დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (3)

დაპყრობის საქმის განზრახული ეფექტი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ ადამიანის ხორცი აღარ აჯანყდეს; ანუ, ადამიანის გონებამ ღმერთის შესახებ ახალი ცოდნა შეიძინოს, ადამიანის გული სრულად დაემორჩილოს ღმერთს და ადამიანს ღვთის გულისთვის მტკიცე გადაწყვეტილებები ჰქონდეს. ადამიანები დაპყრობილად არ ითვლებიან მაშინ, როდესაც მათი პიროვნება ან ხორცი იცვლება; როდესაც იცვლება მათი აზროვნება, მათი ცნობიერება და მათი გონება, ანუ როდესაც იცვლება მთელი მათი შინაგანი ხედვა — სწორედ მაშინ იქნებიან ისინი ღვთის მიერ დაპყრობილნი. როდესაც გაქვს მორჩილების გადაწყვეტილება, როცა ახალი აზროვნება შეითვისე, აღარ გაქვს არანაირი წარმოდგენები ღვთის სიტყვებისა და საქმის შესახებ და არც რაიმე განზრახვები მათ მიმართ, და შენს ტვინს ნორმალურად აზროვნების უნარი აქვს — ანუ, როცა მთელი გულით შეგიძლია თავი გაიღო ღვთისთვის — მაშინ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც სრულად არის დაპყრობილი. რელიგიაში ბევრი ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიდ ტანჯვას განიცდის: ისინი სხეულებს იმორჩილებენ, ჯვარს ატარებენ, და მაშინაც კი აგრძელებენ ტანჯვასა და მოთმენას, როცა სიკვდილის პირას არიან! ზოგი სიცოცხლის ბოლო დილასაც კი მარხულობს. ისინი მთელი სიცოცხლე უარს ამბობენ კარგ საკვებსა და ტანსაცმელზე და მხოლოდ ტანჯვაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შეუძლიათ სხეულის დამორჩილება და ხორცის წინააღმდეგ ამბოხება. მათი ტანჯვის მოთმინებით ატანის სულისკვეთება საქებარია. მაგრამ მათი აზროვნება, წარმოდგენები, შინაგანი ხედვა და ძველი ბუნება ოდნავადაც კი არ ყოფილა გასხლული. მათ საკუთარი თავის შესახებ არანაირი ჭეშმარიტი ცოდნა არ გააჩნიათ. ღვთის შესახებ მათი შინაგანი ხატი ტრადიციული, ბუნდოვანი ღვთის ხატია. მათი გადაწყვეტილება, ღვთისთვის იტანჯონ, მათი ენთუზიაზმითა და ადამიანობის კარგი თვისებებით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ ღვთის სწამთ, არც ღვთის ესმით და არც მისი განზრახვები იციან. ისინი მხოლოდ ბრმად შრომობენ და იტანჯებიან ღვთისთვის. ისინი გარჩევის უნარს საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, როგორ უზრუნველყონ, რომ მათი მსახურება მართლაც ღვთის განზრახვების შესაბამისად სრულდებოდეს, და მით უფრო ნაკლებად იციან, როგორ მივიდნენ ღვთის ჭეშმარიტ შეცნობამდე. ისინი არ ემსახურებიან ღმერთს მისი თანდაყოლილი სახით, არამედ იმ ღმერთს, რომელიც თავად წარმოიდგინეს — ღმერთს, რომლის შესახებაც მხოლოდ სმენიათ ან წერილობითი გადმოცემებიდან წაუკითხავთ. შემდეგ ისინი თავიანთ მდიდარ წარმოსახვასა და ღვთისმოსაობას იყენებენ, რათა ღვთისთვის იტანჯონ და საკუთარ თავზე აიღონ ის საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთს სურს. მათი მსახურება მეტისმეტად არაზუსტია, ისე, რომ პრაქტიკულად არცერთ მათგანს არ შეუძლია ჭეშმარიტად მსახურება ღვთის განზრახვების შესაბამისად. რაც არ უნდა ხალისით იტანჯებოდნენ, მათი თავდაპირველი თვალთახედვა მსახურებაზე და ღვთის შესახებ მათი შინაგანი წარმოდგენა უცვლელი რჩება, რადგან მათ არ გაუვლიათ ღვთის განკითხვა, გაკიცხვა, გამოწრთობა და სრულყოფა, და არც არავინ წამძღვარებია მათ ჭეშმარიტებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი იესოსი, არცერთ მათგანს არასოდეს უნახავს მაცხოვარი. ისინი მას მხოლოდ გადმოცემებითა და სხვებისგან გაგონილი ამბებით იცნობენ. შედეგად, მათი მსახურება სხვა არაფერია, თუ არა ბრმად მსახურება — როგორც ბრმა კაცი ემსახურება საკუთარ მამას. საბოლოოდ, რისი მიღწევა შეიძლება ასეთი მსახურებით? და ვინ მოიწონებდა მას? თავიდან ბოლომდე მათი მსახურება უცვლელი რჩება; ისინი მხოლოდ ადამიანისგან მომდინარე სწავლებებს იღებენ და მსახურებას საკუთარ ბუნებრიობასა და პირად სურვილებზე აფუძნებენ. რა საზღაური შეიძლება მოიტანოს ამან? პეტრემაც კი, რომელმაც იესო იხილა, არ იცოდა, როგორ ემსახურა ღვთის განზრახვების შესაბამისად; მან ეს მხოლოდ ცხოვრების ბოლოს, სიბერეში გაიგო. მაშ, რა შეიძლება ითქვას იმ ბრმა ადამიანებზე, რომლებსაც ოდნავადაც არ განუცდიათ გასხვლა და რომლებსაც არავინ წამძღვარებია? განა ბევრი თქვენგანის დღევანდელი მსახურება ამ ბრმა ადამიანების მსახურებას არ ჰგავს? განა ყველა ის ადამიანი, ვისაც არ მიუღია განკითხვა და გასხვლა და არ შეცვლილა, სრულად დაპყრობილად შეიძლება ჩაითვალოს? რა სარგებლობა მოაქვთ ასეთ ადამიანებს? თუ შენი აზროვნება, სიცოცხლის შესახებ შენი ცოდნა და ღვთის შესახებ შენი ცოდნა არ იცვლება და ჭეშმარიტად არაფერს იძენ, მაშინ შენს მსახურებაში ვერასოდეს მიაღწევ რაიმე შედეგს! ხედვისა და ღვთის საქმის შესახებ ახალი ცოდნის გარეშე, შენ დაპყრობილი არ ხარ. თუ ასე მიჰყვები ღმერთს, იმ ადამიანებს ემსგავსები, რომლებიც იტანჯებიან და მარხულობენ — ამას მცირე ღირებულება აქვს! სწორედ იმიტომ, რომ მათ მოქმედებებში თითქმის არ ჩანს მოწმობა, ვამბობ, რომ მათი მსახურება ფუჭია! ეს ადამიანები მთელი ცხოვრება იტანჯებიან და ციხეში ატარებენ დროს; ისინი მუდამ თვინიერნი და მოსიყვარულენი არიან, ჯვარს ზიდავენ, სამყარო კი მათ ცილს სწამებს და უარყოფს — მათ უამრავი სიძნელის გადატანა უწევთ. თუმცა ბოლომდე მორჩილებას ინარჩუნებენ, მაინც არ არიან დაპყრობილნი და ვერ წარმოაჩენენ დაპყრობის მოწმობას. მათ დიდი ტანჯვა გამოიარეს, მაგრამ შინაგანად ღმერთს საერთოდ არ იცნობენ. მათი ძველი აზროვნება, ძველი წარმოდგენები, რელიგიური პრაქტიკები, ადამიანური ცოდნა და ადამიანური აზრები საერთოდ არ ყოფილა გასხლული. მათში ახალი ცოდნის უმცირესი ნიშანიც კი არ არის. ღვთის შესახებ მათ ცოდნაში მცირედიც კი არ არის ჭეშმარიტი ან ზუსტი. მათ არასწორად გაიგეს ღვთის განზრახვები. განა ეს ღვთის მსახურებაა? როგორიც არ უნდა ყოფილიყო შენი ცოდნა ღვთის შესახებ წარსულში, თუ ის დღესაც უცვლელია და, რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, შენ კვლავ ღვთის შესახებ შენს ცოდნას საკუთარ წარმოდგენებსა და აზროვნებაზე აფუძნებ, ანუ თუ ღვთის შესახებ ახალი, ჭეშმარიტი ცოდნა არ გაქვს და ვერ შეიცნობ ღვთის თანდაყოლილ ხატსა და ხასიათს, თუ ღვთის შესახებ შენი ცოდნა კვლავ ფეოდალური, ცრურწმენებით სავსე აზროვნებით იმართება და კვლავ ადამიანურ წარმოსახვებსა და წარმოდგენებს აჩვენებს, მაშინ შენ დაპყრობილი არ ხარ. ყველა ეს სიტყვა, რომელსაც ახლა გეუბნები, იმისთვისაა, რომ ამ ცოდნამ ღვთის შესახებ ახალ და ზუსტ შეცნობამდე მიგიყვანოს; ისინი, ასევე, იმისთვისაა, რომ შენში არსებული ძველი წარმოდგენები და ძველი ცოდნა გასხლას, რათა ახალი ცოდნა გქონდეს. თუ ჭეშმარიტად ჭამ და სვამ ჩემს სიტყვებს, შენი ცოდნა მნიშვნელოვნად შეიცვლება. სანამ მორჩილი გულით ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, შენი თვალთახედვა შეიცვლება. თუ შეძლებ განმეორებითი გაკიცხვების მიღებას, შენი ძველი აზროვნება თანდათან შეიცვლება. როცა შენი ძველი აზროვნება მთლიანად ჩანაცვლდება ახლით, შენი პრაქტიკაც შესაბამისად შეიცვლება. ამგვარად, შენი მსახურება სულ უფრო მეტად მიზანმიმართული გახდება და სულ უფრო მეტად შეძლებს ღვთის განზრახვების შესრულებას. თუ შეგიძლია შეცვალო შენი სიცოცხლე, ადამიანური სიცოცხლის შესახებ შენი ცოდნა და ღვთის შესახებ შენი მრავალი წარმოდგენა, მაშინ შენი ბუნებრიობა თანდათან შემცირდება. სწორედ ეს არის ღმერთის მიერ ადამიანების დაპყრობის ეფექტი — და არა სხვა რამ; ეს არის ცვლილება, რომელიც ადამიანებში ხდება. თუ ღვთისადმი რწმენაში მხოლოდ ის იცი, როგორ დაიმორჩილო შენი სხეული, როგორ ითმინო და იტანჯო, და არ იცი, ეს სწორია თუ არასწორი, მით უფრო — ვისთვის კეთდება ეს, მაშინ როგორ შეიძლება ასეთმა პრაქტიკამ ცვლილებამდე მიგიყვანოს?

გაიგეთ, რომ თქვენგან იმას არ ვითხოვ, თქვენი ხორცი მონობაში გყავდეთ ან თქვენს ტვინს თვითნებური აზრების ფიქრი შეაწყვეტინოთ. ეს არც საქმის მიზანია და არც ის საქმე, რომელიც ახლა უნდა შესრულდეს. ახლა თქვენ ცოდნა დადებითი მხრიდან უნდა შეიძინოთ, რათა საკუთარი თავი შეცვალოთ. ყველაზე აუცილებელი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ ღვთის სიტყვებით აღიჭურვოთ, ანუ სრულად აღიჭურვოთ ამჟამინდელი ჭეშმარიტებითა და ხედვით, შემდეგ კი შეუდგეთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. მე თქვენგან არ მოვითხოვ, ეძებოთ და მოიპოვოთ კიდევ უფრო დიდი განათება. ამჟამად თქვენ უბრალოდ არ გაქვთ ამის სიმწიფე. თქვენგან მოითხოვება ის, რომ ყველაფერი გააკეთოთ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისთვის. თქვენ უნდა გაიაზროთ ღვთის საქმე და იცოდეთ საკუთარი ბუნება, საკუთარი არსი და საკუთარი ძველი სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა იცოდეთ თქვენი წარსული მცდარი პრაქტიკები და ის ადამიანური ქმედებები, რომლებსაც ეწეოდით. იმისთვის, რომ შეიცვალოთ, აზროვნების შეცვლით უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში, თქვენი ძველი აზროვნება ახლით შეცვალეთ და თქვენს ახალ აზროვნებას მიეცით საშუალება, მართოს თქვენი სიტყვები, ქმედებები და ცხოვრება. სწორედ ეს მოეთხოვება დღეს თითოეულ თქვენგანს. ბრმად ნუ განახორციელებთ პრაქტიკას და ბრმად ნუ მიჰყვებით. საფუძველი და მიზანი უნდა გქონდეთ. თავს ნუ მოიტყუებთ. თქვენ უნდა იცოდეთ ზუსტად რისთვის გწამთ ღმერთის, რა უნდა მოიპოვოთ მისგან და როგორ უნდა შეხვიდეთ ახლა. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იცოდე.

ის, რაშიც ამჟამად უნდა შეხვიდეთ, არის თქვენი სიცოცხლის ამაღლება და თქვენი კალიბრის გაზრდა. გარდა ამისა, თქვენ უნდა შეცვალოთ ის ძველი თვალთახედვები, რომლებიც წარსულიდან მოგყვებათ, შეცვალოთ თქვენი აზროვნება და შეცვალოთ თქვენი წარმოდგენები. თქვენს მთელ ცხოვრებას განახლება სჭირდება. როდესაც ღვთის მიერ აღსრულებული საქმეების შესახებ შენი ცოდნა შეიცვლება, როდესაც ახლებურად შეიცნობ იმ ყველაფრის ჭეშმარიტებას, რასაც ღმერთი ამბობს, და როდესაც შენში არსებული ცოდნა ამაღლდება, მაშინ შენი სიცოცხლე უკეთესობისკენ შემობრუნდება. ყველაფერი, რასაც ადამიანები ახლა აკეთებენ და ამბობენ, პრაქტიკულია. ეს მოძღვრებები კი არ არის, არამედ ის არის, რაც ადამიანებს სიცოცხლისთვის სჭირდებათ და რაც მათ უნდა გააჩნდეთ. ეს არის ცვლილება, რომელიც ადამიანებში დაპყრობის საქმის დროს ხდება, ცვლილება, რომელიც ადამიანებმა უნდა განიცადონ, და ის ეფექტი, რომელიც მათი დაპყრობის შემდეგ დგება. როდესაც შენი აზროვნება შეიცვლება, ახალ შინაგან ხედვას შეითვისებ, უარყოფ შენს წარმოდგენებს, განზრახვებსა და წარსულ ლოგიკურ მსჯელობებს, მოიშორებ შენში ღრმად ფესვგადგმულ რაღაცებს და ღვთისადმი რწმენის შესახებ ახალ ცოდნას მოიპოვებ, მაშინ შენ მიერ მიცემული მოწმობები ამაღლდება და შენი მთელი არსება ჭეშმარიტად შეიცვლება. ეს ყველაფერი ყველაზე რეალისტური, ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე საფუძვლიანი რაღაცებია — ის, რასაც ადამიანები წარსულში ვერ აღიქვამდნენ და რასთანაც მათ წვდომა არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი სულის ჭეშმარიტი საქმეა. დღევანდელთან შედარებისას მიხვდები, როგორ გესმოდა ბიბლია წარსულში. წარსულში მოსეს, პეტრეს, პავლეს და ყველა იმ ბიბლიური გამონათქვამისა და თვალთახედვის მიმართ შენი დამოკიდებულება მათ განდიდებას გულისხმობდა. ახლა რომ გთხოვონ ბიბლიის განდიდება, გააკეთებდი ამას? შენ დაინახავდი, რომ ბიბლია ადამიანების მიერ დაწერილ მეტისმეტად ბევრ ჩანაწერს შეიცავს და რომ ის მხოლოდ ადამიანისეული გადმოცემაა ღვთის საქმის ორი ეტაპის შესახებ. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის შესახებ შენი ცოდნა შეიცვალა? დღეს მათეს სახარებაში მოცემული იესოს გენეალოგიისთვის რომ შეგეხედა, იტყოდი: „იესოს გენეალოგია? სისულელეა! ეს იოსების გენეალოგიაა და არა იესოსი. იესოსა და იოსებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“. როდესაც ახლა ბიბლიას უყურებ, მის შესახებ შენი ცოდნა განსხვავებულია, რაც ნიშნავს, რომ შენი ხედვა შეიცვალა და მასზე უფრო მაღალი დონის ცოდნა გაქვს, ვიდრე მაღალი რანგის რელიგიურ მოღვაწეებს. ვინმემ რომ თქვას, ამ გენეალოგიაში რაღაც არისო, შენ უპასუხებდი: „რა არის მასში? მიდი, ახსენი. იესო და იოსები ნათესავები არ არიან. განა ეს არ იცი? შეიძლება იესოს გენეალოგია ჰქონდეს? როგორ შეიძლება იესოს წინაპრები ჰყავდეს? როგორ შეიძლება ის ადამიანის შთამომავალი იყოს? მისი ხორცი მარიამისგან დაიბადა; მისი სული ღვთის სულია და არა ადამიანის სული. იესო ღვთის საყვარელი ძეა, მაშ როგორ შეიძლება მას გენეალოგია ჰქონდეს? მიწაზე ყოფნისას ის კაცობრიობის წევრი არ ყოფილა, მაშ, როგორ შეიძლება მას გენეალოგია ჰქონდეს?“ როდესაც გენეალოგიას გააანალიზებ და ნამდვილ გარემოებებს მკაფიოდ ახსნი, გაუზიარებ იმას, რაც გაიგე, ის ადამიანი ვეღარაფერს გიპასუხებს. ზოგი ადამიანი ბიბლიაზე დაყრდნობით გკითხავს: „იესოს გენეალოგია ჰქონდა. აქვს თუ არა შენს დღევანდელ ღმერთს გენეალოგია?“ მაშინ შენ მათ გაუზიარებ ყველაზე პრაქტიკულ ცოდნას, რაც გაქვს, და, ამგვარად, შენი ცოდნა თავის ეფექტს გამოიღებს. სინამდვილეში, იესოს იოსებთან არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდა, მით უფრო — აბრაამთან; ის უბრალოდ ისრაელში დაიბადა. თუმცა ღმერთი არც ისრაელიტია და არც ისრაელიტთა შთამომავალი. ისრაელში დაბადება აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთია. მან ხორცშესხმის საქმე მხოლოდ თავისი საქმის საჭიროებიდან გამომდინარე აღასრულა. ღმერთი მთელი სამყაროს ყველა ქმნილების ღმერთია. მან უბრალოდ თავისი საქმის ერთი ეტაპი ჯერ ისრაელში აღასრულა, ამის შემდეგ კი წარმართ ერებს შორის დაიწყო მუშაობა. თუმცა ადამიანები იესოს ისრაელიტთა ღმერთად მიიჩნევდნენ და, უფრო მეტიც, ისრაელიტთა და დავითის შთამომავლებს შორის აყენებდნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დღეების დასასრულს იეჰოვას სახელი დიდი იქნება წარმართ ერებს შორის, რაც ნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში ღმერთი წარმართ ერებს შორის იმოქმედებს. ღმერთი იუდეაში ხორცშესხმული გახდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ იუდეველები უყვარს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამას საქმე მოითხოვდა; ეს არ ნიშნავს, რომ ხორცშესხმა ღმერთს მხოლოდ ისრაელში შეეძლო (რადგან ისრაელიტები მისი რჩეული ხალხი იყო). განა ღვთის რჩეული ადამიანები წარმართ ერებს შორისაც არ არიან? მას შემდეგ, რაც იესომ იუდეაში თავისი საქმე დაასრულა, ეს საქმე წარმართ ერებში გავრცელდა. (ისრაელიტები ყველა ერს, ისრაელის გარდა, „წარმართ ერებს“ უწოდებდნენ.) სინამდვილეში, იმ წარმართ ერებს შორისაც იყვნენ ღვთის რჩეული ადამიანები; უბრალოდ, იმ დროს იქ ჯერ არ მიმდინარეობდა საქმე. ადამიანები ისრაელს ასეთ დიდ მნიშვნელობას იმიტომ ანიჭებდნენ, რომ საქმის პირველი ორი ეტაპი ისრაელში განხორციელდა, ხოლო წარმართ ერებში მაშინ საქმე არ მიმდინარეობდა. წარმართ ერებს შორის საქმე მხოლოდ დღეს იწყება, ამიტომაც არის ადამიანებისთვის მისი მიღება ასე რთული. თუ ამ ყველაფრის მკაფიოდ გაგება შეგიძლია, თუ შეგიძლია, სწორად გაიაზრო და სწორად შეხედო ამას, და დღევანდელი და წარსულის ღმერთის შესახებ ზუსტი ცოდნა გაქვს, მაშინ შენი ცოდნა აღემატება ღვთის შესახებ იმ ცოდნას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყველა წმინდანს ჰქონდა. თუ დღევანდელ საქმეს განიცდი და დღეს ღვთის პირად გამონათქვამებს ისმენ, მაგრამ ღვთის მთლიანობის შესახებ ცოდნა არ გაქვს, და შენი ძიება კვლავ ძველებური რჩება და რაიმე ახლით არ იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელ ამ დაპყრობის საქმეს განიცდი, მაგრამ საბოლოოდ შენში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ჩანს, მაშინ განა შენი რწმენა იმ ადამიანების რწმენას არ ჰგავს, რომლებიც მხოლოდ პურის ჭამით გაძღომას ეძიებენ? ასეთ შემთხვევაში, დაპყრობის საქმე შენში ვერანაირ ეფექტს ვერ გამოიღებს. მაშინ, განა შენც იმათ შორის არ აღმოჩნდები, ვინც უნდა განიდევნოს?

როდესაც დაპყრობის მთელი საქმე დასასრულს მიაღწევს, აუცილებელია, ყველამ გაიგოთ, რომ ღმერთი მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთი კი არ არის, არამედ ყველა ქმნილების ღმერთია. მან შექმნა მთელი კაცობრიობა და არა მხოლოდ ისრაელიტები. თუ ამბობ, რომ ღმერთი მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთია, ან რომ შეუძლებელია, ღმერთი ისრაელის გარეთ რომელიმე ერში ხორცშესხმულიყო, მაშინ დაპყრობის საქმის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერანაირი ცოდნა ვერ შეგიძენია და ოდნავადაც კი არ აღიარებ, რომ ღმერთი შენი ღმერთია; შენ მხოლოდ იმას აღიარებ, რომ ღმერთი ისრაელიდან ჩინეთში გადავიდა და იძულებულია, შენი ღმერთი იყოს. თუ კვლავ ასე უყურებ საკითხებს, მაშინ ჩემი საქმე შენში უნაყოფო ყოფილა და შენ ვერაფერი გაგიგია იქიდან, რაც მითქვამს. თუ საბოლოოდ შენც, მათეს მსგავსად, კიდევ ერთ გენეალოგიას დამიწერ, მომიძებნი შესაფერის წინაპარს, იპოვი ჩემს ნამდვილ პირველმშობელს — ისე, რომ ღმერთს თავისი ორი ხორცშესხმისთვის ორი გენეალოგია ჰქონდეს — განა ეს არ იქნება უდიდესი ხუმრობა მთელ სამყაროში? განა შენ, ეს „კეთილი განზრახვის მქონე ადამიანი“, რომელმაც გენეალოგია მომიძებნა, არ აღმოჩნდებოდი ადამიანი, რომელიც ღმერთს ორად ყოფს? შეძლებ კი საკუთარ თავზე აიღო ამ ცოდვის ტვირთი? დაპყრობის მთელი ამ საქმის შემდეგ, თუ ჯერ კიდევ არ გჯერა, რომ ღმერთი ყველა ქმნილების ღმერთია, თუ კვლავ ფიქრობ, რომ ღმერთი მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთია, განა ამით არ ხდები ადამიანი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ღმერთს? დღეს შენი დაპყრობის მიზანი ის არის, რომ აღიარო: ღმერთი შენი ღმერთიც არის და სხვების ღმერთიც, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის ყველა იმ ადამიანის ღმერთი, ვისაც ის უყვარს, და ყველა ქმნილების ღმერთი. ის არის ისრაელიტთა ღმერთი და ეგვიპტის ხალხის ღმერთი. ის არის ბრიტანელთა ღმერთი და ამერიკელთა ღმერთი. ის მხოლოდ ადამისა და ევას ღმერთი კი არ არის, არამედ მათი ყველა შთამომავლის ღმერთიც. ის არის ღმერთი ყოველივესი, რაც ზეცაშია, და ყოველივესი, რაც მიწაზეა. ყველა ოჯახი, იქნება ის ისრაელიტთა თუ წარმართთა, ერთი ღმერთის ხელშია. მან არა მხოლოდ რამდენიმე ათასი წელი აღასრულა თავისი საქმე ისრაელში და ერთხელ იუდეაში დაიბადა, არამედ დღეს ჩინეთში ჩამოდის, იმ ადგილას, სადაც დიდი წითელი დრაკონი დახვეული წევს. თუ იუდეაში დაბადება მას იუდეველთა მეფედ ხდის, მაშინ განა დღეს თქვენ შორის ჩამოსვლა მას ყველა თქვენგანის ღმერთად არ აქცევს? ის ისრაელიტებს უძღოდა და იუდეაში დაიბადა, და, ასევე, დაიბადა წარმართთა მიწაზეც. განა მთელი მისი საქმე მის მიერ შექმნილი მთელი კაცობრიობისთვის არ ხორციელდება? ნუთუ ისრაელიტები ასმაგად უყვარს და წარმართები ათასმაგად ეზიზღება? განა ეს თქვენი წარმოდგენა არ არის? არა იმიტომ, რომ ღმერთი არასოდეს ყოფილა თქვენი ღმერთი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მას საერთოდ არ აღიარებთ; არა იმიტომ, რომ ღმერთს არ სურს თქვენი ღმერთი იყოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ უარყოფთ მას. რომელი ქმნილება არ არის ყოვლისშემძლეს ხელში? დღეს თქვენი დაპყრობის მიზანი განა ის არ არის, რომ აღიაროთ: ღმერთი სწორედ თქვენი ღმერთია? თუ კვლავ ამტკიცებთ, რომ ღმერთი მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთია, და კვლავ ამტკიცებთ, რომ დავითის სახლი ისრაელში არის ღვთის დაბადების სათავე, და რომ ისრაელის გარდა არცერთი ერი არ არის ღირსი „წარმოშვას“ ღმერთი, მით უმეტეს, არცერთ წარმართთა ოჯახს არ შეუძლია პირადად მიიღოს იეჰოვას საქმე — თუ კვლავ ასე ფიქრობ, განა ამით არ ხდები ადამიანი, რომელიც ჯიუტად ეწინააღმდეგება ღმერთს? ნუ იქნები მუდამ ისრაელზე მიჯაჭვული. ღმერთი დღეს სწორედ აქ არის, თქვენ შორის. არც ზეცისკენ უნდა იყურებოდე გამუდმებით. ნუღარ მისტირი ზეცაში მყოფ შენს ღმერთს! ღმერთი თქვენ შორის მოვიდა, მაშ, როგორ შეიძლება ის ზეცაში იყოს? ღმერთი დიდი ხანი არ არის, რაც გწამს, მაგრამ მის შესახებ იმდენი წარმოდგენა გაქვს, რომ წამითაც კი ვერ ბედავ იფიქრო: ისრაელიტთა ღმერთი ინებებდა თქვენ შორის მოსვლას და თავისი თანდასწრებით გაკურთხებდათ. მით უფრო ნაკლებად ბედავთ იფიქროთ იმაზე, როგორ შეძლებდით ღვთის პირადი გამოცხადების ხილვას, რადგან თქვენ უკიდურესად ბინძურები ხართ. არც არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ღმერთი პირადად ჩამოსულიყო წარმართთა მიწაზე. ის სინას მთაზე ან ელეონის მთაზე უნდა ჩამოსულიყო და ისრაელიტებს უნდა გამოცხადებოდა. განა წარმართები, ანუ ისრაელის გარეთ მცხოვრები ადამიანები, ყველანი მისი ზიზღის ობიექტები არ არიან? როგორ შეეძლო მას პირადად მოქმედება მათ შორის? ეს ყველაფერი ის ღრმად ფესვგადგმული წარმოდგენებია, რომლებიც თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ. დღეს თქვენი დაპყრობის მიზანი სწორედ თქვენი ამ წარმოდგენების დამსხვრევაა. ამგვარად ხედავთ ღვთის პირად გამოცხადებას თქვენ შორის — არა სინას მთაზე ან ელეონის მთაზე, არამედ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ის მანამდე არასოდეს მიუძღოდა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი საქმის ორი ეტაპი ისრაელში შეასრულა, როგორც ისრაელიტებს, ისე ყველა წარმართს გაუჩნდა წარმოდგენა, რომ მართალია, ღმერთმა ყოველივე შექმნა, მაგრამ მას მხოლოდ ისრაელიტთა ღმერთობა სურს და არა წარმართთა ღმერთობა. ისრაელიტებს ასე სწამთ: ღმერთი მხოლოდ ჩვენი ღმერთი შეიძლება იყოს და არა თქვენი, წარმართების, ღმერთი, და რადგან თქვენ იეჰოვასი არ გეშინიათ, ჩვენს ღმერთს, იეჰოვას — ეზიზღებით. იმ ებრაელ ხალხს კიდევ უფრო მეტად ასე სწამს: უფალმა იესომ ჩვენი, იუდეველების, სახე მიიღო და ის არის ღმერთი, რომელსაც ებრაელი ხალხის ნიშანი აქვს. სწორედ ჩვენ შორის მოქმედებს ღმერთი. ღვთის ხატი და ჩვენი ხატი მსგავსია; ჩვენი ხატი ახლოს არის ღვთისასთან. უფალი იესო ჩვენი, იუდეველების, მეფეა; წარმართებს არ აქვთ უფლება, მიიღონ ასეთი დიდი ხსნა. უფალი იესო არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი ჩვენთვის, იუდეველებისთვის. სწორედ საქმის ამ ორი ეტაპის საფუძველზე ჩამოაყალიბეს ისრაელიტებმა და ებრაელმა ხალხმა ყველა ეს წარმოდგენა. ისინი მბრძანებლურად ითვისებენ ღმერთს და არ უშვებენ, რომ ღმერთი წარმართების ღმერთიც არის. ამგვარად, ღმერთი წარმართთა გულებში სიცარიელედ იქცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ყველამ ირწმუნა: ღმერთს არ სურს წარმართთა ღმერთი იყოს და მას მხოლოდ ისრაელიტები — თავისი რჩეული ხალხი — და ებრაელი ხალხი უყვარს, განსაკუთრებით კი ის მოწაფეები, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ. განა არ იცით, რომ საქმე, რომელიც იეჰოვამ და იესომ შეასრულეს, მთლიანი კაცობრიობის გადარჩენისთვის იყო? აღიარებ ახლა, რომ ღმერთი ყველა თქვენგანის ღმერთია, ვინც ისრაელის ფარგლებს გარეთ დაიბადეთ? განა ღმერთი დღეს სწორედ აქ, თქვენ შორის არ არის? ეს ხომ სიზმარი ვერ იქნება, არა? განა არ იღებთ ამ რეალობას? თქვენ ვერ ბედავთ, ეს ირწმუნოთ ან ამაზე იფიქროთ. მიუხედავად იმისა, როგორ უყურებთ ამას, განა ღმერთი სწორედ აქ, თქვენ შორის არ არის? კვლავ ვერ ბედავთ ამ სიტყვების დაჯერებას? ამ დღიდან მოყოლებული, განა ყველა დაპყრობილი ადამიანი და ყველა, ვისაც სურს, ღვთის მიმდევარი იყოს, ღვთის რჩეული ხალხი არ არის? განა ყველა თქვენგანი, ვინც დღეს მიმდევრები ხართ, ისრაელის გარეთ მყოფი რჩეული ხალხი არ ხართ? განა თქვენი ვინაობა ისრაელიტებისას არ უტოლდება? განა სწორედ ეს ყველაფერი არ უნდა აღიაროთ? განა ეს არ არის თქვენი დაპყრობის საქმის მიზანი? რადგან თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ღმერთი, ის სამუდამოდ იქნება თქვენი ღმერთი — დასაბამიდან და მომავალშიც. ის არ მიგატოვებთ თქვენ, სანამ ყველა თქვენგანს სურვილიექნება, მიჰყვეს მას და იყოს მისი ერთგული, მორჩილი ქმნილება.

რაც არ უნდა მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდეთ ადამიანებს, უყვარდეთ ღმერთი, ისინი, ზოგადად, დღემდე მორჩილნი იყვნენ და მას მიჰყვებოდნენ. მხოლოდ ბოლოს, როდესაც საქმის ეს ეტაპი დასრულდება, ისინი სრულ სინანულს იგრძნობენ. სწორედ მაშინ იქნებიან ადამიანები ჭეშმარიტად დაპყრობილნი. ამჟამად, ისინი მხოლოდ დაპყრობის პროცესში არიან. როგორც კი ეს საქმე დასრულდება, ისინი სრულად იქნებიან დაპყრობილნი, მაგრამ ახლა ასე არ არის! თუნდაც ყველა დარწმუნებული იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საფუძვლიანად არიან დაპყრობილნი. ამის მიზეზი ის არის, რომ ამჟამად ადამიანებმა მხოლოდ სიტყვები ნახეს და არა ფაქტობრივი მოვლენები, და რაც არ უნდა ღრმად სწამდეთ, მაინც გაურკვევლობაში რჩებიან. ამიტომ მხოლოდ იმ უკანასკნელი ფაქტობრივი მოვლენის მეშვეობით, როცა სიტყვები რეალობად იქცევა, იქნებიან ადამიანები საფუძვლიანად დაპყრობილნი. ახლა ეს ადამიანები დაპყრობილნი არიან იმიტომ, რომ ბევრ ისეთ საიდუმლოს ისმენენ, რაც ადრე არასოდეს სმენიათ. მაგრამ თითოეული მათგანი შინაგანად კვლავ აკვირდება და ელოდება გარკვეულ ფაქტობრივ მოვლენებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, დაინახონ ღვთის ყოველი სიტყვის განხორციელება. მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი სრულიად დარწმუნებულნი. მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოოდ ყველა იხილავს ამ განხორციელებულ ფაქტობრივ რეალობებს და ეს რეალობები მათ დაარწმუნებს, დარწმუნებულობა გამოიხატება მათ გულებში, სიტყვებსა და თვალებში, და ისინი გულის სიღრმიდან ბოლომდე დარწმუნდებიან. ასეთია ადამიანის ბუნება: საჭიროა დაინახო, რომ ყველა სიტყვა სრულდება, საჭიროა იხილო, რომ გარკვეული ფაქტობრივი მოვლენები ხდება და ზოგიერთ ადამიანს უბედურება ატყდება თავს, და მაშინ, გულის სიღრმეში, სრულიად დარწმუნდებით. იუდეველების მსგავსად, თქვენც ნიშნებისა და სასწაულების ხილვით ხართ შეპყრობილნი. თუმცა კვლავაც ვერ ხედავთ, რომ ნიშნები და სასწაულები უკვე არსებობს და რეალური მოვლენებიც ხდება — ყველაფერი ეს კი იმისთვის არის, რომ თვალები ფართოდ აგეხილოთ. იქნება ეს ვინმეს ციდან ჩამოსვლა, ღრუბლის სვეტი, რომელიც თქვენ გელაპარაკებათ, ჩემ მიერ რომელიმე თქვენგანიდან ბოროტი სულის განდევნა თუ ჩემი ხმა, რომელიც თქვენ შორის ქუხილივით გრგვინავს — თქვენ მუდამ სწორედ ასეთი რამის ხილვა გსურდათ. შეიძლება ითქვას, რომ ღვთისადმი რწმენაში ყველაზე მეტად ის გსურთ, იხილოთ, როგორ მოდის ღმერთი და როგორ გიჩვენებთ პირადად ნიშანს. მაშინ სრულად დაკმაყოფილდებით. თქვენი დაპყრობისთვის მე უნდა შევასრულო ზეცისა და მიწის შექმნის მსგავსი საქმე და, ამის შემდეგ, დამატებით, რაიმე ნიშანიც გიჩვენოთ. მაშინ თქვენი გულები სრულად იქნება დაპყრობილი.

წინა:  დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (1)

შემდეგი:  დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (4)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger