დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (4)
რას ნიშნავს სრულყოფა? რას ნიშნავს დაპყრობა? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ადამიანები, რათა დაპყრობილნი გახდნენ? და რა კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ისინი სრულყოფილნი იყვნენ? დაპყრობაც და სრულყოფაც ადამიანის სრულქმნის მიზნით ხდება, რათა იგი თავის თავდაპირველ მსგავსებას დაუბრუნდეს და გათავისუფლდეს სატანური გახრწნილი ხასიათებისა და სატანის გავლენისგან. ეს დაპყრობა ადამიანზე მუშაობის პროცესის ადრეულ ეტაპზე ხდება; ეს საქმის პირველი ნაბიჯია. სრულყოფა მეორე ნაბიჯია და ეს არის დასკვნითი საქმე. ყველა ადამიანმა უნდა განვლოს დაპყრობის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ ღვთის შეცნობის საშუალება და არც იმის გაცნობიერება, რომ ღმერთი არსებობს, ანუ მათთვის შეუძლებელი იქნებოდა ღმერთის აღიარება. და თუ ადამიანები არ აღიარებენ ღმერთს, მათი სრულყოფა ღვთის მიერ ასევე შეუძლებელია, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ამ სრულყოფის კრიტერიუმებს. თუ ღმერთსაც კი არ აღიარებ, მაშინ როგორ შეძლებ მის შეცნობას? როგორ შეძლებ მისკენ სწრაფვას? ვერც მის შესახებ დამოწმებას შეძლებ და, მით უმეტეს, არ გექნება რწმენა, რომლითაც მის დაკმაყოფილებას შეძლებ. ამიტომ, ყოველი ადამიანისთვის, ვისაც სრულქმნა სურს, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაპყრობის საქმის გავლა. ეს პირველი პირობაა. მაგრამ დაპყრობაც და სრულყოფაც ადამიანებზე მუშაობასა და მათ შეცვლას ემსახურება, და თითოეული მათგანი ადამიანის მართვის საქმის ნაწილია. ეს არის ორი ნაბიჯი, რომლითაც ადამიანი სრულყოფილ ადამიანად ყალიბდება, და ორივე შეუცვლელია. მართალია, „იყო დაპყრობილი“ არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანის დაპყრობის პროცესი მისი შეცვლის პროცესია. მას შემდეგ, რაც დაპყრობილი იქნები, შესაძლოა, შენი გახრწნილი ხასიათები სრულად ჯერ კიდევ არ გქონდეს მოშორებული, მაგრამ მათ შეიცნობ. დაპყრობის საქმის მეშვეობით შეიცნობ შენს მდაბალ ადამიანობას, ასევე, საკუთარ ურჩობას. მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის საქმის მოკლე პერიოდში ვერ შეძლებ ამ ყველაფრის მოშორებას ან შეცვლას, მათ შეიცნობ და ეს საფუძველს ჩაუყრის შენს სრულყოფას. ამგვარად, დაპყრობაც და სრულყოფაც ადამიანების შეცვლისთვის ხდება, რათა ისინი გათავისუფლდნენ თავიანთი სატანური გახრწნილი ხასიათებისგან და სრულად მიუძღვნან თავი ღმერთს. უბრალოდ, დაპყრობილად ყოფნა პირველი ნაბიჯია ადამიანთა ხასიათების შეცვლაში, ასევე პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანებმა სრულად მიუძღვნან თავი ღმერთს, და იგი უფრო დაბალი საფეხურია, ვიდრე სრულყოფილად ყოფნა. დაპყრობილი ადამიანის სიცოცხლე-განწყობა გაცილებით ნაკლებად იცვლება, ვიდრე სრულყოფილი ადამიანისა. „დაპყრობილად ყოფნა“ და „სრულყოფილად ყოფნა“ განსხვავებულად იმიტომ იწოდება, რომ ისინი საქმის სხვადასხვა ეტაპებია და ადამიანებისთვის განსხვავებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს ადგენს; დაპყრობა ადამიანებს უფრო დაბალ მოთხოვნებს უყენებს, ხოლო სრულყოფა — უფრო მაღალს. სრულყოფილნი სამართლიანი ადამიანები არიან, ისინი განწმენდილნი არიან; ისინი კაცობრიობის მართვის საქმის კრისტალიზაცია, ანუ საბოლოო პროდუქტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულყოფილი ადამიანები არ არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აზრიანი ცხოვრებით იცხოვრონ. ამავდროულად, დაპყრობილები მხოლოდ სიტყვიერად აღიარებენ ღმერთის არსებობას და მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ ღმერთი განკაცდა, რომ სიტყვა ხორცში გამოჩინდა და რომ ღმერთი მიწაზე მოვიდა განკითხვისა და გაკიცხვის საქმის შესასრულებლად. გარდა ამისა, ისინი აღიარებენ, რომ ღმერთის განკითხვა და გაკიცხვა, ასევე, მისი დაძლევა და გამოწრთობა, ეს ყველაფერი სასიკეთოა ადამიანისთვის. მათ მხოლოდ ახლახან დაიწყეს გარკვეულწილად ადამიანთან მიმსგავსება. მათ აქვთ გარკვეული ცხოვრებისეული გამჭრიახობა, მაგრამ ის მათთვის მაინც ბუნდოვანი რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათში მხოლოდ ახლა იწყებს ცოტაოდენი ადამიანობა გამოვლენას. ეს არის ის, რაც დაპყრობილად ყოფნას მოაქვს. როდესაც ადამიანები სრულყოფის გზას დაადგებიან, მათი ძველი ხასიათები უკვე შეიძლება შეიცვალოს. გარდა ამისა, მათი სიცოცხლე ზრდას განაგრძობს და ისინი თანდათან უფრო ღრმად შედიან ჭეშმარიტებაში. მათ შეუძლიათ შეიძულონ სამყარო და ყველა, ვინც ჭეშმარიტებისკენ არ ისწრაფვის. განსაკუთრებით, მათ არა მხოლოდ ეზიზღებათ საკუთარი თავი, არამედ, უფრო მეტიც, ნათლად იცნობენ საკუთარ თავს. მათ სურთ ჭეშმარიტებით ცხოვრება, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას თავიანთ მიზნად ისახავენ და არ სურთ საკუთარი გონების აზრებში ცხოვრება. ისინი ზიზღს გრძნობენ ადამიანის თვითმართლობის, ქედმაღლობისა და ამპარტავნების მიმართ, საუბრისას ძლიერ ზომიერებას ავლენენ, საქმეებთან შეხებისას გამჭრიახობა და სიბრძნე აქვთ და ღმერთის მიმართ ერთგულნი და მორჩილნი არიან. თუ ისინი განიცდიან გაკიცხვისა და განკითხვის შემთხვევას, არა მხოლოდ არ ხდებიან ნეგატიურები ან სუსტები, არამედ მადლიერებით იღებენ ღმერთის ამ გაკიცხვასა და განკითხვას, რადგან სჯერათ, რომ ღმერთის გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე ვერ იარსებებენ და რომ ეს მათ იცავს. ისინი არ ისწრაფვიან ისეთი რწმენისკენ, რომელიც მშვიდობასა და სიხარულს ეძებს და პურით გაძღომისკენ არის მიმართული. არც დროებითი ხორციელი სიამოვნებებისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რაც სრულყოფილებს გააჩნიათ. დაპყრობის შემდეგ ადამიანები აღიარებენ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ეს აღიარება მათში შეზღუდული გზით ვლინდება. სინამდვილეში რას ნიშნავს სიტყვის ხორცში გამოჩინება? რას ნიშნავს ხორცშესხმა? რა გააკეთა ხორცშესხმულმა ღმერთმა? რა არის მისი საქმის მიზანი და მნიშვნელობა? მისი საქმის ამდენი ნაწილის განცდის შემდეგ, ხორცში მისი ქმედებების განცდის შემდეგ, რა მოიპოვე? მხოლოდ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ იქნები დაპყრობილი ადამიანი. თუ მხოლოდ ამბობ, რომ აღიარებ ღმერთის არსებობას, მაგრამ არ ტოვებ იმას, რაც უნდა მიატოვო და ვერ ელევი ხორციელ სიამოვნებებს მაშინ, როცა მათზე უარის თქმაა საჭირო, ამის ნაცვლად კი კვლავაც ისე ესწრაფვი ხორციელ კომფორტს, როგორც ყოველთვის; თუ ვერ თავისუფლდები ძმებისა და დების მიმართ არსებული ვერცერთი მიკერძოებული შეხედულებისგან და ბევრი მარტივი პრაქტიკის განხორციელებისას არანაირ საფასურს არ იხდი, ეს ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ არ ხარ დაპყრობილი. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც ბევრი რამ გესმოდეს, ყველაფერი ამაო იქნება. დაპყრობილები არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეულ საწყის ცვლილებებსა და საწყის შესვლას მიაღწიეს. ღმერთის განკითხვისა და გაკიცხვის განცდა ადამიანებს ღმერთის შესახებ საწყის ცოდნასა და ჭეშმარიტების საწყისი წვდომის უნარს აძლევს. შეიძლება არ შეგეძლოს სრულად შესვლა მრავალი უფრო ღრმა და უფრო დეტალური ჭეშმარიტების რეალობაში, მაგრამ შეგიძლია პრაქტიკაში განახორციელო მრავალი ძირითადი ჭეშმარიტება, მაგალითად ის, რაც შენს ხორციელ სიამოვნებებს ან პირად სტატუსს ეხება შენს ნამდვილ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ის, რაც ადამიანებში დაპყრობის პროცესში მიიღწევა. ხასიათის ცვლილებები დაპყრობილებშიც შეიძლება დავინახოთ; მაგალითად, მათი ჩაცმისა და გარეგნობის მოწესრიგების წესი, ასევე, ის, თუ როგორ ცხოვრობენ — ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მათი თვალთახედვა ღმერთის რწმენაზე იცვლება, მათთვის ნათელია საკუთარი სწრაფვის მიზნები და უფრო მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ. დაპყრობის საქმის დროს მათ სიცოცხლე-განწყობაშიც ხდება შესაბამისი ცვლილებები. ცვლილებები არის, მაგრამ ისინი ზედაპირულია, საწყისია და ბევრად ჩამოუვარდება იმ ადამიანების ხასიათისა და სწრაფვის მიზნების ცვლილებებს, რომლებიც სრულყოფილნი გახდნენ. თუ დაპყრობის პროცესში ადამიანის ხასიათი საერთოდ არ იცვლება და ის არ იძენს არანაირ ჭეშმარიტებას, მაშინ ასეთი ადამიანი ნაგავი და სრულიად უსარგებლოა! ადამიანები, რომლებიც დაპყრობილნი არ არიან, ვერ გახდებიან სრულქმნილნი! თუ ადამიანი მხოლოდ იმას ეძებს, რომ დაპყრობილი იყოს, მაშინ ის სრულად ვერ გახდება სრულქმნილი, თუნდაც მისი ხასიათები დაპყრობის საქმის დროს გარკვეულ შესაბამის ცვლილებებს ავლენდეს. ის, ასევე, დაკარგავს იმ საწყის ჭეშმარიტებებს, რომლებიც მოიპოვა. უზარმაზარი განსხვავებაა დაპყრობილთა ხასიათის ცვლილებასა და სრულყოფილთა ხასიათის ცვლილებას შორის. მაგრამ დაპყრობილად ყოფნა ცვლილების პირველი ნაბიჯია; ეს საფუძველია. ამ საწყისი ცვლილების უქონლობა იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანი სინამდვილეში საერთოდ არ იცნობს ღმერთს, რადგან ეს ცოდნა განკითხვისგან მოდის, ხოლო ასეთი განკითხვა დაპყრობის საქმის მთავარი ნაწილია. ამგვარად, ყველა, ვინც სრულყოფილი ხდება, ჯერ უნდა იყოს დაპყრობილი; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის სრულქმნილად გახდომის არანაირი გზა არ არსებობს.
შენ ამბობ, რომ აღიარებ ღვთის ხორცშესხმას და აღიარებ სიტყვის ხორცში გამოჩინებას, მაგრამ მის ზურგს უკან ისეთ ქმედებებს სჩადიხარ, რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ის ითხოვს, და გულში მისი შიში არ გაქვს. განა ეს არის ღმერთის აღიარება? შენ აღიარებ იმას, რასაც ის ამბობს, მაგრამ არ ახორციელებ პრაქტიკაში იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია, და არც მის სიტყვას ასრულებ. განა ეს არის ღმერთის აღიარება? და მიუხედავად იმისა, რომ მას აღიარებ, მის მიმართ გულში სიფრთხილე გაქვს, მაგრამ შიში — არასდროს. თუ მისი საქმე იხილე და აღიარე, და იცი, რომ ეს ადამიანი ღმერთია, მაგრამ კვლავაც უღიმღამო და სრულიად უცვლელი რჩები, მაშინ ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაპყრობილი. დაპყრობილებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღონ; მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალ ჭეშმარიტებებში შესვლა არ შეუძლიათ და ეს ჭეშმარიტებები მათ შესაძლებლობებს აღემატება, ასეთი ადამიანები გულში მზად არიან მათ მისაღწევად. რადგან შეზღუდულია მათი გააზრების უნარი, შეზღუდულია ისიც, რისი პრაქტიკაში განხორციელებაც შეუძლიათ. თუმცა, სულ მცირე, მათ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღონ. თუ ამას მიაღწევ, ეს არის ის, რაც დაპყრობის საქმის წყალობით განხორციელდა. დავუშვათ, ამბობ: „თუ მას შეუძლია იმდენი ისეთი სიტყვის თქმა, რომლის თქმაც ადამიანს არ შეუძლია, მაშინ ის ღმერთი თუ არ არის, ვინ არის?“ ასეთი გაგება არ ნიშნავს, რომ ღმერთს აღიარებ. თუ ღმერთს აღიარებ, ეს შენი რეალური ქმედებებით უნდა აჩვენო. თუ ეკლესიას წინამძღოლობ, მაგრამ სამართლიანობას არ ახორციელებ პრაქტიკაში, თუ ფული და სიმდიდრე გწყურია და ეკლესიის სახსრებს ყოველთვის საკუთარ ჯიბეში იდებ, ეს არის იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს? ღმერთი ყოვლისშემძლეა და მოშიშების ღირსია. როგორ შეიძლება არ გეშინოდეს, თუ ნამდვილად აღიარებ, რომ ღმერთი არსებობს? თუ ასეთი საძაგელი ქმედებების ჩადენა შეგიძლია, ნუთუ ნამდვილად აღიარებ მას? ნუთუ ის, ვისიც გწამს, ღმერთია? ის, ვისიც გწამს, ბუნდოვანი ღმერთია; სწორედ ამიტომ არ გეშინია! ისინი, ვინც ნამდვილად აღიარებენ და იცნობენ ღმერთს, ყველანი შიშით ეკიდებიან მას და ვერ ბედავენ ისეთი რამის გაკეთებას, რაც ღმერთს და მათ სინდისს ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით ეშინიათ ისეთი რამის გაკეთების, რაც ღვთის განზრახვებს ეწინააღმდეგება. მხოლოდ ეს შეიძლება ჩაითვალოს ღმერთის არსებობის აღიარებად. რა უნდა გააკეთო, როცა შენი მშობლები ცდილობენ, ღვთის რწმენაზე უარი გათქმევინონ? როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი, როცა შენი არამორწმუნე ქმარი კარგად გექცევა? და როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი, როცა ძმებსა და დებს ეზიზღები? თუ მას აღიარებ, მაშინ ამ საკითხებში სათანადოდ იმოქმედებ და რეალობას ცხოვრებაში გამოავლენ. თუ კონკრეტულ ქმედებებს არ ახორციელებ და მხოლოდ ამბობ, რომ ღმერთის არსებობას აღიარებ, მაშინ მხოლოდ მოლაყბე ხარ! ამბობ, რომ გწამს მისი და აღიარებ მას, მაგრამ რაში გამოიხატება აღიარება? რაში გამოიხატება შენი რწმენა მის მიმართ? ნუთუ გულში მისი მოშიშება გაქვს? ნუთუ მისი შიში გაქვს? ნუთუ შინაგანად გაქვს მისდამი სიყვარულის გული? როცა დამწუხრებული ხარ და ვერავის ეყრდნობი, გრძნობ ღმერთის მშვენიერებას, მაგრამ შემდეგ ყველაფერს ივიწყებ. ეს არ არის ღვთის სიყვარული და არც ღვთის რწმენაა! საბოლოო ჯამში, რის მიღწევას ისურვებდა ღმერთი ადამიანისგან? ყველა ის მდგომარეობა, რომელიც მე ვახსენე, როგორიცაა საკუთარი მნიშვნელობით ძლიერ აღფრთოვანება, იმის განცდა, რომ ყველაფერს სწრაფად იგებ, სხვების შეზღუდვა, სხვების ზემოდან ყურება, ადამიანების გარეგნობის მიხედვით განსჯა, თვინიერი ადამიანების დაჩაგვრა, ეკლესიის ფულზე დახარბება და ასე შემდეგ — მხოლოდ მაშინ გამოვლინდება შენი დაპყრობა, როცა ყველა ამ სატანურ გახრწნილ ხასიათს ნაწილობრივ მაინც მოიშორებ.
დაპყრობის საქმეს, რომელიც თქვენზე სრულდება, ყველაზე ღრმა მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ამ საქმის მიზანია ადამიანთა ჯგუფის სრულყოფა, ანუ მათი სრულყოფა, რათა ისინი გამარჯვებულთა ჯგუფად იქცნენ — სრულქმნილებად ქცეულ ადამიანთა პირველ ჯგუფად, ანუ პირველნაყოფებად. მეორე მხრივ, მისი მიზანია, ქმნილებებს ღვთის სიყვარულით დატკბობის, ღმერთის სრული და უდიდესი ხსნის მიღების საშუალება მისცეს, რათა ადამიანმა არა მხოლოდ წყალობა და მოსიყვარულე სიკეთე, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გაკიცხვა და განკითხვაც მიიღოს. სამყაროს შექმნიდან დღემდე, ყველაფერი, რაც ღმერთმა თავის საქმეში გააკეთა, სიყვარულია, ადამიანის მიმართ ყოველგვარი სიძულვილის გარეშე. თვით გაკიცხვა და განკითხვაც კი, რომლებიც შენ იხილე, ასევე სიყვარულია — უფრო ჭეშმარიტი და უფრო რეალური სიყვარული, რომელიც ადამიანებს ადამიანური ცხოვრების სწორ გზაზე აყენებს. კიდევ ერთი მხრივ, ეს არის სატანის წინაშე დამოწმება. გარდა ამისა, ეს არის საფუძვლის ჩაყრა მომავალი სახარების საქმის გავრცელებისთვის. მთელი საქმე, რომელიც მან გააკეთა, იმისთვისაა, რომ ადამიანები ადამიანური ცხოვრების სწორ გზაზე დააყენოს, რათა მათ ნორმალური ადამიანური ცხოვრებით იცხოვრონ, რადგან ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა იცხოვრონ, და ამ წინამძღოლობის გარეშე შენ მხოლოდ ცარიელი ცხოვრებით იცხოვრებ; შენი ცხოვრება მოკლებული იქნება ღირებულებასა და მნიშვნელობას და საერთოდ ვერ შეძლებ ნორმალურ ადამიანად ყოფნას. ეს არის ადამიანის დაპყრობის ყველაზე ღრმა მნიშვნელობა. თქვენ ყველანი მოაბის შთამომავლები ხართ; დაპყრობის საქმე, რომელიც თქვენზე სრულდება, თქვენი უდიდესი ხსნაა. თქვენ ყველანი ცოდვისა და გარყვნილების ქვეყანაში ცხოვრობთ და ყველანი გარყვნილები და ცოდვილები ხართ. დღეს თქვენ არა მხოლოდ შეგიძლიათ ღმერთის დანახვა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ მიიღეთ გაკიცხვა და განკითხვა, მიიღეთ ეს ყველაზე ღრმა ხსნა, ანუ ღმერთის უდიდესი სიყვარული. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, თქვენდამი ჭეშმარიტი სიყვარულია. მას თქვენთვის ცუდი განზრახვა არ გააჩნია. სწორედ თქვენი ცოდვების გამო განგსჯით ის, რათა საკუთარ თავზე დაფიქრდეთ და ეს უდიდესი ხსნა მიიღოთ. მთელი ეს საქმე ადამიანის სრულქმნის მიზნით სრულდება. დასაბამიდან ბოლომდე ღმერთი ყველაფერს აკეთებდა ადამიანის გადასარჩენად და მას უბრალოდ არ სურს, სრულად გაანადგუროს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელებით შექმნა. დღეს ის თქვენს შორის მოვიდა საქმის აღსასრულებლად; განა ეს მით უფრო არ არის ხსნა? თქვენ რომ სძულდეთ, განა მაინც შეასრულებდა ასეთი მასშტაბის საქმეს, რათა პირადად ეწინამძღვრა თქვენთვის? რატომ უნდა იტანჯებოდეს ასე? ღმერთს არ სძულხართ და თქვენთვის ცუდი არაფერი განუზრახავს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთის სიყვარული ყველაზე რეალურია. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ურჩები არიან, მას უწევს მათი გადარჩენა განკითხვის მეშვეობით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადარჩენა კვლავაც შეუძლებელი იქნებოდა. რადგან არ იცით, როგორ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და არ აცნობიერებთ, როგორ უნდა იცხოვროთ; რადგან ამ გარყვნილ და ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრობთ და თავადაც გარყვნილი და ბინძური ეშმაკები ხართ, მას არ შეუძლია გულგრილად უყუროს, როგორ იძირებით კიდევ უფრო ღრმად; არ შეუძლია გულგრილად უყუროს, როგორ ცხოვრობთ ამ ბინძურ ქვეყანაში ისე, როგორც ახლა ცხოვრობთ, სატანის მიერ ნებაზე გათელილნი; და არ შეუძლია დაუშვას, რომ ჰადესში ჩავარდეთ. მას მხოლოდ ამ ჯგუფის მოპოვება და თქვენი საფუძვლიანად გადარჩენა სურს. ეს არის მთავარი მიზანი იმისა, რომ თქვენზე დაპყრობის საქმე სრულდება — ეს ხსნისთვის არის. თუ ვერ ხედავ, რომ ყველაფერი, რაც შენზე სრულდება, სიყვარული და ხსნაა, და ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მეთოდია, ადამიანის სატანჯველი საშუალება და რაღაც არასანდო, მაშინ სჯობს, დაბრუნდე შენს სამყაროში ტკივილისა და სიძნელეების ასატანად! თუ მზად ხარ, ამ დინებაში დატკბე ამ განკითხვითა და ამ უდიდესი ხსნით, ყველა ამ კურთხევით, რომლებიც ადამიანურ სამყაროში არსად მოიპოვება, და ამ სიყვარულით, მაშინ კეთილი ინებე: დარჩი ამ დინებაში, რათა მიიღო დაპყრობის საქმე და სრულქმნილი გახდე. დღეს შენ ღვთის განკითხვის გამო მცირეოდენ ტკივილსა და გამოწრთობას განიცდი, მაგრამ ამ ტკივილის განცდას ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ღმერთის გაკიცხვა და განკითხვა გამოწრთობაა, უმოწყალო მხილებაა და მისი ცოდვებისა და ხორცის დასასჯელად სრულდება, ამ საქმის არცერთი ნაწილი მიზნად არ ისახავს ხორცის დაძრახვას ან მის განადგურებას. სიტყვის მკაცრი მხილება მთლიანად იმისთვისაა, რომ სწორ გზაზე დაგაყენოს. თქვენ პირადად განიცადეთ ამ საქმის ამდენი ნაწილი და, ცხადია, მას ბოროტ გზაზე არ წაუყვანიხართ! ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ ნორმალური ადამიანობით იცხოვრო და ეს ყველაფერი შენი ნორმალური ადამიანობითვე მიიღწევა. ღვთის საქმის ყოველი ნაბიჯი შენს საჭიროებებს ეფუძნება და შენი სისუსტეებისა და რეალური სიმწიფის შესაბამისად სრულდება; არანაირი გაუსაძლისი ტვირთი არ გეძლევა ძალდატანებით. ეს დღეს შენთვის ნათელი არ არის და გეჩვენება, თითქოს მეტისმეტად მკაცრი ვარ შენ მიმართ, და ყოველთვის ფიქრობ, რომ ყოველდღე იმიტომ გკიცხავ, განგსჯი და გსაყვედურობ, რომ მძულხარ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის, რასაც იღებ, გაკიცხვა და განკითხვაა, სინამდვილეში ეს შენდამი სიყვარული და უდიდესი დაცვაა. თუ ვერ ჩასწვდები ამ საქმის უფრო ღრმა მნიშვნელობას, შენთვის შეუძლებელი იქნება გამოცდილების მიღების გაგრძელება. ამ ხსნამ ნუგეში უნდა მოგცეს. ნუ იტყვი უარს გონს მოსვლაზე. რადგან აქამდე მოხვედი, დაპყრობის საქმის მნიშვნელობა შენთვის ნათელი უნდა იყოს და მასთან დაკავშირებით აღარანაირი წინააღმდეგობრივი შეხედულება აღარ უნდა გქონდეს.