თავი 112

ის, რომ „სიტყვები და ფაქტები ერთდროულად ხდება“, ჩემი სამართლიანი ხასიათის ნაწილია. ამ სიტყვებიდან მე აუცილებლად ყველას დავანახებ ჩემს ხასიათს სრულად. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ჩემთვის ეს ადვილი და სასიამოვნოა და არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს. როგორც კი ჩემი სიტყვები ჩემი ბაგიდან გამოდის, მაშინვე ჩნდება ფაქტი, რომლის დანახვაც ყველას შეუძლია. ეს არის ჩემი ხასიათი. ის, რაზეც ვისაუბრე, აუცილებლად აღსრულდება. სხვაგვარად, მე არ ვისაუბრებდი. ადამიანური წარმოდგენებით, სიტყვა „ხსნა“ ყველა ადამიანისთვისაა ნათქვამი, მაგრამ ეს არ შეესაბამება ჩემს განზრახვას. წარსულში მე ვთქვი: „ყოველთვის გადავარჩენ მათ, ვინც უმეცარია და ვინც გულმოდგინე მაძიებელია“. აქ სიტყვა „ხსნა“ ნათქვამი იყო მათთან მიმართებით, ვინც მე მემსახურება, და ეს იმას ნიშნავდა, რომ მე განსაკუთრებულად მოვეპყრობოდი ასეთ მსახურების შემსრულებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკლებად გავკიცხავდი ამ ადამიანებს. თუმცა, ის მსახურების შემსრულებელნი, რომლებიც მრუდნი და მზაკვარნი არიან, განადგურების ობიექტთა შორის იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მათ მკაცრ სასჯელს დავაკისრებ. (მიუხედავად იმისა, რომ ისინი განადგურების ობიექტთა შორის არიან, დიდად განსხვავდებიან მათგან, ვინც უნდა განადგურდეს: ისინი მიიღებენ მარადიულ მკაცრ სასჯელს და ამ ადამიანების სასჯელი ეშმაკებისა და სატანის სასჯელია. ეს ასევე არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა იმისა, რასაც ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ეს ადამიანები დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან.) მაგრამ მე არ ვიყენებ ამგვარ სიტყვებს ჩემს პირმშო ძეებთან მიმართებით; მათ შესახებ ვამბობ, რომ დავიბრუნებ ჩემს პირმშო ძეებს და რომ ისინი კვლავ დაუბრუნდებიან სიონს. ამიტომ, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი პირმშო ძენი ჩემს მიერ წინასწარგანსაზღვრულნი და ჩემი რჩეულნი არიან. ჩემი პირმშო ძენი თავდაპირველად მე მეკუთვნოდნენ და ისინი ჩემგან მოვიდნენ, ამიტომ ისინი აქ, ჩემთან უნდა დაბრუნდნენ. ძეებისა და ხალხის შედარება პირმშო ძეებთან — ეს მართლაც ცასა და დედამიწას შორის არსებული განსხვავებაა: მიუხედავად იმისა, რომ ძენი და ხალხი ბევრად უკეთესნი არიან, ვიდრე მსახურების შემსრულებელნი, ისინი სრულებითაც არ მეკუთვნიან მე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ძენი და ხალხი დამატებით არიან გამორჩეულნი კაცობრიობიდან. ამიტომ მე ყოველთვის ჩემს პირმშო ძეებისკენ მივმართავდი მთელ ჩემს ენერგიას; შემდეგ კი ნებას დავრთავ პირმშო ძეებს, რომ ეს ძენი და ხალხი სრულქმნილნი გახადონ. ეს არის ჩემი საქმის მომავალი ნაბიჯები. ახლა თქვენთვის ამის თქმას აზრი არ აქვს, ამიტომ ეს იშვიათად მიხსენებია ძეებთან და ხალხთან; თუმცა მხოლოდ პირმშო ძეებს ვესაუბრე და ეს საკითხები არაერთხელ ვუხსენე. ეს არის ჩემი საუბრისა და საქმის წესი. ვერავინ შეძლებს ამის შეცვლას — მხოლოდ მე მეკუთვნის საბოლოო სიტყვა ყველაფერზე.

ყოველდღე მე ვებრძვი თქვენს წარმოდგენებს და დღითი დღე ვაანალიზებ თითოეული თქვენგანის მოქმედებებს. როდესაც საუბარში გარკვეულ წერტილს ვაღწევ, თქვენ კვლავ ძველ მდგომარეობას უბრუნდებით და კვლავ აცალკევებთ ჩემს ადამიანობას ჩემი ღვთაებრიობისგან. ამ ეტაპზე დადგა ადამიანთა გამოაშკარავების დრო: ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე კვლავ ხორციელი სხეულით ვცხოვრობ და სულაც არ ვარ თავად ღმერთი, რომ მე კვლავ ადამიანი ვარ, ღმერთი კი კვლავ ღმერთია და რომ ღმერთს არავითარი კავშირი არ აქვს იმ პიროვნებასთან, რომელიც მე ვარ. რაოდენ გახრწნილია ეს კაცობრიობა! მე წარსულში ბევრი სიტყვა წარმოვთქვი, მაგრამ თქვენ დიდი ხანია ისე ეპყრობით მათ, თითქოს არც კი არსებობდნენ; ეს ჩემში თქვენდამი სიძულვილს აღძრავს, რომელიც ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი! ჭეშმარიტად, ეს მაიძულებს, რომ მეზიზღებოდეთ! ვინ ბედავს რომ დაუდევრად შესცოდოს ჩემს წინაშე, ჩემს წინაშე, ვინც თავად სრული ღმერთი ვარ, ვინც ვფლობ როგორც ადამიანობას, ისე სრულ ღვთაებრიობას? ვინ ბედავს თავის ფიქრებში ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევას? მას შემდეგ, რაც დიდ უბედურებებს მოგივლენთ, მე დავსჯი მათ სათითაოდ, არავის დავინდობ, არამედ ყველას მკაცრად დავსჯი. ჩემი სული პირადად აღასრულებს საქმეს. ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ თავად ღმერთი; პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად ნიშნავს, რომ მე ვარ თავად ყოვლისშემძლე ღმერთი. ადამიანები არ მიცნობენ—ყველანი მეწინააღმდეგებიან და ვერ ხედავენ ჩემს ყოვლისშემძლეობას ჩემს სიტყვებში, არამედ ცდილობენ ჩემს სიტყვებში იპოვონ რაღაც, რასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებენ და ჩემში ნაკლს ეძებენ. როდესაც ერთ დღეს გამოვჩნდები ჩემს პირმშო ძეებთან ერთად სიონში, მე დავიწყებ ამ არსებებთან გამკლავებას. ამ პერიოდში უპირატესად ამ საქმეს აღვასრულებ. როდესაც საუბარში გარკვეულ წერტილს მივაღწევ, მსახურების შემსრულებელთა დიდი ნაწილი უკან დაიხევს, ხოლო პირმშო ძენი ასევე გადაიტანენ ყოველგვარ გასაჭირს. საქმის ამ ორი ნაბიჯის წინსვლასთან ერთად, ჩემი საქმის ერთი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდება. ამავდროულად, მე დავიბრუნებ ჩემს პირმშო ძეებს სიონში. ეს არის ჩემი სამუშაოს ნაბიჯები.

ჩემი პირმშო ძენი ჩემი სასუფევლის განუყოფელი ნაწილია, საიდანაც ჩანს, რომ ჩემი პიროვნება სინამდვილეში სასუფეველია — ჩემი სასუფევლის შობა მოჰყვება ჩემი პირმშო ძეების შობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი სასუფეველი არსებობს სამყაროს შექმნის დროიდან და ჩემი პირმშო ძეების მოპოვება (რაც ნიშნავს ჩემი პირმშო ძეების დაბრუნებას) ჩემი სასუფევლის აღდგენაა. აქედან შეგიძლიათ დაინახოთ, რომ პირმშო ძეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი პირმშო ძენი იარსებებენ, აღმოცენდება სასუფეველი, განხორციელდება ძალაუფლებით მეფობის რეალობა, იშვება ახალი სიცოცხლე და ძველი ეპოქა სრულად დასრულდება. ეს არის გარდაუვალი კანონზომიერება. რადგან პირმშო ძენი ამ მდგომარეობაში არიან, ისინი განასახიერებენ სამყაროს განადგურებას, სატანის დაღუპვას, მსახურების შემსრულებელთა ნამდვილი სახის გამოაშკარავებას და იმ ფაქტს, რომ დიდ წითელ დრაკონს არ ეყოლება შთამომავლობა და ჩავა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში — ამიტომ, ძალაუფლების მქონენი და დიდი წითელი დრაკონის ყველა შთამომავალი ისევ და ისევ დაკავებულია დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობის გამოწვევითა და ნგრევით. ამავდროულად, მე კვლავ და კვლავ აღვამაღლებ, გამოვაჩენ და ვამოწმებ ჩემს პირმშო ძეებს. რადგან მხოლოდ ისინი, ვინც ჩემგან არიან, არიან უფლებამოსილნი, რომ დამამოწმონ მე; მხოლოდ მათ აქვთ უფლება, რომ იცხოვრონ ჩემი მრწამსის შესაბამისად და მხოლოდ მათ აქვთ საფუძველი, რომ ჩაერთონ ბრძოლაში და მოიპოვონ მშვენიერი გამარჯვება ჩემთვის. ისინი, ვინც ჩემგან განცალკევებულნი არიან, სხვა არაფერია, თუ არა მცირეოდენი თიხა ჩემს ხელში — შექმნილი არსებანი, თითოეული მათგანი. ისინი, ვინც არიან ძენი და ხალხი, სხვა არაფერია, თუ არა ქმნილებათაგან გამორჩეული საუკეთესონი, მაგრამ ისინი მე არ მეკუთვნიან. ამრიგად, უდიდესი განსხვავებაა პირმშო ძეებსა და ძეებს შორის. ძენი ვერც კი შეედრებიან პირმშო ძეებს — მათ მართავენ და მათზე ბატონობენ პირმშო ძენი. ახლა ეს თქვენთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს! თითოეული სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, ჭეშმარიტია და არანაირად არ არის მცდარი. ყოველივე ეს ჩემი პიროვნების გამოხატულების ნაწილია და ეს არის ჩემი გამონათქვამი.

მე ვთქვი, რომ ფუჭ სიტყვებს არ ვამბობ და შეცდომებს არ ვუშვებ; ეს საკმარისია ჩემი დიდებულების საჩვენებლად. მაგრამ ადამიანებმა არ იციან, რა არის მათთვის კარგი, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი გაკიცხვა დაატყდებათ თავს, რწმუნდებიან სრულად; სხვაგვარად, ისინი კვლავ აგრძელებენ ამბოხებასა და ურჩობას. სწორედ ამიტომ ვიყენებ გაკიცხვას, რათა საპასუხო დარტყმა მივაყენო მთელ კაცობრიობას. ადამიანური წარმოდგენებით, რაკი მე ვარ ერთადერთი ღმერთი თავად, რატომ არის ამდენი პირმშო ძე, რომლებიც ჩემგან მოდიან? შემიძლია ასე ვთქვა: ჩემს საკუთარ საქმეებზე ისე ვისაუბრებ, როგორც მსურს. რის გაკეთება შეუძლია ადამიანს ჩემ წინააღმდეგ? ასევე შემიძლია ასე ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ პირმშო ძენი და მე ერთი ხატისანი არ ვართ, ჩვენ ერთი სულისანი ვართ, ამიტომ ყველას შეუძლია იყოს ჩემი გულისა და გონების თანაზიარი, როდესაც ისინი ჩემთან თანამშრომლობენ. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთი ხატისანი არ ვართ, ისაა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ჩემი პიროვნების თითოეული ნაწილის არაჩვეულებრივი სიცხადით დანახვა. სწორედ ამიტომ ვაძლევ ჩემს პირმშო ძეებს ნებას, რომ ჩემთან ერთად იმეფონ მრავალ ერსა და ხალხზე. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების დასკვნითი ნოტა. (ეს „დასკვნითი ნოტა“, რომელზეც ვსაუბრობ, ნიშნავს, რომ ჩემი ტონი რბილია და მე დავიწყე საუბარი ძეებთან და ხალხთან.) ადამიანთა უმეტესობას ეჭვები აქვს ამ ასპექტთან დაკავშირებით, თუმცა არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მათში ამდენმა ეჭვმა დაისადგუროს. სათითაოდ ვამხელ ყველა ადამიანის წარმოდგენას, რათა ადამიანებმა სირცხვილი იგრძნონ და დასამალი ადგილი არ ჰქონდეთ. ვმოგზაურობ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე და ვაკვირდები სამყაროს მთელ იერსახეს. გულდასმით ვიკვლევ ყოველი ტიპის ადამიანს — არავინაა ისეთი, ვისაც შეუძლია ჩემს ხელს დააღწიოს თავი. ვმონაწილეობ ყოველგვარ საქმეში და არ არსებობს არაფერი, რასაც პირადად არ ვმართავ. ვინ ბედავს ჩემი ყოვლისშემძლეობის უარყოფას? ვინ ბედავს, რომ სრულად არ იყოს დარწმუნებული ჩემში? ვინ ბედავს, რომ სრულად არ დაემხოს ჩემ წინაშე? მთელი ზეცა შეიცვლება ჩემი პირმშო ძეების გამო, და უფრო მეტიც, მთელი დედამიწა ძლიერად შეირყევა ჩემი და ჩემი პირმშო ძეების გამო. ყველა ადამიანი მუხლს მოიდრეკს ჩემი პიროვნების წინაშე და ყოველივე აუცილებლად მოექცევა ჩემი კონტროლის ქვეშ — უმცირესი შეცდომის გარეშე. ყველა სრულად უნდა დარწმუნდეს და თითოეული საგანი მოვა ჩემს სახლში და მომემსახურება მე. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების უკანასკნელი ნაწილი. ამიერიდან, ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების თითოეული მუხლი, რომელიც სხვადასხვა ადამიანისკენაა მიმართული, დაიწყებს შედეგების გამოღებას. (ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები სრულად საჯარო ხდება, და ყოველი ტიპის ადამიანისა და თითოეული საგნისთვის შესაბამისი სამზადისია გაწეული. შედეგად, ყველა ადამიანი თავის შესაბამის ადგილას იქნება, და ყოველი ტიპის ადამიანის ნამდვილი სახე მხილებული იქნება ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების გამო.) ასეთი იქნება ჭეშმარიტი, რეალური ადმინისტრაციული განკარგულებების დადგომა.

ახლა ჩემი სამუშაოს ნაბიჯების შესაბამისად, მე ვამბობ იმას, რისი თქმაც მსურს, და ყველამ სერიოზულად უნდა მიიღოს ჩემი სიტყვები. საუკუნეების განმავლობაში, თითოეული წმინდანი საუბრობდა „ახალ იერუსალიმზე“ და ყველამ იცის ეს, მაგრამ არავის ესმის ამ ტერმინის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. რაკი დღევანდელი საქმე ამ ეტაპამდე წარიმართა, მე გავამჟღავნებ ამ ტერმინის ჭეშმარიტ მნიშვნელობას თქვენთვის, რათა შეძლოთ მისი გაგება. მაგრამ არსებობს შეზღუდვა — როგორც არ უნდა ავხსნა ეს, და რაც არ უნდა მკაფიოდ ვთქვა, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ სრულად გაგებას, რადგან არცერთ ადამიანს არ ძალუძს, შეეხოს ამ ტერმინის რეალობას. წარსულში იერუსალიმი მიუთითებდა დედამიწაზე ჩემს სამყოფელზე ანუ იმ ადგილზე, სადაც მე დავდივარ და ვმოძრაობ. მაგრამ სიტყვა „ახალი“ ცვლის ამ ტერმინს; ის ახლა სრულებით აღარ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო. ადმიანთაგან ვერავინ ჩაწვდება ამას თუნდაც მცირედით. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ეს ჩემს სასუფეველს აღნიშნავს; ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც მე ვარ; ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ახალი ცა და დედამიწაა; ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ეს ის ახალი სამყაროა, რომელიც დადგება მას შემდეგ, რაც მე ამ სამყაროს გავანადგურებ. ადამიანის გონება უაღრესად რთული და მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონეც რომ იყოს, მას მაინც არ ძალუძს, რაიმე გაიგოს ამის შესახებ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იმედოვნებდნენ, რომ გაიგებდნენ ან იხილავდნენ ამ ტერმინის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, მაგრამ მათ ვერ შეძლეს თავიანთი სურვილების ასრულება — ისინი ყველანი იმედგაცრუებულნი დაიხოცნენ და იმედები დატოვეს; რადგან ჩემი დრო ჯერ არ იყო დამდგარი, მე არ შემეძლო ადვილად მეთქვა ვინმესთვის. რაკი ჩემი საქმე ამ ეტაპამდე შესრულდა, მე ყველაფერს გეტყვით თქვენ. ახალი იერუსალიმი მოიცავს ამ ოთხ რამეს: ჩემს რისხვას, ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, ჩემს სასუფეველს და იმ დაუსრულებელ კურთხევას, რომლებსაც ჩემს პირმშო ძეებს ვანიჭებ. მიზეზი, რის გამოც ვიყენებ ტერმინს „ახალი“, ისაა, რომ ეს ოთხი ნაწილი დაფარულია. რადგან არავინ იცის ჩემი რისხვა, არავინ იცის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, არავის უნახავს ჩემი სასუფეველი და არავინ დამტკბარა ჩემი კურთხევით, „ახალი“ აღნიშნავს იმას, რაც დაფარულია. ვერავინ შეძლებს სრულად გაიგოს ის, რაც ვთქვი, რადგან ახალი იერუსალიმი დაეშვა დედამიწაზე, მაგრამ არავის გამოუცდია პირადად ახალი იერუსალიმის რეალობა. რაც არ უნდა სრულად ვისაუბრო ამაზე, ადამიანები სრულად ვერ გაიგებენ. ვინმემ რომც გაიგოს, ეს გაგება მხოლოდ მათი სიტყვები, მათი გონება და მათი წარმოდგენებია. ეს არის გარდაუვალი კანონზომიერება; ეს არის გზა, რომელიც უნდა გაივლოს და ვერავინ შეძლებს მისგან თავის დაღწევას.

წინა:  თავი 104

შემდეგი:  თავი 113

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger