დაპირებები მათ, ვინც სრულქმნილნი ხდებიან
რა არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ადამიანს სრულყოფს? რა ასპექტებს მოიცავს ეს? გსურს, სრულყოფილ იქნე ღვთის მიერ? გსურს, მიიღო მისი სამსჯავრო და გაკიცხვა? რა იცი ამ საკითხების შესახებ? თუკი არ გაქვს ცოდნა, რომელზეც ისაუბრებდი, ეს იმის დამტკიცებაა, რომ ჯერ კიდევ არ იცნობ ღვთის საქმეს და საერთოდ არ ყოფილხარ სულიწმიდისგან ნათელმოფენილი. ასეთი ადამიანების სრულყოფა შეუძლებელია. მათ მხოლოდ მცირეოდენი მადლი ეძლევათ, რათა მოკლე დროით დატკბნენ და ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ადამიანები ვერ იქნებიან ღვთის მიერ სრულყოფილნი, თუ მხოლოდ მისი მადლით ტკბებიან. ზოგი კმაყოფილდება, როდესაც მის ხორცს აქვს მშვიდობა და სიამოვნება, როდესაც მისი ცხოვრება უზრუნველია და მოკლებულია გასაჭირსა და უბედურებას, როდესაც მთელი მისი ოჯახი ჰარმონიაში ცხოვრობს, უთანხმოებისა და დავის გარეშე — და შესაძლოა, მათ ისიც კი სწამდეთ, რომ მხოლოდ ეს არის ღვთის კურთხევა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ღვთის მადლია. თქვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ღვთის მადლით ტკბობით. ასეთი აზროვნება მეტისმეტად ხორციელია. მაშინაც კი, თუ ყოველდღე კითხულობ ღვთის სიტყვებს, ყოველდღე ლოცულობ და შენი სული დიდ სიამოვნებას განიცდის და განსაკუთრებით მშვიდია, თუ საბოლოოდ არაფერი გაქვს სათქმელი ღვთისა და მისი საქმის შეცნობის შესახებ, თუ არაფერი გამოგიცდია, და რამდენიც არ უნდა ჭამო და სვა ღვთის სიტყვები, თუ მხოლოდ სულიერ მშვიდობასა და სიამოვნებას გრძნობ და გრძნობ, რომ ღვთის სიტყვა შეუდარებლად ტკბილია, თითქოს მისით სათანადოდ ვერასოდეს დატკბები, მაგრამ არ გაგაჩნია ღვთის სიტყვების არავითარი პრაქტიკული გამოცდილება და სრულიად მოკლებული ხარ მისი სიტყვების რეალობას, მაშინ რას მოიპოვებ ღვთის ამგვარი რწმენით? თუ არ შეგიძლია ღვთის სიტყვების არსის ცხოვრებაში გამოვლენა, მაშინ შენ მიერ ამ სიტყვების ჭამა და სმა და შენი ლოცვები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური რწმენა. ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან ღვთის მიერ სრულყოფილნი და ვერც მის მიერ მოპოვებულნი. ღვთის მიერ მოპოვებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. ის, რასაც ღმერთი მოიპოვებს, ადამიანის ხორცი კი არ არის და არც ის, რაც მას ეკუთვნის, არამედ მის შიგნით არსებული ის ნაწილი, რომელიც ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ, როდესაც ღმერთი ადამიანებს სრულყოფს, ის მათ ხორცს კი არ სრულყოფს, არამედ მათ გულებს, რითაც შესაძლებელს ხდის, რომ მათი გულები ღმერთმა მოიპოვოს; ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთის მიერ ადამიანის სრულყოფა, თავისი არსით, ადამიანის გულის სრულყოფაა, რათა ეს გული ღმერთისკენ შემობრუნდეს და ის შეიყვაროს.
ადამიანის სხეული ხორცისა და სისხლისაა. ღვთისთვის აზრს მოკლებულია ადამიანის ხორცის მოპოვება, რადგან ადამიანის ხორცი ისეთი რამ არის, რაც გარდაუვალად გაიხრწნება და ვერ მიიღებს მის მემკვიდრეობას ან კურთხევებს. ადამიანის ხორციც რომ იყოს მოპოვებული და ამ ნაკადში მხოლოდ ადამიანის ხორცი იმყოფებოდეს, მაშინ, თუმცა ადამიანი მხოლოდ სახელად იქნებოდა ამ ნაკადში, მისი გული მაინც სატანის კუთვნილება იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები არა მხოლოდ ვერ გახდებოდნენ ღვთის გამოვლინება, არამედ მის ტვირთადაც იქცეოდნენ და, ამგვარად, ღვთის მიერ ადამიანების არჩევა აზრს დაკარგავდა. ვისი სრულყოფაც ღმერთს განუზრახავს, ყველანი მიიღებენ მის კურთხევებსა და მის მემკვიდრეობას. ეს ნიშნავს, რომ ისინი იღებენ იმას, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის, რათა ეს იქცეს იმად, რაც მათ შიგნით აქვთ; მათშია ჩაქსოვილი ღვთის ყველა სიტყვა; და როგორიც არ უნდა იყოს ღვთის არსება, მათ შეუძლიათ, ყველაფერი ზუსტად ისე მიიღონ, როგორც არის. ამგვარად, ისინი ცხოვრებაში გამოავლენენ ჭეშმარიტებას. ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც ღვთის მიერ არის სრულყოფილი და ღვთის მიერაა მოპოვებული. მხოლოდ ასეთი ადამიანია ღირსი, დაიმკვიდროს ღვთის მიერ ბოძებული კურთხევები:
1. ღვთის სრული სიყვარულის მოპოვება.
2. ყველაფერში ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედება.
3. ღვთის გზამკვლევობის მოპოვება, ღვთის განათებაში ცხოვრება და ღვთის გაცისკროვნების მოპოვება.
4. დედამიწაზე იმ ხატის ცხოვრებაში გამოვლენა, რომელიც ღმერთს უყვარს; პეტრეს მსგავსად ყოფნა, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარდა ღმერთი და რომელიც ღვთისთვის ჯვარს ეცვა; და რომელიც ღირსი იყო, ღმერთისთვის მომკვდარიყო; პეტრესნაირი დიდების ქონა.
5. დედამიწაზე ყველასთვის სიყვარულის, პატივისცემისა და აღფრთოვანების საგნად ყოფნა.
6. სიკვდილისა და ჰადესის მონობის ყველა ასპექტის დაძლევა, სატანისთვის მისი საქმის გასაკეთებლად არავითარი შესაძლებლობის მიცემა, ღვთით მოცული ყოფნა, ახალსა და ცოცხალ სულში ცხოვრება და მოყირჭების განცდის უქონლობა.
7. ყოველთვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე, ენით აღუწერელი აღტაცებისა და აღმაფრენის შეგრძნება, თითქოს კაცს ღვთის დიდების დღის მოსვლა ეხილოს.
8. ღმერთთან ერთად დიდების მოპოვება და ისეთი იერსახის ქონა, რომელიც ღვთის საყვარელ წმინდანებს ჰგავს.
9. დედამიწაზე იმად ქცევა, რაც ღმერთს უყვარს, ანუ ღვთის საყვარელ ძედ ყოფნა.
10. ფორმის შეცვლა, ღმერთთან ერთად მესამე ცაზე ამაღლება და ხორცზე აღმატება.
მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია ღვთის კურთხევების დამკვიდრება, არიან ღვთის მიერ სრულყოფილნი და მოპოვებულნი. ამჟამად, რაიმე მოიპოვე? რამდენად სრულგყო ღმერთმა? ღმერთი ადამიანს შემთხვევით არ სრულყოფს; ადამიანის სრულყოფა პირობითია და მას ნათელი, თვალსაჩინო შედეგები აქვს. ეს ისე არ არის, როგორც ადამიანს წარმოუდგენია, თითქოს მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთის სწამს, იგი ღვთის მიერ სრულყოფილი და მოპოვებული იქნება, და დედამიწაზე მიიღოს ღვთის კურთხევები და მემკვიდრეობა. ასეთი რამეები უკიდურესად რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანთა ფორმის შეცვლაზე. ამჟამად, თქვენ, უმთავრესად, უნდა ესწრაფვოდეთ იმას, რომ ყველა საკითხში ღვთის მიერ სრულყოფილნი გახდეთ, რომ ღვთის მიერ სრულყოფილნი გახდეთ ყველა იმ ადამიანის, მოვლენისა და საგნის მეშვეობით, რომელთაც პირისპირ აწყდებით, და რომ მის მიერ თქვენში უფრო მეტად ჩაინერგოს ღვთის არსება. თქვენ ჯერ დედამიწაზე უნდა მიიღოთ ღვთის მემკვიდრეობა; მხოლოდ მაშინ შეიქმნებით ღირსნი, ღვთისგან უფრო მეტი და უფრო დიდი კურთხევები დაიმკვიდროთ. ეს ყველაფერი ისაა, რასაც უნდა ესწრაფვოდეთ და რაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გესმოდეთ. რაც უფრო მეტად ესწრაფვით ღვთის მიერ სრულყოფას ყველაფერში, მით უფრო მეტად შეძლებთ ყოველივეში ღვთის ხელის დანახვას, რის შედეგადაც სხვადასხვა კუთხითა და სხვადასხვა საკითხში აქტიურად ისწრაფებთ ღვთის სიტყვის არსებაში შესასვლელად და მისი სიტყვის რეალობაში შესასვლელად. თქვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ ისეთი ნეგატიური მდგომარეობებით, როგორიცაა უბრალოდ ცოდვების არჩადენა, ან წარმოდგენების, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიისა და ადამიანური ნების უქონლობა. ღმერთი ადამიანს მრავალგვარი გზით სრულყოფს; არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა საკითხში სრულყოფილ იქნე, და მას შეუძლია შენი სრულყოფა არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი კუთხითაც, რათა ის, რასაც მოიპოვებ, უფრო უხვი გახდეს. ყოველდღე არსებობს ღვთის მიერ სრულყოფის შესაძლებლობები და მის მიერ მოპოვების მომენტები. ამგვარად, გარკვეული დროის განმავლობაში გამოცდილების მიღების შემდეგ, დიდად შეიცვლები და ბუნებრივად ნათლად დაინახავ მრავალ რამეს, რაც ადრე არ გესმოდა. სხვების დარიგება აღარ დაგჭირდება; შენთვის შეუმჩნევლად, ღმერთი ნათელს მოგფენს, რათა ყოველივეში მიიღო გაცისკროვნება და შენი გამოცდილებების ყველა დეტალში შეხვიდე. ღმერთი აუცილებლად გაგიძღვება, რათა არც მარცხნივ გადაუხვიო და არც მარჯვნივ, და ამგვარად დაადგები მის მიერ სრულყოფის გზას.
ღვთის მიერ სრულყოფა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ღვთის სიტყვის ჭამითა და სმით მიღწეული სრულყოფით. ამგვარი გზით გამოცდილების მიღება მეტისმეტად ცალმხრივი და მცირედის მომცველი იქნება და ადამიანებს მხოლოდ ძალიან ვიწრო ფარგლებში მოაქცევს. ამ შემთხვევაში ადამიანებს დააკლდებოდათ სულიერი საზრდოს დიდი ნაწილი, რომელიც მათ სჭირდებათ. თუ თქვენ გსურთ, რომ ღვთის მიერ სრულყოფილნი გახდეთ, უნდა ისწავლოთ როგორ მიიღოთ გამოცდილება ყოველგვარ საკითხში და შეძლოთ გაცისკროვნება ყოველივე იქიდან, რაც თქვენ გადაგხდებათ. კარგი იქნება ეს თუ ცუდი, ამან სარგებელი უნდა მოგიტანოს და არ გაგხადოს ნეგატიური. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა შეგეძლოს საგნების დანახვა ღვთის მხარეს დგომით და არ გააანალიზო ან შეისწავლო ისინი ადამიანური ხედვით (ეს შენს გამოცდილებაში გადახრა იქნებოდა). თუ ამგვარად გამოცდი ყველაფერს, მაშინ შენი გული შენივე სიცოცხლის ტვირთით აივსება; შენ მუდმივად იცხოვრებ ღვთის სახის სინათლეში და შენს პრაქტიკაში ნაკლებად გექნება გადახრები. ასეთ ადამიანებს ნათელი მომავალი ელით. ღვთის მიერ სრულყოფის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხართ თუ არა თქვენ ისინი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი და გაქვთ თუ არა ურყევი ნება, იყოთ სრულყოფილნი ღვთის მიერ, მოპოვებულნი ღვთის მიერ და მიიღოთ მისი კურთხევა და მემკვიდრეობა. მხოლოდ ურყევი ნება არ არის საკმარისი; თქვენ უნდა გქონდეთ დიდი ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის გექნებათ გადახრები თქვენს პრაქტიკაში. ღმერთს სურს თითოეული თქვენგანის სრულყოფა. ახლანდელი გადმოსახედით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობამ უკვე ძალიან დიდი ხანია მიიღო ღვთის საქმე, ისინი მხოლოდ ღვთის მადლით ტკბობით შემოიფარგლნენ, და მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ ღმერთმა მცირედი ხორციელი ნუგეში სცეს, მაგრამ არ სურთ, მიიღონ უფრო მეტი და უფრო მაღალი გაცხადებები. ეს აჩვენებს, რომ ადამიანის გული ჯერ კიდევ ყოველთვის გარეთაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის საქმე, მისი მსახურება და მისი ღვთისმოყვარე გული ნაკლებ მინარევს შეიცავს, რაც შეეხება მის შინაგან სუბსტანციასა და ჩამორჩენილ აზროვნებას, ადამიანი მაინც მუდმივად ისწრაფვის ხორციელი მშვიდობისა და სიამოვნებისაკენ; და საერთოდ არ ზრუნავს იმაზე, თუ რა პირობები და მიზნები აქვს ღმერთს ადამიანის სრულყოფისთვის. ამიტომ, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება კვლავინდებურად ხორციელი და გახრწნილია. მათი ცხოვრება ოდნავადაც არ შეცვლილა; ისინი უბრალოდ ღვთის რწმენას მნიშვნელოვან საქმედ არ მიიჩნევენ, თითქოს რწმენა მხოლოდ სხვების დასანახად აქვთ, ფორმალურად მოქმედებენ, როგორც გამოვა ისე მიათრევენ ცხოვრებას და უღირს არსებობას აგრძელებენ. ცოტანი არიან ისინი, ვისაც შეუძლიათ, ყოველივეში ეძიონ ღვთის სიტყვაში შესვლა და მოიპოვონ უფრო მეტი და უფრო უხვი რამ, დღეს ღვთის სახლში უფრო მდიდარი ადამიანები გახდნენ და ღვთის მეტი კურთხევა მიიღონ. თუ ისწრაფვი, რომ ყველაფერში ღვთის მიერ სრულყოფილი გახდე, და შეგიძლია მიიღო ის, რაც ღმერთმა დედამიწაზე აღგითქვა, თუ ისწრაფვი, რომ ყველაფერში ღვთის მიერ გაცისკროვნებული იყო და წლებს უქმად გასვლის უფლებას არ აძლევ, მაშინ ეს არის საუკეთესო გზა აქტიურად შესასვლელად. მხოლოდ ამგვარად გახდები შესაფერისი და ღირსი ღვთის მიერ სრულყოფისა. ნამდვილად ხარ ადამიანი, რომელიც ღვთის მიერ სრულყოფისკენ ისწრაფვის? ნამდვილად ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერში გულმოდგინეა? გაქვს ღმერთისადმი სიყვარულის იგივე სული, რაც პეტრეს ჰქონდა? გაქვს ღვთის სიყვარულის ისეთივე ურყევი ნება, როგორიც იესოს ჰქონდა? მრავალი წელია იესოსი გწამს; გინახავს, როგორ უყვარდა იესოს ღმერთი? ნამდვილად იესოა ის, ვისიც გწამს? შენ დღევანდელი პრაქტიკული ღმერთის გწამს; გინახავს, როგორ უყვარს ხორცშესხმულ პრაქტიკულ ღმერთს ზეციერი ღმერთი? შენ გწამს უფალი იესო ქრისტესი, რადგან იესოს ჯვარცმა კაცობრიობის გამოსასყიდად და მის მიერ მოხდენილი სასწაულები საყოველთაოდ აღიარებული ფაქტებია. თუმცა ადამიანის რწმენა იესო ქრისტეს ცოდნიდან და ჭეშმარიტი გაგებიდან არ მომდინარეობს. შენ მხოლოდ იესოს სახელის გწამს, მაგრამ არ გწამს მისი სულის, რადგან საერთოდ არ აქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ უყვარდა იესოს ღმერთი. შენი ღვთისადმი რწმენა მეტისმეტად გულუბრყვილოა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია იესოსი გწამს, არ იცი, როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი. განა ეს არ გაქცევს ამქვეყნად ყველაზე დიდ სულელად? ეს ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში ამაოდ ჭამდი „უფალ იესო ქრისტეს საკვებს“. მე არა მხოლოდ არ მომწონს ასეთი ადამიანები, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უფალ იესო ქრისტესაც — რომელსაც შენ ეთაყვანები — არ მოეწონებოდა ისინი. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები სრულყოფილნი გახდნენ? უხერხულობისგან სახე არ გიწითლდება? სირცხვილს არ გრძნობ? კიდევ გეყოფა კადნიერება, რომ წარდგე შენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე? ყველას გესმით ჩემი ნათქვამის მნიშვნელობა?