თავი 46
არ ვიცი, რამდენად კარგად ართმევენ ადამიანები თავს ჩემი სიტყვების თავიანთი არსებობის საფუძვლად ქცევის ამ საქმეს. მე ყოველთვის ვშფოთავდი ადამიანის ბედზე, თუმცა ადამიანებს, როგორც ჩანს, ამის შეგრძნება არ აქვთ, შედეგად, ისინი არასოდეს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს არცერთ ქმედებას და ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო არასოდეს გასჩენიათ ჩემდამი თაყვანისცემა. თითქოს მათ დიდი ხნის წინ მოიშორეს თავიანთი გრძნობები „ჩემი გულის დასაკმაყოფილებლად“. როცა ასეთ გარემოებებს ვაწყდები, კიდევ ერთხელ ვდუმდები. რატომ არ არის ჩემი სიტყვები ღირსი იმისა, რომ ადამიანები მათზე გულდასმით დაფიქრდნენ და უფრო ღრმად შევიდნენ მათში? ნუთუ იმიტომ, რომ მე რეალობა არ გამაჩნია და ვცდილობ, ადამიანებში ისეთი ნაკლოვანებები ვიპოვო, რომელთა გამოყენებაც მათ წინააღმდეგ შემიძლია? რატომ „მეპყრობიან განსაკუთრებულად“ ადამიანები ყოველთვის? განა ინვალიდი ვარ, რომელიც თავის სპეციალურ პალატაში იმყოფება? რატომ მიყურებენ ადამიანები კვლავ სხვაგვარად, როცა ყველაფერი დღეს უკვე აქამდე მივიდა? ნუთუ ადამიანის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაში შეცდომაა? დღეს მე ახალი საქმე დავიწყე სამყაროების თავზე, რაც იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ახალი დასაწყისი აქვთ და ყველა მათგანს ვთხოვ, ჩემი სახლიდან გადავიდნენ. და რადგან ადამიანები ყოველთვის ხარბად ესწრაფვიან საკუთარ სურვილებს, ვურჩევ მათ, ცოტა მეტი თავშეკავება გამოიჩინონ და მუდამ ნუ უქმნიან დაბრკოლებას ჩემს საქმეს. ჩემ მიერ გახსნილ „საოჯახო სასტუმროში“ ყველაზე მეტად ადამიანი არ მომწონს, რადგან ხალხი ყოველთვის უსიამოვნებებს მიქმნის და იმედს მიცრუებს. მათი საქციელი მარცხვენს და ამის გამო არასოდეს შემეძლო თავაწეულად ყოფნა. ამიტომ მშვიდად მივმართავ მათ და ვთხოვ, რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩემი სახლი და შეწყვიტონ ჩემი საკვების უფასოდ ჭამა. თუ დარჩენა სურთ, მაშინ ტანჯვა უნდა გამოიარონ და ჩემს გვემას გაუძლონ. მათი აზრით, მე საერთოდ არ ვიცი და არაფერი გამეგება თუ რას აკეთებენ, ამიტომ ისინი ყოველთვის წელში გამართულად და მტკიცედ იდგნენ ჩემ წინაშე, დაცემის ყოველგვარი ნიშნის გარეშე, უბრალოდ თავს იკატუნებდნენ, თითქოს ადამიანები იყვნენ, მხოლოდ რაოდენობის შესავსებად. როდესაც ადამიანებს მოთხოვნებს ვუყენებ, ისინი გაოგნებულნი არიან: მათ არასოდეს უფიქრიათ, რომ ღმერთს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გულკეთილი იყო, შეეძლო ასეთი სიტყვების — თბილი გრძნობებისა და ერთგულებისგან დაცლილი სიტყვების — თქმა, ამიტომ ისინი ვეღარაფერს პასუხობენ. ამ დროს ვხედავ, რომ ადამიანთა გულებში ჩემდამი სიძულვილი კვლავ გაიზარდა, რადგან მათ ისევ დაიწყეს ჩემზე წუწუნი. ისინი მუდამ წუწუნებენ დედამიწაზე და წყევლიან ზეცას. თუმცა მათ სიტყვებში ვერაფერს ვპოულობ ისეთს, საკუთარ თავს რომ წყევლიდნენ, რადგან საკუთარი თავის სიყვარული მეტისმეტად დიდი აქვთ. ამრიგად, მე ვწვდები ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობას: რადგან ადამიანებს საკუთარი თავი მეტისმეტად უყვართ, მთელი მათი ცხოვრება ტანჯული და ცარიელია და ჩემდამი სიძულვილის გამო საკუთარი თავი განადგურებამდე მიჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიტყვებში ჩემდამი უზომო „სიყვარულია“, როდესაც ეს სიტყვები შესამოწმებლად „ლაბორატორიაში“ მიმაქვს და მიკროსკოპის ქვეშ ვაკვირდები, ყველაფერი, რაც მათშია, სრული სიცხადით მჟღავნდება. ამ დროს მე კვლავ მოვდივარ ადამიანებს შორის, რათა მათ თავიანთ „სამედიცინო ჩანაწერებს“ შევახედო, რათა ისინი გულწრფელად დარწმუნდნენ. როდესაც ადამიანები მათ ხედავენ, სახეები სევდით ევსებათ, გულში სინანულს გრძნობენ და იმდენად შფოთავენ, რომ დაუყოვნებლივ სურთ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზები და სწორ გზას დაუბრუნდნენ, რათა მე გამახარონ. მათი მტკიცე გადაწყვეტილებების დანახვისას უაღრესად მიხარია; სიხარულში ვეფლობი: „დედამიწაზე ადამიანის გარდა კიდევ ვის შეუძლია, ჩემთან ერთად გაიზიაროს სიხარული, მწუხარება და გასაჭირი? განა ადამიანი ერთადერთი არ არის?“ თუმცა, როგორც კი მათ ვშორდები, ადამიანები თავიანთ „სამედიცინო ჩანაწერებს“ ხევენ, იატაკზე ყრიან და მედიდურად მიდიან. მას შემდეგ გასულ დღეებში, ადამიანთა ქმედებებში ძალიან ცოტა მინახავს ისეთი რამ, რაც ჩემს განზრახვებს შეესაბამება. თუმცა ჩემ წინაშე მათი მტკიცე გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად დაგროვდა, ამ მტკიცე გადაწყვეტილებების შემხედვარე უკვე მბეზრდება ისინი, რადგან მათში არაფერია ისეთი, რისი გამოტანაც ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა; ისინი მეტისმეტად შებღალულნი არიან. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ მათ მტკიცე გადაწყვეტილებებს ყურადღებას არ ვაქცევ, გულგრილები ხდებიან. ამის შემდეგ ისინი მხოლოდ იშვიათად წარადგენენ „განაცხადს“. რადგან ადამიანის გულს ჩემ წინაშე არასოდეს მოუპოვებია მოწონება, არამედ ჩემგან მხოლოდ უარყოფა მიუღია, მის ცხოვრებაში შინაგანი საყრდენის წყარო აღარ არსებობს, ამიტომ მისი მხურვალებაც ქრება და მე აღარ მაქვს განცდა, რომ ამინდი „მცხუნვარეა“. ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრს იტანჯებიან, იმდენად, რომ დღევანდელი მდგომარეობის დადგომისას მე მათ ისე „ვტანჯავ“, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არიან გამოკიდებულნი. შედეგად, მათ სახეებზე ნათელი ქრება და ისინი კარგავენ „სიცოცხლის ხალისს“, რადგან ყველანი „გაიზარდნენ“. ვერ ვიტან ადამიანთა საცოდავი მდგომარეობის ყურებას, როდესაც გაკიცხვისას გამოწრთობას გადიან — თუმცა ვის შეუძლია კაცობრიობის უბადრუკი მარცხის გამოსყიდვა? ვის შეუძლია ადამიანის გადარჩენა ამ უბადრუკი ადამიანური ცხოვრებისგან? რატომ ვერასოდეს შეძლეს ადამიანებმა თავის დაღწევა ტანჯვის ზღვის უფსკრულიდან? ნუთუ მე განზრახ ვაყენებ ადამიანებს ზიანს? ადამიანებს არასოდეს გაუგიათ ჩემი განწყობა, ამიტომ მე მთელ სამყაროს შევჩივი: ზეცასა და დედამიწაზე არსებულ ყოველივეს შორის არასოდეს არაფერს შეუცნია ჩემი გული და არაფერს ვუყვარვარ ჭეშმარიტად. დღემდე არ ვიცი, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ჩემი სიყვარული. მათ შეუძლიათ, თავიანთი გულები მომცენ, მათ შეუძლიათ, ჩემთვის თავიანთი ბედი მსხვერპლად გაიღონ, მაგრამ რატომ არ შეუძლიათ, თავიანთი სიყვარული მომცენ? ნუთუ ისეთ რამეს ვითხოვ, რაც მათ არ გააჩნიათ? ადამიანებს ყველაფრის შეყვარება შეუძლიათ, ჩემი შეყვარების გარდა — მაშ, რატომ არ შეუძლიათ ჩემი შეყვარება? რატომ არის მათი სიყვარული ყოველთვის დაფარული? რატომ არ მინახავს დღემდე მათი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ წინაშე იდგნენ? ნუთუ ეს არის ის ელემენტი, რომელიც მათ აკლიათ? ნუთუ მე განზრახ ვურთულებ ადამიანებს საქმეს? ნუთუ მათ გულებში კვლავ არის ეჭვები? ნუთუ ეშინიათ, რომ მათი სიყვარული უადგილო აღმოჩნდება და შემდეგ საკუთარ მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებენ? ადამიანებში უთვალავი მიუწვდომელი საიდუმლოა, ამიტომ ადამიანის წინაშე ყოველთვის „გაუბედავი და შეშინებული“ ვარ.
დღეს, როდესაც ადამიანები სასუფევლის კარიბჭისკენ მიიწევენ, ყველა მათგანი იწყებს დაწინაურებას, მაგრამ როდესაც კარიბჭესთან მივლენ, მე ვკეტავ კარიბჭეს, ადამიანებს გარეთ ვტოვებ და მათგან ვითხოვ, რომ შესასვლელი საშვები წარმიდგინონ. ასეთი უცნაური ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანთა მოლოდინს და ყველანი გაოგნებულნი არიან. რატომ ჩაიკეტა დღეს მოულოდნელად მჭიდროდ კარიბჭე, რომელიც ყოველთვის ფართოდ იყო ღია? ადამიანები ფეხებს აბაკუნებენ და მოუსვენრად აქეთ-იქით დადიან. მათ ჰგონიათ, რომ შეძლებენ შეძრომას, მაგრამ როდესაც ყალბ შესასვლელ საშვებს მაწვდიან, მე მაშინვე ცეცხლის ორმოში ვყრი მათ, და როცა ხედავენ საკუთარ „გულის სისხლს“ ცეცხლის ალში, იმედს კარგავენ. ისინი თავში ხელებს იცემენ, ტირიან, უცქერენ სასუფევლის შიგნით არსებულ მშვენიერ სანახაობებს, მაგრამ შესვლას ვერ ახერხებენ. თუმცა მათი საცოდავი მდგომარეობის გამო მათ შიგნით არ ვუშვებ — ვის შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ დაარღვიოს ჩემი გეგმა? განა ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთ მხურვალებაზე დაყრდნობით მოიპოვონ კურთხევები? ნუთუ ადამიანის არსებობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს სასუფეველში მაშინ შევიდეს, როცა მოესურვება? ნუთუ მე ასეთი მდაბიო ვარ? ჩემი მკაცრი სიტყვები რომ არა, განა ადამიანები დიდი ხნის წინ არ შევიდოდნენ სასუფეველში? ამიტომ ხალხს ყოველთვის ვძულვარ იმ ყველა უსიამოვნების გამო, რომელსაც ჩემი არსებობა უქმნის. მე რომ არ ვარსებობდე, ისინი დღევანდელ დღეს შეძლებდნენ სასუფევლის კურთხევებით ტკბობას — მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა ამ ტანჯვის ატანა? ამიტომ ადამიანებს ვეუბნები, რომ მათთვის უკეთესი იქნება, წავიდნენ, ისარგებლონ იმით, რომ ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის, და საკუთარი თავისთვის გამოსავალი იპოვონ; მათ უნდა ისარგებლონ დღევანდელი დროით და სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, რამდენიმე „უნარი“ ისწავლონ. თუ ამას არ გააკეთებენ, მომავალში ძალიან გვიანი იქნება. ჩემს სახლში კურთხევები არასოდეს არავის მიუღია. ადამიანებს ვეუბნები, იჩქარონ და წავიდნენ, „სიღარიბეში“ ცხოვრებას ნუ მიეჯაჭვებიან; მომავალში სინანულისთვის ძალიან გვიანი იქნება. ეს არ უნდა აიკვიატონ; რატომ იტანჯავენ თავს ასე? თუმცა ადამიანებს იმასაც ვეუბნები, რომ თუ კურთხევებს ვერ მოიპოვებენ, არავის აქვს უფლება, ჩემზე იწუწუნოს. არ მაქვს დრო ჩემი სიტყვები ადამიანზე გავფლანგო. იმედი მაქვს, ეს ადამიანებს გონებაში დარჩებათ და მას არ დაივიწყებენ — ეს სიტყვები ძნელად მისაღები ჭეშმარიტებაა, რომელსაც მათ ვაძლევ. ადამიანებისადმი რწმენა დიდი ხანია დავკარგე და მათი იმედიც დიდი ხანია დაკარგული მაქვს, რადგან ადამიანებს ამბიცია არ გააჩნიათ, მათ არასოდეს შეეძლოთ ჩემთვის ღვთისმოყვარე გული მოეცათ და ამის ნაცვლად მუდამ თავიანთ მოტივებს მაძლევენ. ადამიანს ბევრი რამ ვუთხარი და რადგან ადამიანები დღესაც უგულებელყოფენ ჩემს რჩევას, მათ ჩემს შეხედულებას ვაცნობ, რათა მომავალში ჩემი გული არასწორად არ გაიგონ. მომავალში იცოცხლებენ თუ მოკვდებიან, ეს მათი საქმეა; მე ამას ვერ ვაკონტროლებ. იმედი მაქვს, ისინი თავად იპოვიან გადარჩენის გზას. მე ამაში უძლური ვარ. რადგან ადამიანს ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ, უბრალოდ ჩვენი გზები გაიყრება; მომავალში ჩვენ შორის აღარ იქნება არავითარი სიტყვები, სალაპარაკოც აღარაფერი გვექნება და ერთმანეთის საქმეებში აღარ ჩავერევით, არამედ ყოველი ჩვენგანი საკუთარ გზას გაჰყვება. ადამიანები ჩემ საძებნელად აღარ უნდა მოვიდნენ და მეც აღარასოდეს ვთხოვ ადამიანს „დახმარებას“. ეს ჩვენს შორის არსებული საკითხია და ყველაფერი პირდაპირ და არაორაზროვნად ვთქვით, რათა მომავალში რაიმე პრობლემა არ წარმოიშვას. განა ეს ყველაფერს არ გააადვილებს? ყოველი ჩვენგანი საკუთარ გზით წავა და ერთმანეთთან არაფერი გვექნება საერთო — ამაში რა არის ცუდი? იმედი მაქვს, ადამიანები ამაზე დაფიქრდებიან.
1992 წლის 28 მაისი