თავი 43
შესაძლოა, მხოლოდ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების გამო იჩენს ხალხი „დიდ ინტერესს“ ჩემი სიტყვების მიმართ. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებებით რომ არ იმართებოდნენ, ყველანი ახლად შეწუხებული ვეფხვებივით იღრიალებდნენ. ყოველდღე დავაბიჯებ ღრუბლებში და ვაკვირდები დედამიწაზე განფენილ კაცობრიობას, რომელიც დაფუსფუსებს და ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებებით დაწესებულ შეზღუდვას ექვემდებარება. ამგვარად, ადამიანთა მოდგმა წესრიგშია მოქცეული და მე ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს ძალაში ვტოვებ. ამიერიდან, დედამიწაზე მყოფნი ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების საფუძველზე იღებენ ყოველგვარ გაკიცხვას და, როდესაც ეს გაკიცხვა თავზე ატყდებათ, მთელი კაცობრიობა ხმამაღლა გაჰყვირის და ყველა მიმართულებით გარბის. ამ დროს დედამიწის ერები მყისიერად იღუპებიან, ერებს შორის საზღვრები არსებობას წყვეტს, მიწა მიწისგან აღარ იყოფა და ადამიანებს შორის გაუცხოება აღარ არსებობს. მათ შორის მყოფი ვიწყებ „ადამიანთა აზრებზე მუშაობას“, რათა ადამიანებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად იცხოვრონ, აღარ ებრძოლონ ერთმანეთს და, რადგან ხიდებს ვაგებ და კავშირებს ვამყარებ კაცობრიობის წიაღში, ადამიანები ერთიანდებიან. ცის კამარას ჩემი მოქმედებების გამოვლინებებით ავავსებ და დედამიწაზე ყოველივეს ჩემი ძალაუფლების ქვეშ დავამხობ, რითაც განვახორციელებ ჩემს გეგმას — „გავაერთიანო მთელი დედამიწა“ — და ამ ჩემს ერთ სურვილს სისრულეში მოვიყვან, რათა კაცობრიობამ აღარ „იხეტიალოს“ დედამიწის ზურგზე, არამედ მალე ჰქონდეს შესაფერისი საბოლოო სამყოფელი. მე ყოველმხრივ ვზრუნავ ადამიანის მოდგმაზე და ისე ვაკეთებ, რომ მთელმა კაცობრიობამ მალე იცხოვროს მშვიდობისა და ბედნიერების მიწაზე, რათა მათი ცხოვრების დღეები აღარ იყოს უნუგეშო და ჩემი გეგმა დედამიწაზე არ ჩაიშალოს. კაცობრიობის არსებობის გამო, მე ავაშენებ ჩემს სამეფოს დედამიწაზე, რადგან ჩემი დიდების გამოვლინების ნაწილი დედამიწაზეა. მაღლა, ზეცაში, ჩემს ქალაქს წესრიგში მოვიყვან და ამგვარად ყოველივეს განვაახლებ — ზემოთაც და ქვემოთაც. მე გავაერთიანებ ყველაფერს, რაც ცის ზემოთ და ქვემოთ არის, რათა დედამიწაზე ყოველივე გაერთიანდეს იმ ყველაფერთან, რაც ზეცაშია. ეს არის ჩემი გეგმა. სწორედ ეს არის ის, რასაც უკანასკნელ ეპოქაში აღვასრულებ — ნურავინ ჩაერევა ჩემი საქმის ამ ნაწილში! ჩემი საქმის გავრცელება წარმართ ერებში ჩემი საქმის ბოლო ნაწილია დედამიწაზე. არავის ძალუძს, ჩასწვდეს იმ საქმეს, რომელსაც მე აღვასრულებ, და ამის გამო, ადამიანები საკმაოდ დაბნეულნი არიან. და ვინაიდან ძალზედ დაკავებული ვარ ჩემი საქმით დედამიწაზე, ადამიანები სარგებლობენ მომენტით და „ერთობიან“. მათ ნაჩქარევად რომ არ იმოქმედონ, ჯერ ჩემი გაკიცხვის ქვეშ მოვაქციე ისინი, რათა ცეცხლის ტბის „წვრთნა“ გაიარონ. ეს ჩემი საქმის ერთი ნაბიჯია და ჩემი საქმის ამ ნაბიჯის აღსასრულებლად ცეცხლის ტბის ძალას გამოვიყენებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი საქმის განხორციელება გართულდებოდა. მე ვაიძულებ, ადამიანებს მთელ სამყაროში, დანებდნენ ჩემი ტახტის წინაშე, ჩემი სამსჯავროს გამო სხვადასხვა კატეგორიად დაიყონ, ამ კატეგორიების მიხედვით თავიანთი გვარისამებრ დახარისხდნენ და ამგვარად დაჯგუფდნენ თავიანთ ოჯახებში, რათა მთელმა კაცობრიობამ შეწყვიტოს ჩემ წინააღმდეგ ამბოხება და, ამის ნაცვლად, მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად განლაგდეს იმ კატეგორიების მიხედვით, რომლებიც დავასახელე — ნურავინ გადაადგილდება თავისი ნებისამებრ! მთელ სამყაროში და მის ზემოთ მე ახალი საქმე აღვასრულე. სამყაროში ყველა ადამიანი გაოგნებულია ჩემი მოულოდნელი გამოჩენით; ჩემმა ღიად გამოჩენამ მათი თვალსაწიერი დიდად გააფართოვა. განა დღეს სწორედ ასე არ არის?
მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ყოველ ერსა და ხალხს შორის და დავიწყე ჩემი საქმის პირველი ნაწილი. არ ჩავშლი ჩემს გეგმას და თავიდან არ დავიწყებ: წარმართ ერებში საქმის თანმიმდევრობა ზეცაში ჩემი საქმის განხორციელების პროცედურას ეფუძნება. როდესაც ყველა ადამიანი თვალებს აღაპყრობს, რათა ჩემს თითოეულ ჟესტსა და მოქმედებას შეხედოს, სწორედ მაშინ ვფენ ნისლს სამყაროს. ადამიანებს თვალები მყისიერად ებინდებათ და გზას ვერ აგნებენ, როგორც ცხვრები უკაცრიელ უდაბნოში, ხოლო როდესაც ქარიშხალი ღრიალს იწყებს, მათ ყვირილს მოღრიალე ქარი ახშობს. ქარის ტალღებში ადამიანთა სილუეტები ძლივსღა მოსჩანს, მაგრამ ადამიანის ხმა არ ისმის და, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მთელი ძალით გაჰყვირიან, ეს ძალისხმევა ამაოა. ამ დროს ადამიანები ტირიან და ხმამაღლა მოთქვამენ, იმედოვნებენ, რომ მხსნელი მოულოდნელად ციდან დაეშვება, რათა ისინი უკიდეგანო უდაბნოდან გამოიყვანოს. მაგრამ, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მათი რწმენა, მხსნელი ადგილიდან არ იძვრის და ადამიანების იმედები იმსხვრევა: რწმენის ანთებულ ცეცხლს უდაბნოს ძლიერი ქარიშხალი აქრობს და ადამიანები პირქვე ემხობიან უნაყოფო და დაუსახლებელ ადგილას, აღარასოდეს აღმართავენ ანთებულ ჩირაღდანს და უგონოდ ეცემიან... ამ მომენტით ვსარგებლობ და ადამიანის თვალწინ ოაზისს ვაჩენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გული, შესაძლოა, სიხარულით არის აღსავსე, მისი სხეული მეტისმეტად სუსტია იმისთვის, რომ რეაგირება შეძლოს — უძლური და კიდურებში ძალაგამოცლილია; და, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს ოაზისში მზარდ მშვენიერ ნაყოფს, მისი მოწყვეტის ძალა არ შესწევს, რადგან ადამიანის „შინაგანი რესურსები“ მთლიანად ამოწურულია. მე ვიღებ იმ საგნებს, რაც ადამიანს სჭირდება და ვთავაზობ მას, მაგრამ ის მხოლოდ წამიერად იღიმის, მისი სახე კი სრულიად უსიხარულოა. ადამიანის ძალის ყოველი ნატამალი უკვალოდ გაქრა, ჰაერის მოძრაობასთან ერთად გაუჩინარდა. ამის გამო, ადამიანის სახე სრულიად უემოციოა და მისი ჩასისხლიანებული თვალებიდან სითბოს მხოლოდ ერთადერთი სხივი გამოკრთის — ისეთი სათუთი კეთილგანწყობით, როგორითაც დედა დასცქერის თავის შვილს. დროდადრო ადამიანის გამომშრალი, დამსკდარი ტუჩები გამოძრავდება, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ საამისოდ ძალა არ ჰყოფნის. ადამიანს ცოტაოდენ წყალს ვაწვდი, მაგრამ ის მხოლოდ თავს აქნევს უარის ნიშნად. ამ არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადი მოქმედებებიდან ვხვდები, რომ ადამიანს უკვე მთლიანად დაუკარგავს საკუთარი თავის იმედი. მხოლოდ მუდარით სავსე თვალებით შემომცქერის, თითქოს რაღაცას მევედრება. მაგრამ, ვინაიდან ადამიანთა სამყაროს წესებსა და ჩვეულებებს არ ვიცნობ, მისი სახის გამომეტყველება და მოქმედებები მაბნევს. მხოლოდ ამ მომენტში უეცრად აღმოვაჩენ, რომ ადამიანის არსებობის დღეები დასასრულს უახლოვდება და მისკენ თანაგრძნობით სავსე მზერას მივაპყრობ. და მხოლოდ ამ მომენტში ადამიანი შვებით იღიმის და თავს მიქნევს, თითქოს მისი ყველა სურვილი შესრულდა. ადამიანი აღარ არის სევდიანი. დედამიწაზე მყოფი ხალხი აღარ ჩივის ცხოვრების სიცარიელეზე და წყვეტს ყოველგვარ კავშირს „ცხოვრებასთან“. ამიერიდან, დედამიწაზე აღარ ისმის ოხვრა და კაცობრიობის ცხოვრების დღეები სიხარულით აღივსება...
სანამ ჩემს საქმეს შევუდგები, ჯერ ადამიანის საქმეებს სათანადოდ მოვაგვარებ, რათა ადამიანმა გამუდმებით არ შეუშალოს ხელი ჩემს საქმეს. ჩემთვის ადამიანის საქმეები მთავარ საკითხს არ წარმოადგენს; ადამიანთა საქმეები ზედმეტად უმნიშვნელოა. ვინაიდან ადამიანი სულით ასეთი წვრილმანია — როგორც ჩანს, ჭიანჭველის დანდობაც კი არ სურს, თითქოს ჭიანჭველები მისი მტრები იყვნენ — ადამიანებს შორის მუდმივად ისმის კამათის ხმა. მათი კამათის ხმის გაგონებისას მე კვლავ ვშორდები მათ და ყურადღებას აღარ ვაქცევ მათ მონაყოლს. ადამიანთა თვალში მე „მობინადრეთა კომიტეტი“ ვარ, რომელიც „მობინადრეთა“ „ოჯახური დავების“ მოგვარებაშია სპეციალიზებული. როდესაც ადამიანები ჩემ წინაშე მოდიან, ისინი ყოველთვის თავიანთი მიზეზებით მოდიან და გადამეტებული მონდომებით ჰყვებიან თავიანთ „არაჩვეულებრივ გამოცდილებებზე“, თან საკუთარ კომენტარებსაც ურთავენ. მე ვაკვირდები ადამიანის უჩვეულო იერსახეს: სახე მტვრით აქვს დაფარული; ოფლით „მორწყვის“ შედეგად მტვერი კარგავს „დამოუკიდებლობას“, რადგან მაშინვე ერევა ოფლს და ადამიანის სახე კიდევ უფრო „გაჯერებული“ ხდება — როგორც პლაჟის ქვიშიანი ზედაპირი, რომელზეც დროდადრო ფეხის ანაბეჭდები ჩანს. თმა მიცვალებულთა აჩრდილების თმას მიუგავს — ბზინვარებადაკარგული და გაფშეკილი, როგორც გლობუსში ჩარჭობილი ჩალის ღეროები. რადგან ბრაზისგან ისეა ანთებული, რომ თმაც კი რისხვისგან ყალყზე უდგას, სახეზე დროდადრო „ორთქლი“ ასდის, თითქოს ოფლი „უდუღს“. მასზე დაკვირვებისას ვხედავ, რომ ადამიანის სახე მცხუნვარე მზესავით „ალმურითაა“ დაფარული, რის გამოც მისგან ცხელი აირი ამოდის და მართლა ვდარდობ, რომ მისმა ბრაზმა შეიძლება სახე ფერფლად უქციოს. თუმცა თვითონ ამას ყურადღებას არ აქცევს. ამ მომენტში ადამიანს მოვუწოდებ, რომ ცოტა ნაკლებად გაბრაზდეს, რადგან, რა სიკეთე მოაქვს ამას? რატომ იგდებს თავს ასეთ დღეში? ამ ბრაზის გამო, „გლობუსის“ ზედაპირზე ჩალის ღეროები პრაქტიკულად მზის ალში იწვიან; ასეთ ვითარებებში „მთვარეც“ კი წითლდება. ადამიანს მოვუწოდებ, მოთოკოს ბრაზი — ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანი არ უსმენს ჩემს რჩევას; პირიქით, აგრძელებს ჩემთან „საჩივრების შემოტანას“. რა აზრი აქვს ამას? ნუთუ ჩემი სიუხვე არასაკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ის დააფასოს? ან იქნებ ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რასაც მე ვაძლევ? უეცარი ბრაზის შემოტევისას მაგიდას ვაყირავებ და ადამიანი ვეღარ ბედავს თავისი ამბის საინტერესო ეპიზოდების მოყოლას; ძალიან ეშინია, რომ შეიძლება „დაკავების იზოლატორში“ წავიყვანო და რამდენიმე დღით იქ დავტოვო, და სარგებლობს ჩემი განრისხებით შექმნილი შესაძლებლობით და იპარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი არასოდეს შეწყვეტდა ასეთ რაღაცებს, არამედ გააგრძელებდა თავისი ამბების გაუთავებლად მოყოლას. ამის გაგონებაც კი მაღიზიანებს. რატომ არის ადამიანი ასეთი რთული გულის სიღრმეში? შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ადამიანში მეტისმეტად ბევრი „კომპონენტი“ ჩავდე? რატომ აფრიალებს მუდმივად ამ ყველაფერს ჩემ წინაშე? ნუთუ მე „სამოქალაქო დავების“ მოგვარების „კონსულტანტი“ ვარ? ვთხოვე ადამიანს ჩემთან მოსვლა? ნუთუ მე რომელიმე ოლქის მოსამართლე ვარ? რატომ მოაქვთ ადამიანთა საქმეები ყოველთვის ჩემთან? ვიმედოვნებ, ადამიანი თავად მიხედავს საკუთარ თავს და მე არ შემაწუხებს, რადგან მეტისმეტად ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი.
1992 წლის 18 მაისი