტონში იგრძნობა საყვედურის ელემენტი, ხსნისა და მოწოდების ელემენტი, აგრეთვე — სევდის მსუბუქი მინიშნებაც. ამ სიტყვების წაკითხვისას ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ გულში სიმძიმესა და წუხილს და თავს ვერ იკავებენ, რომ ცრემლები არ გადმოსცვივდეთ... თუმცა ღმერთი არ შეიზღუდება მწუხარების გამო და არც მთელი კაცობრიობის გახრწნილების გამო იტყვის უარს თავისი ხალხის წვრთნასა და მათთვის მოთხოვნების წაყენებაზე. ამის გამო, მისი თემები პირდაპირ ეხება ისეთ ვითარებებს, როგორიც დღევანდელია, უფრო მეტიც, ის კაცობრიობას აუწყებს თავისი ადმინისტრაციული განკარგულებების სიდიადეს, რათა მისი გეგმა წინსვლას განაგრძობდეს. სწორედ ამიტომ შექმნა ღმერთმა შესაბამისი ფონი და, სანამ რკინა ცხელია, ამ კრიტიკულ მომენტში გამოსცა კონსტიტუცია ამ დროისთვის. ადამიანებმა გულმოდგინედ უნდა წაიკითხონ ამ კონსტიტუციის ყველა მუხლი, რათა ჩასწვდნენ ღვთის განზრახვებს. ამაზე მეტის თქმა ახლა არ იქნება მართებული; ადამიანებმა უბრალოდ მეტი უნდა იკითხონ იგი.

დღეს თქვენ — აქ მყოფი ადამიანთა ეს ჯგუფი – ხართ ერთადერთნი, ვინც ჭეშმარიტად ხედავს ღვთის სიტყვებს. მიუხედავად ამისა, ღვთის შეცნობაში, დღევანდელი ხალხი ბევრად ჩამორჩება წარსული ეპოქების თუნდაც ნებისმიერ ცალკეულ ადამიანს. ეს საკმარისად ცხადყოფს, თუ რამდენი ძალისხმევა ჩადო სატანამ ადამიანებში ამ რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში და რა ხარისხით გახრწნა კაცობრიობა — ისეთი დიდი ხარისხით, რომ, მიუხედავად ღვთის მიერ წარმოთქმული მრავალი სიტყვისა, კაცობრიობა მაინც არც უგებს და არც იცნობს მას და კიდევ ბედავს, რომ ადგეს და საჯაროდ დაუპირისპირდეს კიდეც. ამიტომ, ღმერთი წარსული ეპოქების ხალხს ხშირად უსახავს საზომად დღევანდელ ადამიანებს, რათა ამ უკანასკნელთ — მგრძნობელობადაკარგულებსა და გონებაჩლუნგებს, რეალური საორიენტაციო წერტილები მისცეს. რადგან ადამიანებს არ აქვთ ღვთის შესახებ ცოდნა და აკლიათ მისდამი ჭეშმარიტად გულწრფელი რწმენა, ღმერთმა კაცობრიობა კვალიფიკაციისა და გონიერების არმქონედ მიიჩნია; სწორედ ამიტომ, ის ისევ და ისევ იჩენს ადამიანების მიმართ დათმობას და ანიჭებს მათ ხსნას. სულიერ სამყაროში ამ პრინციპებით მიმდინარეობს ბრძოლა: სატანის ამაო იმედია, რომ გარკვეულწილად გახრწნის კაცობრიობას, სამყაროს ბინძურსა და ბოროტს გახდის, და ამგვარად, ხალხს თავისთან ერთად ჭაობში ჩაითრევს და ღვთის გეგმას გაანადგურებს. თუმცა, ღვთის გეგმა არ არის ის, რომ მთელი კაცობრიობა მის მცოდნე ადამიანებად აქციოს, არამედ აირჩიოს ნაწილი მთელის წარმოსადგენად, დანარჩენი კი ნარჩენ პროდუქტად, ნაგვის გროვაზე მოსასროლ წუნდებულ საქონლად დატოვოს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სატანის თვალთახედვით, რამდენიმე ინდივიდის დაუფლება, შესაძლოა, შესანიშნავ შესაძლებლობად ჩანდეს ღვთის გეგმის დასანგრევად, როგორ უნდა შეძლებოდა ისეთ ბეცს, როგორიც სატანაა, ღვთის განზრახვის შეცნობა? სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა დიდი ხნის წინ: „სახე დავფარე, რომ ამ სამყაროსთვის არ მეყურებინა.“ ჩვენ ამის შესახებ ცოტაოდენი რამ ვიცით, და ღმერთი არ მოითხოვს ადამიანებისგან, რომ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ; პირიქით, მას სურს, რომ მათ აღიარონ — ის, რასაც ის აკეთებს, სასწაულებრივი და ამოუცნობია — და ჰქონდეთ მის მიმართ მოწიწებანარევი შიში. ადამიანების წარმოსახვის მიხედვით რომ ყოფილიყო და ღმერთს გარემოებების მიუხედავად გაეკიცხა ისინი, მაშინ მთელი სამყარო დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა. განა ეს არ იქნებოდა სატანის მახეში გაბმის ტოლფასი? და ამიტომ, ღმერთი უბრალოდ იყენებს თავის სიტყვებს იმ შედეგების მისაღწევად, რაც გონებაში აქვს დასახული, თუმცა იშვიათია ფაქტების გამოვლინება. ნუთუ ეს არ არის მისი სიტყვების მაგალითი — „თუ არ გავითვალისწინებდი თქვენი კვალიფიკაციის, გონიერებისა და გამჭრიახობის ნაკლებობას, მაშინ ყველა თქვენგანი ჩემი გაკიცხვის დროს წარიწყმიდებოდა და აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. მიუხედავად ამისა, სანამ დედამიწაზე ჩემი საქმე არ დასრულდება, კაცობრიობის მიმართ შემწყნარებელი ვიქნები?“

წინა:  თავი 4

შემდეგი:  პეტრეს ცხოვრების შესახებ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger