თავი 47
იმისათვის, რომ კაცობრიობის სიცოცხლე გაიზარდოს და იმისთვის, რომ კაცობრიობამ და მე შედეგებს მივაღწიოთ ჩვენს საერთო მისწრაფებაში, მე ყოველთვის შეღავათს ვუწევდი ადამიანებს და საშუალებას ვაძლევდი მათ, ჩემი სიტყვიდან მიეღოთ მზრუნველობა და საზრდო და მთელი ჩემი სიუხვით ესარგებლათ. მე არასოდეს მიმიცია კაცობრიობისთვის უხერხულობაში ჩავარდნის მიზეზი, თუმცა ადამიანები არასოდეს უფრთხილდებიან ჩემს გრძნობებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს გრძნობა არ გააჩნიათ და ჩემ გარეთ არსებული ყველაფერი „სძულთ“. მათი ნაკლოვანებების გამო მე ძალზე თანავუგრძნობ მათ; ამიტომ ადამიანებისთვის არცთუ მცირე ძალისხმევა გამიღია, რათა ისინი დედამიწაზე ყოფნის პერიოდში თავიანთი გულის წადილისამებრ დატკბნენ დედამიწის მთელი სიუხვით. მე ადამიანებს უსამართლოდ არ ვექცევი; იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში მომყვებოდნენ, ჩემი გული შერბილდა მათ მიმართ, ვინც ასე იქცეოდა და თითქოს ვეღარ ვიტან, რომ ამ ადამიანებზე ჩემი საქმე აღვასრულო. ამგვარად, როცა ვხედავ ამ გაძვალტყავებულ ადამიანებს, რომლებსაც მე საკუთარი თავივით ვუყვარვარ, გულში ყოველთვის აუხსნელ ტკივილს ვგრძნობ. მაგრამ ვინ დაარღვევს ამის გამო დამკვიდრებულ წესებს? ვინ შეიწუხებს თავს ამის გამო? მიუხედავად ამისა, კაცობრიობას მთელი ჩემი სიუხვე ვუბოძე, რათა ისინი სრულად დატკბნენ მისით, და ამ საკითხში ადამიანებს ცუდად არ მოვქცევივარ. სწორედ ამიტომ, კაცობრიობა კვლავაც ჩემს თანამგრძნობ და კეთილგანწყობილ სახეს ხედავს. მე ყოველთვის მომთმენი ვიყავი და ყოველთვის ველოდებოდი. როცა ადამიანები საკმარისად დატკბებიან და მოჰბეზრდებათ, სწორედ მაშინ დავიწყებ მათი თხოვნების „დაკმაყოფილებას“ და ყველა ადამიანს საშუალებას მივცემ, თავი დააღწიოს თავის ცარიელ ცხოვრებას და კაცობრიობასთან აღარასოდეს მექნება რაიმე შეხება. დედამიწაზე მე ზღვის წყალს ვიყენებდი იმისათვის, რომ კაცობრიობა შთანმეთქა, შიმშილით ვაკონტროლებდი მათ, მწერების შემოსევებით ვემუქრებოდი და თავსხმა წვიმებს ვიყენებდი მათ „მოსარწყავად“, თუმცა მათ არასოდეს უგრძნიათ სიცოცხლის სიცარიელე. ახლაც კი, ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით დედამიწაზე ცხოვრების მნიშვნელობა. ნუთუ ჩემს თანდასწრებაში ცხოვრება არის ადამიანის სიცოცხლის ყველაზე ღრმა მნიშვნელობა? ნუთუ ჩემში ყოფნა ადამიანს უბედურების საფრთხისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს? დედამიწაზე რამდენ ხორციელ სხეულს უცხოვრია თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთარი სიამოვნებისთვის? ვის დაუღწევია თავი ხორცში ცხოვრების სიცარიელისგან? და მაინც, ვის შეუძლია ამის გაცნობიერება? მას შემდეგ, რაც კაცობრიობა შევქმენი, დედამიწაზე ვერავინ შეძლო უაღრესად მნიშვნელოვანი ცხოვრებით ეცხოვრა და ამიტომ კაცობრიობა ყოველთვის ფუჭად ატარებდა სრულიად უმნიშვნელო ცხოვრებას. თუმცა არავის სურს, თავი დააღწიოს ასეთ მძიმე მდგომარეობას, და არავის სურს, გაერიდოს ამ ცარიელ და დამქანცველ ცხოვრებას. კაცობრიობის გამოცდილებაში, ხორცში მცხოვრებთაგან ვერავინ დააღწია თავი ადამიანური სამყაროს ადათ-წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემით ტკბობას საკუთარ კაპიტალად მიიჩნევენ. ამის ნაცვლად, ისინი ყოველთვის უბრალოდ ყველაფერს ბუნებრივ მსვლელობას მიანდობდნენ და საკუთარი თავის მოტყუებას განაგრძობდნენ.
როდესაც კაცობრიობას სრულად გავანადგურებ, დედამიწაზე ცოცხალი აღარავინ დარჩება, რომ დედამიწის „დევნა“ აიტანოს; მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დიადი წამოწყება სრულად დასრულდა. უკანასკნელ დღეებში, როდესაც განკაცებული ვარ, საქმე, რომლის აღსრულებაც მსურს, ის არის, რომ ადამიანებს გავაგებინო ხორცში ცხოვრების სიცარიელე და ამ გზით ხორცი გავანადგურო. მას შემდეგ დედამიწაზე ადამიანები აღარ იარსებებენ, აღარავინ იტირებს დედამიწის სიცარიელის გამო, აღარავინ ისაუბრებს ხორცის სიძნელეებზე, აღარავინ არასოდეს იწუწუნებს, რომ უსამართლო ვარ, და ყველა ადამიანი და ყველაფერი სიმშვიდეში შევა. ამის შემდეგ ადამიანები აღარ ირბენენ აქეთ-იქით, აღარ იქნებიან მუდმივად დაკავებულნი, და აღარც დედამიწაზე დაუწყებენ აქეთ-იქით ძებნას, რადგან ისინი საკუთარი თავისთვის შესაფერის საბოლოო სამყოფელს იპოვიან. იმ დროს ყველას სახეზე ღიმილი გამოჩნდება. მაშინ კაცობრიობისგან მეტს აღარაფერს მოვითხოვ და მათთან დავა აღარ მექნება; ჩვენ შორის მშვიდობის შეთანხმებაც აღარ იარსებებს. მე დედამიწაზე ვარსებობ და ადამიანები დედამიწაზე ცხოვრობენ; მათთან ერთად ვცხოვრობ და დღეებს მათთან ერთად ვატარებ. ყველა მათგანი გრძნობს ჩემი თანდასწრებით ტკბობას და ამიტომ უმიზეზოდ წასვლა არ სურთ; ამის ნაცვლად, ურჩევნიათ, კიდევ ცოტა ხნით დავრჩე. როგორ შემიძლია ვუყურო დედამიწის გაპარტახებას და თითიც არ გავანძრიო მის დასახმარებლად? მე დედამიწას არ ვეკუთვნი; მოთმინების წყალობით ვაიძულე საკუთარი თავი, დღემდე აქ დავრჩენილიყავი. კაცობრიობის დაუსრულებელი ვედრება რომ არა, დიდი ხნის წინ წავიდოდი. ახლა ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ თავს თავად მოუარონ და ჩემი დახმარება აღარ სჭირდებათ, რადგან მომწიფდნენ და აღარ სჭირდებათ, რომ მე ვკვებო. ამიტომ ვგეგმავ, კაცობრიობასთან ერთად „გამარჯვების ზეიმი“ გავმართო, რის შემდეგაც მათ დავემშვიდობები, რათა ამის შესახებ მათთვის ცნობილი იყოს. რა თქმა უნდა, ცუდად დაშორება კარგი არ იქნებოდა, რადგან ჩვენს შორის მტრობა არ არსებობს. ამგვარად, ჩვენ შორის მეგობრობა მარადიული იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზების გაყრის შემდეგ ადამიანები შეძლებენ, ჩემი „მემკვიდრეობა“ გადაიბარონ და არ დაივიწყონ სწავლებები, რომლებიც ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მივეცი. იმედი მაქვს, ისინი არაფერს გააკეთებენ ისეთს, რაც ჩემს სახელს შეარცხვენს, და ჩემს სიტყვებს მტკიცედ დაიმახსოვრებენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ყველა ადამიანი ყველანაირად ეცდება ჩემს დაკმაყოფილებას; იმედი მაქვს, რომ ისინი ჩემს სიტყვებს თავიანთი არსებობის საფუძვლად აქცევენ და იმედებს არ გამიცრუებენ, რადგან ჩემი გული ყოველთვის ზრუნავდა ადამიანებზე და მე ყოველთვის მიჯაჭვული ვიყავი მათზე. მე და კაცობრიობა ოდესღაც ერთად ვიკრიბებოდით და დედამიწაზე ზეციური ცხოვრებით ტკბობის კურთხევა გვქონდა. მე ადამიანებთან ერთად ვცხოვრობდი და დღეებს მათთან ერთად ვატარებდი. ადამიანებს ყოველთვის ვუყვარდი და მეც ყოველთვის მიყვარდა ისინი; ერთმანეთის მიმართ სიახლოვეს ვგრძნობდით. ვიხსენებ ადამიანებთან ერთად გატარებული დროის სცენებს: იმ დღეებში, როცა ერთად ვიკრიბებოდით, იყო სიცილიც და სიხარულიც და იყო კამათიც. მიუხედავად ამისა, ჩვენ შორის სიყვარული სწორედ ამ საფუძველზე დამყარდა და ერთმანეთთან ჩვენი ურთიერთობა არასოდეს შეწყვეტილა. ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში კაცობრიობამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, მეც ადამიანებს უამრავი რამ მივეცი, რომლითაც შეეძლოთ დამტკბარიყვნენ, რისთვისაც ისინი ყოველთვის ორმაგად მადლიერნი იყვნენ. ახლა ჩვენი შეკრებები აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო; ვინ შეძლებს, გაექცეს ჩვენი განშორების ამ წამს? ადამიანებსა და ჩემ შორის ღრმა და ხანგრძლივი სიყვარულია, ნაზი გრძნობები უწყვეტ ნაკადად მიედინება — მაგრამ რა გაეწყობა? ვინ გაბედავს მამაზეციერის მოთხოვნების დარღვევას? მე დავბრუნდები ჩემს სავანეში, სადაც ჩემი საქმის კიდევ ერთ ნაწილს დავასრულებ. შესაძლოა, კვლავ მოგვეცეს შეხვედრის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ადამიანები მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცემიან და დედამიწაზე ჩემს დაკმაყოფილებას შეძლებენ; ჩემი სული ზეცაში ხშირად უბოძებს მათ მადლს.
შექმნის დროს მე ვიწინასწარმეტყველე, რომ უკანასკნელ დღეებში შევქმნიდი ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩემთან ერთსულოვანნი იქნებოდნენ. მე წინასწარ ვთქვი, რომ უკანასკნელ დღეებში დედამიწაზე ნიმუშის დამკვიდრების შემდეგ ჩემს სავანეში დავბრუნდებოდი. როდესაც მთელი კაცობრიობა დამაკმაყოფილებს, ადამიანები მიაღწევენ იმას, რაც მათგან მოვითხოვე, და მათ მეტი არაფრის გაკეთებას აღარ მოვთხოვ. ამის ნაცვლად, მე და ადამიანები ერთმანეთს ძველი დროის ამბებს გავუზიარებთ, შემდეგ კი ჩვენი გზები გაიყრება. მე დავიწყე ეს საქმე, რათა ადამიანები ფსიქოლოგიურად მოემზადონ და ყველამ გაიგოს ჩემი განზრახვები, რათა არასწორად არ გამიგონ და არ იფიქრონ, რომ მეტისმეტად უგრძნობი ვარ ან მეგობრების მიმართ ერთგულება მეტისმეტად მაკლია — ეს ჩემი განზრახვა არ არის. ნუთუ ადამიანებს ვუყვარვარ, მაგრამ უარს ამბობენ, შესაფერისი დასასვენებელი ადგილი მომცენ? ნუთუ მათ არ სურთ, ჩემთვის მამაზეციერს შეევედრონ? ნუთუ ადამიანებს ჩემდამი თანაგრძნობის ცრემლები არ დაუღვრიათ? ნუთუ მათ ხელი არ შეუწყვიათ ჩვენს — მამისა და ძის — უფრო მალე კვლავ გაერთიანებაზე? მაშ, ახლა რატომ აღარ სურთ ამის გაკეთება? დედამიწაზე ჩემი მსახურება დასრულებულია და კაცობრიობასთან გზების გაყრის შემდეგაც კვლავ გავაგრძელებ მათ დახმარებას; განა ეს კარგი არ არის? იმისთვის, რომ ჩემმა საქმემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს და ეს ორივე მხარისთვის სასიკეთო იყოს, ჩვენი გზები უნდა გაიყაროს, თუმცა ეს მტკივნეულია. დაე, ჩვენი ცრემლები ჩუმად ჩამოიღვაროს; კაცობრიობას აღარ ვუსაყვედურებ. წარსულში ადამიანებს ბევრი რამ ვუთხარი, და ყოველივე ეს მათ პირდაპირ გულში მოხვდათ და მწუხარების ცრემლები დააღვრევინა. ამისთვის, აქვე, ბოდიშს ვუხდი კაცობრიობას და პატიებას ვთხოვ. ვთხოვ მათ, არ შემიძულონ, რადგან ყოველივე ეს მათივე სასიკეთოდაა. ამიტომ იმედი მაქვს, ადამიანები ჩემს გულს შეიცნობენ. წარსულში ჩვენ შორის უთანხმოებაც იყო, მაგრამ უკან რომ ვიხედებით, ვხედავთ, რომ ამით ორივემ ვისარგებლეთ. ამ უთანხმოებების წყალობით ღმერთსა და კაცობრიობას შორის მეგობრობის ხიდი აშენდა. განა ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფი არ არის? ჩვენ ყველანი უნდა დავტკბეთ ამით. ვთხოვ ადამიანებს, მაპატიონ ჩემი წარსული „შეცდომები“, და მეც აღარ გავიხსენებ მათ გადაცდომებს. თუ მომავალში ისინი შეძლებენ, სანაცვლოდ თავიანთი სიყვარული მომცენ, ეს ზეცაში ჩემს სულს ნუგეშს მოჰგვრის. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს კაცობრიობას ამ საკითხთან დაკავშირებით — სურთ თუ არა ადამიანებს, ჩემი უკანასკნელი თხოვნა დააკმაყოფილონ. მათგან სხვა არაფერს ვთხოვ, მხოლოდ იმას, რომ ვუყვარდე. ეს საკმარისია. შესაძლებელია ამის მიღწევა? დაე, ჩვენ შორის მომხდარი ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩეს; დაე, ჩვენ შორის ყოველთვის სიყვარული იყოს. მე ადამიანებს ამდენი სიყვარული მივეცი, მათ კი დიდი საზღაური გაიღეს იმისთვის, რომ ვყვარებოდი. ამიტომ, იმედი მაქვს, კაცობრიობა გაუფრთხილდება ჩვენ შორის არსებულ განუყოფელ და წმინდა სიყვარულს, რათა ჩვენი სიყვარული მთელ ადამიანურ სამყაროში გავრცელდეს და სამუდამოდ გადაეცეს. როდესაც კვლავ შევხვდებით, კვლავ სიყვარულით ვიყოთ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რათა ჩვენი სიყვარული მარადიულად გაგრძელდეს და ყველა ადამიანმა იგი მშვენიერ ამბად აქოს და გაავრცელოს. ეს დამაკმაყოფილებდა და კაცობრიობას ჩემს მომღიმარ სახეს ვაჩვენებდი. იმედი მაქვს, ადამიანები ჩემს შეგონებებს მტკიცედ ჩაიბეჭდავენ გონებაში.
1992 წლის 1 ივნისი