თავი 113
ჩემი სიბრძნე ჩემს ყოველ ქმედებაშია, მაგრამ ადამიანს საერთოდ არ ძალუძს მასში ჩაწვდომა; ადამიანს მხოლოდ ჩემი ქმედებებისა და სიტყვების დანახვა ძალუძს და არა ჩემი დიდების ან პიროვნების გამოჩინების, რადგან ადამიანს საერთოდ არ შესწევს ამის უნარი. ამგვარად, ისე, რომ მე არ შევიტან ცვლილებებს ადამიანში, მე და ჩემი პირმშო ძენი დავბრუნდებით სიონში და შევიცვლით ფორმას, რათა ადამიანმა იხილოს ჩემი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. ჩემი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა, რომელსაც ადამიანი ახლა ხედავს, ჩემი დიდების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია — ხსენებადაც კი არ ღირს. აქედან ჩანს, რომ ჩემი სიბრძნე და დიდება უსასრულო და განუზომლად ღრმაა, ადამიანის გონებას კი საერთოდ არ ძალუძს მისი გააზრება ან გაგება. სასუფევლის შენება პირმშო ძეთა მოვალეობაა და ეს ჩემი საქმეც არის. ანუ ეს ჩემი მართვის გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. სასუფევლის შენება არ არის იგივე, რაც ეკლესიის შენება; რადგან მე და ჩემი პირმშო ძენი ვართ ჩემი პიროვნება და სასუფეველი, მაშინ, როდესაც მე და ჩემი პირმშო ძენი შევალთ სიონის მთაზე, სასუფევლის შენება დასრულდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასუფევლის შენება ერთეტაპიანი საქმეა — სულიერ სამყაროში შესვლის ეტაპი. (თუმცა, ყოველივე, რაც სამყაროს შექმნიდან მოყოლებული გამიკეთებია, ამ ეტაპისთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამას ეტაპს ვუწოდებ, სინამდვილეში, ეს სულაც არ არის ეტაპი.) ამგვარად, ყველა მსახურების შემსრულებელს ვიყენებ ამ ეტაპის განსახორციელებლდ და, შესაბამისად, უკანასკნელ დღეებში უამრავი ადამიანი დაიხევს უკან; ისინი ყველანი მსახურებას უწევენ პირმშო ძეებს. ვინც სიკეთეს გამოიჩენს ამ მსახურების შემსრულებელთა მიმართ, ჩემი წყევლით მოკვდება. (მსახურების შემსრულებლები წარმოადგენენ დიდი წითელი დრაკონის შეთქმულებებს და ყველანი სატანის მსახურნი არიან; ამიტომ ისინი, ვინც მათ მიმართ სიკეთეს იჩენენ, დიდი წითელი დრაკონის თანამზრახველნი არიან და სატანის კუთვნილებას წარმოადგენენ.) მიყვარს ყველა, ვინც მიყვარს და მძულს ჩემი წყევლისა და ცეცხლის ყველა სამიზნე. თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება? ნამდვილად არ ვაპატიებ მას, ვინც ჩემ წინააღმდეგ წავა და არც დავინდობ მას! თითოეული საქმის აღსრულებისას ვანაწილებ უამრავ მსახურების შემსრულებელს, რათა მომემსახურონ. ამგვარად, ნათელია, რომ წარსულში თაობების ყველა წინასწარმეტყველი და მოციქული მხოლოდ მსახურებას ასრულებდა დღევანდელი ეტაპისთვის; ისინი არ შეესაბამებიან ჩემს განზრახვებს და არ არიან ჩემგან. (მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ჩემი ერთგულია, არცერთი არ მეკუთვნის მე. ამგვარად, მათი გარჯა ჩემთვის ამ დასკვნითი ეტაპის საფუძველს ქმნის, მაგრამ მთელი მათი ძალისხმევა ამაოა, რაც შეეხება თავად მათ.) ამიტომ, უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიხევს უკან. (მიზეზი, რის გამოც ვამბობ „უამრავი“, არის ის, რომ ჩემმა მართვის გეგმამ დასასრულს მიაღწია, ჩემი სასუფევლის შენება წარმატებით დასრულდა და პირმშო ძენი ტახტზე დასხდნენ.) ეს ყველაფერი პირმშო ძეთა გამოჩინების შედეგია. რადგან პირმშო ძენი გამოჩნდნენ, დიდი წითელი დრაკონი ყოველგვარი საშუალებით ცდილობს ზიანის მიყენებას და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს. ის აგზავნის ყოველგვარ ბოროტ სულს ჩემთვის მსახურების გასაწევად, რომლებმაც მიმდინარე პერიოდში თავიანთი ნამდვილი სახე გამოავლინეს და ჩემი მართვის ჩაშლა სცადეს. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია; ისინი ყველანი სულიერი სამყაროს ნაწილნი არიან. ამგვარად, ადამიანებს არ სჯერათ, რომ უამრავი ადამიანი დაიხევს უკან, მაგრამ ვიცი, რასაც ვაკეთებ, მესმის ჩემი მართვა; სწორედ ამიტომ არ ვრთავ ადამიანს ჩარევის ნებას. (დადგება დღე, როდესაც ყოველგვარი საძაგელი ბოროტი სული გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს და ყველა ადამიანი ბოლომდე დარწმუნდება.)
მიყვარს ჩემი პირმშო ძენი, მაგრამ ისინი, ვინც დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან და დიდი გულწრფელობით ვუყვარვარ, სულაც არ მიყვარს; სინამდვილეში ისინი კიდევ უფრო მეტად მძულს. (ეს ადამიანები ჩემ მიერ არ არიან რჩეულნი და თუმცა ისინი კეთილ განზრახვებს ავლენენ და სასიამოვნო სიტყვებს ამბობენ, ეს ყველაფერი დიდი წითელი დრაკონის მზაკვრობაა და ამიტომ ისინი სულით ხორცამდე მძულს.) ეს არის ჩემი ხასიათი და ეს არის ჩემი სამართლიანობა მთლიანობაში. ადამიანს სრულიად არ ძალუძს მისი წვდომა. რატომ ცხადდება აქ ჩემი სამართლიანობა მთლიანობაში? აქედან შეიძლება ჩემი წმინდა ხასიათის აღქმა, რომელიც არავითარ შეცოდებას არ ურიგდება. შემიძლია მიყვარდეს ჩემი პირმშო ძენი და მძულდეს ყველა, ვინც არ არის ჩემი პირმშო ძე (თუნდაც ისინი ერთგული ადამიანები იყვნენ). ეს არის ჩემი ხასიათი. ნუთუ ნათლად ვერ ხედავთ ამას? ადამიანთა წარმოდგენებში, ყოველთვის მოწყალე ღმერთი ვარ და მიყვარს ყველა, ვისაც ვუყვარვარ; განა ეს ჩემ მიმართ გმობა არ არის? განა შემიძლია მიყვარდეს ხარები და ცხენები? განა შემიძლია სატანა ჩემს პირმშო ძედ მივიღო და ამით დავტკბე? სისულელეა! ჩემი საქმე ჩემს პირმშო ძეებზე სრულდება და ჩემი პირმშო ძეების გარდა, სხვა არაფერი მიყვარს. (ძენი და ხალხი დამატებაა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.) ადამიანები ამბობენ, რომ ადრე ბევრ უსარგებლო საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს საქმე, სინამდვილეში, ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. (ეს ეხება იმ საქმეს, რომელიც აღსრულდა ორი განკაცების დროს; რადგან მსურს ჩემი დიდი ძალის გამოცხადება, ხორცი უნდა შევისხა ჩემი საქმის დასასრულებლად.) მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ჩემი სული პირადად მოდის საქმის აღსასრულბლად, არის ის, რომ ჩემი საქმე ხორციელი სხეულის მიერ სრულდება. ანუ მე და ჩემი პირმშო ძენი ვიწყებთ განსასასვნებლში შესვლას. ხორციელი სხეულით სატანასთან ბრძოლა უფრო სასტიკია, ვიდრე სატანასთან ბრძოლა სულიერ სამყაროში; მისი დანახვა ყველა ადამიანს ძალუძს, ამიტომ სატანის შთამომავლებსაც კი შეუძლიათ ჩემთვის მშვენიერი მოწმობის გაცემა და არ სურთ წასვლა; სწორედ ეს არის ჩემი ხორციელი სხეულით საქმით აღსრულების არსი. ეს ძირითადად იმისთვის ხდება, რომ ეშმაკთა შთამომავლებმა თავად ეს ეშმაკები შეარცხვინონ; ეს არის ყველაზე ძლიერი სირცხვილი, რომელიც ეშმაკებსა და სატანას დაატყდებათ თავს — ეს მათ სირცხვილის დასამალად ადგილს არ უტოვებს და ისინი ჩემ წინაშე გამუდმებით ითხოვენ წყალობას. გავიმარჯვე, ვძლიე ყველაფერს, გავარღვიე მესამე ცა და მივაღწიე სიონის მთას, რათა ჩემს პირმშო ძეებთან ერთად დავტკბე ოჯახური ნეტარებით, რათა სამუდამოდ ვნეტარებდე ცათა სასუფევლის დიდებულ ნადიმში!
პირმშო ძეთათვის გავიღე ყოველგვარი საფასური და მათ შევწირე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. (ადამიანმა უბრალოდ არ იცის, რომ ყოველივე, რაც გავაკეთე, რაც ვთქვი, ის, რომ ყოველგვარი ბოროტი სულის არსში ვწვდები და რომ განვდევნე ყოველგვარი მსახურების შემსრულებელი — ეს ყოველივე პირმშო ძეთა გულისთვის იყო.) მაგრამ ჩემს მრავალ საქმეში ჩემი განგებულება მოწესრიგებულია და სულაც არ სრულდება ბრმად. ყოველდღიურად ჩემს სიტყვებში უნდა ხედავდეთ ჩემი საქმის მეთოდსა და მის საფეხურებს; ყოველდღიურად ჩემს ქმედებებში უნდა ხედავდეთ ჩემს სიბრძნესა და საქმეთა წარმართვის ჩემეულ პრინციპებს. როგორც უკვე ვთქვი, სატანამ გამოგზავნა ისინი, ვინც მსახურებას მიწევს, რათა ჩემი მართვა ჩაშალოს. ეს მსახურების შემსრულებლები სარეველა ბალახი არიან, თუმცა სიტყვა „ხორბალი“ პირმშო ძეებს კი არ აღნიშნავს, არამედ ყველა ძესა და ჩემს მთელ ხალხს, რომლებიც არ არიან პირმშო ძენი. „ხორბალი ყოველთვის ხორბალი იქნება, სარეველა კი ყოველთვის — სარეველა“; ეს ნიშნავს, რომ მათი ბუნება, ვინც სატანისგან არის, არასოდეს შეიცვლება. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი სატანად რჩებიან. „ხორბალი“ ეხება ძეებსა და ხალხს, რადგან სამყაროს შექმნამდე შთავნერგე ჩემი სულიერი მონაცემები ამ ადამიანებში. უკვე ვთქვი, რომ ადამიანის ბუნება არ იცვლება და სწორედ ამიტომ ხორბალი ყოველთვის ხორბალი იქნება. მაშ, ვინ არიან პირმშო ძენი? პირმშო ძენი ჩემგან მოდიან; მე არ შემიქმნია ისინი, ამიტომ მათ ხორბალი არ შეიძლება ეწოდოთ. (ეს იმიტომ ხდება, რომ ხორბლის ნებისმიერი ხსენება ყოველთვის უკავშირდება სიტყვებს „დათესვა“, ხოლო „დათესვა“ ნიშნავს „შექმნას“; ყოველი სარეველა სატანამ მიმოფანტა ხორბალში, რათა იმოქმედოს, როგორც მსახურების შემსრულებელმა.) შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ პირმშო ძენი ჩემი პიროვნების სრული და უხვი გამოვლინებაა; ნაცვლად ამისა, უნდა იქნას გამოყენებული „ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები“. ეს ეხება იმ ფაქტს, რომ ჩემი მოსვლა ქურდის მოსვლას ჰგავს და მოვედი, რათა მოვიპარო ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები (რადგან ეს ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები თავდაპირველად მე მეკუთვნოდა და მსურს მათი დაბრუნება ჩემს სახლში). როდესაც მე და ჩემი პირმშო ძენი ერთად დავბრუნდებით სიონში, მე უკვე მოპარული მექნება ეს ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები. ამ დროის განმავლობაში იქნება სატანისეული დაბრკოლებები და არევ-დარევა, ამიტომ ავიღებ ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებს და გადამწყვეტ ბრძოლას დავიწყებ სატანასთან. (აქ ნამდვილად არ ვყვები ამბავს; ეს სულიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენაა, ამიტომ ადამიანებისთვის ეს საკმაოდ ბუნდოვანია და მხოლოდ ამბავივით შეუძლიათ მისი მოსმენა. მაგრამ ჩემი სიტყვებიდან უნდა დაინახოთ, რას წარმოადგენს ჩემი ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის საქმე და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ხუმრობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი სული განშორდება ყოველ ადამიანს.) დღეს ეს ბრძოლა სრულად დასრულებულია და ჩემს პირმშო ძეებს (ჩემი კუთვნილი ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვების წამოღებით) ჩემთან ერთად დავაბრუნებ ჩემს სიონის მთაზე. ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვების სიმცირისა და მათი ძვირფასობის გამო, სატანა ყველა ღონეს ხმარობს მათ წასართმევად, მაგრამ არაერთხელ ვამბობ, რომ ის, რაც ჩემგანაა, მე უნდა დამიბრუნდეს, რისი მნიშვნელობაც ზემოთ არის ნახსენები. ის ფაქტი, რომ ვამბობ, პირმშო ძენი ჩემგან არიან და მე მეკუთვნიან, სატანისთვის გაკეთებული განცხადებაა. ეს არავის ესმის და ეს მთლიანად სულიერი სამყაროს მოვლენაა. ამგვარად, ადამიანს არ ესმის, რატომ ვუსვამ ხაზს არაერთხელ, რომ პირმშო ძენი მე მეკუთვნიან; დღეს ეს უნდა გესმოდეთ! მითქვამს, რომ ჩემს სიტყვებს აქვს მიზანი და მათშია სიბრძნე, მაგრამ თქვენ ამას მხოლოდ გარეგნულად იგებთ — არცერთ ადამიანს არ შეუძლია ამის ნათლად დანახვა სულში.
სულ უფრო მეტს ვსაუბრობ და რაც უფრო მეტს ვსაუბრობ, მით უფრო მკაცრი ხდება ჩემი სიტყვები. როდესაც ეს გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, გამოვიყენებ ჩემს სიტყვებს, რათა ადამიანებზე იმ დონემდე ვიმუშაო, რომ ისინი არა მხოლოდ ბოლომდე დავარწმუნო, არამედ, უფრო მეტიც, ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდო, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იყვნენ გამოკიდებულნი; ეს არის ჩემი საქმის მეთოდი და ჩემი საქმის საფეხურები. ეს ასე უნდა გაკეთდეს, რათა შევარცხვინო სატანა და სრულვქმნა პირმშო ძენი (ჩემი სიტყვების გამოყენებით, რათა საბოლოოდ სრულვყო პირმშო ძენი, მივცე მათ ხორცისგან გათავისუფლებისა და სულიერ სამყაროში შესვლის საშუალება). ადამიანს არ ესმის ჩემი სიტყვების მეთოდი და ტონი. ჩემი ახსნიდან გარკვეული წვდომა უნდა მიიღოთ ყველამ და ყველანი უნდა მიჰყვეთ ჩემს სიტყვებს, რათა შეასრულოთ თქვენს მიერ შესასრულებელი საქმე. ეს არის ის, რაც დაგაკისრეთ. ეს უნდა გააცნობიეროთ არა მხოლოდ გარე სამყაროსთან, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სულიერ სამყაროსთან მიმართებაში.