თავი 44
ხალხი ღვთის საქმეს რაღაც დამხმარე ფაქტორად მიიჩნევს; ისინი მის გამო არც ჭამაზე ამბობენ უარს და არც ძილზე, ამიტომაც სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ადამიანს მისივე დამოკიდებულების შესაბამისად წავუყენო სათანადო მოთხოვნები. მახსოვს, ერთ დროს ადამიანს უხვად მივანიჭე მადლი და კურთხევანი, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი წავართვი, ის მაშინვე გატრიალდა და წავიდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მისთვის უნებლიეთ მეჩუქებინა. მაშასადამე, ადამიანს ყოველთვის საკუთარი წარმოდგენებით ვყვარებივარ. მე მსურს ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული ჩემ მიმართ; დღეს კი ხალხი კვლავ ფეხს ითრევს და არ შეუძლია თავისი ჭეშმარიტი სიყვარულის მოცემა. თავიანთ წარმოსახვაში ისინი თვლიან, რომ თუკი ჭეშმარიტ სიყვარულს მომცემენ, თავად ხელცარიელნი დარჩებიან. როდესაც ვეწინააღმდეგები, მათი მთელი სხეული კანკალებს — მაგრამ ისინი მაინც არ არიან მზად, მომცენ თავიანთი ჭეშმარიტი სიყვარული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რაღაცას ელოდებიან, ამიტომ უბრალოდ შორს, ზევით იყურებიან და არასოდეს მეუბნებიან საქმის ჭეშმარიტებას. თითქოს პირზე ლენტი აქვთ აკრული, ამიტომ მათი მეტყველება მუდმივად ფერხდება. ადამიანის წინაშე, როგორც ჩანს, არაადამიანურ კაპიტალისტად ვქცეულვარ. ხალხს ყოველთვის ეშინია ჩემი: ჩემი დანახვისას ისინი მაშინვე უგზო-უკვლოდ ქრებიან, რადგან შიშით ძრწიან იმის გამო, თუ რას ვკითხავ მათი მდგომარეობის შესახებ. არ ვიცი, რატომ შეუძლიათ ადამიანებს გულწრფელად უყვარდეთ „მშობლიური მხარის ხალხი“, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შემიყვარონ მე, რომელიც სულით სამართლიანი ვარ. ამის გამო ვოხრავ: ყოველთვის რატომ გამოხატავენ ადამიანები თავიანთ სიყვარულს ადამიანთა სამყაროში? რატომ არ შემიძლია ადამიანის სიყვარულის გემოს გაგება? ნუთუ იმიტომ, რომ კაცობრიობის ნაწილი არ ვარ? ხალხი ყოველთვის ისე მეპყრობა, როგორც მთიდან ჩამოსულ ველურს, თითქოს ნორმალური ადამიანის თვისებები მაკლდეს; სწორედ ამიტომ, ხალხი ყოველთვის მაღალფარდოვან თეორიებს აფრქვევს ჩემ წინაშე. ისინი ხშირად მომათრევენ თავიანთ წინაშე, რათა დამტუქსონ, დამმოძღვრონ როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვი; ხალხი ყოველთვის აღმზრდელის როლს თამაშობს ჩემ წინაშე, რადგან მათ მეხსიერებაში მე ის ვარ, ვისაც გონიერება და წესრიგი აკლია. მე არ ვკიცხავ ადამიანებს მათი ნაკლოვანებების გამო, არამედ შესაბამის დახმარებას ვუწევ, რაც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ რეგულარული „დახმარების ფონდები“. ვინაიდან ადამიანს მარად უბედურებებში უწევდა ცხოვრება და ძნელად აღწევდა მათ თავს, და რადგან იგი ყოველთვის მიხმობს ამ უბედურებების დროს, მე სწორედ დროულად ვაწვდი ხელში „სასურსათო პაიებს“, რათა ყველამ ახალი ეპოქის დიდ ოჯახში იცხოვროს და შეიგრძნოს ამ დიდი ოჯახის სითბო. ადამიანთა შორის საქმის შემოწმებისას მათ მრავალ ნაკლს აღმოვაჩენ ხოლმე და შედეგად, მე მათ ვეხმარები. ამ დრომდე ხალხს მაინც განსაკუთრებულად უჭირს, ამიტომ სათანადო ზრუნვა აღმოვუჩინე „გაჭირვებულ რაიონებს“ და სიღარიბიდან ამოვიყვანე. ეს არის ჩემი საქმის კეთების ხერხი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დატკბეს ჩემი მადლით.
დედამიწაზე ყოფნისას ადამიანები გაუცნობიერებლად განიცდიან გაკიცხვას, ამიტომ მე ვშლი ჩემს დიდ ხელს და ჩემ გვერდით ვიზიდავ მათ, რათა მივცე დედამიწაზე ჩემი მადლით ტკბობის ბედნიერება. რა არის დედამიწაზე ცარიელი და ფასეულობას მოკლებული? მე დავდივარ ადამიანთა სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში, და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ცნობილი ძეგლი და ადამიანისთვის სასიამოვნო ბუნებრივი პეიზაჟი, ყველგან, სადაც მივდივარ, ყველაფერს, უკვე დიდი ხანია, დაჰკარგვია სიცოცხლისუნარიანობა. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, რომ დედამიწა მწუხარე და უკაცრიელია: როგორც ჩანს, დედამიწაზე სიცოცხლე უკვე დიდი ხანია გაქრა და იქ მხოლოდ სიკვდილის ჰაერი სუფევს. ამიტომ, მე მუდამ მოვუწოდებდი ადამიანს, რომ ეჩქარა და დაეტოვებინა ეს განსაცდელის მიწა. ყველაფერი, რასაც ვხედავ, სიცარიელეს ასხივებს. ვსარგებლობ მომენტით და ჩემს ხელთ არსებულ სიცოცხლეს ვუგზავნი მათ, ვინც ავირჩიე; მყისიერად, მიწაზე ოაზისი ჩნდება. ადამიანებს სურთ სიცოცხლით სავსე საგნებით ტკბობა დედამიწაზე, მაგრამ მე ამაში ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვპულობ; ადამიანები მუდამ აფასებენ დედამიწისეულ ნივთებს და ვერასოდეს ამჩნევენ მათ სიცარიელეს, ამიტომ დღემდე ვერ იგებენ, თუ რატომ არ არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე. დღეს, როდესაც სამყაროში დავდივარ, ყველა ადამიანი ახერხებს დატკბეს იმ ადგილის მადლით, სადაც მე ვიმყოფები, და ამას კაპიტალად იყენებს, ისე, რომ არასოდეს ესწრაფვის სიცოცხლის წყაროს. ისინი ყველაფერს, რასაც ვაძლევ, სახსრებად იყენებენ, რომლითაც სარგებლობენ, თუმცა არავინ ცდილობს, სიცოცხლისუნარიანობის პირვანდელი ფუნქციის ამოქმედებას. მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ან განავითარონ ბუნებრივი რესურსები, ამიტომაც ხელმოკლენი რჩებიან. მე ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობ, ადამიანებს შორის ვტრიალებ, მაგრამ დღემდე მაინც არ იცის ადამიანმა, ვინ ვარ მე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა დიდი დახმარება გამიწია იმის გამო, რომ სახლიდან ასე შორს ვიმყოფები, თუმცა თითქოს ჯერ კიდევ ვერ დავამყარე ადამიანთან სწორი მეგობრობა და ამიტომ კვლავ ვგრძნობ ადამიანთა სამყაროს უსამართლობას. ჩემ თვალში კაცობრიობა, საბოლოო ჯამში, ცარიელია და ადამიანთა შორის არავითარი ფასეული განძი არ მოიპოვება. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ ადამიანებს ადამიანურ ცხოვრებაზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი საკუთარი წარმოდგენა განუყოფელია სიტყვისგან —„ცარიელი“. იმედი მაქვს, ხალხი ამის გამო ცუდად არ შემომხედავს, რადგან საკმაოდ პირდაპირი ვარ და თავაზიანობას არ ვცდილობ. თუმცა, ვურჩევდი ადამიანებს, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინათ იმაზე, რასაც ვფიქრობ, რადგან ჩემი სიტყვები, საბოლოო ჯამში, სწორედ მათთვის არის სასარგებლო. არ ვიცი, რა გაგება აქვთ ადამიანებს „სიცარიელის“ შესახებ. იმედი მაქვს, რომ ისინი მცირე ძალისხმევას მაინც ჩადებენ ამ საქმის დასაწყებად. კარგი იქნება, თუ პრაქტიკულად გამოსცდიან ადამიანურ ცხოვრებას, რათა ნახონ, შეუძლიათ თუ არა მასში რაიმე ღირებული „სასარგებლო წიაღისეულის“ პოვნა. მე არ ვცდილობ ადამიანების ენთუზიაზმის ჩაქრობას, უბრალოდ მინდა, რომ მათ ჩემი სიტყვებიდან რაღაც ცოდნა მოიპოვონ. მე მუდამ ადამიანურ საქმეებზე ვზრუნავ და ვფუსფუსებ, მაგრამ ახლა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ხალხს მადლობის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, თითქოს ძალიან დაკავებულნი იყვნენ და ეს დავიწყებოდათ. დღემდე ვერ გავიგე, რა შედეგი მოიტანა ადამიანის მთელმა ამ ყოველდღიურმა სირბილმა და ფორიაქმა. დღემდე ადამიანების გულებში ჩემთვის ადგილი არ იძებნება, ამიტომ კიდევ ერთხელ მივეცემი ღრმა ფიქრებს. მე შევუდექი იმის შესწავლას, „თუ რატომ არ აქვთ ადამიანებს ისეთი გული, რომელიც ჭეშმარიტად შემიყვარებს“. მე ადამიანს „საოპერაციო მაგიდაზე“ დავაწვენ, მის „გულს“ გავკვეთავ და ვნახავ, რა ეღობება წინ მას გულში და რა უშლის ხელს იმაში, რომ ჭეშმარიტად შემიყვაროს. „სკალპელის“ ზემოქმედებით, ადამიანები თვალებს მჭიდროდ ხუჭავენ და ელოდებიან, როდის დავიწყებ, რადგან ამ დროს ისინი სრულად დამორჩილებულნი არიან. მათ გულებში სხვა უამრავ მინარევს ვპოულობ. სწორედ იქ, მათ გულებში, ყველაზე მეტად თავად ადამიანების რაღაცები ჭარბობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს საკუთარი თავის მიღმა ძალიან ცოტა რამ აქვს, მის შიგნით უთვალავი რამ იძებნება. ისეა, თითქოს ადამიანის გული დიდი სათავსო ყოფილიყო, რომელიც სავსეა სიმდიდრით და ყველაფრით, რაც ადამიანებს ოდესმე შეიძლება დასჭირდეთ. მხოლოდ ამ დროს ვხვდები, რატომ არ მაქცევს ხალხი არანაირ ყურადღებას: საქმე ისაა, რომ მათ გააჩნიათ დიდი თვითკმარობა — რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება? ასე რომ, მე ვშორდები ადამიანს, რადგან ხალხს არ სჭირდება ჩემი დახმარება; რატომ უნდა „მოვიქცე უტიფრად“ და გავაღიზიანო ისინი?
არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მზად ვიყავი, ადამიანებს შორის მელაპარაკა, თითქოს სხვანაირად არ შემიძლია. ამრიგად, ხალხი უვარგისად მიმიჩნევს და მუდმივად ისე მეპყრობა, თითქოს სპილენძის ერთ კაპიკიანზე ნაკლები ღირებულების ნივთი ვიყო; ისინი არ მექცევიან როგორც რაიმე ძვირფასს და პატივსაცემს; არ მიფრთხილდებიან, სახლში მაშინ შემათრევენ, როცა მოესურვებათ, შემდეგ კი ისევ მომისვრიან და საზოგადოების წინაშე „მამხელენ“. მე უკიდურესად მეზიზღება ადამიანის უღირსი საქციელი, ამიტომ პირდაპირ ვამბობ, რომ ადამიანი სინდისს მოკლებულია. მაგრამ ხალხი არ არის დარწმუნებული; ისინი მოიმარჯვებენ თავიანთ „ხმლებსა და შუბებს“ და მეკამათებიან, ამბობენ, რომ ჩემი სიტყვები რეალობას არ შეესაბამება და რომ მათ ვლანძღავ — მაგრამ მე არ მივუზღავ მათ საზღაურს თავიანთი ძალადობრივი საქციელის გამო. მე მხოლოდ ჩემს ჭეშმარიტებებს ვიყენებ იმისთვის, რომ ადამიანები გადმოვიბირო, სირცხვილის გრძნობა გავუჩინო საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ ჩუმად გავეცალო. მე არ ვებრძვი ადამიანს, რადგან ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. მე მტკიცედ მივყვები ჩემს მოვალეობას და ვიმედოვნებ, რომ ადამიანიც შეინარჩუნებს საკუთარს და ჩემ წინააღმდეგ არ წავა. განა უკეთესი არ იქნება, ასე მშვიდობიანად ერთად ვიცხოვროთ? რატომ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი ურთიერთობა? ამდენი წელია ვეწყობოდით ერთმანეთს — რა საჭიროა, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდეს ორივე მხარისთვის? ნუთუ ეს სრულიად უსარგებლო არ იქნება ორივე ჩვენგანის რეპუტაციისთვის? ჩვენ მრავალწლიანი „ძველი მეგობრობა“ და „ნაცნობობა“ გვაკავშირებს — რა საჭიროა განაწყენებულები დავშორდეთ ერთმანეთს? განა კარგი იქნება ასე მოქცევა? ვიმედოვნებ, რომ ხალხი ყურადღებას მიაქცევს შედეგს და ეცოდინება, რა არის მათთვის კარგი. ადამიანის მიმართ დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრება ისაუბროს ამაზე — რატომ ვერ აფასებს ხალხი მუდმივად მათთვის ნაჩვენებ კეთილგანწყობას? იმიტომ ხომ არა, რომ მათ გამოხატვის უნარი აკლიათ? იქნებ საკმარისი ლექსიკა აკლიათ? ყოველთვის უსიტყვოდ რატომ არიან? ვინ არ იცის, როგორ წარვმართავ საკუთარ თავს? ადამიანებმა შესანიშნავად იციან ჩემი საქმეები — საქმე ისაა, რომ მათ ყოველთვის უყვართ სხვების ხარჯზე სარგებლის მიღება, ამიტომ არასოდეს თანხმდებიან, უარი თქვან საკუთარ ინტერესებზე. თუკი რომელიმე ფრაზა მათსავე ინტერესებს ეხება, ისინი მანამდე არ მოისვენებენ, სანამ უპირატესობას არ მოიპოვებენ — და რა აზრი აქვს ამას? ადამიანები ერთმანეთს არ ედარებიან იმის მიხედვით, თუ რას გაიღებენ, არამედ იმის მიხედვით, რასაც მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ სტატუსში არანაირი სიამოვნება არ არის, ისინი ძალიან აფასებენ მას, ფასდაუდებელ განძადაც კი მიიჩნევენ; და ამიტომ, ურჩევნიათ, ჩემი მხილება აიტანონ, ვიდრე უარი თქვან სტატუსის სიკეთეებზე. ადამიანებს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ამიტომ არასოდეს არიან მზად, რომ უარი თქვან საკუთარ „მეზე“. შესაძლოა, ადამიანის შესახებ ჩემს შეფასებაში მცირედი უზუსტობებია, ან შესაძლოა, ისეთი იარლიყი მივაწებე, რომელიც არც მკაცრია და არც რბილი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ, რომ ხალხი ამას გაფრთხილებად მიიღებს.
1992 წლის 21 მაისი